რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 540 |
ავტორ(ებ)ი | ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი, ლენა ბარსეღიანი, მილენა ბარსეღიანი |
თარიღი | 6 აგვისტო 2012 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნულ საქმეში მოსარჩელეებს წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეები, ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი (წარმოდგენილი მათი მამით, გარრი დარბინიანი), სუსანნა ჟაკომციანი (წარმოდგენილი მისი მამით, ვააკ ჟამკოციანით) და სომხეთის მოქალაქეები მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი (წარმოდგენილი მათი მამით, ვარდან ბარსეღიანით). მოსარჩელეები ცხოვრობენ ქალაქ ახალქალაქში. როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მათ მოსთხოვეს სწავლის საფასურის გადახდა იმის, რომ არ არიან საქართველოს მოქალაქეები, რუსეთისა და სომხეთის სახელმწიფოებთან არ არის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმება და ასევე არ მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი. ამის გამო ისინი ექცევიან სადავო ნორმების ზემოქმედების ქვეშ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მირზა დევიძის მიერ, ვააკ ჟამკოციანისათვის გაგზავნილი #08-1-11/23766 წერილში აღნიშნულია, რომ ვინაიდან სუსანნა ჟამკოციანი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, მასზე ვრცელდება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22 პრიმა მუხლი.
ამგვარად, მოსარჩელეები არიან ის პირები, რომლებსაც ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სადავო ნორმებით დაექვემდებარნენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობას. ამგვარად, დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები და არ არსებობს აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) სადავო ნორმის არსი,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 22-ე პრიმა მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი სტანდარტულ ვაუჩერს მიიღებს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ანგარიშზე შეიტანს სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას. იმავე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მას შემდეგ გასცემს სტანდარტულ ვაუჩერს, რაც მას წარედგინება სტანდარტული ვაუჩერის შესაბამისი თანხის გადახდის ვაუჩერი. ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, ვაუჩერი არის სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებული იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად. ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტი ამომწურავად ჩამოთვლის იმ პირებს, ვისი ვაუჩერიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ეს სუბიექტები არიან: 1) საქართველოს მოქალაქეები; 2)პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; 3) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე; 4) უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლის სახელმწიფოსთან გაფორმებულია საერთაშორისო ხელშეკრულება ან შთანხმება; 5) უცხოელები, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. უკვე ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, რომლის ვაუჩერიც არ ფინანსდება შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან: 1) უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლის სახელმწიფოს წინაშე საქართველო არ არის შებოჭილი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით; 2)უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლის სახელმწიფოსთან საქართველოს არ გააჩნია ნაცვალგება ზოგადი განათლების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა მდგომარეობს იმაში, რომ ამომწურავად განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, რომლსაც სახელმწიფო უფინანსებს ვაუჩერს. აღნიშნული სუბიექტების ჩამონათვალში არ ხვდება უცხოელი, რომლის მოქალაქეობის სახელმწიფოსთან საქართველოს არ გააჩნია არც საერთაშორისო ხელშეკრულება და არც ნაცვალგება. ნორმის ამომწურავი ხასიათი აყენებს არათანასწორ მდგომარეობაში განსაზღვრების მიღმა დარჩენილ უცხოელებს, არღვევს რა მათი განათლების უფლებას.
2) სადავო ნორმების შესაბამისობა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან
ა) დიფერენცირების არსებობა და დიფერენცირების ნიშნებისახელმწიფო ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფ პირებს უნდა ექცეოდეს ერთნაირად. ანუ თავდაპირველად, ჩვენს ამოცანას წარმოადგენს ის, რომ მოვახდინოთ, იმის დემონსტრირება, რომ სუბიექტები იმყოფებიან ერთსა და იმავე მდგომარეობაში და მათ მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას აქვს ადგილი. სადავო ნორმებმა უცხოელების ერთ ჯგუფს დააკისრეს ზოგადი განათლების მისაღებად თანხის გადახდის ვალდებულება, მაშინ როდესაც ამგვარი ტვირთი არ ეკისრებათ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელთა სხვადასხვა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს, რომლებსაც ასევე სურთ, ზოგადი განათლების მიღება და, რაც მთლიანად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სადავო ნორმებით უცხოელთა ერთი ჯგუფის არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენება აშკარაა. შესაბამისად, უცხოელებისათვის თანხის გადახდის დაკისრებით სახელმწიფო ახდენს მათ დიფერენცირებას საქართველოს მოქალაქეებისაგან და უცხოელთა სხვა ჯგუფისაგან. დიფერენციაციის სუბიექტია ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, რომელიც გადის დაწყებით, საბაზო და საშუალო განათლების საფეხურებს. მოსწავლეები სწავლის სახელმწიფო დაფინანსების მიზნებისათვის იყოფიან საქართველოს მოქალაქებად, ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებად, თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოელად, უცხოელად, რომელის სახელწიფოსთან მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულება და ნაცვალეგება და იმ მოსწავლედ, რომელიც ვერც ერთ ზემოხსენებულ კატეგორიაში ვერ ხვდება. ეს უკანასკნელი გამორცხულია ზოგადი განათლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლების მქონე სუბიექტთა წრიდან. ამგვარად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზემოთ ჩამოთვლილ მოსწავლეებს შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება, გარდა სახელმწიფოსთან მოქალაქეობრივი კავშირის (ეროვნული) ნიშანისა. მართალია, სადავო ნორმებით ეროვნული ნიშანი არ წარმოადგენს აბსოლიტური დიფერენციაციის საფუძველს, არასახარბიელო მდგომარეობაში ვარდება მხოლოდ და მხოლოდ იმ სახელმწიფოების მოქალაქეები, რომელთანაც საქართველოს არც ნაცვალგება, არც საერთაშორისო ხელშეკრულება აკავშირებს. ამის მიუხედავად, არ იცვლება ეროვნული ნიშნით დიფერენციაციის მდგომარეობა. სადავო ნორმა სწორედ ეროვნული ნიშნით, მხოლოდ განსაზღვრული სახელმწიფოს მიმართ კუთვნილების გამო, წყვეტს ზოგადი განათლების დაფინანსების ან მასზე უარის თქმის საკითხს. ერთი ქვეყნისადმი კუთვნილება, რომლის მიმართაც საქართველოს არა აქვს სახელშეკრულებო ან ნაცვალგებაზე დაფუძნებული ვალდებულება, საკმარისია იმისათვის, რომ ყველა სხვა დამატებითი გარემოების მხედველობაში მიღების გარეშე, ადამიანს უარი უთხრან ზოგადი განათლების დაფინანსებაზე. საქართველოს არც ერთი მოქალაქე, მისი ინდივიდუალური სიტუაციის მიუხედავად, არასოდეს არ ხდება ისეთი ტვირთის მატარებელი, რაც მას დაავალდებულებს, გადაიხადოს ზოგადი განათლების საფასური. სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობის სუბიექტები ყოველთვის უცხოელები არიან. შედარების თვალსაზრისით, მოქალაქეობა (ეროვნული კუთვნილება) ის ნიშანია, რაც განასხვავებს საქართველოს მოქალაქეს და იმ უცხოელს, რომელსაც უარს ეუბნებიან განათლების დაფინანსებაზე და ასევე სახელმწიფოსთან მოქალაქეობრივი კუთვნილებით ხდება თავად უცხოელებს შორის დიფერენცირება. თანამემამულის სტატუსის მქონე პირი ყოველთვის ისარგებლებს საქართველოში უფასო ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობით, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მისი მოქალაქეობის სახელმწიფოს ისეთივე დაფინანსების სისტემა, როგორიც საქართველოს. ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ნაცვალგების არსებობისათვის გადამწყვეტია იმ უცხო სახელმწიფოში, რომლის მოქალაქის ზოგად განათლებასაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, მოქმედებდეს დაფინანსების ისეთივე სისტემა, როგორიც საქართველოშია. ამიტომ უცხოელი, რომელიც ვერ იღებს თანამემამულის სტატუსისათვის წაყენებულ მოთხოვნებს და დაფინანსების განსხვავებული სისტემის გამო მის სახელმწიფოსთან ნაცვალგების პრინციპით მოქმედება შეუძლებელია, მოკლებული რჩება საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაუჩერის მიღებას, მაშინ როდესაც ამგვარი ვაუჩერის მიღება შეუძლია იმავე სახელმწიფოს მოქალაქეს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი სარგებლობს თანამემამულის სტატუსით. ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” კანონის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამემამულის სტატუსის მიღება ხდება სტატუსის მიმღები პირის წარმომავლობის გამო. იმავე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმომავლობა გულისხმობს პირის წინაპრის კუთვნილებას საქართველოში მცხოვრებ რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთან. წინაპარად მიიჩნევა პირის აღმავალი შტოს 5 ნათესავი. ამგვარად, პირი უფასო განათლების მიღებით უპირატეს მდგომარეობაში ვარდება თავისი შთამომავლობითი კუთვნილების გამო. იგივე მდგომარეობაში მყოფ სხვა პირს, რომელსაც, მაგალითად, აქვს იმავე სახელმწიფოს მოქალაქეობა, რაც გააჩნია თანამემაულის სტატუსის მქონე უცხოელს, ვერ სარგებლობს უფასო ზოგადი განათლების უფლებით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ არა აქვს ასეთი წარმომავლობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ნიშნით დიფერენცირებას, როგორიცაა წარმოშობა. ამგვარად, თანამემამულე უცხოელსა და ასეთი სტატუსის არმქონე პირს შორის განსხვავება ხდება წარმოშობის ნიშნით. ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამემამულის სტატუსის მიღების მეორე პირობას წარმოადგენს ის, რომ აღნიშნული სტატუსის მატარებელი პირის მშობლიურ ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. უცხოელი ბავშვი, რომლის მშობლიური ენაც მიეკუთვნება რომანულ ან მაგალითად, უნგრულ-ფინურ ან სლავურ ენათა ჯგუფს, მაგრამ იმყოფება ზუსტად იმავე მდგომარეობაში, როგორიც ერთ-ერთ კავკასიურ ენაზე (ჩეჩნური, ინგუშური, ჩერქეზული და ა.შ) მოლაპარაკე უცხოელი, ვერ იღებს უფასო განათლებას ენობრივი კუთვნილების გამო. ამგვარად, სახეზეა ადამიანების დიფერენცირება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ნიშნით, როგორიცაა ენობრივი ნიშანი. და ბოლოს, სადავო ნორმით ადამიანების განსხვავება ეფუძნება იმას, აქვს თუ არა მას თანამემამულის სტატუსი. თუკი ადამიანს ეს სტატუსი აქვს, იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ არა აქვს - არა. ამგვარად, სტატუსის ნიშანი პირდაპირ, სახელდებით არ არის მოხსენიებული საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ დიფერენციაცია ამ ნიშნით უდავოდ ჯდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული თანასწორობის უფლების დაცვის სფეროში (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მე-2 თავის მე-2 პარაგრაფი).
ბ) მკაცრი შეფასების ტესტიდიფერენციაცია ეროვნული კუთვნილების ნიშნით არის თავისთავად საეჭვო და მკაცრი სასამართლო კონტროლის საგანი (აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nyquist v. Mauclet, 432 U.S. 1 (1977). თანასწორობის კონსტიტუციური უფლება მიზნად ისახავს, შეზღუდოს კანონმდებლის ისეთი ქმედება, რაც შეუთავსებელია ელემენტარულ კონსტიტუციურ დანაწესთან. მკაცრი შეფასების ტესტი უნდა იქნეს გამოყენებული, თუკი დიფერენცირება ხდება კლასიკური ნიშნით ან ფუნდამენტური უფლებით სარგებლობისას. ამგვარი დიფერენციაციის შემთხვევაში, აუცილებელია, კანონმდებელს მოეთხოვოს, დაამტკიცოს, რომ შეზღუდვა ვიწროდ მიზანმიმართულია და ემსახურება მწვავე ინტერესის დაკმაყოფილებას (აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Plyler v. Doe - 457 U.S. 202 (1982)). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ახალი მემარჯვენეები და კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტში განაცხადა: ,,კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, „მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”. დანარჩენ შემთხვევებში მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით.” დიფერენცირება ეროვნული, ენობრივი და წარმოშობის ნიშნით კლასიკურია. გარდა ამისა, დაწყებითი და საბაზო განათლების სავალდებულობა და ზოგადი განათლების უფლების სახელმწიფო დაფინანსება კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას წარმოადგენს. 1997 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში საქართველოს პარლამენტის 48 წევრი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ #2/35 გადაწყვეტილებაში განაცხადა: ,,განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად სოციალურ უფლებას და ცივილიზებული კაცობრიობის აღიარებულ ღირებულებას” (ციტატის დასასრული). განათლების უფლება, მართალია, მიეკუთვნება სოციალური უფლებების კატეგორიას, თუმცა არ არის მთავრობის მიერ მინიჭებული უბრალო სოციალური ბენეფიტი. განათლების იმსახურებს უფრო მეტი ხარისხით დაცვას ვიდრე სოციალური ხასიათის შეღავათები. განათლება არა მარტო კონსტიტუციურად აღიარებული ფუნდამენტური უფლებაა, არამედ მას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია მოქმედი ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის. როგორც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: ,,საჯარო სკოლები, როგორც ყველაზე მეტად სასიცოცხლო სამოქალაქო ინსტიტუტები, უზრუნველყოფენ ხელისუფლების დემოკრატიული სისტემის შენარჩუნებას” (აშშ-ს უზენაესი სასამართლო Abington School District v. Schempp მოსამართლე ბრენანის ნაწილობრივ თანხვედრი აზრი). ,,სკოლა იმ ღირებულებათა პირველადი გადამცემია, რასაც დემოკრატიული საზოგადოება ეფუძნება . როგორც ისტროია მოწმობს, განსაზღვრული ტიპის განათლება აუცილებელია, იმისათვის, რომ მოვამზადოთ მოქალაქეები ღია პოლიტიკურ პროცესებში ეფექტური და გონივრული მონაწილეობისათვის. ამიტომ განათლება აუცილებელია თუ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება გვინდა.” (აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Wisconsin v. Yoder) ,,საჯარო სკოლების, როგორც ფუნდამენტური ღირებულებების ფესვების, აღქმა აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებისათვის. ეს მოსაზრება დადასტურებული სოციალური მეცნიერების მიერ.” (აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ambach v. Norwick) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ განიხილა საქმე პონომარიოვი ბულგარეთის წინააღმდეგ. ეს საქმე ეხებოდა ბულგარეთში მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელისათვის უფასო ზოგადი განათლების უფლების აკრძალვას. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან კავშირში. სასამართლომ, თავდაპირველად, მხედველობაში მიიღო ეროვნული ნიშნით დიფერენციაციის განსაკუთრებული ხასიათი და განაცხადა: ,,ძალიან წონიანი მიზეზი უნდა წარედგინოს სასამართლოს იმისათვის, რომ გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა, რაც დაფუძნებულია მხოლოდ ადამიანის ეროვნულ კუთვნილებაზე, იმისათვის, რომ დიფერენციაცია შესაბამისობაში იყოს კონვენციასთან.” (პონომარიოვი ბულგარეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 52-ე პუნქტი). მკაცრი შეფასების ტესტით შემოწმების მიზნებისათვის ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო უფასო ზოგადი განათლების უფლების ფუნდამენტური ხასიათიც: ,,განათლება თანამედროვე სახელმწიფოში მნიშვნელოვანი საჯარო მომსახურებაა... არ შეიძლება სასამართლომ მხედველობაში არ მიიღოს ის, რომ სხვა საზოგადოებრივი მომსახურებისაგან განსხვავებით, განათლების უფლება პირდაპირ ექცევა კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ სფეროში (პონომარიოვი რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 55-ე პარაგრაფი). ქვეყნის მოქალაქის და განსაზღვრული კატეგორიის უცხოელისაგან განსხვავებით, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ვისაც არ ჰქონდა ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, ზოგადი განათლების სწავლის საფასურის დაკისრების ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპულმა შეამოწმა მკაცრი შეფასების ტესტით (58-ე მუხლით). ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო თავად უფასო ზოგადი განათლების მნიშვნელობა და ეროვნული ნიშნით დიფერენციაციის კლასიკური ხასიათი. პირველ ეტაპზე, ჩვენს მიერ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების შემოწმება მოხდება მკაცრი შეფასების ტესტის საფუძველზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირება არ არის იმდენად ინტენსიური, რომ უცხოელები დააშოროს ზოგადი განათლების უფლებით სარგებლობას. უცხოელები ინარჩუნებენ აღნიშნულ უფლებას, უბრალოდ მათ უწევთ სათანადო საფასურის გადახდა ამისათვის. სადავო ნორმები მკაცრი შეფასების ტესტით უნდა შემოწმდეს იმის გამო, რომ ადგილი აქვს დიფერენცირებას ისეთი კლასიკური ნიშნით, როგორიცაა ენა, ეროვნება და წარმოშობა. ასევე ჩარევის საგანია ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიცაა ზოგადი განათლების უფლება.
გ) მწვავე და დაუძლეველი ინტერესიმკაცრი შეფასების ტესტით დიფერენციის შემოწმებისას უნდა დადგინდეს, თუ ეს ემსახურება თუ არა აღნიშნული ღონისძიება მწვავე და დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესების მიღწევას. უცხოელი, იმის მიუხედავად თუ რა სტატუსით სარგებლობს მოცემულ ქვეყანაში, იმყოფება თუ არა მოცემული მომენტისათვის კანონიერად, იმ დრომდე ვიდრე ქვეყანას თავად დატოვებდეს ან დეპორტაციის გზით დაატოვებინებენ, ვრცელდება ყველა კონსტიტუციური უფლება მისი შინაარსის მიუხედავად, ისევე როგორც ეს ძირითადი უფლებები გავრცელდებოდა საქართველოს მოქალაქის მიმართ (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე (ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ამ უფლებებს შორისაა განათლების უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო საქმეში პონომარიოვი ბულგარეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მე-60 პარაგრაფში მიუთითებს, რომ სანამ პირი ცხოვრობს სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ხელისუფლება არ გამოხატავს არავითარ სერიოზულ გაზრახვას ასეთი უცხოელის დეპორტაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, უცხოელის სტატუსი გამოიყენოს მისი განათლების უფლების საწინააღმდეგოდ. არც იმის თქმა შეიძლება, რომ ზოგადი განათლების მისაღებად თანხის გადახდა აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული უცხოელთა მიერ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ბოროტად გამოყენება. ბავშვის არჩევანი არ არის უცხო სახელმწიფოში დასახლება. ბავშვები სხვა სახელმწიფოში საცხოვრებლად მიდიან მშობლების საქმიანი ან პირადი მიზეზების გამო. ამ მიზეზების შედეგად ისინი ზოგად განათლებასაც უცხო სახელმწიფოში იღებენ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე პონომარიოვი ბულგარეთის წინააღმდეგ 61-ე პარაგრაფი). ევროპულმა სასამართლომ იქვე ისიც აღნიშნა, რომ ბავშვები, რომლებიც ძალიან მცირე ასაკში ჩადიან უცხო სახელმწიფოში, ადვილად ახერხებენ ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ხშირად თავისუფლად ფლობენ მიმღები სახელმწიფოს ენას. ეს გარემოება უცხოელი მოსწავლის დამატებითი ხარჯების გაღებას აცილებს თავიდან მიმღებ სახელმწიფოს. აღნიშნული გარემოება ყოველგვარ აზრს უკარგავს სახელმწიფოს მიერ უცხოელისათვის სწავლის საფასურის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას. იმ შემთხვევაშიც კი, როცა უცხოელ მოსწავლეს გააჩნია ენობრივი ბარიერი, ამ უკანასკნელის გადასალახად სწავლის საფასურის დაწესება არარელევანტურია. ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 22-ე პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაზრდილი ვაუჩერის გაცემას სტანდარტული ვაუჩერის შესაბამისი თანხის გამოკლებით ან დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ამ კანონით დადგენილი წესით. იმავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით, გაზრდილი ვაუჩერი გამოიყოფა ლინგვისტური უმცირესობის სკოლებისათვის. ამგვარად, სახელმწიფო თავის თავზე იღებს უცხოელის, რომლის მოქალაქეობის სახელმწიფოსთან არც საერთასორისო ხელშეკრულება მოქმედებს და არც ნაცვალგება, მშობლიურ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების ანაზღაურებას. ამგვარად, სტანდარტული ვაუჩერის მისაღებად უცხოელებისათვის დაკისრებული საფასურის გადახდა არ შეიძლება უცხოელის უცხო ენაზე სწავლისათვის ან საგანმანათლებლო პროგრამის უმცირესობისათვის ადაპტირებისათვის აუცილებელი დამატებითი ხარჯების დაფარვასთან იყოს დაკავშირებული. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენციაცია ეროვნული, ეთნიკური და წარმოშობის ნიშნით არ ემსახურება მწვავე და დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესის მიღწევას და შესაბამისად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ თანასწორობის უფლებას.
დ) გარდამავალი ტესტიაშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეში პლილერი დოს წინააღმდეგ, რაც ეხებოდა არალეგალი უცხოელი ბავშვების ზოგადი განათლების სახელმწიფო დაფინანსების არარსებობას, სახელმწიფომ გამოიყენა გარდამავალი ტესტი. მკაცრი შეფასების ტესტისაგან განსხვავებით, გარდამავალი ტესტის შემთხვევაში სასამართლო დამოუკიდებლად არ აფასებს სახელმწიფოს მიერ მითითებულ ინტერესს, რომლის დასაკმაყოფილებლად ხელისუფლებამ მოახდინა დიფერენცირება. თუკი მკაცრი შეფასების ტესტის შემთხვევაში სახელმწიფოს მოეთხოვება, მწვავე და დაუძლეველ ინტერესზე მითითება, გარდამავალი ტესტის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ,,არსებითი” ინტერესი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ჰეიკე რინქვესტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: ,,საქართველოში მცხოვრები უცხოელები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები სახელმწიფოსთან, ისინი წარმოადგენენ ქართული საზოგადოების წევრებს და საქართველოს მოქალაქეების მსგავსად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ყოფა–ცხოვრებაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. ” მიუხედავად იმისა, რომ უცხოელები და აპატრიდები ჩვენი საზოგადოების ნაწილია, მათი ცალკეული ჯგუფი მოკლებულია, განსაზღვრულ სამართლებრივ სიკეთეებს, რითაც სარგებლობენ მოქალაქეები და ნაცვალგების პრინციპით სხვა უცხოელები. ამგვარი მიდგომა სერიოზულ პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს, რომელიც ვალდებულია, უერთგულოს, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეში პლილერი დოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: აღნიშნულ საქმეში მოსარჩელე ბავშვები არიან მოწყვლადი ჯგუფის სპეციალური წევრები. დამაჯერებელია არგუმენტი, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, უარი უთხრას ადამიანს, სამართლებრივ სიკეთეზე, თუკი ეს უკანასკნელი დაკავშირებულია პირის მხრიდან განსაზღვრული ქმედების განხორციელებაზე და პირის უმოქმედობა, მისი მხრიდან გააზრებული არჩევანის შედეგია. ეს წესი იგივე მოცულობით ვერ გავრცელდება უცხოელების არასრულწლოვან შვილებზე დიფერენცირების გზით მათი სამართლებრივი ურთიერთობიდან გარიცხვის ნაწილში. ისინი ვინც, არ მიმართავენ კანონით დადგენილ პროცედურებს მოქალაქეობის მოსაპოვებლად, მზად უნდა იყვნენ, გახდნენ იმ უარყოფითი შედეგის მატარებელი, რაც საქართველოს მოქალაქეობის სტატუსის არსებობის შემთხვევაში არ დადგებოდა. მაგრამ უცხოელების არასრულწლოვან შვილები არ არიან მათი მშობლების მსგავს მდგომარეობაში. მშობლებს შეუძლიათ შეუსაბამონ მათი ქმედება სოციალურ ნორმებს, ამის შედეგად მიიღონ განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთე ან გააზრებულად აიცილონ ჩვენი ქვეყნის იურისდიქცია და თავის მოქალაქეობის ან სხვა სახელმწიფოში გადაადგილების გზით მიიღონ ის სამართლებრივი სიკეთე, რასაც უცხო სახელმწიფოში მოკლებულია. მაგრამ ბავშვებს, რომლებიც მოსარჩელენი არიან აღნიშნულ საქმეში, არც თავისი მშობლების ქმედებაზე შეუძლიათ გავლენის მოხდება და არც მათი მოქალაქეობის მდგომარეობაზე. მაშინაც კი, როცა კანონმდებელი სრულწლოვანი უცხოელის ქმედების გასაკონტროლებლად, აუცილებლად მიიჩნევს, იმოქმედოს სრულწლოვანი უცხოელის შვილის საწინააღმდეგოდ, კანონმდებლობა, რომელიც მშობლის ქმედებისათვის სამართლებრივ ტვირთს მისი ბავშვისაკენ მიმართავს, ვერ პასუხობს სამართლიანობის ფუნდამენტურ კონცეფციას. მშობლის უმოქმედობა - მიმართოს საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურას, საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის შეთანხმებისა და ნაცვალგების არ არსებობა, არ არის რელევანტური სათანადო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. არც უცხოელის სტატუსი არ არის გარდაუვალი მახასიათებელი. ბავშვის მოქალაქეობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისმა მშობელმა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიუღებლობასთან დაკავშირებული ტვირთის ბავშვისთვის დაკისრება არასწორია, ვინაიდან ბავშვს აქვს ნაკლები კონტროლის შესაძლებლობა თავისი მშობლის ქმედებაზე. ძნელია დაინახო, ბავშვის დასჯის აშკარად გონივრული გამართლება იმისათვის, რომ მისი სურვილისაგან დამოუკიდებლად იმყოფება უცხო სახელმწიფოში, მისი მშობელი არ იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მოქალაქეობის შეცვლის თაობაზე და მოქალაქეობის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის არ მოქმედებს არც შეთანხმება, არც ნაცვალგება. სადავო ნორმით აშკარაა, რომ ადგილი აქვს უცხოელი ბავშვებისათვის მთელი ცხოვრების განმავლობაში სატარებელი ტვირთის დაკისრებას ისეთი ქმედებისათვის, რისთვისაც ისინი არ არიან პასუხისმგებელნი. უცოდინრობის სტიგმა გაჰყვებათ ბავშვებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ბავშვებისათვის ზოგადი განათლების უფლების წართმევით, მათ არ გააჩნიათ უნარი, მოერგონ არსებულ სამოქალაქო ინსტიტუტებს, გამოირიცხება რაიმე რეალისტური შესაძლებლობა, ამ ჯგუფმა თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების პროგრესის მიმართულებით. დიფერენცირების გონივრულობის განსაზღვრისას, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, იმ საფასურს, რისი გადახდაც სახელმწიფოს მოუწევს, უცხოელი ბავშვების უფასო ზოგადი განათლების უფლების გარეშე დატოვების გამო და ასევე თავად უდანაშულო ბავშვებს, რომლებიც არიან მათგან დამოუკიდებელი ქმედების მსხვერპლი. ასეთი დიფერენციაცია ძნელად შეიძლება იქნეს მიჩნეული რაციონალურად, თუკი არ არის მხარდაჭერილი ხელისუფლების მიერ მისაღწევი არსებითი ინტერესით. ამჟამად ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა არსებითი ინტერესის მიღწევას შეიძლება ემსახურებოდეს დიფერენციაცია, რაც უცხოელ ბავშვებს ტოვებს განათლების უფლების გარეშე. 2012 წლის 10 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 66-ე პარაგრაფში განაცხადა, რომ ხელისუფლებას გააჩნია ფართო დისკრეცია, როდესაც გააჩნია შეხება სხვა ქვეყნის იურისდიქციასთან. ნაცვალგება თავისი არსით არის პასუხი სხვა სახელმწიფოს ქმედებაზე. ეს რეგულაცია ცალსახად საერთაშორისო ურთიერთობის სფეროა. სასამართლომ თავი უნდა შეიკავოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისაგან თუ მათი ქმედებები გავლენას ახდენენ სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაზე. თუმცა ერთია სხვა სახელმწიფოს იურიდიქცია და მეორე, იმავე სახელმწიფოს ინტერესები. უცხოელების მიმართ დაწესებული რეგულაციები იჭრებიან იმ უცხო სახელმწიფოს ინტერესებში, რომლის მოქალაქეებიც საქართველოს მხრიდან დიფერენციაციას დაექვემდებარნენ. ბუნებრივია, ყველა სუვერენული სახელმწიფოს ინტერესს წარმოადგენს ის, რომ დაცული იყოს მისი მოქალაქეების უფლებები საზღვარგარეთ. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმით რეგულირებული ურთიერთობები ეხებიან იმ უცხოელებს, რომლებმაც დატოვეს თავისი ქვეყანა, შემოვიდნენ საქართველოში და ჩვენი ქვეყნისაგან მოითხოვეს თავისი ზოგადი განათლების უფლების უზრუნველყოფა. ამ ქმედებებით უცხოელები მთლიანად აღწევენ თავს თავისი მოქალაქეობის სახელმწიფოს იურიდიქციას და ექსკლუზიურად საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევიან. მართალია, აღნიშნული საკითხი უცხო ქვეყნების ინტერესების სფეროა, თუმცა სასამართლო ხელისუფლება გულგრილი არ უნდა დარჩეს იმ შემთხვევის მიმართ, როდესაც საქართველოს სახელმწიფო თავისი იურისდიქციის ქვეშ მოქცეული უცხოელის მიმართ არ არის შეზღუდული თანასწორობის ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნებით. სახელმწიფო უბრალოდ ვერ გაამართლებს უცხოელთა მიმართ დიფერენცირერებულ მოპყრობას საგარეო ურთიერთობების წარმოებაში მისთვის მინიჭებული თავისუფლებით. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებთან, ასევე თავისი არსით საქართველოსთან დაკავშირებულ უფლებებთან მიმართებაში პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო. საგარეო პოლიტიკური არგუმენტები გამოუსადეგარია საქართველოს სახელმწიფოსათვის, უარი თქვას თავისი იურიდიქციის ფარგლებში ადამიანის კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფაზე. სადავო ნორმები არსებითად განსხვავდება სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში გასაჩივრებული ნორმებისაგან, სადაც სასამართლომ სახელმწიფოს ფართო დისკრეცია მიანიჭა საგარეო ურთიერთობების წარმოებისას. ზემოხსენებულ საქმეში ერთი და იმავე ქმედება - თანამგზავრული მაუწყებლობა ექცეოდა ერთზე მეტი სახელმწიფოს იურიდიქციაში. მოცემულ შემთხვევაში უცხოელის უფლება მიიღოს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლება ექცევა მხოლოდ საქართველოს იურიდიქციაში. ამგვარად, სახელმწიფო ვერ ისარგებლებს დისკრეციის იმავე ფარგლებით, რაც მას სასამართლომ თანამგზავრული მაუწყებლობის რეგულაციასთან დაკავშირებით მიანიჭა. ერთი ინტერესი, რომელსაც შესაძლოა დიფერენცირება ემსახურებოდეს, არის უცხოელების წახალისება, მიიღონ მოქალაქეობა ან თანამემამულის სტატუსი, თუკი აკმაყოფილებენ სათანადო საკანონმდებლო მოთხოვნებს. როგორც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა ამ არგუმენტით უცხოელის მიმართ ნებისმიერი დისკრიმინაცია შეიძლება იყოს გამართლებული (Nyquist v. Mauclet, 432 U.S. 1 1977). მეორე ინტერესი შეიძლება იყოს ზოგადი განათლების დაფინანსებით მომავალი ამომრჩევლების, ,,პოლიტიკური საზოგადოების გაძლიერება.”ვინაიდან დაფინანსება არ შემოიფარგლება მხოლოდ მომავალი ამომრჩევლებით და სტანდარტულ ვაუჩერს საქართველოს სახელმწიფო უფინანსებს განსაზღვრული კატეგორიის უცხოელსაც, დიფერენცირება ვერ იქნება ცალსახად ,,პოლიტიკური საზოგადოების” გაძლიერებისაკენ გადადგმულ ნაბიჯად განხილული (Nyquist v. Mauclet, 432 U.S. 1 1977). მიუხედავად იმისა, რომ უცხოელებს შესაძლოა ხელი არ მიუწვდებოდეს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე, მათ მაინც შეუძლიათ, ლიდერის როლიც კი ითამაშონ, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან სფეროში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ვაღიარებთ იმას, რომ უცხოელები ჩვენი საზოგადოების ნაწილია. უცხოელი ვერ გახდება საქართველოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, თუკი ვერ მიიღებს ზოგად განათლებას. როგორც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფის ბავშვებისათვის განათლების მიღებაზე უარით, მათ ერთმევათ შესაძლებლობა, აიმაღლონ საკუთარი თვითშეფასების უნარი, რომელიც უმრავლესობის წარმომადგენლებს გააჩნიათ. უფრო კონკრეტულად განათლება ამზადებს ადამიანს იმისათვის, რომ იყოს საზოგადოების თავდაჯერებული და თვითკმარი წევრი (Wisconsin v. Yoder, supra, at 406 U. S. 221). იგივე სასამართლომ ასევე აღნიშნა: გაუნათლებლობა აძლიერებს უსუსურობას. წერა-კითხვის უცოდინრობა მთელი ცხოვრების განმავლობაში შებორკავს იმ ინდივიდს, ვისაც არა აქვს დაწყებითი განათლების მიღების შესაძლებლობა. განუსაზღვრელი ზიანი ადგება სასკოლო განათლების უფლებამოკლებული პირის სოციალურ, ეკონომიკურ, ინტელექტუალურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. განათლების არქონა შეუძლებელს ხდის წარმატების მიღწევას. სტატუსზე დაფუძნებული უარი ზოგადი განათლების მიღებაზე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან შეთავსებელია. უცხოელების შვილების მიმართ სახელმწიფოს ასეთი მოპყრობა სრულიად არ შეესაბამება იმ ფინანსური წვლილს, რაც საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, უცხოელებს შეაქვთ საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში. როდესაც საბიუჯეტო სახსრების დაზოგავზე, როგორც დიფერენციაციის ერთ-ერთ სავარაუდო ინტერესზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი გარემოება: უცხოელი, რომელიც საქართველოს ირჩევს საცხოვრებელ ადგილად, მას ჩვენს ქვეყანაში გააჩნია არსებობისათვის აუცილებელი მატერიალური საშუალებები - არის დასაქმებული ან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნულ საქმიანობას თან სდევს გადასახადის გადახდა და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ,,დონორობა.” ვინაიდან, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს იხდის, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე მოქალაქეობის არმქონე პირი და უცხოელი, არასწორია საბიუჯეტო რესურსების სიკეთით მოსარგებლეთა წრე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებით შეგვეზღუდა. საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა განსხვავდება სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემისაგან. უცხოელმა მომავალში შესაძლოა სწავლა განაგრძოს თავისი მოქალაქეობის სახელმწიფოშიც, რომელიც შესაძლოა არ აღიარებდეს საქართველოს სახელმწიფოში მოსწავლის მიერ უკვე დაძლეულ საგანმანათლებლო საფეხურს. ეს პრობლემა ბუნებრივი არსებობს, თუმცა სადავო ნორმით შემოთავაზებული დიფერენცირება ვერ იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტის საშუალება. სადავო ნორმები არ უკრძალავენ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისაგან განსხვავებული სისტემის მქონე უცხოელს ზოგადი განათლების მიღებას. რასაც სადავო ნორმები ადგენენ, არის ის, რომ უცხოელი იხდის სპეციალურ თანხას ქართული სტანდარტებით ზოგადი განათლების მისაღებად. სხვა სახელმწიფოს მიერ საქართველოში მიღებული განათლების მიღების აღიარების პრობლემა იარსებებს მაშინაც, თუკი უცხოელი დადგენილი საფასურის გადახდის პირობით ჩართული იქნება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაში. ამგვარად, საქართველოში მიღებული ზოგადი განათლების უცხოელის მოქალაქეობის სახელმწიფოში აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით უცხოელისათვის სწავლის საფასურის გადახდის დაკისრება გამოუსადეგარი საშუალებაა. არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელის ყოფნა საქართველოში დროებითია და მის განათლებაზე გაწეული დანახარჯი არაპროდუქტიული იქნება იმ გაგებით, რომ მიღებულ ცოდნას ასეთი პირები არ გამოიყენებენ საქართველოს შიგნით, ასევე ვერ ამართლებს დიფერენცირებას. ,,ტვინების გადინების” თავიდან აცილება, ცხადია, სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსების არსებობის პირობებშიც კი არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს საკუთარ მოქალაქეს და თანამემაულის სტატუსის მქონე პირს. არ დასტურდება ის, რომ ეს პირები საქართველოში მიღებულ განათლებას მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში გამოიყენებენ. გლობალიზაციის პირობებში ასეთი შანსები კიდევ უფრო მცირდება. მოქალაქეების ზოგადი განათლების დაფინანსებით და უცხოელისათვის ამგვარი შესაძლებლობის წართმევით, სახელმწიფო ვერ შეაჩერებს მისი ინვესტირებით განათლებამიღებული პირების ქვეყნიდან გადინებას. დიფერენციაცია ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას. მეორეს მხრივ, უცხოელი ბავშვი შესაძლოა დარჩეს საქართველოში საცხოვრებლად და განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ მიიღოს კიდეც საქართველოს მოქალაქეობა. ძნელი გასაგებია, რატომ მიისწრაფვის სახელმწიფო, დაფიანსებაზე უარის თქმის გზით ხელოვნურად შექმნას, გაუნათლებელ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც წარმოშობს სერიოზულ პრობლემებს, რაც დაკავშირებულია უმუშვრობასთან, სიღარიბესა და კრიმინალთან. აღნიშნული მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლის ხარჯები ძალიან დიდი იქნება უცხოელი ბავშვის ზოგადი განათლების დაფინანსების ხარჯებთან შედარებით. ამგვარად, არ არსებობს არსებითი ინტერესი, რითაც მოპასუხე მხარე გაამართლებს სადავო ნორმით დადგენილ დიფერენცირებას. შესაბამისად, გარდამავლი ტესტის გამოყენების გზითაც დგინდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აკრძალული დისკრიმინაცია.
2) კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტთან შესაბამისობასაქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. აღნიშნულ მუხლში ნახსენებია ტერმინი ,,ყველა.” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 28 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მე-5 პარაგრაფში განაცხადა: ტერმინი ,,ყველა” გულისხმობს პირთა გაცილებით უფრო ფართო წრეს ვიდრე ეს საქართველოს მოქალაქეა. ტერმინი ,,ყველა” ეხება ყველა ადამიანს, მათი მოქალაქეობრივი კუთვნილებისგან დამოუკიდებლად. ,,ყველაში” იგულისხმება, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე მოქალაქეობის არმქონე პირი და უცხოელიც. აქვე კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი საუბრობს განათლების უფლებაზე ზოგადად და არ აკონკრეტებს თუ განათლების უფლების რომელ საფეხურზეა საუბარი. რაც კონსტიტუციურ კანონმდებელს სურდა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტით ეთქვა, არის ის, რომ როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე მოქალაქეობის არმოქნე პირი და უცხოელი, ზოგადი წესის თანახმად, სარგებლობს განათლების უფლებით, თუკი სპეციალური გარემოების არსებობის შემთხვევაში კონსტიტუცია პირდაპირ სხვაგვარ მითითებას არ შეიცავს. იმავე მუხლის მე-3 პუნქტი სუბიექტზე მითითების გარეშე ადგენს, რომ დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა, რაც თავის თავში გულისხმობს განათლების ამ ორი საფეხურის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას. ამ დასკვნას ამყარებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგი წინადადება, სადაც აღნიშნულია, რომ ზოგად განათლებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლება მოიცავს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებს. კონსტიტუციის 35-ე მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებულებას იღებს დააფინასოს ზოგადი განათლების სამივე საფეხური, რომელთაგან მხოლოდ დაწყებითი და საბაზო განათლებაა იმავდროულად სავალდებულო ბავშვისათვის, ხოლო ზოგადი განათლების მესამე საფეხური - საშუალო განათლება, მართალია, ასევე სრულად ფინანსდება სახელმწიფოსაგან, თუმცა არ არის სავალდებულო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი არც იმაზე მიუთითებს, თუ ვინ არიან სავალდებულო დაწყებითი და საბაზო საფეხურის უფლების სუბიექტები და არც იმაზე ამბობს რამეს, თუ პირთა რა ჯგუფს უფინანსებს სრულად სახელმწიფო ზოგად განათლებას. სამაგიეროდ, კონსტიტუციის 35-ე მუხლი პირდაპირ აცხადებს იმას, თუ სუბიექტთა რა წრის მიმართ იღებს სახელმწიფო უმაღლესი და პროფესიული განათლების დაფინანსების ვალდებულებას და ეს სუბიექტები მოხსენიებული არიან, როგორც ,,საქართველოს მოქალაქეები.” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 28 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილების მე-5 პარაგრაფში საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიუთითა კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტში ნახსენებ ტერმინ ,,საქართველოს მოქალაქეზე” და განაცხადა, რომ აღნიშნული უფლების სუბიექტია საქართველოს მოქალაქე. მაშინ როდესაც კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი დუმს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფიანანსებული ზოგადი განათლების უფლების სუბიექტზე, იმავე კონსტიტუციური დებულება პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი და პროფესიული განათლების სუბიექტია საქართველოს მოქალაქე. ჩვენი აზრით, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემთხვევაში კონსტიტუციურმა კანონმდებელმა დაიცვა განსაზღვრული საკანონმდებლო ტექნიკა. კონსტიტუციური კანონმდებელი მოერიდა ზოგადი განათლების უფლების სუბიექტის გამეორებას მაშინ, როცა ეს უკანასკნელი უკვე მოიხსენია 35-ე მუხლის პირველ პუნქტში. კონსტიტუციის შემქნმელთა განზრახვას არ წარმოადგენდა, სუბიექტთა წრის მიხედვით დაედგინა შიდაკონსტიტუციური შეზღუდვები ზოგადი განათლების უფლებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ეს პირდაპირ გააკეთა უმაღლეს და პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში. ამგვარი სპეციფიკური გამონაკლისის არარსებობის პირობებში, ზოგადი განათლების უფლების სუბიექტებთან მიმართებაში ძალაში რჩება ის ზოგადი წესი, რაც დადგენილია 35-ე მუხლის პირველი პუნქტით. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ზოგადი განათლების უფლების სუბიექტის კონტექსტში, აღნიშნული პუნქტი წაკითხული უნდა იქნეს ამ მუხლის პირველ პუნქტთან კავშირში. რაც იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფო სრულად უნდა აფინანსებდეს, როგორც საქართველოს მოქალაქის, ისე უცხოელისა და აპატრიდის ზოგად განათლებას. უფასო ზოგად განათლებაზე უფლება მოცულია განათლებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებით. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე პონომარიოვი რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 49-ე პარაგრაფში განაცხადა, რომ განათლების უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობას ჩაირიცხოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს ზოგადი განათლება. იმავე საქმის 56-ე პარაგრაფში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: სახელმწიფოს შეფასების ზღვარი, მოსწავლეს დაუწესოს სწავლის საფასური, მით უფრო ფართოა, რაც უფრო მეტად იზრდება განათლების საფეხური, განათლების მიმღები პირების ინტერესების და მთლიანობაში ფართო საზოგადოების ინტერესების დაპირისპირების გათვალისწინებით. საუნივერსოტეტო დონეზე განათლების სფეროში, რაც დღედღეობით არჩევითია, უცხოელებისათვის ქვეყნის მოქალაქეებთან შედარებით მაღალი გადასახადების დაწესება ან სწავლის საფასურის დაკისრება მხოლოდ უცხოელებისათვის, ჩვეული მოვლენაა და სრულიად გამართლებული. ამის საწინააღმდეგოდ, დაწყებითი განათლება, რაც ადამიანს უზრუნველყოფს წერა-კითხვის, მათემატიკის ცოდნით და წარმოადგენს საზოგადოებასთან ინტეგრაციის პირველ ნაბიჯს - სავალდებულოა ქვეყნების უმრავლესობაში. ჩვენს საქმეში განსახილველი ზოგადი განათლება ექცევა ამ ორ უკიდურესობას შორის. განსხვავება გამოიხატება ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი სხვადასხვა ტერმინოლოგიით. კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოს, დაწყებითი განათლება სავალდებულო და უფასო იყოს ყველასათვის, ზოგადი განათლების მეორე და მესამე საფეხურთან მიმართებაში კონვენცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, მიიღონ საჭირი ზომები, უფასო განათლების დამკვიდრებისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ფინანსური დახმარება. უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის შესაძლებლობის ფარგლებში ყველა შესაბამისი საშუალების გამოყენების გზით. განათლების სამ სხვადასხვა ფორმასთან დაკავშირებულ განსხვავებულ მიდგომაზე მიუთითებს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა პაქტი. ამის მიუხედავად, სასამართლო ყურადღებით აკვირდება, იმას რომ უფრო მეტი და მეტი ქვეყანა გადადის ე.წ. ,,ცოდნაზე დაფუძნებულ” საზოგადოებაზე, სადაც ზოგადი განათლება ამაღლებულ როლს ასრულებს ინდივიდის წარმატებული პერსონალური განვითარების, მისი სოციალური და პროფესიული სრულყოფის საქმეში. ზოგადი განათლების არქონა ხელს უშლის ინდივიდს გარემოსთან ადაპტაციაში და გააჩნია შორის მიმავალი უარყოფითი შედეგები მისი სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღებისათვის (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე პონომარიოვი ბულგარეთის წინააღმდეგ 58-ე პარაგრაფი). აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე სან ანტონიოს სკოლა როდრიგესის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: ზოგადი განათლება ეფუძნება ოთხ აკადემიური თავისუფლების პრინციპს. ეს პრინციპებია დამოუკიდებლად განისაზღვროს, ვინ უნდა ასწავლოს, რა უნდა ისწავლებოდეს, როგორ უნდა ისწავლებოდეს და ვის უნდა ასწავლონ. იმავე გადაწყვეტილებაში სასამართლო აცხადებს ჩვენი საზოგადოება დიდად არის დამოკიდებული აკადემიური თავისუფლების აუცილებლობაზე, რასაც ტრანსცენდენტული ბუნება გააჩნია თითოეული ჩვენგანისათვის და არა მხოლოდ მასწავლებლებისათვის. სახელმწიფოს მომავალი დამოკიდებულია ლიდერებზე, რომლებიც მომზადებული არიან მრავალმხრივი გამოკვლევებით, რაც ხელს უწყობს იდეათა გაცვლას, სიმართლის დადგენას უამრავი სხვადასხვა საშუალებიდან და არა რომელიმე ავტორიტეტული წყაროდან მოსაზრების გამორჩევის გზით. ,,ვარაუდების, ექსპერიმენტების და შემოქმედებითი საქმიანობის” ატმოსფეროს არსებითი ხასიათი გააჩნია განათლების ხარისხისათვის. მისი მიღწევა შესაძლებელი ხდება მოსწავლეთა მრავალფეროვანი ჯგუფების მეშვეობით. როგორც სასამართლომ განაცხადა, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ სახელმწიფოს მომავალი დამოკიდებულია ორ რამეზე: ლიდერებზე, რომლებმაც მიიღეს განათლება იდეათა ფართო სპექტრის შესახებ და ასევე იმდენივე მოსწავლეზე, რომდენად მრავალფეროვანიც არის ჩვენი საზოგადოება (San Antonio Indep. Sch. Dist. v. Rodriguez). თუკი უცხოელები ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, მათთვის ზოგადი განათლების ისეთივე უფლების მიცემა, როგორც ეს საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ, ხელს შეუწყობს იდეათა გაცვლას, რაც განათლების კონსტიტუციური უფლების შემადგენელი ნაწილია. მრავალფეროვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების საფეხურზე. ასეთია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების სულისკვეთება. ეროვნება გადამწყვეტ როლს უნდა თამაშობდეს სასწავლო კლასების ფორმირებაში. იმ პირობებეში, როდესაც სასწავლო მეთოდები ინტერაქციული ხდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა განსხვავებული წვლილის შეტანა შეუძლიათ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ მოსაწავლეებს სასწავლო პროცესში. სომხეთის სახელმწიფოსთან მოქალაქეობრივი კავშირის მქონე მოსწავლეს შეუძლია, საქართველოს მოქალაქისაგან განსხვავებული წვლილი შეიტანოს სასწავლო პროცესში და პირიქით. საბოლოო ჯამში მრავალფეროვანი ეროვნული შემადგენლობის კლასები ქმნიან ბალანსს და კარგ სამსახურს უწევენ ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ერთმანეთისაგან განსხვავებულ მოსაწავლეებს სასწავლო პროცესში შეაქვთ განსხვავებული და მათი კულტურული თავისებურებებისათვის დამხასიათებელი წვლილი, რაც იმავდროულად სტერეოტიპების მსხვრევის და ტოლერანტული, მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის აუცილებელი გარემოს ფორმირების უმთავრეს პირობას წარმოადგენს. ამ მიზნის მიღწევისათვის საჭიროა, მოეხსნას ფინანსური ბარიერები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მათ ისევე ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა, როგორც ეს საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ. ფინანსური ბარიერის მოხსნა წაახალისებს საგანმანათლებლო პლურალიზმს სკოლებში. დაწყებითი და საბაზო განათლების სავალდებულობა და სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების სრული დაფინანსება აჩვენებს დემოკრატიულ საზოგადოებაში განათლების მნიშვნელობის აღიარებას. ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ვალდებულება, განათლება არის პრინციპული ინსტრუმენტი, რაც ბავშვში კულტურულ ღირებულებებს აღვიძებს, ამზადებს მომავალი პროფესიული აღზრდისათვის და ეხმარება მას, ნორმალური ადაპტაცია მოახდინოს სოციუმში. დღესდღეობით, საეჭვოა, რომ რომელიმე ბავშვისაგან ცხოვრებაში წარმატების მიღწევის გონივრული მოლოდინი გვქონდეს, თუ ის მოკლებული იქნება, განათლების მიღების შესაძლებლობას. იქ, სადაც სახელმწიფო ცდილობს, განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, აღნიშნული უფლება თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის (San Antonio Indep. Sch. Dist. v. Rodriguez). ამგვარად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებს, ვინაიდან სადავო ნორმებით, უცხოელ მოსწავლეებს უწევთ სტანდარტული ვაუჩერისათვის თანხის გადახდა. სადავო ნორმით ზოგადი განათლების უფლება არ არის გარანტირებული უცხოელებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, მაშინ როდესაც კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტით ამ უფლებით უნდა სარგებლობდეს ,,ყველა,” მათ შორის უცხოელებიც და აპატრიდებიც. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა