საქართველოს მოქალაქე ხათუნა საგინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/581 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 24 ივლისი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ხათუნა საგინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის სიტყვების „თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა“ და ამავე კანონის 203 მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე ხათუნა საგინაშვილი, მოსარჩელის წარმომადგენელები თენგიზ ლატარია და მაია დემეტრაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - ზურაბ მაჭარაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №581) მომართა საქართველოს მოქალაქე ხათუნა საგინაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2014 წლის 25 მარტს.
2. №581 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2014 წლის 4 ივლისს.
3. №581 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე კანონის მე-10 მუხლი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. ამავე კანონის 203 მუხლის მე-6 პუნქტი კი ადგენს, რომ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე, პასპორტი შეიძლება გაიცეს, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზის გამო, შეუძლებელია პირისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმებით დადგენილია პირადობის მოწმობისა და მოქალაქის პასპორტის მხოლოდ ელექტრონული (და ასევე ბიომეტრიული) ფორმით არსებობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ მის რწმენის თავისუფლებასთან.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულია ადამიანის უფლება, რელიგიური ან სხვა რწმენის შესაბამისად, უარი თქვას ელექტრონული პირადობის მოწმობის ან ბიომეტრიული პასპორტის აღებაზე და მოითხოვოს მათი ალტერნატიული - არაელექტრონული და არაბიომეტრიული ფორმა. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული რწმენის თავისუფლება მოიცავს, მისი გამოვლენის შესაბამისად, ცხოვრების წარმართვის უფლებასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში რწმენის თავისუფლება არარეალური და არარეალიზებადი იქნება.
8. მოსარჩელე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, უთითებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებაზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნულ განჩინებაში წმინდა სინოდმა მიუთითა, რომ ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ წარმოადგენდა ანტიქრისტეს ბეჭედს და, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელი იყო. თუმცა, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, წმინდა სინოდმა სთხოვა საქართველოს მთავრობას, დაშვებული ყოფილიყო ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.
9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პირადობის მოწმობისა და მოქალაქის პასპორტის ალტერნატიული (არაელექტრონული, არაბიომეტრიული) ფორმით თანაარსებობა იქნებოდა გონივრული კომპრომისის მიღწევის ერთადერთი გზა პიროვნების რწმენის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების დასაცავად.
10. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მას ფართო და მრავალმხრივი შინაარსი გააჩნია. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რადგან მასში სწორედ ის მონაცემებია მითითებული, რომელიც პირის პრივატულ სფეროს შეეხება.
11. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეჯერების საფუძველზე, თავისუფლად შეიძლება დავასკვნათ, რომ პერსონალური ინფორმაცია განეკუთვნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით დაცულ სფეროს და, შესაბამისად, პირადი ცხოვრების უფლებაში პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებაც მოიაზრება.
12. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 და 41-ე მუხლებთან პირდაპირ არის დაკავშირებული 2011 წლის 28 დეკემბერს მიღებული კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განმარტებულია პერსონალური მონაცემის ცნება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ყველა მონაცემი (პერსონალური, განსაკუთრებული კატეგორიის და ბიომეტრიული), მთლიანობაში, წარმოადგენს პირის კერძო საკითხებთან დაკავშირებულ პირად ინფორმაციას, რაც მისი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტია.
13. მოსარჩელე უთითებს, რომ პერსონალური ინფორმაციის ნაწილი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ცალ-ცალკე იყო დაცული სხვადასხვა ოფიციალურ ჩანაწერებში. აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდგომ კი იგი ერთიანდება ერთიან ცენტრალიზებულ ფაილურ სისტემაში და უპირობოდ ხელმისაწვდომი ხდება პირთა განუსაზღვრელად დიდი, თითქმის ყოვლისმომცველი წრისთვის.
14. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის და ბიომეტრიული მონაცემების შემცველი პასპორტის, ასევე სამგზავრო პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის მხოლოდ ელექტრონული ფორმაა იმპერატიულად განსაზღვრული, რაც ფაქტობრივად, მფლობელ პირთა ნებართვის გარეშე, განაპირობებს მათი მფლობელების პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას და მათ განთავსებას ერთიან ელექტრონულ ფაილურ სისტემაში, სადაც ეს ინფორმაცია უპირობოდ ხელმისაწვდომი ხდება პირთა თითქმის ყოვლისმომცველი წრისთვის.
15. მოსარჩელის აზრით, მოქალაქეთა იდენტიფიცირება სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს არაელექტრონული პირადობის მოწმობებით და ბიომეტრიული შემცველობის არმქონე პასპორტებითაც, ისევე, როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არასაკმარისად დაცული ერთიანი ცენტრალური ფაილური სისტემის პირობებში, პერსონალური ინფორმაციის ელექტრონული ფორმით შენახვა დიდ დარტყმას აყენებს პირადი ცხოვრების, კერძოდ, პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლებას და ის არ არის აუცილებელი, ადეკვატური და პროპორციული ლეგიტიმური მიზნისა.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი და 41-ე მუხლის მეორე პუნქტებით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან.
17. №581 სარჩელთან დაკავშირებით, განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2014 წლის 4 ივლისს. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მაია დემეტრაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სპეციალისტის მოწვევის მოტივით, იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
18. 2014 წლის 21 ივლისს მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა წერილობითი განცხადებით (რეგისტრაციის №01-08-22), რომელშიც მიუთითა, რომ აღარ აქვს იურიდიული ინტერესი, გააგრძელოს დავა მხოლოდ იმ საგანზე, რომელიც №581 კონსტიტუციური სარჩელით იყო გათვალისწინებული და, შესაბამისად, აპირებს ახალი სარჩელით მომართვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს №581 კონსტიტუციური სარჩელის განუხილველად დატოვებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ხათუნა საგინაშვილმა 2014 წლის 21 ივლისის განცხადებით უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა საგინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №581) უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №581 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე ხათუნა საგინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი