თეიმურაზ ლომიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | 2/7/1471 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2020 13:21 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი − წევრი;
მანანა კობახიძე − წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი − წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: თეიმურაზ ლომიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბერის №510 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტის (2020 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-19 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1471) მომართა საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ ლომიძემ. №1471 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2019 წლის 24 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 აპრილს.
2. №1471 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 და 313 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბერის №510 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომში, ტექნიკური რეგლამენტი) განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. დასახელებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტით ერთ-ერთ ამგვარ პირობად განისაზღვრება და დაუშვებლად არის მიჩნეული საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არეში და სარკეებზე ბზარ(ებ)ის ან/და ლაქ(ებ)ის არსებობა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილია, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით განისაზღვრება სახელმწიფო ხელისუფლების საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში განხორციელების ვალდებულება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება; აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია საკუთრების უფლების შეზღუდვისა და ჩამორთმევის საფუძვლები და წესი. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტი კი განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლების მქონე სუბიექტთა წრეს.
5. №1471 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ვერ გაიარა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქარე მინაზე არსებული ბზარის გამო. მოსარჩელის განმარტებით, ტექნიკური რეგლამენტი, ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინის კონკრეტულ ნაწილში ბზარის არსებობის შემთხვევაში, ხარვეზის ბუნებისა და მისგან მომდინარე საფრთხის შეფასების გარეშე ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინის შეცვლის უპირობო ვალდებულებას. მოსარჩელის მითითებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისაგან მომდინარე საფრთხეების ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში არ უნდა დაიშვას ავტოსატრანსპორტო საშუალება საგზაო მოძრაობაში, თუ თავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ხარვეზი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან გარემოსათვის საფრთხის შემცველია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული მისთვის ხარვეზის დადგენა.
6. მოსარჩელე, ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე ბზარი არ წარმოადგენს ხილვადობის და მძღოლისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ხელშემშლელ გარემოებას. ამგვარად, ხსენებული ბზარი იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ წარმოშობს საფრთხეს არც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის და არც საგზაო მოძრაობაში მონაწილე სუბიექტებისათვის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი უმნიშვნელო ხარვეზი არ უნდა წარმოადგენდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ პერიოდული ინსპექტირების ვერგავლის საფუძველს. შესაბამისად, სადავო რეგულაცია იმაზე მეტად ზღუდავს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და, ამ მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს.
7. №1471 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის შემთხვევაში, მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა და შესაბამისი საურავი ყოველ გადაუხდელ ვადაგადაცილებულ პერიოდზე, რაც დავის დასრულებამდე საკმაოდ სოლიდურ თანხად გადაექცევა. შედეგად, მოსარჩელე იძულებული გახდება, შეცვალოს მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინა, რაც, დამატებით, მატერიალურ ხარჯთან იქნება დაკავშირებული. ამავდროულად, საქარე მინის შეცვლის შემთხვევაში აზრი დაეკარგება სამართლებრივ დავას და საფრთხე შეექმნება მოსარჩელის საკუთრების უფლებას, რაც გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტითა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1471 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბერის №510 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №627 დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელდა ცვლილებები და გასაჩივრებული დებულება ამოღებულ იქნა ტექნიკური რეგლამენტიდან, რაც ამავე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამოქმედდა 2020 წლის პირველი აპრილიდან.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5).
4. ამგვარად, „„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბერის №510 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის სადავოდ გამხდარი მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულია. ამავდროულად, გასაჩივრებული ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1471 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1471 კონსტიტუციურ სარჩელზე („თეიმურაზ ლომიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი