საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/1363 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2020 13:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნას ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მხოლოდ იმ მონაწილეთათვის, რომლებიც კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1363) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1363 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 7 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის №2/7/1363 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული.
2. №1363 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი; „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
3. „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ამავე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირებისათვის 2012 წლის პირველი სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის წესს, რომლის თანახმადაც, აღნიშნული სოციალური შეღავათები დაენიშნებათ იმ პირებს, რომლებიც მისი დანიშვნის მომენტისთვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად. ამავე წესის მე-2 მუხლის თანახმად, „საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელისა და მოსარჩელის 2019 წლის 19 მარტის №26/3112 წერილობითი განცხადების თანახმად, მოსარჩელისათვის პრობლემურია სადავო რეგულირების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სადავო ნორმის გავრცელებას ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების მიმართ. აღნიშნული რეგულირების გავრცელების შედეგად, 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ზემოაღნიშნულ პირებს სადავო ნორმატიული აქტით განსაზღვრული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იღებენ სახელმწიფო პენსიას. თავის მხრივ, სახელმწიფო პენსიის მიღების საფუძველს წარმოადგენს კანონით დადგენილი კონკრეტული ასაკის მიღწევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეები იმის მიხედვით, მათ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მისაღებად კომპეტენტურ ორგანოს მიმართეს 2012 წლის პირველ სექტემბრამდე თუ ამ თარიღის შემდგომ.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმატიული აქტის მიღებისას ის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემას ითვალისწინებდა ამავე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირების მიმართ, მიუხედავად იმისა, იღებდნენ თუ არა აღნიშნული პირები სახელმწიფო პენსიას. თუმცა მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სუბსიდიის გაცემის წესს დაემატა ზემოაღნიშნული დამატებითი წინაპირობა. შესაბამისად, გასაჩივრებულმა ნორმამ დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩააყენა ერთი და იმავე სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი პირები კომპეტენტური ორგანოსათვის სუბსიდიის მისაღებად მიმართვის თარიღის ნიშნით.
7. მოსარჩელის განმარტებით, შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ ერთი და იმავე სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს. ერთადერთი, რაც აღნიშნულ პირებს ერთმანეთისგან განასხვავებს, არის ამ პირთა მიერ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მოთხოვნით კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დრო. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ განმარტებული იქნა, რომ დასახელებულ ნორმატიულ აქტში სადავო ცვლილებები განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საომარი მდგომარეობა და სრული მობილიზაცია, შესაბამისად, ცვლილებებამდე არსებული რეგულირების საფუძველზე, საომარ მოქმედებებში ჩართულ ყველა პირს შეეძლებოდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება, რაც გამოიწვევდა საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ზრდისაგან თავის არიდება წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, რომლის საფუძველზეც დასაშვებია უფლების შეზღუდვა, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო ცვლილებები მიღებულ იქნა საომარი მდგომარეობის დასრულებიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, შესაბამისად, საბიუჯეტო ხარჯების ზრდამ დაკარგა მოულოდნელობის ეფექტი და მთავრობას შეეძლო 2009 წლის ან შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტში ეტაპობრივად გაეთვალისწინებინა შესაბამისი მოსალოდნელი ხარჯები. ამასთან, გასათვალისწინებელია აღნიშნული სამართალურთიერთობის მორალურ-ეთიკური ასპექტიც. კერძოდ, სადავო რეგულირების საფუძველზე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ჩამოერთვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე პირებს, რომელთაც პირნათლად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, ხოლო სახელმწიფომ უარი თქვა ფინანსური ვალდებულების შესრულებასა და აღნიშნულ პირთა ღვაწლის დაფასებაზე.
9. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმის საფუძველზე, არსებითად თანასწორ პირთა მიმართ დიფერენცირება ხორციელდება მაღალი ინტენსივობით. კერძოდ, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის არსებული 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის საბრძოლო მოქმედებათა მონაწილეების ასაკის გათვალისწინებით, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის უფლების მიღების საპენსიო ასაკთან დაკავშირება ფაქტობრივად შეიძლება გაუთანაბრდეს აღნიშნული სოციალური შეღავათის სარგებლობაზე უარის თქმას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა დიფერენცირების მაღალი ინტენსივობა, რაც მისი კონსტიტუციურობის მკაცრი ტესტის საფუძველზე შემოწმების საფუძველს წარმოადგენს.
10. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2012 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა №279 დადგენილება, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები. აღნიშნული წესის თანახმად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება მიენიჭათ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. შესაბამისად, აღნიშნული სოციალური პაკეტის ბენეფიციარ პირთა წრემ ნაწილობრივ მოიცვა, მათ შორის, სადავო ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრე. ამასთან, №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, ბენეფიციართათვის განსაზღვრული თანხის ოდენობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული ის არგუმენტი, რომ სადავო რეგულირების შემოღება სახელმწიფოს მიერ დაუძლეველი ინტერესით არის გამოწვეული.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1363 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველი. 2019 წლის 4 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა მიხეილ შარაშიძემ მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1363 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1363 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი