თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/1496 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2020 13:35 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 23 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1496) მომართა საქართველოს მოქალაქე თეკლა დავითულიანმა. №1496 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 24 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 აპრილს.
2. №1496 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი რაოდენობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
5. მოსარჩელე მხარის მითითებით, იგი 2020 წლის 4 აპრილს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააჯარიმეს 3000 ლარით სამ მეგობართან ერთად ქუჩაში შეკრების გამო. მოსარჩელის აღნიშვნით, საჯარო სივრცეში სამ პირზე მეტი ფიზიკური პირის შეკრების აკრძალვა არღვევს მის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
6. მოსარჩელე განმარტავს, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, თავისუფლად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი იდენტობა, ცხოვრების წესი და სტილი, ინდივიდუალური განვითარების და სხვა პირებთან ურთიერთობის გზები და ფორმები, თავისი მორალური, სოციალური, ინტელექტუალური თუ სხვა მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებები. შესაბამისად, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული სფერო მნიშვნელოვნად ფართოა და მოიცავს ადამიანის განვითარების ფიზიკურ, ფსიქიკურ, ინტელექტუალურ და სოციალურ ასპექტებს. მოსარჩელის მითითებით, დასახელებული უფლება იცავს პირის გადაწყვეტილებებს რეკრეაციულ სფეროში, ადამიანთა ეთიკურ ავტონომიას და მის საფუძველზე ცხოვრებისა და მოქმედების თავისუფლებას.
7. მოსარჩელის პოზიციით, შესაძლებელია, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი იყოს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა გამოყენებული შეზღუდვა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას. მოსარჩელის აღნიშვნით, დაუსაბუთებელია მთავრობის მხრიდან, თუ რატომ არის სამზე მეტი ადამიანის შეკრების სრული შეზღუდვა აუცილებელი, ამასთან, აუხსნელია, საჯარო სივრცეში შეკრება რატომ წარმოადგენს უფრო მეტ საფრთხეს საზოგადოების ჯანმრთელობისათვის, ვიდრე ოჯახში ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. მოსარჩელის აღნიშვნით, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფა შესაძლებელი იყო უფლების უფრო მსუბუქი ფორმით შეზღუდვის შემთხვევაშიც.
8. №1496 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, აკრძალულია ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი რაოდენობით.
3. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, განსაზღვროს კავშირი გარე სამყაროსთან. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმის საფუძველზე, აკრძალულია საჯარო სივრცეში 3 პირზე მეტი რაოდენობით ფიზიკურ პირთა თავშეყრა, რაც აფერხებს სოციალური ურთიერთობების განვითარებას და, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57). იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების ამა თუ იმ უფლებრივი კომპონენტის დაცვის სპეციალურ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, სადავო ნორმასა და კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მის საფუძველზე იზღუდება პიროვნების თავისუფალი განვითარების ის ასპექტები, რომლებიც არ არის დაცული კონსტიტუციის სხვა დებულებებით.
6. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. დასახელებული კონსტიტუციური ცვლილებები ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბრიდან და მის საფუძველზე ახლებურად განისაზღვრა რიგი კონსტიტუციური დებულებები, მათ შორის, ცვლილება შევიდა პირადი ცხოვრების უფლების დამდგენ კონსტიტუციურ ნორმებში. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედ რედაქციაში საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა პირადი ცხოვრების უფლების დამცავ ზოგად დებულებას, შესაბამისად, პირადი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი გარანტირებული იყო კონსტიტუციის განსხვავებულ ნორმაში. მათ შორის, პირადი ცხოვრების გარკვეული უფლებრივი კომპონენტები, რომლებიც, კონსტიტუციის ნორმების სტრუქტურიდან გამომდინარე, ვერ თავსდებოდა კონსტიტუციის სხვა დებულებაში, თუმცა უპირობოდ შეადგენდა პირადი ცხოვრების აუცილებელ ასპექტს, ექცეოდა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“).
7. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გაჩნდა ზოგადი ჩანაწერი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობის შესახებ. ამდენად, კონსტიტუციის მოქმედ არქიტექტურაში, პირადი ცხოვრების უფლება, მათ შორის, ის უფლებრივი კომპონენტები, რომლებიც 2018 წლის 16 დეკემბრამდე კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეგულირების სფეროში ექცეოდა, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილებით, პირადი ცხოვრების უფლების შემზღუდველი ნორმის კონსტიტუციურობა (რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედებამდე იყო მიღებული არსებითად განსახილველად, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით) შეაფასა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და არა მე-12 მუხლთან მიმართებით. სწორედ კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია სასამართლომ დებულებად, რომელიც იცავს 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების კომპონენტის ეკვივალენტურ უფლებას. ამდენად, 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციის რედაქციის მე-16 მუხლისგან განსხვავებით, მოქმედი კონსტიტუციის მე-12 მუხლის რეგულირების სფეროში არ ექცევა პირადი ცხოვრების ის ასპექტები, რომლებიც დაცულია კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით.
8. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, სადავო ნორმის საფუძველზე, თავშეყრის აკრძალვის გზით, სოციალური ურთიერთობების განვითარების შეზღუდვაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება თავისუფლების კონცეფციის განუყოფელს ნაწილს წარმოადგენს. ეს არის პიროვნების უფლება მისი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, პირადი ცხოვრების უფლება, inter alia, იცავს პირის შესაძლებლობას, განსაზღვროს კავშირი გარე სამყაროსთან, ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. მაშასადამე, პირადი ცხოვრების ის ასპექტები, რომელზეც მოსარჩელე მხარე მიუთითებს, კონსტიტუციის მოცემულ კონსტრუქციაში დაცული და გარანტირებულია მე-15 მუხლის პირველი პუნქტით.
9. ამასთან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, საჯარო სივრცეში პირთა შეკრების თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი წარმოადგენს შეკრების თავისუფლების დამდგენ სპეციალურ ნორმას (lex specialis) და იცავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას, მათ შორის, საჯარო სივრცეში.
10. ამდენად, შეკრების მიზნის გათვალისწინებით, სამ პირზე მეტი რაოდენობით თავყრილობის აკრძალვა შესაძლოა, განაპირობებდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ან კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარ პრაქტიკაში, ამ თვალსაზრისით, არ უმსჯელია კონსტიტუციის დასახელებული დებულებების ურთიერთმიმართების შესახებ. ამასთან, არც განსახილველ შემთხვევაში დგას სასამართლო კონსტიტუციის ხსენებული უფლებებით დაცული სფეროების ამომწურავი განმარტებისა და მათი ურთიერთგამიჯვნის საჭიროების წინაშე. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმასა და კონსტიტუციის მე-12 მუხლს შორის შინაარსობრივი მიმართების არსებობას ავტომატურად გამორიცხავს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ურთიერთობების რომელიმე სხვა კონსტიტუციური დებულების დაცული სფეროს ფარგლებში მოაზრება.
11. მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ მიუთითებია თავყრილობის აკრძალვის რაიმე იმგვარ შემთხვევაზე და ისეთი უფლებრივი კომპონენტის შეზღუდვაზე, რომელიც არ არის დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და შეკრების თავისუფლების დამდგენი კონსტიტუციური დებულებებით. იგი მხოლოდ მიუთითებს ადამიანთა ჯგუფურად თავშეყრის აკრძალვასა და, ამ მხრივ, სოციალური ურთიერთობების განვითარების შეუძლებლობაზე, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 ან 21-ე მუხლებით დაცულ სფეროში. სადავო ნორმით საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული მუხლების შეზღუდვის შესაძლებლობა კი, არათუ არ განაპირობებს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების დარღვევას, არამედ პირიქით, გამორიცხავს მას. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას შორის.
12. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული პირადი ცხოვრების უფლება არ არის აბსოლუტური და იგი ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). ანალოგიურად, არც შეკრების თავისუფლება განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას და დასახელებული უფლებაც შესაძლოა, შეიზღუდოს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის №2/2/180-183 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისატთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/538 გადაწყვეტილება საქმეზე „პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამდენად, კონსტიტუციის ხსენებული უფლებების შეზღუდვა, თავისთავად, არაკონსტიტუციური არ არის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული პრაქტიკის შესაბამისად, გარკვეული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად ამ უფლებათა შეზღუდვა, რიგ შემთხვევებში, გარდაუვალია.
13. ამავდროულად, მოცემულ შემთხვევაში ნათელია სადავო რეგულირების მიზანმიმართულება. კერძოდ, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ პირველ მუხლში გაცხადებული მიზნების შესაბამისად, მთავრობის მიერ უფლების შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება უკავშირდება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთას, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებას. ამასთან, უდავოა ის გარემოება, რომ ახალი კორონავირუსი (COVID-19) ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოცხადდა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვების მიზანიც ამ გადამდებ დაავადებაზე შესაბამისი რეაგირება და ვითარების ნორმალიზაციაა. პირთა თავყრილობის აკრძალვაც ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც ემსახურება ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების აღკვეთას და, ამ მხრივ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიზნების არსებობას არც მოსარჩელე მხარე უარყოფს და, მეტიც, კონსტიტუციურ სარჩელში თავადაც მიუთითებს ამგვარ მიზნებსა და მათ ლეგიტიმურობაზე.
14. მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში აშკარაა სადავო რეგულირების შემოღების ლეგიტიმური მიზნები, ისევე, როგორც ხელშესახებია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეები. ასეთ ვითარებაში, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, არ არის საკმარისი მხოლოდ უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითება. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციის დასახელებული დებულებების შეზღუდვა, თავისთავად, არაკონსტიტუციური არ არის. მოსარჩელე მხარე ვალდებულია, მოიყვანოს არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ დადგენილი შეზღუდვა მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურ რეგულირებას წარმოადგენს. აღნიშნულის საპირისპიროდ, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს, რომ არ არსებობდა საქართველოს მთავრობის მიერ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის შემოღების აუცილებლობა. ამგვარი ზოგადი არგუმენტაცია კი ვერ გამოდგება კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1496 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
16. დამატებით, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ „სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის“.
17. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს - საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას. სადავო ნორმის თანახმად, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, იკრძალება 3 პირზე მეტი რაოდენობით ფიზიკურ პირთა თავშეყრა. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულყოფილი მსჯელობა შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასების გარეშე.
18. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არ არის ქცეული „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი ორგანული კანონის ძალის მქონე აქტია. ამდენად, პრეზიდენტის დეკრეტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის დადგენილებაზე მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტს. ხსენებული დეკრეტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იზღუდება ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. მაშასადამე, ხსენებული ნორმა წარმოადგენს ნებისმიერი თავშეყრის აკრძალვის სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, მოსარჩელის პრობლემის გამომწვევი ნორმის მსგავს რეგულაციას იმეორებს ზემდგომი ნორმატიული აქტი - „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი.
19. მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არგუმენტაცია, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული არ არის აღნიშნული ზემდგომი აქტის ნორმა, რატომ მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა. მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა ადგენს პრეზიდენტის დეკრეტისაგან განსხვავებულ, დამატებით შეზღუდვას ან მასთან ერთად სადავოდ გახადოს პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისი დებულების კონსტიტუციურობა. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობასთან ერთად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია დასაბუთება, რომელიც გამორიცხავდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1496 კონსტიტუციური სარჩელი („თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი