თეკლა დავითულიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1496 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | თეკლა დავითულიანი |
თარიღი | 23 აპრილი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილება (საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები)
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ „ საქართველოს მთავრობის დადგენილების „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრას 3 პირზე მეტი რაოდენობით |
მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ „ საქართველოს მთავრობის დადგენილების „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დამაჯარიმეს 2020 წლის 04 აპრილს, 3000 ლარის ოდენობით, სამ მეგობართან ერთად ქუჩაში შეკრებისთვის.
დავჯარიმდი დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად აკრძალუია საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი რაოდენობით .
მთავრობის აღნიშნული დადგენილება საგანგებო მდგომარეობის დროს აწესებს განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგს, რომლის მიხედვით აკრძაულია 3-ზე მეტი პირის თავშეყრა საჯარო სივრცეში.
ვთვლი, რომ დარღვეული კონსტიტუციით გარანტირებული უფლება - თავისუფალი განვითარების უფლება.
შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ხოლო, მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავო სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
· წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;
· შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;
· სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
· აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. გასაჩივრებული ნორმის შინარსი
სავავოდ ვხდი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის #1 დეკრეტის საფუძველზე გამოცემული მთავრობის დადგენილების „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ „ („საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარს, რომლის მიხედვით იზღუდება საჯარო სივრცეში შეკრება 3 პირზე მეტის რაოდენობით.
დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.
პირველ შემთხვევაში საჯარო სივრცეში შეკრება 3 პირზე მეტი რაოდენობით ისჯება ადმინსტრაციული წესით, 3000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით - თავისუფლების აღკვეთით.
გასაჩივრებული ნორმის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან.
დღეს მოქმედი რედაქციით თავისუფლების განვითარების უფლება მოქცეული კონსტიტუციის მე-12 მუხლში. კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედ რედაქციაში ეს უფლება დაცული იყო მე-16 მუხლით. თუმცა, აღნიშნულ ნორმას შინაარსობრივი ცვლილება არ განუცია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. თავისუფალი განვითარების უფლება მოიცავს როგორც ეთიკურ ავტონომიას და მის განხორციელებას აზრისა და ინტელექტუალურ სფეროში, ასევე მის საფუძველზე ცხოვრებისა და მოქმედების თავისუფლებასაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას, თავისუფლად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი იდენტობა, ცხოვრების წესი და სტილი, ინდივიდუალური განვითარების და სხვა პირებთან ურთიერთობის გზები და ფორმები, თავისი მორალური, სოციალური, ინტელექტუალური თუ სხვა მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებები.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება № 2/1/536, საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ” პარაგრაფი 56.]
თავისუფალი განვითარების უფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ქმნის ბუნებითი თავისუფლების რეზიდუალურ კონსტიტუციურ გარანტიას, რომელიც იცავს თავისუფლების ყველა იმ კონსტიტუციურ ინტერესს, რომელიც სპეციფიკურად არ არის დაცული რომელიმე სხვა კონსტიტუციური უფლებით. [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება № 2/4/532,533, საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ პარაგრაფი 5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება № 2/1/536, საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ” პარაგრაფი 57] შესაბამისად, თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული სფერო მნიშვნელოვნად ფართოა და მოიცავს ადამიანის განვითარების ფიზიკურ, ფსიქიკურ, ინტელექტუალურ და სოციალურ ასპექტებს. თავისუფალი განვითარების უფლების ამ ფართო სფეროში ექცევა როგორც საკუთარ ფიზიკურ განვითარებასთან, სხეულთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოქმედებები და გადაწყვეტილებები, მკურნალობისა და საკუთარ სხეულსა და ჯანრმთელობაზე ზრუნვის გადაწყვეტილებების ჩათვლით, ასევე გადაწყვეტილებები რეკრეაციულ სფეროში. ადამიანს აქვს ფართო შესაძლებლობა თავად განსაზღვროს ის საქმიანობა ან მოქმედება, რომელიც მისთვის სიკეთის მომტანია ამ ცნების ყველაზე ფართო მნიშვნელობით, რომელიც როგორც მატერიალურ-ფიზიკურ ისე ფსიქიკურ-ინტელექტუალურ სფეროებს მოიცავს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში (მის ნებისმიერ უფლებაში) ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია. ასეთია ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგი. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებით განსაკუთრებით შეზღუდულია პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შექმნისას და გამოყენებისას. ასეთი კანონმდებლობა თავისთავად ხასიათდება ადამიანის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონზომიერებით. ამიტომ ასევე კანონზომიერია ამ პროცესში სახელმწიფოს მომეტებული სიფრთხილის აუცილებლობა, რადგან სამართალი დაკარგავს თავის ფუნქციას, თუ ადამიანები დაისჯებიან ამისათვის შესაბამისი და აუცილებელი საფუძვლის გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/6/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62-64).
პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის გასამართლებლად აუცილებელია თანაზომიერების პრინციპის დაცვა. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
შეიძლება აღნიშნულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზანი იყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კი გამოყენებული შეზღუდვით დარღვეულია პროპორციულობის პრინციპი.
დაუსაბუთებელია მთავრობის მხრიდან, თუ რატომ არის აუცილებელი 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების სრული შეზღუდვა აუცილებელი, როცა იგივე მიზნის მისაღწევად შეიძლება გამოყენებული იქნას უფრო მსუბუქი ფორმაც, ისე რომ ადამიანებს არ შეეზღუდოთ კონსტიტუციით დაცული უფლება.
ასევე, დაუსაბუთებელია მთავრობის მხრიდან, საჯარო სივრცეში შეკრება რატომ წარმოადგენს უფრო მეტ საფრთხეს, ვიდრე ოჯახში, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.
მოცემულ ეტაპზე სასამართლომ უნდა შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26)
მთავრობის მხრიდან დაუსაბუთებელია, რატომ დადგა საჭიროება ყველაზე მკაცრი შეზღუდვის გამოყენება და ხომ არ შეიძლებოდა იგივეს მიღწევა თუნდაც ნაკლებად მზღუდავი ფორმის გამოყენებით, ისე რომ ადამიანებს ჰქონოდათ შესაძლებლობა მოეხდინათ საკუთარი უფლების რეალიზება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, გთხოვთ არაკონსტიტუციურად ცნოდ გასაჩივრებული ნორმის შესაბამისი ნორმატიული შინაარსი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა