საქართველოს მოქალაქეები მალხაზ კუნელაური, გიორგი კვირიკაშვილი, მარიამ ცენტერაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/582 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 12 სექტემბერი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები მალხაზ კუნელაური, გიორგი კვირიკაშვილი, მარიამ ცენტერაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2014 წლის 31 marts საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის #582) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - მალხაზ კუნელაურმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მარიამ ცენტერაძემ, უჩა ზაქაშვილმა, გიორგი დონაძემ, გივი ჭუმბურიძემ, გრიგოლ ვატიტაძემ, გიორგი ჩაჩანიძემ, მარიამ ბერულაშვილმა, ბაგრატ ნერგაძემ, ლევან აფხაზავამ, ქეთევან მჭედლიშვილმა, ნინო საბანაძემ, თამარ შენგელიამ, ლაშა მჭედლიძემ, თამარ ქენქაძემ, ნუცა მჟავანაძემ, ლია მუმლაძემ, ეკატერინე სურგულაძემ, თორნიკე დემეტრაშვილმა, მაია ნადირაძემ, სალომე ზარანდიამ, თეიმურაზ ბეჟოშვილმა და თეონა კობიაშვილმა. #582 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 1 აპრილს.
2. #582 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 12 სექტემბერს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
4. „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი აყალიბებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლს.
5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლის მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და სამსახურებრივ უფლებამოსილებებს განახორციელებს შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე. სადავო ნორმის მე-2 პუნქტით კი დადგენილია მოცემული თანამდებობების კონკურსის წესით შევსების ვადა, რომელიც განისაზღვრება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არა უგვიანეს 120-ე დღისა.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები დასაქმებულნი არიან ქ. თბილისის მერიის იურიდიულ, ზედამხედველობის, პოლიტიკის საქალაქო სამსახურებსა და მუნიციპალური შესყიდვების განყოფილებაში. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედება თითოეულ მათგანზე ვრცელდება.
7. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია საქართველოს მოქალაქის უფლება, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, `სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით~. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს შრომის თავისუფლებას. ამასთან, მისი მე-4 პუნქტი ადგენს შრომითი უფლებების და შრომის ცალკეული პირობების ორგანული კანონით განსაზღვრის ვალდებულებას.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეთა უმრავლესობამ თანამდებობა დაიკავა კონკურსის გავლის გზით, ხოლო მათი ნაწილი დანიშნულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ისინი აკმაყოფილებდნენ შესაბამისი თანამდებობის დაკავებისთვის როგორც კანონით განსაზღვრულ, ასევე დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და თანამდებობაზე განწესებულ იქნენ უვადოდ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეთა მტკიცებით, მათ მიმართ მოქმედებს თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრული გარანტიები. სახელმწიფო თანამდებობის უვადოდ დაკავების გარანტიას ასევე ადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოხელე ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით. სადავო ნორმით კი აღნიშნული პირობა იზღუდება.
9. მოსარჩელეთა განმარტებით, თუკი თანამდებობაზე ყოფნა და უფლებამოსილების ვადა დამოკიდებული იქნება პარლამენტის დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაზე, ეს გამოიწვევს არა მხოლოდ ადამიანის შრომის უფლების ხელყოფას, არამედ კვალიფიციურ კადრებს მოუსპობს სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის სურვილს. ისინი მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმით დადგენილ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებასა და მისი განხორციელების პირობებს.
10. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმის ამოქმედებით, სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება ჩარევა ადამიანის კონსტიტუციით დაცულ შრომის უფლებაში. აღნიშნული გამოიხატება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა თანამდებობის პირებისთვის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ცვლილებაში, კერძოდ, ისინი დანიშნულნი ან არჩეულნი იყვნენ უვადოდ, ხოლო სადავო ნორმამ მოახდინა მათი სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელების ვადის შეზღუდვა და მისი შეწყვეტა დაუკავშირა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ოფიციალურად გამოცხადების დღეს.
11. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონით რეგულირებული კონკურსის შედეგად თანამდებობის დაკავებაში გამოიხატება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლების რეალიზაცია. კანონით განსაზღვრული წესით თანამდებობაზე დანიშნული პირის გათავისუფლება მხოლოდ კანონით მკაფიოდ განსაზღვრული წესით და შესაბამისი დასაბუთებით უნდა მოხდეს. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ხდება ადამიანისთვის შრომის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა, სავალდებულოა, დასაბუთებულ იქნეს, კანონში მითითებული რომელი საფუძვლით ხდება მოხელის მიმართ ამ ზომის გამოყენება. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს, რომლებიც სასამართლოსთვის მიმართვისა და დაცვის უფლებებს განამტკიცებს.
13. მოსარჩელეთა განმარტებით, არ არსებობს კანონით დადგენილი ეფექტური მექანიზმი, რომლის საფუძველზეც, მათ შესაძლებლობა ექნებათ, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა გაასაჩივრონ სასამართლოში, სასამართლოს მეშვეობით დაიცვან თავიანთი უფლებები და ისარგებლონ დაცვის უფლებით. მათი აზრით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა ხორციელდება სრულიად დაუსაბუთებლად, ეს კი ქმნის საფრთხეს, სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს სუბიექტური საჭიროებების შესაბამისად ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რაც სასამართლო ხელისუფლების ზედამხედველობის მიღმა რჩება. ამასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა დაზარალებულს აყენებს განსაკუთრებით უსუსურ და დაუცველ მდგომარეობაში, რადგან ეს უკანასკნელი რჩება სამართლებრივი რეგულირების ფარგლებს გარეთ, რაც, თავის მხრივ, სრულიად შეუსაბამო და არაბუნებრივია სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
14. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
15. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეები შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კონკრეტული ვადის დადგომა გარდაუვლად გამოიწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირთათვის სამსახურის დაკარგვას, რა დროსაც მათ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაც კი შეზღუდული აქვთ, შესაბამისად, ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვას. მოსარჩელეთა განცხადებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გარეშე, აზრი ეკარგება კონსტიტუციური სარჩელის განხილვას. შესაბამიასად, თუკი დავის დასრულების მომენტისთვის ახალი კონკურსების ორგანიზება და ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი თანამშრომლების მიღება განხორციელდება, შეუძლებელი იქნება მოსარჩელეთა თანამდებობებზე აღდგენა, რაც მათთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება. მოსარჩელეები დამატებით აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმით დაუსაბუთებლად იზღუდება არა მხოლოდ მათი, არამედ ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოს ნებისმიერი მოხელის უფლება, რაც პირთა ფართო წრის კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. #582 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის №2479-IIს „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონით ცვლილებები შევიდა საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული მუხლი აყალიბებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლს.
3. დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, #582 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის, სადავო ნორმამ იურიდიული ძალა დაკარგა.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №582 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქეები - მალხაზ კუნელაური, გიორგი კვირიკაშვილი, მარიამ ცენტერაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი