საქართველოს მოქალაქეები მალხაზ კუნელაური, გიორგი კვირიკაშვილი, მარიამ ცენტერაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 582 |
ავტორ(ებ)ი | მალხაზ კუნელაური, გიორგი კვირიკაშვილი, მარიამ ცენტერაძე |
თარიღი | 31 მარტი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელის არსებით განსახილველად მიღება კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა,, და ,,ვ,, ქვეპუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19-ე მუხლის ,,ე,, პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ,, საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 16-ე მუხლის შესაბამისად: კონსტიტუციის მუხლი 89 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო .. მოქალაქის სარჩელისა თუ წარდგინების საფუძველზე ორგანული კანონით დადგენილი წესით: ა) იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან, … კანონის, .. შესაბამისობის საკითხებზე; ვ) პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით; ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ,, ორგანული კანონის მუხლი 19. 1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი; მუხლი 31. 1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. მუხლი 39. 1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი; სარჩელი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმის შესაბამისად, მოსარჩელეები (საქართველოს მოქალაქეები) ადასტურებენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს. შრომის უფლება - კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლები, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება- კონსტიტუციის 42-ე მუხლი. წარმოდგენილი სარჩელი ფორმით და შინაარსით სრულად შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ,, საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - წარმოდგენილია უფლებამოსილი პირების მიერ, მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, სადავო საკითხი არ ყოფილა გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საკითხი რეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამდენად, არსებობს სრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ სარჩელი არსებით განსახილველად იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნა: არაკონსტიტუციურად ცნოთ ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონის 134/4 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებთან, 30-ე მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებთან, 42-ე მუხლის 1-ლ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
ფაქტები, დაზარალებულები -მალხაზ კუნელაური დაბადებულია 1982 წელს, პროფესიით იურისტია, 2007 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის მერიის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე და 2013 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; -გიორგი კვირიკაშვილი დაბადებულია 1985 წელს, პროფესიით იურისტია, 2009 წლიდან მუშაობს ქალაქ თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე და 2012 წლიდან არის ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების განყოფილების უფროსი; -მარიამ ცენტერაძე დაბადებულია 1982 წელს, პროფესიით იურისტია, 2005 წლიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნა და მუშაობდა ქ. თბილისის მერიის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე და 2013 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; -უჩა ზაქაშვილი დაბადებულია 1983 წელს, პროფესიით იურისტია, 2005 წლიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნა და მუშაობდა ქ. თბილისის მერიის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე და 2013 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; -გიორგი დონაძე დაბადებულია 1983 წელს, პროფესიით იურისტია, 2013 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველოს სამართალდარღვევის საქმის წარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; -გივი ჭუმბურიძე დაბადებულია 1974 წელს, პროფესიით იურისტია, 2005 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2013 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; -გრიგოლ ვატიტაძე დაბადებულია 1980 წელს, პროფესიით იურისტია, 2011 წლიდან დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; -გიორგი ჩაჩანიძე დაბადებულია 1983 წელს, პროფესიით ეკონომისტია, 2005 წლიდან მუშაობს ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; - მარიამ ბერულაშვილი დაბადებულია 1988 წელს, პროფესიით იურისტია, 2012 წლიდან დღემდე ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტია; -ბაგრატი ნერგაძე დაბადებულია 1987 წელს, პროფესიით იურისტია, 2011 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; - ლევან აფხაზავა დაბადებულია 1986 წელს, პროფესიით იურისტია, 2009 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; -ქეთევან მჭედლიშვილი დაბადებულია 1982 წელს, პროფესიით იურისტია, 2011 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; - ნინო საბანაძე დაბადებულია 1989 წელს, პროფესიით იურისტია, 2010 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის მერიაში სახვადასხვა თანამდებობებზე, ამჟამად არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; - თამარ შენგელია დაბადებულია 1974 წელს, პროფესიით იურისტია, 2012 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; -ლაშა მჭედლიძე დაბადებულია 1989 წელს, პროფესიით იურისტია, 2012 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; - თამარ ქენქაძე დაბადებულია 1989 წელს, პროფესიით იურისტია, 2013 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; -ნუცა მჟავანაძე დაბადებულია 1990 წელს, პროფესიით იურისტია, 2012 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; - ლია მუმლაძე დაბადებულია 1982 წელს, პროფესიით მაკროეკონომისტია, 2005 წლიდან მუშაობდა მერიის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე ამჟამად არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი; -ეკატერინე სურგულაძე დაბადებულია 1989 წელს, პროფესიით იურისტია, 2011 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი; - თორნიკე დემეტრაშვილი დაბადებულია 1988 წელს, პროფესიით იურისტია, 2013 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის თანაშემწე; - მაია ნადირაძე დაბადებულია 1978 წელს, პროფესიით იურისტია, 2011 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი; - სალომე ზარანდია დაბადებულია 1991 წელს, პროფესიით იურისტია, 2012 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი; - თეიმურაზ ბეჟოშვილი დაბადებულია 1982 წელს, პროფესიით იურისტია, 2007 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი; - თეონა კობიაშვილი დაბადებულია 1986 წელს, პროფესიით იურისტია, 2008 წლიდან დღემდე არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ამჟამად კი ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ------------ მოსარჩელეთა უმრავლესობამ კანონით განსაზღვრული წესით, კონკურსის შედეგად უვადოდ დაიკავეს თანამდებობები და გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები. ხოლო მოსარჩელეთა ნაწილი თანამდებობაზე დანშნულია უვადოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ თანამდებობის დასაკავებლად კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ასევე საკონსურსო პირობებს, ანუ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 19-ე მუხლი) და გაიმარჯვეს კონკურსში, შესაბამისად მათ მიმართ (კონკურსით შერჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების) სრულად მოქმედებს კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული გარანტია, რომ თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა განუსაზღვრელი ვადით. (საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 23-ე მუხლი). ასევე, კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე განმწესებული პირის გათავისუფლება კი მხოლოდ კანონით მკაფიოდ განსაზღვრული წესით და შესაბამისი დასაბუთებით (თუ რატომ არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს მოხელე ან რა დარღვევა ჩაიდინა საქმიანობისას) უნდა მოხდეს. კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის X თავი სწორედ ამიტომ ამომწურავად განსაზღვრავს საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, როგორიცაა, მაგალითად, დაწესებულების ლიკვიდაცია, სამსახურის ვადის გასვლა, თანამდებობასთან შეუსაბამობა და ა.შ.
შრომის უფლება შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 29-ე და 30-ე მუხლებით დაცული და აღიარებული უფლებაა: მუხლი 29 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. მუხლი 30 1. შრომა თავისუფალია. 4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
შრომის უფლება საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად შრომის უფლება შემდეგი სახით განიმარტა: ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში (2/80-9 03.11.1998) ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო ნორმების კონსტიტუციურობა შრომის უფლების კონტექსტში. აღნიშნული სარჩელი შეეხებოდა მოსამართლეთა მასობრივ დათხოვნას, ჩვენ შემთხვევაშიც სადავო ნორმით განხორციელდება თვითმმართველობის მოხელეთა მასობრივი გათავისუფლება სამსახურიდან. ,, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით ,,საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს,, ამდენად საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლია დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი- გახდეს მოსამართლე,, ,,სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელზე უარის თქმა საფუძველი გახდება მომავალში უკანონო პრეცედენტის შექმნისათვის, რაც დაუშვებელია, თუნდაც იმ ახლად არჩეული მოსამართლეების უფლებების დასაცავად, რომელთა მიმართ სპეციალისტად მოწვეულმა ბატონმა ალექსანდრე შუშანაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ხელისუფლება უფლებამოსილია, თუ საჭიროდ დაინახავს, მოკლე ხანში ისევ მთელ სასამართლო კორპუსს შეუწყვიტოს უფლებამოსილება. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მოსამართლეთა საყოველთაოდ დათხოვნა არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური მოსაზრებით, ხელისუფლების თვითნებობით ან ხელისუფლების შეცვლის მოტივით.,, ,,საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი შეეხება შრომის თავისუფლებას და შრომითი უფლებების დაცვის საკითხს. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ შრომის თავისუფლებას, ე.ი. თავისუფალი შრომის უფლებას. შრომა თავისუფალია- ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო. შრომა თავისუფალია ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ სახელმწიფო უკვე აღარ იღებს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებას. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უარი თქვას უკვე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვაზე. ე.ი. სახელმწიფო უარს ამბობს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებაზე, მაგრამ კისრულობს ვალდებულებას დაიცვას დასაქმებული მოქალაქეთა შრომითი უფლებები. ამაზე მეტყველებს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი, სადაც ნათქვამია: ,,შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით.,, როგორც კონსტიტუცია ადგენს, მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვა უნდა მოხდეს კანონით, ე.ი. კანონი უნდა იცავდეს მოქალაქეთა შრომით უფლებებს.,, შრომის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტორი უფლებას. ამდენად, უფლების შეზღუდვისათვის საჭიროა არსებობდეს ,,ლეგიტიმური მიზანი,, და დაცული იყოს პროპორცია მიზანს და შეზღუდვას შორის. ადამიანის უფლება ეკავოს სახელმწიფო თანამდებობა დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდ მის პიროვნულ თვისებებზე და კვალიფიკაციაზე, რამდენად შეესაბამება ის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე გამწესებული პირის გათავისუფლება კი მხოლოდ ასევე კანონით მკაფიოდ განსაზღვრული წესით და შესაბამისი დასაბუთებით (თუ რატომ არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს მოხელე ან რა დარღვევა ჩაიდინა საქმიანობისას) უნდა მოხდეს. კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის X თავი სწორედ ამიტომ ამომწურავად განსაზღვრავს საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, როგორიცაა, მაგალითად, დაწესებულების ლიკვიდაცია, სამსახურის ვადის გასვლა, თანამდებობასთან შეუსაბამობა და ა.შ. შესაბამისად, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის ამ ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისას (სამსახურიდან გათავისუფლებისას) სავალდებულოა დასაბუთდეს თუ კანონში მითითებული რა საფუძვლით ან რა დარღვევის გამო ხდება მოხელის მიმართ ამ მკაცრი ზომის გამოყენება. როგორც უფლების (არა აბსოლიტური) შეზღუდვის შემთხვევაში, ნორმის კონსტიტუციურობის შესამოწმებლად, საჭიროა კონსტიტუციით დაცული უფლების დარღვევის იდენტიფიცირება, ლეგიტიმური მიზნის იდენტიფიცირება და მათ შორის არსებული პროპორციის შემოწმება. (რაციონალური პროპორციულობის ტესტი) ,,შპს უნისერვიზი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,, 2/6/264 21.12.2004წ.
შრომის უფლება, საერთაშორისო აქტები შრომის უფლება დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, რომლებიც ხელმოწერილია საქართველოს მიერ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია: მუხლი 23 1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისგან დაცვის უფლება.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი მუხლი 6 1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის. მუხლი 7 1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები... როგორც ვხედავთ, შრომის უფლება დაცულია ამ შეთანხმებითაც, ხოლო ამ უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით ამ პაქტის მე-4 მუხლი ადგენს შემდეგს: ,,ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ იმ უფლებათა გამოყენების მხრივ, რომლებსაც ესა თუ ის სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პაქტის შესაბამისად, ამ სახელმწიფოს შეუძლია შემოიღოს ამ უფლებათა მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც განსაზღვრავს კანონი და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს შეეთავსება აღნიშნულ უფლებათა ბუნებას და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოს საერთო კეთილდღეობას დემოკრატიულ საზოგადოებაში. პაქტის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ ,,ამ პაქტში არ შეიძლება არაფრის განმარტება ისე, თითქოს ნიშნავდეს, რომ რომელიმე სახელმწიფოს, რომელიმე ჯგუფს ან რომელიმე პირს ჰქონდეს უფლება ეწეოდეს რაიმე საქმიანობას ან სჩადიოდეს რაიმე მოქმედებას, რომელთა მიზანია ამ პაქტით აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ ვალდებულების მოსპობა ან შეზღუდვა უფრო მეტად, ვიდრე ეს პაქტი ითვალისწინებს". სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი მუხლი 25 თითოეულ მოქალაქეს მე-2 მუხლში ნახსენები რაიმე დისკრიმინაციის და დაუსაბუთებელ შეზღუდვათა გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა: ა. მონაწილეობდეს სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში როგორც უშუალოდ, ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლობის საშუალებით; გ. თავის ქვეყანაში თანასწორობის საერთო პირობებით შეეძლოს სახელმწიფო სამსახურში შესვლა. მუხლი 5 2. არ შეიძლება შეზღუდოს ან დაკნინდეს ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლება, რომელიც ამ პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოში აღიარებულია ან არსებობს კანონის, კონვენციების, წესების ან ზნე-ჩვეულებების ძალით... • ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია მუხლი 6 თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების მოხელეთა სამსახურის პირობები უნდა იძლეოდნენ იმის საშუალებას, რომ მოხდეს მაღალკვალიფიციური პერსონალის დაქირავება დამსახურებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე...
უფლების შეზღუდვა კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად, ცალსახაა, რომ შრომითი უფლება უნდა იყოს გარანტირებული და დაცული, ხოლო მისი შეზღუდვის ყველა წინაპირობა კანონით მკაფიოდ განსაზღვრული. მხოლოდ ასე შეიძლება საჯარო სამსახურში მაღალკვალიფიციური მოხელეების დასაქმება, ხოლო თუ სამსახურში ყოფნა დამოკიდებული იქნება პარლამენტის დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაზე (როგორც ეს ამ შემთხვევაში ხდება), გარდა იმისა, რომ ეს ადამიანის შრომის უფლების ხელყოფაა, ის ყოველგვარ სურვილს მოუსპობს ადამიანებს (კვალიფიციურ კადრებს) იყვნენ სახელმწიფო სამსახურში. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში უპირველეს მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა, უფლების შეზღუდვა დადგენილი სტანდარტების და პროცედურების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიშლება სამართლებრივი წესრიგი და უფლებათა შეზღუდვა ან რეგულირება ქაოტური და არაპროგნოზირებადი გახდება. მოსარჩელეების მიერ, კანონით რეგულირებული კონკურსის შედეგად თანამდებობის დაკავებით განხორციელდა ადამიანისათვის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება. კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განუსაზღვრელი ვადით თანამდებობაზე დანიშვნის პირობა და სხვა პირობებიც, რომელიც წინასწარაა კანონით განსაზღვრული და ცნობილი, (პირობები განჭვრეტადია) ადამიანისათვის იმავე მნიშვნელობის გარემოებაა რაც კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები თანამდებობის დაკავებისათვის და თანაბრად მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მე-2 თავით დაცული უფლებების იერარქიაში, შრომის უფლების კონტექსტში (კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტები). ამდენად, განუსაზღვრელი ვადით თანამდებობაზე ყოფნის უფლების შეზღუდვა ისევე, როგორც შრომის უფლების შეზღუდვა კონსტიტუციის მე-2 თავით დაცული ადამიანის ძირითადი უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვა, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს სათანადო დასაბუთებას (ლეგიტიმურ მიზანს) ხოლო, ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის ლეგიტიმურ მიზანსა და შეზღუდვას შორის არსებული პროპორციის დადგენას.
რაციონალური დიფერენციაციის ტესტი შრომის უფლების შეზღუდვა
სადავო ნორმის ამოქმედებისთანავე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა ჩარევა კონსტიტუციით დაცულ შრომის უფლებაში ვინაიდან, შეიცვალა თანამდებობაზე უვადოდ ყოფნის პირობა. მათთვის განისაზღვრა თანამდებობაზე ყოფნის ვადა (2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადება). სადავო ნორმის მიღებამდე მოსარჩელეები უვადოდ იკავებდნენ თანამდებობას ამჟამად, მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადა განსაზღვრულია, შეზღუდულია დროში. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე, შესაბამისად სადაო ნორმის საფუძველზე მოსარჩელეთა დანიშვნა დროებით მოვალეობის შემსრულებლებად ნიშნავს მათ მიერ დაკავებული თანამდებობების ვაკანტურად გამოცხადებას, ანუ მუდმივად დანიშნული თანამდებობის პირის მიერ დაკავებული თანამდებობის გამოცხადება ვაკანტურად თავისთავად ნიშნავს მის განთავისუფლებას სამსახურიდან – დაკავებული თანამდებობიდან. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ (საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გაკეთებული განცხადების შესაბამისად 2014 წლის 15 ივნისს). მოსარჩელეები ავტომატურად გათავისუფლდებიან სამსახურიდან. მოსარჩელეებს, თანამდებობაზე ყოფნის ვადის დაწესებისთანავე შეეზღუდათ გარანტირებული შრომის უფლება. 2014 წლის თვითმმართველობის მორიგი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, რაც ამოიწურება თანამდებობაზე ყოფნის ვადა (პირობის გარდაუვალად დადგომით) მოსარჩელეები გათავისუფლდებიან სამსახურიდან ავტომატურად და მათ არ ექნებათ საშუალება ისარგებლონ კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლებით. კანონმდებლის მიერ ყველა მოხელის გათავისუფლებულად გამოცხადება ლეგიტიმური მიზნის გარეშე ქმნის საფრთხეს, რომ მომავალში ნებისმიერ დროს კანონმდებელს კვლავ შეეძლება გათავისუფლებულად გამოაცხადოს მოხელეები, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე სურს. აღნიშნული კი თანამდებობაზე დანიშვნის აქტს (კონკურსის შედეგად თუ სხვა ფორმით) აბსოლუტურად პირობითს ხდის და ადამიანის შრომის უფლება დამოკიდებული ხდება არა თავად მასზე, კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად იშრომოს და ამით გარანტირებულად დაცული იყოს მისი შრომის უფლება, არამედ პარლამენტის-კანონმდებლის გადაწყვეტილებაზე. ნათელია, რომ სადავო ნორმები არღვევენ კონსტიტუციით გარანტირებულ შრომით უფლებას და ქმნიან ასეთი დარღვევის გარდაუვალ საფრთხეს.
შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანი
კანონპროექტის განმარტებითი ბარათით რომლითაც პარლამენტში ინიცირებული იყო სადავო ნორმა, ირკვევა: პუნქტი ,,ა,, ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა. კანონპროექტის მიღების მიზეზი: ,,კანონპროექტი მომზადება განპირობებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში,, პროექტის ნორმებთან ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.,, ა.ბ. კანონპროექტის მიზანი: ,,კანონპროექტი მიზნად ისახავს ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონში აისახოს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა, კერძოდ საკრებულოს წევრების, გამგებლებისა და გამგებლის მოადგილეებზე აღნიშნული კანონის გავრცელების თავისებურებები.,, განმარტებითი ბარათის შესაბაისად, კანონპროექტის ინიციატორი იყო საქართველოს მთავრობა. ამდენად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში, არ არის მითითებული იმ მიზნების, საფუძვლების და მიზეზების თაობაზე რითაც გამართლებული ან/და დასაბუთებული იქნებოდა შრომის უფლების შეზღუდვის თაობაზე. ,,ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”. ნაკლებად ინტენსიური ჩარევის მიუხედავად, ნორმამ უნდა დააკმაყოფილოს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მოთხოვნები. საქართველოს საკონსტიტუციო (სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება.) ,,ლეგიტიმური მიზანი,, რომლითაც დასაბუთებული იქნებოდა სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა გაცხადებული არ ყოფილა. მისი არსებობის შესახებ ასევე არ არის მითითებული საკანონმდებლო ცვლილების პაკეტში (განმარტებითი ბარათი, დასკვნა და სხვა). მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ასევე არ შეიძლება არსებობდეს რაიმე პროპორცია შეზღუდვასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის. ცალსახაა, რომ შრომის უფლების იმგვარი შეღუდვა რაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხდება, არანაირად არ შეესაბამება ამ უფლების ბუნებას (კერძოდ, ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებულად გამოცხადება, მიუხედავად იმისა მისი კვალიფიკაცია და მუშაობა შეესაბამება თუ არა მის მიერ დაკავებულ თანამდებობას) და 13 000-მდე ადამიანის გათავისუფლებულად გამოცხადებით რა თქმა უნდა არანაირად არ ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთო კეთილდღეობის ხელშეწყობა. სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 29-ე და 30-ე მუხლებით გარანტირებულ შრომის უფლებას ისე, რომ არ არსებობს შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად პროპორცია შეზღუდვას და ლეგიტიმურ მიზანს შორის რაც ცალსახად ადასტურებს, რომ სადავო ნორმა ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონის 134/4 მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებს, 30-ე მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებს.
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, დაცვის უფლება. (42.1.3.)
კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად: მუხლი 42 1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. 3. დაცვის უფლება გარანტირებულია. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება და დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტით, განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ უფლებას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად და განმარტებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით.
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, დაცვის უფლება საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე შპს. ,,უნისერვისი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,, (2/6/264 21.12.2004წ) მითითებულია: ,, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ზოგადად მიუთითებს პირს უფლებაზე თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების-ასევე საპროცესო მოქმედებების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებათა-გასაჩივრების წესს, იგი მინდობილი აქვს შესაბამის საკანონმდებლო ან სხვა ნორმატიულ აქტებს. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყოველი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი და საჩივრის განმხილველ სასამართლოთა ჩამონათვალი შესაძლებელია სხვადასხვა იყოს, მაგრამ კანონმდებელი ვალდებულია დაადგინოს გასაჩივრების ისეთი მექანიზმი და შესაძლებლობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მულხლის 1-ლი პუნქტის პრინციპთან. ამასთან სასამართლო კოლეგიას ცალსახად მიაჩნია, რომ პირი სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებით რეალიზაციას უკეთებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას.,, ,, საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგია მიუთითებს, რომ უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კანონით, შექმნილ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოზე, უფლების ერთ-ერთ შემადგენელ ასპექტს წარმოადგენს და გულისხმობს პირის უფლებას სამართალწარმოების დაწყების მიზნით სასამართლოს მიმართოს. მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება აბსოლუტური არ არის. ეს უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფო რეგლამენტაციას საჭიროებს და შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც აღნიშნული უფლების შინაარსისა და კონვენციით გარანტირებულ სხვა უფლებებს არ უნდა ლახავდეს. საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლების შეზღუდვა გამართლებულია იმ შემთხვევაში თუ იგი კანონიერ მიზანს ემსახურება და დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის გონივრული თანაბარზომიერება არის დაცული.,, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე N 2/3/182,185,191 29.01.2003წ, ბერიაშვილი და სხვები პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში მიუთითა: ,,სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ დაცვის მხარეს უნდა მიეცეს გონივრული, საკმარისი დრო და შესაძლებლობა განახორციელოს სრულფასოვანი დაცვა, რაც გულისხმობს ისეთ დროს და შესაძლებლობას, რომელიც სისხლის სამართლის ყოველი კონკრეტული საქმის სირთულიდან გამომდინარე დაცვის მხარეს მიცემდა სრულფასოვანი მომზადების შესაძლებლობას.,,
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები სასამართლოსადმი მიმართვის უფლების თაობაზე
საქმეზე ,,ალბერი და ლე კომპტი ბელგიის წინააღმდეგ,, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მაშასადამე სამართლიანი სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არა მარტო იმ სამართალწარმოებაში გამოიყენება რომელიც მიმდინარეობს არამედ მას შეიძლება დაეყრდნოს ნებისმიერი ვინც თვლის, რომ მისი როგორც მოქალაქის თუნდაც ერთი უფლების განხორციელებაში ჩარევაც კი უკანონოა და გამოთქვამს პრეტენზიას, რომ არ ჰქონდა საშუალება მიემართა სასამართლოსათვის სარჩელით. საქმეზე ,,გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,, 21.02.1975წ (Golder v. the United Kingdom), Series A no. 18) სასამართლომ განმარტა რომ- სასამართლოსათვის მიმართვა შეუძლია ყველას ვინც თვლის, რომ მისი უფლების ხელყოფა უკანონოა და გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა ისეთი სასამართლოსათვის, რომელიც პასუხობს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, შეზღუდოს ან აიცილოს სასამართლო კონტროლი გარკვეულ სფეროში. ამავე საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ ნაწილში ჩამოთვლილია სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის სხვადასხვა ელემენტები. საქმის განხილვის ძირითად ელემენტად მიჩნეულია სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა, სასამართლო კონტროლისათვის დამახასიათებელი ყველა შესაბამისი ატრიბუტიკით და გარანტიით. საქმეებზე: Francesco Lombardo v. Italy 2611.1992 Vilho Eskelinen and Others v. Finland, (63235/00) 19.04.2007. K.M.C. v. Hungary (19554/11) 10.07. 2012 &18, 34. განმარტა, რომ კანონი რომელიც იძლეოდა საჯარო მოხელეთა ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გათავისუფლების საშუალებას, არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს რადგან შესაბამისი ახსნა განმარტების გარეშე სასამართლო ვერ შეძლებდა შეეფასებინა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება და ვერ დაიცავდა პირის სამოქალაქო უფლებას. საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის უფლება თავისი შინაარსით წარმოადგენს სამოქალაქო უფლებას, რომლის სასამართლოში დაცვაც პირს უნდა შეეძლოს.
რაციონალური დიფერენციაციის ტესტი 42.1.3. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების, დაცვის უფლების დარღვევა
სადავო ნორმის წყალობით, მოსარჩელეების მიმართ დარღვეულია შრომის უფლება განისაზღვრა რა მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადა და ამ ვადის გასვლისთანავე ისინი გათავისუფლდებიან სამსახურიდან. არც თანამდებობაზე ყოფნის ვადის განსაზღვრის და არც მათი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ არსებობს ეფექტური, კანონით წინასწარ დადგენილი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლებათ დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართონ სასამართლოს მოითხოვონ უფლების აღდგენა სასამართლოს მეშვეობით და ისარგებლონ სამართლიანი სასამართლოს სტანდარტით დადგენილი გარანტიებით, უფლებებით და მათ შორის დაცვის უფლებით.
ლეგიტიმური მიზანი (42.1.3.) სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ასევე არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, შესაბამისად უფლების შეზღუდვისათვის სახელმწიფოს ჭირდება ,,ლეგიტიმური მიზანი,, და საჭიროა დაცული იყოს პროპორცია მიზანსა და შეზღუდვას შორის. კანონროექტის განმარტებითი ბარათიდან (და ა.შ.) განხორციელებული შეზღუდვისათვის ასევე არ დგინდება რაიმე მიზეზი, საფუძველი ან მოტივი (ლეგიტიმური მიზანი) რაც შეუძლებელს ხდის რაციონალური დიფერენციაციის ტესტით სადავო ნორმის შემოწმებას. როგორც შრომის უფლებასთან მიმართებით აქაც, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების და დაცვის უფლების შეზღუდვა ხორციელდება დაუსაბუთებლად, ქმნის საშიშ პრეცედენტს და საფრთხეს, რომ მომავალშიც სახელმწიფოს ექნება ცდუნება საკუთარი სუბიექტური შეხებულებების და საჭიროებების შესაბამისად შეზღუდოს ადამიანის უფლებები და ეს შეზღუდვა არ მოხვდეს სასამართლო რეგულირების ფარგლებში. სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა (ჩამორთმევა) დაზარალებულს განსაკუთრებით უსუსურ მდგომარეობაში და კანონიერი რეგულირების ფარგლებს გარეშე დატოვებს. სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეუთავსებელი და არაბუნებრივია მსგავსი შეზღუდვა. ამდენად, სადავო ნორმა _ ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონის 134/4 მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებს, 30-ე მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებს, 42-ე მუხლის 1-ლ და მე-3 პუნქტებს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა