ქეთევან ლაპიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/11/1454 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 18:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა − სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე − წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი − წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ქეთევან ლაპიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1454) მიმართა საქართველოს მოქალაქე ქეთევან ლაპიაშვილმა. №1454 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2019 წლის 11 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1454 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2013 წლის 3 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სოფელ სართიჭალაში მდებარე უძრავი ქონება. მოსარჩელის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე მან შეიტყო, რომ ქონებაზე მიმდინარეობდა დავა ნივთის პირვანდელი მესაკუთრის მემკვიდრეებს შორის, თუმცა მისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქონების ახლანდელი მესაკუთრე იყო კეთილსინდისიერი შემძენი და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობდა.
6. მოსარჩელის განმარტებით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქონება წარსულში არაერთგზის გასხვისდა და ამ ხელშეკრულებებთან მიმართებით არსებობდა რაიმე საეჭვო გარემოებები. შესაბამისად, ამ ფაქტებთან მიმართებით იგი იყო კეთილსინდისიერი, თუმცა ამისდა მიუხედავად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ამ ნივთზე დადებული ყველა გარიგება, მათ შორის, მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების ნასყიდობა, რამდენადაც თავდაპირველად სამკვიდრო ქონება გადაეცა არაუფლებამოსილ პირს. აღნიშნული გადაწყვეტილება გაზიარებულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, არ იმსჯელა შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტზე და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა საფუძვლად დაუდო სადავო ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტებას.
7. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის, სიმარტივისა და სიიაფის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს, რომ შემძენს არ უნდა დაეკისროს დიდი ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების ტვირთი, რათა მან თავი არ შეიკავოს გარიგების დადებისგან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შემძენის კეთილსინდისიერების გამომრიცხავი გარემოება უნდა იყოს არა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ხარვეზიანობის შესახებ ნებისმიერი ცოდნა, არამედ იმის ცოდნა, რომ ბოლო გამსხვისებლის უფლებრივ სტატუსთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია საჩივარი.
8. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ „ცოდნად“ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი ინფორმაციის ფლობა, რომლის საფუძველზეც უდავოდ ან მაღალი ალბათობით გამოირიცხება გამსხვისებლის კანონიერი საკუთრების უფლება. ამასთანავე, ინფორმაცია შემძენს უნდა მიეწოდოს არა ნებისმიერი პირისაგან, მაგალითად, დაინტერესებული მხარის ან მეზობლისაგან, არამედ შესაბამისი ავტორიტეტული ორგანოსგან.
9. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის შემძენის მიერ ინფორმაციის ცოდნა უნდა ეხებოდეს არა არსებულ ქონებაზე წარსულში განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციას, არამედ უშუალოდ უკანასკნელი გამსხვისებლის საკუთრების უფლებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ორაზროვანი და ბუნდოვანია, იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ საკუთრების უფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. მოსარჩელის განმარტებით, შემძენს უნდა ევალებოდეს მხოლოდ უშუალო გამსხვისებლის უფლებრივი სტატუსის შესახებ ინფორმაციის ცოდნა, სადავო ნორმა კი იძლევა უფრო ფართო განმარტების შესაძლებლობას და პირს არაკეთილსინდისიერად მიიჩნევს მაშინაც კი, როდესაც მან იცის წარსულში განხორციელებული სადავო გარიგების შესახებ, თუნდაც ამ უკანასკნელს არავითარი კავშირი არ ჰქონდეს მის უშუალო კონტრაჰენტთან. ამასთანავე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ უფლებრივი ნაკლის შესახებ ინფორმაცია უნდა მომდინარეობდეს ავტორიტეტული ორგანოსგან ან პირისგან და დავის შესახებ ყოველგვარი ცოდნა არ უნდა გახდეს შემძენის არაკეთილსინდისიერად მიჩნევის საფუძველი. დასახელებულ არგუმენტებზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს.
3. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებლია, შეფასდეს, აქვს თუ არა მას შემხებლობა საკუთრების უფლებასთან, კერძოდ, იწვევს თუ არა მის შეზღუდვას. სადავო ნორმა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული საკუთრების უფლების შეძენის კომპლექსური წესის ერთ-ერთ ელემენტს, კერძოდ კი, საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც ქონების გასხვისება ხდება ისეთი პირის მიერ, რომელიც მესაკუთრეს არ წარმოადგენს, თუმცა ასეთად არასწორად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში არაუფლებამოსილი სუბიექტის მესაკუთრედ რეგისტრაცია შესაძლოა, გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენით, შეცდომის დაშვებით და სხვა, თუმცა ფაქტია, რომ არსებობს ამგვარი რისკის რეალიზაციის შესაძლებლობა და სახელმწიფო ვალდებულია, მოაწესრიგოს ამგვარი ურთიერთობები.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ამასთანავე, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლება სახელმწიფოს აკისრებს სამოქალაქო წესრიგის შექმნის ვალდებულებას. სწორედ სამოქალაქო წესრიგის შემადგენელი ნაწილია ისეთი კონფლიქტების გადაწყვეტა, როგორიც წარმოიშობა უძრავი ქონების მესაკუთრესა და კეთილსინდისიერ შემძენს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ურთიერთობებში სახელმწიფო უშუალოდ არ მონაწილეობს, მას მოეთხოვება, რომ საკუთრების უფლების შეძენის რეგულირებისკენ მიმართული ღონისძიებები იყოს სამართლიანი და გონივრული. საკუთრების უფლების შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ ამ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სამართლის ის ნორმებიც, რომლებიც მიმართულია კეთილსინდისიერი შემძენისა და რეალური მესაკუთრის ინტერესთა გონივრული დაბალანსებისაკენ.
5. გასაჩივრებული დებულება, ერთი მხრივ, განსაზღვრავს იმ პირის უფლებათა დაცვის გარანტიას, რომელიც საჯარო რეესტრის ჩანაწერზე დაყრდნობით არაუფლებამოსილი პირისაგან იძენს ქონებას ანუ არის კეთილსინდისიერი შემძენი, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს იმ პირობებს, როდესაც შემძენი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერად, კერძოდ, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება საკითხის ამგვარ რეგულირებას და მიიჩნევს, რომ რეალური მესაკუთრის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს დავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემძენმა იცის უშუალო კონტრაჰენტის უფლებრივი ნაკლის შესახებ და ეს ინფორმაცია უნდა მომდინარეობდეს ავტორიტეტული ორგანოს ან პირისაგან. ყველა სხვა ვითარებაში კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს შემძენს.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ იმსჯელა ნამდვილი მესაკუთრისა და კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის საკითხზე და, მათ შორის, სადავო ნორმა შეაფასა საკუთრების უფლებასთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელისგან განსხვავებით, დასახელებულ საქმეზე მოსარჩელეს წარმოადგენდა უძრავი არა ქონების შემძენი, არამედ ნამდვილი მესაკუთრე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზოგადად შეაფასა საკუთრების კონსტიტუციური უფლების შინაარსი და მის მიერ დადგენილი მოთხოვნები სადავო ურთიერთობასთან მიმართებით.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის გარანტია მიზნად ისახავს უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის, სიმარტივისა და სიიაფის ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, რამდენადაც ამგვარი რეგულაციის არარსებობის პირობებში გართულდებოდა და გაძვირდებოდა უძრავი ნივთების შეძენის პროცესი. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქონების შემძენთან მიმართებით არ უნდა გამოირიცხოს ის მინიმალური, გონივრული გადამოწმების ვალდებულება, რაც უძრავ ნივთებთან დაკავშირებით გარიგების დადებას ახლავს თან. დაუშვებელია თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრების უფლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, როდესაც, არაუფლებამოსილი პირის მიერ გასხვისებისას, შემძენი იჩენს აშკარა გულგრილობას და არ იღებს ელემენტარული წინდახედულობის ზომებს. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34,35).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ურთიერთობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კანონმდებლის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულირება გამოიწვევს რომელიმე მხარის ინტერესების ხელყოფას, ამიტომაც შესაძლო გონივრული ბალანსის დასაცავად შექმნილი რეგულირება მაქსიმალურად უნდა ახალისებდეს მხარეებს უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებისაკენ და საკუთარი გულგრილობის შედეგად დამდგარი რისკების საკუთარ თავზე აღებისკენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, შემძენს არ უნდა დაეკისროს დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულება, თუმცა, როდესაც მყიდველი ინფორმირებულია საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის შესახებ დავის (ადმინისტრაციული დავა რეესტრის ჩანაწერის არასწორად განხორციელებაზე ან დავა უძრავი ქონების საკუთრების შესახებ) არსებობაზე, მან უნდა გადაამოწმოს უფლების ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია და თავად ატაროს ის რისკი, რომელიც შესაძლოა, დავის შედეგად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაბათილებას მოჰყვეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისტემა, რომლის პირობებშიც გამოირიცხება საკუთრების უფლების გადასვლა კეთილსინდისიერ შემძენზე, როდესაც იგი ინფორმირებულია საჩივრის შესახებ, წარმოადგენს მხარეთა შორის ინტერესების დაბალანსების საუკეთესო შესაძლებლობას და შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
9. იმ პირის უფლებების დაცვა, რომელიც არაუფლებამოსილი პირისაგან იძენს ქონებას, გამომდინარეობს არა საკუთრების ბუნებითი უფლებიდან, არამედ სამოქალაქო ბრუნვის მოწესრიგების მოთხოვნიდან. როგორც დასახელებული გადაწყვეტილების ანალიზიდან იკვეთება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანი წესრიგის შესაბამისად მიიჩნია კეთილსინდისერ შემძენზე საკუთრების უფლების არგადასვლა მაშინ, როდესაც იგი ინფორმირებული (ინფორმირების საშუალების მიუხედავად) იყო რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის შესახებ. ამასთანავე, რამდენადაც საჩივრის წარდგენა გულისხმობს ადმინისტრაციულ დავას რეესტრის ჩანაწერის არასწორად განხორციელებაზე ან დავას უძრავი ქონების საკუთრების შესახებ, იგი შეიძლება, შეტანილი იყოს როგორც შემძენის უშუალო კონტრაჰენტის, ისე ქონების ყოფილი მესაკუთრის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა, ერთი მხრივ, არ გამომდინარეობს საკუთრების უფლების შინაარსიდან, ხოლო, მეორე მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანი წესრიგის ნაწილად.
10. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის კიდევ ერთ არგუმენტს სადავო ნორმების ბუნდოვანებისა და ორაზროვნების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების ზოგადი ნორმებით მოწესრიგება თავისთავად, ვერ მიუთითებს განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევაზე. უფრო მეტიც, ზოგადი ნორმები წარმოდგენს ერთადერთ ინსტრუმენტს, რომლითაც შესაძლებელია, კანონმდებელმა შეძლებისდაგვარად სრულყოფილად მოაწესრიგოს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები და მინიმუმამდე დაიყვანოს კანონის ანალოგიის გამოყენების შემთხვევები. ის გარემოება, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მოხდება ნორმის შინაარსის დადგენა, ვერ გამოდგება ამ ნორმის განუსაზღვრელად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად მიჩნევის თვითკმარ საფუძვლად.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-51). მოსარჩელე მხოლოდ ზოგადად მიუთითებს ნორმის ბუნდოვანებაზე, რაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ვერ იქნება მიჩნეული გასაჩივრებული რეგულაციის მზღუდველი ხასიათის წარმოსაჩენად საკმარის არგუმენტად.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იწვევს სადავო ნორმა საკუთრების კონსტიტუციური უფლების დარღვევას ან რა კუთხითაა დაცული კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები დასახელებული უფლებით. შესაბამისად, №1454 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1454 („ქეთევან ლაპიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი