შალვა ლებანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/1418 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 17:48 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: შალვა ლებანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1418) მომართა საქართველოს მოქალაქე შალვა ლებანიძემ. №1418 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2019 წლის 8 აპრილს. №1418 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1418 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 59-ე და მე-60 მუხლები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ ან „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება.
5. №1418 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი არის პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი და მისი პროკურატურის სისტემაში მუშაობის სტაჟი შეადგენს 30 წელს, 4 თვეს და 26 დღეს. მოსარჩელის მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2015 წლის 27 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მისი, როგორც პროკურატურიდან პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნილი პირის, კომპენსაცია უნდა გაანგარიშებულიყო ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, შემდეგი ფორმულით: სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 15%-ის სტაჟზე (30 წელი, 4 თვე და 26 დღე) ნამრავლის 80%. მოსარჩელის მითითებით, ხსენებულმა თანხამ შეადგინა 800,64 ლარი. თუმცა სადავო ნორმით დაწესებული კომპენსაციის მაქსიმალური ზღვრის საფუძველზე, მისი კომპენსაცია შემცირდა და განისაზღვრა 560 ლარის ოდენობით.
6. მოსარჩელის პოზიციით, როდესაც პირს ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია, იგი დაცული ხდება საკუთრების კონსტიტუციური უფლებით. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ გაანგარიშებული კომპენსაციის შემცირება და, ამ თვალსაზრისით, სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმება წარმოადგენს ჩარევას საკუთრების უფლებაში და არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე რიგ საერთაშორისო აქტს.
7. მოსარჩელის მითითებით, მან პროკურატურის სისტემა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა იმ მიზეზის გამო, რომ მიეღო სახელმწიფო კომპენსაცია საკუთარი დამსახურების - ნამსახურობის სტაჟის შესაბამისად, თუმცა სადავო ნორმა გამორიცხავს ამ შესაძლებლობას. მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და ადგენს კომპენსაციის იდენტურ ოდენობას ნებისმიერი წოდების მქონე პირთა წრის მიმართ. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, პირთა სახელმწიფო კომპენსაცია უტოლდება 560 ლარს წოდებისა თუ ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „[…] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1418 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას. დასახელებული ნორმის კონსტიტუციური სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციის დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად, „კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ ან „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს“.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 17 აპრილის №4500-IIს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შეიცვალა იმ პირთა წრე, რომელზეც არ ვრცელდება სადავო ნორმით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი (560 ლარი), ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდა 2019 წლის პირველი აგვისტოდან.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1418 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ძალადაკარგულია. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
5. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1418 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1418 კონსტიტუციურ სარჩელზე („შალვა ლებანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი