ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/16/1480 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 18:23 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 5 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1480) მომართეს ბონდო თედორაძემ, ანზორ გუბაევმა და ხათუნა ბერიძემ. №1480 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2020 წლის 6 თებერვალს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1480 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონის მიზნებისათვის, „„შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“.
5. №1480 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს, 2019 წლის 14 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურმა დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. კერძოდ, მოსარჩელეებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძველი გახდა სოფელ ნატანებში (შეკვეთილი) შპს „ურეკი რეზიდენსის“ კერძო საკუთრების მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება. მოსარჩელეები განმარტავდნენ, რომ ისინი შეკრებილნი იყვნენ საჯარო სივრცეში, ამასთან, მიმდინარე აქციის - „გააღვიძე ოლიგარქი“ მიზანი იყო დაეფიქსირებინათ პროტესტი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლისა და რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამართული შეკრების ძალის გამოყენებით დაშლის გამო. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ გამოხატვის ამგვარი ფორმა დაცული იყო შეკრების თავისუფლებით და მათ ჰქონდათ უფლება, გადაეჭარბებინათ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმებისთვის. თუმცა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარეს მოსარჩელეების არგუმენტაცია და ისინი ცნობილ იქნენ ბრალეულად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში.
6. მოსარჩელეების განმარტებით, საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმისათვის მინიჭებული ნორმატიული შინაარსის თანახმად, იკრძალება შეკრების ჩატარება საჯარო პირზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, რასაც თან ახლავს აღნიშნული პირისთვის დისკომფორტის შექმნა და შეწუხება. ამასთან, ამგვარი შეკრება აკრძალულია საჯარო სივრცეში, რომელიც მდებარეობს საჯარო პირის კერძო საკუთრებასთან ან საცხოვრებელ სახლთან. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ სადავო ნორმის სწორედ აღნიშნული ნორმატიული შინაარსი.
7. მოსარჩელეების პოზიციით, საჯარო პირებს (პოლიტიკოსები, ცნობილი პირები), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ, აქვთ მათ პირად ცხოვრებაში ჩარევისას თმენის ვალდებულება. ამასთან, შეკრების ჩატარებისას საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიის შერჩევის მიზანს სწორედ საჯარო პირის, როგორც პროტესტის ან სოლიდარობის ადრესატის კერძო სფეროსთან მაქსიმალური მიახლოება წარმოადგენს. ასეთ პირობებში, იზრდება შანსი, რომ საზოგადოებრივ პროტესტს მოჰყვეს რეალური შედეგი. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ შეკრების უფლება მოიცავს პროტესტის ისეთ ფორმასაც, რომელიც იწვევს ადრესატის გაღიზიანებასა და შეურაცხყოფას, ამდენად, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება, მსგავსი ფორმით გამოხატოს საკუთარი უკმაყოფილება საჯარო-პოლიტიკური პირების საქმიანობის მიმართ.
8. მოსარჩელეების აღნიშვნით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვა და, ამგვარად, მესაკუთრისთვის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს შექმნა. თუმცა დადგენილი შეზღუდვა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას. კერძოდ, მოსარჩელეების პოზიციით, იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო-პოლიტიკური თანამდებობის პირის საცხოვრებელ სახლთან ან კერძო საკუთრებასთან ჩატარებული შეკრება თავისი ფორმითა და შინაარსით არის მშვიდობიანი, მისი დაცვის ინტერესი აღემატება კერძო საკუთრებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. ამასთან, მოსარჩელეების პოზიციით, გასათვალისწინებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არის დროებითი, შესაბამისად, სხვათა უფლებებში ჩარევის ინტენსივობაც დაბალია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სადავო ნორმატიული შინაარსი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. სადავო ნორმა განმარტავს „შეკრების“ ცნებას. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, კანონის მიზნებისათვის, „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.
3. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, შეკრებად არ მიიჩნევა საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან/კერძო საკუთრებასთან ჩატარებული შეკრება, რომლის მიზანიცაა ამ პირზე ზეგავლენის მოხდენა და რომელიც იწვევს ადრესატისათვის დისკომფორტის შექმნასა და შეწუხებას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია შეკრების თავისუფლება. კონსტიტუცია ამ უფლებას აღწერს, როგორც უფლებას საჯაროდ და უიარაღოდ შეკრებაზე, განსაზღვრავს მის ერთ-ერთ ასპექტს - წინასწარი ნებართვის გარეშე შეკრების უფლებას.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
6. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შეკრების კონსტიტუციური უფლების შინაარსიდან გამომდინარე, იგი არა მხოლოდ ავალდებულებს სახელმწიფოს, ხელი არ შეუშალოს მშვიდობიანი შეკრების პროცესს, არამედ კონსტიტუცია ქმნის თავად ამ პროცესის მშვიდობიანად წარმართვის დაცვის ვალდებულებას. შეკრების მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს საჭირო ზომები, მათ შორის, შესაბამისი კანონმდებლობის შექმნისა და მისი ეფექტური იმპლემენტაციის გზით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/538 გადაწყვეტილება საქმეზე „პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამდენად, კონსტიტუციის ხსენებული დებულება იცავს უფლების როგორც პოზიტიურ (ძირითადი უფლება ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ამ უფლებით ეფექტიანად სარგებლობა), ისე ნეგატიურ (სახელმწიფო ვალდებულია, არ ჩაერიოს შეკრების უფლებით სარგებლობაში) ასპექტებს. ამასთან, პოზიტიური ასპექტისაგან განსხვავებით, რომელიც შესაძლოა, სახელმწიფოსაგან გარკვეული გარანტიების კანონმდებლობაში იმპლემენტაციას საჭიროებდეს, შეკრების თავისუფლების ნეგატიური ასპექტის უზრუნველყოფა არ არის დამოკიდებული მის კანონმდებლობაში ასახვაზე. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით მიუთითებს ყველა პირის უფლებაზე, შეიკრიბოს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ. ამ თვალსაზრისით, უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული.
7. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე დავობს შეკრების თავისუფლების ნეგატიური ასპექტის დარღვევაზე. კერძოდ, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათ ეკრძალებათ საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან/კერძო საკუთრებასთან შეკრების ჩატარება, თუ ამგვარი შეკრება იწვევს ადრესატისათვის დისკომფორტის შექმნასა და შეწუხებას. როგორც უკვე აღინიშნა, შეკრების კონსტიტუციური უფლების ეს ასპექტი უზრუნველყოფილია საკანონმდებლო აქტით დადასტურების გარეშეც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ შეკრების თავისუფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. ამგვარი შემზღუდველი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მულის საფუძველზე, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ისარგებლოს შეკრების უფლებით.
8. მოსარჩელეთა მიერ მითითებული სადავო ნორმა არ შეიცავს შეზღუდვას შეკრების უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით. განსახილველი სადავო ნორმა ადგენს „შეკრების“ საკანონმდებლო დეფინიციას. მისი მიზანია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმაში გამოყენებული ცნების - „შეკრების“ შინაარსის განსაზღვრა. სადავო ნორმა არ ადგენს რაიმე სამართლებრივ შედეგს იმგვარ შეკრებებთან მიმართებით, რომლებიც არ მოიაზრება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ „შეკრების“ ცნებაში და, ამ თვალსაზრისით, არ ქმნის უფლებაში ჩარევის დამოუკიდებელ, თვითმყოფად საფუძველს. უფრო მეტიც, სადავო ნორმა არც „შეკრების“ ცნების ქვეშ მოაზრებული ქმედებების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭებას შეეხება. მოცემულ შემთხვევაში საკანონმდებლო დეფინიცია გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება. როგორც უკვე აღინიშნა, შეკრების კონსტიტუციური უფლების განხორციელება უზრუნველყოფილია იმისაგან დამოუკიდებლად, ექცევა თუ არა იგი კანონით დადგენილი „შეკრების“ საკანონმდებლო დეფინიციის ქვეშ. ამდენად, თავისთავად, დასახელებული ტერმინის დეფინიცია და ამა თუ იმ ქმედების შეკრებად არმიჩნევა, შესაბამისი იურიდიული შედეგების განსაზღვრის გარეშე, ვერ განაპირობებს მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
9. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურმა მოსარჩელეებს, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართ, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა არა სადავო ნორმაზე დაყრდნობით, არამედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ხსენებული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით შეკრების თავისუფლების შეზღუდვა შესაძლოა მომდინარეობდეს სწორედ დასახელებული ნორმიდან და არა „შეკრების“ ცნების დეფინიციიდან.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ მისი შინაარსის არასწორ აღქმას, რის გამოც №1480 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1480 კონსტიტუციური სარჩელი („ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი