ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი, ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1480 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი, ხათუნა ბერიძე |
თარიღი | 5 თებერვალი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აღნიშნული კანონის მიზნებისთვის შეკრებად არ მიიჩნევს შეკრებას, როცა შეკრება ხდება საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან/კერძო საკუთრებასთან, რომლის მიზანიცაა მასზე ზეგავლენის მოხდენა და რომელიც იწვევს მისთვის დისკომფორტის შექმნასა და შეწუხებას. | საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც: ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
მოსარჩელეები არიან ქალაქ ქობულეთსა და ბათუმში მცხოვრები პირები, რომელთა მიმართაც ოზურგეთის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის გურამ შარაშენიძის მიერ, 2019 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე-240-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები. კერძოდ, ხათუნა ბერიძის მიმართ N000072, ანზორ გუბაევის მიმართ N000078 და ბონდო თედორაძის მიმართ N000075 ოქმები. (იხ. დანართი 1)
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველი გახდა შპს „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადამეტება. აღნიშნული ქმედება დასჯადია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771-ე მუხლით.
მოსარჩელეებმა მათ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები გაასაჩივრეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირებისა და მათი წარმომადგენლების განმარტებით, ისინი სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, შეკრება მიმართული იყო შპს „ურეკი რეზიდენსში“ მყოფი პირისადმი და მათ ქონდათ უფლება გადაეჭარბებინათ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმებისთვის. აღნიშნული სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია და განმარტა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „ შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო „შეკრების“ მონაწილეთა მიზანი, რაც მათ სასამართლო სხდომაზე ცხადად განმარტეს და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა „შეკრება“, არ წარმოადგენდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „შეკრებას“.(იხ. დანართი 1.)
მოსარჩელეებმა აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომელმაც დადგენილება უცვლელად დატოვა. სააპელაციო სასამართლო მოსაზრებით, „საჯარო სივრცეში გამართულმა შეკრებამ გამოიწვია ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ დონეზე დარღვევა ან იმ პირთა შეწუხება თუ შეურაცხყოფა ვის მიმართაც ის იყო მიმართული. სამართალდამრღვევების ქმედებას არ ჰქონდა სპონტანური ხასიათი, არამედ ის იყო მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი - მრავალჯერადი ქმედება(სხვადასხვა პირების მიერ), რომელსაც სასამართლო ვერ შეაფასებს, როგორც გამოხატვის და შეკრების უფლების რეალიზებას, რადგან ეს შეკრება ემსახურებოდა კონკრეტული პირის შეგნებულად შეწუხებას და მისთვის დისკომფორტის შექმნას, აღნიშნული კი თავისი შინაარსით სცდება გამოხატვის უფლებას და არღვევს თანაზომიერების პრინციპს გამოხატვის თავისუფლებასა და კერძო საკუთრებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვების ნორმების გადამეტების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესს შორის.“(იხ. დანართი 2)
აღნიშნული დადგენილებების საფუძველზე, მოსარჩელეები არიან უფლებამოსილი სუბიექტები იდავონ იმ სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის საკითხზე, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შეკრებად არ მიიჩნევს შეკრებას, როცა შეკრება ხდება საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან/კერძო საკუთრებასთან, რომლის მიზანიცაა მასზე ზეგავლენის მოხდენა და რომელიც იწვევს მისთვის დისკომფორტის შექმნასა და შეწუხებას. რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ შექმნილი ნორმატიული შინაარსის საფუძველზე მოსარჩელეებს დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც მათ აღნიშნული სარჩელის მიზნებისთვის ხდის უფლებამოსილ სუბიექტებს შეიტანონ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.სადავო ნორმატიული შინაარსი
„შეკრებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს სიტყვა „შეკრების“ საკანონმდებლო დეფინიციას. კერძოდ, „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „შეკრებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელის მიხედვითაც აღნიშნული კანონის მიზნებისთვის შეკრებად არ მიიჩნევა შეკრება, როცა შეკრება ხდება საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან/კერძო საკუთრებასთან, რომლის მიზანიცაა მასზე ზეგავლენის მოხდენა და რომელიც იწვევს მისთვის დისკომფორტის შექმნასა და შეწუხებას.
აღნიშნული ნორმატიული შინაარსი შექმნეს რაიონული და სააპელაციო სასამართლოებმა. კერძოდ, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 5 სექტემბრის დადგენილებაში აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს.“ აღნიშნული პოზიცია გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებაში. კერძოდ, სასამართლო მოსაზრებით, „საჯარო სივრცეში გამართულმა შეკრებამ გამოიწვია ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ დონეზე დარღვევა ან იმ პირთა შეწუხება თუ შეურაცხყოფა ვის მიმართაც ის იყო მიმართული. სამართალდამრღვევების ქმედებას არ ჰქონდა სპონტანური ხასიათი, არამედ ის იყო მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი - მრავალჯერადი ქმედება(სხვადასხვა პირების მიერ), რომელსაც სასამართლო ვერ შეაფასებს, როგორც გამოხატვის და შეკრების უფლების რეალიზებას, რადგან ეს შეკრება ემსახურებოდა კონკრეტული პირის შეგნებულად შეწუხებას და მისთვის დისკომფორტის შექმნას, აღნიშნული კი თავისი შინაარსით სცდება გამოხატვის უფლებას და არღვევს თანაზომიერების პრინციპს გამოხატვის თავისუფლებასა და კერძო საკუთრებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვების ნორმების გადამეტების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესს შორის.“
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. ის, რომ მოსარჩელეები შეკრებილნი იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში(შეკვეთილი) შპს „ურეკი რეზიდენსის“ კერძო საკუთრების მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე, საჯარო სივრცეში. 2. ის, რომ მიმდინარე აქციის - „გააღვიძე ოლიგარქი“ მიზანი იყო დაეფიქსირებინათ პროტესტი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლისა და რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამართული შეკრების ძალის გამოყენების დაშლის გამო. აღნიშნული გარემოებებიდან ირკვევა, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა შეკრებად არ ჩათვალეს შეკრება, რომლიც იმართება საჯარო სივრცეში, კერძო საკუთრების მახლობლად, იმ მიზნით, რომ კონკრეტული საჯარო პირის მიმართ პროტესტის გამოხატვით მასზე მოახდინონ ზეგავლენა და ამასთან, ამ შეკრების თანმდევია აღნიშნული პირის შეწუხება და მისთვის დისკომფორტის შექმნა.
მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული ნორმატიული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს და შესაბამისად არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით: „შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, როგორც გამოხატვის სპეციალური ფორმა, ორი თანაბარმნიშვნელოვანი უფლებისგან განუყოფელ ასპექტს მოიცავს: შეკრება და მანიფესტაცია, როგორც აზრის გამოხატვის ფორმა(უფლების ფორმალური მხარე) და კონკრეტული აზრი, რომელსაც შეკრება ან მანიფესტაცია ემსახურება. ეს არის ინსტრუმენტული უფლება, რომელიც ამ უფლებით მოსარგებლე პირს(მისი პოლიტიკური, სოციალური, არტისტული, რელიგიური და ა.შ) გრძნობებისა და შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ შინაარსით არის კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლება(ძველი რედაქცია) ინსტრუმენტული და ასეთ შემთხვევაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვის საფუძვლები შეიძლება იყოს იდენტური იმ უფლების შეზღუდვის საფუძვლებისა, რომლის რეალიზებასაც ის ემსახურება.“[1]
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. თუმცა, ზოგიერთი მიზნით შეკრება არ მიიჩნევა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროდ. მაგალითად, შეკრება, რომლის მიზანიცაა კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან/და ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდება.
სადავო ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მოსარჩელეების მიერ გამართული შეკრება არის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვის ფარგლებს მიღმა. რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა დაადგინეს, რომ შეკრება, რომელიც იმართება საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან ან კერძო საკუთრებასთან და მიზნად ისახავს მასზე ზემოქმედების მოხდენას, რასაც თან ახლავს მისთვის დისკომფორტის შექმნა და შეწუხება, სცდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებიდან ერთი კონკრეტული მიზნით შეკრების ჩატარების უფლების გამორიცხვა, რაც წარმოადგენს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩარევას. აღნიშნული ჩარევის მიზნებისთვის უნდა შემოწმდეს არის თუ არა კონსტიტუციური შეკრების უფლებიდან ამგვარი მიზნით შეკრების ჩატარების უფლების გამორიცხვა, რომელსაც მოსარჩელეები ახორციელებდნენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ურთიერთდაკავშირებული ხასიათის უფლებებია. „შეკრების (მანიფესტაციის) უფლება კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროს(ძველი რედაქცია) იმდენად უკავშირდება, რამდენადაც ის აზრის გავრცელების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. ადამიანთა თავყრილობას (მსვლელობას), რომელიც მოკლებულია იდეას, არ ემსახურება აზრის, ინფორმაციის გაზიარებას ან გავრცელებას არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციით დაცულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან. შეკრებას (მანიფესტაციას) კონსტიტუციურ უფლებად მისი მიზანი და შინაარსი აქცევს, ეს განაპირობებს ბუნებრივ და არსებით კავშირს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებს შორის. ამ მხრივ კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომელიც ადამიანთა ჯგუფის მიერ აზრის გამოხატვის კოლექტიურ შესაძლებლობას იცავს, კონსტიტუციის 24-ე მუხლის გაგრძელებას წარმოადგენს. ამრიგად, საკანონმდებლო ნორმას, რომელიც შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების ფორმით აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, შეკრების (მანიფესტაციის) ადგილს, მის შინაარსს ან ფორმას უკავშირდება, კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებთან თანაბარი მიმართება შეიძლება ჰქონდეს.[2]
სადავო ნორმატიული შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ ადგილი აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების როგორც შინაარსობრივ, ასევე შინაარსობრივად ნეიტრალურ შეზღუდვას- შეკრების ჩატარების მიზანსა და ადგილს. კერძოდ, შეკრების ჩატარება დაუშვებელია კონკრეტული მიზნით - საჯარო პირზე ზემოქმედების მოხდენა, რასაც თან ახლავს აღნიშნული პირისთვის დისკომფორტის შექმნას და შეწუხება. ამასთან, აღნიშნული მიზნით შეკრება აკრძალულია საჯარო სივრცეში, რომელიც მდებარეობს საჯარო პირის კერძო საკუთრებასთან ან საცხოვრებელ სახლთან. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმატიული შინაარსი უნდა შეფასდეს მკაცრად, რადგან ის ადგენს შეკრებისა და მანიფესტაციაზე შინაარსობრივ აკრძალვას.
5. ლეგიტიმური მიზანი
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით: „ვინაიდან კონსტიტუციის 24-ე მუხლი(ძველი რედაქცია) შეკრების (მანიფესტაციის) ფორმით აზრის გამოხატვასაც მოიცავს, ამ ფარგლებში 24-ე და 25-ე მუხლებით დაცული უფლებების შინაარსი და მათი შეზღუდვის საფუძველი იდენტური შეიძლება იყოს. შესაბამისად, შეკრების (მანიფესტაციის) უფლების შემზღუდველი ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი კონსტიტუციის 24-ე მუხლით(ძველი რედაქცია) დაწესებული სტანდარტით შეიძლება შეფასდეს.
თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოთვლის იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია გაამართლოს უფლებაში ჩარევა. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნები შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება;
ბ) ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა;
გ) სხვათა უფლებების დაცვა;
დ) კონფიდენციალურად დაცული ინფორმაციის თავიდან აცილება;
ე) სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, შესაბამისად სახელმწიფომ შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში, თანაზომიერების ტესტის მოთხოვნების შესაბამისად შეზღუდოს აღნიშნული უფლება ღირებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
რაიონული და სააპელაციო სასამართლოს დადგენილებების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771-ე მუხლის განმარტებითი ბარათის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსის არსებობის ლეგიტიმურ მიზანს სხვათა უფლებების დაცვა წარმოადგენს. კერძოდ, სადავო ნორმატიული შინაარსის არსებობის პირობებში გამორიცხულია ისეთი შეკრება, რომელი იწვევს ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევას და იმ პირთა შეწუხებას ვის მიმართაც ისაა მიმართული. ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საკუთრების უფლებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისაგან დაცვა. აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის დაცვით მიიღწევა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ან/და საცხოვრებელ სახლში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ჯანმრთელობისთვის უვნებელია და არ აზიანებს პირის საკუთრებას.
მოსარჩელის პოზიციით, საკუთრების უფლების დაცვა და უვნებელ გარემოში ცხოვრების გარანტირების უზრუნველყოფა, აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის მიზნებისთვის ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, ამის მიუხედავად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობისთვის „აუცილებელია არსებობდეს ლოგიკური კავშირი საკანონმდებლო რეგულირებასა და მისაღწევ მიზანს შორის“, ასევე შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული საშუალება[3].
6. გამოსადეგობა
თანაზომიერების ტესტის შეფასების ამ ეტაპზე უნდა შეფასდეს რამდენად არის შეზღუდვა მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა ლოგიკური კავშირი მიზანსა და საშუალებას შორის.
სადავო ნორმატიული შინაარსით შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებიდან გამორიცხულია ისეთი შეკრების ჩატარების უფლება, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო პირსზე ზემოქმედების მოხდენას და აღნიშნული შეკრების გამართვის ადგილს კი წარმოადგენს მისი კერძო საკუთრების ან საცხოვრებელი სახლის. ამასთან, აღნიშნული შეკრება დისკომფორტს უქმნის და აწუხებს იმ პირს, რომლისკენაცაა მიმართული თავად შეკრება. ლეგიტიმურ მიზანს კი წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვა და ამგვარად მესაკუთრისთვის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს შექმნა.
მოსარჩელის აზრით, აღნიშნულ შემთხვევაში არსებობს ლოგიკური კავშირი სადავო ნორმატიულ მიზანსა და სადავო ნორმატიული შინაარსით დაწესებულ შეზღუდვას შორის, რადგან შეკრების უფლებიდან სადავო ნორმატიული შინაარსის გამორიცხვით მართლაც მიიღწევა საჯარო პირის საკუთრების დაცვა და მისთვის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს შექმნა. აღნიშნულის მიუხედავად, უნდა შეფასდეს რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმა აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს.
7. აუცილებლობა
თანაზომიერების ტესტის აღნიშნულ ეტაპზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, უნდა შემოწმდეს რამდენად საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად უფლების ამგვარი ფორმით შეზღუდვა და ხომ არ შეიძლებოდა იგივე მიზანი იგივე ეფექტურობით მიღწეულიყო ნაკლებად მზღუდავი საშუალებით.
კერძო საკუთრება მოიცავს რამდენიმე უფლებრივ კომპონენტს, რომელთაგან ერთ-ერთია მისით სარგებლობის უფლება. მესაკუთრის უფლებაა ისარგებლოს მისი კერძო საკუთრებით მესამე პირების ზემოქმედებისგან დამოუკიდებლად. საკუთრების უფლება მესაკუთრეს აღჭურავს უფლებით ყველა მესამე პირს აუკრძალოს მის საკუთრებაზე ისეთი ზეგავლენის მოხდენა, რომელიც სცდება სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას. სხვა სიტყვებით, მესაკუთრის უფლებასა - ისარგებლოს საკუთრებით, და საზოგადოების ვალდებულებას - არ შეუშალოს ხელი მესაკუთრეს საკუთრებით სარგებლობაში, შორის არსებობს კორელატიური ურთიერთმიმართება. კერძო პირის უფლებასა და საზოგადოების კორელატიური ვალდებულების თანადროულად სახელმწიფოს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს კორელატიურ ცვლადებს შორის ბალანსის შენარჩუნება. საკუთრების უფლებიდან მომდინარე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბალანსი ერთი მხრივ საკუთრების უფლებით ჯანმრთელობისთვის უვნებელ სარგებლობასა და მეორე მხრივ საზოგადოების ინტერესს შორის - განახორციელოს კერძო პირის საკუთრებაზე ინტერვენცია.
ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმატიული შინაარსის არსებობა წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას, რითაც მიიღწევა ლეგიტიმური მიზანი და ამასთან, არ არსებობს ნაკლებად მზღუდავი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. თუმცა, თანაზომიერების ტესტის ბოლო საფეხურზე უნდა შემოწმდეს რამდენად არის აღნიშნული საშუალება უფლების შეზღუდვის თანაზომიერი. ამასთან ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ და არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არის ნაკლებად მზღუდავი საშუალება.
8. პროპორციულობა
თანაზომიერების ტესტის აღნიშნულ ეტაპზე უნდა შეფასდეს სადავო ნორმატიული შინაარსით დადგენილ შეკრების უფლების შეზღუდვასა და პირის კერძო საკუთრების დაცვის ინტერესს შორის რამდენად არსებობს გონივრული ბალანსი.
საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს ერთი მხრივ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებისა და მეორე მხრივ იმ უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დაცვა, რომელიც დაკავშირებულია შეკრების განთავსების ადგილას მცხოვრები და მომუშავე ადამიანების უფლებებთან. ტოლერანტობა დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს, რომელიც მოითხოვს მაღალი ზღვრის დაწესებას, იმის განსასაზღვრად მშვიდობიანი შეკრების უფლება სცდება თუ არა კონსტიტუციით დაცულ ფარგლებს და არღვევს თუ არა სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ ყველაფრის შეფასებისას, როდესაც შეკრებას თან ახლავს სხვათა უფლებებში ჩარევა, გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არის დროებითი, შესაბამისად, სხვათა უფლებებში ჩარევის ინტენსივობაც დაბალია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული შეკრების უფლება მოიცავს პროტესტის ისეთ ფორმასაც, რომელიც იწვევს იმ პირთა გაღიზიანებასა და შეურაცხყოფას, რომლებიც არ ეთანხმებიან იმ იდეებს, რომელთა პოპულარიზაციასაც აღნიშნული შეკრება ემსახურება.[4]
განსახილველ შემთხვევაში საქმე ეხება საჯარო პირის კერძო საკუთრებასთან ან საცხოვრებელ სახლთან შეკრებას, რომელის მიზანიცაა მასზე ზეგავლენის მოხდენა და თან ახლავს მისთვის დისკომფორტის შექმნა და შეწუხება. პირის საზოგადოებაში არსებული სტატუსი(საჯარო პირი, კერძო პირი) მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრისას თუ რა მოცულობით არსებობს მის მიმართ საჯარო ინტერესი. საჯარო ინტერესის ტესტის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას თუ რა სტატუსითაა პირი ცნობილი საზოგადოებაში და ასევე იმას თუ რა საჯარო ფუნქციებს ასრულებს იგი. საჯარო პირები, როგორიცაა პოლიტიკოსები, ცნობილი პირები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, უნდა იყვნენ მზად მოითმინონ ფართომასშტაბიანი ინტერვენცია მათ პირად ცხოვრებაში, ვიდრე კერძო პირები. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონკრეტული პირის მიმართ არსებული საჯარო ინტერესი საზოგადოებას არ აძლევს უფლებას პირის პირად ცხოვრებაში განუსაზღვრელი ინტენსივობით ჩაერიოს.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით საჯარო პირი არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; და ასევე, პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. როგორც ვხედავთ, პირის საჯარო პირად მიჩნევის დროს ყურადღება ეთმობა იმის შეფასებას თუ რა კონტრიბუცია შეაქვს მას თავისი საქმიანობით საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამასთან როგორია მისდამი საზოგადოების უკუკავშირი.
საჯარო პირის სტატუსი ზრდის პირის თმენის ვალდებულებას და ამასთან, საზოგადოებას უხსნის გზას პირის კერძო ცხოვრებაში უფრო მეტად შეიჭრას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, სადაც ერთ-ერთ დავის საგანს წარმოადგენდა იმის განსაზღვრა კონსტიტუციური იყო თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც მოსარჩელეებს უკრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვას მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი მხრივ საზოგადოების უფლებას, გაეკრიტიკებინათ მისი გადაწყვეტილებები და მერე მხრივ მოსამართლის კერძო საკუთრებას და პირად ცხოვრებას შორის გონივრული ბალანსი მეორეს სასარგებლოდ განმარტა. სასამართლოს მოსაზრებით, „მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს. როგორც საჯარო პირს, მოსამართლეს თმენის ვალდებულება მართლაც გააჩნია, რამდენადაც მისი საქმიანობის კრიტიკა, მის პროფესიულ, თუ პირად თვისებებზე მსჯელობა საზოგადოებრივი ინტერესით შეიძლება იყოს განპირობებული. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მოსამართლის მხრიდან თმენის ვალდებულების ისეთივე სტანდარტი მოქმედებს, როგორც სხვა საჯარო პირის მხრიდან არის დადგენილი. საჯარო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისაგან განსხვავებით, მოსამართლის პროფესიული და, მით უფრო, პირადი საქმიანობა მეტად არის დაცული, ვინაიდან ის შეზღუდულია შესაძლებლობაში, საკუთარი პოზიციის დასაცავად საჯარო-პოლიტიკური ხასიათის დებატებში ჩაერთოს.”[5]
აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და განსახილველ საქმეს შორის განსხვავებას წარმოადგენს ის, რომ ერთ შემთხვევაში შეკრების ადრესატს წარმოადგენს მოსამართლე, ხოლო მეორე შემთხვევაში საჯარო-პოლიტიკური პირი, ხოლო სასამართლოს განმარტებით, მათ მიმართ არსებული თმენის ვალდებულება განსხვავებულია და საჯარო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს უფრო მაღალი თმენის ვალდებულება გააჩნიათ, შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით განსხვავებული უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც აღნიშნულ საქმესთან მიმართებით.
შეკრების ჩატარებისას საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიის შერჩევის მიზანს წარმოადგენს საჯარო პირის როგორც პროტესტის ან სოლიდარობის ადრესატის კერძო სფეროსთან მაქსიმალური მიახლოვება. ასეთ პირობებში იზრდება იმის შანსი, რომ საზოგადოებრივ პროტესტს მოჰყვეს რეალური შედეგი, აღნიშნულ მოლოდინს კი ის გარემოება ქმნის, რომ საჯარო პირზე ზემოქმედება ხდება მის კერძო სფეროში შეჭრით. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება საჯარო-პოლიტიკური პირების მიმართ მსგავსი შეკრების ფორმით გამოხატოს საკუთარი უკმაყოფილება მათი საქმიანობის მიმართ და გამოხატვის მსგავსი უკიდურესი ფორმით მოახდინონ საჯარო ინტერესის სფეროში არსებულ საკითხზე კონკრეტულ საჯარო-პოლიტიკურ პირს შეაცვლევინონ პოზიცია/ქმედება. მოსამართლეებისაგან განსხვავებით საჯარო-პოლიტიკურ პირებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ მათ წინააღმდეგ მიმართულ საჯარო დისკუსიაში და თავიანთი აზრის დაფიქსირებით შეძლონ საპროტესტო ტალღის შენელება. სწორედ აღნიშნული გარემოება განაპირობებს შეზღუდვის პროპორციულობაზე მსჯელობისას გონივრული ბალანსის შეზღუდული უფლებისკენ გადახრას.
შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის მიზანს საერთო ექსპრესიული მიზნები გააჩნია და მიზნად ისახავს ისეთი მესიჯის გაგზავნას, რომელიც ადრესატს დაარწმუნებს/შეაცვლევინებს პოზიციას. შეკრების უფლების შინაარსობრივი შეზღუდვების მიმართ უნდა არსებობდეს მაღალი ზღვარი და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც არსებობს ძალადობის აშკარა და მყისიერი საფრთხე. იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო-პოლიტიკური თანამდებობის პირის საცხოვრებელ სახლთან ან კერძო საკუთრებასთან ხდება შეკრება, და შეკრება თავისი ფორმითა და შინაარსით არის მშვიდობიანი, მოსარჩელეთა აზრით, მსგავსი შეკრების შეკრების უფლებიდან გამორიცხვა არაპროპორციული ხასიათისაა და არ არსებობს გონივრული ბალანსი დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `საქართველოს კონსერვატიული პარტია~, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4.
[2] იქვე., II-3.
[3] საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე, დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-63.
[4] European court of human rights, Plattform “Ärzte für das Leben” v. Austria, judgment of 21 June 1988, Series A no. 139, p. 12, § 32.
[5] იხ. მითითება 1., II-67.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა