არჩილ ფულარიანი ქალაქ ბაღდადის გამგეობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/7/1431 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 17:56 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: არჩილ ფულარიანი ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომის 1997 წლის 20 მარტის №32 დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებთან, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველი პუნქტთან და 75-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1431) მიმართა საქართველოს მოქალაქე არჩილ ფულარიანმა. №1431 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2019 წლის 3 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1431 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლი და 75-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
3. ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომის 1997 წლის 20 მარტის №32 დადგენილების (შემდგომში, ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის №32 დადგენილება) შესაბამისად, ერთი მხრივ, დამტკიცებულია ქალაქ ბაღდათში მცხოვრები 688 ოჯახის მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტი, მეორე მხრივ, გათვალისწინებულია მიწის რეფორმის კომისიის ვალდებულება, სპეციალურ ჟურნალში რეგისტრაციაში გაატაროს ქალაქში აღრიცხული და დამტკიცებული აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები. აგრეთვე, განსაზღვრულია განხილვის გადადების აუცილებლობა პირთა გარკვეულ ჯგუფთან დაკავშირებული აქტების შემდგომი დაზუსტების მიზნით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დაუშვებლად არის მიჩნეული კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილია თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება, კანონმდებლობის დაცვით, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია.
5. №1431 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ სს „ქართული ფილმის“ სააუქციონო კომისიის 2009 წლის 18 თებერვალს მოწყობილ აუქციონზე შეიძინა ქალაქ ბაღდათში, წერეთლის ქუჩა №4-ში სს „ქართული ფილმის“ საკუთრებაში არსებული ქალაქ ბაღდათის კინოთეატრი 675,56 კვ. მ. მიწის ნაკვეთით. მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახურში აღნიშნულ ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას აღმოჩნდა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვის საფუძველზე, ხსენებული მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი სახელმწიფო საკუთრებად იყო რეგისტრირებული, რაც შემდგომ გასხვისებულ იქნა კერძო სუბიექტზე. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ აღმოჩნდა, რომ მის კუთვნილ მიწაზე სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა მისი მეზობელი, რომელიც აღნიშნულ მიწას ქალაქ ბაღდათის საკრებულოს 1997 წლის 17 მარტის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №410 აქტის საფუძველზე ფლობდა.
6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ იყო უფლებამოსილი, რომ სახელმწიფო საკუთრებად დაერეგისტრირებინა „ბაღდათის კინოს“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და შემდგომ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №410 აქტის საფუძველზე, იგი გაესხვისებინა კერძო სუბიექტზე. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრების უფლების მომპოვებელი პირი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მოთხოვნებს. მოსარჩელის განმარტებით, დასახელებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, წაერთვა შეძენილ 14,6 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას.
7. მოსარჩელის მითითებით, ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის №32 დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც არის გამოცემული და რეგისტრაციაში გატარებული ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №410 აქტი, არ არის მითითებული კონკრეტული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმები, რომლებზე დაყრდნობითაც გამოიცა ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოსარჩელის განმარტებით, მართალია, დასახელებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ იგი გამოიცა „1996 წლის 20 მარტის დადგენილების და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კანონის შესაბამისად, თუმცა მისთვის გაურკვეველია, კონკრეტულად, რომელ სამართლებრივ აქტებზეა საუბარი. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო დადგენილება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელია, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. №1431 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია ფიზიკური პირი. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, ფიზიკური პირის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე იმსჯელოს მხოლოდ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადგინოს განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის №32 დადგენილების სამართლებრივი ბუნება, რამდენად გააჩნია მას ნორმატიული ხასიათი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, კონკრეტული სადავო აქტის სამართლებრივი ბუნების დადგენა და ინდივიდუალური და ნორმატიული სამართლებრივი აქტის გამიჯვნა უნდა მოხდეს თავად აღნიშნული აქტით მოწესრიგების ადრესატთა წრისა და რეგულირების საგნის გათვალისწინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია, იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება ამ წრის გვარეობითი ნიშნით იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ეხება როგორც კონკრეტულ პირს, ისე მისი გამოცემის მომენტში განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა ჯგუფს. ნორმატიული აქტი, თავისი ბუნებით, აბსტრაქტულ, საერთო ნორმას წარმოადგენს და დაკავშირებულია არა რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან ან შემთხვევასთან, არამედ თავის იურიდიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური შემთხვევების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ნორმატიული აქტის მრავალჯერადი გამოყენების თვისება. ამდენად, ნორმატიული აქტი, როგორ ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ. განსხვავებით ნორმატიული აქტისგან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ხასიათდება თავისი შინაარსის კონკრეტულობით. იგი კონკრეტულ ურთიერთობას (შემთხვევას) ეხება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5).
4. №1431 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის №32 დადგენილების კონსტიტუციურობას, რომლის შესაბამისადაც, დამტკიცდა ქალაქ ბაღდათში მცხოვრები 688 ოჯახის მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები და მიწის რეფორმის კომისიას დაევალა მათი სპეციალურ ჟურნალში რეგისტრაციაში გატარება. აგრეთვე, ამავე აქტით დადგინდა განხილვის გადადების აუცილებლობა, პირთა გარკვეულ ჯგუფთან დაკავშირებული აქტების შემდგომი დაზუსტების მიზნით.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სადავო დადგენილებით მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილება 688 მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილად მიჩნევის და მათი რეგისტრაციაში გატარების შესახებ, ასევე გადაწყდა სხდომის გადადების საკითხი. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტი ადგენს არა რომელიმე ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმატიულ წესს, არამედ წარმოადგენს კონკრეტული პირებისათვის კონკრეტული მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, სადავო აქტს არ გააჩნია მრავალჯერადი გამოყენების რესურსი სხვა მსგავსი ურთიერთობების მიმართ. აღნიშნული დადგენილების მოქმედება შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ერთჯერადად, ინდივიდუალურად გადაწყვეტით. შესაბამისად, ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომის 1997 წლის 20 მარტის №32 დადგენილება, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის, ვერ იქნება განხილული როგორც ნორმატიული აქტი.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ №1431 კონსტიტუციური სარჩელი არ არის საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს განსჯადი და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული №1431 კონსტიტუციური სარჩელი („არჩილ ფულარიანი ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი