მედეა კვაჭაძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/13/1461 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 18:12 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: მედეა კვაჭაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1461) მომართა მედეა კვაჭაძემ. №1461 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 13 ნოემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1461 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოთვლის პენსიის შეჩერების საფუძვლებს. ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ პენსია შეჩერდება პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის შემთხვევაში, ანუ როდესაც არ ხდება პენსიონერის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა 6 თვის განმავლობაში. ასევე, პენსია შეჩერდება, თუ სახეზეა საპენსიო ანგარიშებიდან თანხის მინდობილობით გაცემის ფაქტი და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მინდობილობა არ განახლდება. პენსიის შეჩერებას აგრეთვე იწვევს შემთხვევა, როდესაც პირს პენსია გადააქვს დეპოზიტზე და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიმართავს პენსიის გამცემ დაწესებულებას შესაბამისი განცხადებით. პენსია შეჩერდება დასახელებული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ზემოთ განხილულ შემთხვევებში პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ამ უფლების შეზღუდვის საფუძველს.
5. №1461 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის პენსიონერი, რომელსაც 2017 წლის 1 ივნისს შეუჩერდა პენსია, ვინაიდან საკუთარი საპენსიო ანგარიშიდან 6 თვის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი საპენსიო თანხა. 2019 წლის იანვარში მოსარჩელემ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის აღდგენის შესახებ განცხადებით, რის შედეგადაც მას განუახლდა პენსიის მიღება და აუნაზღაურდა მხოლოდ 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე მისაღები საპენსიო თანხა, თუმცა არ აუნაზღაურდა 2018 წლის 1 ივნისიდან მის მიმართვის დღემდე მისაღები საპენსიო თანხა.
6. მოსარჩელისთვის პრობლემურია როგორც პენსიის შეჩერების, ისე რეტროაქტიულად მხოლოდ 1 წლის და არა სრული განაცდურის ანაზღაურების საკითხი. ის გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში სადავო ნორმის საფუძველზე ჩერდება პენსია, ემსახურება პენსიონერის მიერ თანხის დაგროვების მიზანს, ხოლო საკუთრების უფლება მოიცავს ფულადი სახსრების საკუთარი სურვილისამებრ მართვის შესაძლებლობასაც. სახელმწიფო კი პენსიონერს აღნიშნული უფლების სარგებლობისას უდგენს სანქციას სადავო ნორმის საფუძველზე პენსიის შეჩერების გზით, რაც კიდევ უფრო გაუგებარია იმ პირობებში, როდესაც პენსიონერის მიერ საპენსიო თანხის დაგროვებით ზიანი არავის ადგება.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პენსიის შეჩერება კიდევ უფრო პრობლემური ხდება იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ადეკვატური ანაზღაურების წესი. კერძოდ, პენსიონერის მიერ პენსიის განახლების მოთხოვნით შესაბამისი უწყებისთვის მიმართვის შემდეგ, რეტროაქტიულად ანაზღაურდება მიუღებელი საპენსიო თანხა, თუმცა თუ შეჩერებული პენსიის ვადა აღემატება 1 წელს, ანაზღაურდება მხოლოდ 1 წლის განმავლობაში მიუღებელი საპენსიო თანხა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სწორედ ზემოხსენებული სადავო ნორმის მოქმედების გამო ვერ მიიღო 7 თვის პენსია, რაც ძალზედ მნიშვნელოვან ზიანს წარმოადგენს, თუ ასევე გავითვალისწინებთ პენსიონერთა ზოგად მოწყვლადობის ხარისხს.
8. მოსარჩელე ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია პენსიის გაცემის შეზღუდვის ყველა ფორმა არ იჭრება საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში, მაგრამ სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიება იჭრება საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში. მართალია, საკუთრების უფლება არ ავალდებულებს სახელმწიფოს, პირს დაუნიშნოს პენსია, მაგრამ თუ სახელმწიფო ამის მიუხედავად იღებს ამგვარ ვალდებულებას, პენსიის მიმღებ პირს წარმოეშობა მატერიალური სარგებლის მიღების ლეგიტიმური მოლოდინი. ვინაიდან, მოსარჩელეს უკვე დანიშნული აქვს პენსია, მისი შეჩერება უკვე წარმოადგენს ჩარევას საკუთრების უფლებაში.
9. მოსარჩელე ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეჩერების ინსტიტუტი და რეტროაქტიულად მხოლოდ 1 წლის საპენსიო თანხის ანაზღაურება ემსახურება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ლეგიტიმურ მიზანს. სადავო ღონისძიებები ასევე წამოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავ საშუალებას, თუმცა არ არის დაცული გონივრული ბალანსი სახელმწიფო და კერძო ინტერესებს შორის, რადგან ფინანსური ტვირთი, რომელის პენსიონერს ეკისრება, მეტისმეტად მძიმეა. ფინანსური ტვირთის გაუმართლებელ სიმძიმეს კი განაპირობებს ის გარემოება, რომ სადავო ნორმა არ ავალდებულებს ნორმის შემფარდებელს, შეისწავლოს პენსიონერის მდგომარეობა და მის მიერ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის გამომწვევი გარემოებები. ამასთან, სადავო რეგულირება ბლანკეტურია, რაც უშვებს შესაძლებლობას, პენსიონერის ინდივიდუალური მდგომარეობის შესწავლის გარეშე მას სრულად არ აუნაზღაურდეს კუთვნილი პენსია და შედეგად წაერთვას საარსებო საშუალება.
10. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად №1461 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე ითხოვს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. სადავო ნორმები არეგულირებს სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და მისი განახლების საფუძვლებს, ასევე განსაზღვრავს პენსიის გაცემის განახლების შედეგად პენსიონერის მიერ მისაღები ფინანსური სარგებლის ოდენობას. კერძოდ, აღნიშნული რეგულირების თანახმად, პენსია შეჩერდება პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის შემთხვევაში, ანუ როდესაც არ ხდება პენსიონერის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა 6 თვის განმავლობაში. ასევე, პენსია შეჩერდება, თუ სახეზეა საპენსიო ანგარიშებიდან თანხის მინდობილობით გაცემის ფაქტი და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მინდობილობა არ განახლდება. პენსიის შეჩერებას აგრეთვე იწვევს შემთხვევა, როდესაც პირს პენსია გადააქვს დეპოზიტზე და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიმართავს პენსიის გამცემ დაწესებულებას შესაბამისი განცხადებით. ამასთან, შეჩერებული სახელმწიფო პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.
4. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, საკუთრების საყოველთაო უფლებაა აღიარებული. სოციალურ უფლებათა საკუთრების უფლების მარეგლამენტირებელ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით კი აღიარებულია საკუთრების საყოველთაო უფლება, რომელიც ადამიანის პირადი უფლებაა. იმავდროულად, მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, ამიტომ რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს კონსტიტუციის მე-19 მუხლის ფარგლები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის №2/7/365,371 განჩინება საქმეზე „მოსარჩელეები - ომარ შერაზადიშვილი, თამაზ კოღუა, ვახტანგ რაზმაძე, რევაზ ყიფიანი, გიორგი ნადარეიშვილი და ნუგზარ სოტკილავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების შეძენის უფლება გულისხმობს პიროვნების შესაძლებლობას, გახდეს მესაკუთრე. ეს უფლება თავისთავად ვერ იქნება პირის მიერ სახელმწიფოსაგან გარკვეული მატერიალური სიკეთეების მოთხოვნის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია მხოლოდ კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი. მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულად ჩაითვალოს, მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი არ ქმნის სახელმწიფოსგან მატერიალური სარგებლის უპირობოდ მოთხოვნის უფლებას. აქ ნაგულისხმევია შემთხვევა, როდესაც მატერიალური სარგებლის მოთხოვნა ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
5. შესაბამისად, საკუთრების უფლების ფარგლებით დაცულია კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი, რაც მოიცავს პირის უფლებას, მიიღოს კანონით კუთვნილი საპენსიო თანხა. თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან მარტივი ფორმალური მოთხოვნების დაწესების შესაძლებლობას. სახელმწიფომ შესაძლოა, უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის მიღების კონტროლის მიზნით დაადგინოს გარკვეული ფორმალური პირობები. თუმცა, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პირობები არ უნდა იყოს თვითმიზნური და პენსიის მიღებაზე უფლებამოსილ პირს არ უნდა აკისრებდეს არაგონივრულ, გაუმართლებელ ტვირთს. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს სადავო ნორმებით პენსიის მისაღებად დაწესებული პირობების თვითმიზნურობის ან/და არაგონივრულობის არგუმენტები, რაც სასამართლოს დაანახებს, რომ ამგვარი რეგულირების ფარგლებში მას მძიმე ტვირთი ეკისრება და არსებითად ხელი ეშლება კანონით დადგენილი უფლებით სარგებლობაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიჩნევს სასამართლო, რომ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ასაბუთებს მოსარჩელის მოთხოვნის, სადავო ნორმის საფუძველზე საკუთრების უფლების დარღვევის დადგენის, საფუძვლიანობას.
6. მოსარჩელისათვის პრობლემურია სადავო რეგულირება, რომლის თანახმად, პირს პენსია უჩერდება მას შემდეგ, რაც 6 თვის განმავლობაში არ გაიტანს მისი კუთვნილი საპენსიო ანგარიშიდან საპენსიო თანხას. ასევე მინდობილობის 1 წლის განმავლობაში განუახლებლობის ან თანხის დეპოზიტზე გადატანისას 1 წლის შემდგომ განცხადებით არმიმართვის შემთხვევაში. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის მიღების კონტროლის მიზნით დაწესებულ ფორმალურ პირობას, რომლის შესასრულებლადაც პირს მინიმალური ძალისხმევის გაწევა უწევს - 6 თვეში ერთხელ საპენსიო თანხის ანგარიშიდან გატანა და მისი სხვა საშუალებით დაგროვების უზრუნველყოფა. ამასთანავე, სადავო რეგულირება შეეხება შეჩერებული პენსიის განახლების შემდგომ მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურების საკითხს. აღნიშნული რეგულირების თანახმად, პირს პენსიის განახლებისას აუნაზღაურდება მიუღებელი პენსია, თუმცა მხოლოდ 1 წლის ოდენობით და არა სრული განაცდურის სახით. მოსარჩელისთვის კი სწორედ არასრული ანაზღაურების საკითხია პრობლემური. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო აწესებს მარტივ ფორმალურ მოთხოვნას - პირმა პენსიის შეჩერებიდან 1 წლის განმავლობაში მიმართოს სახელმწიფოს განცხადებით იმისათვის, რომ სრულად მიიღოს გაცდენილი საპენსიო თანხა.
7. შესაბამისად, კანონმდებლობა პირს აძლევს, ერთი მხრივ, 6 თვიან ვადას, რათა პენსია არ შეუჩერდეს, ხოლო, მეორე მხრივ, ერთწლიან ვადას, რათა სრული მოცულობით მიიღოს გაცდენილი საპენსიო თანხა. ამდენად, სახელმწიფო აწესებს გონივრულ ვადას, ასევე მოითხოვს მინიმალური ძალისხმევის გაწევას პირისგან - ერთი მხრივ, პენსიის ანგარიშიდან გატანის მოთხოვნით, ხოლო, მეორე მხრივ, განცხადების შეტანის მოთხოვნით. ამასთანავე, ამგვარი რეგულირება, როგორც უკვე აღინიშნა, ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან პენსიის უფლებამოსილი პირის მიერ მიღების კონტროლს, ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის უზრუნველსაყოფად.
8. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ სასამართლოს უნდა დაანახოს, რომ კანონის საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინით მინიჭებული უფლების რეალიზაციისათვის სადავო რეგულირება მას აკისრებს არსებით ტვირთს, რაც მოითხოვს მოსარჩელის მხრიდან მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევას კუთვნილი ფინანსური სარგებლის მისაღებად. სადავო რეგულირებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ პირი წელიწადნახევრის განმავლობაში მარტივ ადმინისტრაციულ ქმედებას განახორციელებს, კუთვნილ პენსიას არ კარგავს. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია სადავო ნორმებით დადგენილი პენსიის შეჩერებისა და განახლების მარეგულირებელი წესების არაგონივრულობასა და შეუსაბამო სიმძიმესთან დაკავშირებით. სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ წარმოადგენს წელიწადნახევრის მანძილზე მოსარჩელის მიერ პენსიის მისაღებად მარტივი ადმინისტრაციული ქმედების განხორციელება უფლების რეალიზების არსებით ტვირთს. ამავე დროს მოსარჩელისათვის თავისთავად პენსიის შეჩერებისა და მისი მყისიერად მიღების შეუძლებლობის პრობლემურობა არ იკვეთება, ვინაიდან იგი 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის მიზეზად მისი დაგროვების სურვილს მიუთითებს. მოსარჩელე მიუთითებს საპენსიო თანხის დაგროვების უფლებაზე, თუმცა სახელმწიფოს მიერ გახსნილ საპენსიო ანგარიშზე თანხის დაგროვების კონსტიტუციით დაცულობაზე არგუმენტაცია საერთოდ არ არის წარმოდგენილი, სარჩელში არ არის დასაბუთებული, სახელმწიფო რატომ არ არის უფლებამოსილი საპენსიო ანგარიშები გახსნას მხოლოდ პენსიის მიღების მიზნით. ამავე დროს, მოსარჩელეს არც სამართლებრივად და არც პრაქტიკულად არ აქვს დაბრკოლება საკუთარი თანხა შეინახოს ნებისმიერ სხვა საბანკო ანგარიშზე. მეორე მხრივ, სადავო ნორმები ემსახურება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც შექმნიდა სადავო ნორმებით დადგენილი მოთხოვნის არაგონივრულად მიჩნევის საფუძველს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1461 კონსტიტუციური სარჩელი კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1461 („მედეა კვაჭაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი