მედეა კვაჭაძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1461 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | მედეა კვაჭაძე |
თარიღი | 12 ნოემბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი; სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე 2006 წლის 10 თებერვლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 46/ნ დანართი N1სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსათვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ; | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები; |
„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ 2006 წლის 10 თებერვლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 46/ნ დანართი N1სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით; | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები; |
`სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე” 2006 წლის 10 თებერვლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 46/ნ დანართი N1სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: ,,ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან;” | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები; |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
სარჩელს თან ერთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 07 ივნისის წერილი. ეს უკანასკნელი მოსარჩელეს გაეგზავნა მისი იმ განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას. წერილში აღნიშნულია: „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის გაცემის წესის შესახებ“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პენსია ჩერდება პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის ანუ როცა არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა 6 თვის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პირის პენსიის შეჩერების დღიდან“
სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემელების 2017 წლის 31 მაისის #04/34777 წერილისა და სს „ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციის საფუძველზე პენსიის 6 თვის მიუღებლობის გამო შეგიჩერდათ ასაკით სახელმწიფო პენსია 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსია განგიახლდათ, განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან, 2019 წლის 1 თებერვლიდან და ჩაგერიცხებათ 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე მიუღებელი თანხები.“
ამგვარად, სადავო ნორმებმა უკვე შელახეს მომჩივანის საკუთრების უფლება, რაც სახელმწიფოს ავალდებულებს არ წაართვას მოქალაქეს ქონებრივი შეღავათი პენსიის სახით.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია როგორც კანონი, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) სადავო ნორმის არსი
ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ორი ნორმა: პირველი ნორმა, რომელიც ადამიანს უჩერებს პენსიის მიღების უფლებას მხოლოდ იმის გამო, რომ ანგარიშზე 6 თვის განმავლობაში ინახავს საპენსიო თანხას ფულის დაგროვების მიზნით; ასევე მეორე ნორმა, რომელიც ადამიანს არ აძლევს შესაძლებლობას, სრულად დაიბრუნოს ის თანხა, რასაც მიიღებდა, რომ არ შეეჩერებინათ პენსიის გადახდა. მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია ის, რომ ადამიანი შეზღუდულია იმ შესაძლებლობით, რომ მიიღოს მხოლოდ ერთი წლის განაცდური თანხა და არა მთელი გასული თვეების პენსიის თანხა.
მაგალითად, მოსარჩლეს 2017 წლის 1 ივნისს შეუჩერდა პენსიის გაცემა, ვინაიდან საკუთარი საპენსიო ანგარიშიდან არ გაიტანა თანხა 6 თვის განმავლობაში. მოსარჩელემ 2019 წლის იანვარში მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის აღდგენის მოთხოვნით. მოსარჩელეს აუნაზღაურეს თანხა არა 2017 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 თებერვლის ჩათვლით (ერთი წელი და შვიდი თვე), ანუ იმ პერიოდის განმავლობაში, როცა მოსარჩელე მოკლებული იყო პენსიის მიღების შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ ერთი წლის, 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე ასაღები საპენსიო თანხა.
ამგვარად, საკუთრების უფლებასთან წინააღმდეგობაში მოდის როგორც გასაჩივრებული კანონი, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც უკრძალავს პენსიონერს, ფულის დაგროვების მიზნით, 6 თვეზე მეტი ხნით, ბანკის ანგარიშზე შეინახოს საპენსიო თანხა, გადაიტანოს საკუთარ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხა ისე, რომ ამის შესახებ ერთი წლის განმავლობაში არ შეატყობინოს პენსიის გამცემ ბანკს; ფულის დაგროვების მიზნით ერთი წლის გასვლის შემდეგ არ განუახლოს მინდობილობა იმ პირს, ვისაც მანამდე ბანკიდან გამოჰქონდა თანხა. ზემოხსენებული ქმედებების განხორციელება ემსახურება პენსიის თანხის დაგროვებას, კერძოდ იმას, რომ საბანკო დაწესებულებიდან პენსიონერმა აიღოს არა 200 ლარი (ეს არის ასაკით პენსიის ოდენობა „2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე), არამედ 200 ლარის ნამრავლი შვიდ თვეზე (1400 ლარი).
საკუთრების უფლება გულისხმობს ფულადი სახსრების მართვის შესაძლებლობასაც, მათ შორის თანხების დაზოგვის უფლებას. სადავო ნორმა სანქციას აკისრებს პენსიონერს კუთვნილი თანხების მიმართ მესაკუთრული უფლებამოსილების განხორციელების გამო - პენსიის შემდგომი გაცემის შეწყვეტის გზით. სადავო ნორმა ერევა საკუთრების უფლებაში, სახელმწიფოს მიერ ადამიანის მიმართ ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის გზით იმის გამო, რომ ადამიანი მის საკუთრებაში არსებული თანხების მიმართ ახორციელებს მართლზომიერ მოქმედებას - დაზოგვა-დაგროვებას, რითაც ზიანი არ ადგება არც სახელმწიფოს, არც მესამე პირს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლით იმისათვის, რომ ევროპულმა სასამართლომ ადამიანის საჩივარი განიხილოს, ის უნდა იყოს უფლების დარღვევის მსხვერპლი. ამასთან კონვენციის მე-14 დამატებითი ოქმის თანახმად, საჩივარი იქნება დაუშვებელი, თუკი უფლებაში ჩარევის შედეგად ადამიანმა მნიშვნელოვანი ზიანი არ განიცადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Giusti v Italy მიღებული გადაწყვეტილების 34-ე პუნქტში განაცხადა (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-107042): მნიშვნელოვანი ზიანის დადგენისას სასამართლო შეაფასებს სავარაუდოდ დარღვეული უფლების ბუნებას, რამდენად სერიოზული შედეგი გამოიწვია დარღვევამ კონკრეტული უფლებით სარგებლობისას და რა შედეგები დადგა ამ დარღვევის შედეგად კონკრეტული პირის მიმართ. ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს მსხვერპლის სტატუსი ან მისთვის მიყენებული ზიანი არ ჩაითვალოს მნიშვნელოვნად, თუკი სახელმწიფო მოახდენს უფლებადარღვეული ადამიანის კომპენსირებას ან დამდგარი ზიანის ოდენობა არის უმნიშვნელო (მაგალითად, ვასილჩენკოს საქმეზე http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-100461 12 ევროს ოდენობის თანხის გადაუხდელობა არ იქნა მიჩნეული მნიშვნელოვან ზიანად). ზიანის მნიშვნელობის დადგენისას მხედველობაში მიიღება ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში და კონკრეტულ რეგიონში. მაგალითად, კოროლევი რუსეთის წინააღმდეგ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ თუნდაც საშუალო ქონებრივი ზიანი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სპეციფიკური პირობებისა და იმ სახელმწიფოს ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, სადაც ადამიანი ცხოვრობს (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-99843)
მოცემული სადავო ნორმების შემთხვევაში არა მხოლოდ გათვალისწინებულია პენსიის აღდგენის შესაძლებლობა, არამედ ერთი წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის დაბრუნების შესაძლებლობაც. სადავო ნორმა ითვალისწინებს რეტროაქტიულად, პენსიის შეწყვეტიდან მის აღდგენამდე მხოლოდ ერთი წლის პენსიის დაბრუნების უფლებას. სწორედ ის გარემოება, რომ პენსიის შეჩერებიდან მის აღდგენამდე გასული დროის მიუხედავად, ანაზღაურდება მხოლოდ პენსიის ის ოდენობა, რაც პენსიონერს ერთი წლის განმავლობაში შეიძლება მიეღო, უნარჩუნებს ასეთი კატეგორიის პენსიონერს მსხვერპლის სტატუსს, ხოლო უფლებაში ჩარევას მნიშვნელოვან ხასიათს. მოსარჩელემ დაკარგა 7 თვის პენსიის მიღების შესაძლებლობა, რაც საქართველოს ეკონომიკისა და პენსიონერთა მოწყვლადობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ზიანია. მოსარჩელემ დაკარგა ჯამში 1200 ლარი (180 ლარი გამრავლებული 7 თვეზე), რაც ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანებისათვის.
ადამიანს საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლოა მსხვერპლის სტატუსი დაეკარგა და ზიანიც არ ყოფილიყო მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს რომ აენაზღაურებინა პენსიის შეჩერებიდან მის აღდგენამდე გასული თვეების პენსია სრულად. თანხის დაგროვების გამო ადამიანისათვის პენსიის შეჩერება ამ შემთხვევაშიც პრობლემა იქნებოდა: ვინაიდან მაინც იქნებოდა ჩარევა საკუთრების უფლებაში, ეს ჩარევა არ იქნებოდა გამართლებული თანაზომიერების ტესტის გამოყენებით, თუმცა განაცდური პენსიის სრული რეტროაქტიული ანაზღაურება, ადამიანს ერთი მხრივ, მსხვერპლის სტატუსს ჩამოართმევდა, ხოლო მეორე მხრივ, იმ დღეებს, რაც ადამიანმა პენსიის გარეშე გაატარა უმნიშვნელო ზიანად აქცევდა. სწორედ იმის გამო, რომ სახელმწიფო სრულად არ ანაზღაურებს ყველა იმ თვის პენსიის საფასურს, რაც გავიდა პენსიის შეჩერებიდან მის აღდგენამდე, შესაბამისი პენსიონერი კვლავაც ჩარევის მსხვერპლია, ხოლო მისთვის მიყენებული ფულადი ზიანი არის მნიშვნელოვანი ხასიათის. აქედან გამომდინარე, საკუთრების უფლებასთან მიმართებაში კონსტიტუციურ პრობლემას წარმოშობს როგორც ექვს თვეზე მეტხანს დეპოზიტზე საპენსიო თანხის დატოვების გამო პენსიის შეჩერება, ასევე სახელმწიფოს მიერ განაცდური დროის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც ეხება 6 თვეზე მეტი ხნით პენსიის დეპოზიტზე შენახვას, შესაძლოა შინაარსი გამოეცალა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისათვის, თუმცა საკუთრების უფლებას სერიოზულ პრობლემას უქმნის ის, რომ სახელმწიფო სრულად არ აღმოფხვრის იმ შედეგებს, რაც მისმა არაკონსტიტუციურმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია პენსიის უფლების შეჩერების სახით. ამის გამო, ის გარემოება, რომ სახელმწიფო თავისი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებით დამდგარი უარყოფითი შედეგის ნაწილობრივ აღმოფხვრას ახდენს - ერთი წლის მისაღები თანხის რეტროაქტიული ანაზღაურების სახით, ეს გარემოება ცალკე შეფასებას მოითხოვს საკუთრების უფლებასთან მიმართებაში.
შემდეგ თავში ვისაუბრებთ იმის თაობაზე. ადამიანის უფლება - არ მოუხსნას სახელმწიფომ მის მიერვე დანიშნული ასაკის გამო პენსია და სრულად დაუბრუნოს ეს პენსია - რამდენად ჯდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე მუხლებით გათვალისწინებული საკუთრების უფლების ფარგლებში.
2. სადავო ნორმის მიმართება კონსტიტუციის მე-19 მუხლთან
მოიცავს თუ არა საკუთრების უფლება პენსიის მიღების შესაძლებლობას, ამ საკითხზე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს ორი განჩინება: პირველი მიღებული იქნა 2006 წლის 29 მარტს საქმეზე ომარ შერაზადიშვილი, თამაზ კოღუა, ვახტანგ რაზმაძე, რევაზ ყიფიანი, გიორგი ნადარეიშვილი და ნუგზარ სოტკილავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ხოლო მეორე განჩინება 2016 წლის 3 აგვისტოს იქნა მიღებული საქმეზე ვაჟა ლონდარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არცერთ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა მიმართება პენსიის უფლებასა და საკუთრების უფლებას შორის. მედეა კვაჭაძის საქმე განსხვავდება როგორც შერაზადიშვილსაგან, ისე ლონდარიძისაგან. ამიტომ დეტალურად მიმოვიხილოთ შერაზადაშვილისა და ლონდარიძის საქმეები.
შერაზადიშვილის საქმე ეხებოდა არა პენსიის სრულად ჩამორთმევას ან შეჩერებას, არამედ მის შემცირებას. განჩინებაში აღნიშნულია: „მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ დაირღვა მათი კონსტიტუციური უფლებები, რადგან სადავო აქტებით არამარტო შეუმცირდათ პენსიის სახით მისაღები თანხის ოდენობა, არამედ მოესპოთ შესაძლებლობა, საპენსიო ასაკის მიღწევისას მოითხოვონ სამიდღემშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით.” სასამართლომ განჩინების პირველ პუნქტში აღნიშნულია: „სასამართლო მიუთითებს, რომ საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით კი აღიარებულია საკუთრების საყოველთაო უფლება, რომელიც ადამიანის პირადი უფლებაა. იმავდროულად მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, ამიტომ რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს კონსტიტუციის 21-ე მუხლის ფარგლები. თუმცა მოცემული დავის ფარგლებში არ გამოიკვეთა სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ უფლებასთან.“ ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა იმაზე, რომ პენსიაზე ზემოქმედების (ხელყოფის) მხოლოდ განსაზღვრული ფორმები შეიძლება შეიჭრას საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში. პენსიის შემცირება კი არ წარმოადგენს იმგვარი ხელყოფის ფორმას, რამაც საკუთრების უფლების შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს. მედეა კვაჭაძის საქმეში სადავოა არა პენსიის შემცირება, არამედ სრული მოცულობით მისი შეჩერება. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე ფაბიანი უნგრეთის წინააღმდეგ (CASE OF FÁBIÁN v. HUNGARY http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-176769), რომლის 65-ე მუხლში ნათქვამია: „სასამართლო იმეორებს, რომ მთელი პენსიის მთლიანად ჩამორთმევა, დიდი ალბათობით დაარღვევს კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს (საკუთრების უფლება), ამის საპირისპიროდ, პენსიის გონივრული შემცირება იშვიათად დაარღვევს საკუთრების უფლებას. საქმეში CASE OF LAKIĆEVIĆ AND OTHERS v. MONTENEGRO AND SERBIA (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-107937) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა დარღვევა მომჩივანისათვის პენსიის შეჩერების გამო. ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილების 72-ე პუნქტში განაცხადა: „თუნდაც სახელმწიფოს ჰქონდეს შეფასების ფართო ზღვარი სოციალური კანონმდებლობის სფეროში, სადავო ღონისძიების ზეგავლენა მომჩივანის უფლებაზე, რამდენადაც კანონიერი არ უნდა იყოს, არ მართლდება ლეგიტიმური საჯარო ინტერესებით. შესაძლებელი იყო, გონივრულად და თანაზომიერად შემცირებულიყო შეღავათი მისი შეჩერების ნაცვლად.“
შერაზადიშვილის საქმე შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან იმ თვალსაზრისით, რომ საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში არ აქცევს პენსიის შემცირებას. იმავე დროს შერაზადაშვილის საქმე არ გამორიცხავს, პენსიის ხელყოფის სხვაგვარი შესაძლებლობა განხილული იყოს საკუთრების უფლების კონტექსტში.
შერაზადაშვილის გადაწყვეტიდან 10 წლის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ განჩინება მიიღო ვაჟა ლონდარიძის საქმეზე. სარჩელი ამჯერადაც, არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. ამ საქმეში გასაჩივრებული იყო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, სადაც აღნიშნულია: „ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.“ ამ საქმეში გასაჩივრებული ნორმა ეხება არა არსებული პენსიის შენარჩუნებას, არამედ მომავალში დანაშაულის ჩამდენი პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის აკრძალვას. ჩარევის ფორმა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პენსიის საკუთრებით დაცულ სფეროში მოსაქცევად, ლონდარიძის საქმეშიც განსხვავებულია კვაჭაძის საქმისაგან. მოსარჩელე ლონდარიძის საქმეში ითხოვდა საკუთრების უფლების ძალით მომავალში მისთვის პენსიის დანიშვნას. ეს შემთხვევა განსხვავდება ამ სარჩელისაგან, სადაც მოსარჩელეს მედეა კვაჭაძეს უკვე დანიშნული აქვს პენსია და დავის საგანსაც სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსიის შენარჩუნება წარმოადგენს. პენსიის დანიშვნის მოთხოვნა არ ექცევა საკუთრებით დაცულ სფეროში, სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსიის შენარჩუნება, თუნდაც მისი შემცირების ხარჯზე, შეიძლება მოექცეს საკუთრებით დაცული უფლების სფეროში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ LAKIĆEVIĆ AND OTHERS v. MONTENEGRO AND SERBIA (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-107937) მიღებული გადაწყვეტილების 59-ე პუნქტში განაცხადა: პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით არ არის გარანტირებული საკუთრების მიღების უფლება. პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით არც განსაზღვრული რაოდენობის პენსიის მიღების უფლება არ არის გარანტირებული. ამის მიუხედავად, როცა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით, გარანტირებულია ადამიანისათვის პენსიის გადახდის შესაძლებლობა, იმის მიუხედავად, ეს ხდება თუ არა წინასწარ საპენსიო ფონდში შენატანის გადახდის გამო, ეს კანონმდებლობა წარმოშობს ადამიანის ქონებრივ ინტერესებს, რაც ექცევა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში. თუკი ადამიანი აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, პენსიის გადახდის შეწყვეტა ითლება საკუთრების უფლებაში ჩარევად, რაც მოითხოვს გამართლებას სახელმწიფოს მხრიდან. დამატებით აღსანიშნავია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე CARSON AND OTHERS v. THE UNITED KINGDOM (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-97704), რომლის 64-ეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლება არ ავალდებულებს სახელმწიფოს, დაუნიშნოს ვინმეს პენსია ან ჩასვას ვინმე სოციალური უზრუნველყოფის სქემაში. ამის მიუხედავად, თუ სახელმწიფო თავისუფლად გადაწყვეტს საპენსიო და სოციალური სქემის შემოღებას, ამის შემდეგ მოქმედებას იწყებს საკუთრების უფლება. კანონმდებლობით, რომელიც სახელმწიფომ ნებაყოფლობით მიიღო, წარმოიშობა ქონებრივი უფლებები იმ პირებისათვის, რომელებიც აღნიშნული საპენსიო კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამით პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) მოქმედებას იწყებს.
ლონდარიძის საქმეში გადასაწყვეტი იყო მოსარჩელისათვის პენსიის დანიშვნის საკითხი. ეს საკითხი არ არის მოცული საკუთრების უფლებით. საკუთრების უფლება საერთოდ არ ავალდებულებს სახელმწიფოს ვინმეს დაუნიშნოს პენსია, ისევე როგორც საკუთრების უფლება არ ავალდებულებს სახელმწიფოს ვინმეს გადასცეს რაიმე ქონებრივი სიკეთე. ამის მიუხედავად, თუ სახელმწიფომ ნებაყოფლობით გადაწყვიტა პენსია დაუნიშნოს ადამიანს, პირს, რომლის მიმართაც პენსიის დანიშვნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, წარმოეშობა საკუთრების უფლება, რაც იცავს პენსიის მიმღებს იმის საფრთხისაგან, რომ სახელმწიფომ დაუსაბუთებლად, სათანადო კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლების გარეშე, არ წაართვას პენსია. სწორედ ამის შესახებ არის საუბარი ლონდარიძის საქმეში, რომლის მეორე თავის მე-3 პუნქტში აღნიშნულია: „საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არ ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, დაუნიშნოს პენსია ან კომპენსაცია მის რომელიმე მოქალაქეს. იმისათვის, რომ მოსარჩელემ კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით იდავოს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სარგებლის მოთხოვნაზე, იგი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ არსებობს მატერიალური სარგებლის მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, რომელიც ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს.“
ამ საქმეში პენსიის მიღების ლეგიტიმური მოლოდინი ემყარება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს, სადაც აღნიშნულია: „პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.“ ამგვარად, სახელმწიფომ ნებაყოფლობით აიღო თავის თავზე ვალდებულება, პენსია გადაეხადა ყველა იმ მამაკაცისათვის, რომელმაც მიაღწია 65 წელს, ასევე იმ ქალისათვის, რომელსაც შეუსრულდა 60 წელი. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი პენსიონერს უქმნის იმ ლეგიტიმურ მოლოდინს, რაზედაც საკონსტიტუციო სასამართლო საუბრობდა ლონდარიძის საქმეში. ვინაიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტმა შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი, სახელმწიფოს ნებისმიერი შემდგომი ქმედება, რაც მიმართულია ამ მატერიალური სარგებლის ჩამორთმევაზე ან მისით სარგებლობის დროებით შეჩერებაზე, განხილული უნდა იქნეს როგორც საკუთრების უფლების შეზღუდვა. ეს შეზღუდვა იქნება არაკონსტიტუციური, თუკი არ დააკმაყოფილებს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებს: არ იქნება კანონით გათვალისწინებული, არ იქნება აუცილებელი საჯარო ინტერესებისათვის.
კანონიერად დანიშნული პენსიის ჩამორთმევა ან შეჩერება, რომ წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევას, ეს ფართოდ არის აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალითაც. FÁBIÁN v. HUNGARY (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-176769)-საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების 61-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლება, მიეღო ასაკის გამო პენსია გამომდინარეობდა ეროვნული კანონმდებლობიდან. ამავე გადაწყვეტილების 62-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 1 იანვრის საკანონმდებლო ცვლილებებით მომჩივანისათვის პენსიის გაცემის შეჩერება წარმოადგენდა საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევას.
ამგვარად, საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის პენსიის მიღების უფლება გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონიდან. აღნიშნული ლეგიტიმური მოლოდინის გამო საპენსიო ასაკის ადამიანისათვის პენსიის შეჩერება წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევას. შემდეგ თავებში უნდა გავარკვიოთ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ეს ჩარევა და რამდენად პასუხობს ჩარევა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
3. ლეგიტიმური მიზანი
იმისათვის, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევა იყოს კონსტიტუციური, საჭიროა ჩარევა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესის მიღწევის ლეგიტიმურ მიზანს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „საჯარო ხელისუფლების მიერ მშვიდობიან მფლობელობაში ჩარევა მართლდება თუ ემსახურება ლეგიტიმურ საჯარო მიზანს. ეროვნულ ხელისუფლებამ უკეთ იცის მისი საზოგადოების საჭიროებების თაობაზე, ამიტომ ეროვნული ხელისუფლება უკეთეს პოზიციაშია, საერთაშორისო მოსამართლესთან შედარებით, გადაწყვიტოს, რა არის „საჯარო ინტერესი.“ ტერმინი „საჯარო ინტერესი“ აუცილებლად ფართო ცნებაა. სოციალური შეღავათზე კანონის მიღება უკავშირდება ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. ევროპულ სასამართლოს ბუნებრივად მიაჩნია, რომ სახელმწიფოს შეფასების ზღვარი, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას, არის ფართო. ევროპული სასამართლო პატივს სცემს, კანონმდებლის მიერ კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური საკითხის საჯარო ინტერესად მიჩნევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფოს აღნიშნული დასკვნა აშკარად გონივრულ საფუძვლებს არ ეფუძნება.“[1]
ფაბიანის ზემოთხსენებულ საქმეში პენსიის შეჩერების ლეგიტიმურ მიზნად, სახელმწიფომ დაასახელა საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის ლეგიტიმური ინტერესი. ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: სოციალური დაცვისა და პენსიის სფეროში სახელმწიფოს ფართო დისკრეციის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ პენსიის შეჩერება ემსახურება საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის საჯარო ინტერესს. როგორც მთავრობამ განაცხადა და ეს გარემოება სადავოდ არც მომჩივანს გაუხდია, სადავო ღონისძიება ემსახურებოდა საპენსიო სისტემის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას.[2] საჯარო ინტერესის დასაცავად მოქმედება არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი საჯარო ინტერესების დასაცავად შესაძლოა მოქმედებდეს. როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები.[3] ცხადია, პენსიის შეჩერებით და მხოლოდ ერთი წლის პენსიის რეტროაქტიული ანაზღაურებით სახელმწიფო ზოგავს საბიუჯეტო სახსრებს, რასაც სხვა სასიკეთო მიზნების მიღწევაში შესაძლოა ხარჯავდეს. ამიტომ ცხადია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ემსახურება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ამასთან პენსიის შეჩერება და მხოლოდ ერთი წლის პენსიის რეტროაქტიული ანაზღაურება არის საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის ინტერესის მიღწევის ვარგისი საშუალება, ვინაიდან ამით სახელმწიფო ზოგავს საბიუჯეტო რესურსს და არ უწევს პენსიის შეჩერებამდე ან მის აღდგენამდე გასული მთელი პერიოდისათვის ფულადი სახსრების სრული მოცულობით რეტროაქტიული კომპენსირება.
ამას გარდა დაწესებული შეზღუდვა ნაკლებად მზღუდავია. სახელმწიფო იყენებს შეჩერების და არა პენსიის სრულად ჩამორთმევის მექანიზმს. პენსიის შეჩერების ნაცვლად მისი განახევრება იქნებოდა ნაკლებად მზღუდავი საშუალება, თუმცა ამით ეფექტურად ვერ მიიღწეოდა ლეგიტიმური მიზანი, დაზოგილიყო საბიუჯეტო რესურსები. საბიუჯეტო რესურსების დაზოგვისათვის ასევე ნაკლებად მზღუდავი საშუალებაა პენსიის ერთწლიანი რეტროაქტიული კომპენსაცია. მოსარჩელის პოზიციაა, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის იმ მოთხოვნებს, რაც უკავშირდება, ვიწრო გაგებით, პროპორციულობის დაცვას საჯარო ინტერესსა და საკუთრების უფლებას შორის.
4. ვიწრო გაგებით პროპორციულობა
ფაბიანის საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის აუცილებელი ბალანსი დაცული არ იქნება, როცა ადამიანისათვის დაკისრებული ინდივიდუალური ფინანსური ტვირთი მეტისმეტად მძიმეა.[4] ამ საქმეში ადამიანს პენსია უჩერდება იმის გამო, რომ 6 თვის განმავლობაში არ სარგებლობს პენსიის თანხით. ივარაუდება, რომ ამ დროის მანძილზე ხანდაზმულმა ადამიანმა სხვაგან, მაგრამ არა საჯარო სამსახურში, დაიწყო მუშაობა ან ოჯახის წევრები არჩენენ. პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ პენსია არ არის სოციალური შემწეობა და მისი მიღება არ არის დაკავშირებული ბენეფიციარის სიღარიბესთან. პენსია დაკავშირებულია ადამიანის ასაკთან: ქალის შემთხვევაში 60 წლის ასაკის მიღწევასთან, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში 65 წელთან. მაშინ როცა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში ადამიანს შეიძლება შეუწყდეს სოციალური დახმარება, იმავეს ვერ ვიტყვით ასაკის გამო პენსიაზე. ადამიანი შესაძლოა არ იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და ამის მიუხედავად იღებდეს ასაკის გამო პენსიას. უფრო მეტიც, საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანი შესაძლოა მუშაობდეს კერძო სექტორში და ამის მიუხედავად, გააგრძელოს პენსიის მიღება. შესაბამისად, არგუმენტად ვერ გამოდგება ის გარემოება, რომ პენსიის შეჩერების საფუძველია ის გარემოება, რომ 6 თვის განმავლობაში პენსიონერს გაუჩნდა სხვა შემოსავალი, ამის გამო არ ხარჯავს დარიცხული პენსიის თანხას და აქედან გამომდინარე, მას პენსია უნდა შეუწყდეს. კერძო სექტორში დასაქმებულ პენსიონერს პენსია არ შეუჩერდებოდა, მას თანხა საბანკო ანგარიშის ნაცვლად სახლში რომ შეენახა და იმავდროულად, გაეგრძელებინა გაწეული შრომისათვის ანაზღაურების მიღება კერძო სექტორში. ასაკის გამო პენსიას არავითარი კავშირი არა აქვს იმასთან, იღებს თუ არა პენსიონერი ფულად დახმარებას მისი ოჯახის წევრებისაგან ან მუშაობს თუ არა კერძო სექტორში. ასაკის გამო პენსიის დანიშვნის პირობაა საპენსიო ასაკის მიღწევა და არა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება.
ფაბიანის საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: საქმეში განსახილველი საკითხი ეხება სოციალური უზრუნველყოფის სქემას. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამგვარი სქემა არის საზოგადოების მხრიდან სოლიდარობის გამოხატულება მოწყვლადი პირების მიმართ. ამგვარი პენსია, ზოგადად, გაიცემა იმისათვის, რომ კომპენსირებული იყოს ადამიანი, რომელმაც ასაკს მიაღწია და შეუმცირდა თანხის გამომუშავების უნარები. როდესაც ადამიანი, ასაკის მიღწევის გამო, იღებს პენსიას და ამის შემდეგ განაახლებს მუშაობას, ასეთ შემთხვევაში ადამიანის შრომითი ცხოვრება არ ითვლება დამთავრებულად და ივარაუდება, რომ ადამიანს შრომითი უნარები აქვს შენარჩუნებული.[5]
მართალია, ოჯახის წევრებისაგან მიღებული ალიმენტი ან კერძო სექტორში აღებული ხელფასი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, არ იწვევს პენსიის შეჩერებას, ამის მიუხედავად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან ვაფასებთ ჩარევის პროპორციულობას და საკითხს იმის შესახებ, რომ პენსიონერისათვის დაკისრებული ინდივიდუალური ფინანსური ტვირთი რამდენად არის მძიმედ სატარებელი, უნდა დავადგინოთ: 6 თვის განმავლობაში კერძო სექტორში მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასის ან ოჯახის წევრისაგან მიღებული დახმარების გამო რამდენად პროპორციულია პენსიის შეჩერების ღონისძიება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფაბიანის საქმეში შეიმუშავა პენსიის მიღების უფლებაში ჩარევის შეფასების კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები ალტერნატიულია, ჩარევა არაპროპორციული იქნება, თუკი არ პასუხობს თუნდაც ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნებს. ეს კრიტერიუმებია: როგორია პენსიაში ჩარევის ფარგლები (მოცულობა), შეუძლია თუ არა საკუთრების უფლების სუბიექტს თავიდან აიცილოს ჩარევა თავისი ნებელობითი ქმედებით და ჩარევის შედეგად კარგავს თუ არა საკუთრების უფლების სუბიექტი სასიცოცხლოდ აუცილებელ სახსრებს.[6]
4.1. ჩარევის ფარგლები
არსებობს პენსიის უფლებაში ჩარევის სამი მეთოდი: პენსიის უფლების სამუდამო ჩამორთმევა, მისი დროებით სრულად შეჩერება, პენსიის ოდენობის შემცირება. ამ სამიდან ყველაზე მძიმეა პენსიის სამუდამოდ ჩამორთმევა. ასეთი ჩარევა იშვიათად იქნება პროპორციული. ამის საპირისპიროდ იშვიათად იქნება არაპროპორციული პენსიის შემცირება-განახევრება. პენსიის დროებითი შეჩერება სიმძიმის თვალსაზრისით ამ ორ ჩარევის ღონისძიებას შორს არის მოქცეული. პენსიის სრულად დროებითი შეჩერება ჩარევის უფრო მძიმე ღონისძიებაა ვიდრე პენსიის შემცირება, თუმცა ნაკლებად მკაცრი ღონისძიებაა ვიდრე პენსიის სრულად სამუდამო დაკარგვა. ფაბიანის საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა:
ამ საქმეში არ ხდება პენსიის სრული, სამუდამო დაკარგვა, არამედ ხდება პენსიის გადახდის შეჩერება. მართალია, მომჩივანი არ მიიღებს პენსიას შეჩერების პერიოდში, სასამართლოს ამის მიუხედავად, მიაჩნია, რომ არ ხდება ასაკის პენსიის სრული დაკარგვა. შეჩერება იყო დროებითი ხასიათის, მისი გადახდა განახლდებოდა, როცა მომჩივანი კანონის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.[7]
„უფრო მეტიც, პენსიის მსგავსი ფორმით შეჩერებას ჰქონდა ადგილი პანფილისა და ლეკიჩევის საქმეებში. პირველი საქმეში საჩივარი გამოცხადდა დაუშვებლად, ხოლო მეორე საქმეში დადგინდა პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ პენსიის შეწყვეტა იყო დროებითი ხასიათის და შესაბამისად, დანაკარგის ფარგლებიც დიდი არ იყო. თუმცა ეს გარემოება თავისთავად არ არის გადამწყვეტი. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სამართლიანი ბალანსი არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ დანაკარგის ოდენობას, არამედ ასევე შესწავლილი უნდა იყოს ყველა არსებითი მნიშვნელობის ფაქტორი.“[8]
ჩარევის ფარგლები ფართოვდება და შესაბამისად, ნაკლებად პროპორციული ხდება მაშინ, როცა რეტროაქტიულად სრულად არ ხდება პენსიის ანაზღაურება და მხოლოდ ერთი წლის პენსია ანაზღაურდება. ეს გარემოება ზრდის ჩარევის სიმძიმეს და ამ ღონისძიებას ნაკლებად პროპორციულს ხდის. ადამიანს, რომელსაც ერთი წლის და 7 თვის ვადით ჰქონდა შეჩერებული პენსია, იღებს მხოლოდ ერთი წლის ანაზღაურებას და კარგავს 7 თვის ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას. ამ 7 თვის განაცდურის ანაზღაურების მიუღებლობის გამო ჩარევის ფარგლები ფართოვდება და ასეთი ფორმით ჩარევა ნაკლებად პროპორციულად გამოიყურება, თუმცა პროპორციულობის საკითხის გასარკვევად უნდა შემოწმდეს ჩარევის სხვა ფორმებიც.
4.2. ნებელობითი ელემენტი
ამის შემდეგ სასამართლომ უნდა განიხილოს მეორე ფაქტორი: შეეძლო თუ არა მომჩივანს რაიმე ისეთი ქმედების განხორციელება, რითაც თავიდან აიცილებდა პენსიის შეწყვეტას?[9] ამ კითხვაზე დადებითი პასუხი უნდა იქნეს გაცემული პენსიის შეჩერებასთან დაკავშირებით. პენსიონერს შეუძლია ექვს თვეზე მეტხანს საბანკო ანგარიშზე არ შეინახოს თანხა, მისცეს სხვა პირს მინდობილობა, გამოიტანოს ეს თანხა, გააგრძელოს მინდობილობის ვადა. ამ ასპექტში ნებელობითი ქმედებით შესაძლებელია პენსიონერმა თავიდან აიცილოს პენსიის შეჩერება. ნებელობითი ელემენტი იკარგება მას შემდეგ, რაც პენსიონერი პენსიის აღდგენის მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში პენსიონერი ვერ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომ სრულად აინაზღაუროს პენსიის შეჩერებიდან მის აღდგენამდე გასული დროის მიხედვით პენსია. პენსიონერს აუნაზღაურდება მხოლოდ ერთი წლის პენსია. ამ ასპექტში ნებელობითი ელემენტი შეზღუდულია, თუმცა ასეთი შედეგის აცილებაც იქნება შესაძლებელი, თუკი პირი 6 თვეზე მეტხანს არ დატოვებს საბანკო ანგარიშზე საპენსიო თანხას. ნებელობით ასპექტში სადავო ნორმა პროპორციულობის მოთხოვნებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს. ამის გათვალისწინებით უნდა შემოწმდეს პროპორციულობის მესამე ელემენტი: პენსიის შეჩერებით რამდენად ხდება ადამიანისათვის საარსებო საშუალების წართმევა.
4.3. საარსებო საშუალებების წართმევა
ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შედეგი დადგა ფაბიანისა და ლაკიჩევიჩის საქმეში. ამ ორ საქმეში ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი პრინციპები იყო იდენტური, თუმცა განსხვავებული შედეგის დადგომა განაპირობა სხვადასხვა ფაქტობრივმა გარემოებებმა. ორივე საქმეში შეფასდა რა წილი ეკავა პენსიას ადამიანის ყოველთვიურ შემოსავალში. თუ პენსიის ოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს სხვა წყაროდან მიღებულ შემოსავალს, პენსიის შეჩერება წარმოადგენს საარსებო საშუალების წართმევას და შესაბამისად, არაპროპორციულ ჩარევას. ლაკიჩევიჩი სერბეთისა და მონტენეგროს წინააღმდეგ საქმეში საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს შეუწყდა პენსიის მიღება იმის გამო, რომ პენსიონერებმა დაიწყეს კერძო საადვოკატო პრაქტიკა ნახევარ განაკვეთზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეში განაცხადა: „მართალია, მომჩივანებს არ წარმოუდგენიათ მონაცემები იმისა თაობაზე, თუ რამდენს გამოიმუშავებდნენ მათი კერძო პრაქტიკის საფუძველზე და სახელმწიფოსაც არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულებები, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანები მუშაობდნენ მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე, სასამართლო თვლის, რომ პენსიას უნდა დაეკავებინა მნიშვნელოვანი წილი მომჩივანების ყოველთვიურ შემოსავალში.“[10]
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ევროპული სასამართლო თვლის, რომ მომჩივანებს დააკისრეს, გადამეტებული და არაპროპორციული ტვირთი. თუნდაც სახელმწიფოს ჰქონდეს შეფასების ფართო ზღვარი სოციალური კანონმდებლობის სფეროში, სადავო ღონისძიების ზეგავლენა მომჩივანის უფლებაზე, რამდენადაც კანონიერიც არ უნდა იყოს, არ მართლდება ლეგიტიმური საჯარო ინტერესებით. შესაძლებელი იყო, გონივრულად და თანაზომიერად შემცირებულიყო შეღავათი მისი შეწყვეტის ნაცვლად.[11]
ფაბიანის საქმეში, 2012 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 31 მარტამდე, მომჩივანი მუშაობდა საჯარო მოხელედ, ბუდაპეშტის გზების კეთილმოწყობის დეპარტამენტში. 2000 წლის 1 იანვრიდან მომჩივანი იღებდა ასაკის გამო პენსიას.[12] 2013 წლის 2 ივლისს ეროვნული პენსიის ადმინისტრაციამ აცნობა მომჩივანს პენსიის შეწყვეტის თაობაზე. ამის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ მომჩივანი მუშაობდა საჯარო სამსახურში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ დაადგინა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან კავშირში. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა დიდ პალატაში, რომელმაც კონვენციის არც ერთ მუხლთან მიმართებაში დარღვევა ვერ დაინახა. ამ სარჩელში მოყვანილი იქნება ევროპული სასამართლოს დიდი პალატის არგუმენტები ცალკე აღებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ფაბიანი უნგრეთის წინააღმდეგ საქმეში მიღებულ გადაწყვეტილების 79-ე პუნქტში განაცხადა: „აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ნათელია, რომ როცა მომჩივანს ასაკის გამო პენსია შეუწყვიტეს, იმის გამო ის ხელფასს იღებდა. მომჩივანმა ევროპულ სასამართლოს არ გაუმხილა, რამდენი იყო მისი ხელფასის ოდენობა საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში, მაგრამ განაცხადა, რომ პენსიის შეწყვეტამ გამოიწვია მისი შემოსავლის ნახევრის დაკარგვა. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანის თვიური ხელფასი იყო მისი ასაკის გამო პენსიაზე მაღალი. ეს გარემოება მომჩივანს სადავოდ არ გაუხდია.“ ამავე გადაწყვეტილების მე-80 პუნქტში დიდმა პალატამ განაცხადა, რომ უნგრეთში არსებული საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, სასამართლო კმაყოფილია იმ თანხით, რაც მომჩივანს გადასახადის გარეშე შეიძლება დარჩენოდა ამ საშუალო ხელფასიდან.
აქვე დიდმა პალატამ გადაწყვეტილების 81-ე პუნქტში განაცხადა: მომჩივანს პენსიის მიღება მაშინაც შეუწყდებოდა, მისი ხელფასის ოდენობა ასაკის გამო პენსიაზე მცირე რომც ყოფილიყო ან მომჩივანს ხელფასი მიეღო ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შედეგად. ამ შემთხვევაში პენსია იქნებოდა ადამიანის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო და სხვა შემოსავლებზე აღმატებული. თუმცა მომჩივანის შემთხვევაში არ იყო ამგვარი ფაქტობრივი გარემოებები. მომჩივანის ხელფასი იყო ასაკობრივ პენსიაზე დიდი. ევროპული სასამართლოს ამოცანა არ არის, აბსტრაქტულად შეაფასოს ეროვნული კანონმდებლობა. ევროპული სასამართლო შეზღუდულია კონკრეტული მომჩივანის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით, რომელთან მიმართებაშიც მოხდა ეროვნული კანონმდებლობის გამოყენება.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ არ დაადგინა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევა.
ევროპული სასამართლოსაგან განსხვავებით, კანონმდებლობის აბსტრაქტული კონტროლი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაა. რასაც გვასწავლის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანმიმდევრული პრაქტიკა, არის ის, რომ თუ პენსიის ოდენობა აღემატება პენსიონერის სხვა შემოსავალს, საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად არაპროპორციულ ღონისძიებად ჩაითვლება პენსიის შეჩერებით პენსიონერისათვის არსებობის ძირითადი წყაროს წართმევა. ამის საპირისპიროდ, თუ პენსიონერისათვის გადახდილი ხელფასი, სარჩო თუ ალიმენტი მნიშვნელოვნად აღემატება პენსიას, ამ შემთხვევაში პენსიის შეჩერება სხვა შემოსავლის დაკარგვამდე ან მნიშვნელოვნად შემცირებამდე პროპორციული ღონისძიება შეიძლება აღმოჩნდეს.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემა ის არის, რომ მართალია, ითვალისწინებს პენსიის შეჩერებას, როდესაც ადამიანი სავარაუდოდ სხვა შემოსავლის გამო ახერხებს პენსიის გარეშე 6 თვის განმავლობაში არსებობას, თუმცა არ ავალდებულებს ნორმის შემფარდებელს, შეისწავლოს როგორია პენსიონერის სხვა შემოსავალი და მისი მიმართება პენსიასთან. შესაძლოა, სხვა შემოსავალი ადამიანს ეხმარება თავის გატანაში, თუმცა მისი ოდენობა არის პენსიაზე მცირე. ასეთ შემთხვევაში პენსიის შეჩერება წარმოადგენს ადამიანისათვის არსებობის მნიშვნელოვანი საშუალების წართმევას და საჯარო ინტერესების - საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის - უზრუნველსაყოფად მძიმე ინდივიდუალური ტვირთის დაკისრებას საკუთრების უფლების სუბიექტისათვის. შესაბამისად, ირღვევა კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნა.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვითხოვთ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სადავო ნორმები კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებაში.
[1] FÁBIÁN v. HUNGARY (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-176769) 65 პარაგრაფი
[2]FÁBIÁN v. HUNGARY (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-176769 67-ე პუნქტი
[3] mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის № 2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15
[4] FÁBIÁN v. HUNGARY (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-176769) 65 პარაგრაფი
[5] FÁBIÁN v. HUNGARY (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-176769) 70-ე პარაგრაფი
[6] FÁBIÁN v. HUNGARY (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-176769) 73-ე პარაგრაფი
[7] FÁBIÁN v. HUNGARY (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-176769) 74-ე პარაგრაფი
[8] FÁBIÁN v. HUNGARY (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-176769) 75-ე პარაგრაფი
[9] FÁBIÁN v. HUNGARY (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-176769) 76-ე პარაგრაფი
[10] CASE OF LAKIĆEVIĆ AND OTHERS v. MONTENEGRO AND SERBIA http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-107937 70-ე პუნქტი
[11] CASE OF LAKIĆEVIĆ AND OTHERS v. MONTENEGRO AND SERBIA http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-107937 72-ე პუნქტი
[12] CASE OF FÁBIÁN v. HUNGARY http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-176769
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა