მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/14/1467 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 18:15 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, მე-5 ნაწილის, მე-6 ნაწილის პირველი და მეორე წინადადებების და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების და 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1467) მომართა მიხეილ ხაინდრავამ. №1467 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 16 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1467 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ბრალდების მხარის ვალდებულებას, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, დაცვის მხარეს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადასცეს ყველანაირი ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად წარდგენასაც სასამართლოში აპირებს და ასევე მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებებიც. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს იმ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის წესს, რომელიც დაცვის მხარეს სრული მოცულობით არ გადაეცა. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე“, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ის ასევე წყვეტს საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის საკითხს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს იმ პირობებს, რა შემთხვევაში გადაეცემა საქმე არსებითად განსახილველად, მე-6 ნაწილის პირველი და მეორე წინადადებები კი შეეხება სისხლისსამართლებრივი დევნის განჩინებით შეწყვეტის საკითხს, თუ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საფუძველი, ასევე ადგენს ასეთი განჩინების გასაჩივრების წესს. ამასთანავე, იმავე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადება ადგენს მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სასამართლოსადმი მიმართვის და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება და ასევე ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება. ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“.
5. №1467 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიმართ არსებითად განიხილება სისხლის სამართლის საქმე და მას შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა. საქმეში მოთავსებულია კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ ცნო დასაშვებად და ვინაიდან სადავო ნორმები მოსარჩელეს ართმევს შესაძლებლობას, მათი დაუშვებლობის თაობაზე იდავოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს დაუშვებელ მტკიცებულებებს. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა გაცვლისას ბრალდების მხარემ მას არ გადასცა დადგენილება ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნული დადგენილების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნა დააყენა წინასასამართლო სხდომაზე, რაზეც სასამართლომ უარი განუცხადა.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს და მე-7 ნაწილის პირველ წინადადებას გააჩნია იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ, ვინაიდან სადავო ნორმა ადგენს, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე შუამდგომლობებს განიხილავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, აღნიშნული გამორიცხავს შემდგომში ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების გზით ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობას. დამატებით, მეორე სადავო ნორმა ადგენს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებების ნაწილს ეხება, იგი გამორიცხავს მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.
7. მოსარჩელე მიუთითითებს, რომ სადავო ნორმები ქმნიან იმგვარ ნორმატიულ მოცემულობას, რომ, თუ მას წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა მიაჩნია უკანონოდ, მას არ აქვს არანაირი ბერკეტი, იდავოს ამის შესახებ. ამასთანავე, დაუშვებელი მტკიცებულების დასაშვებად ცნობა პრობლემურია იმდენად, რამდენადაც სწორედ დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფასდება საქმის არსებით ეტაპზე გადაცემის საკითხი და, ასევე, შემდგომში არსებობს რისკი იმისა, რომ განაჩენი სწორედ ამგვარ მტკიცებულებებს დაეყრდნოს. სწორედ ამიტომ, მოსარჩელისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, არსებობდეს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, რათა მაქსიმალურად გამორიცხოს ზემოხსენებული რისკების დადგომა.
8. მოსარჩელისთვის ასევე პრობლემურია საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა. კერძოდ, აღნიშნულ აკრძალვას შეიცავს, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც: „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს“, მეორე მხრივ, იმავე მუხლის მე-5 ნაწილი, რომელიც ადგენს, რა წინაპირობების არსებობის შემთხვევაში გადაეცემა საქმე არსებითად განსახილველად. ამ ნორმებთან ერთად, გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს იმავე მუხლის მე-6 ნაწილის პირველი და მეორე წინადადებები, რომლებიც შეეხება ამავე მუხლის მე-5 ნაწილით არსებული წინაპირობების არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის განჩინებით შეწყვეტის საკითხს და აღნიშნული განჩინების გასაჩივრების წესს, რომლის თანახმადაც, მხოლოდ საქმის არსებითად გადაუცემლობის შესახებ მიღებული განჩინების გასაჩივრებაა შესაძლებელი. ამგვარად, ზემოხსენებული სადავო ნორმები ქმნიან იმგვარ საკანონმდებლო რეალობას, რომ საერთოდ არ არსებობს საქმის არსებითად გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.
9. მოსარჩელის განმარტებით, საქმის არსებითად გადაცემის საკითხი სწორედ დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე ფასდება. ისეთ შემთხვევაში, როდესაც წინასასამართლო სხდომის მოსამართლე დაუშვებელ მტკიცებულებას ცნობს დასაშვებად და ასევე არ არსებობს აღნიშნულის გასაჩივრების ბერკეტიც, იქმნება შესაძლებლობა იმისა, რომ საქმე უსაფუძვლოდ გადავიდეს არსებითი განხილვის ეტაპზე. აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში კი, სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა საერთოდ შეწყვეტილიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადასვლა პირისთვის იწვევს უფლებრივი მდგომარეობის მნიშვნელოვან ცვლილებას - მას ენიჭება ბრალდებულის სტატუსი და, შესაბამისად, ეზღუდება რიგი უფლებები. სწორედ ამიტომ, მოსარჩელისთვის არსებითი მნიშვნელობისაა, მტკიცებულების დასაშვებად ცნობის გადაწყვეტილების გასაჩივრების ბერკეტთან ერთად, გააჩნდეს საქმის არსებითად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაც.
10. მოსარჩელე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც გამორიცხავს ბრალდების მხარის ვალდებულებას, დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტი და საპროცესო გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსარჩელისთვის პრობლემურია ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ბრალდების მხარის მიერ, მასალის სრულად გადაუცემლობის შემთხვევაში, გადაუცემელი მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის ვალდებულებას, მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობის გადაწყვეტისას, იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებული ყველა მასალის, მათ შორის ყველა საპროცესო დოკუმენტისა და ყველა საპროცესო გადაწყვეტილების დასაშვებობის შესახებ.
11. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ წინასასამართლო სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა ინფორმაციის გაცვლისას ბრალდების მხარის მიერ გადაუცემელი საპროცესო დოკუმენტის დაუშვებლად ცნობის შესახებ. წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს შეეძლო მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობა, საპროცესო დოკუმენტის დასაშვებობის საკითხი საერთოდ ვერ იქნებოდა შეფასების საგანი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სასამართლოს ამგვარი განმარტება სადავო ნორმებს სძენს ისეთ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ბრალდების მხარეს აძლევს საშუალებას, არ გაუმხილოს გარკვეული ინფორმაცია დაცვის მხარეს. თუ ბრალდების მხარეს ექნება შესაძლებლობა, არ გადასცეს მოწინააღმდეგე მხარეს დადგენილება ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, დაცვის მხარეს არ ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარე აპირებს ამგვარი ექპერტიზის ჩატარებას და, შესაბამისად, ერთმევა შესაძლებლობა, ჩაატაროს საპასუხო ექსპერტიზა, რითაც ირღვევა როგორც სამართლიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, ასევე იზღუდება დაცვის უფლებით სრულფასოვნად სარგებლობის უფლება, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-10 პუნქტებით გარანტირებულ უფლებებთან.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების, მე-5 ნაწილის, მე-6 ნაწილის პირველი და მეორე წინადადებებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, გასაჩივრების მექანიზმის არარსებობის გამო, მას აღარ აქვს საშუალება, იდავოს კონკრეტულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ და, შესაბამისად, საქმეში თავსდება დაუშვებელი მტკიცებულებები. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, მე-5 ნაწილისა და მე-6 ნაწილის პირველი და მეორე წინადადების არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა დაეყრდნოს სწორედ საქმეში უკანონოდ მოთავსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ ცნო დასაშვებად, მიუხედავად მათი დაუშვებლობის საფუძვლების არსებობისა. ამგვარად, ძალზედ მნიშვნელოვანია, არსებობდეს საქმის არსებითად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმიც, რათა გაუმართლებლად არ მოხდეს საქმის არსებით ეტაპზე გადაცემა, მისთვის ბრალდებულის სტატუსის მინიჭება და რიგი უფლებების შეზღუდვა. შესაბამისად, მოსარჩელისთვის, ერთი მხრივ, პრობლემურია წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შეუძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ბერკეტის არარსებობა.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის სადავოდ გამხდარი „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე“, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს“. ამავე ნორმის მე-5 ნაწილი ადგენს რა წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაეცემა საქმე არსებითად განსახილველად, მე-6 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების მიხედვით კი, „თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში“. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადება ადგენს, რომ „წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
7. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს სწორედ კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68).
8. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები“, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები კი სასამართლო ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილებას გამიჯნავს და საკონსტიტუციო კონტროლის უფლებამოსილებას ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მართლმსაჯულების განხორციელებას კი საერთო სასამართლოებს. იმავდროულად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს საერთო სასამართლოების ზოგადი კომპეტენცია, განახორციელონ მართლმსაჯულება და მათი განსჯადი საქმეების ფარგლებში გადაწყვიტონ კანონიერების საკითხი, მათ შორის, შეაფასონ სახელმწიფო მოხელეთა და ორგანოების ქმედებების კანონიერება.
9. ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა შესაძლებელია გასაჩივრების შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით დადასტურების გარეშეც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულ სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების მოთხოვნით. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში, პირს შესაძლებლობა აქვს, უშუალოდ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებლობა პირდაპირ არ მიუთითებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის N3/24/1459 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/10/1378 განჩინება საქმეზე „ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9; საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/10/1264 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
10. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული სადავო ნორმები ადგენს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის ზოგად უფლებამოსილებას, განიხილოს მხარეთა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე და გადაწყვიტოს საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხი, ასევე ადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს, რაზე დაყრდნობითაც წყვეტს მოსამართლე არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხს, ხოლო თუ არ არსებობს არსებითად განსახილველად გადაცემის საფუძველი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამავდროულად, სადავო ნორმები შეეხება მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილებისა და, ასევე, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს. სადავო ნორმების რეგულირების ფარგლები ამოიწურება აღნიშნულით და იგი არ შეეხება მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებისა და საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს და, მით უფრო, მათ არ გააჩნიათ უფლების შემზღუდველი ბუნება. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საერთო სასამართლოებმა, სადავო ნორმების საფუძველზე განუცხადეს უარი ზემოაღნიშნული გადაწვეტილებების კანონიერების შემოწმებაზე.
11. აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლის სამართლის პროცესში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის ზოგად რეგლამენტირებას ახდენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება“. ხსენებული ნორმა, ერთი მხრივ, აღჭურავს მხარეებს კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავს მხარეთა მიერ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.
12. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელისთვის, ერთი მხრივ, პრობლემურია წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შეუძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ბერკეტის არარსებობა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გაუთვალისწინებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილი და არა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული რომელიმე სადავო ნორმა.
13. ამგვარად, სადავო ნორმებს არ გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს და აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმების რეალურ შინაარსს, შესაბამისად, №1467 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების, მე-5 ნაწილის, მე-6 ნაწილის პირველი და მეორე წინადადებებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
14. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებისა და 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით.
15. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარისთვის ინფორმაციის სრული მოცულობით გადაუცემლობა აფერხებს როგორც დაცვის უფლების სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობას, ისე წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებთან. მისი განმარტებით, საპროცესო დოკუმენტიც, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა დადგენილება ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, არსებითი მნიშვნელობისაა ზემოაღნიშნული უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისთვის. სადავო ნორმების მიერ კი ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარისთვის მტკიცებულებების გადაცემის ზოგადი ვალდებულებიდან ამგვარი დოკუმენტების გამორიცხვა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას აუცილებელია, განისაზღვროს ნორმის რეგულირების ფარგლები და დადგინდეს მისგან მომდინარე შეზღუდვის შინაარსი. ამ პროცესში „მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მის მიერ მითითებული შეზღუდვა სადავო ნორმიდან მომდინარეობს, რისთვისაც იგი ეყრდნობა კანონის განმარტების მეთოდებს ან/და საერთო სასამართლოების პრაქტიკას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №1/23/824 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე − გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები“, ხოლო ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, „ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას“. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე“.
18. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ფარგლებში ბრალდების მხარეს არ ეკისრება ვალდებულება, დაცვის მხარეს გადასცეს საპროცესო დოკუმენტები, რომლებიც, თავისთავად, სადავო ნორმის მიზნებისთვის მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ. სადავო ნორმები ადგენენ ბრალდების მხარის ვალდებულებას, სისხლის სამართლის საქმეზე, ნებისმიერ ეტაპზე, დაცვის მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მას გადასცეს მის ხელთ არსებული ყველა ის ინფორმაცია, რომლის სასამართლოში მტკიცებულებად წარდგენასაც აპირებს და ასევე გამამართლებელი მტკიცებულებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ბრალდების მხარის მიერ ინფორმაციის სრული მოცულობით გადაუცემლობის შემთხვევაში კი ამ მასალის დაუშვებლად ცნობა ხდება. ამდენად, სადავო ნორმები ბრალდების მხარეს უდგენენ მხოლოდ ვალდებულებებს. ისინი არ ადგენენ მოსარჩელისათვის რაიმე დოკუმენტის გადაცემის აკრძალვას ან არგადაცემის უფლებამოსილებას.
19. სადავო რეგულირებები ასევე ადგენს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის ზოგად ვალდებულებას, განიხილოს შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ. ისინი ასევე არ შეეხება გარკვეული საპროცესო ქმედებების კანონიერების შემოწმების საკითხს. სადავო ნორმების რეგულირების სფერო საერთოდ არ შეეხება მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული დოკუმენტების გადაცემის ან არგადაცემის, ან სასამართლოში მათი დაშვების საკითხს.
20. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარისთვის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ყველა საპროცესო დოკუმენტის გადაუცემლობა იწვევს მისი კონსტიტუციური უფლებების შელახვას, მან უნდა გაასაჩივროს ის ნორმა, რომელიც კრძალავს ამგვარი მოქმედების განხორციელებას. ხოლო ასეთი ნორმის არარსებობის შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა გაასაჩივროს თავად ის საპროცესო ნორმა, რომელიც, მისი აზრით, უშვებს ბრალდების მხარის მიერ მისთვის გადაუცემელი საპროცესო დოკუმენტების საქმეში არსებობის პირობებში უფლების მზღუდავი საპროცესო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამდენად, სადავო ნორმის შემზღუდველი ხასიათის წარმოსაჩენად მოსარჩელე მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ ნორმის საფუძველზე მას ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული რომელიმე საპროცესო ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა ან/და უფლებაშემზღუდველი აქტი მის მიმართ მიიღება სათანადო პროცესუალური გარანტიების დაცვის გარეშე (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №1/23/824 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/821 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის №2/10/1285 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1322 განჩინება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №1/11/1361 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებთან მიმართებით, არც ერთი ზემოთ ხსენებული გარემოება სახეზე არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა სადავო ნორმებიდან არ მომდინარეობს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მათი არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
21. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადექვატური და რეალური შესაძლებლობა, რაც პირველ რიგში გულისხმობს როგორც უფლებას ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა-გაბათილებაზე, ასევე ამავე მიზნით უფლებას მტკიცებულების მოპოვებაზე ... სამართალწარმოების სამართლიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მხარეთა საპროცესო თანასწორობაზე, რაც გულისხმობს სამართალწარმოების მხარეებისათვის თანაბარი გონივრული შესაძლებლობების მინიჭებას მოიპოვონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. მხარეთა თანასწორობა ფარდობითი ხასიათისაა და მოწინააღმდეგე მხარესთან შედარების მიზანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა მხარეებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7,9).
22. მოსარჩელეს სურს, ბრალდების მხარეს ჰქონდეს მტკიცებულებებს მიღმა არსებული საპროცესო დოკუმენტების მოთხოვნისთანავე გადაცემის ვალდებულებაც, რათა შეძლოს, სრულყოფილად განახორციელოს დაცვის უფლება. ზოგადად, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება ადვოკატს, ის უფრო მარტივად შეძლებს დაცვის განხორციელებას. დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციის გამყარებაში ასევე დაეხმარებოდა ბრალდების მხარის ზუსტი პოზიციის წინასწარ ცოდნა, მაგალითად, მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი ახსნა-განმარტების ან დასკვნითი სიტყვის წინასწარ გაცნობა. თუმცა გარკვეული ღონისძიების შედეგად, დაცვის განხორციელების გამარტივების შესაძლებლობა თავისთავად მის კონსტიტუციით დაცულობაზე არ მიუთითებს. ზოგადად, ბრალდებული პირის კონსტიტუციური უფლებების მიზანია, თავიდან აიცილოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება და არა დამნაშავის მიმართ ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის შეფერხება.
23. ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნა საჭიროებს ბრალდების მიერ სათანადო სტრატეგიის განხორციელებას. სწორედ ბრალდების მხარის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია, დაკითხოს/არ დაკითხოს მოწმე ან ჩაატაროს/არ ჩაატაროს ექსპერტიზა. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, სადავო ნორმის სწორად შერჩევასთან ერთად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ ექსპერტიზის დანიშნვის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილება ისეთ საპროცესო დოკუმენტს წარმოადგენს, რომელთან დაკავშირებით ინფორმაციის დაუყოვნებლივ ფლობა დაცვის სათანადოდ განხორციელებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1467 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებისა და 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1467 („მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი