ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/6/1502 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 20 მაისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 მაისი 2020 18:52 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს ... ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები“ და მე-9 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ბ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
გ) „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1502) მიმართა საქართველოს მოქალაქე ზაურ შერმაზანაშვილმა. №1502 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2020 წლის 13 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 20 მაისს.
2. №1502 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის (შემდგომში - საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტი) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, დადგენილებით განსაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები. საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირებისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით. ამავე დეკრეტის მე-9 მუხლის თანახმად კი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირები.
4. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით (შემდგომში - საქართველოს მთავრობის №181 დადგენილება) დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, აღნიშნული უწყებების უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავენ და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, დაცვის უფლება გარანტირებულია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“.
6. №1502 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2020 წლის 2 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტისა და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმდა 3000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას პასუხისმგებლობა დაეკისრა არა კანონის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც განაპირობებს მისი რიგი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას.
7. მოსარჩელე მხარის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, დადგენილებით განსაზღვროს ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირები. დასახელებული უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებით, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების წესი. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოში, ისევე როგორც სასამართლოში, საქმისწარმოების წესებისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის უფლებამოსილება ექსკლუზიურად პარლამენტის კომპეტენციაა. გარდა ამისა, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ, თუკი საქმის განხილვის პროცედურები და დაცვის უფლების უზრუნველყოფის გარანტიები არ იქნება დადგენილი კანონით, დაირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული სადავო ნორმები ლახავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულ ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანად განხილვის უფლებას, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოსა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებებს.
8. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად, ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება და ამ ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დადგენა უნდა მოხდეს კანონით. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ქმედება, ასევე პასუხისმგებლობა დადგენილია არა კანონით, არამედ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული კი განაპირობებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევას.
9. დამატებით, მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, არც საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტი და არც საქართველოს მთავრობის №181 დადგენილება არ განსაზღვრავს, თუ რა წესით განიხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რა უფლებები და გარანტიები აქვს სამართალდამრღვევს, რა გარემოებები უნდა იქნეს გამოკვლეული პასუხისმგებლობის შეფარდებისას, აქვს თუ არა პირს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რომელ ორგანოში და რა წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში საქმის სამართლიანად განხილვის უფლებები, ამასთან, უგულებელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებული დაცვის უფლება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისსიტყვების „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს ... ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები“, მე-9 მუხლისა და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, დადგენილებით განსაზღვროს ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები. საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის მე-9 მუხლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. ხოლო საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, „თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, აღნიშნული უწყებების უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავენ და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“.
4. მოსარჩელე მხარის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის სადავო ნორმების საფუძველზე, მოხდა ადმინისტრაციული საქმისწარმოების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს მთავრობისათვის, რის საფუძველზეც, საქართველოს მთავრობამ №181 დადგენილების სადავო ნორმით განსაზღვრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის კონკრეტული წესი. მოსარჩელის პოზიციით, ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების წესები უნდა დადგინდეს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის საფუძველზე და დაუშვებელია ამ უფლებამოსილების დელეგირება. მოსარჩელის აღნიშვნით, უფლებამოსილების ამგვარი დელეგირება, მათ შორის, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლიანი სასამართლოსა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულ დაცვის უფლებებს.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ადეკვატური, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სამართლიანი სასამართლოს უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის საპროცესო უფლებას, მის შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მატერიალური უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს სასამართლოს გზით, უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმით, ეფექტურად სარგებლობის შესაძლებლობას.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებული „დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და, ზოგადად, გულისხმობს პირის შესაძლებლობას, დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ უფლებაში ჩარევა შესაძლოა სახეზე იყოს, თუ პირს, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს გარკვეული საპროცესო მოქმედებები, ეზღუდება დაცვის განხორციელების შესაძლებლობა პირადად ან/და დამცველის მეშვეობით.
7. განსახილველი სადავო ნორმები შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურულ წესებს. ისინი არ არეგულირებენ სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებს. ამავე დროს, მათ საფუძველზე არ ხდება დაცვის განხორციელების (პირადად ან/და დამცველის მეშვეობით), სასამართლოსათვის მიმართვის ანდა ხსენებული უფლებებით ეფექტურად სარგებლობისათვის საჭირო სხვა რომელიმე მოქმედების აკრძალვა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანად განხილვის უფლება კი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა, სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში, ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო რეგულირების ფარგლების და საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულებების შინაარსის არასწორ აღქმას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1502 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისსიტყვების „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს ... ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები“, მე-9 მუხლისა და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
9. დამატებით, მოსარჩელე მხარე საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. სადავო ნორმით, როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების წესი.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება განსაზღვრავს, რომ „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“. მითითებული კონსტიტუციური დებულება კანონიერების პრინციპის განუყოფელი ნაწილია და განამტკიცებს პირის ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ სტანდარტებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კონსტიტუციური დებულების ფარგლებში, ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ სისხლისსამართლებრივად დასჯადი ნებისმიერი ქმედება სისხლის სამართლის კანონმდებლობით იყოს გათვალისწინებული, მეორე მხრივ კი, ხსენებული კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი და მკაფიოდ ფორმულირებული განსაზღვრული იყოს იმ ხარისხით, რომ სამართლის ნორმის ადრესატს გააჩნდეს საკუთარ ქმედებაში სისხლისსამართლებრივი წესით აკრძალული ქმედების ნიშნებისა და ამავე ქმედების სამართლებრივი შედეგების განჭვრეტის შესაძლებლობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38, 39). ამდენად, კონსტიტუციის ხსენებული გარანტია „[...]არა მხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
11. განსახილველი სადავო ნორმა ადგენს პროცედურულ წესს, თუ რა გარემოებების არსებობისას არის შესაძლებელი პირის ადგილზე დაჯარიმება. სადავო ნორმა არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმას. სადავო ნორმა ქმნის სამართალდარღვევის განხილვის საპროცესო წესებს და არა თავად ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. იგი შეეხება იმ პროცესუალური საკითხის განსაზღვრას, თუ როდის, რა გარემოებების არსებობისას არის შესაძლებელი სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის ადგილზე შეფარდება. ამდენად, სადავო ნორმას არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/10/1264 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 6-11)
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1502 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს მთავრობის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
13. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
14. განსახილველი სადავო ნორმა ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის. მოსარჩელის პოზიციით, დაუშვებელია პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება პრეზიდენტის დეკრეტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აკრძალული ქმედებების შინაარსი, ისევე როგორც პასუხისმგებლობა ამ ქმედებებისათვის, გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება.
15. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას. აღნიშნული გარანტია არ მოიცავს პირის უფლებას, მოითხოვოს მატერიალური უფლების შექმნა ან ფარგლების გაფართოება. იგი მხოლოდ არსებული უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს.
16. ამასთან, როგორც უკვე აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების, სასამართლოს გზით, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სამართლიანი სასამართლოს უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
17. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით და 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებების შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს უფლების ან/და კანონიერი ინტერესის დაცვის საპროცესო მექანიზმით ეფექტურად სარგებლობის შესაძლებლობას. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს პასუხისმგებლობას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის. სადავო ნორმა არ აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოს ან/და სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესუალურ წესრიგს, შესაბამისად, მას არ გააჩნია მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით და 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებებთან.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1502 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1502 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1502 („ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს ... ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები“, მე-9 მუხლის და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1502 („ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს ... ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები“ და მე-9 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ბ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი