საქართველოს მოქალაქე ზაალ გველესიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/584 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 24 ივლისი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ზაალ გველესიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის №63 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის პირველ აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №584) მომართა საქართველოს მოქალაქე ზაალ გველესიანმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2014 წლის 2 აპრილს.
2. №584 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 23 ივლისს.
3. №584 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტები, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ პირველი, მე-2, მე-7, მე-13 მუხლები.
4. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის №63 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, ისარგებლოს სამინისტროს სისტემაში არსებული საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამებით და მონაცემთა ბაზებით. ამავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქის თანახმად კი, გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და ინფორმაციის, ასევე საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების საშუალებით გამოვლენილი დარღვევების შესწავლა-გადამოწმების მიზნით, კერძო აღმასრულებლისაგან მიიღოს ახსნა-განმარტება და მოთხოვნილი მასალები.
5. ამავე ბრძანების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, გეგმური შემოწმების გრაფიკი და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის 15 დეკემბერს გამოსცა ბრძანება №100 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სადავო ნორმებით უფლება მიეცა კერძო აღმასრულებელთა წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეებზე განახორციელოს ფარული დაკვირვება. აღნიშნული, მოსარჩელის განმარტებით, იწვევს ორ კერძო პირს - კერძო აღმასრულებელსა და მასთან სახელშეკრულებო ვალდებულებაში მყოფ კრედიტორს შორის არსებული საფინანსო და სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების, მისი მფლობელების ნებართვის გარეშე, მოპოვებას გენერალური ინსპექციის მიერ.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე არის კერძო აღმასრულებელი და, ამდენად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სადავო ნორმებით უშუალოდ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით და 41 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული მისი უფლებები.
9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძო აღმასრულებელი არის კერძო პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას - სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ანდა კერძო სამართლის იურიდიული პირები და აღსასრულებელი მოთხოვნა არ აღემატება 500 ათას ლარს.
10. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში უთითებს, რომ კერძო აღმასრულებელთა მიერ წარმოებული სააღსრულებო საქმეების მასალები თავსდება იუსტიციის სამინისტროს დაცული ელექტრონული საქმისწარმოების ერთიან ბაზაში. აღნიშნული მოიცავს საბანკო, კომერციულ, ფინანსურ და სხვა კერძო საკითხებთან არსებულ ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს ორ კერძო პირს შორის კრედიტორსა და კერძო აღმასრულებელს შორის დადებულ ხელშეკრულებას აღსრულების გატარების პირობებისა და ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ მათ საბანკო რეკვიზიტებს.
11. მოსარჩელის განმარტებით, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა ეს არის დაცული ინტერნეტურთიერთობების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ერთმანეთთან ინტერნეტის მეშვეობით დაკავშირებას და ურთიერთობას სააღსრულებო წარმოებათა მონაწილე მხარეებს შორის. მოვალეს და კრედიტორს აღსრულების დაწყებისთანავე ეძლევათ სპეციალური კოდები (ელექტრონული გასაღები), რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ სააღსრულებო საქმის არაკონფედენციალური ხასიათის მასალების გაცნობა. მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ სხვა კერძო პირს ამ დაცულ ინტერნეტურთიერთობებში კანონიერად შეღწევის საშუალება არ გააჩნია, რადგან საიტზე ინახება როგრც ოფიციალური, ასევე კონფედენციალური სახის ინფორმაცია, ისეთი, როგორიც არის ინფორმაცია მოვალისა და კრედიტორის მატერიალური მდგომარეობის შესახებ, მათი საბანკო რეკვიზიტები, ხელშეკრულება კერძო აღმასრულებელთან აღსრულების წესისა და საზღაურის რაოდენობის შესახებ, განცხადებები დაკავშირებული მოვალესა და კრედიტორის ურთიერთობებზე და სხვა მრავალი პირადი სახის ინფორმაცია.
12. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, კერძო აღმასრულებელსა და მასთან სახელშეკრულებო ვალდებულებაში მყოფი კრედიტორის სააღსრულებო საქმეებში არსებული საფინანსო და სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველასათვის ხდება ხელმისაწვდომი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ იმპერატიულ მოთხოვნას, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე.
13. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ამავე ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, ისარგებლოს სამინისტროს სისტემაში არსებული საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამებით და მონაცემთა ბაზებით, (თუ ბაზით) რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული პირადი ცხოვრების უფლება.
14. მოსარჩელის განმარტებით, ფარული დაკვირვების გზით ინფორმაციის მოპოვება დაშვებულია საქართველოს კანონით „ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებათა შესახებ“, რომლის მე-12 მუხლის შესაბამისად, დადგენილია იმ ორგანოების ჩამონათვალი, რომლებსაც გააჩნია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება. მოსარჩელე უთითებს, რომ მათ ჩამონათვალში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია არ არის დასახელებული. ამრიგად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს არ გააჩნია კანონიერი უფლება, მოახდინოს დახურულ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება, მოსამართლის ბრძანების გარეშე, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უთითებს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.
15. მოსარჩელე მხარის აზრით, პირადი ცხოვრების უფლებით დაცულია პირების კერძო სფერო, როგორც კონკრეტული ტერიტორია (მაგალითად, საცხოვრებელი სახლი, პირადი ავტომანქანა ან სხვა პირადი მფლობელობა), ისე განსაზღვრულ პირთა წრე, ვისთანაც პირს სურს კომუნიკაცია, ვისაც ის ირჩევს კონკრეტული ურთიერთობისათვის, ასევე საკითხები, რომელთა ანონიმურობა და ხელშეუხებლობა ან პირთა მხოლოდ კონკრეტულ წრეში განსაჯაროებაც სურს პირს. მოსარჩელის განმარტებით, კერძო, პირად სივრცეს ადამიანი თავად ქმნის და აქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მის მიერ შერჩეულ კერძო აღმასრულებელთან კომუნიკაცია მიუწვდომელი, ანონიმური, ხელშეუხებელი დარჩება ყველა იმ პირისათვის, რომელიც მან საკუთარი პირადი სივრცის მიღმა დატოვა.
16. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში განმარტავს, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, თავისი ინციატივით ან მინისტრის დავალებით, ფარულად მოახდინოს საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში შეღწევა, კერძო აღმასრულებლის პაროლის დამზადება, გაეცნოს საფინანსო და სხვა კერძო საკითხებთან არსებულ ინფორმაციას თვით მისი მფლობელის თანხმობის გარეშე. მოსარჩელე მხარის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს უკანონო შეღწევას დაცულ კომპიუტერულ ქსელში, რომელიც არღვევს როგორც კერძო აღმასრულებლის, ასევე მასთან სახელშეკრულებო ვალდებულებებში მყოფი კრედიტორის კონსტიტუციურ უფლებებს.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
18. 2014 წლის 21 ივლისს მოსარჩელის შვილმა გიორგი გველესიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა წერილით (01/08-23), რომელშიც მითითებულია, რომ 2014 წლის 15 ივნისს გარდაიცვალა მოსარჩელე ზაალ გველესიანი. წერილს ერთვის გარდაცვალების მოწმობა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის 21 ივლისს მოსარჩელის შვილმა გიორგი გველესიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა წერილით (01/08-23), რომელშიც მითითებულია, რომ 2014 წლის 15 ივნისს გარდაიცვალა მოსარჩელე ზაალ გველესიანი. წერილს ერთვის გარდაცვალების მოწმობა.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობს კონკრეტული სუბიექტის გარეშე, მოსარჩელე ზაალ გველესიანის გარდაცვალებით საფუძველი გამოეცალა მისი სასარჩელო მოთხოვნის განხილვას, რის გამოც, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზაალ გველესიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №584) სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. შეწყდეს საქმე №584 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ზაალ გველესიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი