საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე ჩიქოვანი და ნიკოლოზ ჩომახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/585 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 11 მარტი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე ჩიქოვანი და ნიკოლოზ ჩომახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №585) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - თორნიკე ჩიქოვანმა და ნიკოლოზ ჩომახიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 4 აპრილს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 11 მარტს.
2. №585 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში იმავე ქმედებისთვის ადგენს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ“. კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“. ხოლო 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ „ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები აპროტესტებდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის უნივერსიტეტის რექტორის დანიშვნის უფლებამოსილების მინიჭების საკითხს და სურდათ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლზე განეთავსებინათ შესაბამისი საპროტესტო ბანერი.
6. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც გაშლილი პლაკატის ძეგლზე განთავსებას აპირებდნენ. მოსარჩელეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
7. მოსარჩელეთა განცხადებით, სადავო ნორმა ბუნდოვანია და არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნას, რაც, თავის მხრივ, მოსარჩელეთა სამართალდამრღვევებად ცნობის და მათ მიმართ არაპროპორციულად მაღალი სანქციის დაკისრების მიზეზი გახდა. მათ მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია, შეზღუდოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლება და ადამიანებს არ მისცეს საშუალება, ამ უფლებით სრულყოფილად ისარგებლონ. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც კი ადასტურებს ფაქტს, რომ მათ უშუალოდ ძეგლზე ვერ მოასწრეს ბანერის განთავსება, სასამართლოს სადავო სიტყვების ბუნდოვანების გამო ფართო ინტერპრეტაციის საშუალება მიეცა.
8. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელეთა განმარტებით, მათი აზრი და სიტყვა პირად სფეროში რჩებოდა მანამ, სანამ მათ საკუთარი ბანერი არ გაშალეს ილიასა და აკაკის ძეგლის წინ, ამ დრომდე კი მათ თვალყურს ადევნებდა საპატრულო პოლიციის თანმშრომელი, რითაც ჩარევა და კონტროლი ხორციელდებოდა მოსარჩელეთა მიმართ იმ პერიოდში, როდესაც მათი ქმედება დაცული იყო კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული უფლებით. შესაბამისად, მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს.
9. მოსარჩელეთა განცხადებით, მათ ასევე შეეზღუდათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაც, რომელიც თავის მხრივ, გამოხატვის თავისუფლების განხორციელების საშუალებას წარმოადგენს. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შეკრების (მანიფესტაციის) უფლება კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროს იმდენად უკავშირდება, რამდენადაც ის აზრის გავრცელების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. შეკრებას (მანიფესტაციას) კონსტიტუციურ უფლებად მისი მიზანი და შინაარსი აქცევს. ამ მხრივ, კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომელიც ადამიანთა ჯგუფის მიერ აზრის გამოხატვის კოლექტიურ შესაძლებლობას იცავს, კონსტიტუციის 24-ე მუხლის გაგრძელებას წარმოადგენს. შესაბამისად, საკანონმდებლო ნორმას, რომელიც შეკრების ან/და მანიფესტაციის მეშვეობით აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, შეკრების (მანიფესტაციის) ადგილს, მის შინაარსს ან/და ფორმას უკავშირდება, შესაძლებელია, კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებთან თანაბარი მიმართება ჰქონდეს.
10. მოსარჩელეთა აზრით, სახელმწიფო ვალდებული იყო, დაეცვა მათი გამოხატვის თავისუფლება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არ არსებობდა უფლების შეზღუდვის კონსტიტუციით დადგენილი ლეგიტიმური ფარგლები.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად არ მიიღებს. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის №2/2/438 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევის კონსტიტუციურობის საკითხს, ამავე დროს, იგი სადავოდ ხდის 150-ე მუხლის მე-3 პუნქტის სანქციის კონსტიტუციურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამრთლო ცალ-ცალკე შეაფასებს სარჩელის დასაბუთებულობის საკითხს ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევის და ამ ქმედებისთვის განსაზღვრული სანქციის დამდგენ სადავო ნორმებთან მიმართებით.
2. №585 სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე მხარე პრობლემატურად არ მიიჩნევს ზოგადად სადავო ნორმის საფუძველზე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების შენობებზე უნებართვოდ განთავსების აკრძალვას. სარჩელში პრობლემურად არის მიჩნეული ის საკითხი, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვა „განთავსება“ ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადია, ვინაიდან მასში არ იგულისხმება უშუალოდ სხვადასხვა სახის წარწერის თუ სიმბოლოს განთავსება, არამედ შესაძლებელია, ასევე მოიაზრებოდეს განთავსების მიზნით ბანერის ან სხვა სიმბოლოს ხელში დაკავება. როგორც სარჩელიდან იკვეთება, სწორედ ამ შინაარსით ხდის მოსარჩელე მხარე ხსენებულ ნორმებს სადავოდ და ეს გარემოება წარმოადგენს ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ მითითებულ ერთადერთ პრობლემას.
3. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ სადავო ნორმა მათ მიერ მითითებული შინაარსით განმარტეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა და ისინი დააჯარიმეს ბანერის ხელში დაკავებისათვის (მისი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განთავსების მიზნით) თავად განთავსების ფაქტის არარსებობის პირობებში. თუმცა, როგორც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან იკვეთება, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს მოსარჩელეების მიერ პლაკატის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განთავსების ფაქტი. სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოსარჩელეების მიერ ძეგლზე განთავსების გარეშე, პლაკატის მხოლოდ ხელში დაკავება გახდა მათი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენის საფუძველი.
4. ამავე დროს, კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში არც სადავო ნორმა იძლევა მოსარჩელეთა მიერ მითითებული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი პუნქტი ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს, რომ პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს თავად პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსების ფაქტი. ტერმინი განთავსება საკმარისი სიცხადით იძლევა სადავო ნორმის შინაარსის განმარტების შესაძლებლობას და იგი გულისხმობს პლაკატის დამაგრებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. კანონი ხშირ შემთხვევაში აბსტრაქტული ბუნებისაა, შეუძლებელია მან ამომწურავად ჩამოთვალოს ყველა ის ხერხი თუ მექანიზმი, რომელიც პლაკატის განთავსებისათვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. სადავო ნორმების ზოგადი ხასიათი გამომდინარეობს მათი დანიშნულებიდან, რათა პლაკატის იმ ადგილებზე განთავსებით, რომლებიც არ არის გამოყოფილი საამისოდ, მოახდინონ ქალაქის იერსახის დამახინჯების თითოეული უნებართვო შემთხვევის აღკვეთა. აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა კანონმდებლისთვის იმის მოთხოვნა, კონკრეტულად მიეთითებინა ყველა იმ საშუალებაზე, რომელიც განთავსებისათვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. სადავო ნორმების მიზანია ქალაქისა და კულტურული ძეგლების იერსახის დამახინჯების აღკვეთა, შესაბამისად, იგი მიმართულია ისეთი ქმედების შეზღუდვისაკენ, როდესაც დაცული ობიექტის იერსახის შეცვლა ხდება მასზე გარკვეული დეტალების უნებართვოდ დამატებით, იქნება ეს წარწერა, პლაკატი თუ ლოზუნგი. იმ პიროებში, როდესაც განსათავსებელ პლაკატსა და დაცულ ობიექტს შორის რეალური ბმა არ არსებობს, პლაკატი მომიტინგეებს ხელში უჭირავთ, პირისათვის სადავო ნორმის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრება გამორიცხულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ პრობლემურად მიჩნეული შინაარსი სადავო ნორმას არ გააჩნია და სასარჩელო მოთხოვნის ამდაგვარი დაყენება უკავშირდება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების არასწორ განმარტებას, მისი შინაარსის არასწორ აღქმას.
5. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანების გამო ახდენენ „მსუსხავ ეფექტს“ გამოხატვის თავისუფლებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება „მსუსხავ ეფექტს“ განიცდის, თუ პირი, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულია თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც. „„მსუსხავი ეფექტის“ გავლენით ნორმის ზემოქმედება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე შესაძლებელია გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები -ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმის მოქმედების ფაქტობრივი შედეგი სცდება პლაკატების, ლოზუნგების და ბანერების განთავსების აკრძალვას და სანქციის შიშით პირი იძულებული ხდება, თავი შეიკავოს ისეთი ქმედების განხორციელებისაგან, რომელიც „განთავსებას“ საერთოდ არ გულისხმობს. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმები საკმარისი სიცხადით ახდენენ აკრძალული ქმედების რეგლამენტაციას. სადავო კანონი როგორც მისი შემფარდებლისათვის, ასევე გამოხატვის თავისუფლების რეალიზების ფარგლებში მოქმედი პირისათვის საკმარისი სიცხადით განსაზღვრავს, რომ დადგენილი შეზღუდვა არ გულისხმობს პასუხისმგებლობის დაყენებას „განთავსების“ ფაქტის არარსებობის პირობებში. შესაბამისად, სარჩელში მითითებული არგუმენტაცია არ გამოდგება სადავო ნორმიდან მომდინარე „მსუსხავი ეფექტის“ სამტკიცებლად.
6. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. №585 კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს ასევე მიაჩნიათ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის ოდენობა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს, 24-ე მუხლის პირველ პუნქტს და 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმით განსაზღვრული სახდელის ოდენობა იწვევს მათი კონსტიტუციური უფლებების ზედმეტად მკაცრ შეზღუდვას.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ ადმინისტრაციული სახდელის დამდგენი ნორმა არსებითად განსახილველად იქნეს მიღებული, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახდელის კონკრეტული ზომა არის იმდენად მკაცრი, რომ ის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევად შეიძლება დაკვალიფიცირდეს. საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები „ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები - დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
9. მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის ზონაში განთავსებული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დაცვის მიზანს. ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის, თვითმმართვეული ერთეულის იერსახის დაცვა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს. ამავე დროს, არ არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სახდელის კონკრეტული ზომა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი ადმინისტრაციული სახდელი არ შეიძლება იქნეს განხილული მიზნის მიღწევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ საშუალებად.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №585 („საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე ჩიქოვანი და ნიკოლოზ ჩომახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი