საქართველოს მოქალაქე გრიგოლ შანგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/661 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 4 აგვისტო 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 აგვისტო 2016 17:16 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქე გრიგოლ შანგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №661) მომართა საქართველოს მოქალაქე გრიგოლ შანგუამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 3 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 3 აგვისტოს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი.
3. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის 2012 წლის 24 აპრილამდე არსებული რედაქცია, საჯარო საქმიანობის შეწყვეტისას საჯარო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეწყვეტილი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის განახლებას ითვალისწინებდა, თუმცა 2012 წლის 24 აპრილის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (№6061-Iს) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სადავო კანონის დასახელებული ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლითაც განისაზღვრა, რომ „კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კანონის წინაშე ყველას თანასწორობის საყოველთაო პრინციპს განამტკიცებს, ხოლო 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.
5. №661 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ 2012 წლის დეკემბერში, საჯარო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, შეწყდა დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა. 2013 წლის 18 ოქტომბერს ის საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემიდან იქნა დათხოვნილი, რის შემდგომაც მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპენსაციის გაცემის განახლების მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ 2012 წლის 24 აპრილს კანონში შესული ცვლილების თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი აღარ ითვალისწინებდა საჯარო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეწყვეტილი კომპენსაციის განახლების შესაძლებლობას.
6. მოსარჩელის მითითებით, კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ არ მოხდეს კონკრეტული პირთა ჯგუფის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვა, ვიდრე მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა კატეგორიის პირებისა.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საჯარო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეწყვეტილი კომპენსაციის განახლების წესის გაუქმებით, მოხდა მისი უარეს მდგომარეობაში ჩაყენება იმ პირებთან შედარებით, ვინც დათხოვნილ იქნენ სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, თუმცა იმავე რეჟიმში იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასახელებული ცვლილება და კომპენსაციის განახლების წესის გაუქმება დისკრიმინაციულია, შესაბამისად, ის არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
9. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არამატერიალურ ქონებრივ უფლებასა და მოთხოვნებს განიხილავს საკუთრებად. მას, როგორც სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილ პირს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე ჰქონდა მოპოვებული უფლება, რაც შეიზღუდა სადავო ნორმით. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაციით მოხდა მისი საკუთრების უფლების შეზღუდვა, რის გამოც, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით მისთვის გარანტირებული საკუთრების უფლება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველი კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი, თუმცა მოსარჩელე მხარე აკონკრეტებს, რომ მისთვის პრობლემას წარმოადგენს „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2012 წლის 24 აპრილის №6061-Iს საქართველოს კანონით, სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმადაც, საჯარო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის შემთხვევაში, გაუქმდა მისი გაცემის განახლების წესი. საკანონმდებლო ორგანომ სრულიად ახლებური შინაარსით ჩამოაყალიბა სადავო ნორმა, რომელიც აღარ არეგულირებს კომპენსაციის/სტიპენდიის განახლების საკითხებს.
2. ცვლილებების შესახებ კანონის იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც ძირითადი აქტიდან გარკვეული დებულებების ამოღება/გაუქმება ხდება, საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 28 დეკემბრის განმარტა, რომ მიუხედავად იმისა რომ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებული კანონი, ფორმალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ძირითადი აქტის თანაბარმნიშვნელოვან აქტს... „საკონსტიტუციო სასამართლოს შინაარსობრივი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს არა ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის ესა თუ ის ნორმა, არამედ ძირითადი (კოდიფიცირებული) კანონის იმ ნორმის მოქმედი რედაქცია, რომელიც ჩამოყალიბდა განხორციელებული ცვლილების შედეგად“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/494 განჩინება საქმეზე „„ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ „ ... ნორმის ნორმატიული ხასიათი ვლინდება ადამიანთა ქცევის სავალდებულო რეგულირებაში და განსაზღვრავს ამ ქცევათა მოქმედების ფარგლებს. შესაბამისად, სამართლებრივი დებულება მაშინ არის ნორმატიული ხასიათის მატარებელი, თუ იგი ადგენს ქცევის სავალდებულო წესს, რომელიც კონკრეტული პირის ან პირთა წრის მიმართ ადგენს აკრძალვებს ან პირიქით, ნებას რთავს გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. სამართლებრივი ნორმის სავალდებულო ხასიათი ემსახურება სწორედ ამ ფუნქციების განხორციელებას და მიზნად ისახავს ახალი სამართლებრივი წესრიგის დადგენას მისი მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/494 განჩინება საქმეზე „„ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება, სადავო ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის შემთხვევაში მისი გაცემის განახლების წესის ამოღების, გაუქმების კონსტიტუციურობა. სასამართლომ შეიძლება შეაფასოს მხოლოდ ძირითადი კანონის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც ჩამოყალიბდა ცვლილებების შესახებ კანონის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის დროს მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობაზე.
4. საქართველოს კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის N2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
5. განსახილველ საქმეში, მოსარჩელის პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ვერ ახერხებს უკვე დანიშნული და საჯარო სამსახურში გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობის გამო შეწყვეტილი კომპენსაციის განახლებას. სადავო ნორმის 2012 წლის 24 აპრილის შემდგომ ჩამოყალიბებული რედაქციის თანახმად, „კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს“. სადავო ნორმა არ ადგენს არც კომპენსაციის შეწყვეტის და არც მისი განახლების საფუძველს. კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. შესაბამისად, სადავო ნორმა არ განაპირობებს მოსარჩელისათვის შეწყვეტილი კომპენსაციის განახლების უფლების შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ მისი შინაარსის არასწორ აღქმას. მოსარჩელე მიუთითებს ნორმის იმ შინაარსის არაკონსტიტუციურობაზე, რომელიც მას საერთოდ არ გააჩნია. შესაბამისად, ამგვარი არგუმენტაცია არ გამოდგება სადავო ნორმის კონსტიტუციის დებულებებთან მიმართების დასასაბუთებლად.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №661 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რის გამოც, არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7 და მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №661 (საქართველოს მოქალაქე გრიგოლ შანგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი