საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი დიასამიძე, გულიკო კაკაბაძე, რევაზ კვაჭანტირაძე და სხვები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/647 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 10 მაისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 მაისი 2016 23:29 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე,
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი დიასამიძე, გულიკო კაკაბაძე, რევაზ კვაჭანტირაძე და სხვები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებისა და „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 6 ივნისის N440 ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტთან, 21-ე მუხლთან და 42-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №647) მიმართა საქართველოს 59-მა მოქალაქემ ირაკლი დიასამიძემ, გულიკო კაკაბაძემ, რევაზ კვაჭანტირაძემ, მაია ჟღენტმა, რამაზ კვაჭანტირაძემ, ზვიად მახარაძემ, როლანდ ბოლქვაძემ, მამია მახარაძემ, მერი გურგენიძემ, მედეა ლომთათიძემ, ბეგლარ ცეცხლაძემ, კაკო გოგიტიძემ, ნარგიზ დოლიძემ, სოფიო ცეცხლაძემ, ასლან მახარაძემ, ავთანდილ მახარაძემ, ვაჟა ვერულიძემ, მანანა დიასამიძემ, ასლან გუგუნავამ, ზაურ ცეცხლაძემ, ჯემალ კილაძემ, ნოდარ ყურშუბაძემ, პეტრე ტკაჩიმ, ზაზა ნოღაიდელმა, ირმა ფედოროვამ, ედნარ ქათამაძემ, ირმა კაიკაციშვილმა, ნათია თხილაიშვილმა, ეთერ ნოღაიდელმა, დავით შაქარიშვილმა, გიორგი შაქარიშვილმა, ეკა მჟავანაძემ, სულხან ხარაზმა, ჯუმბერ ხარაზმა, ილია ჯინჭარაძემ, მეთოდე სამხარაძემ, გიორგი ტაკიძემ, ავთანდილ ტაკიძემ, სულიკო ინაიშვილმა, ირინა ხარაზმა, თენგიზ მჟავანაძემ, მზევინარ მანელიშვილმა, ბიჭიკო რომანაძემ, არჩილ მიქაძემ, ზურაბ ევგენიძემ, მაყვალა მოწყობილმა, გურამ ხარაზმა, ნოდარ ქათამაძემ, ლუდმილა მახარაძემ, ინგა ბერძენაძემ, მალხაზი ხაბაზმა, გოჩა გოგიტიძემ, ირაკლი გოგიტიძემ, გოჩა თხილაიშვილმა, ნიაზ ბეჟანიძემ, ნონა ბლადაძემ, შოთა ბაჟუნაიშვილმა, თემურ გოგიტიძემ და გოდერძი ბოლქვაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 5 მაისს.
2. №647 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 10 მაისს.
3. №647 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. სადავო ნორმები ადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან/და სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებებს და მათი განხორციელების წესს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტები, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი, 21-ე და 42-ე მუხლები განსაზღვრავს ადამიანის პატივისა და ღირსების, თავისუფლების, პირადი ცხოვრების, საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის გარანტიებს.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანების 2013 წლის 18 მარტიდან ამავე წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, საკუთრებაში არსებული ნივთის ხელყოფის, ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებები არ გამოიყენებოდა იმ შემთხვევებთან მიმართებით, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება ან სასამართლო დავა.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 6 ივნისის №440 ბრძანებით, შეიცვალა საკუთრების უფლების ხელყოფის/ხელშეშლის აღკვეთის წესი და იგი გავრცელდა, მათ შორის, საკუთრებაში არსებული ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის იმ შემთხვევებზე, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება ან სასამართლოში სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობდა.
8. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 6 ივნისის №440 ბრძანებით განხორციელებულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის მასიურ გამოსახლებას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, შესაძლებელია პირის გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პოლიციის მეშვეობით.
9. მოსარჩელეთა განმარტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია, დაიცვას მთელი რიგი ნორმები ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარის მონაწილეობასთან, საქმის გარემოებების გამორკვევასთან, მტკიცებულებათა გამოკვლევასთან, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მხარისათვის გაცნობასთან დაკავშირებით. ვითარების საფუძვლიანად შესწავლის გარეშე ადამიანების გამოსახლების პროცესის წარმართვა, შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ადამიანის უფლებათა დაცვისადმი გულგრილი დამოკიდებულების მაჩვენებელია.
10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 6 ივნისის №440 ბრძანება გამოსახლების პროცესს აღარ აჩერებს მაშინაც კი, როდესაც არსებობს გასასახლებელი პირის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის აშკარა და კონკრეტული ზიანის მიყენების საფრთხე. ამგვარად, მოსარჩელის აზრით, ოჯახების არსებული ფორმით გამოსახლება ეწინააღმდეგება საცხოვრებლის უფლების დაცვის სტანდარტს და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
11. მოსარჩელეთა განმარტებით, საპოლიციო გამოსახლება იმ ფორმებითა და მეთოდებით, როგორიც დღეს ხორციელდება სახელმწიფოში, არაპროპორციულია და ლახავს მოსარჩელეთა უფლებებს. ასეთი ტიპის ქმედება ფაქტობრივად გათანაბრებულია წამებასთან, ვინაიდან არსებულ ვითარებაში მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვერ უძლებენ ასეთ სტრესს და გამოსავალს მხოლოდ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაში ხედავენ.
12. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სასამართლო უნდა იყოს უფლების დაცვის ეფექტური საშუალება. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები არ ითვალისწინებს გამოსახლების პროცესის შეჩერების ვალდებულებას იმ პირობებშიც კი, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება ან/და საქმე განიხილება სამოქალაქო/ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ, შესაბამისად, პირები ვეღარ ახერხებენ თავიანთი უფლების ეფექტურად დაცვას სასამართლოს მეშვეობით. ამდენად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები უხეშად არღვევს გასასახლებელი და იქ მცხოვრები სხვა პირის უფლებებსაც, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია თავად პოლიციური გამოსახლების ინსტიტუტი.
13. მოსარჩელე მხარე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს გაეროს კომიტეტის ზოგად კომენტარებზე და განმარტავს, რომ „იძულებითმა გამოსახლებამ, იმავდროულად, შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა, მათ შორის, სიცოცხლის, უსაფრთხოების, პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაურევლობის, საცხოვრებლის ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებები". ამასთან, მოსარჩელეთა აზრით, პირის გამოსახლებისას იზღუდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი და ამავე კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტი.
14. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს, 21-ე მუხლსა და 42-ე მუხლს. ამასთან, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეები ითხოვენ სადავო ნორმების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 6 ივნისის №440 ბრძანება.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონში მოცემული რეგულირებები სამართლებრივ სივრცეში ცვლილებებს იწვევს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, რა დროიდანაც იგი განიხილება ძირითადი კანონის შემადგენელ ნაწილად... მასში მოცემული რეგულირებები განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ ძირითად კანონში ინტეგრირებულად, სისტემურად და სხვა ნორმებთან კონტექსტში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს შინაარსობრივი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს არა ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის ესა თუ ის ნორმა, არამედ ძირითადი (კოდიფიცირებული) კანონის იმ ნორმის მოქმედი რედაქცია, რომელიც ჩამოყალიბდა განხორციელებული ცვლილების შედეგად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-7).
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 6 ივნისის №440 ბრძანება წარმოადგენს ცვლილებების შესახებ დოკუმენტს, რომელმაც ძალაში შესვლის მომენტიდან დაკარგა დამოუკიდებელი ნორმატიული შინაარსი და გახდა შესაბამისი ნორმატიული აქტის კონსოლიდირებული ვერსიის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანების არსებითად განსახილველად მიღების საკითხზე.
4. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“.
5. „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის №75 ბრძანების მე-2 მუხლით ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანება“.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის №75 ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, შესაბამისად, საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო ნორმა არის ძალადაკარგული. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო, ვერ იმსჯელებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ნორმა მიემართება მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებიც მიღებულია არსებითად განსახილველად.
7. ამდენად, №647 კონსტიტუციურ სარჩელზე არსებობს სამართალწარმოების შეწყვეტის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №647 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი დიასამიძე, გულიკო კაკაბაძე, რევაზ კვაჭანტირაძე და სხვები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა