საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/587 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 12 სექტემბერი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე“კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №587) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 8 აპრილს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 12 სექტემბერს.
3. N587 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
4. „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი აყალიბებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლს.
5. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1344 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე“. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
6. სახალხო დამცველის აზრით, სადავო აქტის ლეგიტიმური საჯარო მიზანი ბუნდოვანია. გარდა ამისა, მისთვის გაუგებარია, კანონით განსაზღვრული კონკურსის წესით დანიშნულ პირთა უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი და მიზანი, მაშინ როდესაც არსებობს ალტერნატივა - გაუქმდეს ვაკანტური საშტატო ერთეულები. მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო ნორმა არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევის თანაზომიერ საშუალებას.
7. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიხედვით, ყველა საჯარო მოხელე დაცულია სამსახურიდან უსაფუძვლო განთავისუფლებისგან. სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება უთანაბრდება საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლებას. თანამდებობიდან გათავისუფლება დეტალურად გაწერილი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ხდებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო აქტს 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან არაპირდაპირი მიმართება აქვს, რადგან სადავო აქტი პირდაპირ არ ზღუდავს სასამართლოზე წვდომას, თუმცა მოქმედ პროცედურულ-სამართლებრივ წესრიგში შეუძლებელია შეზღუდული უფლების საერთო სასამართლოს გზით რეალიზაცია, რაც უთანაბრდება სასამართლოსთვის მიმართვის ამკრძალავ პირდაპირ დებულებას. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო აქტი განსაზღვრავს ინსტიტუტს, რომელიც მატერიალურ-სამართლებრივია თავისი შინაარსით, მაგრამ მისი საპროცესო რეალიზაცია შეუძლებელია მოქმედ სამართლებრივ წესრიგში.
9. სახალხო დამცველის მითითებით, ყველა საჯარო მოხელე დაცულია სამსახურიდან უსაფუძვლო განთავისუფლებისგან. შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ სასამართლოსთვის მიმართვის გარანტია და სასამართლოს მეშვეობით თავიანთი უფლებების დაცვის ეფექტური საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეები შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. სადავო აქტის ამოქმედება ავტომატურად უშლის ხელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, განახორციელოს რაიმე ეფექტური ღონისძიება უფლებების დაცვის მიზნით. მოსარჩელის აზრით, თუ სასამართლო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, არსებული პრობლემა მოიხსნება, რადგან გაჩნდება უფლებების დაცვის მექანიზმი. თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლოა პარლამენტმა ახალი ნორმის მიღება ვერ მოასწროს. კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით აღნიშნულია, რომ სადავო ნორმების მოქმედებამ, მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებთან დაკავშირებით, შესაძლებელია გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები. კერძოდ, თუკი სასამართლო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას და ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეების თანამდებობაზე ჩატარდება კონკურსი, შეუძლებელი გახდება ამ პირთა უფლებრივი რესტიტუცია.
11. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს და უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №587 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე“კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის №2479-IIს „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონით ცვლილებები შევიდა საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული მუხლი აყალიბებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლს.
3. დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, №587 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის, სადავო ნორმამ იურიდიული ძალა დაკარგა.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №587 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი