საქართველოს მოქალაქე კარლო გოგოტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/9/692 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 დეკემბერი 2016 16:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კარლო გოგოტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, მე-7 მუხლის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №692) მომართა საქართველოს მოქალაქე კარლო გოგოტიშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2015 წლის 19 ნოემბერს. №692 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 29 დეკემბერს.
2. №692 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლებს. მე-7 მუხლის (2015 წლის 3 ივლისის რედაქცია) თანახმად, „კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“ ან „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს“. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდოს შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა“. ამავე კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს ვალდებულებას, კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების მე-7 მუხლთან შესაბამისობა.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე არის საქართველოს პროკურატურის ყოფილი მუშაკი, შესაბამისად, არის სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირი. მოსარჩელეს 2006 წლიდან შეუმცირდა კომპენსაცია 180 ლარის ოდენობით და, შედეგად, იღებს 560 ლარს. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული შემცირება გამოწვეულია სწორედ სადავო ნორმების საფძველზე, რითაც დაირღვა პირის მდგომარეობის გამაუარესებელი, ზიანის მომტანი კანონის მოქმედების უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციური მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №692 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის, მათ შორის მე-6 მუხლის და მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. „„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2016 წლის 24 ივნისის (№5598-IIს) საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლების საფუძველზე „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, გაფართოვდა პირთა წრე, რომლებზეც არ ვრცელდება ამავე კანონის გარკვეული მუხლების მოქმედება. ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ასევე მე-7 მუხლი და გაფართოვდა პირთა წრე, რომლებზეც არ ვრცელდება მითითება, რომ მათი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
3. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ; II-5).
5. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმაში ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და რაც ასევე გამორიცხავს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძვლის არსებობას (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №692 კონსტიტუციურ სარჩელზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 51 პუნქტისა და ამავე კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
7. გარდა ამისა, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევის ერთ-ერთი წინა პირობაა, რომ მასში წარმოჩენილი იყოს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და შესაბამის კონსტიტუციურ უფლებას შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს არგუმენტაცია, რომელიც სადავო ნორმის საფუძველზე წარმოაჩენს მისი უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვას და რომელიც უკავშირდება კონსტიტუციის მითითებული მუხლებით დაცულ სფეროს.
8. მოსარჩელე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას, რადგან მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებულ 560 ლარამდე კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნების დარღვევით შეუმცირდა კომპენსაცია.
9. კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
10. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმები ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, მის მაქსიმალურ ოდენობასა და კომპეტენტური ორგანოს ვალდებულებას, უზრუნველყოს, რომ დანიშნული კომპენსაციების ოდენობამ არ გადააჭარბოს 560 ლარს. იგი საერთოდ არ შეეხება მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაცვის რეგულირებას, შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან. შესაბამისად, №692 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. მოსარჩელე სადავო ნორმებს ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი კანონის დროში მოქმედების საფუძველს განსაზღვრავს, რაც სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპების დაცვის აუცილებლობით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლსი 4 მარტის № 1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
12. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აკრძალულ უკუძალას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციური დანაწესი არ უკრძალავს კანონმდებელს ამა თუ იმ საკითხის ახლებურად მოწესრიგებას. კანონის ცვლილება ხშირ შემთხვევაში თავის თავში მოიაზრებს სახელმწიფოსა თუ კერძო პირების გარკვეული უფლება-მოვალეობების შეცვლას. ახალი კანონი შეიძლება ადგენდეს პირთა გარკვეულ უფლებებსა თუ კანონიერ ინტერესებს, ისევე როგორც ახდენდეს მათი ქცევის თავისუფლების შეზღუდვას ან/და გარკვეული ვალდებულების დაკისრებას. თითოეული აღნიშნული შემთხვევა, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი უფლების შეზღუდვად. კონსტიტუციის მიზნებისათვის კანონის უკუძალით გამოყენება სახეზეა მაშინ, როდესაც ესა თუ ის ნორმა აწესრიგებს ნორმის ამოქმედებამდე არსებულ ურთიერთობებს, ანუ სამართლებრივ შედეგებს აყენებს იმ ქმედებებთან თუ მოვლენებთან მიმართებით, რომლებიც წარსულში განხორციელდა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 სექტემბრის №1/5/552 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციური პრინციპი არ ზღუდავს სახელმწიფოს, ახალი კანონით, მისი ამოქმედების შემდგომი პერიოდისათვის დაადგინოს განსხვავებული ოდენობა კომპენსაციის თანხისთვის, რომელმაც შესაძლებელია კომპენსაციის მიმღების ფინანსური შემოსავალი გაზარდოს ან შეამციროს.
13. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი არ ზღუდავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, განახორციელოს კომპენსაციის გაცემის რეჟიმის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ამ ცვლილებას პერსპექტივაში მოქმედების ეფექტი გააჩნია და არ იწვევს წარსულში დასრულებული ურთიერთობების გადახედვას. ცხადია, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება, გარკვეულ პირებთან მიმართებით შეამციროს გასაცემი კომპენსაციის ოდენობა, ცვლის კომპენსაციის მიმღების მოლოდინებს, გავლენას ახდენს მის სამომავლო ქმედებებზე. მართალია, კომპენსაციის გარკვეული ოდენობის მიღება წარმოშობს მოლოდინებს, განაპირობებს მისი მიმღების შესაბამის ქცევას, თუმცა არასწორი იქნება ამ მოლოდინების საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით დაცულ სფეროში მოქცევა. ამავე დროს, არც ის არის გამორიცხული, რომ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც ზემოთ აღწერილ მოლოდინებს უგულებელყოფს, მიმართება ჰქონდეს კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმებთან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასება შემოიფარგლება №692 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმების კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან შესაბამისობის შემოწმებით.
14. სადავო ნორმები არეგულირებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებს, რომლებიც მათი ამოქმედების შემდეგ განვითარდა/განვითარდება და იგი თავის თავში არ მოიაზრებს კანონის უკუძალის გამოყენებას კომპენსაციის მიმღებთა საზიანოდ. აღნიშნული ნორმები სამართლებრივ შედეგებს არ აყენებს იმ ქმედებებთან თუ მოვლენებთან მიმართებით, რომლებიც წარსულში განხორციელდა. სახელმწიფოსა და კომპენსაციის მიმღები პირის სამართლებრივი ურთიერთობა განგრძობადია, ხოლო სადავო ცვლილებები კი შეეხება მხოლოდ სადავო ნორმების მიღების შემდგომ პერიოდს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზეა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №692 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე კარლო გოგოტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 51 პუნქტისა და ამავე კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №692 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე კარლო გოგოტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი