„შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/673 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე.
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: „შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის სიტყვების „თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №673) მიმართა „შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 20 ოქტომბერს.
2. №673 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს სასამართლოს კომპეტენციას, მხარეთა თხოვნის შემთხვევაში მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს ამავე მუხლში ჩამოთვლილი გადაწყვეტილებები. მისი „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება“. ამავე კოდექსის 269-ე მუხლი შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის განხილვის პროცედურას, ხოლო სადავო სიტყვების მიხედვით, „თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების უფლებას. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დაცვის უფლება გარანტირებულია“.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არის საქმე, სადაც „შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ წარმოადგენს მოპასუხე მხარეს. აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, რომელიც საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის მომენტისათვის იყო კონსტიტუციური სარჩელის ავტორის საკუთრებაში. დასახელებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 14 აგვისტოს ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, ხსენებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მიანიჭა მოსარჩელეს, რომელმაც 2015 წლის 15 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში ქონების ახალი მესაკუთრე უფლებამოსილი იქნება, შეუზღუდავად განკარგოს იგი, რის შემდგომაც ის ვერ შეძლებს ქონების დაბრუნებას კეთილსინდისიერი შემძენისაგან სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი. ნამდვილ მესაკუთრეს დარჩება მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუმცა ქონებას სამუდამოდ დაკარგავს.
7. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმაში არსებული ზოგადი ჩანაწერი, რომელსაც ფართო შინაარსი გააჩნია, შესაძლებელია მოსამართლის მიერ გამოყენებულ იქნეს პრაქტიკულად ნებისმიერი კატეგორიის გადაწყვეტილების მიმართ, რაც ამ უკანასკნელს ანიჭებს გაუმართლებლად ფართო დისკრეციას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებობს ინდივიდუალურ მოსამართლეთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების რისკი. სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურება, კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საკუთრების უფლების შეზღუდვის მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დაშვება.
8. მოსარჩელის განმარტებით, განსხვავებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების სხვა საფუძვლებისა, რომლებიც სოციალურ მიზნებს ემსახურება, სადავო ნორმით დადგენილ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი. ამასთან, ამგვარი მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი ის მიიჩნევს, რომ შეზღუდვა არ წარმოადგენს მისი მიღწევის თანაზომიერ საშუალებას, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია დაპირისპირებულ ინტერესთა შორის ბალანსი და მესაკუთრისთვის არ არსებობს საკუთრების უფლების დაუსაბუთებელი ხელყოფისას სამართლებრივი დაცვის ადეკვატური მექანიზმი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
10. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, სასამართლო პროცესზე წარადგინოს მტკიცებულებები, არგუმენტები. აგრეთვე, საკუთარი პოზიცია დაიცვას ადვოკატის ან კვალიფიციური იურისტის მეშვეობით. მისი აზრით, ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის განხილვის შემთხვევაში დაირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული როგორც სასამართლოსათვის მიმართვის, ისე დაცვის უფლებები, რის გამოც ის მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის გასაჩივრებული სიტყვები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
11. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში მას შეიძლება მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. კერძოდ, ზემდგომ ინსტანციაში დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი ის ვერ შეძლებს ქონების დაბრუნებას. ამგვარად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერებას, საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
12. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე „შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ წარმომადგენელმა - რამაზ ჟამუტაშვილმა 2015 წლის 2 ნოემბერს წერილობითი განცხადებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, საქმეზე „„შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №673) სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №673 კონსტიტუციურ სარჩელზე („შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.)
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა