საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქარდავა, ია სტურუა და ნანა დოლენჯაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/8/590 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 12 სექტემბერი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქარდავა, ია სტურუა და ნანა დოლენჯაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 1 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №590) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ბესიკ ქარდავამ, ია სტურუამ და ნანა დოლენჯაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 1 მაისს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 12 სექტემბერი.
3. N590 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი აყალიბებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლს.
5. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1344 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი აღნიშნული თანანმდებობების კონკურსის წესით შევსების მაქსიმალურ ვადად აწესებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღეს.
6. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე ბესიკ ქარდავა მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურში დაგეგმვის, აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსად, მოსარჩელე ია სტუტუა - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების მთავარ სპეციალისტად, ხოლო მოსარჩელე ნანა დოლენჯაშვილი კი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადგილობრივი არქივის განყოფილების მთავარ სპეციალისტად.
8. მოსარჩელეთა განცხადებით, სახელმწიფო თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშვნა მოქალაქეს უჩენს ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ მისი უფლებამოსილება კონკრეტული ვადით არ არის შემოსაზღვრული, რაც ქმნის სტაბილურობის განცდას და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, დაცულია პირის უფლება, დაკავებულ თანამდებობაზე შეუფერხებლად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება. სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება უთანაბრდება საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლებას, შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებული რეგულაცია 29-ე მუხლით გარანტირებულ მის კონსტიტუციურ უფლებაში უხეში გაუმართლებელი ჩარევაა.
9. მოსარჩელეთა აზრით, კონკრეტული უფლებით სრულფასოვნად სარგებლობისთვის აუცილებელია, ჰქონდეს მისი დაცვის შესაძლებლობა სასამართლოს მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლების დარღვევის პრევენცია ან/და პოსტფაქტუმ უფლების დაცვა არაეფექტიანი იქნება და თავად ამ უფლების არსი გამოიფიტება. ვინაიდან სადავო ნორმის საფუძველზე მოსარჩელეები კარგავენ სამსახურს და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ამიტომ დარღვეულია მათი უფლება სამართლიან სასამართლოზე.
10. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №590 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის №2479-IIს „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონით ცვლილებები შევიდა საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში, რის შედეგადაც, ამოღებულ იქნა პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული მუხლი აყალიბებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლს.
3. დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, №590 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის, სადავო ნორმამ იურიდიული ძალა დაკარგა.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №590 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქარდავა, ია სტურუა და ნანა დოლენჯაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი