საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქარდავა, ია სტურუა და ნანა დოლენჯაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 590 |
ავტორ(ებ)ი | ბესიკ ქარდავა, ია სტურუა, ნანა დოლენჯაშვილი |
თარიღი | 1 მაისი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად არ მიღების საფუძვლები, რამდენადაც სარჩელი სრულად შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს და არ არსებოს ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 1344 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოების 2014 წლის არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე გამოცხადდება დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე, რაც უნდა მოხდეს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120 დღის განმავლობაში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სამსახურში განუსაზღვრელი ვადით მიღებული მოხელეები, რომელთაც ქონდათ მათი დასაქმების განუსაზღვრელ ვადასთან დაკავშირებით ლეგიტიმური მოლოდინი, ახსნა–განმარტების და გასაჩივრების საშუალების გარეშე, გათავისუფლდებიან მათ მიერ დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილნი იქნებიან ამავე თანამდებობზე მოვალეობის შემსრულებლებად, სანამ კონკურსის წესით არ მოხდება მოხელეთა დანიშვნა. სადავო ნორმა ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. კონსტიტუციის ეს ნორმები განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს. საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო თანამდებობა, მისი სპეციფიკურობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, წარმოადგენდეს სტაბილურ და დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება კანონითა და კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელება. სტაბილურობა, სახელმწიფო თანამდებობის პირების საქმიანობის დამოუკიდებლობის აუცილებელი პირობაა, ხოლო უფლებამოსილების განუსაზღვრელი ვადით განხორციელება, საქმიანობის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი არსებითი კომპონენტია. განუსაზღვრელი ვადით სახელმწიფო თანამდებობაზე განწესება მოქალაქეს უჩენს ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ იგი ამ თანამდებობაზე საქმიანობას განახორციელებს უვადოდ. შესაბამისად, კანონით განსაზღვრული ვადის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, იმგვარად, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს სახელმწიფო თანამდებობის პირთა ლეგიტიმური მოლოდინები და არ შეირყეს მათი ნდობა არსებული კანონმდებლობის მიმართ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული უფლება იცავს მოქალაქეებს არა მხოლოდ სამსახურში მიღების და საქმიანობის პროცესში, არამედ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროსაც (მაგალითისთვის იხილეთ საქმეები: ავთანდილ ჭოჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, #2/80–9, 1998 წლის 3 ნოემბერი; საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, #. 1/3/209,276, 2004 წლის 28 ივნისი). შესაბამისად, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება შეზღუდოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და სათანადო გამართლებით, პირთა უფლებებსა და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II-60). პირის უფლების შემზღუდველი ნებისმიერი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ არ არსებობს სხვა უფრო ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების გამოყენებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა (2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/2/569 საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). . მიუხედავად იმისა, საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის თუ არა განსაზღვრული პირის მიერ სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელების კონკრეტული ვადა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კანონმდებელმა უნდა დაასაბუთოს ის საჯარო ინტერესი, რომელიც უფლების შეზღუდვის აუცილებლობას განაპირობებს. საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელის სამსახურში მიღების ზოგადი წესი გულისხმობს მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიღებას განუსაზღვრელი ვადით. განსაზღვრული ვადით ინიშნებიან მხოლოდ დროებით არმყოფი მოხელეების შემცვლელები ან კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებლები. იგივე ვალდებულება გამომდინარეობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 25-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც, თითოეულ მოქალაქეს რაიმე დისკრიმინაციის და დაუსაბუთებელ შეზღუდვათა გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წინასწარი შეტყობინების უფლებას აღიარებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, ხოლო მიზეზის გარეშე გათავისუფლებას კრძალავს ამავე ქარტიის 24 -ე მუხლის ,,ა“ პუნქტი,რომლის თანახმად დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებებას იღებენ აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები კანონში შეტანილი იქნა დაინტერესებული მხარეების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე და მას წინ არ უძღვოდა რაიმე სახის წინასწარი კონსულტაციები საჯარო მოსამსახურეთა უფლებების დამცველ ორგანიზაციასთან, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს პარლამენტის მიერ 2003 წელს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #151 კონვენციის კარი 4, მუხლი 7, ,,სახელმწიფო სამსახურში დასაქმების პირობების განსაზღვრის პროცედურების და ორგანიზების უფლებების დაცვის შესახებ.“ საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის უფლება თავისი შინაარსით წარმოადგენს „სამოქალაქო უფლებას“, რომლის სასამართლოში დაცვის საშუალებაც პირს უნდა ჰქონდეს (იხ. ვილჰო ესკელინენი (CASE OF VILHO ESKELINEN AND OTHERS v. FINLAND) და სხვები ფინეთის წინააღმდეგ, განაც. ნო. 63235/00). თუმცა საქმეში კ.მ.ს. უნგრეთის წინააღდეგ (CASE OF K.M.C. v. HUNGARY 19554/11, 10 ივლისი, 2012), ეს სტანდარტი კიდევ უფრო გაფართოვდა: სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი, რომელიც იძლეოდა საჯარო მოხელეთა ახსნა–განმარტების გარეშე სამსახურიდან გათავისუფლების საშუალებას, არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპულის კონვენციის მე–6 მუხლს ,სამართლიანი სასამართლოს უფლებას რადგან შესაბამისი ახსნა–განმარტების გარეშე, სასამართლო ვერ შეძლებდა შეეფასებინა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება და ვერ დაიცავდა პირის სამოქალაქო უფლებას (პარ. 34). სადავო სამართლებრივი აქტი, რომელიც საჯარო მოხელის დაუსაბუთებელი გათავისუფლების საშუალებას იძლეოდა არაკონსტიტუციურად ცნო უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც. მნიშვნელოვანია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების ექსეპრტთა კომიტეტი თავის ყოველწლიურ მოხსენებებში მკაცრად აკრიტიკებდა და დისკრიმინაციულ მუხლად მიიჩნევდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,დ“ პუნქტსა და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რამდენადაც ის საშუალებას აძლევდა დამსაქმებელს ყოვლეგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაეთავისუფლებინა დასაქმებული. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 1344 მუხლი ასევე ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რამდენადაც ის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს უზღუდავს სასამართლოსთვის მიმართვის, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიას და დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ პირობას, რომელიც ასევე დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლით. აღნიშნული უფლებაზე, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაზე, არაერთხელ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილებისა ან დარღვეული უფლების აღდგენის სამართლებრივი საშუალება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავად უფლებით სარგებლობა. სადავო მუხლი ფაქტობრივად უსამსახუროდ ტოვებს საჯარო მოხელეებს, ისე რომ არ უტოვებს აღნიშნულის სასამართლოს მეშვეობით გასაჩივრების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ უფლებას სამართლიან სასამართლოზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს საკუთარ გადაწყვეტილებებში, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება #1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 15). „შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაცული უნდა იყოს გონივრული თანაზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/393,397 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). თუმცა უფლების შემზღუდველი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობას. `სადავო აქტების შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს მათი მიღებისას. თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა~ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/2/411 საქმეზე „შპს `რუსენერგოსერვისი~, შპს `პატარა კახი~, სს `გორგოტა~, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო `ფერმერი~ და შპს `ენერგია~ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“). ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია. უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც. `ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც, როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა