საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/703 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 27 იანვარი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 იანვარი 2017 19:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“), იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ვრცელდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი - მერაბ ქართველიშვილი; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №703) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 18 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2016 წლის 20 დეკემბერს.
2. №703 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსსკ) 378-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია რომ, მოსარჩელე ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 თებერვლის განაჩენით მოსარჩელის მიერ იმავე ქმედების ხელმეორედ ჩადენა დაკვალიფიცირდა კვლავ სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა დასახელებული ქმედების მესამედ ჩადენის გამო მოსარჩელე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით. ქვემდგომი სასამართლოების მიერ ქმედების ამგვარი კვალიფიკაცია გაზიარებულ იქნა ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ 2013 წლის 14 ივნისს მიღებული განაჩენით.
6. მოსარჩელის მტკიცებით, სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალიწინებულია ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული დანაშაულის შემადგენლობები. კერძოდ, სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მე-2 ნაწილი კრძალავს ჩვენების შეცვლის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიმართ ძალადობას, ხოლო მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიურ მონაწილეობა.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სსსკ-ის 378-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებულია მხოლოდ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი დანაშაულის არაერთგზის ჩადენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნებოდა გამოყენებული სიტყვები „იგივე ქმედება“, რაც ამავე მუხლის წინა, მე-3 ნაწილით გათვალიწინებულ ქმედებასთან მიმართებით იგივეობას გულისხმობს, არამედ გამოყენებული იქნებოდა ფორმულირება - ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები, როგორც ეს მითითებულია ამავე მუხლის მე-5 ნაწილში. შესაბამისად, ამგვარი განმარტების შემთხვევაში სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს მაკვალიფიცირებელი ნიშანი - არაერთგზისობა არ გააჩნია.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორს მიაჩნია, რომ სადავო ნორმის სიტყვები „იგივე ქმედება“ არის ბუნდოვანი. კერძოდ, არ არის დაკონკრეტებული დასახელებული ნაწილი მიემართება მხოლოდ მე-3 ნაწილს თუ, ასევე, სხვა ნაწილებსაც. ამდენად, შესაძლებელია, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილი მოიცავდეს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის არაერთგზისობასაც, ნორმის ამგვარი განმარტება კი არღვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
9. მოსარჩელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის სხვადასხვა ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები განსხვავებული ხასიათისა და სიმძიმისაა, კანონმდებელმა მათი არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში, სადავო ნორმით, სასჯელის ზომად განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ათ წლამდე. ამდენად, სასჯელის იმპერატიულად განსაზღვრის პირობებში მოსამართლე შეზღუდულია გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე.
10. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, სახელმწიფოს უფლება აქვს სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის არაერთგზის ჩადენისათვის დააწესოს იმაზე მძიმე სასჯელი, ვიდრე გათვალისწინებულია პირველად ჩადენისათვის, თუმცა აღნიშნული სასჯელი უნდა იყოს პროპორციული და არ ლახავდეს პირის კონსტიტუციურ უფლებებს. კანონის მოქმედი რედაქციით პირს, რომელიც ჩაიდენს 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, სანქციის სახით განესაზღვრება არაუმეტეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ანალოგიური დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ათ წლამდე, რაც აშკარად არაპროპორციული სასჯელია დანაშაულის სიმძიმესთან შედარებით.
11. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2013 წლის 14 ივნისს მიღებული განაჩენით მოხდა სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ინტერპრეტაცია კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, როდესაც სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი გაავრცელა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე. მან საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ აღნიშნული განმარტება უნდა მიიღოს მხედველობაში და შეაფასოს იგი.
12. ამასთან, განსხვავებით სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XLIV თავში („დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ“) მოცემულ სხვა მუხლებში, რომლებშიც გათვალისწინებულია არაერთგზისობა, როგორც დამამძიმებელი გარემოება, მკაფიოდ ხდება მითითება მუხლის ნაწილზე, რომელზეც ის ვრცელდება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“), ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ვრცელდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენაზე, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
14. მოპასუხის მტკიცებით მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის ისეთ შინაარსს, რომელიც მას არ გააჩნია. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული „იგივე ქმედება“ ცალსახად მიემართება ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით დასჯადი არ არის ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენა. მოპასუხის მითითებით, როდესაც კანონმდებლის ნება არის სხვადასხვა ქმედებისთვის დამამძიმებელი გარემოების ან სპეციალური სუბიექტის გათვალისწინება ის სახელდებით მიუთითებს ამ ქმედებებზე, როგორც ეს არის სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი.
15. სადავო ნორმის თაობაზე არსებული სასამართლო პრაქტიკის შესახებ მოპასუხემ განაცხადა, რომ სასამართლოს არ აქვს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. მაქსიმალურად ზუსტი კანონმდებლობის არსებობის პირობებშიც არ გამოირიცხება ნორმის არასწორი განმარტების შესაძლებლობა. ამასთან, ნორმის ბუნდოვანებას შეიძლება ჰქონოდა ადგილი, თუკი კანონმდებელი სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილში გამოიყენებდა ფორმულირებას „ერთი და იგივე ქმედება“, თუმცა სადავო ნორმაში მითითებულია სიტყვები „იგივე ქმედება“.
16. მოპასუხემ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმის განუჭვრეტადობასთან დაკავშირებით მოსარჩელის არგუმენტაცია არარელევანტურია, ვინაიდან მას გასაჩივრებული აქვს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალიწინებული სასჯელის ზომის პროპორციულობა/კონსტიტუციურობა და არა ამავე ნორმის დისპოზიცია.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის სიტყვებს „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“ ზოგადად შესაძლოა ჰქონდეს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მას სძენს არარსებულ ნორმატიულ შინაარსს, რის გამოც სარჩელი დაუსაბუთებელია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №703 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №703 („საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა