საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N703 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ქართველიშვილი |
თარიღი | 17 დეკემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი. სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და გადაწყვეტილია კონსტიტუციით. მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. 2004 წლის 24 დეკემბერს, ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გიორგი ქართველიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2008 წლის 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ ისევ საქართველოს სსკ-ის 378 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ივნისის განაჩენით გიორგი ქართველიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვის ვადით. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 15 თებერვალს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 378 მუხლის ჩანაწერი და შინაარსი არსობრივად მსგავსი იყო 2012 წლის 30 ივნისის დროს არსებულ ჩანაწერთან. შესაბამისად არსებობდა 378-ე მუხლის 4 ნაწილის ჩანაწერიც, რომელიც ითვალისწინებდა „ბ“ ქვეპუნქტს, არაერთგზისობას. უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სასამართლოს არც კი უმსჯელია 4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გავრცელებაზე და დამნაშავედ სცნო პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამ შემთხვევაში სასამართლომ სსკ-ის 378 (4) ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი არ გაავრცელა პირველ ნაწილზე. 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით კი სასამართლომ სსკ-ის 378 (4) ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი გაავრცელა პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვა წლითა და ექვსი თვით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე გიორგი ქართველიშვილის საკასაციო საჩივარი (იხ. დანართი N1). 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში, კერძოდ სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა იმ მიზეზებსა და არგუმენტებზე, რის გამოც მათი აზრით სსკ-ის 378 (4) ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი უნდა გავრცელდეს პირველ ნაწილზე. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 378 მუხლის 4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ბუნდოვანება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ერთის მხრივ არ გაავრცელოს შინაარსი პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, მეორეს მხრივ ტოვებს შესაძლებლობას პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ხელმეორედ ჩადენა დააკვალიფიციროს, როგორც 4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის არაერთგზისობა. მოგახსენებთ, რომ გიორგი ქართველიშვილი არც ერთ ზემოთ აღნიშნულ დანაშაულში თავს დამნაშავედ არ სცნობს და საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისთვის დადგენილი სასჯელის ზომა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ათ წლამდე, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ვრცელდება ამავე მუხლის პირველ ნაწილზე, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მუხლთან 17 (2) „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“
სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ათ წლამდე, არის ბუნდოვანი და არ არის საკმარისად მკაფიოდ გამოხატული კანონმდებლის ნება.
სისხლის სამართლის 378 მუხლის ანალიზი:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, როგორც დანაშაულის შემადგენლობას, ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და კანონმდებელს სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისაგან აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის დანაშაულის შემადგენლობას - პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიმართ ძალადობა ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში მსჯავრდებულისათვის ხელის შეშლის მიზნით. აღნიშნული დანაშაულიც ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიისაა, რომლისთვისაც სასჯელის ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
იმავე მუხლის მე-3 ნაწილი ასევე ითვალისწინებს პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებისაგან სრულიად განსხვავებული შინაარსის დანაშაულს - პენიტენციურ დაწესებულებაში ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას, რომლისთვისაც სასჯელის ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ფორმულირებულია შემდეგი სახით - იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის.
მოცემული მუხლის მე-5 ნაწილი კი ფორმულირებულია შემდეგნაირად - ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - „პენიტენციურ დაწესებულებაში ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა“ და არა პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებიდან ერთ-ერთის არაერთგზის ჩადენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუხლის მე-4 ნაწილში არ იქნებოდა გამოყენებული ფორმულირება, იგივე ქმედება , რაც ამავე მუხლის წინა, მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებასთან მიმართებით იგივეობას გულისხმობს, არამედ გამოყენებული იქნებოდა ფორმულირება - ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები, როგორც ეს მითითებულია მე-3 და მე-4 ნაწილებთან დაკავშირებით ამავე მუხლის მე-5 ნაწილში. შესაბამისად, ამგვარი განმარტებით 378 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს არ გააჩნია არაერთგზის ჩადენის მაკვალიფიცირებელი ნიშანი.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული განმარტებისა, ნორმა არ არის საკმარისად მკაფიო, სსკ-ის 378-ე მუხლის 4 ნაწილის სიტყვები „იგივე ქმედება“ არ აკონკრეტებს, რომ ეს ნაწილი უნდა გავრცელდეს მხოლოდ მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის არაერთგზისობის შემთხვევაში და იძლევა შესაძლებლობას პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მეორედ ჩადენისას დააკვალიფიციროს, როგორც 378-ე მუხლის 4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - „ჩადენილი არაერთგზის“ გათვალისწინებული დანაშაული და სასჯელის ზომად განუსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ათ წლამდე. ნორმის ამგვარი განმარტების შემთხვევაში სახეზეა კონსტიტუციის 17 მუხლის 2 პუნქტის დარღვევა „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“
ასეთ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ პირველი, მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები თავისი შინაარსით განსხვავებულია, ხოლო დანაშაულის სიმძიმის მიხედვით აბსოლუტურად და მკვეთრად განსხვავებული ტიპის დანაშაულებს წარმოადგენს.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულების ხასიათისა და სიმძიმისა, კანონმდებელი სამივე ნაწილის მიმართ, არაერთგზისად დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, 378-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასჯელის ზომად განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ათ წლამდე. თუკი პირმა არაერთგზის ჩაიდინა პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაშაული, რომელიც თავისი ხასიათით ნაკლებად მძიმე დანაშაულია და პირმა, რომელმაც არაერთგზის ჩაიდინა მესამე ნაწილით განსაზღვრული დანაშაული, რომელიც მძიმე დანაშაულია, სანქცია/სასჯელის ზომა მათ მიმართ იქნება იდენტური, თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ათ წლამდე.
სახელმწიფო(აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები) წარმოადგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის განმსაზღვრელს, რომელიც ადგენს ქმედების მართლსაწინააღმდეგობა წარმოადგენს თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულს და თუკი წარმოადგენს განსაზღვრავს სასჯელის ზომას და ფორმას.
„ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულების ზღვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს. სამართლებრივი სახელმწიფო ემსახურება რა თავისუფალი და დაცული ადამიანის უზრუნველყოფას, ამ მიზნის მისაღწევად ის აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი და საკმარისი, ეფექტური ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, მძლავრ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა და ამ გზით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნების დაცვა და, შედეგად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თავიდან აცილება, პრევენცია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/4/592, ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბათუმი, 2015 წლის 24 ოქტომბერი, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი 32, გვერდი 35)
შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება შეაფასოს დანაშაულის ხასიათი, განსაზღვროს კონკრეტული დანაშაულისათვის სასჯელის ფორმა და ზომა, რომელიც თავისმხრივ უნდა იყოს პროპორციული, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 17(2) დარღვევა.
„მაშასადამე, აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/4/592, ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბათუმი, 2015 წლის 24 ოქტომბერი, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი 25, გვერდი 31)
სახელმწიფოს აქვს უფლება 378-ე მუხლის 1 ნაწილის დანაშაულის არაერთგზის ჩადენისას დააწესოს იმაზე მეტი სანქცია/სასჯელის ზომა ვიდრე მოცემულია 1 ნაწილის დარღვევის შემთხვევაში, თუმცა აღნიშნული სასჯელი უნდა იყოს პროპორციული და და არ ლახავდეს პირის კონსტიტუციურ უფლებებს. კანონის მოქმედი რედაქციით კი პირი, რომელიც ჩაიდენს 1 ნაწილით განსაზღვრულ დანაშაულს სასჯელის ზომად განესაზღვრება არაუმეტეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ანალოგიური დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის დროს თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ათ წლამდე.
სანქცია/სასჯელის ზომა, რომელიც მოცემულია მუხლი 378 (4) „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის ნორმატიული შინაარსიც ვრცელდება ამავე მუხლის 1 ნაწილთან მიმართებით წარმოადგენს აშკარა შეუსაბამობას და არის აშკარა არაპროპორციული სასჯელის ზომა დანაშაულის სიმძიმესთან შედარებით.
„ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების მიმართ არის მთავარი მოთხოვნა: შედგეს ობიექტური მართლმსაჯულება. თუმცა ამისთვის, პირველ რიგში, კანონმდებელმა უნდა უზრუნველყოს სასამართლო საკმარისი ბერკეტებით, რათა მან შეძლოს, აწიოს სამართლიანი მართლმსაჯულების ტვირთი. კანონმა უნდა აღჭუროს სასამართლო როგორც საკმარისი, ეფექტური პროცესუალური გარანტიებით, ისე - მატერიალური ნორმებით, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას შესაძლებელს გახდის მხოლოდ მაშინ და იმ დროით, როდესაც და რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/4/592, ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბათუმი, 2015 წლის 24 ოქტომბერი, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი 29, გვერდი 33)
ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 378 (4) „ბ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღრავს, რომ სამივე ნაწილისათვის სასჯელის ზომა ერთნაირია, შესაბამისად მოსამართლე შეზღუდულია გადაწყვეტილების მიღებისას და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მხედველობაში ვერ მიიღებს პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში მოცემულ დანაშაულებს შორის დანაშაულის სიმძიმის და ხასიათის გათვალისწინებას და ყველა შემთხვევაში სასჯელის ზომად განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ათ წლამდე, როგორც პირველი ნაწილის დანაშაულის არაერთგზისობის შემთხვევაში, ასევე, მეორე და მესამე ნაწილის დანაშაულის არაერთგზისობის შემთხვევაშიც.
„იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1) მოწმდება აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის - კანონმდებლობით ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და არაადამიანურ, სასტიკ სასჯელად, თუ მისი ხანგრძლივობა მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან. 2) კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. მაშასადამე, ერთი მხრივ, ზოგადად, ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, მოსამართლის დისკრეციის ფარგლები ასევე განჭვრეტადი უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც ერთგვაროვანი ურთიერთობების მიმართ ერთნაირი მიდგომა, ისე მოსამართლის დისკრეციის მიზნობრივი გამოყენება - გამოირიცხოს დისკრეციაზე დაყრდნობით მხოლოდ სუბიექტური შეხედულებებით გადაწყვეტილების მიღების რისკები.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/4/592, ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბათუმი, 2015 წლის 24 ოქტომბერი, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი 38, გვერდი 38)
ამ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მითითებული ორივე კრიტერიუმი და გარემოება, რომლის დროსაც ირღვევა კონსტიტუციის 17 მუხლის 2 პუნქტით დაცული უფლება. ერთის მხრივ დანაშაულის ხასიათი და მისი ხანგრძლივობა მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან, მეორეს მხრივ მოსამართლე მხედველობაში ვერ მიიღებს დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს. განსხვავებული შინაარსი აქვს პირველ, მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს, ხოლო მოსამართლე ამ ნორმიდან გამომდინარე სასჯელის ზომას სამივე შემთხვევაში იდენტურად განსაზღვრავს.
შესაბამისად მიმაჩნია, რომ ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას სსკ-ის 378 (4) „ბ“ ქვეპუნქტი-„ჩადენილი არაერთგზის“ სასჯელის ზომა - თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ათ წლამდე, გაავრცელოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის შემთხვევაში არის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 2 პუნქტის დარღვევა.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა