საქართველოს მოქალაქე იოსებ კარანაძე საქართველოს მთვარობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/12/593 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 28 ოქტომბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი (მომხსენებელი მოსამართლე);
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე იოსებ კარანაძე საქართველოს მთვარობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების ერთადერთ კანონიერ საგადასახადო საშუალებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი №575 დადგენილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე იოსებ კარანიძე, მოპასუხის - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ზაზა თაქთაქიშვილი, მოპასუხის - საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი მანანა ღუბიანური.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№593) მომართა საქართველოს მოქალაქე იოსებ კარანაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 23 მაისს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2014 წლის 6 ოქტომბერს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. სადავო ნორმის მიხედვით, „საბანკო დაწესებულებებმა 1993 წლის 3 აგვისტოდან იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული ნაშთები გადაიყვანონ მანეთიდან ეროვნული ბანკის კუპონებზე შეფარდებით 1:1, ანგარიშებზე არსებული თანხების ოდენობის მიუხედავად. ასეთივე წესით გადაყვანილ უნდა იქნეს დავალიანებათა ნაშთები, ბანკის აქტივები და პასივები“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 1989-93 წლებში მოსარჩელემ შემნახველ ბანკში შეიტანა 142.823 მანეთი. აღნიშნული თანხა 1994 წლის 13 მაისს შემნახველი ბანკის მოლარე-კონტროლიორის მიერ მოსარჩელის ანაბრიდან პაიში იქნა გადატანილი 142.823 საბჭოთა მანეთი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამის მიზეზი გახდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის გარდაქმნა საპაიო კომერციულ შემნახველ ბანკად, ხოლო მეანაბრეების _ მეპაიეებად. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მეპაიედ შესვლის წესდების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მიეღო პაიში გადატანილი თანხის შესაბამისი დივიდენდი, რაზეც მას უარი ეთქვა, რადგან სადავო ნორმის საფუძველზე ეს თანხა გადატანილ იქნა კუპონებში, რომლის კურსი იყო 1:1-ზე რუსულ რუბლთან მიმართებით. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ უფლების დასაცავად სხვადასხვა დროს მიმართა თბილისის საქალაქო, თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებს.
6. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს, ვინაიდან სადავო ნორმით განსაზღვრული ფულის ერთეულის კურსი 1:1-ზე არ შეესაბამება იმ პერიოდის კურსს, როდესაც ვალდებულება წარმოიშვა. მისი განცხადებით, აღნიშნული ვალდებულება წარმოიშვა 1989-93 წლებში და ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო იმ კურსით, რაც შესაბამის ვალუტას ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის გააჩნდა.
7. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ მისთვის უცნობია პრეზიდენტის 1996 წლის 9 ნოემბრის ბრძანებულების შესახებ, რომლითაც სადავო აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული გარემოების ცოდნის შემთხვევაში, იგი სხვაგვარ გზებს მიმართავდა. ამასთან, იგი მიუთითებს, რომ სადავო აქტი გაუქმდა 1996 წელს, თუმცა ეროვნულმა ბანკმა იგივე აქტი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად 2013 წელს საქალაქო სასამართლოში გამოიყენა.
8. მოპასუხე, ეროვნული ბანკის წარმომადგენელი არ ეთანხმება კონსტიტუციურ სარჩელს და არასწორად მიაჩნია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის კუთვნილ თანხებზე არ უნდა გავრცელებულიყო სადავო ნორმის რეგულაცია, რადგან საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 25 მარტის №85 ბრძანებულების შესაბამისად, სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკი გარდაიქმნა საპაიო კომერციულ შემნახველ ბანკად, ხოლო საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეები ნებაყოფლობის საფუძველზე გახდნენ ბანკის მეანაბრეები. აღნიშნულ მეანაბრეებში იყო მოსარჩელეც, რომელმაც მის ანგარიშზე რიცხული თანხის ნაწილის საპაიო შენატანში გადახდა განახორციელა 1994 წლის მაისში, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად აღიარებული იყო ეროვნული ბანკის კუპონი.
9. დამატებით, მოპასუხე მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 ნოემბრის №729 ბრძანებულებით, სადავო ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდა. აღნიშნული ბრძანებულება საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოიცა. მოპასუხე მხარის მტკიცებით, „მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის „ლარის“ გაშვების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის №363 ბრძანებულების თანახმად, 1995 წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად. ამავე ბრძანებულების მე-16 მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ამ ბრძანებულებასთან, მათ შორის სადავო დადგენილებაც. აღნიშნულზე დაყრდნობით, მოპასუხე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის 729-ე ბრძანებულების გამოცემამდე სადავო ნორმა უკვე იყო ძალადაკარგულად გამოცხადებული.
10. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ არასწორია მოსარჩელის მითითება საქართველოს 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი) ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია, გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. მოპასუხე აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლით განსაზღვრულია ამ კოდექსის მოქმედება დროში, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდგომ.
11. მოპასუხე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი დაეთანხმა ეროვნული ბანკის წარმომადგენლის მოსაზრებას და მიუთითა, რომ სადავო აქტი საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 ნოემბრის ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა. თუმცა, მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის საფუძველზე ასეთი უფლებამოსილება არ ჰქონდა, რადგან „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი არის საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი, ის წარმოადგენს იურიდიულ პირს და ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ბანკის მრჩევლის და საფინანსო აგენტის როლს. ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს პრეზიდენტის №729 ბრძანებულების გამოცემის დროისთვის წარმოადგენდა დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, რომელიც ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პარლამენტის წინაშე.
12. მოპასუხე მხარემ „საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ბილეთის ლარისა და თეთრის ნიშნების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1995 წლის 18 სექტემბრის №16 დადგენილებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ ეროვნულმა ბანკმა თავად გამოხატა ნება ძალადაკარგულად გამოცხადებულიყო მის მიერ ხელმოწერილი №575 დადგენილება. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან №729 ბრძანებულებით №575 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების დროს არ მომხდარა საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტა, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული აქტებით, მართალია, არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად, ისედაც ძალადაკარგულად იყო ცნობილი სადავო დადგენილება.
13. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა გაიზიარა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და ეროვნული ბანკის 1993 წლის 24 ივლისის ერთობლივი №575 დადგენილება არ იყო გამოცემული „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და არსებითად ეწინააღმდეგებოდა მის დებულებებს. აქედან გამომდინარე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის ამოქმედებისთანავე სადავო აქტი ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაშიც, საქართველოს პრეზიდენტს საერთოდ რომ არ მიეღო №729 ბრძანებულება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის №1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“. ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მიხედვით, შესაბამის სუბიექტებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე“.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა ეხებოდეს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 12 მარტის №2/124/3, 2005 წლის 11 ოქტომბრის №1/17/345 და 2008 წლის 4 აპრილის №1/1/426, 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინებები). შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
4. №593 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების ერთადერთ კანონიერ საგადასახადო საშუალებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 1993 წლის 24 ივლისის (ერთობლივი) №575 დადგენილების მე-5 პუნქტი. სადავო ნორმის მიხედვით, „საბანკო დაწესებულებებმა 1993 წლის 3 აგვისტოდან იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული ნაშთები გადაიყვანონ მანეთიდან ეროვნული ბანკის კუპონებზე შეფარდებით 1:1, ანგარიშებზე არსებული თანხების ოდენობის მიუხედავად. ასეთივე წესით გადაყვანილ იქნეს დავალიანებათა ნაშთები, ბანკის აქტივები და პასივები“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოცემული, „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1990-1995 წლებში მიღებული ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 ნოემბრის №729 ბრძანებულების თანდართული ნუსხის 241-ე პუნქტის თანახმად, №575 დადგენილება ცნობილი იქნა ძალადაკარგულად.
6. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ ეჭვქვეშ იქნა დაყენებული საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, ძალადაკარგულად გამოეცხადებინა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ერთობლივი ნორმატიული აქტი. ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 ნოემბრის №729 ბრძანებულების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებას - კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტის განმარტებას, კერძოდ, რამდენად ადგენდა იგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის უფლებამოსილებას, გაეუქმებინა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 1993 წლის 24 ივლისის №575 დადგენილება.
7. კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფენ კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების რეგისტრაციას, კონსტიტუციასთან და კანონებთან მათ შესაბამისობას“. ციტირებული კონსტიტუციური ნორმით პრეზიდენტისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლების გასარკვევად, უპირველესად, უნდა დადგინდეს კონსტიტუციასთან და კანონებთან შესაბამისობაში მოყვანის არსი, კერძოდ, რამდენად მოიცავს აღნიშნული კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების გაუქმების უფლებამოსილებას.
8. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაბამისობაში მოყვანა გულისხმობს შინაარსობრივი თანხვედრის უზრუნველყოფას ან/და სამართლებრივი კოლიზიის აღმოფხვრას ორ სამართლებრივ აქტს შორის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალშემოქმედების რამდენიმე ფორმა, მათ შორის, ერთ-ერთი სამართლებრივი აქტის გაუქმება, შესაბამისად, კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტთა უფლებამოსილებას მოიცავდა, აგრეთვე, კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიღებული ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად ცნობას.
9. მიუხედავად პრეზიდენტის უფლებამოსილებისა, კონსტიტუციასთან და კანონებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გაეუქმებინა კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიღებული ნორმატიული აქტები, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ მიუთითებს სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილების ფარგლებზე, კერძოდ, რამდენად განეკუთვნებოდა მის კომპეტენციას კონსტიტუციის ამოქმედებამდე არსებული დამოუკიდებელი ორგანოების ნორმატიული აქტების გაუქმება. აღნიშნული უფლებამოსილების დასადგენად აუცილებელია 1996 წლის 9 ნოემბრის №729 ბრძანებულების გამოცემის მომენტისთვის არსებული პრეზიდენტის, აგრეთვე კონსტიტუციის ამოქმედებამდე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებათა ანალიზი.
10. „საქართველოს რესპუბლიკაში ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ“ საქართველოს რეპუბლიკის 1991 წლის აგვისტოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, „ქვეყანაში ერთიან სახელმწიფო ფულად - საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი ხელისუფლება“, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკაში ფულად - საკრედიტო და სავალუტო რეგულირების ორგანოს, რომელიც უზენაესი ხელისუფლების მიერ განსაზღვრული პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ფულის მიმოქცევის მართვას.
11. „საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 22 დეკემბრის კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, ეკონომიკის სფეროში მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება ფულის მიმოქცევისა და საკრედიტო სფეროში. „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს ეროვნული ბანკის კუპონების გამოშვების შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 მარტის №246 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, კუპონსა და მანეთს შორის თანაფარდობა განისაზღვრა 1:1. გასათვალისწინებელია, რომ მინისტრთა კაბინეტის აღნიშნული აქტი გამოცემულია სადავო ნორმის მიღებამდე 3 თვით ადრე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებას, გამოეცხადებინა კუპონი ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად და განესაზღვრა მისი თანაფარდობა იმ დროისთვის არსებულ ვალუტასთან, ადასტურებს, მათ შორის, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის 1993 წლის 10 ივნისის დადგენილებაც. აღნიშნული აქტით მინისტრთა კაბინეტს დაევალა ეროვნული ბანკის კუპონების ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადება და მასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი ღონისძიებების მოწესრიგება.
12. №729 ბრძანებულების გამოცემის მომენტისთვის მოქმედი კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ხოლო 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, პრეზიდენტი უფლებამოსილი იყო, გაეუქმებინა მის წინაშე ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლების აქტები. კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს განსაკუთრებულ კომპეტენციას, რომელიც პირობადადებულია ორი წლის ვადით და, რომელსაც ვერ ექნება სახელმწიფოს მეთაურის ზოგადი უფლებამოსილების - გააუქმოს თავისი ან/და მის წინაშე ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლების აქტები - იდენტური შინაარსი. შესაბამისად, კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტით პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გაგებულ უნდა იქნეს უფრო ფართოდ.
13. კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი 1995 წლის კონსტიტუციის ამოქმედებამდე ძალაში შესული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან და კანონებთან შესაბამისობაში მოყვანის - გაუქმების უფლებამოსილებით აღჭურავს მხოლოდ პრეზიდენტს (აღმასრულებელ ხელისუფლებას) და პარლამენტს (საკანონმდებლო ხელისუფლებას). იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არ ადგენს განსხვავებულ რეგულირებას 1995 წლამდე არსებული დამოუკიდებელი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტებისთვის, აღნიშნული უნდა განვიხილოთ როგორც კონსტიტუციურად ორგანიზებული სახელმწიფოს დაფუძნებიდან გამომდინარე, პრეზიდენტისთვის მინიჭებული გარდამავალი უფლებამოსილება, კერძოდ, კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში კონსტიტუციასთან და კანონებთან შესაბამისობაში მოეყვანა, მათ შორის, კონსტიტუციის ამოქმედებამდე დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც თავისი არსით აღმასრულებელი ხელისუფლების მოწესრიგების სფეროს წარმოადგენდა არ იყო პარლამენტის (საკანონმდებლო ხელისუფლების) ექსკლუზიური უფლებამოსილება.
14. „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის მარტის 2 აგვისტოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ეროვნული ბანკი კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს არა აქვთ უფლება ჩაერიონ მის საქმიანობაში“. აღნიშნული მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მიღების მომენტისთვის ეროვნული ბანკი წარმოადგენდა დამოუკიდებელ ორგანოს, თუმცა ეს, განსახილველ შემთხვევაში, გავლენას ვერ ახდენს პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე, ძალადაკარგულად გამოეცხადებინა სადავო ნორმა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმით მოწესრიგებული სფეროს რეგულირება მისი მიღების მომენტში წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას, ხოლო №729 ბრძანებულების გამოცემისას საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.
15. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 ნოემბრის №729 ბრძანებულების გამოცემის მომენტში კონსტიტუციის ამოქმედებიდან 2 წელზე მეტი არ იყო გასული, შესაბამისად, სახელმწიფოს მეთაურს გააჩნდა სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება.
16. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მომენტისთვის სადავო ნორმა ძალდაკარგული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს №593 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №593 (საქართველოს მოქალაქე იოსებ კარანაძე საქართველოს მთვარობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი