ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/1/1404 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 4 ივნისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ივნისი 2020 18:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
ა.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“ და მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა;
ა.ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით:
ბ.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა;
ბ.ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – ნანა სეფაშვილი, ია რეხვიაშვილი; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, რუსუდან მუმლაური; საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლები – მიხეილ სარჯველაძე, დიანა კვარაცხელია და ნინო პეტრიაშვილი; სპეციალისტები – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რუხაძე და იურიდიული სამსახურის თანამშრომელი გიორგი ჯიჯეიშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1404) მომართეს ნანა სეფაშვილმა და ია რეხვიაშვილმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. ამავე საოქმო ჩანაწერით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე. №1404 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2020 წლის 28 და 29 იანვარს.
2. №1404 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამავე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
4. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის (შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც „№98 ბრძანებით დამტკიცებული წესი“) 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა შეიძლება გასცენ მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არ აქვთ მინიჭებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილება.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები, განსაზღვრულია აღნიშნული თავისუფლებების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები და დადგენილია, რომ დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა, რომლის პირადობის მოწმობასაც გაუვიდა მოქმედების ვადა, მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვა პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა, ისევე როგორც საერთო სასამართლოებმა, მოსარჩელეს განუმარტეს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, მას შეეძლო მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღება.
7. მოსარჩელეები, რელიგიური რწმენიდან გამომდინარე, უარს აცხადებენ ელექტრონული დოკუმენტებით სარგებლობაზე. ამავდროულად, სადავო ნორმებით დადგენილი უალტერნატივო წესის გამო, მოსარჩელე ნანა სეფაშვილი ვერ სარგებლობს სხვაგვარი დოკუმენტით, რის გამოც რჩება სოციალური ცხოვრებისგან სრულად იზოლირებული. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულაციით, სახელმწიფო მათ ავალდებულებს საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ მოქმედებას, რაც მოსარჩელეთა განმარტებით, რწმენის თავისუფლების შინაგან განზომილებაში (forum internum) ჩარევას წარმოადგენს.
8. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობა ანტიქრისტეს ბეჭდისკენ მიმავალი გზაა, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტის ფლობა ეწინააღმდეგება მართლმადიდებელთა რწმენას. კერძოდ, მოსარჩელეთა მითითებით, წმინდა წერილები აფრთხილებენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არ მიიღონ ელექტრონული დოკუმენტები, ვინაიდან მათი საშუალებით ხდება ადამიანების ტოტალური კონტროლი, რაც უშუალოდ უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას აპოკალიფსის შესახებ.
9. მოსარჩელეთა განმარტებით, მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში ელექტრონული პირადობის მოწმობის ანტიქრისტეს ბეჭდად მიჩნევის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. მათი განმარტებით, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის კრებამ, თავისი გადაწყვეტილებით, უარყო ის ფაქტი, რომ აღნიშნული მოწმობები ანტიქრისტეს ბეჭედია, თუმცა გაითვალისწინა საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა და სთხოვა სახელმწიფოს, გაეცა ალტერნატიული პირადობის მოწმობა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც, რწმენის გამო, უარს აცხადებდნენ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე.
10. მოსარჩელეები იზიარებენ ათონის მთის წმინდა კინოტის გადაწყვეტილებას, წმინდანად შერაცხული ბერის მამა პაისისა და იოანე ღვთისმეტყველის მოძღვრებებს იმის შესახებ, რომ ელექტრონული მოწმობები ადამიანის სხეულში ჩასადგმელი ინპლანტის წინაპირობაა, რომლის მეშვეობითაც საბოლოოდ უნდა განხორციელდეს ადამიანთა მართვა. მოსარჩელეებს მოჰყავთ კონკრეტული ამონარიდები წმინდა წერილებიდან და აპოკალიფსის შესახებ ლიტერატურიდან, რომლითაც წმინდა მამები აფრთხილებენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ისეთი ელექტრონული დოკუმენტის შემოღების შესახებ, რომლის გარეშეც ვერ მოხდება ყიდვა-გაყიდვა და სხვა უფლებების განხორციელება. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მათთვის წმინდანად შერაცხული მამების აზრები უაღრესად მნიშვნელოვანია და სწორედ აღნიშნული მოძღვრებები გახდა სადავო ნორმების მიმართ მათი რელიგიური წინააღმდეგობის საფუძველი.
11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მათი შიშები დოკუმენტის ელექტრონულ მატარებელს (ჩიპი) უკავშირდება, ვინაიდან მათ არ იციან, თუ რა ინფორმაციის მატარებელია აღნიშნული მოწყობილობა. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ, მართალია, ჩიპის შემადგენლობა და მასზე დატანილი ინფორმაცია ამომწურავად არის განსაზღვრული კანონმდებლობით, თუმცა ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, წვდომა განახორციელონ ჩიპზე და თავად წაიკითხონ მასზე არსებული ინფორმაცია.
12. მოსარჩელეთა მოსაზრებით, პირის იდენტიფიცირებისთვის საკმარისი უნდა იყოს კანონით განსაზღვრული მხოლოდ ის ინფორმაცია, რასაც არაელექტრონული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა შეიცავს. ელექტრონული პირადობის მოწმობა კი მასში ინტეგრირებული ელექტრონული კომპონენტის (ჩიპი) მეშვეობით, პირის შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაციის მატარებელია, რაც ზრდის სახელმწიფოს მხრიდან მოსარჩელეთა კონტროლის საფრთხეს.
13. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დოკუმენტის ელექტრონული მატარებელი (ჩიპი) წაკითხვადია დისტანციურად და იძლევა მისი მფლობელის კონტროლის საშუალებას. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ ელექტრონულ დოკუმენტზე განთავსებული პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირებისთვის ე. წ. წამკითხველების დახმარებით. აღნიშნულის გამო კი იზრდება ელექტრონულ მატარებელზე არსებული მონაცემების შეცვლის, წაშლის და მასში ანტიქრისტიანული სიმბოლოების შეყვანის საფრთხე, რაც არღვევს მართლმადიდებელ ქრისტიანთა რელიგიის თავისუფლებას.
14. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია, ერთმანეთთან გაიგივდეს პირადობის მოწმობის ჩიპი და მობილურ ტელეფონში ან თუნდაც საბანკო ბარათებში არსებული ჩიპები. ისინი აცხადებენ, რომ მობილური ტელეფონისგან განსხვავებით, პირადობის მოწმობის ქონა სავალდებულოა. სწორედ ამიტომ მოხდა მაკონტროლებელი ჩიპის ჩაყენება ისეთ დოკუმენტში, რომლის გარეშეც ყოფა-ცხოვრება შეუძლებელია. ამავდროულად, აღნიშნული დოკუმენტით ფიქსირდება პირის ყველა მოქმედება (ყიდვა-გაყიდვა, ანგარიშზე თანხის ოდენობა, საბანკო ოპერაციები და ა.შ.), რა ფუნქციაც მობილურ ტელეფონს საერთოდ არ გააჩნია. შესაბამისად, კონტროლის განხორციელების კუთხით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ჩიპის არსებობა სწორედ ისეთ დოკუმენტში, რომლითაც ხდება პირის ვინაობის დადასტურება.
15. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ის გარემოება, რომ ელექტრონული დოკუმენტები წარმოადგენს ადამიანის პირადი მონაცემების დაცვის მაღალტექნოლოგიურ, თანამედროვე და გაუყალბებელ დოკუმენტებს, არ შეიძლება გახდეს მოქალაქეთა რწმენისა და სხვა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის თვითკმარი საფუძველი. ამავდროულად, მოსარჩელეთა მითითებით, პირადობის მოწმობის მიზანი პიროვნების მოქალაქეობის, ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის დადასტურებაა, რაც არაელექტრონული დოკუმენტითაც არის შესაძლებელი.
16. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ისინი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც 2011 წლის საკანონმდებლო ცვლილებები არ შეხებიათ და დღემდე სარგებლობენ უვადო არაელექტონული პირადობის მოწმობებით. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ახალი რეგულაციით მოხდა არსებითად თანასწორი პირების - მოსარჩელეებისა და უვადო არაელექტრონული პირადობის მოწმობით მოსარგებლე პირების - მიმართ განსხვავებული მოპყრობა. მოსარჩელე მხარე დიფერენცირების ნიშნად რწმენას ასახელებს.
17. პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა დოკუმენტის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. სახელმწიფო დაინტერესებული იყო, გაეცა პირადობის დამადასტურებელი ისეთი უნიფიცირებული დოკუმენტი, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა დაცული გაყალბებისგან. პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ID ბარათები აღჭურვილია დაცვის სხვადასხვა ფუნქციით, რომელთა შორისაც დოკუმენტის უსაფრთხოებას, ყველაზე მეტად, მასში ინტეგრირებული ელექტრონული კომპონენტი (ჩიპი) უზრუნველყოფს.
18. პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პირადობის მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე (ჩიპზე) დატანილია ზუსტად იგივე ინფორმაცია, რასაც დოკუმენტი ვიზუალურად შეიცავს. ამასთან, მოსარჩელის მიერ მითითებული სხვადასხვა ფუნქციის დამატება პირადობის ელექტრონული მოწმობისათვის ხორციელდება მხოლოდ მისი მფლობელის ნებართვით. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობით მოცული ინფორმაცია აადვილებს ნებისმიერ სამართალურთიერთობაში პირთა ინტეგრაციას და სახელმწიფო სერვისებით მომსახურების პროცესს. შესაბამისად, ცხადია, რომ დოკუმენტის შემოღება მიზნად ისახავდა მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვასა და მათზე ორიენტირებული ეფექტიანი სახელმწიფო სერვისების შექმნას.
19. მოპასუხე, პარლამენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ოფიციალური დოკუმენტების, მათ შორის, პირადობის მოწმობის მიმართ უნდა არსებობდეს სანდოობის მაღალი ხარისხი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, აუცილებელია, აღნიშნული დოკუმენტები არსებობდეს ერთიანი, უნიფიცირებული სახით და დაუშვებელია მათი შემადგენლობის განსაზღვრა დაექვემდებაროს ცალკეული ინდივიდების შეხედულებას, თუნდაც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მოტივით. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობით ნებადართულია ხსენებული დოკუმენტის მხოლოდ ერთი სახით არსებობა, ხოლო გამონაკლისი შემთხვევები კი უკავშირდება ობიექტური მიზეზებით გამოწვეულ გარემოებებს, როდესაც ტექნიკურად არ არსებობს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ფიზიკური შესაძლებლობა.
20. პარლამენტის პოზიციით, თუკი დაშვებული იქნება მეტი ალტერნატივა პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით, წარმოიშობა არაერთი პრობლემა სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, სახელმწიფო ვალდებული იქნება, შექმნას ალტერნატიული სამართლებრივი რეჟიმი როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. საჭირო გახდება ამ დოკუმენტებთან მოპყრობის განსხვავებული ინსტრუქციების არსებობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ასევე, ბანკებს მოუწევთ პირადობის დადასტურების განსხვავებული წესების გამოყენება, ელექტრონული ხელმოწერის რეჟიმების განსხვავებულად გავრცელება, რაც, არაერთი თვალსაზრისით, არის გაუმართლებელი. ამავდროულად, არაერთგვაროვანი პირადობის მოწმობების არსებობა წარმოშობს პრობლემებს მისი მიმღები მხარეებისთვის, ვინაიდან მათთვის მინიმუმამდე იქნება დაყვანილი შესაძლებლობა, დაეყრდნონ დოკუმენტს, რომელიც არ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და წარმოშობს მისი მარტივად გაყალბების ეჭვს.
21. პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეებმა საკმარისი დამაჯერებლობით ვერ დაასაბუთეს, ელექტრონულ დოკუმენტებთან მიმართებით, რელიგიური წინააღმდეგობის არსებობა. მოპასუხე მხარე მიუთითებს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაზე, სადაც ნათქვამია, რომ ID ბარათები არ წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს. მოპასუხის განცხადებით, ვინაიდან მართლმადიდებლური სწავლება არ მოითხოვს მოსარჩელისაგან ID ბარათზე უარის თქმას, სადავოდ გამხდარი ნორმებით არ ხდება კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევა. ამავდროულად, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ იმ ადამიანთა რწმენა, რომლებსაც ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით მოსარჩელეების მსგავსი მოსაზრებები გააჩნიათ, არ არის თანმიმდევრული და სისტემური, ვინაიდან სადავო ნორმების შეჩერების შემდეგ, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო, არაელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადება მხოლოდ 96-მა მათგანმა მოითხოვა.
22. პარლამენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ერთიან წესს, შესაბამისად, აღნიშნული ნორმები განსხვავებულ მოპყრობას არ ადგენს. მოპასუხე მხარის განმარტებით, უვადო არაელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელები, დოკუმენტის შეცვლის შემთხვევაში, მოსარჩელეთა მსგავსად მიიღებენ ელექტრონულ პირადობის მოწმობას და ისინიც მოექცევიან მათ თანაბარ მდგომარეობაში. შესაბამისად, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები არ ახდენს პირებს შორის დიფერენცირებას.
23. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ელექტრონულ დოკუმენტებზე გადასვლა და, ამ გზით, აღნიშნული დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის ნაწილს. წარმომადგენლის აღნიშვნით, სახელმწიფომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხით უნდა უზრუნველყოს პირის პირადობის შეუცდომლად დადასტურება. შესაბამისად, მან უნდა გასცეს გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული დოკუმენტი, რაც ობიექტური გარემოებების მიღმა, გამორიცხავს სხვაგვარი დოკუმენტის გაცემის შესაძლებლობას მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური შეხედულებების საფუძველზე.
24. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, პირადობის ელექტრონული მოწმობა აღჭურვილია დაცვის ისეთი საშუალებებით, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს აღნიშნული დოკუმენტის გაყალბების რისკი. ამ თვალსაზრისით, წარმომადგენლის განცხადებით, ელექტრონული მატარებელი (ჩიპი) დოკუმენტის ყველაზე ძლიერი დამცავი ნიშანია, ვინაიდან მისი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია და, ამავდროულად, მისი მეშვეობით ყველაზე მარტივად ხდება დოკუმენტზე ვიზუალურად დატანილი ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება.
25. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობას, არაელექტრონულისგან განსხვავებით, მინიმუმამდე დაჰყავს როგორც პირადობის მოწმობის, ისე მისი მეშვეობით წარმოებული ნებისმიერი სამართალურთიერთობის გაყალბების შესაძლებლობა. პირადობის არაელექტრონული მოწმობა არ არის აღჭურვილი დაცვის ისეთივე ან თუნდაც მიახლოებული საშუალებებით, როგორიც ელექტრონულ დოკუმენტებს გააჩნიათ. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ამცირებს ამ დოკუმენტის სანდოობის ხარისხს არა მხოლოდ სახელმწიფოსთან, არამედ სხვა, მესამე პირებთან ურთიერთობაში.
26. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მოსარჩელეთა წინააღმდეგობა ელექტრონულ დოკუმენტთან დაკავშირებით ვერ აღწევს სერიოზულობისა და დამაჯერებლობის ხარისხს. ალოგიკურია, ტოტალური კონტროლის საფრთხის გამო მოსარჩელეებს წინააღმდეგობა გააჩნდეთ პირადობის მოწმობის ჩიპთან და, ამავდროულად, ატარებდნენ მობილურ ტელეფონებს, რომლებიც, პრაქტიკულად, იმავე ტიპის ელექტრონულ მატარებელს შეიცავს. წარმომადგენლის განმარტებით, ელექტრონული პირადობის მოწმობის ანტიქრისტეს ბეჭდად მიჩნევა წმინდა სინოდმაც უარყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელეთა არგუმენტაცია რელიგიურ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით არ არის დამაჯერებელი.
27. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, იგეგმება მოსარჩელეთა მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის პირადობის დადასტურების განსხვავებული წესის შეთავაზება. ასეთი პირები მიიღებენ მოკლევადიან საბუთებს, რომელთა მეშვეობითაც დაადასტურებენ თავიანთ პირადობას. წარმომადგენლის განმარტებით, მართალია, აღნიშნული საბუთები სრულად ვერ ჩაანაცვლებს პირადობის მოწმობას და ვერ იქნება მისი იდენტური, თუმცა შეძლებს, უზრუნველყოს მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგალითად, პენსიისა და ხელფასის მიღება. წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა არ ნიშნავს მათი მხრიდან დღეს არსებული რეგულაციის არაკონსტიტუციურობის აღიარებას. ამ ნაბიჯით, სახელმწიფო, მოსარჩელეთა მსგავს პირობებში მყოფ პირებს, კეთილი ნების საფუძველზე, მისცემს შესაძლებლობას, სხვაგვარად დაადასტურონ თავიანთი პირადობა.
28. მოწვეულმა სპეციალისტმა, გიორგი ჯიჯეიშვილმა, აღნიშნა, რომ ნაკლებად შესაძლებელია, პოლიკარბონატზე დამზადებულმა პირადობის მოწმობამ ჩიპის გარეშე შეინარჩუნოს სანდოობის იგივე ხარისხი, რაც ელექტრონული პირადობის მოწმობის მიმართ არსებობს. დოკუმენტიდან ჩიპის ამოღების შემთვევაში, მის მიმართ სანდოობის ხარისხის შესანარჩუნებლად აუცილებელია, დოკუმენტი ბეჭდოს იმავე კალიბრის კომპანიამ, იმავე სტანდარტების დაცვით. ასეთი კომპანიები კი მსოფლიო ბაზარზე ძალიან მცირეა. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ თუკი შენარჩუნებული არ იქნება დაცულობის იგივე ხარისხი, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, დოკუმენტი დაიბეჭდება ქაღალდზე თუ პოლიკარბონატზე.
29. სპეციალისტის განმარტებით, თუკი მოსარჩელეები პრობლემას ტოტალურ კონტროლში ხედავენ, მაშინ მათთვის ასევე პრობლემური უნდა იყოს მობილური ტელეფონების ტარება და საბანკო ბარათებით სარგებლობა, ვინაიდან ისინიც ზუსტად ისეთივე ჩიპებს შეიცავენ, როგორსაც ელექტრონული პირადობის მოწმობა. ამავდროულად, აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ ელექტრონული პირადობის მოწმობა, აისახება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელიც, შესაბამისი საფუძვლით, გაზიარებულია ბანკებთან და სხვა ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტისგან დამოუკიდებლად პირის შესახებ პერსონალური მონაცემების გაცემა სავსებით შესაძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწვეული სპეციალისტისთვის გაუგებარია, თუ რატომ აქვთ მოსარჩეელეებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირადობის მოწმობის ჩიპთან დაკავშირებით, ინფორმაციის გადინებისა და კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით.
30. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ID ბარათს, ელექტრონული შემოწმების გარდა, გააჩნია ისეთი დამცავი ნიშნები, რომლებიც განუზომლად ზრდის გაყალბების ფაქტების აღმოჩენის შესაძლებლობას. მაგალითად, ე.წ. მორფინგის შემთხვევაში, პირადობის მოწმობის ჩიპი შეუსაბამობის აღმოჩენის ერთადერთი უტყუარი საშუალებაა, ვინაიდან პრაქტიკულად შეუძლებელია ჩიპში არსებული ფოტოსურათის შეცვლა. ე.წ ქაღალდის პირადობის შემთხევაში კი, გადამოწმება ხდება მონაცემთა ბაზასთან, რაც მკაცრ რეგულაციებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მას ნებისმიერი პირი ვერ გადაამოწმებს.
31. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ჩიპის შინაარსობრივ შემადგენლობას დეტალურად განსაზღვრავს კანონმდებლობა და მასში ნებისმიერი დეტალის დამატება საჭიროებს შეთანხმებას მოქალაქესთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუდიტი, რომელიც ყოველ 2 წელიწადში აკონტროლებს აღნიშნულ პროცესს, დაწერს უარყოფით დასკვნას, რასაც, საბოლოო ჯამში, მოჰყვება სერვისის ამოღება სანდო მომსახურებათა სიიდან.
32. მოწვეულმა სპეციალისტმა გიორგი რუხაძემ აღნიშნა, რომ სხვა დამცავი ნიშნებისგან განსხვავებით, ჩიპის უნიკალური თვისება იმაში მდგომარეობს, რომ იგი შეიცავს ციფრულ ხელმოწერას, რომელსაც გასცემს ერთადერთი ორგანიზაცია - სერვისების განვითარების სააგენტო. ამ უნიკალურ ინფორმაციას სხვა პირი ვერ გაიმეორებს. განმეორების შემთხვევაში კი, ხელმოწერის დროს ონლაინში დასტურდება, რომ ის არასანდო ორგანიზაციის მიერ არის გაცემული. მისგან განსხვავებით, QR კოდისა და შტრიხკოდის შემთხვევაში, ინფორმაციის გაყალბება მარტივია. ამავდროულად, ვერ მოხდება იმის გარკვევა, აღნიშნულ დამცავ ნიშნებზე ინფორმაცია სერვისების განვითარების სააგენტომ ჩაწერა თუ ვინმე სხვამ.
33. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ თუ მოსარჩელეები პრობლემას მათი პერსონალური მონაცემების სხვისთვის გამჟღავნების საფრთხეში ხედავენ, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ აქვს, ID ბარათი ელექტრონული იქნება თუ არა. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, ბანკების მიერ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, პირის შესახებ იმაზე გაცილებით მეტი მოცულობის ინფორმაცია იქნეს გათხოვილი, ვიდრე პირის ID ბარათზე წერია. ამავდროულად, სპეციალისტი განმარტავს, რომ თუ ID ბარათით პირი საბანკო გადახდას განახორციელებს, შეუძლებელია ამ დროს ჩიპზე დატანილი სხვა ინფორმაციის, მაგალითად, სისხლის ჯგუფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამოკითხვა მოხდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს სადავო ნორმების შესაბამისობის დადგენას არსებითად განსხვავებული შინაარსის მქონე კონსტიტუციურ უფლებებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
1. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით
1.1. დაცული სფერო
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან დაკავშირებული არაერთი უფლებრივი კომპონენტი, რომლებიც მისი თვითგამორკვევისა და თვითრეალიზაციის საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. ამასთან, განსხვავებულია თითოეული მითითებული კონსტიტუციური უფლებით დაცული სიკეთე და, შესაბამისად, შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევებში, განსხვავებული იყოს მათთან მიმართებით სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების მასშტაბიც. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო არ დგას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული თითოეული უფლებრივი კომპონენტის შეფასების წინაშე. განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმებით მხოლოდ რწმენის თავისუფლების დარღვევის საკითხი. შესაბამისად, იგი შემოიფარგლება მხოლოდ აღნიშნული თავისუფლების ფარგლების განმარტებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული რწმენის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „რწმენის თავისუფლება ადამიანის თვითგამორკვევის საწყისი და საფუძველია. ყველა სხვა უფლების მსგავსად, ეს თავისუფლებაც ადამიანის ღირსების პატივისცემის გამოხატულებაა. „ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება““ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
4. „რწმენის თავისუფლება ერთგვარად მსოფლმხედველობის თავისუფლებაა“ და გულისხმობს ადამიანის შინაგან თავისუფლებას, დამოუკიდებლად, თავად განსაზღვროს საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი თუ მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით განვითარების მიმართულებები. იგი ადამიანის საკუთარი მოსაზრებებისა და გრძნობების შესაბამისად ჩამოყალიბების და ცხოვრების საფუძველია. რწმენის თავისუფლება წარმოადგენს რა ადამიანის პიროვნული განვითარებისა და ავტონომიის საყრდენს, იმავდროულად, დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე და მთლიანად საზოგადოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე. დემოკრატიული საზოგადოება, საკუთარი რწმენის შესაბამისად ჩამოყალიბებული, თავისუფლად თვითრეალიზებადი ადამიანებისაგან შედგება. შესაბამისად, აღნიშნული თავისუფლება, როგორც მინიმუმ, მოითხოვს სხვადასხვა რწმენის მიმდევართა ჰარმონიული თანაცხოვრების შესაძლებლობის გარანტირებას. აღნიშნული კი რწმენის თავისუფლების თითოეულ სუბიექტს აკისრებს ვალდებულებას, საკუთარი თავისუფლება შეზღუდოს სხვათა ასეთი თავისუფლებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5, 6, 7). სწორედ ამ გზით მიიღწევა დემოკრატიული სახელმწიფოსგან განუყოფელი რელიგიური პლურალიზმი და ტოლერანტობა.
5. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ რწმენის თავისუფლებას ფართო შინაარსი აქვს, იგი მხოლოდ რელიგიურ ასპექტს არ გულისხმობს და არ წარმოადგენს მხოლოდ რელიგიის თავისუფლების იდენტურ ცნებას. იგი მოიცავს რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროს, მაგრამ არ შემოიფარგლება მისით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). მეორე მხრივ, კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, რელიგიის თავისუფლება დაცულია როგორც „რწმენის“, ისე „აღმსარებლობის“ თავისუფლებით, რაც სახელდებით არის მითითებული კონსტიტუციის ამ მუხლში.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული რწმენის, მათ შორის, რელიგიური რწმენის თავისუფლება, თავისი ყველაზე საწყისი გაგებით, ადამიანის აზროვნების შინაგანი სფეროს (forum internum) დაცვას გულისხმობს, რომელიც თითოეული ინდივიდის შინაგან სამყაროში ხორციელდება. იგი გულისხმობს, სახელმწიფოსგან ჩარევის გარეშე, ამა თუ იმ რწმენის გაზიარებას, არჩევას და საკუთარი თავის მისდამი მიკუთვნებას (პოზიტიური თავისუფლება) ან მის უარყოფას, შეცვლას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). შესაბამისად, რწმენის თავისუფლების აღნიშნული სფერო სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებს მიღმაა და არ უნდა დაექვემდებაროს შეზღუდვას. სახელმწიფოს უფლება არ აქვს, უკარნახოს ადამიანს, რომელი რწმენა გააჩნდეს, მოსთხოვოს მას, გაამჟღავნოს თავისი შეხედულებები თუ რელიგიური კუთვნილება ან აიძულოს ადამიანი, უარი თქვას საკუთარ რწმენაზე, შეიცვალოს იგი ან გაიზიაროს რომელიმე სხვა რწმენა.
7. იმავდროულად, რწმენის თავისუფლება მოიცავს მისი გაცხადების (forum externum) – რწმენის შესაბამისად ცხოვრების უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). იგი გულისხმობს ადამიანის უფლებას, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა თუ რიტუალების შესრულებით, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, როგორც საქვეყნოდ, ისე განკერძოებით. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი პირდაპირ არ უთითებს ამის შესახებ, მაგრამ უდავოა, რომ იგი გულისხმობს რწმენის გაცხადების უფლებას, ვინაიდან რწმენის თავისუფლება თეორიული და ილუზორული იქნებოდა მის შესაბამისად ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე. რწმენის მხოლოდ ქონა ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული უფლებით სრულყოფილად სარგებლობას, თუკი არ არსებობს საკმარისი გარანტიები ცხოვრების წესის რწმენის შესაბამისად წარმართვისთვის. ნებისმიერი რწმენა მისი კონკრეტული გამოვლინებებით რეალიზდება, ამიტომ, თუ პირი იძულებული იქნება მათზე უარი თქვას, ის ვერც კონკრეტული რწმენის მიმდევარი იქნება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რწმენის თავისუფლების შინაარსიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმ ხელშესახები კრიტერიუმების ამომწურავად ჩამოთვლა, რომლის საფუძველზეც უტყუარად მოხდებოდა რწმენის თავისუფლებით დაცული სფეროს სრულად იდენტიფიცირება. უფლება, რომლის შინაარსიც ადამიანის აზროვნების პროცესზე, მის მუდმივად განვითარებად მოსაზრებებსა და განცდებზეა დამოკიდებული, შეუძლებელია წინასწარ სრულად განსაზღვრული და ამოწურვადი იყოს. შესაბამისად, შეფასების ზოგადი კრიტერიუმებისა და უნივერსალური მიდგომების ჩამოყალიბების მცდელობამ შესაძლოა, თავად უფლება დააზარალოს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
9. თუმცა, ნებისმიერი უფლება, რწმენის თავისუფლების ჩათვლით, დაცული და გარანტირებული უნდა იყოს მხოლოდ მისი ნამდვილი არსის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცდუნება და რისკი, როგორც უფლებაში გადამეტებული ჩარევისა, ისე თავად უფლებით ბოროტად სარგებლობისა, ერთნაირია, რაც, საბოლოო ჯამში, არღვევს ინტერესთა შორის გონივრულ ბალანსს და ერთნაირად უქმნის საფრთხეს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესებს. ამიტომ უფლების ფარგლების ხელოვნურად გაფართოება, როგორც მისი არასწორად განმარტების, ისე გამოყენების მეშვეობით, საფრთხეს შეუქმნის კონსტიტუციურ ღირებულებებს შორის ბალანსის შენარჩუნებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9, 57).
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს იმგვარი რწმენის დაცვას, რომელიც დამაჯერებლობის, სერიოზულობის, თანმიმდევრულობისა და მნიშვნელობის გარკვეულ დონეს აღწევს. ბუნებრივია, აღნიშნული არ გულისხმობს პირის მრწამსის კანონიერების შემოწმებას. უფრო მეტიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია დავა იმაზე, თუ რატომ გააჩნია პირს ესა თუ ის რწმენა. თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამოწმოს პირის რელიგიური გრძნობების უტყუარობა ან/და გულწრფელობა.
11. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეჭვს არ იწვევს კონკრეტული რწმენის სერიოზულობა და დამაჯერებლობა, ყოველი ქმედება, რომელიც გარკვეულწილად შთაგონებული ან მოტივირებულია ამ რწმენის გავლენით, არ წარმოადგენს მოცემული რწმენის გაცხადებას. იმისათვის, რათა რწმენის კონკრეტულმა გაცხადებამ კონსტიტუციის ფარგლებში დაცვა მოიპოვოს, იგი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული აღნიშნულ რწმენასთან. შესაბამისად, გაცხადება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელიც პირდაპირ არ გამოხატავს კონკრეტულ რწმენას ან რომელიც მხოლოდ ზოგადად არის დაკავშირებული შესაბამისი რწმენის მოძღვრებასთან, არ ხვდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის დაცვის ქვეშ მაშინაც კი, თუ იგი მოტივირებული ან შთაგონებულია ამ რწმენით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუზომლად გაიზრდება უფლებით ბოროტად სარგებლობისა და რწმენაზე აპელირებით კონსტიტუციური, სამართლებრივი, მოქალაქეობრივი თუ სხვაგვარი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებისაგან თავის არიდების რისკები.
12. ამავდროულად, რწმენის გაცხადება არ იზღუდება მისი მხოლოდ საყოველთაოდ აღიარებული ფორმებით (როგორიცაა, მაგალითად, წირვა-ლოცვა, მარხვა, წმინდა ტექსტების კითხვა, სპეციალური ტანსაცმლის ტარება და სხვ.), არამედ, რწმენის გაცხადებასა და მის გამომწვევ რწმენას შორის საკმარისად მჭიდრო და პირდაპირი კავშირი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა დადგინდეს.
1.2. რწმენის თავისუფლების შეზღუდვა
1.2.1. არის თუ არა მოსარჩელეთა რწმენა დაცული კონსტიტუციის მე-16 მუხლით
13. №1404 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უალტერნატივო წესს და კანონმდებლობით განსაზღვრული ობიექტური გარემოებების მიღმა არ ითვალისწინებს სხვა სახის პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარე ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე უარს რელიგიური რწმენის მოტივით აცხადებს. მოსარჩელეთა განმარტებით, წმინდა წერილები მართლმადიდებელ ქრისტიანებს აფრთხილებს, არ გახდნენ ტოტალური კონტროლის მსხვერპლი; მათი აზრით, ელექტრონული დოკუმენტები, ანქიტრისტეს ბეჭდისკენ მიმავალი გზა და ადამიანის სხეულში ჩასადგმელი იმპლანტის წინააპირობაა, რომლითაც საბოლოოდ უნდა მართონ ისინი. შესაბამისად, მოსარჩელეებს, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, აღნიშნული გაფრთხილებების საფუძველზე, წარმოეშვათ რელიგიური წინააღმდეგობა ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე. ამავდროულად, სადავო ნორმებით დადგენილი უალტერნატივო წესის გამო, ისინი ვერ სარგებლობენ მსგავსი დანიშნულების რაიმე სხვა დოკუმენტით, რის გამოც დგებიან არჩევანის წინაშე - ან უარყონ საკუთარი რწმენა, ანდა დარჩნენ სამოქალაქო თუ საჯარო ცხოვრებისგან იზოლირებულნი. ამდენად, მოსარჩელეთა განმარტებით, სახელმწიფოს მიერ რელიგიური წინააღმდეგობის მქონე პირებისთვის ალტერნატიული დოკუმენტით სარგებლობის შესაძლებლობის გამორიცხვა არღვევს მართლმადიდებელ ქრისტიანთა რელიგიურ თავისუფლებას.
14. ამგვარად, მოსარჩელეები ელექტრონული პირადობის მოწმობაზე უარს რელიგიური რწმენის მოტივით აცხადებენ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია, მოსარჩელეთა ასეთი წინააღმდეგობა ექცევა თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლების ფარგლებში.
15. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან თავსებადი იმგვარი რწმენის დაცვას, რომელიც დამაჯერებლობის, სერიოზულობის, თანმიმდევრულობისა და მნიშვნელობის განსაზღვრულ ხარისხს აღწევს. ამავდროულად, დაცვას ექვემდებარება არა რწმენის მოთხოვნების თაობაზე ნებისმიერი პერსონალური ინტერპრეტაცია, არამედ რწმენის მხოლოდ იმგვარი გაცხადება (მოქმედება/უმოქმედობა), რომელიც მჭიდრო და უშუალო კავშირშია აღნიშნულ რწმენასთან.
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლება არ გულისხმობს პირის უფლებას, დაემორჩილოს მხოლოდ იმ კანონებს, რომლებიც, მისი აზრით, თავსებადია მის რწმენასთან. ეს ადამიანის მიერ საკუთარი თავის კანონმდებლად გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის როგორც კონსტიტუციურ ღირებულებებთან, ისე ინტერესთა გონივრულ დაბალანსებასთან. შესაბამისად, „მიუხედავად რწმენის თავისუფლების უდიდესი მნიშვნელობისა, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისათვის, ისე თითოეული ადამიანის პიროვნული ავტონომიისა და თვითრეალიზაციისთვის, სახელმწიფოს არა აქვს ვალდებულება, მართლზომიერ ქმედებად მიიჩნიოს ადამიანების ყოველგვარი გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი საკუთარი რწმენის შესაბამისად იღებენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
17. ამდენად, იმისთვის, რომ მოსარჩელეთა წინააღმდეგობამ დაცვა მოიპოვოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლების ფარგლებში, მოსარჩელეებმა ნათლად უნდა დაანახონ სასამართლოს, რომ მათი რწმენა არ არის დემოკრატიასთან შეუთავსებელი; რომ იგი აკმაყოფილებს დამაჯერებლობის, სერიოზულობის, თანმიმდევრულობისა და მნიშვნელობის განსაზღვრულ ხარისხს და რომ მათ მიერ რწმენის გაცხადების ამგვარი ფორმა (ელექტრონული პირადობის მოწმობით სარგებლობაზე უარი) კავშირშია მართლმადიდებლურ რელიგიასთან და მოსარჩელეთა რწმენის გაცხადებას წარმოადგენს.
18. მოსარჩელეთა რელიგიური წინააღმდეგობა უკავშირდება პირადობის მოწმობის ელექტრონულ მატარებელს (ჩიპს). მათ სურთ აღნიშნული დოკუმენტის მიღება მასში ინტეგრირებული ელექტრონული მატარებლის გარეშე. ცხადია, მოსარჩელეთა რწმენა არ გულისხმობს დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანის უფლებების იგნორირებას და, მით უფრო, მათთვის ზიანის მიყენებას. ამავდროულად, მოსარჩელეთა ამგვარ წინააღმდეგობას გააჩნია გარკვეული დასაყრდენი მართლმადიდებლურ სწავლებაში. კერძოდ, მოსარჩელეებმა წარმოადგინეს კონკრეტული ამონარიდები ბიბლიიდან და წმინდა წერილებიდან, რომლითაც მართლმადიდებელი ქრისტიანები გაფრთხილებულნი არიან ტოტალური კონტროლის შესახებ. მოსარჩელეთა აზრით, სწორედ ელექტრონული დოკუმენტებში არსებული ჩიპის საშუალებით ხორციელდება ტოტალური კონტროლი, რაც უშუალოდ უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას აპოკალიფსის შესახებ. მოსარჩელეებმა წარმოადგინეს ათონის მთის წმინდა კინოტის გადაწყვეტილებაც, სადაც ნათქვამია, რომ ელექტრონული მოწმობები ანტიქრისტეს ბეჭდის წინარე სახეა. ამავდროულად, სასამართლო იზიარებს, რომ ამგვარი მოსაზრებანი ფართოდ არის გავრცელებული მართლმადიდებლურ სამყაროში. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, სასამართლომ ეჭვი შეიტანოს მოსარჩელეთა რწმენის სერიოზულობაში. ამდენად, მოსარჩელეთა რწმენა აკმაყოფილებს სერიოზულობისა და დამაჯერებლობის კონსტიტუციურ სტანდარტს.
19. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელეთა რწმენა არ არის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი და, იმავდროულად, აკმაყოფილებს დამაჯერებლობისა და სერიოზულობის სტანდარტს, მიზანშეწონილი და გამართლებული არ იქნება, სასამართლომ ისაუბროს მოსარჩელეთა რწმენის ბუნებასა და სიღრმეებზე და დამატებით იკვლიოს მოსარჩელეთა რწმენის ლეგიტიმურობა იმის შეფასებით, თუ რამდენად სწორი, მართებული და გონივრულია მათი რწმენა და მოსაზრებები, ვინაიდან ის, რაც ერთი ადამიანისთვის წმიდათაწმიდაა, სხვისთვის შესაძლოა აბსურდულიც კი იყოს. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ მოსარჩელეთა რწმენა არის კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების სფეროში მოქცეული.
20. თუმცა, სასამართლო ერთმანეთისაგან მიჯნავს რწმენას და იმ ქმედებას, რომელიც ამ რწმენას უკავშირდება. ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა რწმენა ანტიქრისტესა და აპოკალიფსთან ელექტრონული პირადობის მოწმობების კავშირის შესახებ მოქცეულია კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული დაცვის ქვეშ, არ გულისხმობს, რომ დაცული იქნება მოსარჩელის ნებისმიერი ქმედება (მოქმედება ან მისგან თავშეკავება), რაც ამ რწმენით არის განპირობებული ან მოტივირებული. იმისათვის, რომ ქმედებამ ავტომატურად მოიპოვოს დაცვა რელიგიის თავისუფლების საფუძველზე, იგი უნდა წარმოადგენდეს ამ რელიგიის გაცხადებას, ხოლო იმისათვის, რომ ქმედება წარმოადგენდეს „რელიგიის გაცხადებას“, საჭიროა მჭიდრო და პირდაპირი კავშირის არსებობა ქმედებასა და რელიგიას შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი კავშირი უდავოდ არსებობს ისეთ დროს, როდესაც ქმედება წარმოადგენს შესაბამისი რელიგიის უშუალო მოთხოვნას. მაგალითად, რელიგიური ტექსტების კითხვა, ლოცვა, მარხვის შენახვა, რელიგიური რიტუალების განხორციელება წარმოადგენს რელიგიის გაცხადების ტრადიციულ ფორმებს და არსებობს მჭიდრო და პირდაპირი კავშირი ქმედებასა და რელიგიას შორის. შესაბამისად, ამგვარი ქმედებები, როგორც შესაბამისი რელიგიის გაცხადება, უპირობოდ ხვდება კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის ფარგლებში.
21. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის შეფასებისას, წარმოადგენდა თუ არა ქმედება შესაბამისი რელიგიური რწმენის მოთხოვნას, მას ერთგვარი სიფრთხილე მოეთხოვება, რათა არ მოხდეს რელიგიურ საკითხებში გადამეტებული ჩარევა. საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია არ არის რელიგიური ტექსტების ინტერპრეტაცია და იმაზე უტყუარი დასკვნების გაკეთება, მოეთხოვებოდა თუ არა პირს შესაბამისი ქცევა თავისი რელიგიით. როდესაც საქმე რელიგიურ საკითხებს ეხება, სასამართლო მხედველობაში იღებს შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენლების განმარტებებს იმისთვის, რათა დაადგინოს, რამდენად აქვს კავშირი მოსარჩელეთა რწმენას აღნიშნულ რელიგიასთან და რამდენად წარმოადგენდა მოსარჩელეთა ქმედება ამ რელიგიის უშუალო მოთხოვნას. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველთვის გადამწყვეტი არ არის ის გარემოება, იზიარებენ თუ არა მოსარჩელეთა მოსაზრებებს შესაბამისი კონფესიის სხვა წარმომადგენლები.
22. განსახილველ საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ წმინდა სინოდმა, რომელიც მართლმადიდებლურ რელიგიურ სწავლებასა და რელიგიური წყაროების განმარტებაზე პასუხისმგებელი ორგანოა, 2012 წლის 5 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და განაჩინა, რომ „სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია“. ეს გარემოება, დადასტურებულია მოსარჩელეებისათვის საქართველოს საპატრიარქოდან 2019 წლის 29 მარტს გაგზავნილ წერილშიც. ამ წერილით მოსარჩელეებსა და სხვა პირებს, მათი კოლექტიური განცხცადების პასუხად ეცნობათ სინოდის 2012 წლის 5 ივლისის ზემოაღნიშნული განჩინების თაობაზე. ამგვარად, საქართველოს ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაადგინა, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ რწმენას და მათი ფლობა ხელს არ უშლის მართლმადიდებლებს საკუთარი რელიგიური რწმენის შესაბამისად ცხოვრების წარმართვაში. ასევე ცნობილია ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა მოსაზრებებს არ იზიარებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა დიდი უმრავლესობა. ასეთ პირობებში, სასამართლოს არ აქვს საფუძველი, თქვას, რომ მოსარჩელეთა წინააღმდეგობა (ელექტრონული პირადობის მოწმობაზე უარის თქმა) მართლმადიდებლური რელიგიის პირდაპირ და უშუალო მოთხოვნას წარმოადგენს. მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელეთა წინააღმდეგობა ავტომატურად გამოირიცხება რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის ფარგლებიდან. უფრო მეტიც, დაუშვებელია, დაცულობის ფარგლებში ვიგულისხმოთ პირის მხოლოდ ის რელიგიური მოსაზრებები, რომლებსაც შესაბამისი კონფენსიის/რელიგიური ჯგუფის წევრთა უმრავლესობა იზიარებს. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს პირის გულწრფელობას, მისი წინააღმდეგობის კეთილსინდისიერებას. მოსარჩელეები შინაგანად უნდა გრძნობდნენ, რომ მათი გადაწყვეტილება წარმოადგენს მბოჭავ და უპირობოდ მავალდებულებელ გადაწყვეტილებას მათი რწმენის განხორციელებისათვის. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნდეს იმაში, რომ წინააღმდეგობა ეფუძნება ადამიანის გულწრფელ მოსაზრებებს, რაიმეს სისწორესა ან სიმცდარეში მათ რწმენას, ვინაიდან ლოგიკური და სამართლებრივი არგუმენტის მოხმობით ძალზე რთულია პირის იმ მტკიცების ეჭვის ქვეშ დაყენება, რომ მორწმუნის ცალკეული რწმენა ან ქმედება მისი რელიგიური ვალდებულების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნეგატიური პასუხი ამ კითხვაზე მხოლოდ სრულიად აშკარა შემთხვევებში უნდა გაიცეს.
23. ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციურ სარჩელში და სასამართლო განხილვის სხდომებზე წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს, ერთი მხრივ, მოსარჩელეთა რელიგიური რწმენით მოტივირებული წინააღმდეგობის გულწრფელობაში, ხოლო, მეორე მხრივ იმაში, რომ ელექტრონული დოკუმენტის აღებაზე უარი მათ სწორედ თავიანთი რელიგიის მოთხოვნად მიაჩნიათ. სასამართლოს აზრით, მოსარჩელეებს გულწრფელად სჯერათ, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებით საკუთარ რწმენას და ღმერთს უღალატებენ. კერძოდ, მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა, რომლის პირადობის მოწმობასაც 2016 წელს გაუვიდა მოქმედების ვადა, უარი თქვა ელექტრონული მატარებლის შემცველი დოკუმენტის აღებაზე, მას შემდეგ არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი არავითარი ოფიციალური დოკუმენტი, რის გამოც მას თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზეც კი მოუწია უარის თქმა. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მოსარჩელეებმა არაელექტრონული პირადობის მოწმობის მიღების უფლებისათვის საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში იდავეს. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცედურების დროსაც არ გამოვლენილა იმგვარი გარემოება, რომელიც მოსარჩელეთა რელიგიური გრძნობების გულწრფელობისადმი სასამართლოს გარკვეულ ეჭვს გაუჩენდა. პირიქით, სასამართლო დარწმუნდა, რომ მოსარჩელეთა რელიგიური წინააღმდეგობა არის ნამდვილი და დაკავშირებულია მორალურ განცდებთან, ხოლო ელექტრონული დოკუმენტების მიღებაზე უარის თქმა აღქმული აქვთ როგორც რელიგიური რწმენიდან გამომდინარე მოთხოვნა.
24. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელეთა უარი, მიიღონ ელექტრონული პირადობის მოწმობა (მიუხედავად წმინდა სინოდის პოზიციისა), წარმოადგენს მათი რელიგიური რწმენის გაცხადებას და ემყარება მათ გულწრფელ რელიგიურ მოსაზრებებს.ამდენად, მოსარჩელეთა რელიგიური წინააღმდეგობა ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის ფარგლებში.
1.2.2. სადავო ნორმებით რწმენის თავისუფლებაში ჩარევა
25. სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, თუ რა მიმართებაშია სადავო ნორმა მოსარჩელეთა რელიგიური რწმენის თავისუფლებასთან. კერძოდ, უნდა დადგინდეს, ხორციელდება თუ არა სადავო რეგულაციით ჩარევა მოსარჩელეთა რელიგიური რწმენის (რომელიც, როგორც უკვე დადგინდა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით) თავისუფლებაში ან იწვევს თუ არა სადავო ნორმის მოქმედება გვერდითი ეფექტის სახით აღნიშნული რწმენისთვის გარკვეული ტვირთის დაკისრებას. თუ სასამართლო დაადგენს, რომ სადავო ნორმით ხორციელდება მოსარჩელეთა რწმენის თავისუფლებაში ჩარევა, იგი შეაფასებს, იყო თუ არა ასეთი ჩარევა გამართლებული დასახული ლეგიტიმური მიზნების, ჩარევის პროპორციულობისა და დაპირისპირებულ ლეგიტიმურ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო დაადგენს, რომ საქმე შეეხება სადავო ნორმით მხოლოდ გვერდითი ეფექტის სახით გამოწვეულ ზიანს, იგი შეაფასებს, წარმოეშვა თუ არა სახელმწიფოს ნორმის შემუშავების პროცესში ამ ზიანის განჭვრეტის, მისი თავიდან აცილების ან შემცირების პოზიტიური ვალდებულება, კერძოდ - სადავო რეგულაციიდან გამონაკლისის დაწესების ვალდებულება რელიგიური წინააღმდეგობის მქონე პირებისათვის.
არის თუ არა ჩარევა
26. პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მის წინაშე დგას ამოცანა, შეაფასოს საკითხი, განხორციელდა თუ არა სადავო ნორმებით მოსარჩელეთა რწმენის გაცხადების თავისუფლებაში (forum externum) ჩარევა, რამდენადაც სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მოსარჩელეთა უარი ელექტრონული დოკუმენტების აღებაზე წარმოადგენს მათი რწმენის „გაცხადებას“. თუმცა, ვინაიდან სარჩელში გამოთქმულია მოსაზრება, თითქოს სადავო ნორმები ახორციელებს მოსარჩელეთა რწმენის თავისუფლების შინაგან კომპონენტებში (forum internum) ჩარევას, სასამართლო ამ საკითხსაც უპასუხებს.
27. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები იმთავითვე არ წარმოადგენს რაიმე ხარისხით მოსარჩელეთა რელიგიური რწმენის თავისუფლებაში პირდაპირ ჩარევას. ეს ნორმები აწესრიგებს პირადობის მოწმობის გაცემის საერთო წესს. კერძოდ, ნორმები ადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უალტერნატივო წესს, რომელიც ნეიტრალური ხასიათისაა, არ გააჩნია პირდაპირი კავშირი მოსარჩელეთა რელიგიურ რწმენასთან, ისევე როგორც, რწმენისა და რელიგიის საკითხებთან საზოგადოდ. იგი თანაბრად ვრცელდება ყველა პირის მიმართ მათი რწმენისა თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. გასაჩივრებული აქტები, კერძოდ, ადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის წესსა და პირობებს, განსაზღვრავს დოკუმენტის გაცემის ვადას, სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც არიან მათ გაცემაზე უფლებამოსილი და სხვა. გასაჩივრებულ ნორმათა შინაარსი უშუალოდ არ არის მიმართული ვისიმე, მათ შორის, მოსარჩელე მხარის რელიგიური რწმენის შეზღუდვისკენ. იგი არ მოითხოვს ადამიანებისგან რაიმე რწმენის აღიარებას, მასზე უარის თქმას ან შეცვლას და, ამ გაგებით, არ გულისხმობს ვისიმე რწმენის თავისუფლების შიდა კომპონენტებში რაიმე სახის ინტერვენციას სახელმწიფოს მხრიდან.
28. იმავდროულად, სადავო რეგულაცია არ შეიცავს არც რაიმე ისეთ აკრძალვას ან შეზღუდვას, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ვინმესთვის რწმენის ამა თუ იმ ფორმით გაცხადების თავისუფლებაში ჩარევას. მართალია, ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა წარმოადგენს კანონის მოთხოვნას, თუმცა სადავო ნორმები არ ითვალისწინებს რაიმე იძულებას ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, არ აწესებს ასეთი მოწმობის აღების ვალდებულებას და არ ითვალისწინებს რაიმე სანქციას მის მიღებასა და სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში; არც უშუალოდ სადავო ნორმები, არც ის აქტები, რომლებიც სადავო ნორმებს შეიცავენ, მთლიანობაში, არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან რაიმე რეაგირებას პირის მიერ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე უარის გამო, არათუ რაიმე სანქციას ამისათვის. უფრო მეტიც: კანონის მოთხოვნა - ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მქონე დოკუმენტის დაწესებისა და გაცემის შესახებ - მიემართება სახელმწიფო ორგანოებს და არა ინდივიდს. ეს უკანასკნელი ვერ გახდება კანონის ამ მოთხოვნის დამრღვევი. დოკუმენტის აღებაზე უარი ვერ იქნება განხილული კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობად. პირადობის მოწმობის აღებაზე უარი არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ანდა რაიმე ისეთ ხდომილებას, რომელსაც შეიძლება პირდაპირ მოჰყვეს სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდის საზიანოდ რაიმე ნაბიჯების გადადგმა, იქნება ეს სამართლებრივი პასუხიმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება, სხვა უფლებების შეზღუდვა თუ სხვა. ასეთ პირობებში სახელმწიფოს ზოგადი რეგულაცია, რომელიც არ აწესებს კონკრეტულ შეზღუდვას რწმენის თავისუფლებასთან მიმართებაში და, შესაბამისად - ვერც რაიმე პასუხისმგებლობას შეზღუდვებისა თუ კანონის გარკვეული მოთხოვნების შუსრულებლობის გამო და, იმავდროულად, საერთოდ არ გააჩნია პირდაპირი შინაარსობრივი ბმა რწმენის/რელიგიის საკითებთან, ვერ იქნება განხილული რწმენის/რელიგიის თავისუფლებაში სახელმწიფოს ჩარევად.
29. საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ პირადობის მოწმობების არქონამ სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა მოსარჩელეებს, რომლებმაც გულწრფელი რელიგიური წინააღმდეგობის გამო, უარი თქვეს მათ მიღებაზე. კერძოდ, პირადობის მოწმობის არქონა აფერხებს მათ, ჩაებან აქტიურ სამოქალაქო თუ საჯარო ცხოვრებაში, დადონ გარიგებები, განახორციელონ გარკვეული ფინანსური ოპერაციები და ა.შ.თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დარჩენით გამოწვეული ეს სერიოზული დისკომფორტი წარმოადგენს მხოლოდ გვერდით ეფექტს იმ ნეიტრალური შინაარსის ნორმათა მოქმედებისა, რომელიც არ ითვალისწინებს რწმენის თავისუფლებაში პირდაპირ ჩარევას და რომელიც არ არის შინაარსობრივ ბმაში ფილოსოფიური თუ რელიგიური რწმენის საკითხებთან. ეს დისკომფორტი ვერ იქნება პირდაპირი შედეგი სადავო ნორმის მოქმედებისა, ვინაიდან იგი შედეგად მოჰყვა არა ნორმის მოთხოვნის შესრულებას (ელექტრონული დოკუმენტის აღებას), არამედ მის შეუსრულებლობას (ელექტრონული დოკუმენტის აღებაზე უარის თქმას). შესაბამისად, აღნიშნული დისკომფორტი, როგორც შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმების გვერდითი ეფექტი, ვერ იქნება გაიგივებული სახელმწიფოს მხრიდან განხორცილებულ რაიმე იძულებასთან, ვერ იქნება მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან რწმენის/რელიგიის თავისუფლებაში განხორციელებულ „ჩარევად“ ანდა ამგვარი ჩარევით მიყენებულ ზიანად. ასეთი მიდგომა მთლიანად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. როგორც სასამართლომ განმარტა: „კონვენციის ორგანოებს დადგენილი აქვთ, რომ საერთო კანონმდებლობა, რომელიც გამოიყენება ნეიტრალურ საფუძველზე და არ გააჩნია არანაირი კავშირი მომჩივნის პიროვნულ რწმენასთან, არ შეიძლება, პრინციპულად, მიჩნეულ იქნეს მე-9 მუხლის უფლებებში ჩარევად“ (იხ. Skugar and Others v. Russia (no. 40010/04), ECHR, 3 December 2009).
30. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არ არის სახელმწიფოს მხრიდან რწმენის/რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა, სასამართლოს წინაშე დგება ამოცანა, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად მოსარჩელეთა რწმენის თავისუფლებისათვის წარმოშობილი ზიანი შეაფასოს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში. სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა სახელმწიფო ვალდებული, სადავო ნეიტრალური ნორმიდან გაეთვალისწინებინა გამონაკლისები ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების მიზნით.
დაარღვია თუ არა სახელმწიფომ პოზიტიური ვალდებულება, ანუ, არსებობდა თუ არა ზოგადი ნეიტრალური ნორმიდან გამონაკლისების დაწესების აუცილებლობა
31. სასამართლო, საზოგადოდ, ცხადია, არ გამორიცხავს, რომ ნეიტრალურმა ხასიათის ნორმებმა, შესაძლოა, ისეთივე სერიოზული ზიანი გამოიწვიოს რელიგიის/რწმენის თავისუფლებისათვის, როგორიც იმ ნორმებმა, რომლებიც პირდაპირ ითვალისწინებს რწმენის თავისუფლებაში ჩარევას და რომელთა მიზანიც გარკვეულ ლეგიტიმურ ინტერესთა დასაცავად ამ თავისუფლების შეზღუდვაა. განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლო არ უარყოფს, რომ სადავო, ნეიტრალური ხასიათის რეგულაციამ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის წესის შესახებ, მართლაც წარმოშვა მნიშვნელოვანი ტვირთი მართლმადიდებელ ქრისტიანთა იმ ჯგუფისათვის (რომლებსაც მოსარჩელეები განეკუთვნებიან), რომელთა რწმენითაც, დოკუმენტის ელექტრონული მატარებელი (ჩიპი) ანტიქრისტეს ბეჭდისკენ მიმავალი გზაა. სადავო რეგულაციით დადგენილი უალტერნატივო წესის გამო, ასეთი პირები მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ - ემოქმედათ საკუთარი რელიგიური რწმენის წინააღმდეგ ან შეენარჩუნებინათ რწმენისადმი ერთგულება და დარჩენილიყვნენ პირადობის მოწმობის გარეშე, მაშასადამე - სოციალური ცხოვრების არაერთი სფეროდან გარიყულნი და იზოლირებულნი. სასამართლო ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სადავო რეგულაცია სერიოზულ ტვირთს იწვევს მოსარჩელეთა რელიგიური რწმენის თავისუფლებისთვის. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად იყო ვალდებული სახელმწიფო, ნებისმიერ ფასად თავიდან აეცილებინა ის ზიანი, რაც მოსარჩელეთა რელიგიური რწმენის თავისუფლებას გვერდითი ეფექტის სახით მიადგა. ამისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს, რამდენად აუცილებელი იყო უალტერნატივო წესის დადგენა და დაარღვია თუ არა სახელმწიფომ პოზიტიური ვალდებულება სადავო რეგულაციიდან გამონაკლისის დაუწესებლობით იმ პირთა მიმართ, რომლებიც რელიგიური რწმენის მოტივით უარს აცხადებენ ელექტრონული (ჩიპიანი) პირადობის მოწმობის აღებაზე.
32. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ სადავო რეგულაციის შემოღება და ელექტრონული პირადობის მოწმობის უალტერნატივო წესით გაცემის განსაზღვრა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით იყო განპირობებული. მოპასუხის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ელექტრონულ დოკუმენტებზე გადასვლა და, ამ გზით, აღნიშნული დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის ნაწილს. სახელმწიფო დაინტერესებული იყო, შემოეღო და გაეცა პირადობის დამადასტურებელი ისეთი უნიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც მაქსიმალურად დაცული იქნებოდა გაყალბებისგან. პირადობის ელექტრონული მოწმობა კი აღჭურვილია დაცვის ისეთი საშუალებებით, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს მისი, როგორც დოკუმენტის, ისე ამ უკანასკნელის მეშვეობით წარმოებული ნებისმიერი სამართალურთიერთობის გაყალბების რისკები; ამავდროულად, აადვილებს ნებისმიერ სამართალურთიერთობაში პირის ინტეგრაციას და სახელმწიფო სერვისებით მომსახურების პროცესს. ცალსახაა, რომ აღნიშნული დოკუმენტების შემოღებით სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული დოკუმენტების დანერგვა და, ამ გზით, მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.
33. სადავო რეგულაცია აწესრიგებს პირადობის მოწმობის გაცემის წესს და ადგენს, თუ როგორი სახის პირადობის მოწმობა უნდა გაიცეს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სახელწიფოს მიხედულების ფარგლები საშინაო ადმინისტრირების პროცედურაში ძალზე ფართოა. სახელმწიფოს მიერ ოფიციალური, უნიფიცირებული დოკუმენტების შემუშავებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაცული იქნეს დოკუმენტის ერთგვაროვნება და, როგორც წესი, დაუშვებელია, მათი შემადგენლობის განსაზღვრა დაექვემდებაროს ცალკეული ინდივიდების შეხედულებებს, თუნდაც რწმენის მოტივით. შესაბამისად, ადმინისტრაციული დოკუმენტების, მათ შორის პირადობის მოწმობის, შემუშავების პროცესში სახელმწიფოს არ შეიძლება მოეთხოვებოდეს, ერთი მხრივ ის, რომ წინასწარ სრულად განჭვრიტოს, თუ როგორ მოხდება ცალკეული პირების მიერ მათი შინაარსის, ფორმის, ცალკეული რეკვიზიტისა თუ ტექნიკური მახასიათებლების ინტერპრეტაცია რელიგიური რწმენის პრიზმაში, ხოლო, მეორე მხრივ ის, რომ მოახდინოს ოფიციალური ადმინისტრაციული დოკუმენტების მოდიფიცირება სახელმწიფოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მიერ ამა თუ იმ რელიგიური ტექსტების ინტერპრეტაციების მიხედვით.
34. სასამართლო არ უარყოფს, რომ ნორმის შემუშავების პროცესში სახელმწიფოსათვის შეუძლებელი არ იყო განეჭვრიტა, რომ სადავო ნორმების მიმართ შეიძლება წარმოშობილიყო რელიგიური წინააღმდეგობა. საქმის მასალებიდან ირკვევა და სასამართლო პროცესის დროსაც დადასტურდა, რომ გარკვეული რელიგიური ჯგუფების მიერ მანამდე იყო საჯაროდ გამოთქმული ნეგატიური დამოკიდებულება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლების (ჩიპი) შემცველი პირადობის მოწმობების მიმართ, სანამ შესაბამისი რეგულაციები იქნებოდა მიღებული. თუმცა, სხვა საკითხია იმის სრულად განჭვრეტის შესაძლებლობა, რომ ამგვარი მოსაზრებების მქონე ადამიანთა ნაწილისათვის ეს იქნებოდა ისეთი სერიოზული რელიგიური ტვირთი, რომ ისინი საერთოდ უარს იტყოდნენ ელექტრონული პირადობის მოწმობების აღებაზე და ამ გზით ნებაყოფლობით დათმობდნენ სოციალურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას. თუმცა, სასამართლოს უფრო მნიშვნელოვნად ესახება იმის შეფასება, თუ რამდენად გონივრული, მიზანშეწონილი იქნებოდა, სახელმწიფოს წინდაწინვე გაეკეთებინა გამონაკლისი ზოგადი ნეიტრალური რეგულაციიდან და ნორმატიულ აქტში გაეკეთებინა ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ დასაშვებად მიიჩნევდა არაელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემას ისეთი პირებისათვის, ვისაც სუბიექტური მოტივებით, მათ შორის, რელიგიური მოსზრებების გამო, არ სურდა ელექტრონული დოკუმენტის ფლობა.
35. განიხილავს რა ასეთი გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობასა და გონივრულობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ თეორიულად, არ არის გამორიცხული არც ისეთი შესაძლებლობა, რომ გარკვეული გულწრფელი რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი წინააღმდეგობა მომავალში წარმოეშვათ, მათ შორის სხვა კონფესიის თუ მრწამსის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტების, inter alia, პირადობის მოწმობის მიმართ იგივე ან სრულიად სხვა რეკვიზიტებისა თუ ტექნიკური მახასიათებლების კუთხით; მაგალითად, გაჩნდეს გულწრფელი წინააღმდეგობა დოკუმენტის ფერის, ზომის, მასზე დატანილი სახელმწიფო სიმბოლოების (სახელმწიფოს გერბი, დროშა, რომელიც, თავის მხრივ, ქრისტიანულ სიმბოლიკას შეიცავს) ან საიდენტიფიკაციო ნომრების მიმართ. ამის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის გადამწყვეტი ის კი არ არის, შესაძლებელი იყო თუ არა, და თუ იყო, რა ხარისხით, სახელმწიფოს მხრიდან სადავო ნორმების მიმართ რელიგიური წინააღმდეგობის წარმოშობისა და მასთან დაკავშირებული გვერდითი შედეგების განჭვრეტა, არამედ გონივრულობა იმის დაშვებისა, რომ სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტის შინაარსი თუ ფორმა სხვადასხვა ინდივიდების განსხვავებული სურვილების მიხედვით იცვლებოდეს.
36. გარდა იმისა, რომ პრინციპულად არის სწორი და გამართლებული ადმინისტრაციულ საკითხებში სახელწიფოს ოფიციალური დოკუმენტების ერთგვაროვნება, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაშვების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებული იქნებოდა, ასეთი პირებისთვის შეექმნა ალტერნატიული სამართლებრივი რეჟიმი და შეემუშავებინა ამ დოკუმენტებთან მოპყრობის განსხვავებული ინსტრუქციები. აღნიშნული კი გაუმართლებლად დაავიწროებდა სახელმწიფოს ფართო მიხედულებას საშინაო ადმინისტრირების პროცესებში, დაარღვევდა ადმინისტრაციულ საკითხებში საჭირო ერთგვაროვნებას, ხოლო სანდოობის თვალსაზრისით, მოწყვლადს გახდიდა არაერთ სამართალურთიერთობას, რომლებიც გაყალბებისაგან დაუცველ დოკუმენტებზე იქნებოდა დაფუძნებული.
37. პლურალისტურ საზოგადოებაში არსებული რწმენის თავისუფლება და საზოგადოების საჭიროებები, გარკვეულ შემთხვევებში, მოითხოვს გონივრულ დაბალანსებას, რა დროსაც რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლებაზე გარკვეული ნეიტრალური შეზღუდვების წარმოშობა გარდაუვალია. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლება, კერძოდ, რწმენის/აღმსარებლობის გაცხადება ისედაც არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ღირებულებათა კონფლიქტის დროს იგი ყოველთვის ვერ მოიპოვებს პრიორიტეტს და იგი შეიძლება გადაწონოს სხვა ღირებულებებმა, მათ შორის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სხვა პირთა უფლებების დაცვის საჭიროებამ. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საკითხი შეეხება არა მისი შეზღუდვის დასაშვებ მიჯნებს, არამედ თავად ამ თავისუფლების შინაარსობრივ ფარგლებს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რწმენის/ აღმსარებლობის თავისუფლების შინაარსი ვერ განიმარტება ისეთ შორეულ მიჯნებამდე, რომ მან დაცულობის ფარგლებში მოაქციოს პირის უფლება, უკარნახოს სახელმწიფოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს იგი საშინაო ადმინისტრირების პროცედურებში და როგორი სახით (ფორმა, შინაარსი, ტექნიკური მახასიათებლები...) გასცეს პირებზე ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის პირადობის მოწმობა. სასამართლოს აზრით, საქართველოს კონსტიტუციით დაცული რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლებიდან არ წარმოდგება სახელმწიფოს ვალდებულება, ოფიციალური დოკუმენტების შემუშავებისას გაითვალისწინოს ყველა ის გულწრფელი წინააღმდეგობა, რომელიც შეიძლება თავიანთი რწმენის საფუძველზე წარმოიშვას მის მოქალაქეებს შორის, რომლებიც სხვადასხვა რელიგიას მიეკუთვნებიან, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევებში, როდესაც რელიგიური რწმენით შთაგონებული ესა თუ ის ქმედება არ წარმოადგენს შესაბამისი რელიგიის პრინციპულ/სავალდებულო მოთხოვნას. თუ სახელმწიფო ყოველ ჯერზე დაჰყვებოდა მორწმუნეთა ინდივიდუალურ სურვილებსა და მოთხოვნებს, იგი ვერ შეძლებდა, დაეცვა თანაბრობა და ნეიტრალიტეტი ქვეყანაში ფუნქციონირებადი განსხვავებული რელიგიების მიმართ.
38. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმის შემუშავების პროცესში სახელმწიფოს არ წარმოეშვა პოზიტიური ვალდებულება, ოფიციალური ადმინისტრაციული დოკუმენტების ერთგვაროვნების დაცვის მნიშვნელოვანი საჯარო და ინდივიდუალური ინტერესების საზიანოდ დაეშვა გამონაკლისები ზოგადი, შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულაციიდან და გაეთვალისწინებინა წესი, რომლის მიხედვითაც დაშვებულად იქნებოდა გამოცხადებული ოფიციალური დოკუმენტების შინაარსის, ფორმისა თუ ტექნიკური პარამეტრების შეცვლა ცალკეული ინდივიდების სუბიექტური მოტივებით. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აზრს, რომ სადავო ნორმები უსაფრთხო პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოღების შესახებ არაკონსტიტუციურია იმიტომ, რომ ისინი გვერდითი ეფექტის სახით ვერ გამორიცხავს გარკვეული ტვირთის წარმოშობას მართლმადიდებელ ქრისტიანთა იმ ჯგუფის რელიგიური რწმენისათვის, ვისაც მიაჩნია, რომ შესაბამისი დოკუმენტის ფლობა მათ რწმენას ეწინააღმდეგება. რელიგიის თავისუფლება ადამიანს იცავს მის რელიგიურ ცხოვრებაში სახელმწიფოს ინტერვენციისაგან და იგი არ მოიცავს სახელმწიფოზე აქტიური ზემოქმედების თავისუფლებას სახელმწიფოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით და სუბიექტური მოტივებით. კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული რწმენის/რელიგიის თავისუფლება ვერ იქნება განმარტებული იმგვარად, თითქოს იგი გულისხმობდეს ინდივიდის უფლებას, დაემორჩილოს სახელმწიფოს მხოლოდ იმ კანონს, რომელიც მის რწმენას შეესაბამება და სპეციფიკური მოთხოვნები წაუყენოს სახელმწიფოს ისეთ საკითხებში, რომლის რეგულირებაც, ჩართული საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, მისი ფუნქციაა და მისი მიხედულების ფარგლებშია სრულად მოქცეული.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, რომლებიც აწესებენ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოღების უალტერნატივო წესს, სუბიექტური მოტივებით გამონაკლისის დაშვების გარეშე, ვერ ჩაითვლება არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებაში.
40. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმის შემუშავებისა და მიღების პროცესში სახელმწიფოს არ დაურღვევია კონსტიტუციით გათვალისწინებული ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები და სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება რწმენის/რელიგიის თავისუფლებას კონსტიტუციის გაგებით. ამის მიუხედავად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედით მისაგებელს საჭიროებს ის არსებული სამართლებრივი ვითარება, რაც სადავო ნორმის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა მოსარჩელეებისა და მათ მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის. კერძოდ: ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი წესის ამოქმედების შემდგომ აშკარად გამოიკვეთა, რომ მის მიმართ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის გულწრფელ და ძლიერ რელიგიურ წინააღმდეგობას მოჰყვა მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დარჩენა და ამ გარემოებასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი შედეგები, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი, სახელმწიფოს წარმოეშობა პოზიტიური ვალდებულება, ამა თუ იმ გზით იზრუნოს ზიანის შემცირებისა და აღმოფხვრისათვის. სახელმწიფომ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამონახონ გზა, რომელიც ამ პირებს დაეხმარება, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო და საჯარო ცხოვრებაში, გადადგან ის ნაბიჯები, რასაც აუცილებლად მიიჩნევენ თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პირადი ცხოვრების, საკუთრებისა და სხვა სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფისათვის. სახელმწიფო ვალდებულია, ადეკვატური პასუხი გასცეს იმ დე ფაქტო ვითარებას, რაც ნორმის ამოქმედების შედეგად წარმოიშვა სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი პირების ოფიციალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე დარჩენით. დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც უმაღლეს ღირებულებად ადამიანია მიჩნეული, დაუშვებელია, სახელმწიფო გულგრილად ეკიდებოდეს მის დატოვებას ყოველდღიური ყოფითი საჭიროებების, ცხოვრებისთვის აუცილებელი სერვისებისგან მოწყვეტილად და იხსნიდეს პასუხისმგებლობას მის ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე, ანდა ასეთი შთაბეჭდილება იქმნებოდეს. ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე უარი მათ არ აკარგვინებს საქართველოს მოქალაქეობას და, მასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის მიღებისა და მფარველობის უფლებას. ისინი რჩებიან საქართველოს მოქალაქეებად, მათ იურისდიქციაში მყოფ პირებად, ხოლო სახელმწიფო კი - მათი უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ სუბიექტად. ამგვარად, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად არცნობა არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოსარჩელეთა ინტერესების დაცვის და იმ საფრთხეების განეიტრალების ვალდებულებისაგან, რომელთა წინაშეც მოსარჩელეები და მათ მდგომარეობაში მყოფი სხვა პირები აღმოჩნდნენ სადავო ნორმების მოთხოვნებისადმი მათი გულწრფელი რელიგიური წინააღმდეგობის გამო.
41. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიხედულების ფარგლებში რჩება საკითხი, დაუშვებს თუ არა იგი გაყალბებისაგან მაღალი ხარისხით დაცული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე პირთა მონაწილეობას იმგვარ ურთიერთობებში, რომლებიც საჯარო, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, მთელი საზოგადოების ინტერესებს (როგორიცაა, მაგალითად, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება) ან საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება და არა ამ პირთა მხოლოდ ყოველდღიური სასიცოცხლო საჭიროებების დაკმაყოფილებას. პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე დარჩენილ პირთა მიმართ წარმოშობილი პოზიტიური ვალდებულებები, ისეთ პირობებში, როდესაც ეს პირები თავად აცხადებენ უარს მათ მიღებაზე რელიგიური წინააღმდეგობის მოტივით, არ მიდის ისე შორს, რომ სახელმწიფოს ხელი ააღებინოს ადმინისტრაციული დოკუმენტების სფეროში ახალი, უსაფრთხო სისტემების დანერგვისა და თავისი იმანენტური ფუნქციების შესრულებისაგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, წარმოშობილ კონფლიქტში, ინდივიდუალური და საჯარო ინტერესების სწორედ ასეთი დაბალანსება მიაჩნია გონივრულად და სამართლიანად.
2. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
2.1. დაცული სფერო
42. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
43. დასახელებული კონსტიტუციური დებულება ადგენს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია, ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად და არ დაუშვას არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 2).
44. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმა გულისხმობს მსგავს ვითარებაში მყოფი, არსებითად თანასწორი პირებისადმი განსხვავებულ მოპყრობას, უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს მათ განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით; აგრეთვე, საპირისპირო შემთხვევაში, კერძოდ, მაშინ, როდესაც ნორმა გულისხმობს განსხვავებულ ვითარებაში მყოფი, არსებითად უთანასწორო პირებისადმი ერთგვაროვან მოპყრობას, მათ მიმართ ავრცელებს ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმს. თუმცა, ერთგვაროვან ვითარებაში განსხვავებული მოპყრობის ანდა განსხვავებულ ვითარებაში - ერთგვაროვანი მოპყრობის ფაქტები, ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აკრძალული დისკრიმინაციის აღიარებისათვის. ამისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ შესაბამის შემთხვევებში განსხვავებული ანდა ერთგვაროვანი მოპყრობა არ იყო გამართლებული, არ გააჩნდა შესაბამისი ობიექტური და გონივრული საფუძველი.
2.2. არის თუ არა სახეზე განსხვავებული მოპყრობა
45. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2011 წლის 24 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებამდე, 65 წლის ზემოთ ასაკის მქონე პირებზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გაიცემოდა უვადოდ. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, სრულად მოხდა გადასვლა ელექტრონულ პირადობის მოწმობებზე, თუმცა იმ პირებს, რომლებსაც უკვე აღებული ჰქონდათ უვადო არაელექტრონული პირადობის მოწმობები, დღემდე შეუნარჩუნდათ აღნიშნული დოკუმენტი და მათთვის სავალდებულო არ გამხდარა ელექტრონული პირადობის მოწმობით სარგებლობა. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ახალი რეგულაციით მოხდა არსებითად თანასწორი პირების - მოსარჩელეებისა და უვადო არაელექტრონული პირადობის მოწმობით მოსარგებლეების - მიმართ განსხვავებული მოპყრობა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პირადობის მოწმობის გაცემის წესის მოქმედმა რეგულაციამ მოსარჩელეები ჩააყენა განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობაში, რამაც გამოიწვია მათი დისკრიმინაცია ზემოაღნიშნულ პირთა წრის მიმართ. ამგვარად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იგი დისკრიმინირებულ მდგომარეობაშია იმ პირებთან მიმართებით, ვისაც ახალი რეგულაცია არ შეხებია და დღემდე სარგებლობს უვადო არაელექტრონული პირადობის მოწმობით. იმავდროულად, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება რწმენის ნიშანს.
46. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებზე, როდესაც მოსარჩელის სამდურავი უკავშირდება არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას რაიმე გამამართლებელი საფუძვლის გარეშე, პირველ რიგში, სწორედ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი უნდა დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში, კერძოდ, უნდა დადგინდეს, რომ სადავო ნორმატიული აქტით ხდება პირთა მიმართ უთანასწორო, განსხვავებული მოპყრობა. საკონსტიტუციო სასამართლოში დავის განხილვისას დისკრიმინაციის საქმეებზე მტკიცების ტვირთის განაწილების მხედველობაში მიღებით, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, ერთი მხრივ, საკუთრივ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი მის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფების მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ განსხვავებული მოპყრობა სწორედ სადავო ნორმებიდან წარმოდგება.
47. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს პირადობის მოწმობის გაცემის წესსა და მისი მოქმედების ვადას. აღნიშნული მოწესრიგება კი ნეიტრალური და ერთგვაროვანია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული პირთა ჯგუფების მიმართ. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო სიტყვები ადგენს, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობა გაიცემა 6 თვემდე ვადით, ხოლო ამავე კანონის მე-10 პუნქტის მეორე წინადადება და „№98 ბრძანებით დამტკიცებული წესის“ 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება სავალდებულო წესით ადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ზოგად წესს. შესაბამისად, დღეს არსებული რეგულაციის პირობებში ნებისმიერ პირზე გაიცემა ელექტრონული პირადობის მოწმობა. ამგვარად, სადავო ნორმა არ ადგენს განსხვავებულ რეგულაციებს მოსარჩელეთა მიერ იდენტიფიცირებადი ჯგუფების მიმართ. დადგენილი საერთო წესიდან კანონმდებლობა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას ითვალისწინებს გამონაკლისებს, კერძოდ, იგი შეეხება შემთხვევებს, როდესაც ელექტრონული დოკუმენტის გაცემა შეუძლებელია ობიექტური გარემოებების გამო. მოსარჩელე მხარე ამგვარ ობიექტურ გარემოებებში მყოფ პირთა კატეგორიას კი არ ედრება, არამედ თავს დისკრიმინირებულად მიიჩნევს პირთა იმ კატეგორიასთან შედარებით, რომლებიც დღემდე სარგებლობენ უვადო პირადობის მოწმობებით და კანონმდებლობით არ მოეთხოვებათ აღნიშნული დოკუმენტების შეცვლა. მნიშვნელოვანია იმაზე ხაზგასმა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული რეგულაცია აწესრიგებს პირადობის მოწმობის გაცემის ზოგად წესს და ადგენს, თუ რა წესით მოხდება (ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა იმ პირებისათვის, ვინც ამ დოკუმენტების გაცემის მოთხოვნით სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებს მიმართავს. იგი საერთოდ არ შეეხება საკითხს, თუ ვის შეუძლია ამჟამად ისარგებლოს არაელექტრონული პირადობის მოწმობით და ვის - ელექტრონულით. უფრო მეტიც, იგი არ აწესებს არც არაელექტრონული მოწმობის ელექტრონულით გამოცვლის ვალდებულებას არავისთვის - როგორც იმ ჯგუფისათვის, ვისაც ვადიანი პირადობის მოწმობა გააჩნიათ (რომელ კატეგორიასაც მოსარჩელეები მიეკუთნებიან), ისე იმ ჯგუფისათვის, ვინც უვადო მოწმობების მფლობელები არიან (რომელ კატეგორიასაც მოსარჩელეები ედრებიან). ამავდროულად, სადავო აქტი არ ითვალისწინებს განსხვავებულ რეგულირებას არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ვადებთან მიმართებაში. რეგულაციის თანახმად, არაელექტრონული პირადობის მოწმობა შესაბამის სუბიექტზე გაიცემა მხოლოდ 6 თვემდე ვადით და ამ მხრივაც კანონმდებლობა რაიმე გამონაკლისს, მით უმეტეს, პირთა ჯგუფების მიხედვით, არ ითვალისწინებს.
48. ის გარემოება, რომ სადავო რეგულირება ადგენს ერთნაირ უფლებრივ რეჟიმს პირადობის მოწმობის მიღების მსურველი ყველა პირისათვის, იქიდანაც ჩანს, რომ მოქმედი რეგულაციის პირობებში, ნებისმიერ პირზე, მათ შორის მოსარჩელეთა მიერ იდენტიფიცირებული ჯგუფის წევრებზეც, პირადობის მოწმობის განახლების შემთხვევაში, გაიცემა ელექტრონული პირადობის მოწმობა. შესაბამისად, ახალი რეგულაციით ყველა პირი, მათ შორის, უვადო არაელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელები, პირადობის მოწმობის აღების საკითხში, იმყოფებიან არა განსხვავებულ, არამედ ერთნაირ, იდენტურ უფლებრივ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, a fortiori ნიადაგს მოკლებულია მოსარჩელეთა მტიცება, თითქოს განსხვავებული მოპყრობა რწმენის ნიშანს ემყარება.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო რეგულაცია არ ადგენს მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას. სადავო ნორმები ნეიტრალური შინაარსისაა და თანაბრად ვრცელდება პირადობის მოწმობის აღების მსურველ ყველა პირზე. შესაბამისად, ვინაიდან საქმეში არ დასტურდება სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელეთა დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტი, სასამართლო აღარ დგას დიფერენცირების გამართლებულობის შეფასების საჭიროების წინაშე. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელე მხარის არგუმენტებს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან სადავო ნორმების შეუსაბამობის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ადგენს, რომ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1404 („ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე