საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/558 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 5 ნოემბერი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №558) მიმართა საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2013 წლის 26 ივნისს.
2. №558 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 5 ნოემბერს.
3. №558 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება“. ამავე კოდექსის 212-ე მუხლით მოწესრიგებულია სამოქალაქო საქმის განხილვისას სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები. 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს, რომ აღნიშნული განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის ერთ-ერთი საქმის განხილვაში ადვოკატის სახით მონაწილეობდა ილია ჭანტურაია. სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ადვოკატმა ილია ჭანტურაიამ ჩაიდინა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სასამართლო სხდომაზე დაგვიანებით გამოცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებით და ადგილზე თათბირით მიიღო განკარგულება, რომლითაც ილია ჭანტურაიას დააკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. სადავო ნორმის – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული განკარგულება არ საჩივრდება.
7. მოსარჩელე ილია ჭანტურაიას მტკიცებით, სასამართლოს უფლებამოსილება, რასაც სადავო ნორმები განამტკიცებენ, გააძევოს, საქმეს ჩამოაცილოს ან/და დააჯარიმოს ადვოკატი მისი განმარტებების მოსმენის უფლების გარეშე, შეუთავსებელია როგორც სამართლიანი სასამართლოს, ისე დაცვის უფლებასთან. ამასთან, ყოველ ჯარიმას გააჩნია გამყინავი ეფექტი დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელებაზე და ჯარიმის თავიდან ასაცილებლად ადვოკატმა, შესაძლოა, თავი შეიკავოს ენერგიული დაცვისაგან.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენისას სასამართლო შეცდომის დაშვების შესაძლებლობა საკმაოდ მაღალია. საჭიროა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დამატებით შეფასება ისეთი მოსამართლისაგან, რომელიც არ იყო შემთხვევის თვითმხილველი და ნაკლებად შეიძლება იყოს დამცველის ემოციური ქმედების შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეული, ვიდრე ის მოსამართლე, რომელმაც პირველად გამოიყენა ადვოკატის მიმართ ჯარიმა ან გაძევება. ამიტომ სასამართლო შეცდომისა და მასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგების გამოსარიცხად, აუცილებელია, ერთჯერადად მაინც, ადვოკატის გაძევებასა და დაჯარიმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება, რასაც გამორიცხავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილით დადგენილი რეგულირება.
9. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №558 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №558 (საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი