თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალებების – მდმა-ის (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 0,000305 გრამის ოდენობით და მეტამფეტამინის (მარილი) 0,000106 გრამის ოდენობით შეძენისა და შენახვისთვის
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/1/1430 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 17 ივნისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 18 ივნისი 2020 18:05 |
პლენუმის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის თავმჯდომარე: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალებების – მდმა-ის (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 0,000305 გრამის ოდენობით და მეტამფეტამინის (მარილი) 0,000106 გრამის ოდენობით შეძენისა და შენახვისთვის.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 0,000305 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ის (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 0,000106 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შეძენისა და შენახვისთვის.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1430) მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე - მურმან ისაევი). №1430 კონსტიტუციური წარდგინება, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2019 წლის 24 ივნისს. №1430 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 17 ივნისს.
2. №1430 კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, 31-ე და 311 მუხლები; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, მათ შორის ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა – ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა და შენახვა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
5. №1430 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ირაკლი ჩხეიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით (0,000305 გრამი მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 0,000106 გრამი მეტამფეტამინი (მარილი)) შეძენა-შენახვისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
6. №1430 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ სადავო ნორმა შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას, რის გამოც, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „[…] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1430 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისთვის. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ საქმეზე სადავოდ გამხდარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები – 0,000305 გრამი მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 0,000106 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) შესაძლოა არ წარმოადგენდეს მოსახმარად გამოსადეგ ოდენობებს. სადავო ნორმა ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის, რაც წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/19/1265,1318 განჩინებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევის, მათ შორის, მდმა-ის და მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის, ძალადაკარგულია.
4. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1430 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1430 კონსტიტუციურ წარდგინებაზე, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის გამო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობას, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
5. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მიუთითა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებებისგან შემდგარი ნარევის ოდენობის (სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებისათვის) განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება არა თავად ნარევის, არამედ მასში შემავალი იმ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა. ამასთან, მთელ რიგ ნარკოტიკულ საშუალებებს (მაგ., ამფეტამინს, მეტამფეტამინს) არ გააჩნია მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები და მათი ნებისმიერი ოდენობა (გარდა განსაკუთრებით დიდი ოდენობისა) წარმოადგენს დიდ ოდენობას. დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების ნარევში აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ქმედების დაკვალიფიცირება მოხდება სწორედ ამ ნარკოტიკული საშუალების ოდენობაზე გადაანგარიშებით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნარევი შეიცავს სხვა აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდ ოდენობას), განურჩევლად იმისა წარმოადგენს თუ არა ამ ცალკე აღებული კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა მოსახმარად, ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად საკმარის ოდენობას. გარდა ამისა, შესაძლოა, დამოუკიდებლად, არც ერთი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ხსნარში არსებული ოდენობა არ იყოს გამოსადეგი ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხსნარში არსებული ნივთიერებები ზემოქმედებს თავის ტვინის ერთსა და იმავე რეცეპტორებზე, მათი კომბინირებული მიღების შემთხვევაში შესაძლებელი ხდება, მიღწეულ იქნეს ნარკოგენული ეფექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარევში არსებული წამყვანი ნარკოტიკული საშუალების გამოუსადეგარი ოდენობა ავტომატურად არ მიანიშნებს ნარევის გამოუსადეგარობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/19/1265,1318 განჩინება საქმეზე „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18-20).
6. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ქმედების კვალიფიკაცია 0,000305 გრამი მდმა-ის (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) ან/და 0,000106 გრამი მეტამფეტამინის უკანონო შეძენა/შენახვად a priori არ გულისხმობს პასუხისმგებლობის დაწესებას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის. შესაძლებელია, ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩენილ იქნეს ხსნარში, რომელიც გარდა დასახელებული ოდენობის ნარკოტიკული საშუალებებისა, ასევე შეიცავდეს სხვა ისეთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომელთა ხსნარში არსებული ოდენობა არ წარმოადგენს დიდ ოდენობას და, შესაბამისად, არ ხდება მათი ასახვა ქმედების კვალიფიკაციისას, თუმცა ისინი აძლიერებენ ხსნარის ნარკოგენულ ეფექტუნარიანობას და შესაძლებელს ხდიან მის მოსახმარად გამოსადეგობას.
7. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ №1430 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი არ მიუთითებს, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესების აშკარად არაპროპორციულ ხასიათზე ისეთი მოსახმარად გამოსადეგი ნარევის შეძენა-შენახვისთვის, რომელიც, სხვა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებთან ერთად, ასევე შეიცავს 0,000305 გრამ მდმა-ს ან/და 0,000106 გრამ მეტამფეტამინს. შესაბამისად, ამ ნაწილში კონსტიტუციური წარდგინება არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს №1430 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 0,000305 გრამი მდმა-ის (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) ან/და 0,000106 გრამი მეტამფეტამინის შემცველი მოსახმარად გამოსადეგი ნარკოტიკული საშუალებების ნარევის შეძენისა და შენახვისათვის.
2. შეწყდეს საქმე №1430 კონსტიტუციურ წარდგინებაზე მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თამაზ ცაბუტაშვილი