საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/548 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 28 ივნისი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ვახტანგ გვარამია – წევრი;
3. ქეთევან ერემაძე – წევრი;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 169–ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან და 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N548) მიმართა საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2013 წლის 24 დეკემბერს.
2. N548 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 10 ივნისს.
3. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. N548 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლთან მიმართებით, ასევე, ამავე კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან და 42–ე მუხლის მე–5 პუნქტთან მიმართებით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს“. აღნიშნული ნორმა ადგენს სისხლის სამართლის კანონის უკუძალით გამოყენების წინაპირობებს.
6. სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა თხუთმეტი წელი ამ კოდექსის 332–3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენიდან, თუ ისინი არ მიეკუთვნებიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს. სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას სამოხელეო დანაშაულებისთვის.
7. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან და 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
8. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით“. აღნიშნული ნორმა ადგენს ნორმატიული აქტის უკუძალით მოქმედების წინაპირობას.
9. მოსარჩელე ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და 169–ე მუხლის 1–ლი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით.
10. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”, ხოლო ამავე კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით“. ამავე კოდექსის 169–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა“. აღნიშნული სადავო ნორმებით დადგენილია პირის ბრალდებულად ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის მტკიცებულებითი სტანდარტები, ასევე, ირიბი ჩვენების დასაშვებობის კრიტერიუმები.
11. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან მიმართებით. სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლით დანაშაულად არის კვალიფიცირებული მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით.
12. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის საშუალებით ხდება ხანდაზმულობის ვადის გასვლის დამტკიცება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დამდგენი ნორმები მტკიცებულებებად უნდა იქნეს განხილული. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილი ერთგვაროვნად წაკითხვადი არ არის და, აქედან გამომდინარე, წარმოქმნის ეჭვებს სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის, სამართალშემფარდებელთა მხრიდან, სამართლიან შეფარდებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ნორმები, ადგენენ რა ხანდაზმულობის ვადების მოქმედებას, წარმოადგენენ „ინტელექტუალურ“ მტკიცებულებებს. შესაბამისად, ამ ნორმების აღქმისა და აღსრულების წესი უნდა იყოს უტყუარი, ხოლო მათი უმართლობის ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოცემული სადავო ნორმების როგორც მტკიცებულებების კონსტიტუციურ–სამართლებრივ შემოწმებას კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით.
13. სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს.
14. მოსარჩელე განმარტავს, რომ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი ნაწილი არაკონსტიტუციურია იმდენად, რამდენადაც ქმნის ნორმატიული აქტების უკუქცევითი ძალით გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნულმა სადავო ნორმამ განაპირობა სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის უკუძალით მოქმედება.
15. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია და კანონის უკუძალის არსის განმარტება უნდა ხდებოდეს არა რაიმე კონკრეტული კანონის ნორმის საფუძველზე, არამედ უშუალოდ კონსტიტუციური ნორმების გამოყენებით.
16. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 169–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის ბრალდებულად ცნობა და მსჯავრდება შესაძლებელია განისაზღვროს არა უტყუარი მტკიცებულებების, არამედ ორი ირიბი ჩვენების, როგორც ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ორი ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობა და მსჯავრდება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტის მოთხოვნებს.
17. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და, აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლის მოთხოვნას. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს სხდომაზე მოწმე ფიცს დებს, გამოძიების ეტაპზე მიცემული შესაძლო ცრუ ჩვენების შეცვლის გამო კი – სასამართლო სხდომაზე ფიცის ქვეშ მიცემული ჭეშმარიტი ჩვენება ხდება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. ფაქტობრივად, იგი ისჯება სიმართლის თქმისთვის. აღნიშნულ სადავო ნორმას ბრალდების მხარე იყენებს თავისი პოზიციის უკანონოდ გასამყარებლად, რითაც ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის პრინციპები და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლის მოთხოვნები.
18. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
19. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგები და ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე.
20. ამასთანავე, მოსარჩელის მტკიცებით, დავის საგანი გარკვეულწილად უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის N1/1/428,447,459 გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად იგი იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრთა განსხვავებულ აზრებსა და მომხსენებელი მოსამართლის დასკვნებს. მოსარჩელე უთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლეთა მიერ არაობიექტური იქნება და ითხოვს მათ აცილებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
21. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აცილების საფუძველი არსებობს, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“.
22. განმწესრიგებელ სხდომაზე N548 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული პოზიციის გამო, ეჭვქვეშ დგებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობა. აღნიშნული არ წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრების აცილებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 46–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის N2/2/438 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”).
2. N548 კონსტიტუციურ სარჩელში, სხვა ნორმებთან ერთად, მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან და 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მე–2 წინადადებასთან მიმართებით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამავე კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა თხუთმეტი წელი ამ კოდექსის 332–3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენიდან, თუ ისინი არ მიეკუთვნებიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს. მოსარჩელის მტკიცებით, ამ ნორმების საშუალებით ხდება „ხანდაზმულობის ვადის გასვლის დამტკიცება”. იგი მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმები, ადგენენ რა ხანდაზმულობის ვადების მოქმედებას, წარმოადგენენ „ინტელექტუალურ“ მტკიცებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების როგორც მტკიცებულებების კონსტიტუციურ–სამართლებრივ შემოწმებას კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით.
4. აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი მსჯელობა, ისევე როგორც კონსტიტუციური სარჩელი, მთლიანობაში არ შეიცავს სათანადო არგუმენტაციას, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და მის არაკონსტიტუციურობას. სადავო სამართლებრივ ნორმებს მოსარჩელე წარმოაჩენს პირის ბრალეულობის, ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებად. სამართლებრივი ნორმებით ხდება ქცევის სავალდებულო წესის დადგენა, ამდენად, სარჩელში უნდა იყოს მოყვანილი არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმებით დადგენილი მოთხოვნებისა და წესების შეუსაბამობას კონსტიტუციურ ნორმებთან მიმართებით. აშკარაა, რომ მოსარჩელე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვას და უთითებს სადავო ნორმების იმგვარ შინაარსზე, რომელიც მათ არ გააჩნიათ. ამგვარად, არგუმენტაცია, რომელიც ამ თვალსაზრისით არის წარმოდგენილი, არ მიემართება სადავო ნორმების რეალურ შინაარსს.
5. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომლითაც მოსარჩელე დაასაბუთებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მეორე წინადადებასთან.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N548 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან და 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
8. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან მიმართებით. სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლით დანაშაულად არის კვალიფიცირებული მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით. მოსარჩელის არგუმენტაციით, აღნიშნული სადავო ნორმა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და, აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლის მოთხოვნას.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლის „მიზანია უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან დაკავშირებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებით გარანტირებული უფლების შინაარსი არის უფრო ფართო, ვიდრე ამას კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-22).
10. სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტით. მოსარჩელე მხარე სწორედ ამ უფლების დარღვევაზე მიუთითებს და მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცული შეიძლება იყოს მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც არ ექცევა კონსტიტუციის სხვა ნორმათა დაცვის სფეროში. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული არ არის კონსტიტუციის 39-ე მუხლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ იქნება მიღებული, თუ სადავო ნორმა არ ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას. „იწვევს თუ არა სამართლებრივი ნორმა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ნორმის შინაარსის, მისი მიზანმიმართულებისა და სავარაუდო სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით ადგენს. გაუმართლებელია კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის დაყენება ყველა ისეთ საკანონმდებლო ნორმასთან მიმართებით, რომელიც უფლებით სარგებლობის რეგლამენტირებას ახდენს, ადამიანს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს და, ამდენად, ქცევის სავალდებულო წესს განსაზღვრავს. კონკრეტული ნორმის შინაარსი იმ სამართლებრივ მოწესრიგებაში ვლინდება, რომელსაც იგი მოქმედ სამართლებრივ სივრცეს ამატებს. ფორმალურად უფლებააღმჭურველი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი სასამართლომ იმ შემთხვევაში შეიძლება განიხილოს, როდესაც კონსტიტუციური უფლების (კონსტიტუციით დაცული სფეროს) შეზღუდვის რისკი სადავო ნორმას არსებითად უკავშირდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის N1/1/503,513 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
12. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან და 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით. აღნიშნული სადავო ნორმის თანახმად, „ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით“. მოსარჩელის მტკიცებით, ნორმა არაკონსტიტუციურია იმდენად, რამდენადაც ქმნის ნორმატიული აქტების უკუქცევითი ძალით გამოყენების შესაძლებლობას.
13. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც მოსარჩელის მიერ სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების არაზუსტ აღქმას ეფუძნება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“, თუმცა ის არ გამორიცხავს უკუქცევითი ძალის მინიჭებას ისეთი კანონისთვის, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობის გაუქმებას ან სხვაგვარად აუმჯობესებს პირის მდგომარეობას. მიენიჭა თუ არა სამართლებრივ ნორმას კონსტიტუციით აკრძალული უკუქცევითი ძალა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული ნორმის შინაარსის, მისი მიზანმიმართულებისა და გამოწვეული სამართლებრივი შედეგის შესწავლის საფუძველზე შეფასდება. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველ პუნქტს არ გააჩნია უფლებაშემზღუდველი ხასიათი. აღნიშნული ნორმა არ ადგენს რომელიმე კონკრეტული ნორმატიული აქტის უკუძალით გამოყენების შესაძლებლობას. მის დანიშნულებას ნორმატიული აქტების გამოყენების წესის განსაზღვრა წარმოადგენს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მათი უკუძალით გამოყენების შესაძლებლობა პირდაპირ არ არის დადგენილი იმავე ნორმატიული აქტით. შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტი ვერ იქნება განხილული უფლებაშემზღუდველ ნორმად.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან და 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N548 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
16. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, „თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ–ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმატიული აქტების მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები მოსარჩელე მხარისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, 46–ე მუხლის პირველი პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N548 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 169–ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N548 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან და 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და 169–ე მუხლის პირველი ნაწილის, სისხლის სამართლის კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 71–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტისა და 3711 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი