გიორგი დარჩია საქართველოს პარლამენტის წინაღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1522 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი დარჩია |
თარიღი | 2 ივლისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილი: ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი: 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი: ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი: არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილი: საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი: 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი: ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი: არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილი: ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული. თუ ნიმუშის აღება არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე ან პირს უნარი არა აქვს, გამოხატოს ნება მისგან ნიმუშის აღების შესახებ, ნიმუშის აღება ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. თუ არსებობს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა, ნიმუშის აღება შესაძლებელია სასამართლოს განჩინების გარეშე, გამომძიებლის დადგენილებით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი: 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი: ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი: არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 31პრიმა მუხლი და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 31პრიმა მუხლის მოთხოვნებს.
ბ. შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
გ. ბრალდებულმა გიორგი დარჩიამ, უარი განაცხადა ნებაყოფლობით მიეცა ბრალდების მხარისთვის ნერწყვის ნიმუში, თუმცა ბრალდების მხარემ, ექსპერტ კრიმინალისტის მონაწილეობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იძულებით ( ძალის გამოყენებით) აუღეს ბრალდებულს ნერწყვის ნიმუში, რომელზედაც დანიშნეს ბიოლოგიური ექსპერტიზა - ნივთიერ მტკიცებულებაზე დნმ კვალის დასადგენად. ბრალდებულმა გიორგი დარჩიამ, ნიმუშის ნებაყოფლობით მიცემაზე უარი განაცხადა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე- 17 ნაწილის საფუძველზე, რომელიც ბრალდებულს უფლებას ანიჭებს არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ არ ჩათვალა დაუშვებელ მტკიცებულებად, ბრალდებულის უფლების რეალიზაციის მოსპობის გზით მიღებული მტკიცებულება (ნერწყვის ნიმუში), რამეთუ, სასამართლოს განჩინების აღსრულებას მეტი პრიორიტეტი მიენიჭა - ბრალდებულის უფლებასთან შედარებით, არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, რასაც ვერ დავეთანხმებით. სასამართლოს განჩინებები ნიმუშის აღების და მტკიცებულების დაუშვებელად არ ცნობის შესახებ, არ საჩივრდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.ბრალდებულის უფლება - არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, არის უპირობო, ფაქტობრივად აბსოლუტური უფლება, რომლის შეზღუდვა ან იგნორირება დაუშვებელია.იგი გათანაბრებულია თავისი შინაარსით საკონსტიტუციო ნორმასთან - ბრალდებულის უფლებასთან, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ(კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე- 11 ნაწილი).
დ. სარჩელში მითითებული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
ე. სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ვ. სარჩელსი მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
ზ. კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავებისთვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი გახდება სადაო.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გიორგი დარჩია ბრალდებულია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაშიც თავს არ ცნობს დამნაშავედ და ადვოკატის დახმარებით ცდილობს თავის დაცვას.მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში, ბრალდების მხარემ გადაწყვიტა ბრალდებულისაგან აეღო ნერწყვის ნიმუში, რომლის დნმ-ი შემდგომში შედარებოდა ნივთიერ მტკიცებულებაზე სავარაუდოდ არსებულ დნმ-ის კვალს .ამ დრომდე, ბრალდებული უნდობლობას უცხადებდა ბრალდების მხარეს,არ გამორიცხავდა ნიმუშების გამოცვლის და გაყალბების შესაძლებლობას, იყენებდა დუმილის უფლებას, უარს აცხადებდა ნიმუშის მიცემაზე და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლოში,მოიპოვა სასამართლოს განჩინება ბრალდებულისაგან ნერწყვის ნიმუშის აღების შესახებ და #8 პენიტენციალურ დაწესებულებაში მყოფ გიორგი დარჩია, ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულეს ნერწყვის ნიმუშის გაცემა.
დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში არაერთხელ განაცხადა შუამდგომლობის სამართლებრივი ფორმით, რომ ნიმუშის, ანუ მტკიცებულების მოპოვების ეს ხერხი იყო ცალსახად უკანონო, რამეთუ უხეშად იყო დარღვეული საქართველოს საპროცესო კოდექსითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ბრალდებულის უფლებები, თუმცა სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდების მხარეს გააჩნდა მოსამართლის განჩინება ნიმუშის აღების შესახებ,(რაც არ საჩივრდება გამოძიების ეტაპზე)რაც სავალდებულოა შესასრულებლად და რომლის აღუსრულებლობაც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 381 - ე მუხლით.შესაბამისად მიჩნეულია, რომ ბრალდებული ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს იმ საპროცესო მოქმედებაში, რომელიც სანქცირებულია მოსამართლის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს არ სურს და უფლებაც აქვს მინიჭებული, არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას მის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას , დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული. თუ ნიმუშის აღება არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და პირი უარს აცხადებს ნებაყოფლობით ნიმუშის აღებაზე, ნიმუშის აღება ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით.ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილი უფლებას ანიჭებს მხარეს გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა, თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ეწევა წინააღმდეგობა.საპროცესო კოდექსის ციტირებული მუხლები ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ ადამიანის ძირითად უფლებებს, ისევე როგორც, საპროცესო კოდექსით გარანტირებულ ბრალდებულის უფლებებს.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული აღჭურვილია განსაკუთრებული უფლებებით, რომლებიც უფლებას ანიჭებს მას უარი თქვას ნებისმიერ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე,ისევე როგორც, არ მისცეს ჩვენება. შესაბამისად, ნებისმიერი საპროცესო თუ საგამოძიებო გადაწყვეტილება თუ მოქმედება, რომლებიც ხელყოფს ბრალდებულის ფუძემდებლურ უფლებებს და აიძულებს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მონაწილეობდეს საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებებში - ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის ნორმებს, რომლის თანახმადაც „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს კანონი.დაუშვებელია ადამიანის წამება,არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა“... მე-10 მუხლს-„ ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობადაცულია“... 31-ე მუხლის მე-6 და მე-11 ნაწილებს -„ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავის უდანაშაულობა,ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩია, რომ მხარეს არ აქვს უფლება მოთხოვოს და აიძულოს ბრალდებული, მონაწილეობა მიიღოს საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებებში, თუ იგი ამის წინააღმდეგია და თუ ბრალდებულის დავალდებულება(იძულება) განპირობებულია მოსამართლის განჩინებით.შესაბამისად, საქართველოს სისხლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსი სრულად და 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შინაარსი სრულად, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-10 მუხლის მეორე ნაწილთან და 31-ე მუხლის მე-6 და მე- 11 ნაწილებთან.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა