გიორგი დარჩია საქართველოს პარლამენტის წინაღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/7/1522 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 15:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გიორგი დარჩია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილის, 111-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-11 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1522) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი დარჩიამ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 3 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1522 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილის თანახმად, ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული. თუ ნიმუშის აღება არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე ან პირს უნარი არა აქვს, გამოხატოს ნება მისგან ნიმუშის აღების შესახებ, ნიმუშის აღება ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. თუ არსებობს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა, ნიმუშის აღება შესაძლებელია სასამართლოს განჩინების გარეშე, გამომძიებლის დადგენილებით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით“.
5. №1522 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მან ბრალდების მხარეს უარი განუცხადა ნერწყვის ნიმუშის აღებაზე, თუმცა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოსარჩელეს, ფიზიკური ძალის გამოყენებით, აიძულეს ნერწყვის ნიმუშის გაცემა ნივთიერ მტკიცებულებაზე დნმ-ის კვალის დადგენის მიზნით.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნიმუშის მოპოვების ამგვარი წესი ცალსახად არაკონსტიტუციურია, ვინაიდან პირი იძულებული ხდება გასცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ. აღნიშნული კი, მოსარჩელის განმარტებით, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრინციპთან.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდებულს უფლებას აძლევს, არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, თუმცა მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, მას აღნიშნული უფლება წაერთვა. ამავდროულად, მის მიმართ სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ძალის გამოყენებით მოხდა ნერწყვის ნიმუშის აღება, რის გამოც სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-9 მუხლით, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით და 31-ე მუხლის მე-11 პუნქტით გარანტირებულ უფლებებთან.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმების უფლებააღმჭურველი ხასიათი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმის და შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს.
2. №1522 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილისა და 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-11 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილი ადგენს ბრალდებულის უფლებამოსილებას, არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში, ხოლო ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება განსაზღვრავს, რომ ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმებით დადგენილი წესის არაზუსტ აღქმას. სადავო ნორმების ანალიზიდან ცხადი ხდება, რომ მათი შინაარსი მოსარჩელის მიმართ არის აღმჭურველი ბუნების. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილი მოსარჩელეს აღჭურავს უფლებით, არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, ხოლო ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ნაწილი მოსარჩელისგან ნიმუშის აღებას, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, უშვებს მისი თანხმობის შემთხვევაში. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე განსაზღვრულია მოსარჩელის მიმართ აღმჭურველი წესი და მათ კონკრეტული უფლების დადგენის გარდა სხვა შინაარსი არ გააჩნიათ. ამდენად, მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმების შინაარსს და მათგან მომდინარე უფლების შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1522 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
2. შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებას შორის
4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, ღირსების უფლების საწინააღმდეგოა მისგან მისი ნების საწინააღმდეგოდ ნიმუშის აღების შესაძლებლობა.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების უდიდეს მნიშვნელობაზე. „ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ღირსების უფლების ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულება ადამიანის, როგორც თავისუფალი ინდივიდის და ძირითადი უფლებების მქონე სუბიექტად მიჩნევაში მდგომარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის N2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-40). „აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-10). კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი „კრძალავს „ადამიანის სამართლის შიშველ ობიექტად განხილვას და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის N2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-54).
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. დასახელებული დებულების მიზნებისთვის, იმისთვის, რომ მოპყრობა ჩაითვალოს არაადამიანურად ან დამამცირებლად, მან უნდა მიაღწიოს სიმწვავის განსაზღვრულ დონეს. კერძოდ, „არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ზღვარს რომ მიაღწიოს, ქმედება უნდა სცილდებოდეს იმ ტკივილის, დისკომფორტის, სულიერი ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას, რომელსაც ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს ... ამავდროულად, თავისუფლების შეზღუდვის თანმდევი დამცირება და უხერხულობა არ უნდა სცილდებოდეს აუცილებელ მინიმალურ ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -185).
7. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ღირსების შემლახავია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, ძლიერ ტკივილს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხვას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -181).
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, მისგან ძალის გამოყენებით მოხდა ნერწყვის ნიმუშის აღება, რაც წინააღმდეგობაში მოდის ღირსების უფლებასთან.
9. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს ადამიანის სამართლის შიშველ ობიექტად განხილვას და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ღირსების უფლებას „არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
10. საკონსტიტუციოს სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცული ღირსების უფლება წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). თუმცა სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციით დაცული ამა თუ იმ უფლების მზღუდავი საკანონდებლო რეგულირება ავტომატურად არ იწვევს სამართალსუბიექტობაზე უფლების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-11). შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე რომელიმე ძირითადი უფლების შეზღუდვის დასაბუთება, თავისთავად, არ არის საკმარისი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ნებისმიერი უფლების შეზღუდვას იმთავითვე არ შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებასთან. სადავო ნორმატიული აქტის ღირსების უფლებასთან კონსტიტუციურობის შეფასებისთვის აუცილებელია, დასაბუთდეს, რომ ნორმით გათვალისწინებული წესი ადამიანს განიხილავს სამართლის ობიექტად, მიზნის მიღწევის საშუალებად და განსაკუთრებული ინტენსივობის უფლებაშემზღუდველი ეფექტით იწვევს არაადამიანურ, დამამცირებელ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს. ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი ღონისძიება, გარკვეული სახით, იწვევს დისკომფორტს და შესაძლოა, არასასიამოვნო იყოს მისი ადრესატებისათვის, თუმცა შეზღუდვა რომ წამებად, ღირსების შემლახველ, არაადამიანურ მოპყრობად ან სასჯელად იქნეს განხილული, საჭიროა, წარმოდგენილი იყოს დამატებითი არგუმენტაცია შეზღუდვით გამოწვეული ტანჯვის, დისკომფორტის განსაკუთრებული სიმძიმის თაობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის N1/12/1404 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-9).
11. საქარველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, უშვებს იძულების პროპორციული ზომის გამოყენების შესაძლებლობას. ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი განსაზღვრულია პირის ნების საწინააღმდეგოდ ისეთი ნიმუშის აღების შესაძლებლობა, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს, მათ შორის, ინფორმაციის შემცველი ობიექტი. შესაბამისად, ნიმუშის აღება ხორციელდება სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისთვის აუცილებელ სტანდარტს განსაზღვრავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი, რომელიც განმარტავს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს და ადგენს, რომ დასაბუთებული ვარაუდია „ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი“. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის საჭიროა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, ნიმუშის აღება შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამომძიებლის დადგენილებით, რომელიც ექვემდებარება ex ante სასამართლო კონტროლს. შესაბამისად, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება, ნიმუშის აღება, პირის წინააღმდეგობის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სასამართლოს ex post ან ex ante ნებართვით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე უფლების მიმნიჭებელი სასამართლოს განჩინებისთვის ერთიან მტკიცებით სტანდარტს - დასაბუთებულ ვარაუდს. აღნიშნული წესი კი გამორიცხავს სადავო ნორმით გათვალისწინებული მოპყრობის თვითმიზნურ ხასიათს და მის საფუძველზე ადამიანის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას. ამავდროულად, სადავო ნორმების საფუძველზე, გათვალისწინებულია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება და პირის ნების წინააღმდეგ ისეთი ნიმუშის აღების შესაძლებლობა, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას. მოსარჩელე მხარე მიუთითებს რიგი კონსტიტუციური უფლებების დარღვევაზე, რაც, თავისთავად, არ წარმოადგენს სადავო ნორმებით გათვალისწინებული მოპყრობის ღირსების შემლახველ მოპყრობად მიჩნევის თვითკმარ საფუძველს. აღნიშნულის მიღმა მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული მოპყრობა (იძულების პრორპორციული ძალის გამოყენება და ისეთი ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას), განსაკუთრებული ინტენსივობის უფლებაშემზღუდველი ეფექტით, იწვევს ღირსების შემლახავ, დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას ან სასჯელს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში დასაბუთებული არ არის შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებას შორის და იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
3. შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის
13. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნიმუშის აღების სავალდებულო წესი, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს ძალის გამოყენებით, არღვევს მისი ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას.
14. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას დასახელებული ძირითადი უფლების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე. ამ უფლების ფარგლები და მოცულობა განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკის კვალდაკვალ. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი პირს იცავს ფიზიკური ძალადობისა თუ სხვაგვარი ზემოქმედების იმგვარი ფორმებისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დაცვის ქვეშ ვერ მოექცევა ფიზიკური ძალადობისა თუ სხვაგვარი ზემოქმედების ყველა ფორმა. სადავო ნორმატიული აქტის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებასთან კონსტიტუციურობის შეფასებისთვის აუცილებელია, დასაბუთდეს, რომ ნორმით გათვალისწინებული მოპყრობა წარმოადგენს ფიზიკური ძალადობისა თუ სხვაგვარი ზემოქმედების ისეთ ფორმას, რომელიც პირის სიცოხლის ხელყოფის რისკს შეიცავს.
15. უნდა აღინიშნოს, რომ პირს ფიზიკური ზემოქმედებისგან ასევე იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ აღნიშნული უფლების ფარგლებში არიან პირები უზრუნველყოფილი ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული უფლება „იცავს პიროვნების ხელშეუხებლობას, მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით არის შესაძლებელი პიროვნების, მისი სხეულის, ტანსაცმლის ან/და პირადი ნივთების შემოწმება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განჩინება №1/2/458 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-17). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი არის გარანტი იმისა, რომ გაუმართლებლად არ მოხდეს პირის სხეულის შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებით გათვალისწინებულია პირისთვის ნიმუშის აღების წესი პროპორციული ძალის გამოყენების საფუძველზე. ამგვარი მოპყრობა კი, რომელიც ითვალისწინებს პირის სხეულის შემოწმების შესაძლებლობას, წარმოადგენს სააქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული პირადი სივრცის ხელშეუხებლობაში ჩარევას. სადავო ნორმები საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს, პირის წინააღმდეგობის შემთხვევაში, ითვალისწინებს იძულების პროპორციული ძალის გამოყენების შესაძლებლობას, ამავდროულად, უშვებს მხოლოდ იმგვარი ნიმუშის აღების შესაძლებლობას, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას. არც თავად სადავო ნორმების ანალიზიდან და არც მოსარჩელის არგუმენტაციიდან არ ჩანს ის, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული მოპყრობა შეიცავს ფიზიკური ძალადობისა თუ სხვაგვარი ზემოქმედების ისეთ ფორმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის პირის სიცოცხლეს.
16. შესაბამისად, სადავო ნორმებით არ ხდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში.
4. შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის
17. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, მისგან ძალის გამოყენებით მოხდა ნერწყვის ნიმუშის აღება, რითაც დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრინციპი.
18. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება. სადავო ნორმა არ ადგენს პირის მიერ საკუთარი თავის წინააღმდეგ მაინკრიმინირებელი ჩვენებისა თუ სხვაგვარი ინფორმაციის რაიმე ფორმით მიცემის ვალდებულებას ან იძულებას. შესაბამისად, მის საფუძველზე არ ხდება ჩარევა კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორად აღქმას და კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
19. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ მისგან ნიმუშის აღება საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას უტოლდება, რაც ეწინააღმდეგება თვითინკრიმინაციისგან დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, იწვევს თუ არა პირისგან ლაბორატორული გამოკვლევისთვის ნიმუშის სახით ნერწყვის აღება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვას.
20. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტურ კომპონენტს, იცავს რა პირს საკუთარი თავის წინააღმდეგ მაინკრიმინირებელი ჩვენების რაიმე ფორმით მიცემის დავალდებულებისა და იძულებისაგან. ხსენებული უფლება მჭიდრო კავშირშია არა მარტო სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვა კომპონენტებთან, როგორებიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაცვის უფლება, არამედ რიგ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებთან. თვითინკრიმინაციის იძულებისაგან დაცვა წარმოადგენს ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უმთავრესი პრინციპის გამოძახილს, რომლის თანახმადაც, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც ობიექტი, მიზნის მიღწევის საშუალება, არამედ იგი თავად უნდა იყოს ის მიზანი, ორიენტირი, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფოს პოლიტიკა ნებისმიერი მიმართულებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41).
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიზნებისთვის „ჩვენების მიცემა გულისხმობს ვერბალურ, წერილობით ან სხვა ნებისმიერი ფორმის ქმედებაში საკუთარი ნებელობითი ელემენტის რეალიზებას, გამოხატვას. ხოლო თვითინკრიმინაციის დაცვის პრივილეგია კრძალავს სწორედ პირის ნებაზე ზემოქმედებას, მისცეს ჩვენება რაიმე ფორმით, საკუთარი თავის წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევს რეგულირება, რომლის ფარგლებშიც არ ხდება პირის ნებაზე ზემოქმედება მისგან მტკიცებულების მოპოვების მიზნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).
22. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 და მე-3 წინადადებები ითვალისწინებს, პირის ნების მიუხედავად, მისგან ნიმუშის აღების შესაძლებლობას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია კრძალავს პირის ნებაზე ზემოქმედებას და იცავს პირს, მის ნებაზე ზემოქმედების გზით, მისგან საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენების მიღებისგან. ამავდროულად, თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია მოიცავს პირის მაინკრიმინირებელი ნებისმიერი სხვა ინფორმაციის შემცველი ობიექტის (მათ შორის, ადამიანის თვისებების ამსახველი ნიმუშის) პირისგან, მის ნებაზე ზემოქმედების გზით, მიღების აკრძალვას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია ირღვევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება პირის ნებაზე ზემოქმედება, მისი იძულება, მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება ან მისი მაინკრიმინირებელი ნებისმიერი სხვა ინფორმაციის შემცველი ობიექტი (მათ შორის, ადამიანის თვისებების ამსახველი ნიმუში). ამდენად, თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიის დარღვევის საკითხი არ დგას მაშინ, როდესაც პირის მაინკრიმინირებელი ინფორმაციის შემცველი ობიექტის მიღება შესაძლებელია პირის ნებაზე ზემოქმედების გარეშე, თუნდაც აღნიშნული ინფორმაციის შემცველი ობიექტის მოპოვება ხდებოდეს სავალდებულო წესით.
23. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნიმუშის აღება გულისხმობს ადამიანის თვისებების ამსახველი ნიმუშის აღებას. ამგვარი ნიმუში კი, რომელსაც, მათ შორის, განეკუთვნება ნერწყვის ნიმუში (სისხლის, თითის ანაბეჭდის, თმის ღერის ნიმუშების მსგავსად), არსებობს პირის ნებისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნული ნიმუშის მიღება პირისგან ხდება სავალდებულო წესით, იგი არსებობს პირის ნებისაგან დამოუკიდებლად და მისი მოპოვება არ მოითხოვს, პირის ნებაზე ზემოქმედების გზით, მის იძულებას, შექმნას ამგვარი ნიმუში. შესაბამისად, სადავო ნორმა არ გულისხმობს პირის ნებაზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირისგან ნიმუშის აღებით, არ ხდება თვითინკრიმინაციის დაცვის პრივილეგიით დაცულ სფეროში ჩარევა და სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნებს.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1522 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1522 („გიორგი დარჩია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი