ლევან ჯგერენაია, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1519 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ლევან ჯგერენაია, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ალექსანდრე რაქვიაშვილი |
თარიღი | 29 ივნისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 115-ე მუხლის მე-7 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პარტიული სიის რეგისტრაციისთვის ითვალისწინებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას. |
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის (საარჩევნო უფლება) პირველი პუნქტის პირველი წინადადება საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. |
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 115-ე მუხლის მე-8 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატების რეგისტრაციის ითვალისწინებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარგდენას. |
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის (საარჩევნო უფლება) პირველი პუნქტის პირველი წინადადება საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. |
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: "საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:" ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარმოუდგენლობის ან შემოწმების შედეგად პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დადასტურების შემთხვევაში. |
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის (საარჩევნო უფლება) პირველი პუნქტის პირველი წინადადება საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. |
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა: ზ) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. |
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის (საარჩევნო უფლება) პირველი პუნქტის პირველი წინადადება საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
ჩვენ, მოსარჩელეები 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ვაპირებთ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“-ს პარტიული სიით მივიღოთ მონაწილეობა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან წარადგინონ პარტიული სია.
ამავე კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.
სხვადასხვა ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან ერთად, პარტიულ სიას უნდა ერთვოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა.
საარჩევნო კოდექსის 115-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამავე კოდექსის ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი: თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. ეს დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს 2-2 ეგზემპლარად, გარდა უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობისა, რომლებიც კომისიას თითო ეგზემპლარად წარედგინება. აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი და კომისიის მიერ დამოწმებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის ასლი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, ერთ-ერთი ასეთია: მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება.
ნარკოლოგიური შემოწმება ხდება „სახელმწიფო მოსამსახურეებისა და საჯარო მოსამსახურეების ნარკოლოგიური შემოწმებისა და შესაბამისი ცნობის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 20 სექტემბრის #01-60/ნ ბრძანების შესაბამისად.
ამავე ბრძანების დანართის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი: ბიოლოგიური მასალის (შარდის) ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა ტარდება არანაკლებ 5 ნარკოტიკულ საშუალებაზე (ამფეტამინი, მეთადონი, მორფინი (ოპიუმის ჯგუფი), ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა). გარდა ამისა, დამსაქმებელი უფლებამოსილია, გამოსაკვლევ პირს დამატებით განუსაზღვროს სხვა ნარკოტიკული საშუალება, რომელზეც, ასევე, უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა. გამოსაკვლევ ნარკოტიკულ საშუალებებზე სამედიცინო დაწესებულებას/სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებას გამოსაკვლევი პირი მიუთითებს განცხადების სახით.
ცალსახაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უარს ვიტყვით და არ წარვადგენთ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, ან დაგვიდგინდება რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი, ცესკო უარს იტყვის პარტიული სიის რეგისტრაციაზე და ვერ მოვახდენთ კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი წიწინადადებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის თანახმად 28-ე მუხლის პირველი წინადადება) გარანტირებული პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციას.
აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული ნორმის მოქმედება ვრცელდება მარიხუანას მოხმარებაზეც. მაშინ, როცა მარიხუანას მოხმარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღიარებული ლეგალურად არის აღიარებული. საკონსტიტუციო სასამართლომ, გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებას.
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად: საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
საყოველთაო არჩევნების წესით თანამდებობის დაკავებას საქართველოს კონსტიტუცია ადგენს ისეთ თანამდებობებთან მიმართებით, რომელთა არჩევაც სრულად არის მინდობილი პოლიტიკურ პროცესზე, ხალხის მიერ გამოხატულ სურვილზე, ფარულ ნებაზე, რომელიც დასაბუთებას არ საჭიროებს. სწორედ ასეთი თანამდებობის პირების პასიური საარჩევნო უფლების გარანტირებას ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი (საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.8).
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი წინადადება განამტკიცებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.
საარჩევნო უფლების მქონე სუბიექტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს და არჩეულ იქნეს შესაბამის თანამდებობაზე (საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.24).
გარკვეული შეზღუდვები პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის კონსტიტუციით არის დადგენილი. კონსტიტუციის 24-ე მუხლი და 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენენ გარკვეულ შეზღუდვებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პარლამენტის წევრობის კანდიდატები.
მაგალითად, კონტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
ის მოთხოვნები, რომელსაც პარლამენტის წევრობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს, დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, ხოლო ასეთ ჩამონათვალში არ ხვდება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შესახებ ინფორმაცია (ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა).
საკანონმდებლო ორგანომ, საკუთარი შეხედულებებისამებრ, კონსტიტუციის მიღმა დაადგინა აღნიშნული შეზღუდვა, რისი კომპეტენციაც მას არ ჰქონდა. არ აქვს ლეგიტიმაცია, რომ მსგავსი შეზღუდვა დააწესოს იმ თანამდებობის პირების მიმართ, რომელიც ლეგიტიმაციას ხალხისგან იღებს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ ხალხია სახელმწიფო ხელისუფლების წყარო.
არც ერთ სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის, არც სასამართლოს არ აქვს სათანადო კომპეტენცია, კონსტიტუციის მიღმა დაადგინოს/შეაფასოს საარჩევნო უფლებით სარგებლობის მიზანშეწონილობის კრიტერიუმები და მათი მართლზომიერება. სხვაგვარად, ამგვარი შეზღუდვის არსებობა/დასაშვებობა, ექსკლუზიურად, საქართველოს კონსტიტუციაზეა დამოკიდებული (საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.36).
ნათელია, რომ იმ შემთხვევაში თუ უარს ვიტყვით ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენაზე ან დაგვიდგინდება რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, ვერ შევძლებთ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას და გამოუსწორებელ ზიანსაც გამოიწვევს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია რომ გასაჩივრებული ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი წინადადებით დაცულ უფლებას.
შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ხოლო, მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
· წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;
· შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;
· სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ წინადადებას და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
· აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
წინამდებარე სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 115-ე მუხლის მე-7 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პარტიული სიის რეგისტრაციისთვის ითვალისწინებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას.
ასევე საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 115-ე მუხლის მე-8 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატების რეგისტრაციის ითვალისწინებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარგდენას.
ასევე სადავოდ ვხდით საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: "საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:" ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარმოუდგენლობის ან შემოწმების შედეგად პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დადასტურების შემთხვევაში.
აგრეთვე სადავოდ ვხდით საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას.
საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევა ხდება პირდაპირი დემოკრატიის წესით, ხალხის მიერ, რაც მას მაღალ ლეგიტიმაციას აძლევს. კანდიდატის შესაბამისობის უზრუნველყოფა დასაკავებელ თანამდებობასთან, ან საუკეთესო კანდიდატის შერჩევა არ შეიძლება იყოს კანონმდებლის მიზანი, ეს ხალხის გადასაწყვეტია და არჩევნებზე ასეც იქცევიან. ისინი წყვეტენ, რომელ კანდიდატს თუ კანდიდატების გაერთიანებას დაუჭირონ მხარი და ვინ იმსახურებს პარლამენტის წევრობას.
კანონმდებელს არ აქვს უფლებამოსილება, პიროვნების პიროვნული თვისებების თუ ცხოვრების წესის მიხედვით შეზღუდოს პასიური საარჩევნო უფლება. ამით, ხელისუფლების წყაროსგან, ხალხისგან ლეგიტიმაციის მქონე პიროვნებებს უკრძალავს ქვეყნის მართვაში მონაწილეობას.
პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობაზე კონსტიტუციის მიღმა ცენზების დადგენის საფუძველი და ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება საუკეთესო კანდიდატის ან/და ასარჩევ თანამდებობასთან ობიექტურად ყველაზე მეტად შესაფერისი კანდიდატის შერჩევის უზრუნველყოფა. კანონმდებელს ვერ ექნება იმის ლეგიტიმაცია, დაადგინოს თუ როგორი მორალის თუ ცხოვრების წესის მქონე პიროვნებები შეიძლება მოხდნენ პარლამენტში.
როდესაც ამომრჩეველი/ხალხი მხარს უჭერს ან პირიქით, უარს ამბობს კონკრეტული ადამიანის ან პარტიის მხარდაჭერაზე, ისინი მას აფასებენ როგორც მორალური, ასევე იდეოლოგიური და პიროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე, თუ ისინი ჩათვლიან მხარდაჭერის ღირსად, ისინი მხარს უჭერენ ყველაფერი ამის გათვალისწინებით. ამიტომ, კანონმდებლის მხრიდან ასეთი შეზღუდვის დაწესება არ არის მიზანშეწონილი და გონივრული. მსგავსი კრიტერიუმებით მხარდაჭერა ან მხარდაჭერაზე უარი ხდება ხალხის ნების საფუძველზე, საყოველთაო არჩევნების გზით.
კონკრეტული კანონმდებლის სურვილი შეიძლება იყოს რომ პარლამენტში არ მოხვდეს ადაიანი, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებას (მათ შორის მარიხუანას), მაგრამ ეს უნდა მოახერხოს პოლიტიკური დებატების, ადამიანების დარწმუნების გზით, რომ არჩევნებზე არ დაუჭირონ მხარი იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად, კანაფს მოიხმარს.
მაგრამ არ აქვს უფლება, არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს პოლიტიკოსებს, იმის გამო, რომ შეიძლება მარიხუანას ან რომელიმე სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიძლება მოიხმარდეს. ამომრჩევლები უნდა დაარწმონონ, რომ ასეთ ადამიანებს არ დაუჭირონ მხარი.
ამ შეზღუდვით, ერთის მხრივ თვითონ ადამიანებს, პოლიტიკოსებს ვუკრძალავთ პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობას. მეორეს მხრივ კი, ამომრჩევლებს არ ვაძლევთ საშუალებას, საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინოს იმ ადამიანმა, რომელსაც თვითონ თვლიან ასეთის ღირსად.
კანონმდებელს უფლება არ აქვს, პიროვნული თვისებების მიხედვით უარი უთხრას კონკრეტულ პიროვნებას მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში.
„არჩევნები, როგორც წარმომადგენლობითი დემოკრატიის განმახორციელებელი მექანიზმი, წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების განსაკუთრებულ და ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
არჩევნების გზით თანამდებობის დაკავება სრულად არის მინდობილი პოლიტიკურ პროცესს და თანამდებობაზე აირჩევა არჩევნებში გამარჯვებული სუბიექტი. ასარჩევ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის საკითხი წყდება ამომრჩევლის ნების და არა კანონმდებლის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად (საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.35).
იმ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემა აქვთ საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, შეიძლება საერთოდ თვლიდნენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ან მოუხმარიათ ნარკოტიკული ნივთიერება, უკეთ დაიცავენ მათ წარმომადგენლობას და ინტერესებს საკანონმდებლო ორგანოდან. ასეთ ადამიანებს კი, უფლება აქვთ ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტშიც და ადეკვატურად იყოს წარმოდგენელი მათი ხმა პოლიტიკაში.
არ არსებობს იმის სამეცნიერო დადასტურება, რომ ნარკოტიკის მოხმარება აუცილებლად ხელს შეუშლის ადამიანის საკუთარი უფლებამოსილების და მოვალეობის ადეკვატურად შესრულებაში.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ჩათვლის რომ არსებობს შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, აღნიშნული შეზღუდვა გამოუსადეგარია დასახული მიზნის მისაღწევად.
დასახული მიზანი კი, სავარაუდოდ ის უნდა იყოს, რომ პარლამენტის წევრად არ იქნას არჩეული ისეთი ადამიანი, რომელიც მარიხუანას ან რომელიმე სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარს.
ყველა ნარკოტიკულ ნივთიერებას თავისი სპეციფიურობა ახასიათებს, მაგალითად, ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემთხვევაში, მისი მოხმარების კვალი რამდნეიმე კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ადამიანის ორგანიზმში.
ამიტომ, თუ ადამიანი, კანდიდატობის მსურველი ტეტრაჰიდროკანაბინოლის მომხმარებელია, ის სიების წარდგენის დრომდე 30-40 დღით ადრე შეუძლია თავი დაანებოს მოხმარებას, რათა შეძლოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის აღება. რეგისტრაციის შემდეგ კი, კვლავ შეუძლია გააგრძელოს მოხმარება. ეს შეზღუდვა არ უზრუნველყოფს პარლამენტში მომხმარებელი ადამიანის მოხვედრის პრევენციას.
ასევე განსხვავებული სპეციფიკა აქვს ამფეტამინების ჯგუფში შემავალ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ტეტრაჰიდროკანაბინოლისგან განსხვავებით, მათი კვალი სულ რამდენიმე დღე რჩება ორგანიზმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება ჩვეულებრივ მოიხმარდეს, მაგრამ შემოწმებამდე სულ რაღაც 3-5 დღით ადრე რომ დაანებოს თავი მოხმარებას, აღარ დაუდგინდებათ მოხმარების ფაქტი.
რეგისტრაციის შემდეგ კი ისინიც აგრძელებენ მოხმარებას.
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა არ არის იმის გარანტია, რომ ადამიანი არ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას და მომხმარებელი კი, ვერ მოხვდება პარლამენტში.
ცესკოში აღნიშნული კრიტერიუმით რეგისტრაციის წარმატებით გავლა არაა იმის გარანტია, რომ პარლამენტში ვერ მოხვდება ნარკოტიკების მომხმარებელი.
აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა ვრცელდება მოხმარებისთვის ლეგალურად აღიარებული მცენარის - კანაფის მოხმარებაზეც.
გარდა გამოსადეგობისა, აღნიშნული ნორმის არსებობის არც აუცილებაა.
პარტია, პარლამენტარობის კანდიდატი სანამ საარჩევნო პროცესებში მიიღებს მონაწილეობას, ბევრი სხვადასხვა მოთხოვნის დაკმაყოფილება უწევს ისედაც, მათ შორის უკვე გააჩნიათ გარკვეული ლეგიტიმაციაც.
მაგალითად, რეგისტრაციისას პარტია ატარებს დამფუძნებელ ყრილობას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სიას.
გარდა ამისა, გირჩი, რომლის პატრიული სიითაც ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას, რეგისტრირებული იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ცესკოში წარდგენილი ჰქონდა 25,000-ზე მეტი მხარდაჭერის ხელმოწერა.
კანონმდებლის მიერ უკვუ საჭიროზე მეტი ბარიერი ისედაც დაწესებულია კანონმდებლის მიერ, რომელიც დაკმაყოფილებული გვაქვს, ხოლო დამატებით ის შეზღუდვა, რომელსაც ვასაჩივრებთ, არ არის აუცილებელი.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ წინადადებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა