ლევან ჯგერენაია, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/2/1519 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 30 ივლისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 აგვისტო 2020 13:16 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ლევან ჯგერენაია, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 115-ე მუხლის მე-7 პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის, 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:“ და ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (2020 წლის 3 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1519) მომართეს ლევან ჯგერენაიამ, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა. №1519 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2020 წლის 3 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 ივლისს.
2. №1519 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 115-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებას, ცესკოს თავმჯდომარეს, პარტიულ სიასთან ერთად, წარუდგინოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის შესახებ დოკუმენტაცია, მათ შორის, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, თუ კანდიდატი, იმავდროულად, წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, წარდგენილი უნდა იქნეს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლის კომისიის მიერ დამოწმებული ასლიც გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 117-ე მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმისა და არსებული რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს, მათ შორის, ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 3 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარმა კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება.
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება“.
5. №1519 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ პარტიული სიით. პარტიულ სიას უნდა ერთვოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის ან რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ცესკოს შეუძლია, უარი უთხრას მოსარჩელეებს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე ან გაუუქმოს მას ამგვარი რეგისტრაცია.
6. მოსარჩელეების აღნიშვნით, სადავო ნორმით იზღუდება მათ მიერ პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა, რადგან, თუ ისინი აღმოჩნდებიან ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები, მათ ეკრძალებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაცია. კანონმდებელს კი არ აქვს უფლება, უარი უთხრას პირს ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მიღებაზე მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო მოხმარების საფუძვლით, რადგან გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი მორალისა თუ ცხოვრების წესის მქონე პიროვნებები შეიძლება მოხვდნენ პარლამენტში, ეკუთვნის ამომრჩეველს და არა კანონმდებელს.
7. მოსარჩელეების მითითებით, სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის მოხვედრის პრევენციას. კანდიდატად რეგისტრაციის მსურველ პირს შესაძლებლობა აქვს, არ მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება ნარკოლოგიური ცნობის მიღებამდე განსაზღვრული დროის შუალედში, რაც ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალს გააქრობს, ხოლო ნარკოლოგიური ცნობის მიღების შემდგომ კანდიდატობის მსურველმა პირმა შესაძლოა, კვლავ განაგრძოს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. მოსარჩელეთა აზრით, კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიებისათვის ისედაც საკმარისი შეზღუდვებია დაწესებული და დამატებით სადავო ნორმებით განსაზღვრული შეზღუდვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.
8. მოსარჩელეები შუამდგომლობენ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, პარტიული სია და თანდართული ნარკოლოგიური ცნობები ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს არჩევნების დღემდე 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრაციის პროცესი დასრულებული იქნება და ისინი ვეღარ შეძლებენ მათი პარტიული სიის რეგისტრაციას. შესაბამისად, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, არ იარსებებს არც ერთი სამართლებრივი საშუალება შეზღუდული უფლების აღსადგენად, რაც მოსარჩელეებისთვის გამოუსწორებელ შედეგს გამოიწვევეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1519 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ №1519 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები. კერძოდ, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის №6723-რს ორგანული კანონით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა დასახელებული კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5).
4. ამგვარად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ სადავოდ გამხდარი 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულია. ამავდროულად, გასაჩივრებული ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1519 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამართალწარმოება უნდა შეწყდეს იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
7. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 115-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების და 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:“ კონსტიტუციურობა. სადავო ნორმები ადგენს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტის ვალდებულებას, ცესკოში წარადგინოს პარტიულ სიაში შეყვანილი პარლამენტის წევრობის კანდიდატთა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობები. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი ვალდებულია, ცესკოში წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა.
8. მოსარჩელეების არგუმენტაცია სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მიემართება იმ გარემოებას, რომ ცესკოში წარსადგენ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა შედეგად ითვალისწინებს კონკრეტული პირის პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმას ან უკვე არსებული რეგისტრაციის გაუქმებას. სწორედ ეს მოწესრიგება მიაჩნიათ მოსარჩელეებს მათი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული საარჩევნო უფლების დარღვევად.
9. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმები განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებას, პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატების ნარკოლოგიური ცნობა წარადგინოს ცესკოში. ასევე, პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის ვალდებულებას, ცესკოში წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. ამგვარად, სადავო ნორმები მხოლოდ მითითებულ ვალდებულებებს განსაზღვრავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიმართ და არ გააჩნია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული შინაარსი. სადავო ნორმები არ ქმნის საფუძველს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, უარი ეთქვათ მოსარჩელეებს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე ან გაუუქმდეთ რეგისტრაცია.
10. აღსანიშნავია, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დადასტურების შემთხვევაში კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის ან რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის №6723-რს ორგანული კანონით ცვლილება განიცადა დასახელებულმა ნორმამ. მისი მოქმედი რედაქცია პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად აღარ ითვალისწინებს ნარკოტიკული შემოწმების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადასტურებას და შესაბამის სუბიექტებს მხოლოდ ამგვარი შემოწმების გავლა, ხოლო პარტიული სიის წარდგენისას, მისი წარმოდგენა ევალებათ. ამავდროულად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე მხარე ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებას არაკონსტიტუციურად, იმისგან დამოუკიდებლად, ახდენს თუ არა ამ ცნობაში არსებული ინფორმაცია პირის კანდიდატად რეგისტრაციაზე გავლენას. მეტიც, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მხოლოდ ამომრჩევლის გადასაწყვეტია, რა მორალის თუ ცხოვრების წესის მქონე პიროვნება შეიძლება აირჩეს პარლამენტის წევრად. ამდენად, ცალსახაა, რომ დასახელებული სადავო ნორმები არ ითვალისწინებს შეზღუდვას, რომელიც მოსარჩელეებს არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1519 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 115-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების და 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1519 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ჯგერენაია, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 115-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების და 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1519 კონსტიტუციურ სარჩელზე მოთხოვნის იმ ნაწილში რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი