მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/5/591 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 24 ივლისი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე);
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №591) მომართეს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2014 წლის 5 მაისს.
2. №591 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 24 ივლისს.
3. №591 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ამ მუხლის მიზნებისთვის, ადგენს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის ცნებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებით კი განსაზღვრულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში (არა უმეტეს 60 წამით) უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება კი ადგენს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არალეგიტიმურია და არათანაბარ პირობებში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს, რადგან უფასო დროით სარგებლობის შესაძლებლობას ანიჭებს მხოლოდ ზოგიერთ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს და არა არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას, რითაც ილახება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
7. მოსარჩელეების აზრით, ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანისათვის აუცილებელია მისი ფორმულირება იმგვარად, რომ გამოყოფილი დრო თანაბრად იქნეს განაწილებული ყველა საარჩევნო სუბიექტზე განურჩევლად. მოსარჩელეების აზრით, ნორმა ასევე ხელყოფს მაუწყებლების საკუთრების უფლებასაც და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებას.
8. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ნორმა ლეგიტიმური და კონსტიტუციური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო პერიოდში საკუთრების უფლების შეზღუდვა - უფასო საარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულება, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნებოდა წინასწარი და სამართლიანი ანაზღაურების გზით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9);
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს საარჩევნო კოდექსის ორ ნორმას, კერძოდ, 51-ე მუხლის მე-4 პუნქტს და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას. მოსარჩელე ასაჩივრებს აღნიშნული სადავო ნორმებით უფასო წინასაარჩევნო რეკლამის უფლების მინიჭებას მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტებისთვის. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტის კვალიფიციურ სუბიექტად მიჩნევის წესს, ხოლოდ თავად უფასო წინასაარჩევნო რეკლამის მიღების შესაძლებლობა დადგენილია საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტით. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი კვალიფიციური სუბიექტის განმარტება, თავისთავად, წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის მიღების საფუძველს არ ქმნის. შესაბამისად, სასარჩელო არგუმენტაცია მიემართება მხოლოდ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას. მოსარჩელე საერთოდ არ განმარტავს, თუ რატომ არის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი კვალიფიციური სუბიექტის განმარტება უფლებაშემზღუდველი ნორმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. დასაბუთებულობასთან ერთად, აუცილებელია, კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით მისთვის დადგენილ სხვა მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
4. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. კანონის აღნიშნული დებულება „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში აცტიო პოპულარის შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის N2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს შეუძლია იდავოს მხოლოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე და არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვათა უფლებების დასაცავად. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „...მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება).
5. №591 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. კერძოდ, იგი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ლახავს მაუწყებლის საკუთრების უფლებას, ვინაიდან მათ უფასო წინასაარჩევნო რეკლამის სანაცვლოდ არ ეძლევათ წინასწარი და სამართლიანი ანაზღაურება.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არც ერთი მოსარჩელე არ წარმოადგენს მაუწყებელს. შესაბამისად, აღნიშნული სადავო დებულებით, არ არსებობს განმცხადებლებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი ან სამომავლო საფრთხე. უფრო მეტიც, მოსარჩელე მხარე კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით არც კი უთითებს საკუთარი უფლების დარღვევაზე. უდავოა, რომ ამ თვალსაზრისით, იგი სხვისი უფლების დარღვევაზე დავობს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში №591 კონსტიტუციური სარჩელი წარმოადგენს აცტიო პოპულარის და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. №591 კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №591 კონსტიტუციური სარჩელი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №591 კონსტიტუციური სარჩელი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით და ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი