საქართველოს მოქალაქეები – ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და იოსებ მანჯავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/549 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 5 თებერვალი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
3. ქეთევან ერემაძე – წევრი;
4. მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და იოსებ მანჯავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ’’ 2006 წლის 27 დეკემბრის #4133-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე იოსებ მანჯავიძე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – ირმა ჭკადუა, ნინო მამულაშვილი და ირაკლი კობახიძე. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – თამარ მესხია და ზურაბ დეკანოიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №549) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა- ირმა ინაშვილმა, დავით თარხან-მოურავმა და იოსებ მანჯავიძემ. №549 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2013 წლის 9 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2013 წლის 29 იანვარს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ’’ 2006 წლის 27 დეკემბრის #4133-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-5 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან კავშირში. სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, ხოლო კონსტიტუციის 28-ე მუხლის მიხედვით, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა განამტკიცებს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას, დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“. კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და იგი მიღებულ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განიხილოს ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, განიხილოს კონსტიტუციური კანონის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით, სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება, მისი უფლებამოსილებისა და მისიის საერთო ლოგიკიდან გამომდინარეობს. მოსარჩელის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლომ ინდივიდი უნდა დაიცვას მისი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების არალეგიტიმური ხელყოფისგან მაშინაც, თუ ამგვარი დარღვევა მომდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ფორმალური პროცედურების დაცვით მიღებული კონსტიტუციური კანონისგან.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის თავდაპირველი რედაქციის მიხედვით, პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური უნდა გამართულიყო წინა არჩევნების ჩატარებიდან მეხუთე წლის აპრილის მეორე კვირა დღეს. სადავო ნორმით კი განისაზღვრა, რომ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა 2004 წლის 4 იანვარს, სადავო ნორმის არარსებობის პირობებში, მორიგი არჩევნები ჩატარდებოდა 2008 წლის აპრილში, ნაცვლად 2009 წლის ოქტომბრისა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის შემოღებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა წელიწადნახევრით გახანგრძლივდა. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ“. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის შემოღებით, გახანგრძლივდა მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, საჯარო უფლებამოსილების მომწესრიგებელ ნორმას საქართველოს პარლამენტმა მიანიჭა უკუძალა, რითაც უხეშად იქნა დარღვეული საჯარო სამართლის ელემენტარული პრინციპები. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ 2008 წელს პრეზიდენტს არ უსარგებლია კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, ვინაიდან ამ პერიოდში ჩატარდა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ მას საშუალება მიეცა წელიწად-ნახევრით გაეხანგრძლივებინა თავისი უფლებამოსილების მეორე ვადა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო კონსტიტუციური კანონის მიღებით, არალეგიტიმურად მოხდა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება და იგი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, ამომრჩეველი აღჭურვილია საარჩევნო ხმის უფლებით და შესაძლებლობა აქვს, არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით, განსაზღვროს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მოსარჩელის აზრით, დაუშვებელია არჩეული თანამდებობის პირის ან წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების შინაარსის თვისობრივი გადასინჯვა ან მისი უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება, თუნდაც კონსტიტუციური ცვლილების მეშვეობით. სადავო ნორმის მიღებით, საკანონმდებლო ორგანომ თვითნებურად შეცვალა ხალხის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის მინიჭებული მანდატის ვადა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტთან, რომლის თანახმად, „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“. საქართველოს პრეზიდენტმა, კონსტიტუციური კანონის ხელმოწერით, წელიწად-ნახევრით მიითვისა ხელისუფლება, რითაც უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპები და დებულებები.
8. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ნებისმიერ პირს აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი. მოსარჩელე მხარის აზრით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალური სფეროებისათვის ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა შეძლებისდაგვარად ფართოდ უნდა მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კანონმდებელმა, სადავო ნორმის მიღებით, უგულებელყო ხალხის, თითოეული ამომრჩევლის უფლება, შეასრულოს სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს კონსტიტუციური ფუნქცია. შესაბამისად, შეიზღუდა ამომრჩევლის შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს ქვეყნის განვითარების მიმართულებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით ირღვევა ამომრჩევლის ღირსების უფლება და იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს.
9. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებულია პირის აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება. ამომრჩევლის აქტიური ხმის უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, აირჩიოს კონკრეტული თანამდებობის პირი განსაზღვრული ვადით. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის წელიწად-ნახევრის გახანგრძლივებით, უხეშად ირღვევა მათი კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებული საარჩევნო უფლება. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო აქტის კონსტიტუციურობის განხილვისას, საკონსტიტუციო სასამართლო არკვევს, დაცულია თუ არა მისი მიღების, გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების კონსტიტუციით დადგენილი წესი. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული დანაწესი გულისხმობს საკანონმდებლო აქტის მიღებისა და გამოცემის უფლებამოსილების, პროცედურისა და ფორმის შემოწმებას. ამასთანავე, ფორმალური შესაბამისობის თითოეული ეს ასპექტი უნდა შემოწმდეს მატერიალური თვალსაზრისითაც. სადავო ნორმის მიღებითა და მისი ხელმოწერით, საკანონმდებლო ორგანო და საქართველოს პრეზიდენტი გასცდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და უხეშად შეიჭრნენ ხალხის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს უფლებამოსილების სფეროში. საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღეს საკითხზე, რომლის მოწესრიგება შინაარსობრივად სცილდებოდა მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების სფეროს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს საკანონმდებლო აქტის მიღებისა და ხელმოწერის კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენდა „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ’’ 2006 წლის 27 დეკემბრის #4133-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-5 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან კავშირში. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ მან დავის საგნად მიუთითა „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ’’ 2006 წლის 27 დეკემბრის #4133-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და 28-ე მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-5 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, მოსარჩელემ მოხსნა მოთხოვნა.
12. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციური კანონი არის ნორმატიული აქტი, შესაბამისად, მისი კონსტიტუციურობის შემოწმება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს. იმავდროულად მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ თავად კონსტიტუციური ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას. მისი აზრით, დაუშვებელია, სასამართლომ იმსჯელოს რომელიმე კონკრეტული კონსტიტუციური დებულების სხვა კონსტიტუციურ ჩანაწერთან შესაბამისობის თაობაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ნორმას წარმოადგენს არა საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტი, არამედ „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ’’ 2006 წლის 27 დეკემბრის #4133-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადდება კონსტიტუციური კანონის შესაბამისი დებულება, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება კონსტიტუციურ ჩანაწერზეც, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეამოწმებს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 28-ე მუხლებთან მიმართებით.
13. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციაში სახელდებით არ არის მოხსენიებული, რომ დაუშვებელია კონსტიტუციის რომელიმე ნორმის შეცვლა ან გაუქმება. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით დადგენილია ერთგვარი იერარქია კონსტიტუციურ ნორმებს შორის. კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები არის წარუვალი და უზენაესი ღირებულებები, რაც აღიარებულია კონსტიტუციით. აქედან გამომდინარე, მე-7 მუხლით განმტკიცებულია ერთგვარი „მარადიულობის პრინციპი“, რაც კონსტიტუციის მეორე თავს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, კონსტიტუციურ ნორმებს შორის არსებობს გარკვეული იერარქია და ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებებთან. კონსტიტუციური ცვლილების კონსტიტუციურობის შემოწმება, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანს და კომპეტენციას წარმოადგენს.
14. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე არ მომხდარა მოქმედი პრეზიდენტის პირველი საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის შემოღების მიზანს წარმოადგენდა საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტად არჩეული იქნებოდა იგივე პირი. შესაბამისად, 2006 წელს განხორციელებული ცვლილებით პრეზიდენტის ორივე ვადა ჯამურად განისაზღვრა არა 10 წლით, როგორც ეს დადგენილია კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით, არამედ 10 წლით და 10 თვით, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და 28-ე მუხლის პირველ პუნქტებთან. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დაუშვებელია რომელიმე ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილების ცვლილება იმ პერიოდის განმავლობაში, რა ვადითაც იგი არის არჩეული(დანიშნული).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და 28-ე მუხლის პირველ პუნქტებს.
16. მოპასუხე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსარჩელეების პოზიციას და №549 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. მოპასუხის მტკიცებით, კონსტიტუციური ცვლილებების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას. მოპასუხემ მოიშველია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობასთან დაკავშირებით. მოპასუხის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს შინაარსობრივი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს არა ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის ესა თუ ის ნორმა, არამედ ძირითადი (კოდიფიცირებული) კანონის იმ ნორმის მოქმედი რედაქცია, რომელიც ჩამოყალიბდა განხორციელებული ცვლილების შედეგად. მოპასუხეს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური კანონის მეშვეობით ხდება თავად კონსტიტუციის შეცვლა და საკონსტიტუციო სასამართლოს არც კონსტიტუციით და არც კანონმდებლობით არა აქვს კომპეტენცია, იმსჯელოს კონსტიტუციური ნორმების კონსტიტუციურობაზე.
17. მოპასუხე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ კონსტიტუციური კანონი ფორმალური თვალსაზრისით წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, თუმცა მისი კონსტიტუციურობის შემოწმების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს იერარქია თავად კონსტიტუციის ნორმებს შორის, რაც თავისთავად დაუშვებელია. მოპასუხე მხარემ მოიშველია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, რომლის თანახმად, კონსტიტუციური კანონი, როგორც კონსტიტუციის განუყოფელი და ორგანული ნაწილი, თავად ქმნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და იგი შინაარსობრივი თვალსაზრისით, ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების ობიექტი. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა, მოქმედი საკანონმდებლო აქტებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას.
18. მოპასუხე მხარის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი დეტალურად აწესრიგებენ კონსტიტუციური კანონის მიღების პროცედურას. სადავო ნორმის მიღების შემთხვევაში, დაცული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ფორმალური საფუძველი. აღნიშნული პროექტი ინიცირებული იყო საკანონმდებლო პროცედურების დაცვით და საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის შესახებ. მოპასუხე მხარის განმარტებით, კანონპროექტი მიღებულ იქნა სამი მოსმენით დადგენილი კვორუმის გათვალისწინებით. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმა მიღებულ იქნა ფორმალური პროცედურების დარღვევით. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ №549 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელეებს არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ "საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის (2006 წლის 27 დეკემბერი, N4133-რს) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა".
2. გასაჩივრებული საკანონმდებლო აქტი საქართველოს კონსტიტუციური კანონია, რომლითაც ცვლილებები და დამატებები შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიიღება კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მაშასადამე, კონსტიტუციური კანონი, მისი ძალაში შესვლის მომენტიდან, კარგავს დამოუკიდებელ ნორმატიულ შინაარსს და კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილი ხდება. შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 28-ე მუხლებთან მიმართებით უნდა შეაფასოს. კონსტიტუციის მოქმედი ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადება მოსარჩელეებსაც გაუმართლებლად მიაჩნიათ. სწორედ ამიტომ მათ ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კონსტიტუციური კანონის გასაჩივრება არჩიეს. თუმცა, კონსტიტუციური სარჩელის ასეთი ფორმით წარმოდგენის მიუხედავად, მისი დაკმაყოფილება იმავდროულად კონსტიტუციის ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებას ნიშნავს.
3. კონსტიტუციური კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმების საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯის საგანი ორჯერ გახდა: საქმეზე "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" და საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გერონტი აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". აღნიშნული სარჩელები არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგანს კონსტიტუციის ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება წარმოადგენდა, რაც სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის N 2/2/486 განჩინება საქმეზე "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"; საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის N 1/2/523 განჩინება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გერონტი აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ").
4. ამდენად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, პირველ რიგში, საჭიროა გაირკვეს, განსხვავდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრება სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებებში არსებული პოზიციისაგან და გააჩნია თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური ცვლილებების კონსტიტუციურ უფლებებთან შესაბამისობის დადგენის კომპეტენცია. მოსარჩელეთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური ცვლილებების (ახალი კონსტიტუციური ნორმების) კონსტიტუციის არსებულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის უფლებამოსილება კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული არ არის, საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი კომპეტენცია მისი "მისიის საერთო ლოგიკიდან" გამომდინარეობს. მოსარჩელენი დამატებით მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“. ვინაიდან კონსტიტუციური კანონიც ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, მოსარჩელენი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი კონსტიტუციის მეორე თავის უპირატეს მნიშვნელობაზე არაპირდაპირ მიუთითებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებაუნარიანია პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის განმსაზღვრელი კონსტიტუციური ცვლილების შესაბამისობა ამ ნორმებთან მიმართებით დაადგინოს.
5. „საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ზოგადად, ორ მიზანს ემსახურება – ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ფუნქციონირების უზრუნველყოფას (ხელშეწყობას) და ადამიანის უფლებების დაცვას ხელისუფლების მხრიდან არათანაზომიერი ჩარევისაგან (უფლების დარღვევისაგან). ამ მიზნების მიღწევისთვის სუბიექტებიც შესაბამისად არის განსაზღვრული.“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება N1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II, 18). მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, ხელისუფლების შტოთა დაბალანსების, ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმის ქმედითობას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ხელისუფლების გაუმართლებელი ჩარევისაგან იცავს. ამ ფუნქციის წარმატებით შესრულება თანაბრად შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების როგორც სრულად გამოუყენებლობის, ასევე მისი გადამეტების შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი, რომელსაც ითვალისწინებს კონსტიტუცია მისი (საკონსტიტუციო სასამართლოს) დანიშნულების, ფუნქციის ეფექტურად და ადეკვატურად განსახორციელებლად. მაგრამ, იმავდროულად, ის თავად უნდა დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში, რადგან მისი საქმიანობის საფუძველი და კომპეტენციის ზღვარი კონსტიტუციაა.
6. კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კონსტიტუციური მართლმსაჯულების ჯეროვანი შესრულების საქმეში. სწორედ ამიტომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტული კონსტიტუციური უფლებების განმარტებისას ეყრდნობა არა მხოლოდ ამ უფლებების მარეგლამენტირებელ ნორმებს, არამედ კონსტიტუციის ძირითად პრინციპებსა და, ზოგადად, კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებს. ამაზე სასამართლომ არაერთგზის მიუთითა საკუთარ გადაწყვეტილებებში. კერძოდ: „კონკრეტული დავების გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები განმარტების შედეგად არ დასცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II, 1).
7. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური დავების გადაწყვეტისას ხშირად უთითებს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე, მათ მნიშვნელობაზე. „დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციურ პრინციპებს შორის. ისინი პრაქტიკულად ყველა კონსტიტუციური ნორმის... საფუძველს წარმოადგენენ. ამ პრინციპებს ეყრდნობა მთლიანად კონსტიტუციური წყობა. ამასთან, ისინი ავალდებულებენ ხელისუფლებას, შეიზღუდოს კონსტიტუციური წყობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების არც ერთ შტოს არა აქვს უფლება, იმოქმედოს მხოლოდ მიზანშეწონილობის, პოლიტიკური აუცილებლობის ან სხვა მოტივაციის საფუძველზე." (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II, 2).
8. მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოიყენოს ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპები კონსტიტუციის სწორი განმარტებისა და, რაც მთავარია, ადამიანის უფლებების ადეკვატური დაცვისათვის. სასამართლომ ადამიანის უფლებების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციის ნორმები საკმაოდ ფართოდ განმარტა სწორედ კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება N1/466 საქმეზე "საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" და სხვა). თუმცა სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ის უშუალოდ კონსტიტუციის პრინციპებთან სადავო ნორმის შესაბამისობაზე არ მსჯელობს, რადგან "კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს" (2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე – მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ", II, 3).
9. კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების გამოყენების რესურსი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვანია, თუმცა, იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს უფლება, კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით, მათი გამოყენებით ძალადაკარგულად კონსტიტუციის ნორმები გამოაცხადოს. ასეთი უფლებამოსილების ამოკითხვისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ნორმატიული საფუძველი არ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლო ნორმატიული აქტების შესაბამისობას კონსტიტუციასთან, როგორც ერთიან, თანაბარი სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ნორმების ერთობლიობასთან ახდენს. კონსტიტუციური კანონი, როგორც კონსტიტუციის განუყოფელი და ორგანული ნაწილი, თავად ქმნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს, შესაბამისად, მას ისეთივე იურიდიული ძალა გააჩნია, როგორიც ძირითადი კანონის სხვა ნორმებს. ამიტომ შინაარსობრივი თვალსაზრისით ის ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანი. საკონსტიტუციო სასამართლო იერარქიულად ქვემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციის ნორმასთან შესაბამისობას ადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი კომპეტენციის სხვაგვარი ინტერპრეტირება (ამ კომპეტენციის საქართველოს კონსტიტუციით გაუთვალისწინებლობის პირობებში) და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით კონსტიტუციის ნორმების ძალადაკარგულად ცნობის უფლებამოსილებით საკუთარი თავის აღჭურვა, კონსტიტუციის ნებისმიერი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების პოტენციურ შესაძლებლობას გააჩენდა.
10. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას, რომ შედარებით კონსტიტუციურ სამართალში არ არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. კონსტიტუციური სამართლის თეორიაში, ისევე როგორც პრაქტიკაში კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესზე სასამართლო კონტროლის განხორციელება შედარებით იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. როგორც წესი, ის შეიძლება გამოიხატებოდეს პრევენციულ, ფორმალურ, ან/და „უცვლელ“, „მუდმივ“ ნორმებთან მიმართებით შემდგომი შინაარსობრივი კონსტიტუციური კონტროლის სახით. ამასთან, არაერთგვაროვანია ამ ფორმების გამოყენების საფუძვლები, მასშტაბი და სიხშირე (CDL-AD(2010)001, 2009; CDL-AD(2010)044, 2010).
11. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უთითებს ე.წ. „მუდმივობის"/"უცვლელობის" პრინციპზე დაფუძნებულ ნორმებზე და არც იურიდიული ძალის მიხედვით ადგენს კონსტიტუციურ ნორმებს შორის ფორმალურ იერარქიას. კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმები შესაძლოა განსხვავებულ ღირებულებებს იცავდნენ, თუმცა ეს მათ იერარქიულ ქვემდებარეობას არ იწვევს. ამდენად, არასწორი იქნება, თუ სასამართლო „მუდმივ" და "უცვლელ" კონსტიტუციის ნორმებს თავად შექმნის. სასამართლო შებოჭილია კონსტიტუციის ტექსტით, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, იგი ვერ იქნება იმის შემფასებელი და განმსაზღვრელი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუცია. კონსტიტუციური კანონის მატერიალური შინაარსის კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ფარგლებში ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვანია, რომ თავად კონსტიტუცია იძლეოდეს საკმარის საფუძველს როგორც ამ კომპეტენციის ამოკითხვისთვის, ისე მისი ფარგლების გარკვევისათვის. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასეთი საკითხების გადაწყვეტა პოლიტიკური პროცესის ნაწილია. საქართველოს კონსტიტუციით ცხადად არის გაწერილი კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის წესი, რომლის შეცვლაც ამავე წესით უნდა მოხდეს. ამ არჩევანს, პოლიტიკური პროცესის შედეგად, აკეთებს ხალხი, როგორც კონსტიტუციის და ხელისუფლების წყარო.
12. იმავდროულად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სარჩელში დაშვებულ და ამავე საკითხზე მოსარჩელეთა წარმომადგენლების მიერ განმწესრიგებელ სხდომაზე გამოთქმულ ზოგიერთ ფაქტობრივ უზუსტობებზე. სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო კონსტიტუციური კანონი ითვალისწინებდა უკვე არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდას. კერძოდ, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ „საჯარო უფლებამოსილების მომწესრიგებელ ნორმას საქართველოს პარლამენტმა მიანიჭა უკუძალა, რითაც უხეშად იქნა დარღვეული საჯარო სამართლის ელემენტარული პრინციპები“. მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, 2004 წლის 4 იანვარს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღად 2009 წლის ოქტომბერი განისაზღვრა. შესაბამისად, სადავო ცვლილების საფუძველზე, მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა გახანგრძლივდა ერთი წლით და ექვსი თვით და კონსტიტუციით გათვალისწინებულ ხუთწლიან ვადას გადააჭარბა. მოსარჩელთა მიერ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი ეს მსჯელობა სადავო ნორმის არასწორ განმარტებას, მის არასწორ აღქმას ემყარება.
13. „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2006 წლის 27 დეკემბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის (N4133-რს) სადავო ნორმით, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვის თარიღად განისაზღვრა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერი. თუმცა ამავე კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე–6 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 104¹ მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, 2004 წელს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 104¹ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 2004 წლის იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში იყო გათვალისწინებული (აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 11 მარტს კონსტიტუციის აღნიშნულმა ნორმამ კვლავ განიცადა ცვლილება (N 5833-Iს), რის შედეგადაც საქართველოს კონსტიტუციის 104¹ მუხლის მე-3 პუნქტი განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბდა). ამდენად, როგორც მოპასუხე მხარემ აღნიშნა, არასწორია იმის მტკიცება, რომ განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის გაზრდა უკუძალით მოხდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წელს პრეზიდენტის გადადგომისა და 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღად 2013 წლის ოქტომბერი განისაზღვრა, რამაც ფაქტობრივად კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდა გამოიწვია.
14. მოსარჩელენი ასევე მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შინაარსობრივი შესაბამისობის შეფასების გარდა, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გაარკვიოს დაცული იყო თუ არა კონსტიტუციური კანონის მიღების საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური წესი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ფორმალური შესაბამისობის თითოეული ეს ასპექტი უნდა შემოწმდეს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც".
15. ამის დასტურად მოსარჩელეები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მიუთითებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნორმის რეგულირების სფეროს ფორმალური კონტროლის ნორმატიული რეგულირება წარმოადგენს. დასახელებული მუხლის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას არკვევს, დაცულია თუ არა საქართველოს საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესები.
16. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს საკუთარ უფლებამოსილებას, დაადგინოს, რამდენად იყო დაცული კონსტიტუციური კანონის მიღების კონსტიტუციით გათვალისწინებული წესი. ამის საფუძველს შესაძლოა ქმნიდეს კონსტიტუციის გადასინჯვის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესის არსებობა. კონსტიტუციაში დადგენილი მოთხოვნების, წესების პატივისცემა, მათი განუხრელი დაცვა კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფას ემსახურება. სწორედ ამიტომ, პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა კონსტიტუციით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით უნდა წარიმართოს. ამავე დროს, კანონმდებლობიდან ცხადად არ იკვეთება, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებას კონსტიტუციური კანონის მიღების კონსტიტუციით დადგენილი წესის დარღვევის შესახებ. მოცემული კონსტიტუციური დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას ამ ნაწილში საკუთარი კომპეტენციის ფარგლების განსაზღვრის აუცილებლობის წინაშე, რამდენადაც მოსარჩელეთა მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც კონსტიტუციის გადასინჯვის კონსტიტუციით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას წარმოაჩენდა, კონსტიტუციურ სარჩელში და განმწესრიგებელი სხდომის დროს დასახელებული არგუმენტები უკავშირდებოდა განხორციელებული ცვლილების შინაარსობრივ მხარეს.
17. მოსარჩელეთა აზრით, არჩევითი ორგანოების/თანამდებობის პირების კონსტიტუციური ვადების გადახედვის/შეცვლის უფლებამოსილება მხოლოდ ხალხს აქვს, როგორც ხელისუფლების წყაროს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ასეთი შინაარსის ნორმატიული აქტის მიღებით და საქართველოს პრეზიდენტი ამ აქტის ხელმოწერით, გასცდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს, მათ გადაწყვეტილება მიიღეს საკითხზე, რომლის მოწესრიგება შინაარსობრივად სცილდებოდა მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების სფეროს. კონსტიტუციური კანონის მიღების ფორმალური წესის დარღვევას მოსარჩელენი სწორედ ამ გარემოებას უკავშირებენ.
18. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ხალხის ნების გამოვლინება რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და არჩევნების (თავისი წარმომადგენლების) მეშვეობით ხდება. ამავე დროს, კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანო არის უფლებამოსილი, კონსტიტუციური კანონის მიღების გზით, კონსტიტუციის ტექსტში შეიტანოს შესწორებები, ცვლილებები და დამატებები. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის წესი – კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის შეტანაზე უფლებამოსილი სუბიექტები, განხილვის პროცედურები, კონსტიტუციური კანონის მიღებაზე და გამოქვეყნებაზე უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირები, ისევე როგორც მიღებისა და გამოქვეყნების წესი, საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლით არის გათვალისწინებული. კონსტიტუციით დადგენილი ეს წესი, პროცედურები ვრცელდება ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც განხორციელდება კონსტიტუციაში. საქართველოს კონსტიტუცია კონსტიტუციური კანონის მიღების სხვა წესს და პროცედურებს არ ითვალისწინებს (გამონაკლისი გათვალისწინებულია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 108-ე მუხლით). რასაკვირველია, ეს არ გამორიცხავს კონსტიტუციური მნიშვნელობის საკითხებზე რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუცია კონსტიტუციის გადასინჯვის სამართლებრივ მექანიზმებს ცხადად განსაზღვრავს და ამ მექანიზმებს შორის რეფერენდუმის ან ხალხის ნების სხვაგვარი გამოვლენის წინა პირობას არ ადგენს.
19. ჰქონდა თუ არა საქართველოს პარლამენტს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ახლებურად განსაზღვრის უფლებამოსილება, ამის შეფასება არსებითად იმ საკითხის შეფასების იდენტურია, საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი შინაარსის ცვლილების განხორციელება საერთოდ შესაძლებელია თუ არა. თუ თეორიულად ასეთი შინაარსის ცვლილება შესაძლებელია, მაშინ ნებისმიერი ცვლილებების ინიცირებისა და მიღების საერთო წესი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლში. სასარჩელო მოთხოვნის ძირითადი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ შინაარსის ცვლილებები (არჩევითი ორგანოების/თანამდებობის პირების უფლებამოსილების ვადის გაზრდა და, მით უფრო, გაზრდილი ვადის გავრცელება უკვე არჩეულ თანამდებობის პირზე) არსებითად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, მათ შორის, სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს, ადამიანის ღირსების და საარჩევნო უფლებებს. ასეთი არგუმენტაციის პირობებში, საერთოდ არარელევანტურია ცვლილების განხორციელებაზე უფლებამოსილი სუბიექტის გარკვევის საკითხი, რადგან, თუ ამ შინაარსის ცვლილებები არსებითად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ადამიანის ძირითად უფლებებს, მაშინ მნიშვნელობას კარგავს საკითხი, ვინ განახორციელებს მათ. მაშასადამე, აქ საუბარია, არსებითად, ამ შინაარსის ცვლილებების განხორციელება საერთოდ შეიძლებოდა თუ არა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, ამ ნაწილში იდენტურია კონსტიტუციური კანონის შინაარსის კონსტიტუციურობის შეფასების მოთხოვნისა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს კონსტიტუციის გადასინჯვის, კონსტიტუციური კანონის მიღების სხვა გზას, გარდა საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციური უმრავლეობის ნების თავისუფალი და დემოკრატიული გამოვლინებისა. კონსტიტუციის და ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც საკუთარ ნებას ღია, თავისუფალი, თანასწორი, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის შედეგად ავლენს. კონსტიტუციის გადასინჯვა პოლიტიკური პროცესის ნაწილია, რომელიც ხალხის ნების შესაბამისად, ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი N549 (საქართველოს მოქალაქეები ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და იოსებ მანჯავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი