საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/676 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 26 თებერვალი 2016 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 31 აგვისტოს №104/2015 განკარგულების პირველი მუხლისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 31 აგვისტოს №107/2015 განკარგულების პირველი მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №676) მიმართა საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდემ. №676 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 28 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 26 თებერვალს.
2. №676 კონსტიტუციური სარჩელის შეტანის სამართლებრივ საფუძვლად სარჩელში მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში „ცესკო“) 2015 წლის 31 აგვისტოს №104/2015 განკარგულების პირველი მუხლი ადგენს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული სისტემით გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში დაინიშნოს 2015 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო ამავე კომისიის 2015 წლის 31 აგვისტოს №107/2015 განკარგულების პირველი მუხლის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები ემთხვევა „საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქების შექმნის, მათი საზღვრების, სახელწოდებებისა და ნომრების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 11 ივნისის №62/2012 განკარგულებით, №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებისათვის დამტკიცებულ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილია კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია ქ. თბილისში, კერძოდ, საბურთალოს №3 საარჩევნო ოლქში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის 4-ჯერ აღემატება მარტვილში, ხოლო თითქმის 3-ჯერ საგარეჯოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას. აღნიშნულის მიუხედავად, მარტვილსა და საგარეჯოში რეგისტრირებული ამომრჩევლები ირჩევენ იმდენივე მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში, რამდენსაც იმ საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები, რომელშიც მოსარჩელე არის რეგისტრირებული. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასახელებული საარჩევნო უბნების ამომრჩევლებთან შედარებით, მის ხმას ნაკლები „წონა“ გააჩნია და ნაკლებად არის უზრუნველყოფილი შესაძლებლობით, გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავოდ გამხდარი ცესკოს განკარგულებები, თავისი შინაარსით, წარმოადგენენ ნორმატიულ აქტებს, ვინაიდან მათი მოქმედება მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისკენ და ადგენენ მრავალჯერადი გამოყენების წესს.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 28 მაისს მიღებულ №1/3/547 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საზღვრები, თუმცა ცესკომ სადავო ნორმებით დანიშნა შუალედური არჩევნები იმ პრინციპების საფუძველზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მითითებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმები უნდა ჩაითვალოს სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებად.
8. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე განმარტავს, რომ ის საარჩევნო ოლქები, რომლებშიც 2015 წლის 31 ოქტომბერს ტარდება შუალედური არჩევნები, კონსტიტუციური თვალსაზრისით, აღარ არსებობს და, შესაბამისად, მათში არჩევნების ჩატარება ცესკოს მიერ იწვევს მოსარჩელის უფლებების ხელახალ დარღვევას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსა და 28-ე მუხლის პირველ პუნქტს.
10. მოსარჩელე ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მიიღოს განჩინება საქმის არსებითად მიუღებლობისა და სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, რადგან სადავო ნორმები არსებითად იმეორებს იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. მოსარჩელე მხარე იმ შემთხვევაში, თუკი მისი აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე აყენებს შუამდგომლობას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან დეპუტატების არჩევის შემდგომ, მისი, როგორც ამომრჩევლის უფლებებში აღდგენა შეუძლებელი იქნება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამავდროულად, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის განჩინება №1/1/566 საქმეზე “შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
2. №676 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში ცესკო) 2015 წლის 31 აგვისტოს №104/2015 განკარგულების პირველი მუხლისა და ამავე კომისიის 2015 წლის 31 აგვისტოს №107/2015 განკარგულების პირველი მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ცესკოს №104/2015 განკარგულების პირველი მუხლით დადგენილია 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემით საგარეჯოსა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში ჩასატარებელი შუალედური არჩევნების თარიღი, კერძოდ, 2015 წლის 31 ოქტომბერი, ხოლო ცესკოს №107/2015 განკარგულების პირველი მუხლი განსაზღვრავს, რომ დასახელებული შუალედური არჩევნებისათვის მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქების საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები განისაზღვრება ისევე, როგორც ეს იყო დადგენილი 2012 წლის 1 ოქტომბრის მორიგი საპარლამენტო არჩევნებისათვის ცესკოს 2012 წლის 11 ივნისის №62/2012 განკარგულებით. აღსანიშნავია, რომ ორივე სადავო ნორმა წარმოადგენს 2015 წლის 31 ოქტომბერს საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით დადგენილ რეგულაციას, რომელსაც მოქმედების რესურსი გააჩნია მხოლოდ დასახელებული შუალედური არჩევნების მიმართ, ხოლო მის შემდგომ ჩასატარებელ არჩევნებთან მიმართებით რეგულირებას აღარ ითვალისწინებს.
3. ხსენებულ საკითხზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში დავის გადაწყვეტისას სადავო აქტი, რომელიც მხოლოდ უკვე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ წესებს არეგულირებს, ძალადაკარგულ აქტს წარმოადგენს და, შესაბამისად, მათ კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის განჩინება №3/2/670 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ“, II-13). ამასთან, „სასამართლომ, არჩევნების ჩატარების შემდეგ, ამ არჩევნების მარეგულირებელი აქტების კონსტიტუციურობაზე შეიძლება იმსჯელოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სუბიექტის მიერ კანონით დადგენილ ვადებში სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის განჩინება №3/2/670 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ“, II-14).
4. ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის, 2015 წლის 31 ოქტომბრის საგარეჯოსა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში შუალედური არჩევნები უკვე ჩატარებულია, ცესკოს №104/2015 და №107/2015 განკარგულებით განსაზღვრული სადავო ნორმები წარმოადგენენ ძალადაკარგულ ნორმებს. ამასთან, №676 კონსტიტუციური სარჩელი არ არის მიღებული არსებითად განსახილველად და არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის გამოყენებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების გაგრძელების წინა პირობა.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №676 კონსტიტუციურ სარჩელზე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №676 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა