ეთიკის სტანდარტები

საავტორო უფლებების საკითხები: 

  • ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებზე ავტორები ჟურნალს გადასცემენ განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) ლიცენზიას ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოყენებაზე, თარგმნაზე, ვიზუალურ დამუშავებაზე. ავტორებს რჩებათ უფლება გადაამუშავონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ ჟურნალს ამის შესახებ წინასწარ ეცნობება წერილობითი სახით;
  • ნაშრომზე არაქონებრივი საავტორო უფლებები რჩება ნაშრომის ავტორს;
  • ნაშრომის გამოქვეყნებამდე ავტორი ვალდებულია დაადასტუროს განსაკუთრებული უფლებების გადაცემის საკითხი, რისთვისაც შესაძლოა მოეთხოვოს შესაბამისი განაცხადის ან ლიცენზიის ხელმოწერა.

 

 ნაშრომების ხელმისაწვდომობა: 

  • ჟურნალში ნაშრომები განთავსდება - creative commons ლიცენზიით, კერძოდ Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზიით, რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით;
  • ჟურნალის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებში მიეთითება creative commons ლიცენზიის საკითხიც და კეთდება შემდეგი ვიზუალური აღნიშვნა:  და მითითება დეტალური სალიცენზიო პირობების ხელმისაწვდომობის თაობაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://creativecommons.org/licenses/by/2.0/legalcode;
  • CC BY 2.0 ლიცენზიის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება გააზიაროს, გაავრცელოს, რეპროდუქცია გაუკეთოს ჟურნალს ან მის რომელიმე ნაწილს, მათ შორის, კომერციული მიზნით, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია სრულად მიუთითოს წყარო და შესაბამისი ელექტრონული მისამართი (link) და ცვლილებების გაკეთების შემთხვევაში წარმოაჩინოს ეს ცვლილებები. CC BY 2.0 ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას.
 

ეთიკის საკითხები და დარღვევებზე რეაგირება: 

  • ჟურნალი აღიარებს და პატივს სცემს ეთიკის წესებს. ჟურნალმა უნდა უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა რედაქტირების პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ავტორსა და სარედაქციო კოლეგიის წევრს/წევრებს ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი, ავტორს ან/და კოლეგიის წევრს უფლება აქვს, განაცხადოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რაზედაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო;

  • ავტორებს მოეთხოვებათ დაიცვან ეთიკის წესები, რაც გულისხმობს ავტორის/ავტორების სათანადო მითითებას, წყაროების სწორ გამოყენებას, ფალსიფიკაციის და ფაბრიკაციის გამორიცხვას, ნაშრომის შემუშავებაში მონაწილე პირთა სათანადო მითითებას, პერსონალური მონაცემების პატივისცემას და სხვა საკითხებს;

  • ჟურნალი მიესალმება და ახალისებს გამოქვეყნებული ნაშრომების განხილვას და კრიტიკას აკადემიურ თუ სოციალურ სივრცეში. დასაშვებია, ნაშრომების შესახებ უკუკავშირის ჟურნალისათვის მიწოდება ელ.ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: jcl@constcourt.ge. ავტორებს აქვთ უფლება, სარედაქციო საბჭოს სთხოვონ ნაშრომში მითითებული უზუსტობის გასწორება, რაც მიეთითება მომდევნო გამოცემაში და ვებ-გვერდზე;

  • ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში/ნაშრომებში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ჟურნალის რედაქტორს ან სარედაქციო საბჭოს (ელ.ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: jcl@constcourt.ge) და მოითხოვოს საკითხის მოკვლევა და შესაბამისი რეაგირება. განაცხადი უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დარღვევის შესახებ (ნაშრომის ავტორი, სათაური, დარღვევის ტიპი, დასაბუთება). რედაქტორი ვალდებულია ყველა ასეთი განაცხადი განიხილოს გონივრულ ვადაში და დასაბუთებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს. განაცხადის თაობაზე ეცნობება ავტორს/ავტორებს და ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი განმარტება წარმოადგინონ. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას რეაგირების შესახებ დარღვევის შინაარსიდან გამომდინარე;

  • რედაქტორი უფლებამოსილია დარღვევის შესახებ ინფორმაცია სოციალური მედიის ან სხვა წყაროს მეშვეობით გავრცელების შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება განაცხადზე იმგვარად, როგორც მოიქცეოდა წერილობითი განაცხადის შემთხვევაში;

  • ჟურნალი უფლებამოსილია გამოიყენოს ნაშრომის უკან გამოხმობის (retracting), ცვლილებების განხორციელების ან განაცხადის გაკეთების მექანიზმი, თუ გამოქვეყნებულ ნაშრომში აღმოჩენილია რაიმე ტიპის დარღვევა. თითოეული ამ მექანიზმის გამოყენება ხდება დარღვევის მნიშვნელობიდან გამომდინარე და მათზე გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო. ბეჭდური გამოცემის მომდევნო ნომერში უნდა აისახოს შესაბამისი გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებით, ხოლო ვებ-გვერდზე ასეთი ინფორმაცია განთავსდება შესაბამისი ნაშრომის გვერდზე.