კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/1/702 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 14 ივნისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 14 ივნისი 2024 20:03 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
ბ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
გ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
დ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
ე) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე კონსტანტინე ლაბარტყავა;მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - გურამ იმნაძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - გიორგი ჩიფჩიური, ქრისტინე კუპრავა და თინათინ ერქვანია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №702) მომართეს კონსტანტინე ლაბარტყავამ, მალხაზ ნოზაძემ და ირაკლი გიგოლაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 18 აპრილს. 2017 წლის 7 ივლისის №2/12/702 საოქმო ჩანაწერით, №702 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 20 სექტემბერს.
2. №702 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს იმ უფლებათა ჩამონათვალს, რომლებიც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა, კერძოდ, დასახელებული პუნქტის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებით, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლის ვადით ჩამოერთმევა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. ამავე პუნქტის „ე“ (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობისა და პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა.
4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ და „გ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განამტკიცებდა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავდა, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კი, დაუშვებლად აცხადებდა ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცული იყო საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განამტკიცებდა საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ადგენდა, რომ „შრომა თავისუფალია“.
6. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“, ხოლო მე-12 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი განამტკიცებს საყოველთაო საარჩევნო უფლებას, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება - საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას, ხოლო 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია“.
7. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები სასამართლომ, სხვადასხვა დროს, დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის №1/54-15 განაჩენით, კონსტანტინე ლაბარტყავა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალების მოხმარება), რისთვისაც სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით და სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის №1/26-15 განაჩენით, მალხაზ ნოზაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანის“ უკანონო შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 800 საათის ხანგრძლივობით. მასზე ასევე 5 წლის ვადით გავრცელდა სადავო ნორმებით განსაზღვრული შეზღუდვები.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის №1/2303-14 განაჩენით, ირაკლი გიგოლაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ დიდი ოდენობით შეძენა/შენახვა), რისთვისაც სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც ერთი წლისა და 6 თვის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 5 წლის ვადით ჩამოერთვა სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებები.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სადავო ნორმები შინაარსობრივად ემსგავსება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთ სახეს - თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. აღნიშნული სასჯელი, ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გულისხმობს მსჯავრდებულისათვის აკრძალვას, დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას. სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების საფუძველზე, მოსამართლეს უკვე აქვს შესაძლებლობა, მსჯავრდებულს დაუწესოს იმგვარი აკრძალვები, რომლებიც შინაარსობრივად ემსგავსება სადავო ნორმებით დადგენილ შეზღუდვებს, თუმცა განსხვავებული ვადით. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს 6 თვიდან 3 წლამდე ვადით, ხოლო სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის ვადები მერყეობს 3-დან 10 წლამდე დანაშაულის ბუნების გათვალისწინებით. ამასთან, ხსენებული სასჯელი შეიძლება გამოიყენებოდეს იმ შემთხვევაშიც, როცა იგი კონკრეტული დანაშაულის დამდგენი მუხლით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მტკიცებით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა, რეალურად, სასჯელის სპეციალური სახეა. ამას დამატებით მოწმობს ის ფორმალური მოწესრიგებაც, რომლის თანახმადაც, ხსენებული უფლებების ჩამორთმევა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით განსაზღვრულ უფლებათა შეზღუდვის მიზანია ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილება, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობის, მოხმარებისა და გავრცელების პრევენცია, აგრეთვე კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა. აღნიშნულის მიუხედავად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა კავშირში არ არის ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ან ნარკოტიკული დანაშაულის გავრცელების ხელშეწყობასთან. პირის მიერ ამ უფლებებით სარგებლობა ავტომატურად არ ზრდის დანაშაულის ჩადენის რისკებს.
13. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმები ურთიერთობის იმდენად ფართო სპექტრს მიემართება, რომ ისინი გავლენას ახდენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაზე და გააჩნია მსუსხავი ეფექტი. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმები პირს ართმევს მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებების განხორციელების შესაძლებლობას, რომელიც, კონკრეტული ტიპის საქმიანობასთან ერთად, გულისხმობს პიროვნული თუ პროფესიული განვითარების, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
14. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებით შეზღუდული უფლებების მნიშვნელობიდან და მათი სოციალური აქტუალობიდან გამომდინარე, შეზღუდვისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებისა და მაღალი საჯარო ინტერესის არსებობა. მიუხედავად ამისა, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება ამგვარი მიზნები, ისევე როგორც შეზღუდვის პროპორციულობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა აზრით, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გარანტირებულ უფლებას.
15. მოსარჩელეთა განმარტებით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა, თავისი არსით, სასჯელის სამართლებრივი ბუნების მატარებელია. მიუხედავად დანაშაულისა და სასჯელის განსაზღვრისას სახელმწიფოს ფართო მიხედულებისა, კანონმდებელი შებოჭილია კონსტიტუციური პრინციპებითა და ძირითადი უფლებებით. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია აბსოლუტურად განსაზღვრული სანქცია, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივი ვადით რიგი სამოქალაქო უფლებების ავტომატურ რეჟიმში ჩამორთმევას, რასაც თან ახლავს სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და მისი უმთავრესი მიზნების მიღწევის შესაძლებლობის შეფასების უგულებელყოფა. შედეგად, კანონმდებელი ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს განიხილავს არა ძირითად უფლებათა სუბიექტად, არამედ ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად.
16. მოსარჩელეები მიუთითებენ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება“. მოსარჩელეთა პოზიციით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა ვერ ჩაითვლება სასჯელის ინდივიდუალიზაციის საშუალებად, ვინაიდან საპროცესო შეთანხმება პროცესის მხარეთა დისკრეციული უფლებამოსილებაა, მოსამართლე თავისი ინიციატივით ვერ მოუწოდებს მხარეებს მისი დადებისაკენ. შესაბამისად, მოსამართლეს არც საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი აძლევს საშუალებას, უარი განაცხადოს უფლებების შეზღუდვის მექანიზმის გამოყენებაზე ან განსხვავებული ვადითა და ინტენსივობით ჩამოართვას მსჯავრდებულს სადავო ნორმით ჩამოთვლილი უფლებები, თუკი ის მიიჩნევს, რომ დამნაშავედ ცნობილი პირის უფლებებში სადავო ნორმით დადგენილი ინტენსივობით ჩარევა არ არის სასჯელის პროპორციული და ადეკვატური ზომა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით განსაზღვრულ უფლებათა შეზღუდვა, როგორც სასჯელის კონკრეტული სახე, არათანაზომიერად მკაცრია და ინტენსივობით უთანაბრდება სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახველი სასჯელის ხარისხს, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
18. მოსარჩელეთა პოზიციით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მათ ერთმევათ პასიური საარჩევნო უფლება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცულ უფლებას.
19. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ (2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს შესაძლებლობა ერთმევა, განახორციელოს საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოში. მოსარჩელეთა მითითებით, როდესაც გამამტყუნებელი განაჩენით იზღუდება სადავო ნორმებით გათვალისწინებული კონკრეტული უფლებები, არავითარი ყურადღება არ ექცევა სამედიცინო ჩვენებას, თუ რა ხარისხის დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ნარკოტიკული საშუალებების მიმართ და შესაძლებელია, იმ პირსაც კი შეეზღუდოს ზემოაღნიშნული უფლება, რომელსაც საერთოდ არ მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება. მაშინ, როდესაც საკითხი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა/შენახვას ეხება, აქ მისი მოხმარება გათვალისწინებული არ არის. იგი შეიძლება გულისხმობდეს, ერთი მხრივ, უფრო მძიმე მიზნებს, მათ შორის, გასაღებას ან, მეორე მხრივ, უფრო მსუბუქ მიზნებს - ნივთიერების მოშორებას ან გადაყრას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტსაც (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
21. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმების საფუძველზე, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს ერთმევა ავტომანქანის მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის ხელმძღვანელობის, დაფუძნებისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობის უფლება, რაც ეწინააღმდეგება შრომის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას.
22. მოსარჩელეთა მითითებით, შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, მართლაც არსებობდეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისთვის საქმიანობის უფლების შეზღუდვის ინტერესი, თუმცა უფლებათა ფართო სპექტრის ავტომატურ რეჟიმში ჩამორთმევა იმის გაუთვალისწინებლად, თუ რამდენად არსებობს რაციონალური კავშირი პირის ჩადენილ ქმედებასა და ჩამორთმეულ უფლებას შორის, თანაზომიერების პრინციპის აშკარა დარღვევაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
23. მოპასუხის არგუმენტაციით, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების ჩამორთმევა არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც სასჯელი, რადგან მოსამართლეს არ აქვს დისკრეცია, გამოიყენებს თუ არა სადავო რეგულირებით დაწესებულ შეზღუდვას კონკრეტულ შემთხვევაში. აღნიშნული უფლებები პირს ეზღუდება ყველა შემთხვევაში, თუკი ის ჩაიდენს კონკრეტული ხასიათის დანაშაულს. ამასთან, კანონმდებელმა სადავო ნორმები განზრახ არ მოაქცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში, რადგან მისი მიზანი არ ყოფილა ამ შეზღუდვის სასჯელად დაწესება. დასკვნით სიტყვაში მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო რეგულირებით დაწესებული უფლებების შეზღუდვა შესაძლოა, განხილული იქნეს სასჯელთან გათანაბრებულ ღონისძიებად, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ვერ ჩაითვლება, რადგან სასჯელთან მიმართებით, კანონმდებელს ფართო დისკრეცია აქვს. ღირსების შემლახველად სასჯელი შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, რაც სახეზე არ არის.
24. მოპასუხის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვასთან მიმართებით, სადავო რეგულირება ემსახურება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ამასთან, შეზღუდვა დასახელებული მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალებაა. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია აუცილებელი ღონისძიებები ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა და ამ საშუალებების გამსაღებლებისა და გამსაღებელთა ხელშემწყობი პირების მხრიდან მომავალი საზოგადოებრივი საფრთხის გასანეიტრალებლად. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ მიზანშეწონილად ჩათვალა, თავიდან აეცილებინა ყველა ის შესაძლო საფრთხე, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, მისი გამსაღებლის ან გასაღების ხელშემწყობი პირის სოციალურ ქცევას.
25. მოპასუხე მხარის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანის თავისუფალი გადაადგილების უფლებასთან და ერთმნიშვნელოვნად მიემართება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მუხლს, რომელიც განამტკიცებს მიმოსვლის თავისუფლებას. შესაბამისად, აღნიშნული სადავო რეგულირება ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცული უფლების სფეროში, რაც ავტომატურად გამორიცხავს მისი კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
26. სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით, კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების შელახვად მიჩნეული უნდა იქნეს სასჯელის ისეთი მძიმე და გამოუსწორებელი შედეგის მომტანი სახეები, როგორებიცაა – ადამიანის სიკვდილით დასჯა, სამუდამო პატიმრობა და შეუსაბამოდ არათანაზომიერი სასჯელის დაწესება. სადავო რეგულირება კი მხოლოდ პრევენციული ხასიათის დროებითი იძულებითი ღონისძიებაა და მისი დაბალი ინტენსივობიდან გამომდინარე, შეუძლებელია, აღნიშნული შეზღუდვები ადამიანის ღირსების შელახვად შეფასდეს.
27. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით, მოპასუხე მხარის განმარტების თანახმად, ვინაიდან საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ნარკოტიკული საშუალება იწვევს დამოკიდებულებას, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ პირებთან მიმართებით არსებობს მაღალი რისკი, რომ ისინი სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს ნარკოტიკული ნივთიერების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამრიგად, კანონმდებელი, მომეტებული საფრთხისგან საზოგადოების დასაცავად, იყენებს აუცილებელ ღონისძიებას და ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს უზღუდავს სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის შესაძლებლობას.
28. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა გამართლებულია იმ პირებთან მიმართებითაც, რომლებიც არ არიან ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები, მაგრამ არიან ნარკოტიკული საქმიანობის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობნი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ არ დადგენილა მოხმარების ფაქტი, აღნიშნულ პირებს მჭიდრო შეხება აქვთ ნარკოტიკულ საშუალებებთან და არსებობს, მათ მიერ, მომავალში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ალბათობა. შესაბამისად, ამ პირთა მიმართ შეზღუდვას გააჩნია პრევენციული მიზანი.
29. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლების ჩამორთმევა ემსახურება ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის წვდომის შემცირებას სამოქალაქო ბრუნვაში არსებულ რიგ ლეგალურ მედიკამენტებთან, რომლებიც შეიცავს ნარკოტიკული საშუალების დამზადებისათვის ხელსაყრელ ნივთიერებებს. აღნიშნული რეგულირება იცავს, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს მომეტებული ცდუნების ქვეშ ყოფნისაგან და, მეორე მხრივ, პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, დაწესებული შეზღუდვა მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალებაა.
30. საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მოპასუხემ მიუთითა, რომ აღნიშნული საქმიანობის სახეები სახელმწიფოს ლიცენზირებას და განსაკუთრებულ სამართლებრივ რეგულირებას ექვემდებარება. კანონმდებლის მიერ დაწესებული შეზღუდვა ემსახურება, ერთი მხრივ, როგორც, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვას, მეორე მხრივ კი, უშუალოდ ადამიანის განათლების უფლების დაცვას და ამ შემთხვევაშიც, აღნიშნული სიკეთეები დემოკრატიულ საზოგადოებაში უფრო ღირებულ უფლებებს იცავს, ვიდრე ეს ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირის საადვოკატო და პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლებაა.
31. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელეთათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში (2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რადგან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში საქმიანობა დაკავშირებულია ხელისუფლების განხორციელებასთან. ამ პროცესში მონაწილეობა დიდი პასუხისმგებლობაა და გამორიცხული უნდა იყოს დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ყოველგვარი რისკი. ამავდროულად, ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს მოლოდინი, რომ საჯარო რესურსი გამოყენებული არ იქნება ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით.
32. რაც შეეხება პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევას, მოპასუხემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში საქმიანობა, თითოეული დასაქმებულისგან მოითხოვს როგორც საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის მაღალ შეგრძნებას, ასევე ყველა იმ რისკის თავიდან აცილებას, რომელიც შესაძლოა, დაუკავშირდეს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ან სამსახურებრივი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. კანონმდებლის მიერ იძულებითი ღონისძიების გამოყენების პერიოდი - 3 წელი ქმნის ამგვარი რისკების გაქარწყლების გონივრულ საფუძველს, შესაბამისად, სადავო რეგულირება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლებს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
33. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ პერიოდში არსებული რეალობა, როდესაც მიღებულ იქნა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით და სწორედ ამ კონტექსტმა განაპირობა სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვების არსებობა. ამასთან, კანონმდებელს აღნიშნული ზომების დროებით მოქმედება ჰქონდა განზრახული, რასაც მოწმობს ის გარემოებაც, რომ სადავო რეგულირება არ იქნა შეტანილი სისხლის სამართლის კოდექსში, რადგან სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარე, გაუმართლებელი იქნებოდა გახშირებული ცვლილებები ქვეყნის ისეთ ფუძემდებლურ კანონში, როგორიც არის სისხლის სამართლის კოდექსი.
34. №702 კონსტიტუციურ სარჩელზე შპს „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა ელენე ჩხეიძემ, ნინო დარახველიძემ, თინათინ კიკვიძემ და სხვებმა წარმოადგინეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. წერილობით მოსაზრებაში სასამართლოს მეგობარი მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მნიშვნელობაზე. აღნიშნულია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა მიიღწევა მოსამართლისთვის მის კომპეტენციაში მყოფი საკითხის ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭებით, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა. მოსამართლის მიერ ყოველი კონკრეტული საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომის განხორციელების გარეშე კი, აზრი ეკარგება სისხლის სამართლის სასჯელის მიზანს და იგი სამაგიეროს მიზღვის სახესხვაობად გადაიქცევა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები
1. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 28-ე მუხლთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი აქვთ.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლი განამტკიცებდა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. ხოლო კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავდა, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი დაუშვებლად აცხადებდა ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული იყო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო საქართველოს მოქალაქის უფლება, დაეკავებინა ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ შრომა თავისუფალია.
3. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-12 მუხლით. მოქმედი კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის ღირსებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულია საარჩევნო უფლება, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია“.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლთან, მე-12 მუხლთან, 24-ე მუხლთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. სადავო ნორმების ცვლილება, მათი შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის განსაზღვრა
2.1. სადავო ნორმის ცვლილება
5. №702 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმადაც, პირს ეზღუდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება. „„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 15 ივლისის (დოკუმენტის ნომერი 6954-რს) საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, ძალადაკარგულია სადავო ნორმატიული აქტის დასახელებული ნორმის კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის დროს მოქმედი რედაქცია.
6. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმაში ცვლილება განხორციელდა საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე„საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-11).
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, №702 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის 2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობას.
2.2. სადავო ნორმების შინაარსი
8. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის სახელწოდებაა „უფლებების ჩამორთმევა“. ამ მუხლის პირველი პუნქტი ჩამოთვლის იმ უფლებებს, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლის ვადით ჩამოერთმევა, კერძოდ, ესენია: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ვ) პასიური საარჩევნო უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 - ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები 5 წლის ვადით.
9. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განმარტებულია როგორც პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 2731 მუხლის პირველი ნაწილით ან/და 275-ე მუხლით/ 276-ე მუხლით (თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა) გათვალისწინებული დანაშაული. ამდენად, სადავო ნორმების თანახმად, დასახელებული დანაშაულების ჩამდენ პირს 3 წლის ვადით ერთმევა რიგი უფლებები.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ . სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დანაშაულად არის გამოცხადებული რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, ხოლო 276-ე მუხლი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის.
11. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი განიმარტება როგორც პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი), 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე, 272-ე ან 273¹ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი კი განიმარტება როგორც პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა.
2.3. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების ბუნება
12. საქმის განხილვის მიმდინარეობისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმებით დადგენილი მზღუდავი ღონისძიების მიზანმიმართულებისა და ბუნების თაობაზე მოისმინა არაერთი არგუმენტი. მოსარჩელე მხარე, ძირითადად, აპელირებდა, რომ სადავო ნორმები თავიანთი შინაარსითა და ინტენსივობით სასჯელს უთანაბრდება, თუმცა, ვინაიდან მათი გამოყენებისას გამორიცხულია ინდივიდუალიზაცია, ისინი არ მიეკუთვნება სასჯელებს კლასიკური გაგებით. მოპასუხე მხარის მიერ დაფიქსირებული საბოლოო პოზიციის თანახმად კი, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები სასჯელია.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასჯელი, როგორც სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, არის სახელმწიფოს რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის N 3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-46). ამასთან, „პირის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, თუ მას ბრალი პირადად, ინდივიდუალურად მიუძღვის მისი მოქმედების ან უმოქმედობისათვის” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის N 3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „... პასუხისმგებლობა შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, მაგრამ მისი სიმძიმის, გამოწვეული ეფექტის და უფლებების შეზღუდვის ხარისხის გათვალისწინებით, იგი შესაძლოა სასჯელთან გათანაბრდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის N3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41).
14. ამგვარად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა წინაპირობების არსებობისას მოქმედებს სადავო ნორმებით დადგენილი უფლებაშემზღუდველი ღონისძიებები და უკავშირდება თუ არა ისინი პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას. როგორც აღინიშნა, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლებების ჩამორთმევა ხორციელდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. აშკარაა, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული უფლებაშემზღუდველი ღონისძიებები გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის საპასუხოდ. შესაბამისად, სახეზეა სახელმწიფოს რეაქცია პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
15. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიება, რომელიც დანაშაულის ჩადენას უკავშირდება და ზღუდავს დანაშაულის ჩამდენი პირის უფლებებს, შესაძლოა, არ იყოს სასჯელი საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული უფლებაშემზღუდველი ღონისძიების ბუნება. როგორც აღინიშნა, ღონისძიების სასჯელად მიჩნევა და მის მიმართ შესაბამისი კონსტიტუციური სტანდარტების გამოყენება უკავშირდება სახელმწიფოს ლეგიტიმურ შესაძლებლობას, შეიმუშაოს სათანადო სასჯელის პოლიტიკა და საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედებების მიმართ დააწესოს პასუხისმგებლობა. სწორედ სასჯელის პოლიტიკის შემუშავება და რეგულირების ეს სპეციფიკა განაპირობებს სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების განსხვავებულ სტანდარტს. შესაბამისად, ასეთი სტანდარტებით შეფასებას უნდა დაექვემდებაროს მხოლოდ ისეთი ღონისძიებები, რომელთა მიზანმიმართულებაა სასჯელის პოლიტიკის შემუშავება და სასჯელის ზომის განსაზღვრა. სწორედ ამგვარი ღონისძიებებისთვისაა დაწესებული სპეციფიკური კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები. აქედან გამომდინარე, შესაფასებელი ღონისძიებისა და, შესაბამისად, კონსტიტუციური სტანდარტების ზუსტად იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია, დანაშაულთან დაკავშირებული ღონისძიების მიზანმიმართულებისა და მათი დანიშნულების ანალიზი.
16. ღონისძიება სასჯელად უნდა შეფასდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი მიმართულია პირის დასჯისა და სასჯელის სხვა მიზნების (დანაშაულის პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია და ა.შ.) მიღწევისაკენ. ღონისძიება, რომელიც, მართალია, არის სახელმწიფოს რეაქცია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, თუმცა, არ აქვს სასჯელის ბუნება და მიმართულია რაიმე სხვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ, არ შეფასდება როგორც სასჯელი და დაექვემდებარება შემოწმებას, როგორც უფლებაშემზღუდველი ღონისძიება, სასჯელისათვის განკუთვნილი კონსტიტუციური სტანდარტების მხედველობაში მიღების გარეშე.
17. მაგალითად, ღონისძიება, რომელიც შეეხება დანაშაულის ჩამდენ პირს, თუმცა აშკარაა, რომ მისი მიზანმიმართულება არის არა დამნაშავის დასჯა, დანაშაულის პრევენცია ან რომელიმე სხვა სასჯელის მიზნის მიღწევა, არამედ სხვა, მაგალითად, პირისაგან მომდინარე კონკრეტული საფრთხის აღკვეთა, იგი არ უნდა ჩაითვალოს სასჯელად საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის. ცხადია, არ გამოირიცხება, რომ სასჯელის ღონისძიებები, სადამსჯელო მიზნებთან ერთად, ემსახურებოდეს რაიმე სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაცვასაც. მაგალითად, სასჯელის სახით დაწესებული თავისუფლების აღკვეთა დამნაშავის დასჯის, დანაშაულის პრევენციასა და დამნაშავის რესოციალიზაციასთან ერთად, ასევე, შესაძლოა, ემსახურებოდეს დამნაშავისაგან მომდინარე კონკრეტული საფრთხეების აღკვეთას. ამგვარი ღონისძიება, რა თქმა უნდა, არის სასჯელი და ექვემდებარება გადამოწმებას სასჯელისათვის განსაზღვრული კონსტიტუციური სტანდარტებით. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიზანმიმართულება, დააწესოს სასჯელი კონკრეტული არამართლზომიერი ქმედებისათვის, აყალიბებს ღონისძიების ბუნებას და განაპირობებს სპეციფიკური კონსტიტუციური სტანდარტების გამოყენებას.
18. რეგულირების ბუნების ზუსტი იდენტიფიცირებისათვის ღონისძიება უნდა შეფასდეს კომპლექსურად და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესაფასებელი საკანონმდებლო სისტემა, კანონმდებლის ნება, მოპასუხის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში დაფიქსირებული პოზიცია და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
19. საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, დასკვნით სიტყვაში, საბოლოოდ, მოპასუხე მხარის პოზიციად დაფიქსირდა, რომ, საერთო ჯამში, განსახილველი ღონისძიება არის სასჯელი. თავის მხრივ, საკანონმდებლო ბაზის ანალიზი მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართულია არა რომელიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მხრიდან მომდინარე რაიმე კონკრეტული საფრთხის აღსაკვეთად, არამედ, ზოგადად, ასეთი კატეგორიის დანაშაულის ეფექტიანად დასჯის მიზნით, რაც გულისხმობს დამნაშავის დასჯას და დანაშაულის პრევენციას.
20. უპირველეს ყოვლისა, ღონისძიების სადამსჯელო ბუნებაზე მიუთითებს მისი გამოყენების წინაპირობები. უფლებების ჩამორთმევა, ძირითადად, იმისათვის ხდება, რათა მკაცრ მოპყრობას დაექვემდებაროს ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირი და, ამგვარად, უზრუნველყოფილი იყოს, ზოგადად, ამ დანაშაულის ჩადენის პრევენცია.
21. ღონისძიების სადამსჯელო ბუნებაზე მიუთითებს უფლების ჩამორთმევის ვადებიც. უფლების ჩამორთმევის ვადა განსაზღვრულია, ზოგადად, ჩადენილი დანაშაულის კატეგორიების მიხედვით. უფლების შეზღუდვა აბსტრაქტულად განსაზღვრული ვადით ხდება, რაც მიუთითებს ღონისძიების სადამსჯელო ბუნებასა და კანონმდებლის მიზანმიმართულებაზე, ჩადენილი ქმედებისათვის დააწესოს მკაცრი სასჯელი.
22. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების ბუნების შესახებ მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ის მექანიზმებიც, რომელთა გამოყენებითაც ხდება უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან უფლებების ჩამორთმევისაგან გათავისუფლება. სადავო კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, შესაძლებელია უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება.
23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. ამავე კოდექსის 210-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი - ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირების მოთხოვნისას ან ბრალდების შემსუბუქების, ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, პროკურორი ითვალისწინებს საჯარო ინტერესს, რომელსაც იგი სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, პიროვნული მახასიათებლების, ნასამართლობის, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ბრალდებულის ქცევის შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საპროცესო შეთანხმების დადების ფარგლებში უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების ან უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლებისას, არ არის შემოთავაზებული რაიმე განსაკუთრებული მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, პროკურორი საგანგებოდ შეაფასებდა პირისაგან მომდინარე კონკრეტული საფრთხის არსებობას. ამ შემთხვევაში, პროკურორი გადაწყვეტილებას იღებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის შემცირების შემთხვევაში მიიღებდა.
24. სადავო კანონის მე-6 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია, პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ვადამდე აღუდგინოს პირს ჩამორთმეული უფლებები ან შეუმციროს უფლებების ჩამორთმევის ვადა. კომისია, ჩამორთმეული უფლებების აღდგენისა და უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების განხილვისას, ითვალისწინებს, ზოგადად, პირის ყოფაქცევას.
25. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების ბუნების, მისი გამოყენების წესის, ვადებისა და გაუქმების მექანიზმების ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნულ ღონისძიებას სადამსჯელო ბუნება აქვს და მიმართულია სასჯელის მიზნების მიღწევისკენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომას - სასჯელს, რომლის კონსტიტუციურობაც უნდა შეფასდეს შესაბამისი სტანდარტების გამოყენებით.
3. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით
3.1. დაცული სფერო და სასჯელის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტები
26. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
27. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციის მიზნებისთვის ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც „ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვალად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
28. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. … კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... [ღირსების უფლებით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, აშკარად არაპროპორციულ სასჯელს, რომელიც არ შეესაბამება დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვს მიმართება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევს კიდეც მას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
30. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სასჯელის პოლიტიკის სფეროში კანონმდებელს საკმაოდ ფართო მიხედულება აქვს. კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის. ამდენად, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებლის მიხედულება ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესაბამისად სათანადო სასჯელის განსაზღვრის სფეროში არ არის შეუზღუდავი. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს, დანიშნულებაა, შემოსაზღვროს ამ სფეროში კანონმდებლის თავისუფალი მოქმედების სივრცე. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს იმ ჩარჩოს და მინიმალურ მოთხოვნებს, რასაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სასჯელი, მისი სიმკაცრე უნდა აკმაყოფილებდეს. აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი. ასეთი ტიპის სასჯელები იწვევს ადამიანის ობიექტად განხილვას და უნდა შეფასდეს როგორც არაადამიანური. სწორედ აქ მთავრდება სასჯელის პოლიტიკის თავისუფლად განხორციელების სივრცე და კანონმდებელი იჭრება კონსტიტუციით აბსოლუტურად აკრძალულ სფეროში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრისა და დანაშაულის სიმძიმის ურთიერთმიმართება. კერძოდ, „აშკარად არაპროპორციული, არაადამიანური სასჯელის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხსა და სასჯელის სიმკაცრეს შორის ურთიერთმიმართება. იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი არის იმდენად დაბალი, რომ ვერ ამართლებს მკაცრი სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებას, აშკარა ხდება, რომ სახეზეა არაადამიანური სასჯელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
3.2. დანაშაულები, რომელთა საპასუხოდაც არის დადგენილი სადავო ღონისძიებები
33. სადავო კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“(2020 წლის 28 ივლისამდემოქმედი რედაქცია) და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რიგი უფლებები ჩამოერთმევა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი არის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 2731 მუხლის პირველი ნაწილით ან/და 275-ე მუხლით/ 276-ე მუხლით (თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა) გათვალისწინებული დანაშაული.
34. სადავო კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რიგი უფლებები ჩამოერთმევა ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს და ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი განმარტებულია როგორც პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი), 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე, 272-ე ან 2731 (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი დეფინირებულია როგორც „ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა.“
35. ამგვარად, სადავო ნორმებით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევა ვრცელდება შემდეგ დანაშაულებზე:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე და 2731 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, აგრეთვე 275-ე და 276-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები (თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა).
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი), 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე, 272-ე ან 2731 (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის − გასაღების მიზანი) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულები, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა.
36. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დასჯადად არის გამოცხადებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
37. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით კი კრიმინალიზებულია მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
38. სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დანაშაულად არის გამოცხადებული რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, ხოლო 276-ე მუხლი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის. ამასთან, დასახელებული დანაშაულების ჩამდენ პირზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები, თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა.
39. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას და გასაღებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით კი დადგენილია დანაშაულის შემდეგი შემადგენლობა - ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
40. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემდეგი ქმედებებისთვის - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. ამავე კოდექსის 263-ე მუხლით კი - დანაშაულად არის გამოცხადებული საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.
41. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლით, დანაშაულის შემადგენლობად განსაზღვრულია - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება. ამავე კანონის 266-ე მუხლით კი დანაშაულად არის გამოცხადებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა.
42. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება. ამავე კოდექსის 268-ე მუხლის მიხედვით, დასჯადად ცხადდება ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება.
43. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლი აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას შემდეგი ქმედებისთვის - ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა. ამავე კოდექსის 270-ე მუხლით კი ისჯება ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა.
44. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა. ამავე კოდექსის 272-ე მუხლით კი განისაზღვრება დანაშაულის შემდეგი შემადგენლობა - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მოხმარებაზე დაყოლიება.
45. ამგვარად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები მიემართება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ დანაშაულებს.
46. აღნიშნული ნარკოტიკული დანაშაულები ერთმანეთისგან განსხვავებულ, საკმაოდ მრავალფეროვან შემადგენლობებს შეიცავს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება, შეძენა, დამზადება თუ გასაღება სრულიად განსხვავებული შინაარსის საფრთხეებს შეიცავს. სწორედ ამიტომ განსხვავდება ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლის, მისი შემძენისა და შემნახველის მიმართ კანონით დადგენილი სანქციები. თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში მის როლს, ბრალის ხარისხს, ხოლო როდესაც ეს როლი უმნიშვნელოა, უმნიშვნელოა ის საფრთხეებიც, რომლებსაც ესა თუ ის ქმედება ქმნის, მათ შორის, საზოგადოების ჯანმრთელობისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). სადავო ნორმების კონსტიტუციურობის სათანადოდ შეფასებისათვის მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული თითოეული დანაშაულის შემადგენლობის სპეციფიკური მახასიათებლები.
47. დასახელებული დანაშაულები მოიცავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ დანაშაულებს, ე.ი. ისეთი ნარკოტიკული დანაშაულები, რომლებიც დასჯადად აცხადებს, ერთი მხრივ, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების პირად მოხმარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ამგვარი ნივთიერებების აშკარად პირადი მოხმარების მიზნით დამზადებას, შეძენას, შენახვასა და გადაზიდვას. აკრძალული ნივთიერების მახასიათებლებისა და დამზადების, შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ოდენობის გათვალისწინებით, საწინააღმდეგოს დამადასტურებელი გარემოებების არარსებობის პირობებში, რიგ შემთხვევებში აშკარაა, რომ დამზადება, შეძენა, შენახვა და გადაზიდვა ხდება პირადი მოხმარების მიზნით. ასეთად უნდა ჩაითვალოს ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის დამზადება, შეძენა, შენახვა და გადაზიდვა. ამ დანაშაულებს მიეკუთვნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე, 2731, 260-ე და 261-ე მუხლებით გათვალისწინებული შემადგენლობების ის ნაწილი, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების პირადი მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის, პირადი მოხმარების მიზნით, დამზადების, შეძენის, შენახვისა და გადაზიდვისთვის. რა რაოდენობის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური ან სხვა ნივთიერებაა საჭირო ერთი მოხმარებისათვის, დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიც არის - ნივთიერების ფსიქოაქტიური ეფექტი, მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიჩვევა, მოხმარების ფორმა და ა.შ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი მიემართება შემთხვევებს, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის ანალიზით დგინდება, რომ ეს ნივთიერება ერთი მოხმარებისათვის არის საკმარისი და ეს რაოდენობა აშკარად მიმართულია მოხმარებისკენ.
48. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე მიემართება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სხვა პირების მიერ მოხმარების/უკანონო ბრუნვის ხელშეწყობასთან/საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებულ დანაშაულებს, ე.ი. დანაშაულებს, რომლებიც ხელს უწყობს აკრძალული ნივთიერებების მოხმარებას და ბრუნვას, ასევე, უკავშირდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.
49. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო მოხმარებასა და ბრუნვას ხელს უწყობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულები, რომლებიც ითვალისწინებს იმ ქმედებების დასჯადობას, როგორებიც არის ასეთი ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება (260-ე და 261-ე მუხლები), აღნიშნული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა (262-ე და 263-ე მუხლები), დასახელებული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა (264-ე მუხლი), ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება (265-ე მუხლი), სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა (266-ე მუხლი), ამგვარი ნივთიერების საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება (267-ე და 268-ე მუხლები), სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა (269-ე და 270-ე მუხლები), ასეთი ნივთიერებების უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა (271-ე მუხლი) და ასეთი ნივთიერებების მოხმარებაზე დაყოლიება (272-ე მუხლი). ამასთან, ამ მახასიათებლებით გამოირჩევა ამავე თავით გათვალისწინებული სხვა დანაშაულები, რომელთა ჩადენამაც ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა გამოიწვია.
50. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დანაშაულები, რომელთა საპასუხოდაც გამოიყენება სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები, შეეხება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების რამდენიმე კატეგორიას. ესენია - ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი, პრეკურსორი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ფსიქოტროპული ნივთიერება, მისი ანალოგი და ძლიერმოქმედი ნივთიერება.
51. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება განმარტებულია როგორც ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე, შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრეკურსორი ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა IV სიის №1 და №2 ცხრილებში. ამავე მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი - ნარკოტიკული საშუალების ანალოგი არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის უცნობი ნივთიერება, რომლის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ფარმაკოლოგიური მოქმედება მსგავსია ამ კანონით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ფარმაკოლოგიური მოქმედებისა.
52. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოტროპული ნივთიერება განმარტებულია როგორც ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე, შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა III სიაში. „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც, მოხმარების შემთხვევაში, ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია.
53. საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს ნარკოტიკული საშუალებების და პრეკურსორების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ძლიერმოქმედი ნივთიერებების საკმაოდ მრავალრიცხოვან ჩამონათვალს. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებისა და ძლიერმოქმედი ნივთიერების სხვადასხვა სახეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან მათი დანიშნულებით, მოქმედების ეფექტით, მიღების ფორმით, მიჩვევისა და ადამიანის ჯანმრთელობისადმი საფრთხის ხარისხით. მოსარჩელეს არ მიუთითებია რომელიმე კონკრეტულ ნივთიერებასთან მიმართებით დაწესებული სასჯელების არაკონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, განსახილველი საქმის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, ზოგადად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების კონსტიტუციურობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მოცემული დავის ფარგლებში შეაფასოს თითოეული ნივთიერების სპეციფიკა და მისი გავლენა დაწესებული სასჯელის კონსტიტუციურობაზე. ამგვარი მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მოთხოვნას დააყენებს კონკრეტულ ნივთიერებასთან მიმართებით და წარმოადგენს სათანადო არგუმენტაციას (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
3.3. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების (სასჯელის) სიმკაცრე
54. როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას, დანაშაულის სიმძიმესთან ერთად, მხედველობაში იღებს სასჯელის სიმკაცრეს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმები ითვალისწინებს შემდეგი უფლებების ჩამორთმევას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევა ხდება სხვადასხვა ვადით - (სუბიექტების მიხედვით) 3, 5 და 10 წლით. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა იწყება: თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
55. სადავო ნორმები ვრცელდება სოციალური ცხოვრების ფართო არეალზე და ხანგრძლივად ზღუდავს ადამიანის შესაძლებლობას, განახორციელოს მთელი რიგი საქმიანობა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საქმიანობის სფეროა სატრანსპორტო საშუალების მართვა. თანამედროვე საზოგადოებაში სატრანსპორტო საშუალების მართვა უკავშირდება ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასა და თვითრეალიზაციას, არის ტრანსპორტირების ერთ-ერთი მოსახერხებელი ფორმა და, რიგ შემთხვევებში, ადამიანს უქმნის შემოსავლის წყაროს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შესაძლოა, მართვის უფლებასთან დაკავშირებული იყოს პირის ძირითადი საქმიანობა, მიემართებოდეს იმ პირის ინტერესთა სფეროს, რომელსაც მართვის უფლებას ჩამოართმევენ, სატრანსპორტო საშუალების მართვა წარმოადგენდეს მისი შემოსავლის უმთავრეს წყაროს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართვის უფლების ჩამორთმევამ, შესაძლოა, უარყოფითი ეფექტი მოახდინოს პირის თვითრეალიზებაზე მისი საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში, არსებითი გავლენა იქონიოს კონკრეტული პირის ცხოვრების წესსა და გარკვეული თავისუფლებით სარგებლობის ხარისხზე“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს №1/4/535 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
56. სადავო ნორმები, ასევე, ზღუდავს პირის შესაძლებლობას, განახორციელოს საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობა, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებას. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საექიმო საქმიანობა არის მედიცინაში განსწავლული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით, აგრეთვე საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება.
57. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის 41-ე პუნქტის მიხედვით კი - ფარმაცევტული საქმიანობა განმარტებულია, როგორც ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში დაკავებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობა. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციას ახორციელებენ – ავტორიზებული აფთიაქი, აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი), საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი ან დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური პირი.
58. დასახელებული შეზღუდვა შეეხება საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის საკმაოდ ფართო არეალს და იწვევს ჩარევას ადამიანის პროფესიული საქმიანობის თავისუფლების მნიშვნელოვან სეგმენტში. შეზღუდვა განსაკუთრებით ინტენსიურია იმ პირებთან მიმართებით, ვისი უშუალო პროფესიული საქმიანობაც დაკავშირებულია საექიმო და ფარმაცევტულ სფეროსთან. შეზღუდვა ასევე, კრძალავს ფარმაცევტული პროდუქტის სარეალიზაციო ობიექტის, აფთიაქის დაფუძნებას, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას. შესაბამისად, ამ სფეროში პირს სამეწარმეო თავისუფლებაც შეზღუდული აქვს, რაც, კიდევ უფრო, ინტენსიურს ხდის სასჯელის ზომას.
59. სადავო ნორმები, ასევე, ითვალისწინებს საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევასაც. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი). კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და, კლიენტის სახელით, ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას. ამგვარად, პირი ხანგრძლივი ვადით კარგავს შესაძლებლობას, განახორციელოს საქმიანობა საკმაოდ ფართო სფეროში და აღნიშნული მიმართულებით მოახდინოს თვითრეალიზაცია. უფლების ჩამორთმევა განსაკუთრებით ინტენსიურად აისახება იმ პირებზე, ვისთვისაც საადვოკატო საქმიანობა ძირითადი შემოსავლის წყაროა.
60. სადავო ნორმებით, ასევე, გათვალისწინებულია პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, პედაგოგიური საქმიანობა არის მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს საგანმანათლებლო დაწესებულების ერთიან დეფინიციას. კანონმდებლობა იცნობს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნებებს. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა განმარტებულია როგორც: ა) მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც; ბ) საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განმახორციელებელი დაწესებულება. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი არის იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის „ჰ16“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე, შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა.
61. სადავო ნორმების შესაბამისად, პირს ჩამორთმეული აქვს პედაგოგიური საქმიანობა და, აგრეთვე, ნებისმიერი სახის საქმიანობა ყველა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს ის გარემოება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა არ შეეხება სპეციფიკურად საგანმანათლებლო-პედაგოგიურ სფეროს და ვრცელდება ნებისმიერი ტიპის საქმიანობაზე, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხორციელდება.
62. სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესით, პირებს ასევე ერთმევათ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება. დასახელებული შეზღუდვა შეეხება მოქალაქეთა უმნიშვნელოვანეს უფლებას, დაიკავონ თანამდებობა საჯარო ხელისუფლების ორგანოებში და იყვნენ არჩეული არჩევით პოზიციებზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება არის შრომითი ურთიერთობის სპეციფიკური სახე, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს პროფესიული თვითრეალიზების ერთ-ერთ საშუალებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქისთვის უზრუნველყოფს შესაძლებლობას, უშუალოდ ჩაერთოს სახელმწიფოს მმართველობით საქმიანობაში, რაც, მათ შორის, მოიცავს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებას სახელმწიფოს სახელით. ამრიგად, იგი წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უფლებრივ გამოხატულებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/1/572 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დემოკრატია, უშუალო გაგებით, გულისხმობს რა ხალხის მმართველობას, შესაბამისად, ის, თავისთავად, გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების როგორც ფორმირებაში, ისე განხორციელებაში... მაშასადამე, მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში, წარმოადგენს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9,10). ამგვარად, გარკვეული ვადით საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლების, აგრეთვე პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა, ზღუდავს ადამიანის სამოქალაქო უფლებებს და აფერხებს პირის თვითრეალიზებისა და სახელმწიფო მმართველობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას.
63. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით განსაზღვრული შემზღუდველი ღონისძიებები ვრცელდება ადამიანის სოციალური ცხოვრების ფართო სპექტრზე და ხანგრძლივად ართმევს ადამიანს ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, როგორებიც არის – სატრანსპორტო საშუალების მართვა, ცალკეული პროფესიული საქმიანობის ტიპები (საექიმო, ფარმაცევტული, საადვოკატო, პედაგოგიური), საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებებში საქმიანობა.
64. სადავო ნორმებით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიების ბუნებისა და ეფექტების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ნორმები ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს და ნეგატიურ გავლენას ახდენს პირის სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე. ამგვარი ტიპის სასჯელის დაწესება შესაძლოა, გამართლებული იყოს მხოლოდ შესაბამისი სიმძიმის დანაშაულის საპასუხოდ. აუცილებელია, ასეთი ტიპის ღონისძიების გამოყენება ემსახურებოდეს მნიშვნელოვანი სადამსჯელო მიზნების მიღწევას. ღონისძიების სიმკაცრიდან გამომდინარე, მისი გამოყენების ლეგიტიმაცია არსებობს მხოლოდ ისეთი ქმედებების საპასუხოდ, რომელიც შეიცავს სერიოზულ საზოგადოებრივ საშიშროებას. მხოლოდ საზოგადოებრივი საშიშროების თავიდან აცილების მომეტებული ინტერესი გადაწონის იმ შემზღუდველ, ნეგატიურ ეფექტებს, რომლებსაც იწვევს სადამსჯელო ღონისძიება პირის სოციალური ცხოვრების არაერთ მნიშვნელოვან ასპექტში.
3.4. თანაზომიერება
65. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესების მიზნები. ხოლო, ამის შემდეგ უნდა გაირკვეს ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის კონკრეტული ზომა არის თუ არა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგი და პროპორციული საშუალება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39).
66. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება რიგი ნარკოტიკული დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ. აღნიშნული ნარკოტიკული დანაშაულები ერთმანეთისგან განსხვავებულ, საკმაოდ მრავალფეროვან შემადგენლობებს შეიცავს. სასჯელის პროპორციულობის სათანადოდ შეფასებისათვის მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული თითოეული დანაშაულის შემადგენლობის სპეციფიკური მახასიათებლები.
67. სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად, თუ აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება და სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე აშკარად არათანაზომიერ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით უნდა შეფასდეს სადავო ნორმებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების სიმძიმისა და გამოყენებული პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართება.
3.4.1. სასჯელის მიზნები
68. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმების მიზანია ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილება, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენცია, კერძო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა მიერ ხელყოფისგან.
69. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის რეგულირების (შეზღუდვის, აკრძალვის) ლეგიტიმური მიზნებია ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის, საპატიმრო სასჯელების დაწესებით, ემსახურება ნარკოდანაშაულის რიცხვის ზრდის თავიდან აცილებას, სხვა დანაშაულისა და ასოციალური ქცევის პრევენციას, შედეგად საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას/გაუმჯობესებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-67). შესაბამისად, „სახელმწიფო უფლებამოსილია, არეგულიროს ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა მათი მოხმარებისგან მომდინარე ჯანმრთელობის დაზიანების თუ სხვა საფრთხეებისგან საზოგადოების დაცვის მიზნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
70. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის წინააღმდეგ საბრძოლველად კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა რეპრესიულ მექანიზმს. განსხვავებულია როგორც დასჯადი ქმედებების შინაარსი, ისე გამოყენებული სასჯელის ზომები. შესაბამისად, კონკრეტული სადამსჯელო ღონისძიება შესაძლოა, სხვადასხვა ხარისხით იყოს მიმართული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის რეგულირების მიზნების მიღწევისაკენ. სწორედ აკრძალული ქმედების ხასიათის შეფასებით არის შესაძლებელი იმის დადგენა, თუ რა საზოგადოებრივი საფრთხის აცილებას და, შესაბამისად, რა სამართლებრივი სიკეთის დაცვას ემსახურება გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება სადავო ნორმებით კონკრეტული ნარკოტიკული დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება.
ა) ჯანმრთელობის დაცვა
71. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოხმარება, თავისთავად, მიუთითებს მის დამზადებაზე ან შეძენაზე და შენახვაზე. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოხმარებისათვის აუცილებელია, მისი რაიმე ფორმით მოხვედრა მომხმარებელთან. პირი ნარკოტიკულ საშუალებას ვერ მოიხმარს, თუ მასზე გარკვეული ფორმით მფლობელობა არ განახორციელა. ამდენად, ერთი მოხმარებისთვის საკმარისი ოდენობის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დამზადება ან შეძენა და შენახვა მისი მოხმარების განუყოფელი ნაწილია. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დამზადება, შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, თუნდაც ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით, შეიცავს მისი გავრცელების ჰიპოთეტურ შესაძლებლობას. ამდენად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის დაწესებას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გასაღების შემაკავებელი ეფექტი აქვს და, საბოლოდ, აღნიშნული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებაა. ამასთანავე, ცალკე აღებული მოხმარების ან/და აშკარად მოხმარების მიზნით დამზადების, შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ფაქტი, მისი გავრცელების დაბალი რისკებისა თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, აკრძალულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ქმედებებთან შედარებით, შესაძლოა, ნაკლები საფრთხის შემცველი იყოს, თუმცა, ეს ვერ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ამ ქმედებებისათვის დაწესებული სასჯელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული ღონისძიებაა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).
72. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები აგრეთვე აწესებს სასჯელს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სხვა პირების მიერ მოხმარებისთვის, უკანონო ბრუნვის ხელშეწყობასთან, აგრეთვე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან მიმართებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულების ზემოთ მითითებული შემადგენლობები, სწორედ იმგვარ ქმედებებს მოიცავს, რომლებიც ხელს უწყობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვას. მაგალითად, დასჯადია ასეთი ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, გადაზიდვა, გადაგზავნა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, გამოძალვა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა, ამგვარი ნივთიერების საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა. ამავე კატეგორიის დანაშაულების შემადგენლობებია ასეთი ნივთიერებების უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა. ასეთი ნივთიერებების მოხმარებაზე დაყოლიება და ამავე თავით გათვალისწინებული სხვა დანაშაულები, რომელთა ჩადენამაც ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა გამოიწვია. აშკარაა, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები იწვევს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო ნივთიერებების უკანონო ბრუნვაში მოქცევას, ხელს უწყობს მის ბრუნვას და ქმნის ხელმისაწვდომს საზოგადოების წევრებისათვის, მათ შორის, არასრულწლოვნებისთვის.
73. ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით აკრძალული ნივთიერების დამზადების, შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ჩადენის პირობებში იზრდება, როგორც აკრძალული ნივთიერებების უკანონო ბრუნვაში მონაწილეობის ხარისხი, ისე - უშუალოდ ნივთიერების გავრცელების ალბათობაც. აკრძალული ნივთიერების ერთ ოდენობაზე მეტის შემძენი, გადამზიდავი და შემნახველი პირები უფრო მეტად ზრდიან მოთხოვნას აკრძალულ ნივთიერებებზე და უფრო მეტად ასაზრდოებენ აღნიშნული ნივთიერებების უკანონო ბრუნვას და აფერხებენ სახელმწიფოს ლეგიტიმურ ღონისძიებებს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ანალოგიურად, უფრო მაღალია აკრძალული ნივთიერებების უკანონოდ დამამზადებელი პირის ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, ვინაიდან მისი ქმედებით, მეტია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვაში მოქცეული ნივთიერების ოდენობა და მისი გავრცელების, სხვა პირებისათვის (მათ შორის, არასრულწლოვნებისათვის) ხელმისაწვდომობის ალბათობა. აქედან გამომდინარე, ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით აკრძალული ნივთიერების დამზადება, შეძენა, შენახვა და გადაზიდვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვაზე, აქცევს მათ უკანონო ბრუნვაში და აფერხებს სახელმწიფოს ლეგიტიმურ ღონისძიებებს, დაარეგულიროს, შეზღუდოს საზოგადოების ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე ხელმისაწვდომობა (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68,69).
74. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმები, ასევე, სასჯელს აწესებს ისეთი დანაშაულებისთვის, რომელთა ჩადენა, თავისთავად, ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საჯარო წესრიგს. მაგალითად, ამ დანაშაულებს მიეკუთვნება ისეთი ძალადობრივი ქმედებები, როგორებიც არის სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლით გათვალისწინებული, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ჩადენილი ძალადობით, ამავე კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის შექმნა ან შენახვა, ამავე კოდექსის 267-ე და 268-ე მუხლებით გათვალისწინებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება და ა.შ., ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის საწინააღმდეგოა სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე და 276-ე მუხლებით გათვალისწინებული სატრანსპორტო დანაშაულების ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა, რაც უშუალოდ უქმნის საფრთხეს სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
75. განსახილველ საქმეზე ეჭვქვეშ არ დამდგარა ის გარემოება, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები - ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური და ძლიერმოქმედი ნივთიერებები ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. შესაბამისად, ქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს ამგვარი ნივთიერებების უკანონო ბრუნვას და მოხმარებას, როგორც უკვე მიეთითა, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საზოგადოების წევრების, მათ შორის, არასრულწლოვნების ჯანმრთელობას. სადავო ნორმები აწესებს სასჯელს ისეთი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი ხელს უწყობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო ბრუნვას და მოხმარებას. ცხადია, მაღალია ასეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროება. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო ბრუნვისა და უკანონო მოხმარების ხელშეწყობით, ამ ქმედებების ჩამდენი პირები საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. შესაბამისად, არსებობს ცხადი, ლოგიკური კავშირი ამ ქმედებების ჩადენის პრევენციასა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზანს შორის.
76. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებები მიმართულია როგორც მომხმარებლის, ისე საზოგადოების წევრების ჯანმრთელობის დაცვისაკენ.
ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოება
77. მოპასუხემ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელის ზომების ლეგიტიმურ მიზნად, ასევე, დაასახელა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. შესაბამისად, უნდა შეფასდეს, რა რისკებს შეიცავს აკრძალული ქმედებების ჩადენა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის და როგორ უზრუნველყოფს ამ რისკების შემცირებას სასჯელის დაწესება.
78. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, გაანალიზდეს, რა გამოწვევებს ქმნის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მოხმარება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს, ქმნის თუ არა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოხმარების, მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი ძალადობის საფრთხეს და რამდენად არის შესაძლებელი, რომ აღნიშნული ნივთიერებების მოხმარების მოთხოვნილებამ უბიძგოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.
79. მაგალითად, ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „არ არსებობს დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). ასეთივე დასკვნა გააკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნული ნივთიერებების მოხმარებასა და მიჩვევასთან დაკავშირებით კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „№732 სარჩელის არსებით განხილვაზე მოწვეულმა, ისევე როგორც №592, №701, №722 და №725 კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა და სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მარიხუანის მოხმარებამ მასზე შეჩვევა შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჭარბი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში. მარიხუანის პერიოდული, შედარებით ნაკლებ ინტენსიური გამოყენება შეჩვევას, მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას არ იწვევს. ზოგადად, ხანგრძლივი პერიოდით და დიდი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში, შეჩვევა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმაც. თუმცა ალკოჰოლის მოხმარების პრაქტიკა მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას მოიხმარს კულტურული ან/და გასართობი მიზნებისათვის, ხოლო ალკოჰოლზე დამოკიდებულება კი მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევაში ვითარდება. ამდენად, ალკოჰოლის მსგავსად, მარიხუანის შემთხვევაშიც, ჰიპოთეტურია დასკვნა, რომ მისი მოხმარება აბსტინენციის ჩამოყალიბებას გამოიწვევს და აბსტინენციის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოპოვების მიზნით დანაშაულის ჩადენას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
80. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ხანგრძლივი ვადით მოხმარების შემთხვევაში შესაძლებელია, შეჩვევა და აბსტინენციის მდგომარეობა გამოიწვიოს ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების, მათ შორის, ალკოჰოლისა და კოფეინის მოხმარებამ. თუმცა, საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით, გამოწვევებს უკავშირდება არა ნებისმიერი, არამედ - იმ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, რომლებიც სწრაფად იწვევს შეჩვევას და აბსტინენციის მდგომარეობის ჩამოყალიბებას. იმ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომლებსაც არ ახასიათებს სწრაფი შეჩვევა და ხანმოკლე ვადაში არ იწვევს აბსტინენციის მდგომარეობის ჩამოყალიბებას, ასევე იმ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, რომელთა ზემოქმედების ქვეშ პირი არ ხდება აგრესიული და დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე ჰიპოთეტურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).
81. აუცილებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ სადავო ნორმები სასჯელს აწესებს საკმაოდ მრავალრიცხოვანი, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით დამზადების, შეძენის, შენახვისა და გადაზიდვისთვის. მათ შორის არის არაერთი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელთა არადანიშნულებისამებრ მოხმარება, საკმაოდ ხანმოკლე ვადაში, იწვევს შეჩვევას. ასევე, არსებობს ისეთი ნივთიერებები, რომელთა შემთხვევაშიც, შესაძლოა, არსებობდეს მომეტებული რისკი, რომ მისი ზემოქმედების ქვეშ პირი იყოს აგრესიული და ქმნიდეს მყისიერ საფრთხეს საზოგადოებისათვის.
82. ისეთი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოხმარება, რომელიც ადვილად იწვევს შეჩვევას ან რომლის მოხმარების შემთხვევაში, პირი ხდება აგრესიული და ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ მიდრეკილი, შეიცავს რისკებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. აბსტინენციის პირობებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მომხმარებლები, შესაძლოა, მიდრეკილი იყვნენ დანაშაულისა თუ სხვა ანტისოციალური ქმედებების ჩადენისკენ. შესაბამისად, ამგვარი ნივთიერებების მოხმარებისათვის ან/და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით (მოხმარების ერთი ოდენობა) დამზადების, შეძენის, შენახვისა და გადაზიდვისთვის სასჯელის დაწესება, ნამდვილად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ანალოგიურად, სასჯელი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისკენ არის მიმართული ისეთი ნივთიერებების მოხმარების, დამზადების, შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ნაწილში, რომელთა მოხმარება მყისიერ რისკებს აჩენს საზოგადოებისათვის. ამგვარი ნივთიერების მოხმარების ან/და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით (ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის) დამზადების, შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის დასჯა და, ამ გზით, მისი პრევენცია აღკვეთს დასახელებულ საფრთხეებს და იცავს საზოგადოებას (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).
83. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელი, მითითებული აკრძალული ნივთიერებების მოხმარების, დამზადების, შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის დასჯის ნაწილში, არის მიმართული საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისკენ. თუმცა ეს ღონისძიებები საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას არ ემსახურება იმ ნივთიერებების მოხმარების ან/და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობის დამზადების, შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ნაწილში, რომელთა მოხმარებაც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და პირის აგრესიულ, საზოგადოების უსაფრთხოების ხელყოფისკენ მიმართულ ქცევას.
84. როგორც უკვე არაერთხელ მიეთითა, ზემოთ შეფასებული დანაშაულების გარდა, სადავო ნორმები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სასჯელს აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულებისთვისაც. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური და ძლიერმოქმედი ნივთიერებების უკანონო ბრუნვა, საზოგადოების წევრებისადმი ხელმისაწვდომს ხდის აღნიშნულ ნივთიერებებს. ამგვარი ნივთიერებებისადმი ხელმისაწვდომობა წარმოშობს რისკებს ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. სწორედ ამ რისკების შემცირებას ემსახურება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობები, რომელთა ჩადენისას გამოიყენება სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამ ქმედებების ჩადენით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი და ასეთი ქმედებების პრევენციით მიღწეული ლეგიტიმური მიზნების დაცვის ეფექტი ქმნის სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენების კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს.
3.4.2. პროპორციულობა
85. სადამსჯელო ღონისძიებების პროპორციულობის შეფასებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს სამართალურთიერთობის სპეციფიკას და სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრაში კანონმდებლის ფართო მიხედულების ფარგლებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სასჯელის პოლიტიკის შემუშავების პროცესში კანონმდებლის მაღალი დისკრეციის გათვალისწინებით, ესა თუ ის სასჯელის ზომა მხოლოდ მაშინ იქნება მიჩნეული კონსტიტუციის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, როდესაც დადგინდება, რომ ჩადენილი სამართალდარღვევით ხელყოფილი საზოგადოებრივი სიკეთის გათვალისწინებით, იგი აშკარად, არაგონივრულად მძიმე ღონისძიებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის წინააღმდეგ სახელმწიფომ შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ზომები. მან შეიძლება გაატაროს რეპრესიული პოლიტიკა და სისხლისსამართლებრივი მექანიზმებით ებრძოლოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას ან შეიძლება ჰქონდეს მომხმარებელთა მკურნალობაზე, ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნის შემცირებაზე ორიენტირებული პოლიტიკა და ა.შ. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეაფასებს, თუ რომელი ღონისძიებაა უკეთესი, ან უფრო მეტად მიზანშეწონილი. სასამართლომ უნდა შეაფასოს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული რეგულირების შესაბამისობა კონსტიტუციასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
86. ამასთან, შესაძლოა, არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ყველა კატეგორიის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების დასჯა მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება. თუმცა იმ პირობებში, როდესაც ეჭვგარეშეა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების არადანიშნულებისამებრ მოხმარებიდან მომდინარე საფრთხეები, სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი, ებრძოლოს მის გავრცელებას, მათ შორის, რეპრესიული ღონისძიებების გამოყენებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმის დასადგენად, რომ სადამსჯელო ინსტრუმენტების გამოყენება არ არის მიზნის მიღწევის აუცილებელი ღონისძიება, საჭიროა, არსებობდეს მეცნიერულ ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცალსახა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სხვა, ნაკლებად მზღუდავი მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია იმავე ეფექტის მიღება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვისას მსგავსი მტკიცებულებები არ გამოკვეთილა. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, სახელმწიფოს მხრიდან, სადამსჯელო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-46).
87. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულების ზღვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს. სამართლებრივი სახელმწიფო ემსახურება რა თავისუფალი და დაცული ადამიანის უზრუნველყოფას, ამ მიზნის მისაღწევად ის აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი და საკმარისი, ეფექტური ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, მძლავრ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა და ამ გზით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნების დაცვა და, შედეგად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თავიდან აცილება, პრევენცია. თუმცა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ამ ინსტრუმენტის მიზნობრივად გამოყენებისთვის, რადგან ის (ინსტრუმენტი) თავად არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ხელთ იმ სიკეთეების დარღვევის წყაროდ, რომელთა დასაცავადაც მისი გამოყენების კონსტიტუციური ვალდებულება აქვს ხელისუფლებას. ამ პროცესში სახელმწიფოს ევალება ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების სწორად შეფასება, პროგნოზირება, რეალური საფრთხეების ობიექტურად აწონა და მათ ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად გონივრული, უკიდურესად აუცილებელი, ამასთან, საკმარისი ღონისძიებების გამოყენება. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირება, აკრძალვა და ასეთი საყოველთაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენება. ცხადია, ამ პროცესში სახელმწიფოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ არ შეზღუდოს ადამიანების თავისუფლება ამა თუ იმ ქმედების აკრძალვის გზით, ხოლო, მეორე მხრივ, აკრძალული ქმედების ჩადენისთვის სახელმწიფოს პასუხი არ იყოს გადამეტებული, არაპროპორციული, რადგან ასეთი პასუხიც ადამიანის თავისუფლების სფეროს, სახელმწიფოს მხრიდან, შევიწროებას თავისთავად გულისხმობს. სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში (მის უფლებებში) ჩაერიოს ობიექტურად საჭიროზე მეტი დოზით, რადგან შედეგად მიზნად გადაიქცევა ადამიანის შეზღუდვა და არა მისი დაცვა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ინტერესთა ბალანსის სამართლიანობა და დაადგინოს, ხომ არ ხდება პირის დასჯა გადამეტებულად, ისეთი ინტერესის დასაცავად, რომელიც არ არის სადავო ნორმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების სიმკაცრის საპირწონე.
88. როგორც უკვე აღინიშნა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან მიმართებით დაწესებული შემზღუდველი ღონისძიებები ემსახურება ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. კერძოდ, გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიებები, როგორც შემაკავებელი ეფექტის მქონე მექანიზმები, უზრუნველყოფს როგორც უშუალოდ მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე, ამცირებს „საბაზრო მოთხოვნას“ აკრძალულ ნივთიერებებზე, ხელს უშლის მათ უკანონო ბრუნვას და იცავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლეგიტიმურ მიზანსაც. ამასთანავე, იმ ნივთიერებებთან მიმართებით, რომელთა მოხმარება იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და, მომხმარებლის მხრიდან, აგრესიულ, ანტისოციალურ ქმედებებს, უფლებაშემზღუდველი ღონისძიებები, აგრეთვე, ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
89. ამავდროულად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისკენ არის მიმართული დასახელებულ დანაშაულთა კატეგორიაში მოქცეული ისეთი ქმედების შემადგენლობების აკრძალვა, რომლებიც, თავისთავად, ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საჯარო წესრიგს, შეიცავს ძალადობის, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის რისკს. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც ქმნის დასახელებული საფრთხის შემცველი ქმედებების ჩადენის შემაკავებელ ეფექტს, აგრეთვე ლოგიკურ კავშირშია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან.
90. განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, რამდენად დაბალანსებულია, ერთი მხრივ, კერძო პირის ინტერესი, რომელსაც., სასჯელის სახით, საკმაოდ ხანგრძლივი ვადით ჩამოერთმევა მთელი რიგი საქმიანობების განხორციელების უფლება და, მეორე მხრივ, სასჯელის ამ ღონისძიებით დაცული ლეგიტიმური მიზნები - ჯანმრთელობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიებები ვრცელდება ადამიანის სოციალური ცხოვრების ფართო სპექტრზე და საკმაოდ ხანგრძლივად ართმევს ადამიანს ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, როგორიც არის სატრანსპორტო საშუალების მართვა, ცალკეული პროფესიული საქმიანობის ტიპები (საექიმო, ფარმაცევტული, საადვოკატო, პედაგოგიური), საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებებში საქმიანობა. დასახელებული უფლებაშემზღუდველი ღონისძიებები მნიშვნელოვნად აფერხებს ადამიანის თავისუფალ განვითარებას, მისი თვითრეალიზაციისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, მზღუდავი ღონისძიების სიმკაცრიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს, რომ მისი გამოყენება ხდება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად.
91. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს, რამდენად თავსდება, როგორც უშუალოდ მომხმარებლის, ისე სხვათა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მისთვის სასჯელის დაწესება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ღირებულებათა წესრიგში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმის სავალდებულოდ დადგენა, თუ რისი ჭამა, დალევა, მოწევა შეიძლება და ამ ქმედებისათვის სასჯელის დაწესება, წარმოადგენს პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში ჩარევის ისეთ ფორმას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ საჯარო ინტერესების დასაცავად. პიროვნების დასჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო, წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50). „ცალსახაა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს. ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74).
92. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით დადგენილ ღირებულებათა წესრიგში, სადაც ადამიანის ღირსება და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება აღიარებულია, როგორც უზენაესი და წარუვალი ღირებულებები, პირის დასჯა საკუთარი ჯანმრთელობისათვის გაცნობიერებულად ზიანის მიყენებისათვის გაუმართლებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50). შესაბამისად, განსახილველ საქმეზეც, პირისათვის სოციალური ცხოვრების არაერთ სფეროში საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვერ გაამართლებს სახელმწიფოს მიზანი - ამ გზით დაიცვას პირი საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენებისაგან.
93. თუმცა არაერთხელ მიეთითა, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო მოხმარების შეზღუდვა, აგრეთვე, ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას. აღნიშნულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით უნდა შეფასდეს თავად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შეზღუდვას/რეგულირებას შეიძლება ექვემდებარებოდეს ქმედება, რომელიც ანტისოციალურია თავისი ხასიათით და რომელმაც, მაღალი ალბათობით, შეიძლება გამოიწვიოს რეალური საფრთხე ასეთი ქმედების განხორციელების მომენტში, პოტენციურად შეუქმნას საფრთხე სხვათა ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. ამასთან, ისიც ცხადია, რომ ანტისოციალურ ქმედებაზე სახელმწიფოს პასუხი უნდა მკაცრდებოდეს მხოლოდ ქმედებით გამოწვევადი საფრთხეების სიმწვავის, რეალურობის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75).
94. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მომხმარებლები, აგრეთვე, ამგვარი ნივთიერებების (ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის) აშკარად პირადი მოხმარების მიზნით დამამზადებელი, შემძენი, შემნახველი და გადამზიდავი პირები მონაწილეობენ აკრძალული ნივთიერებების ბრუნვაში და ხელს უწყობენ ბრუნვას. დასახელებული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აღკვეთა უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია და სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ მიზნის მისაღწევად მიიღოს ზომები, მათ შორის, უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი ქმედებების აკრძალვისა და სასჯელის დაწესების სახით.
95. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური და სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის უპირველესი მიზანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონოდ ბრუნვის შემცირება, რაც, თავისთავად, ამცირებს საზოგადოების ხელმისაწვდომობას ამ ნივთიერებებზე. ამავდროულად, აუცილებელია, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებული თითოეული რეპრესიული ღონისძიება ავტონომიურად იყოს მიზნის მიღწევის თანაზომიერი და მისი საშუალებით მიღებულმა დადებითმა ეფექტმა გადაწონოს შეზღუდვით გამოწვეული ნეგატიური ეფექტები.
96. როგორც აღინიშნა, აკრძალული ნივთიერებების მომხმარებლის მიმართ სასჯელის დაწესება ემსახურება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზანს, ვინაიდან ამცირებს „საბაზრო მოთხოვნას“ ამ ნივთიერებებზე და აფერხებს მათ უკანონო ბრუნვას, ამასთან, სადავო ნორმებით დაწესებულია ისეთი სასჯელები, რომლებიც თავიანთი შინაარსით სპეციფიკურად მიმართულია არა მხოლოდ მომხმარებლის დასჯისკენ, მისი უფლებების შეზღუდვისკენ, არამედ სხვა პირთა უფლებების დაცვისაკენ და მათი უფლებების დარღვევის პრევენციისაკენ. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული საგზაო მოძრაობის მონაწილე სხვა პირების უსაფრთხოებასა და მათი ჯანმრთელობის დაცვასთან, რომელთაც შეიძლება საფრთხე შეექმნათ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით გამოწვეული თრობის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში. საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობა, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნება, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა, თავისი არსით, დაკავშირებულია სხვა პირთა ჯანმრთელობასთან და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მომეტებულ საფრთხეს შეიცავს. საადვოკატო საქმიანობა, საჯარო სამსახურში საქმიანობა და პასიური საარჩევნო უფლება არსებითად დაკავშირებულია სხვათა უფლებების დაცვასთან, მათ წარმომადგენლობასთან და საზოგადოებრივი თუ საჯარო უფლებამოსილებების განხორციელებასთან. რაც შეეხება პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობას, ის ძირითადად უკავშირდება საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის, არასრულწლოვნებისა და ახალგაზრდების უფლებებს და მათი განათლების, ჯანმრთელობის, განვითარების უფლებებს. ამდენად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელით, უზრუნველყოფილია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის შემცირება, რაც სასჯელის ზომას დანაშაულის სიმძიმესთან მიმართებით, პროპორციულად ხდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მიზნიდან გამომდინარე, სადავო ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც სახეზეა ისეთი ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობის ნივთიერების მოხმარება, დამზადება, შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას და, შესაბამისად, არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
97. რაც შეეხება ისეთი ნივთიერებების მოხმარებას, რომლებიც ხასიათდება სწრაფი შეჩვევით ან რომელთა მოხმარება იწვევს პირის მიერ აგრესიულ ქმედებებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ეს საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. „ამგვარ ნივთიერებებთან მიმართებით აშკარაა, ერთი მხრივ, ის მყისიერი საფრთხე, რასაც აგრესიის გამომწვევი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება წარმოშობს, მეორე მხრივ კი, ანტისოციალური, არამართლზომიერი ქმედებების ჩადენის რისკი, რომელსაც ძლიერი აბსტინენციის მდგომარეობა იწვევს. ხელშესახებია აგრესიული ქმედებების ჩადენის გამომწვევი ნივთიერებების მოხმარების დასჯის მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში სასწორზეა საზოგადოების უსაფრთხოება და მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი, დაცული იყოს თითოეული საზოგადოების წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნებისმიერი პირის მიერ გამოხატული ძალადობრივი და ანტისოციალური ქმედებებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57).
98. შესაბამისად, ასევე, მნიშვნელოვანი ინტერესის მიღწევას ემსახურება სახელმწიფოს მიერ იმგვარი ნივთიერებების მოხმარების დასჯა, რომელთა მოხმარებაც იწვევს სწრაფ შეჩვევას და ძლიერი აბსტინენციის მდგომარეობას. „გონივრულია იმის ვარაუდი, რომ აბსტინენციის მდგომარეობაში მყოფი მომხმარებელი, მიდრეკილი იყოს ანტისოციალური, არამართლზომიერი და ხშირად დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისკენ. შესაბამისად, მაღალია როგორც ამგვარი ნივთიერებების მოხმარებით შექმნილი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, ისე - ასეთი ქმედების დასჯით დაცული საჯარო ინტერესის მნიშვნელობაც. ამგვარი საფრთხეების აღკვეთის მიზნით, სახელმწიფოს გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, დააწესოს სადამსჯელო ღონისძიებები, გამოიყენოს შემაკავებელი მექანიზმები და ამ გზით მოახდინოს მათი პრევენცია. შესაბამისად, ამ ტიპის ნივთიერებებთან მიმართებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგის დაცვის მიზნების დაცვის ინტერესი წარმოშობს პირის კერძო ინტერესების შეზღუდვის მომეტებულ საჭიროებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-58).
99. რაც შეეხება სადავო ნორმებით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სხვა პირების მიერ მოხმარებისთვის, უკანონო ბრუნვის ხელშეწყობასთან და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის უფლებების ჩამორთმევას, დასახელებული ქმედებების ჩადენა ხელს უწყობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო ბრუნვას, აქცევს მათ უკანონო ბრუნვაში და აფერხებს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ლეგიტიმურ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვისა და მოხმარების აღკვეთისკენ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო ბრუნვა ხელმისაწვდომს ხდის ამგვარ ნივთიერებებს საზოგადოების წევრებისათვის, მათ შორის, არასრულწლოვნებისათვის და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.
100. ამასთან, საფრთხის შემქმნელია ის ქმედებებიც, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების წევრების მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო მოხმარებას - მათთვის სადგომის დათმობის, თუ ასეთი ნივთიერებების მოხმარებაზე დაყოლიების ფორმით, აგრეთვე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რისკებს ქმნის იმ დანაშაულების ჩადენისა, რომლებიც უკავშირდება ძალადობრივ, საზოგადოებრივი წესრიგის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ექსპლუატაციის საწინააღმდეგო ქმედებებს.
101. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებულ დანაშაულებთან მიმართებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებები - ცალკეული საქმიანობების უფლებების ჩამორთმევა, გამოიყენება ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც ახალისებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო ბრუნვას და საზოგადოების წევრების, მათ შორის, არასრულწლოვნების მიერ მოხმარებას. აგრეთვე, ცალკეული დანაშაულის შემადგენლობები უკავშირდება ძალადობრივი, საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური და სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებების უკანონო ბრუნვისა და უკანონო მოხმარების აღკვეთა უაღრესად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესია და ქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს აღნიშნული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასა და მოხმარებას, ქმნის სერიოზულ საფრთხეს საზოგადოების ჯანმრთელობისა და საჯარო წესრიგისათვის. ასეთივე საფრთხის შემცველია რიგი ძალადობრივი ქმედებები, რომელთა ჩადენის დამატებით პრევენციასაც ახდენს სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
102. ამგვარად, სახელმწიფოს აქვს მაღალი ლეგიტიმაცია, გაითვალისწინოს სადამსჯელო ღონისძიებები როგორც აკრძალული ნივთიერებების მომხმარებლისთვის, ისე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სხვა პირების მიერ მოხმარებისთვის, უკანონო ბრუნვის ხელშეწყობასთან, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების დამატებითი პრევენციისთვის.
103. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სადავო ნორმებით დაცული მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე. ამავე დროს, სასამართლოს მიერ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება, როგორც უკვე აღინიშნა, საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ არ იქნეს გამოყენებული. იმ შემთხვევაში კი, როდესაც არ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება, სასჯელი დგება იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, პიროვნული მახასიათებლების, ნასამართლობის, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულის ქცევის გათვალისწინებით, გაანალიზებული და შეფასებულია საჯარო ინტერესი. შესაბამისად, სადავო საკითხთან მიმართებით, საკმაოდ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის არჩევის მიუხედავად, სადავო ნორმების მიღებისას საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციით დასაშვები დისკრეციის ფარგლებში იმოქმედა.
104. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, სადავო ღონისძიებების დაწესებით მიღწეული დადებითი ეფექტი გადაწონის შესაბამისი უფლებების ჩამორთმევით გამოწვეულ უარყოფით ეფექტებს. გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიებები, მართალია, ახდენს დანაშაულის ჩამდენი პირის დისტანცირებას სოციალური ცხოვრების არაერთი სფეროდან, უზღუდავს მას თვითრეალიზაციისა და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას, თუმცა ჩადენილი ქმედებების საშიშროების, ამ ქმედებების პრევენციით აღკვეთილი საფრთხის ხარისხის გათვალისწინებით, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების ჩამორთმევა ვერ ჩაითვლება აშკარად არაპროპორციული სასჯელის ზომად.
105. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.
4. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, 24-ე მუხლთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით
106. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეზე სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება მოთხოვნილია როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, ისე საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით, 24-ე მუხლით, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სასჯელებთან დაკავშირებით არსებული კონსტიტუციური სტანდარტების მასშტაბი და ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულებებით დაცული სფეროების ურთიერთმიმართება.
107. წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე დადგინდა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების ბუნების, მისი გამოყენების წესის, ვადებისა და გაუქმების მექანიზმების ანალიზი მიუთითებს, რომ აღნიშნულ ღონისძიებას სადამსჯელო ბუნება აქვს და მიმართულია სასჯელის მიზნების მიღწევისკენ. ამრიგად, სადავო ნორმები ითვალისწინებს პირის უკანონო ქმედებაზე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომას - სასჯელს.
108. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით არის განმტკიცებული (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
109. ამასთანავე, ნებისმიერი სასჯელის ზომა იწვევს პირის პიროვნული თავისუფლების გარკვეული ასპექტის შეზღუდვას და, შესაბამისად, არის ჩარევა მის ძირითად უფლებებში. მაგალითად, თავისუფლების აღკვეთის ფორმით განსაზღვრული სასჯელი გარდაუვლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას, ჯარიმა - საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საქმიანობის ბუნების გათვალისწინებით. შესაბამისი კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულ უფლებას და ა.შ.
110. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს ფარგლების სწორად იდენტიფიცირებას და ერთმანეთისაგან გამიჯვნას (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის N2/11/663 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-15-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის N3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-11).
111. ზოგადად, ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის სტანდარტები მოცემულია თავად უფლების მარეგლამენტირებელ კონსტიტუციურ დებულებებში. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ სტანდარტებს, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს და ა.შ. ამასთან, სასჯელის პროპორციულობის სპეციფიკური კონსტიტუციური სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტი, უპირობოდ, კრძალავს „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენებას.
112. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში მოცემული სასჯელის კონსტიტუციურობის სტანდარტების განსაზღვრისა და შეფარდებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებამოსილებას, სათანადო სასჯელი დააწესოს საზოგადოებრივად საშიში ქმედებებისათვის და განსაზღვრავს ამ ურთიერთობის შესატყვის მოთხოვნებს სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუციის ამ კონკრეტული დებულებით არის განსაზღვრული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებული მოთხოვნები, არასწორი იქნებოდა სასჯელის ზომის პროპორციულობის შეფასება კონსტიტუციის სხვა დებულებებთან მიმართებით. თითოეული კონსტიტუციური დებულებით დაცული სფეროს სათანადოდ განმარტებისა და განსახილველი სამართალურთიერთობის შესატყვისი კონსტიტუციური სტანდარტებით შეფასებისათვის აუცილებელია, სასჯელების პროპორციულობა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით.
113. ამავდროულად, ზემოაღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სასჯელის მომწესრიგებელი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას სხვა კონსტიტუციურ დებულებებთან, როდესაც საქმე ეხება არა სასჯელის პროპორციულობის, არამედ ძირითადი უფლებიდან მომდინარე სხვა კონსტიტუციური სტანდარტის შეფასებას. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „სიკვდილით დასჯა აკრძალულია“. ამ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია ადგენს არა სასჯელის პროპორციულობის სტანდარტს, არამედ - განსაზღვრავს სიცოცხლის უფლების მოთხოვნას სასჯელთან დაკავშირებით. ზოგადად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ სასჯელის კონსტიტუციურობაზე გარკვეულ მოთხოვნას შეიცავდეს კონსტიტუციის სხვა დებულებებიც. აღნიშნული საკითხის შეფასება შესაძლოა, განხორციელდეს შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნისა და არგუმენტაციის ფარგლებში.
114. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როდესაც სასჯელი იწვევს ცალკეული კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, მისი სიმკაცრე (პროპორციულობა) უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით და მხედველობაში იქნეს მიღებული სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების ის განსხვავებული სტანდარტები, რომელთაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს სასჯელების კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სხვა შემთხვევაში, უფლების შეზღუდვა შეფასდება - შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით, რომლებიც ადგენს ძირითადი უფლების ფარგლებს და ქმნის მისი შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასების მასშტაბს.
115. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მხარე ითხოვს გამოყენებული სასჯელის პროპორციულობის შეფასებას. მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე დამატებითი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა სადავო ნორმებით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებების კავშირს დასახელებული კონსტიტუციური დებულებებით აღიარებულ ისეთ სტანდარტებთან, რომლებიც არ უკავშირდება სასჯელის პროპორციულობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი საქმის ფარგლებში, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების კონსტიტუციურობა არ შეფასდება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, 24-ე მუხლთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, 21, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ დაკმაყოფილდეს №702 კონსტიტუციური სარჩელი („კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშის და ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში