საქართველოს მოქალაქეები - კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N702 |
ავტორ(ებ)ი | კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე, ირაკლი გიგოლაშვილი |
თარიღი | 16 დეკემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, რომელიც სარჩელის განსახილველად არ მიღების წინაპირობა იქნებოდა. კერძოდ, სარჩელი შინაარსობრივად და ფორმალურად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგას დღის წესრიგში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს კანონების ნორმები, შესაბამისად, სადავო ნორმაზე მსჯელობა შესაძლებელია მასზე იერარქიულად მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე . კონსტიტუციურ სარჩელში სადაოდ არის გახდილი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები (კანონის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები), რომელთა საფუძველზეც ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ავტომატურ რეჟიმში ეზღუდებათ რიგი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. კერძოდ, კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთმევა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის ხელმძღვანელობის, დაფუძნების და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის შენახვისა და ტარების უფლება. ხოლო ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (ამ კატეგორიაში, კანონის თანახმად, მათ შორის შედიან ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მსჯავრდებული პირებიც) ჩამოთვლილი უფლებები ჩამოერთმევა 5 წლის ვადით ( „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ჩამოერთმევა 10 წლის ვადით). სარჩელით ასევე სადავოდ არის გახდილი 1997 წლის 21 ნოემბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახე“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ
შესაბამისად, სწორედ ამ მუხლებთან მიმართებით ითხოვენ მოსარჩელეები სადაო ნორმების კონსტიტუციურობის განხილვას. ა) უფლებამოსილი სუბიექტები1) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები. სადაო ნორმებით ხდება ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვის რიგი უფლებების ჩამორთმევა. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ენაზე, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლის ვადით, ხოლო ნარკოტიკული დანაშაულის ხელშემწყობს 5 წლის ვადით ჩამოერთმევათ ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები. კანონის თანახმად (მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლად ითვლება პირი, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობად - პირი, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუკი არ დასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი („ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). წარმოდგენილ საქმეში, მოსარჩელე ირაკლი გიგოლაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლელა ნოზაძის 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით (საქმე N 1/2303-14), დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობა) და გამომდინარე იქიდან, რომ მხარეებს შორის იყო საპროცესო შეთანხმება გაფორმებული, მსჯავრდებულს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთვა 5 წლის ვადით. შესაბამისად, ირაკლი გიგოლაშვილის მიმართ კანონით გათვალისწინებული უფლებრივი შეზღუდვა საკონსტიტუციო სარჩელის სასამართლოში წარდგენის მომენტისთვის კვლავაც ძალაშია. მოსარჩელე მალხაზ ნოზაძე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მადონა მაისურაძის 2015 წლის 26 იანვარის განაჩენით (საქმე N 1/26-15), დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობა) და შესაბამისად, მასზე გავრცელდა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები სრულყოფილად. შესაბამისად, მოსარჩელე მახლაზ ნოზაძის მიმართ, საკონსტიტუციო სარჩელის შემოტანის მომენტისათვის კვლავაც ძალაშია ზემოაღნიშნული შეზღუდვები. მოსარჩელე კონსტანტინე ლაბარტყავა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, შალვა კაკაურიძის 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენით (საქმე N 1/54-15) დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი) და 3 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, საკონსტიტუციო სარჩელის შემოტანის მომენტისათვის, მოსარჩელის მიმართ კვლავაც ძალაშია სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა. რაც შეეხება მოსარჩელეების სუბიექტუნარიანობას იმ კონკრეტული უფლებების მიმართ, რომელთა ჩამორთმევასაც ითვალისწინებს სადავო ნორმები, უნდა აღინიშნოს, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები თავისი ბუნებით, ასევე სფეროთი, რომელსაც ისინი შეეხება, შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. აგრეთვე განსხვავებულია კონკრეტული უფლების მოპოვების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები. მიუხედავად ამისა, კანონი თანაბრად ავრცელებს ყველა უფლებით სარგებლობაზე შეზღუდვებს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირების მიმართ. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებულს ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას ასეთი უფლება მოპოვებული. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოფხვრილია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძველი და გასულია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ვადა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოსარჩელეების უფლებამოსილ სუბიექტებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ჰქონდათ თუ არა მათ მოპოვებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. თუკი მათ მიერ მანამდე ასეთი უფლების ქონა, ავტომატურად ნიშნავს მათ უფლებამოსილ სუბიექტობას წარმოდგენილ სარჩელში, საპირისპირო შემთხვევაშიც არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ მოსარჩელეების უფლებამოსილება, იდავონ უფლების ჩამორთმევის კონსტიტუციურობაზე, რადგან არსებული საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში, მათ არ აქვთ დაშვება შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მოსაპოვებელ გამოცდაზე უფლებების ჩამორთმევის პერიოდში. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები (საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება და საადვოკატო საქმიანობის უფლება) უკავშირდება კონკრეტულ პროფესიულ საქმიანობას და მოითხოვდეს სპეციალურ კვალიფიკაციას, რათა პირს მიენიჭოს აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება. მიუხედავად ამისა, თეორიულ და პრაქტიკულად, არ არსებობს გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელეები ვერ დააკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს თუ პირობებს, რომლებიც სავალდებულოა აღნიშნული უფლებამოსილებების მოპოვებისათვის. შესაბამისად, სადაო ნორმებით მოსარჩელეებისთვის ამ უფლებების ჩამორთმევა თავისთავად აქცევს მათ უფლებამოსილ სუბიექტებად, იდავონ ამ უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობაზე. პედაგოგიურ/საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში საქმიანობის უფლების შეზღუდვა გულისხმობს ზოგადად ამ დაწესებულებაში საქმიანობის განხორციელების, და არა კონკრეტული ტიპის პროფესიული/სამოხელეო უფლებამოსილებით სარგებლობის აკრძალვას. ამ უფლებების სუბიექტობისთვის შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ ასაკობრივი ცენზი (მაქსიმალური ასაკობრივი ცენზი - 21 წელი), და საშუალო განათლების ქონა, ხოლო ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებაც არ იყოს საჭირო ზემოაღნიშნულ ორგანოებში რაიმე ტიპის საქმიანობის განსახორციელებლად. შესაბამისად, სამივე მოსარჩელე უნდა ჩაითვალოს უფლებამოსილ სუბიექტად ამ უფლებებთან მიმართებაშიც. აგრეთვე არ მოითხოვს სპეციალური კვალიფიკაციისა ქონას, თუ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას პირის მიერ პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა (ამ მხრივ ერთადერთი მოთხოვნაა საქართველოს მოქალაქეობა). შესაბამისად, ზოგადად პასიური საარჩევნო უფლებასთან მიმართებითაც სამივე მოსარჩელე უფლებამოსილი სუბიექტია. რაც შეეხება იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებს, მათი მოპოვებისა და სარგებლობის წესები სხვადასხვა ნორმატიულ აქტებშია გაწერილი („იარაღის შესახებ“, „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონები; „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი). თუმცა თუკი პირს უკვე აქვს მოპოვებული ასეთი მოპოვებული უფლება, სადაო ნორმებით მას ერთმევა აღნიშნული უფლება, ხოლო თუკი პირს არ აქვს და მომავალში აპირებს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა თუ ტარების უფლებამოსილების მოპოვებას, ამ შემთხვევაშიც სადავო ნორმები წარმოადგენს პირისათვის უფლების მინიჭების დამაბრკოლებელ საშუალებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც მოსარჩელეები წარმოადგენენ უფლებამოსილ სუბიექტებს.
2) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. სამივე მოსარჩელეს, საკონსტიტუციო სარჩელის სასამართლოში წარდგენის მომენტისთვის, აქვს ნასამართლობის სტატუსი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, მათზე პირდაპირ ვრცელდება სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ისინი არ მიიღებიან საჯარო სამსახურში მანამ, სანამ აღნიშნული სტატუსი არ მოეხსნებათ, ან გაუქარწყლდებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელში „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის მექანიზმი განხილულია როგორც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სპეციალური სახე და ასევე განხილულია ამ მექანიზმსა და ნასამართლობის სტატუსს შორის არსებული მსგავსება. შესაბამისად, მოსარჩელეების არგუმენტაცია დიდწილად გამომდინარეობს სწორედ ამ პოზიციიდან. ბ) სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის მე-14 მუხლთანსაქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანი დაბადებით, თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“ საკონსტიტუციო სასამართლო არაერთხელ აღუნიშნავს აღნიშნული ჩანაწერი განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ არსებულ კონსტიტუციურ სისტემაში. სადავო ნორმების მე-14 მუხლთან მიმართების შემოწმებისთვის უნდა შეფასდეს, ადგილი ხომ არ აქვს არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას (ან პირიქით). „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის უმთავრეს მიზანია, ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას. ამგვარი ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან არსებობს ნებისმიერი სხვა ტიპის დანაშაულის ჩამდენთა მიმართ. კერძოდ, რომ არ მოხდეს მათ მიერ იმავე, ან სხვა ტიპის დანაშაულის ჩადენა და ამით საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესის ხელყოფა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა, ჰიპოთეტურადაც კი არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების, ან ნარკოტიკული დანაშაულის გავრცელების ხელშეწყობასთან კავშირში. ანუ, პირის მიერ ამ უფლებებით სარგებლობა ავტომატურად არ ზრდის ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის რისკებს. შესაბამისად, მოსარჩელეებისა და სხვა ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთა არსებითად თანასწორობის შეფასება უნდა მოხდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით, ასევე მათ მიერ განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკების თვალსაზრისით. ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულები ვერ ჩაითვლებიან სხვა ტიპის (უფრო მძიმე საზოგადოებრივი თუ კრიმინოგენული საფრთხის შემცველი ქმედებების) დანაშაულის ჩამდენ პირებზე მეტი საშიშროების მატარებელ სუბიექტებად, რადგან ნარკოტიკული დანაშაული არ წარმოადგენს ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულს, რაც აუცილებელს გახდიდა ამ ქმედების ჩამდენ პირთა მიმართ განსაკუთრებული, დამატებითი მზღუდავი მექანიზმების გამოყენებას. ამავდროულად, არ არსებობს კონკრეტული გარემოება თუ ხელშესახები მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ეს პირები არიან დანაშაულის რეციდივის მომეტებული საფრთხის მატარებლები. უფლების შეზღუდვის საფუძვლად ასევე უნდა გამოირიცხოს სამედიცინო/ჯანმრთელობის მდგომარეობის ფაქტორები, რადგან კანონისთვის მნიშვნელოვანია არა შესაბამისი პირების ნარკოტიკულ დანაშაულზე დამოკიდებულების ხარისხი, არამედ მათ მიერ კონკრეტული ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენა, რა დროსაც თეორიულად და პრაქტიკულად, მარტივადაა შესაძლებელი, რომ ქმედების ჩამდენი საერთოდ არ იყოს ტოლერანტული ნარკოტიკული საშუალების მიმართ (მისი მოხმარების მიმართ). შესაბამისად, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულები და სხვა ტიპის (მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 კარით გათვალისწინებული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული) დანაშაულის ჩამდენი პირები ჩამორთმეული უფლებამოსილებებით სარგებლობის კუთხით არიან არსებითად თანასწორები. სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა ნორმები თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ რიგ დანაშაულებზე, მაგ: სამოხელეო დანაშაულები და ა.შ. კანონმდებლის მიერ საკითხის ამგვარად მოწესრიგება ცალსახად მიუთითებს დამნაშავის თანამდებობის/მის მიერ კონკრეტული საქმიანობის განხორციელების სპეციფიკურ კავშირზე კონკრეტული დანაშაულის ხასიათთან. სსკ-ის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თანამდებობისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად, მე-3 ნაწილის მიხედვით კი აღნიშნული სასჯელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისდა მიუხედავად, მასზე არის თუ არა მითითებული სისხლის სამართლის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში სასჯელის სახით. თუ დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს მას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, მოსამართლეს შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული სასჯელის ფორმა (სასჯელის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, როდესაც ის გამოიყენება დამატებით სასჯელად, ხოლო 5 წელს, როცა ძირითადი სასჯელის სახით ინიშნება). შესაბამისად, ნებისმიერი სხვა დანაშაულისთვის დამნაშავედ ცნობილი პირები (გარდა ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულებისა) მოსარჩელეებისგან განსხვავებით, სარგებლობენ შემდეგი უფლებებით: დანაშაულისა და დამნაშავის პირობების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, მოსამართლე უფლებამოსილია და არა ვალდებული, გადაწყვიტოს საქმიანობის უფლების ან თანამდებობის დაკავების, როგორც სასჯელის ერთ-ერთი სახის გამოყენების საკითხი; სასჯელის ფორმისა და ზომის შერჩევისას მოსამართლე აფასებს დანაშაულის ინდივიდუალურ გარემოებებს, დანაშაულის სუბიექტს და ამის მიხედვით წყვეტს სასჯელის გამოყენების საკითხს, კერძოდ, რა კონკრეტული საქმიანობის განხორციელების თუ თანამდებობის დაკავების უფლება შეუზღუდოს მსჯავრდებულს და რა ვადით; იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამგვარი სანქცია გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით, როგორც ძირითადი სასჯელის სახე, კანონი მოსამართლეს უტოვებს ლავირების შესაძლებლობას, კერძოდ დანაშაულის სპეციფიკური მახასიათებლების მიხედვით, სასჯელის ზომისა და კონკრეტული ფორმების განსაზღვრის შესაძლებლობას; მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების იმ ასპექტის ჩამორთმევის შესახებ, რომელიც კავშირშია ჩადენილ დანაშაულთან (მაგალითად, ტრეფიკინგის დანაშაულში მონაწილეობა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით), ან შესაძლოა ზრდიდეს მსჯავრდებულს მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკებს, განსხვავებით სადავო ნორმებისგან, რომლების საფუძველზეც მოსამართლე ვალდებულია, დანიშნოს სასჯელი აბსოლუტურად განსაზღვრული ფორმითა და ზომით, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად უკავშირდება ის ჩადენილ, ან შემდგომში შესაძლო განმეორებად დანაშაულს. როდესაც თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა გამოიყენება, როგორც დამატებითი სასჯელი, მისი ხანგრძლივობა არ აღემატება სამ წელს. მაშინ, როდესაც სადავო ნორმების საფუძველზე, პირისათვის უფლებების შეზღუდვის მინიმალური ვადა არის 3 წელი, ხოლო მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 20 წელი. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედებით, მოსარჩელე დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმყოფება სხვა (არანარკოტიკული) დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებთან მიმართებით. რაც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმართებას კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, ამ შემთხვევაშიც, სადაო ნორმების უზოგადესი ხასიათიდან გამომდინარე, სახეზეა თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებული მიდგომა. კერძოდ, თუკი პირმა სრულად მოიხადა მასზე დაკისრებული სასჯელი, შემდგომი ნასამართლობის სტატუსი არ უნდა იწვევდეს ამ პირისადმი ზოგადად განსხვავებული მოპყრობის საფუძველს სტატუსის არმქონე პირებთან შედარებით. ნასამართლობის სტატუსი, თავისთავად, არ უნდა განვიხილოთ, როგორც სასჯელის გაგრძელება და განგრძობადად მოქმედი მბოჭავი მოქანიზმი (ასეთი დაშვებაც რომ მოხდეს, ნასამართლობის სტატუსს უნდა ჰქონდეს კონკრეტული შინაარსი და არ უნდა ითვალისწინებდეს ზოგად შეზღუდვებს, განურჩევლად ჩადენილი დანაშაულის ბუნებისა და იმ უფლების შინაარსისა, რომელსაც უზღუდავს ნორმა ნასამართლობის სტატუსის მქონე პირს). სადაო ნორმა, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის ტიპისა (დანაშაულის ერთადერთი ნიშანი არის განზრახვის არსებობა), აწესებს აბსოლუტურ შეზღუდვას ნასამართლობის სტატუსის მქონე პირთა მიმართ და მათ უკრძალავს საჯარო სამსახურში ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს არსებითად თანასწორი პირების (ნასამართლობის სტატუტის მიხედვით) მიმართ განსხვავებულ მოპყრობას. გ) სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის 17-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან;საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა, ან შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსთვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლოატაციის ობიექტი“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება „საქართველოს მოაქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლმენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ II.30) როგორც ზემოთ აღინიშნა, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა, თავისი არსით, თანამდებობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასჯელის სამართლებრივი ბუნების მატარებელია. მიუხედავად სახელმწიფოს შედარებით ფართო მიხედულობისა დანაშაულისა და სასჯელის განსაზღვრისას, კანონმდებელი ამ მიმართულებითაც შებოჭილია კონსტიტუციური პრინციპებითა და ძირითადი უფლებებით. ამ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს აბსოლუტურად განსაზღვრული სანქცია, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივი ვადით რიგი სამოქალაქო უფლებების ავტომატურ რეჟიმში ჩამორთმევას, რა დროსაც ხდება სასჯელის ინდივიდუალიზაციის უგულებელყოფა, ასევე არ ხდება იმის შეფასება, ამ შეზღუდვებით რეალურად რამდენად მიიღწევა სასჯელის უმთავრესი მიზნები (მათ შორის მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და საზოგადოებაში დაბრუნება, როგორც მისი სრულყოფილი წევრი). შესაბამისად, სადავო ნორმები პირდაპირ მიემართება როგორც ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას, ისე ამგვარი სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპებს, რადგან, როგორც აღინიშნა, არ არსებობს ის ლეგიტიმური საფუძვლები, რომელიც ადეკვატურად დაასაბუთებდა და გაამართლებდა სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების ავტომატურ რეჟიმში შეზღუდვას. დ) სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტთან, 29-ე და 30-ე მუხლების პირველ პუნქტებთან.მოსარჩელეები ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ბ“ „გ“ „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებს, აგრეთვე მე-3 მუხლის მე-2 ნაწილს (პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების ფარგლებში) სადაოდ ხდიან კონსტიტუციის 30 მუხლის პირველ პუნქტთან, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის “ე“ ქვეპუნქტს და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილს (პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში) სადაოდ ხდიან კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს და მე-2 ნაწილს (პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის ფარგლებში) კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ და 29-ე მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს შრომის თავისუფლებას, პირის მიერ კონკრეტული საქმიანობის განხორციელების უფლებას, ან მის განხორციელებაზე უარის თქმის უფლებას. შესაბამისად, სადავო ნორმებით მოსარჩლეებისათვის ჩამორთმეული ისეთი უფლებები, როგორიცაა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის დაფუძნება, წარმომადგენლობა და ხელმძღვანელობა, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა, აგრეთვე იარაღის დამზადების უფლება, პირდაპირ ექცევა კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის სფეროში და ამ უფლებებში განხორციელებული ნებისმიერი ჩარევა უნდა შეფასდეს სწორედ აღნიშნულ კონსტიტუციურ ნორმასთან მიმართებით. კონსტიტუციის 29-ე მუხლით უზრუნველყოფილია საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებამოსილება. ტერმინი „სახელმწიფო თანამდებობა“ განმარტებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. შესაბამისად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის “ე“ ქვეპუნქტი და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი (პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში), რომლებიც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლის ვადით, ხოლო ნარკოტიკული დანაშაულის ხელშემწყობს 5 წლის ვადით უზღუდავს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმიანობის უფლებას, პირდაპირ მიემართება კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ უფლებას და წარმოადგენს ამ უფლებაში ხისტ და არაპროპორციულ ჩარევას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ასევე შემხებლობაშია კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებასთან. მართალია, კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, კანონმდებელს უხსნის გზას, დააწესოს კონკრეტული რეგულაციები და კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისთვის, მაგრამ კანონმდებლობის აღნიშნული უფლებამოსილება არ უნდა იქნეს იმდენად ფართოდ გამოყენებული, რომ ამან გამოიწვიოს პირის უფლების დაუსაბუთებელი და არაპროპორციული შეზღუდვა. კანონმდებლის მიერ კონკრეტული პროცედურის, თუ აუცილებელი პირობების განსაზღვრა სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად, უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს, უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელება შესაბამისი კვალიფიკაციის პირების მიერ. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლება გულისხმობს როგორც აქტიურ, ისე პასიურ საარჩევნო უფლებას. შესაბამისად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით (პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის ფარგლებში) გათვალისწინებული პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს აღნიშნულ კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას. კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული სადავო ნორმები მიემართება ურთიერთობათა იმდენად ფართო სპექტრს, რომ იგი გავლენას ჰპოვებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაზეც და შესაბამისად, მათ გააჩნია მსუსხავი ეფექტი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროზე. აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ზოგად შეზღუდვებს საჯარო სამსახურში საქმიანობის განხორციელებაზე. აღნიშნული შეზღუდვაც არის მეტად ფართო და მნიშვნელოვნად ზღუდავს მოსარჩელეების თავისუფალი განვითარების უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასაც.
ე) სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით „ყველა ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამარათლოს“. ციტირებულ დებულებას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, როგორც ინსტრუმენტულ უფლებას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვან რეალიზებასთან. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლომ 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დაცულ სფეროში მოაქცია არამხოლოდ ცალკე აღებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, არამედ ის პროცესუალური გარანტიებიც, რომლებიც მნიშვნელობას სძენს ამ უფლების განხორციელებას. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არამარტო სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა იქნება თეორიული, ფიქციური და არა რეალური მექანიზმი უფლებების დასაცავად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის # 3/ 531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანიაშვილი, ნანა ჯანიაშვილი და ირმა ჯანიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ § II.2) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ადგენენ უფლებების ჩამორთმევის აბსოლუტურად განსაზღვრულ ვადას, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, ამ უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამგვარი რეგულირება გამორიცხავს მოსამართლის, როგორც ინდივიდუალური გარემოებების ობიექტური შემფასებლის როლს, რაც არამხოლოდ წარმოადენს ჩარევას სასამართლოს საქმიანობაში, არამედ ზღუდავს პირის უფლებას, ობიექტურმა შემფასებელმა - მოსამართლემ, ჩადენილი ქმედების მახასიათებელი გარემოებების შესაბამისად, მოახდინოს სასჯელის ინდივიდუალიზაცია. სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის შეფარდება კი ასევე უნდა მოვიაზროთ კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცულ სფეროდ. აღსანიშნავია, რომ ზოგადი წესით, მსჯავრდებულს შეუძლია ზემდგომ ინსტანციაში იდავოს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის ნაწილშიც (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). ამის საპირისპიროდ, უფლებების შეზღუდვა არ ექვემდებარება დამოუკიდებლად გასაჩივრებას და მათი გადახედვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ზემდგომ სასამართლოს, თუკი ზოგადად დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვლება, ან მთლიანად გამართლდება პირი ზედა ინსტანციის მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის მექანიზმი პირდაპირ შემხებლობაშია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტით დადგენილ გარანტიებთან. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ა) უფლებების ჩამორთმევის ინსტიტუტის სამართლებრივი ბუნებასადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებამდე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისთვის უფლებების ჩამორთმევის სამართლებრივი ბუნების გარკვევა. უნდა აღინიშნოს, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა შინაარსობრივად მეტად ემსგავსება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) მე-40 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთ სახეს, კერძოდ, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განმარტებულია, თუ რას გულისხმობს სასჯელის აღნიშნული სახე - „თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება, ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.“ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გამოყენებით, რეალურად მოსამართლეს შეუძლია მსჯავრდებულს დაუწესოს მსგავსი შინაარსის შეზღუდვები, რომლებსაც ითვალისწინებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, სსკ-ით განსაზღვრული ვადით მსჯავრდებულს შეუზღუდოს დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება საჯარო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. აგრეთვე, პროფესიული ან სხვაგვარი საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევის ფარგლებში, მსჯავრდებულს დაუწესოს შეზღუდვები ა) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის; ბ) საადვოკატო საქმიანობის; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობის; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობის; ე) იარაღის დამზადების და ვ) სატრანსპორტო საშუალების მართვის (თუ ეს უკანასკნელი უკავშირდება კონკრეტული ტიპის საქმიანობის განხორციელებას) უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებით. საქმის განმხილველი მოსამართლე უფლებამოსილია, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას მსჯავრდებულს შეუზღუდოს ყველა ზემოაღნიშნული უფლება იმ შემთხვევაშიც კი, როცა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების შეზღუდვას, სასჯელის სახედ არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ის მუხლი (მათ შორის, ნარკოტიკული დანაშაულის მომწესრიგებელი ნორმებიც), რომლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაშიც დაედო პირს მსჯავრი. ამის შესაძლებლობას იძლევა სსკ-ის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სასჯელის ეს სახე, როგორც დამატებითი სასჯელი, შესაძლებელია დაინიშნოს იმისდა მიუხედავად, მითითებულია თუ არა ის სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში სანქციად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს 6 თვიდან სამ წლამდე ვადით. აღსანიშნავია ისიც, რომ უფლებების ჩამორთმევაზე მიეთითება განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში. საკითხის ამგვარი ფორმალური მოწესრიგებაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული მექანიზმი რეალურად წარმოადგენს სასჯელის სპეციალურ სახეს. სისხლის სამართლის კანონმდებლობა (სსკ-ის 79-ე მუხლი) ასევე ითვალისწინებს ნასამართლობის სტატუსს, როგორც გამამტყუნებელი განაჩენის თანმდევ შედეგს მსჯავრდებულისათვის. პირი ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან, ნასამართლობის მოხსნის, ან გაქარწყლების მომენტამდე. ნასამართლობის სტატუსის და მისი დანიშნულების უშუალო საკანონმდებლო დეფინიცია არ არსებობს, თუმცა მისი რეალური მიზნის ამოკითხვა სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებიდან შეიძლება - ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების საკითხის გადაწყვეტისას. აღნიშნული ჩანაწერიდან იკითხება, რომ ნასამართლობის სტატუსი ძირითადად ემსახურება დანაშაულის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილებას, რადგან ნასამართლობა დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად პირის მიმართ. შესაბამისად, ნასამართლობის სტატუსის ქონა, თავისთავად არ ნიშნავს პირის მიერ სასჯელის მოხდის რეჟიმში ყოფნას. აღნიშნული სტატუსი მხოლოდ მას შემდეგ იწყებს რეალურ მოქმედებას, რაც პირი ჩაიდენს ხელახალ დანაშაულს ნასამართლობის პერიოდში. ამავდროულად, ნასამართლობის სტატუსის მქონე პირებს, სტატუსის ქონის პერიოდში, ავტომატურად ეზღუდებათ გარკვეული უფლებები სხვადასხვა კანონებით და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული შეზღუდვები მხოლოდ ირიბად ემსახურება სასჯელის მიზნებს. კონკრეტული უფლებების წინასწარ განსაზღვრული ვადით (ნასამართლობის პერიოდით) ავტომატურად შეზღუდვის ბუნებიდან გამომდინარე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის მექანიზმი შესაძლოა ემსგავსებოდეს ნასამართლობის ინსტიტუტსაც. თუმცა, ამ შემთხვევაში განსხვავება არის ის, რომ სხვადასხვა კანონები, როგორც წესი, უფლებების შეზღუდვებს სუბიექტთა ვიწრო წრეზე ავრცელებენ. მაგალითად, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, ნასამართლობის სტატუსიდან გამომდინარე უფლების შეზღუდვას ავრცელებს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლად საქმიანობაზე (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 12 ნაწილი) და არა მთლიანად საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელებაზე. განსხვავებით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ზოგად შეზღუდვებს სუბიექტთა უფრო ფართო წრეზე და საქმიანობის უფრო ფართო სფეროზე. ამ კუთხით ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის შესაბამისი ნორმებიც (კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) უზოგადეს შეზღუდვებს აწესებენ ნასამართლობის მქონე პირებისთვის საჯარო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის მექანიზმი ცალსახად უნდა მივიჩნიოთ სასჯელის დამატებით ფორმად, რომელიც მსჯავრდებულის მიმართ ითვალისწინებს დამატებით მზღუდავ ღონისძიებებს.
ბ) წინააღმდეგობა კონსტიტუციის 14-ე მუხლთან
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მე-14 მუხლთან შეფასებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ დიფერენცირებული მოპყრობა, აუცილებელია დიფერენცირებული მოპყრობისა და შედარებად ჯგუფს მიკუთვნებული სუბიექტები წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართალი აწესრიგებს საზოგადოებრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, რომელიც მიემართება პირთა განუსაზღვრელ წრეს. ამიტომაც, კონსტიტუციის მე-14 მუხლზე მსჯელობისას, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ, როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება „საქართველო მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“ II.19). საქმეში „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინაღმდეგ“ არსებითად თანასწორობის დადგენის ერთერთ კრიტერიუმად განსაზღვრა თანასწორი სამართლებრივი ინტერესი. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება, II.4-5). განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შედარებადი ჯგუფები შესაძლოა წარმოადგენდნენ განსხვავებული კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირებს, მაგრამ ეს ვერ იქნება არსებითად უთანასწორობის საფუძველი, ვინაიდან, დამნაშავედ ცნობილი პირის ინტერესი, ინდივიდუალურად შეფასდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, და შეეფარდოს ადეკვატური სასჯელი, თანაბარია მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის კატეგორიისა. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ჩამოთვლის დისკრიმინაციის კლასიკურ ნიშნებს, თუმცა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, „მე-14 მუხლით დეკლარირებული პრინციპის გაგება კონკრეტული უფლების ან უფლებათა გარკვეული ჯგუფის ჭრილში, უსაფუძვლოდ დააკნინებდა მის მნიშვნელობას. სახელმწიფოს მმართველობითი საქმიანობის თავისუფლება შეზღუდულია თანასწორობის უფლების დაცვის მოთხოვნით. სამართალშემოქმედს აკისრია კონკრეტული საკითხის არადისკრიმინაციულად მოწესრიგების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება თან სდევს სამართაშემოქმედების პროცესს, იმის მიუხედავად, რომელი კონსტიტუციური უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების რეგულირებისკენ არის იგი მიმართული და იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ფაქტობრივ გარემოებას, ან ნიშანს უკავშირდება დიფერენცირება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება „საქართველო მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“ II.21)... [დისკრიმინაციის აკრძალვის კონსტიტუციური] „დებულების მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში“ (mutadis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის N2/1-392 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე შოტა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II.2). საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ციტირებული მონაკვეთები მიუთითებს, რომ სადავო ნორმების მე-14 მუხლთან შესაბამისობის შემოწმებისთვის, უმნიშვნელოა, კონკრეტული უფლება დაცულია თუ არა კონსტიტუციით, აგრეთვე დიფერენცირება ხდება თუ არა მე-14 მუხლში ჩამოთვლილი (კლასიკური) დისკრიმინაციული ნიშნებიდან რომელიმეს საფუძველზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის დადგენის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს დიფერენცირებული მოპყრობა არსებითად თანასწორ პირებს შორის ან პირიქით. სადავო ნორმები, სხვადასხვა სფეროში ჩადენილ დანაშაულთაგან გამოყოფს ერთს, ნარკოტიკულ დანაშაულს, რომლისთვისაც აწესებს სპეციალურ სანქციებს. აღნიშნულზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ არსებითად თანასწორ პირებს შორის დიფერენცირებული მოპყრობის საფუძველია მსჯავრდებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სახე - რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეფასებადია კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობის დადგენისას, საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს მკაცრი და რაციონალური დიფერენცირების ტესტს. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მკაცრი ტესტის გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დიფერენცირება კლასიკური ნიშნის საფუძველზე ან/და დიფერენცირების ინტენსივობა. მკაცრი ტესტის გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ კლასიკური ნიშნის, არამედ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების შემთხვევაშიც სათანადო ინტენსივობის არსებობისას. ინტენსივობის შეფასებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II.6). დიფენერცირების ინტენსივობის შეფასებისთვის, ყურადღება უნდა გამახვილდეს სასჯელის ზომაზე, დანაშაულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების შესაძლებლობაზე, მის სოციალურ-სამართლებრივ ბუნებაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების ჩამორთმევის სამართლებრივი ბუნება და თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასჯელი ერთმანეთისთვის არსებითად მსგავსია. სსკ-ის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა დამატებით სასჯელად ინიშნება მხოლოდ 3 წლამდე ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სხვა სახის ძირითად სასჯელს, სადავო ნორმების საფუძველზე თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეგვიძლია მოვიაზროთ დამატებით სასჯელად. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ტიპის დანაშაულისთვის, სადავო ნორმების საფუძველზე, მოსარჩელეებს დამატებით ეზღუდებათ უფლებები 3 და 5 წლის ვადით. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელი არის აბსოლუტურად განსაზღვრული და მოსამართლეს არ უტოვებს შეფასების შესაძლებლობას, განსხვავებით შედარებად ჯგუფს მიკუთვნებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის განსაზღვრული სასჯელებისგან, რომლებიც, ერთის მხრივ, არ არის აბსოლუტურად განსაზღვრული, მეორეს მხრივ კი, მოსამართლეს გააჩნია უფლებამოსილება, გადაწყვიტოს, წარმოადგენს თუ არა აუცილებლობას სასჯელის აღნიშნული ზომის გამოყენება. გარდა ზემოაღნიშნული არგუმენტებისა, ვფიქრობთ, ინტენსივობის შეფასებისთვის გასათვალისწინებელია სასჯელის სოციალურ-სამართლებრივი ბუნებაც და მისი გავლენა/შედეგი მსჯავრდებულზე. კერძოდ, იგი წარმოადგენს ძირითადი უფლებების შეზღუდვის ორდინალური ფორმების უმკაცრეს საშუალებას, რაც ზრდის დიფერენცირების ინტენსივობას. არსებითად თანასწორ პირებს შორის დადგენილი განსხავებული მოპყრობის ინტენსივობაზე ცალსახად მიუთითებდეს ძირითადი უფლების შეზღუდვის ხასიათი. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ მიუხედავად დისკრიმინაციის კლასიკური ნიშნის არარსებობისა, სასამართლომ უნდა გამოიყენოს შეფასების მკაცრი ტესტი. მართალია, სახელმწიფოს გააჩნია შედარებით ფართო მიხედულობის ფარგლები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს რეგულირებაზე, კერძოდ, თითოეულ დანაშაულთან მიმართებით სანქციის მაღალი ან დაბალი ფარგლების განსაზღვრაზე, მაგრამ სახელმწიფო, მათ შორის, სასჯელების განსაზღვირსას, შებოჭილია თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპით. სადავო რეგულირება ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირებისთვის აწესებს განსახილველი სასჯელის გამოყენების რადიკალურად განსხვავებულ ფორმას, რომლის მიხედვითაც, სანქციების ფორმისა და ოდენობის აბსოლუტურად განსაზღვრულობა, სრულად გამორიცხავს მოსამართლის როლს.
როგორც უკვე აღინიშნა, ნასამართლობის სტატუსის ქონა არ გულისხმობს პირის ყოფნას სასჯელის მოხდის რეჟიმში. ნასამართლობის სტატუსის უმთავრესი მიზანი, მისი არსი, მდგომარეობის იმაში, რომ მოახდინოს ერთხელ სასჯელმოხდილი პირის მიერ განმეორებით იგივე, ან სხვა დანაშაულის ჩადენის პრევენცია. ამ მიზნით, ნასამართლობის სტატუსის გათვალისწინება შესაძლებელია უშუალოდ ქმედების კვალიფიკაციის, ან სასჯელის შეფარდებისას. მოსარჩელეები არ უარყოფენ, რომ ნასამართლობის სტატუსს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული მზღუდავი შედეგებიც პირის მიმართ, თუმცა, აღნიშნული არ უნდა იყოს იმდენად ინტენსიური, რომ მიუახლოვდეს სისხლისსამართლებრივი სანქციის ხარისხს. მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, პირის მიერ ნასამართლობის სტატუსის ქონა თავისთავად არ უნდა განაპირობებდეს პირის მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას. პირის მიერ ნასამართლობის სტატუსის ქონა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საჯარო სამსახურში ნებისმიერი ფორმით საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით, ის არაა დადარებადი ნასამართლობის სტატუსის არმქონე პირებთან. შესაბამისად, სადავო ნორმები არსებითად თანასწორი პირების მიმართ ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას. ამ შემთხვევაში კონკრეტული სამართალურთიერთობის მონაწილეები, ანუ პირები, რომლებსაც სურთ საქმიანობის განხორციელება საჯარო სამსახურში, იმყოფებიან რადიკალურად განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მათი ნასამართლობის სტატუსიდან გამომდინარე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ეხება ზოგადად საჯარო სამსახურში მიღებას და არა კონკრეტულად, რომელიმე მმართველობითი, თუ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესთან დაკავშირებულ თანამდებობას, რაც ასევე ზრდის დიფერენცირების ინტენსივობასა და ხარისხს. ზემოაღნიშნულ დასაბუთებაზე დაყრდნობით მიგვაჩნია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ქმნის დისკრიმინაციულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის და არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
გ) წინააღმდეგობა კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია, „ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას.“ როგორც ზემოთ აღინიშნა, უფლებების ჩამორთმევა, თავისი არსით, თანამდებობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასჯელის სამართლებრივი ბუნების მატარებელია. მიუხედავად სახელმწიფოს შედარებით ფართო მიხედულობისა დანაშაულისა და სასჯელის განსაზღვრისას, კანონმდებელი ამ მიმართულებითაც შებოჭილია კონსტიტუციური პრინციპებითა და ძირითადი უფლებებით. მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელი უყურადღებოდ ტოვებს ისეთ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ პრინციპს, როგორიცაა სასჯელის ინდივიდუალიზაცია, კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, უფლებების ჩამორთმევის მექანიზმის გამოყენებისას მოსამართლეს არ გააჩნია შესაძლებლობა:
აღსანიშნავია, რომ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის მიხედვით, „მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება.“ აღნიშნული ვერ ჩაითვლება სასჯელის ინდივიდუალიზაციის ერთერთ საშუალებად, ვინაიდან საპროცესო შეთანხმება წარმოადგენს პროცესის მხარეთა დისკრეციულ უფლებამოსილებას. მოსამართლეს არ გააჩნია უფლებამოსილება, თავისი ინიციატივით განსაზღვროს საპროცესო შეთანხმების პირობები და რაიმე ფორმით მოუწოდოს მხარეებს მისი გაფორმებისკენ. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას მოსამართლის როლი არის მხოლოდ ნეგატიური - მას მხოლოდ უარი შეუძლია განაცხადოს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების დამტკიცებაზე, ისიც კონკრეტული სამართლებრივი გარემოებების სახეზე ყოფნისას. შესაბამისად, მოსამართლეს არც საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი აძლევს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს უფლებების შეზღუდვის მექანიზმის გამოყენებაზე, თუკი ის მიიჩნევს, რომ დანაშაულად ცნობილი პირის უფლებებში სადავო ნორმებით დადგენილი ინტენსივობით ჩარევა არ წარმოადგენს სასჯელის პროპორციულ, ადეკვატურ და საჭირო ზომას კონკრეტული მიზნების მისაღწევად, ან განსხვავებული ვადითა და ინტენსივობით ჩამოართვას მსჯავრდებულის ჩამოთვლილი უფლებები. ნათელია, რომ კანონმდებელი უგულებელყოფს სასჯელის ინდივიდუალიზაციის ყველა შესაძლებლობას. მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდების ნაწილში მოსამართლის აღჭურვა უფლებამოსილებით, იმოქმედოს კოდექსით განსაზღვრული სანქციების ფარგლებში, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის ინდივიდუალიზაციას სრულყოფილად, რადგან როგორც არაერთხელ აღინიშნა, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია მეტად მნიშნველოვანი და ფართო უფლებების შეზღუდვის ავტომატური მექანიზმი. ამით უყურადღებოდ რჩება პირის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისა და თავად პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებლები, უფლებათა შეზღუდვის რაციონალური კავშირი მისი გამოყენების ლეგიტიმურ მიზნებთან. ვფიქრობთ, ზემოაღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, კანონმდებელი დანაშაულის ჩამდენ პირს განიხილავს არა ძირითადი უფლებების მატარებელ სუბიექტად, არამედ ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ერთერთ საშუალებად. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ სანქცია არის არათანაზომიერად მკაცრი და თავისი ინტენსივობით (რაშიც ასევე უნდა მოვიაზროთ მისი ბლანკეტურობა და ის, რომ მათი ინდივიდუალიზირება შეუძლებელია) უთანაბრდება სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახავი სასჯელის ხარისხს. აღნიშნულზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
დ) წინააღმდეგობა კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან.საქართველოს კონსტიტუციის 30 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „შრომა თავისუფალია“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რა თქმა უნდა, იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულაციისგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II.19). „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ „ბ“ „გ“ „დ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე „ზ“ ქვეპუნქტის სიტყვა „დამზადების“ საფუძველზე, (აგრეთვე მე-2 ნაწილის იმავე შინაარსით) ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს ერთმევა მართვის მოწმობის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის ხელმძღვანელობის, დაფუძნებისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობის უფლება და იარაღის დამზადების უფლება. შრომის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება გულისხმობს როგორც იძულებითი შრომისგან პიროვნების დაცვას, ისე მის აღჭურვას უფლებით, მოიპოვოს კონკრეტული საქმიანობის უფლება და განახორციელოს ის. ცხადია, კანონმდებლობით შესაძლებელია დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, თუ სავალდებულო პირობები კონკრეტული ტიპის საქმიანობის განხორციელებისათვის, მაგრამ თითოეული ასეთი რეგულაცია უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზნებს და იყოს პროპორციული. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). შესაძლებელია, რომ რიგ შემთხვევებში, მართლაც არსებობდეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისთვის ზემოთმოყვანილი უფლებებით დაცული სფეროს შეზღუდვის საფუძვლები. თუმცა, უფლებათა ფართო სპექტრის ავტომატურ რეჟიმში ჩამორთმევა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არსებობს რაციონალური კავშირი პირის მიერ ჩადენილ ქმედებასა და ჩამორთმეულ უფლებას შორის, ან რამდენად ემსახურება უფლებების ამგვარი შეზღუდვა სასჯელის ზოგად მიზნებს, წარმოადგენს თანაზომიერების პრინციპის აშკარა და უხეშ დარღვევას. სარჩელში არაერთხელ აღინიშნა, რომ სადავო ნორმებით დაწესებულია ზოგადი შეზღუდვები. აღნიშნული დებულებები ერთმანეთს არ უკავშირებს ჩადენილი დანაშაულის ბუნებას, მისი სოციალური თუ კრიმინოლოგიური საშიშროების ხარისხსა და იმ საქმიანობის სპეციფიკას, რომლის შეზღუდვასაც აწესებს მსჯავრდებულისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმებით ხდება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში არაპროპორციული და დაუსაბუთებელი ჩარევა. ე) წინააღმდეგობა კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან.საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა „სახელმწიფო სამსახურში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით ქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს… ცალსახაა ის გარემოება, რომ კონსტიტუცია შრომითი ურთიერთობების გარკვეული სეგმენტის მოწესრიგებას, კერძოდ, საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებებში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თავისი არსით წარმოადგენს შრომით საქმიანობას, უკავშირებს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ სფეროს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/9/556 საოქმო ჩანაწერი „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II.3). „კონსტიტუციის აღნიშნული ნორმები განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის N1/2/569 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II.1)… კონსტიტუციის 29-ე მუხლი „სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის N3/2/574 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II.18). „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის (და მეორე ნაწილის) მიხედვით, ნარკოტიკული დანაშულებისთვის უფლებაჩამორთმეულ პირს ერთმევა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი მსგავსი შინაარსის შეზღუდვას ითვალისწინებს განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის სტატუსის მქონე პირებისთვის. ისევე როგორც კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით, ამ შემთხვევაშიც სადავო ნორმებს არ გააჩნია გააჩნია საკმარისი ლეგიტიმური მიზნები და უფლებებში ჩარევა არის არაპროპორციული და შესაბამისად, კონსტიტუციის 29-ე მუხლთან შეუსაბამო. ვ) წინააღმდეგობა კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან.საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა გულისხმობს როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობას. შესაბამისად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ასევ მეორე ნაწილით) მსჯავრდებულებს ეზღუდებათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იმგვარად, რომ არ არსებობს შეზღუდვის საკმარისი ლეგიტიმური საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელეების აზრით, ადგილი აქვს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების დარღვევას. ზ) წინააღმდეგობა კონსტიტუციის მე-16 მუხლთან.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით ყველას აქვს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით დაცულია ყველა ის უფლებრივი კომპონენტი, რომელიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით აღიარებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში, მაგრამ მნიშვნელოვანია პიროვნების თავისუფალი განვითარების უზრუნველსაყოფად. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მეორე ნაწილებით, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით მოსარჩელეებს ერთმევათ მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებები, რომლებიც კონკრეტული ტიპის საქმიანობის განხორციელებასთან ერთად, არის პიროვნული თუ პროფესიული განვითარების, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნული უფლებებით სარგებლობა სუბიექტებისთვის არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან ინტერაქციით უზრუნველყონ საკუთარი პიროვნების განვითარება (რაშიც მოიაზრება მათ შორის პროფესიული განვითარებაც). სადავო ნორმებით შეზღუდული უფლებების მნიშვნელობიდან და მათი სოციალური აქტუალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახეზე იყოს მაღალი ლეგიტიმური მიზნები და საჯარო ინტერესი, რათა აღნიშნული შეზღუდვები მოექცეს კონსტიტუციურობის ფარგლებში. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმებთან მიმართებით საკმარისი ლეგიტიმური მიზანი და უფლებებში ჩარევის პროპორციულობის არ გვაქვს სახეზე, შესაბამისად, მოსარჩელეების მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმები ასევე არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
თ) წინააღმდეგობა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო აქტების მიხედვით, მოსამართლეს არ გააჩნია თავისუფალი მოქმედების ფარგლები, კერძოდ, კანონი აწესებს აბსოლუტურად განსაზღვრულ სანქციებს და მოსამართლეს არ გააჩნია შესაძლებლობა შეაფასოს დამნაშავედ ცნობილი პირის პიროვნული მახასიათებლები თუ მის მიერ ჩადენილი ქმედების ინდივიდუალური გარემოებები. სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებზე მსჯელობისას, სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებების ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას. მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს მოლოდინი და რეალური შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის 3/2/577 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II.30) საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. ხელისუფლების დანაწილების პრინციპს არ გააჩნია აბსოლუტური გაგება, კერძოდ, მის მიზანს წარმადგენს არამხოლოდ სახელისუფლებო შტოთა გამიჯვნა და მათი დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველყოფა, არამედ ურთიერთ კონტროლი და გაწონასწორება, რომელიც ერთმანეთის საქმიანობაში გარკვეული ხარისხით ჩარევას გულისხმობს, რათა შენარჩუნებულ იქნეს სახელისუფლებო მთლიანობა და თავიდან იქნეს აცილებული უკონტროლობით გამოწვეული თვითნებობა. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონი, თავის მხრივ, წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, რომელიც კონსტიტუციასთან ერთად წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც მოსამართლე კონკრეტული დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა. კანონის შესაბამისად მოქმედება წარმოადგენს არამხოლოდ კანონიერების პრინციპის განუყოფელ ელემენტს, არამედ ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების ერთერთ მექანიზმს. მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო შტოების მიერ ურთიერთკონტროლი ხელისუფლების დანაწილების კონცეფციის განუყოფელი ნაწილია, მისმა ზედმეტად ფართო მასშტაბით დაშვებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავად ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, და შედეგად გამოიწვიოს ხელისუფლების ერთი შტოს მიერ მეორის საქმიანობაში ჩარევის საფრთხე. სხვაგვარად, საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერი, რომ კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას მოსამართლე ემორჩილება კანონს, ვერ იქნება გაგებული ფორმალურად და აქ უნდა შეფასდეს თითოეული ამგვარი კანონის მატერიალური შინაარსი. განსახილველ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებთ ორ ასპექტზე. საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას წარმოადგენს ნორმატიული აქტის მიღება და ქცევის სავალდებულო წესის დადგენა, თუმცა ვერცერთ ნორმატიულ აქტს ვერ ექნება ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის ყველა ინდივიდუალური გარემოების კანონის ნორმატიულ შინაარსში გათვალისწინების პრეტენზია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართალდარღვევაზე რეაგირებასა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ფარგლებში არსებული უფლების დარღვევის საფრთხეების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, არსებობდეს უფლების დაცვის ეფექტიანი სისტემა. როგორც აღინიშნა, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანი სასამართლოს უფლებითა და საპროცესო გარანტიებით სრულყოფილ სარგებლობას. პასუხისმგებლობის დაკისრებისას ინდივიდი არ უნდა წარმოადგენდეს სამართალწარმოების ობიექტს და უნდა აღიჭურვოს დაცვის იმ მექანიზმებით, რასაც სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/3/601 გადაწყვეტილება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“ II.10). სასჯელი, თავისი ბუნებით, წარმოადგენს პირის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების საპასუხოდ გამოყენებულ მზღუდავ მექანიზმს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს დანაშაულის როგორც მაკვალიფიცირებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს, მაგ: ითანამშრომლა თუ არა პირმა გამოძიებასთან, ინანიებს თუ არა დანაშაულს და ა.შ. თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსამართლეს აქვს დისკრეცია, კონკრეტული დანაშაულის გარემოებების გათვალისწინებით, გამოიყენოს, ან არ გამოიყენოს იგი დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, და იმის მიხედვით, თუ რამდენად არსებობს რაციონალური კავშირი თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა და ამგვარი სანქციის გამოყენების მიზნებს შორის. ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ კანონით განსაზღვრული ნორმატიული მდგომარეობა, რომელიც იმავდროულად არის მოსამართლის საქმიანობის მასშტაბი, ვერ ამოწურავს ყოველ ინდივიდუალურ გარემოებას, რომლის შეფასებაც მოსამართლეს უწევს. სხვაგვარად, აბსოლუტურად განსაზღვრული სანქციები მოსამართლეს უსპობს კონკრეტული ქმედების შეფასების შესაძლებლობას და ასეთ ვითარებაში მოსამართლე გვევლინება „ნოტარიუსის“ როლში, რომლის ერთადერთ ფუნქციად დანაშაულის დადასტურება წარმოადგენს. ამგვარი მიდგომა კი სცილდება ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციურ პრინციპს და წარმოადგენს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევას, რადგან მოსამართლეს კანონმდებელი მოქმედების არეალის მიზერულ სივრცეს უტოვებს, რომლის ფარგლებშიც შეუძლებელი ხდება დანაშაულისა და დამნაშავის კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით, შესაბამისი მზღუდავი მექანიზმების გამოყენება. სახელისუფლებო უფლებამოსილების შტოებს შორის გადანაწილება, არ არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თვითმიზანი, იგი უპირველესად ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საშუალებაა. მართალია, ფიზიკური პირები უფლებამოსილნი არიან, იდავონ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით, თუმცა როდესაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა უშუალო საფრთხეს ქმნის ძირითადი უფლებებს, ასეთი დარღვევა უნდა განვიხილოთ, როგორც ძირითადი უფლებების უფლებრივი კომპონენტი. განსახილველ შემთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებთ კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით „ყველა ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამარათლოს“. ციტირებულ დებულებას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, როგორც ინსტრუმენტულ უფლებას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვან რეალიზებასთან. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლომ 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დაცულ სფეროში მოაქცია არამხოლოდ ცალკე აღებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, არამედ ის პროცესუალური გარანტიებიც, რომლებიც მნიშვნელობას სძენს ამ უფლების განხორციელებას, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არამარტო სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა იქნება თეორიული, ფიქციური და არა რეალური მექანიზმი უფლებების დასაცავად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის # 3/ 531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანიაშვილი, ნანა ჯანიაშვილი და ირმა ჯანიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ § II.2) „კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის იმგვარად განსაზღვრა, რომელიც პასუხობს სასამართლოს გზით კონსტიტუციური უფლების ადეკვატურ დაცვას. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება და ამ გზით უფლების დაცვის ეფექტური სამართლებრივი საშუალების მოთხოვნა თანმხვედრი უნდა იყოს სასამართლოს კომპეტენციისა, ადეკვატურად მოახდინოს უფლების დარღვევაზე რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად უფლების სარგებლობა დადგება საფრთხის ქვეშ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/2/421,422 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ §II.1) სასამართლო ხელისუფლების „უფლებამოსილება უნდა წარმოადგენდეს 42-ე მუხლის რეალიზაციის ეფექტურ შესაძლებლობას და, იმავდროულად, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის კონსტიტუციურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის # 1/ 466 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-3 მუხლის პირველი-მეოთხე პუნქტები ადგენენ უფლებების ჩამორთმევის აბსოლუტურად განსაზღვრულ ვადას, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამგვარი რეგულირება გამორიცხავს მოსამართლის, როგორც ინდივიდუალური გარემოებების ობიექტური შემფასებლის როლს, რაც არამხოლოდ წარმოადენს ჩარევას სასამართლოს საქმიანობაში, არამედ ზღუდავს პირის უფლებას, ობიექტურმა შემფასებელმა - მოსამართლემ, ჩადენილი ქმედების მახასიათებელი გარემოებების შესაბამისად მოახდინოს სასჯელის ინდივიდუალიზაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულს არ შეუძლია ზედა ინსტანციებში იდავოს მხოლოდ ჩამორთმეული უფლებების ზომასა და ინტენსივობაზე, რაც ასევე მოიაზრება დაცვის უფლების ნაწილად. ყოველივე აღნიშნული კი, ჩვენი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა