საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშის და ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის №2/1/702 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do2/1/702 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი |
თარიღი | 14 ივნისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 ივნისი 2024 15:51 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშის და ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის №2/1/702 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/1/702 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №702 კონსტიტუციური სარჩელი („კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა: ა) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით; (ბ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით.
2. დასახელებული სადავო ნორმები, სასამართლოს გამატყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის, ასევე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ითვალისწინებს შემდეგი უფლებების ჩამორთმევას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია); ვ) პასიური საარჩევნო უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევა ხდება სხვადასხვა ვადით - (სუბიექტების მიხედვით) 3, 5 ან 10 წლით. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა იწყება: თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა №702 კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა არგუმენტაცია და დაადგინა, რომ სადავო ღონისძიებების დაწესებით დაცული ლეგიტიმური საჯარო მიზნები - ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება გადაწონიდა შესაბამისი უფლებების ჩამორთმევით გამოწვეულ უარყოფით ეფექტებს. ამდენად, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების ჩამორთმევა არ ჩაითვალა აშკარად არაპროპორციული სასჯელის ზომად, ხოლო სადავო ნორმები მიჩნეული იქნა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისად (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 104-ე და 105-ე პარაგრაფები). გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაფასა პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევის დამდგენი გასაჩივრებული რეგულირების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა სასჯელის პროპორციულობას და მან ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა სადავო ნორმით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიების კავშირს დასახელებული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულ ისეთ სტანდარტებთან, რომლებიც არ მიემართება სასჯელის პროპორციულობას (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 115-ე პარაგრაფი).
4. განსხვავებული აზრის ავტორების პოზიციით, ჩვენმა კოლეგებმა არასათანადოდ განმარტეს სადავო ნორმებით განსაზღვრულ ღონისძიებათა თავსებადობა სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტთან და, ზოგადად, სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაკისრების მიზნებთან, შედეგად კი, არასწორად შეაფასეს გასაჩივრებული რეგულირების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით მოთხოვნებთან. ამასთან, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა და, მის მიერ წარსულში დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არაკონსტიტუციურად ეცნო სადავო რეგულირების საფუძველზე, პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით.
5. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე განსხვავებული აზრის მოტივაცია შეეხება თვისობრივად ერთმანეთისგან განსხვავებულ თემატიკას და კონსტიტუციის სხვადასხვა შინაარსის მქონე დებულებებს, ჩვენს პოზიციას აღნიშნულ საკითხებზე წარმოვადგენთ ცალ-ცალკე.
1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით
6. №702 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე, მათ შორის, სადავოდ ხდიდა, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისა და ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი პირისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ავტომატურ ჩამორთმევას. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით განსაზღვრულ უფლებათა შეზღუდვა, როგორც სასჯელის კონკრეტული სახე, არათანაზომიერად მკაცრია და, ინტენსივობით, უთანაბრდება სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახველი სასჯელის ხარისხს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.
7. საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 14 ივნისის №2/1/702 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური და ძლიერმოქმედი ნივთიერებების უკანონო ბრუნვა საზოგადოების წევრებისადმი ხელმისაწვდომს ხდის აღნიშნულ ნივთიერებებს. ამგვარი ნივთიერებებისადმი ხელმისაწვდომობა წარმოშობს რისკებს ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. სწორედ ამ რისკების შემცირებას ემსახურება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ იმ დანაშაულთა შემადგენლობები, რომელთა ჩადენისას გამოიყენება სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიებები. ამდენად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელები მიმართულია როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა, ისე საზოგადოების წევრების ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნების უზრუნველყოფისკენ. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს აქვს მაღალი ლეგიტიმაცია, განსაზღვროს სადამსჯელო ღონისძიებები, როგორც აკრძალული ნივთიერებების მომხმარებლის, ისე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სხვა პირების მიერ მოხმარების, უკანონო ბრუნვის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების დამატებითი პრევენციისთვის. საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, სადავო ღონისძიებების დაწესებით მიღწეული დადებითი ეფექტი გადაწონის შესაბამისი უფლებების ჩამორთმევით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიებები, მართალია, ახდენს დანაშაულის ჩამდენი პირის დისტანცირებას სოციალური ცხოვრების არაერთი სფეროდან, უზღუდავს მას თვითრეალიზაციისა და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას, თუმცა ჩადენილი ქმედებების საშიშროების, ამ ქმედებების პრევენციით აღკვეთილი საფრთხის ხარისხის გათვალისწინებით, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების ჩამორთმევა ვერ ჩაითვლება აშკარად არაპროპორციული სასჯელის ზომად და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს (იხ., №2/1/702 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 68-105 პარაგრაფები).
8. განსხვავებული აზრის ავტორები ვერ გავიზიარებთ №2/1/702 გადაწყვეტილებაში გამოხატულ პოზიციას სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელების კონსტიტუციის მე-9 მუხლთან შესაბამისობის საკითხზე. მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმების ამგვარი შეფასება ემყარება, ზოგადად, სასჯელის არსისა და მისი მიზნების, სახელმწიფოს მიერ სასჯელის დაკისრების პრინციპებისა და დაწესებული სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტის არასწორ აღქმას და ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.
1.1. სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების ზოგადი სტანდარტები
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
10. ადამიანის ღირსების დაცვა ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპია, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამასთან, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვალად იწვევს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16,17).
11. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... [ღირსების უფლებით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
12. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის საკითხი, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამისი მექანიზმები, მათ შორის, სასჯელის ეფექტიანი პოლიტიკა, რამდენადაც მხოლოდ დაცულ სოციუმშია შესაძლებელი თავისუფლების სრული მასშტაბით რეალიზება. თანამედროვე კონსტიტუციები სახელმწიფოს უდგენს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არ ჩაერიოს ძირითად უფლებათა განხორციელებაში, არამედ ავალდებულებს, პოზიტიური ქმედებებით უზრუნველყოს ამ ღირებულებათა დაცვა და შესაძლებელი გახადოს მათით სრულყოფილად სარგებლობა. „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45). ამ მხრივ, სახელმწიფოს ხელში მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმართვის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს დასჯადი ქმედებების განსაზღვრას, შესაბამისი სასჯელის დაწესებას და მის აღსრულებას. დანაშაულთან ბრძოლა საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა კონსტიტუციური ღირებულებების დაცვის და ადამიანის უფლებების/თავისუფლებების დარღვევის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია. მისი ეფექტიანად გამოყენება კი, სახელმწიფოსგან მოითხოვს კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირებას/აკრძალვას და დადგენილი წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენებას.
13. ამასთანავე, სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობისა და მისი კომპლექსურობის გათვალისწინებით, კანონმდებელი სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით. იგი უფლებამოსილია, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისად, განსაზღვროს სისხლის სამართლის პოლიტიკა, მათ შორის, დაადგინოს აკრძალულ ქმედებათა ჩამონათვალი და დააწესოს შესაბამისი სასჯელი. ამ პროცესში სახელმწიფოს ევალება საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი ქმედებების ანალიზი, პროგნოზირება, რეალური რისკების ობიექტურად შეფასება და, საფრთხეთა გასანეიტრალებლად, გონივრული ღონისძიებების გამოყენება.
14. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკითხის კომპლექსურობას, კიდევ უფრო მეტად ზრდის ის ფაქტორი, რომ სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის დაწესება და პირის დასჯა რეპრესიულობის მაღალი ხარისხით ხასიათდება და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანის ძირითად უფლებებს. მაგალითად, სისხლის სამართლის წესით დასჯად დანაშაულთა უმეტესობა სასჯელის სახედ ითვალისწინებს, ამა თუ იმ ვადით, თავისუფლების აღკვეთას. თავისუფლების აღკვეთა კი, თავის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, როდესაც, გარდა უშუალოდ პირის ფიზიკური თავისუფლებისა, იზღუდება მისი მთელი რიგი სხვა კონსტიტუციური უფლებები/თავისუფლებები. გარდა ამისა, პირის სოციუმისაგან იზოლირებას და ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სოციალურ სტატუსზე და ნორმალური ცხოვრებისათვის აუცილებელ მრავალ სხვა ასპექტზე.
15. სისხლის სამართლის პოლიტიკის შემადგენელი მექანიზმის არასწორმა, კონსტიტუციის საწინააღმდეგო გამოყენებამ, შესაძლოა, იგი თავად გადააქციოს იმ ღირებულებების დარღვევის წყაროდ, რომელთა დასაცავადაც უნდა ხდებოდეს მისი ინკორპორირება. ქმედების დასჯადობის განსაზღვრის პროცესში სახელმწიფოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ არ შეზღუდოს ადამიანების თავისუფლება ამა თუ იმ ქმედების აკრძალვის გზით, ხოლო, მეორე მხრივ, აკრძალული ქმედების ჩადენისთვის სახელმწიფოს პასუხი არ იყოს გადამეტებული, არაპროპორციული, რადგან ასეთი პასუხი სახელმწიფოს მხრიდან, ადამიანის თავისუფლების სფეროს თავისთავად შევიწროებას გულისხმობს. სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში (მის უფლებებში) ჩაერიოს ობიექტურად საჭიროზე მეტი დოზით, რადგან შედეგად, მიზნად გადაიქცევა ადამიანის შეზღუდვა და არა მისი დაცვა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
16. აქედან გამომდინარე, კანონმდებლის მიხედულების ფარგლები, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და პირის დასჯის კუთხით, ვერ იქნება შეუზღუდავი. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს დანიშნულებაა, რომ განსაზღვროს ამ სფეროში კანონმდებლის თავისუფალი მოქმედების ფარგლები. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს იმ ჩარჩოს და მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებსაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სასჯელი, მისი ინტენსივობა უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი და თვითმიზნური იქნება ისეთი სასჯელი, რომელიც აშკარად მკაცრი და არაგონივრულია, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას ან ზედმეტად შორდება მას. ასეთი ტიპის სასჯელები იწვევს ადამიანის ობიექტად განხილვას და უნდა შეფასდეს როგორც არაადამიანური. სწორედ აქ მთავრდება სასჯელის პოლიტიკის თავისუფლად განხორციელების სივრცე და კანონმდებელი იჭრება კონსტიტუციით აბსოლუტურად აკრძალულ სფეროში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
17. ამდენად, მიუხედავად კანონმდებლის მიხედულების ფართო ფარგლებისა, ქმედების კრიმინალიზების და სასჯელის დაწესების პროცესში ხელისუფლება არ უნდა გასცდეს კონსტიტუციით დადგენილ ზღვარს. პირისთვის სასჯელის დაწესების კონტექსტში კონსტიტუციით დაშვებული ფარგლები დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუკი კანონმდებლის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა მისი ფორმის, ხასიათის, გამოყენების წესის ან სიმკაცრის გამო, აშკარად არაპროპორციულია და უთანაბრდება სასტიკ, არაადამიანურ მოპყრობასა და სასჯელს. მაგალითად, თუ დადგინდება, რომ პირის პასუხისმგებლობის კონკრეტული ფორმა ან მისი გამოყენების წესი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, განპირობებული არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ობიექტური აუცილებლობით და არის უსაფუძვლო ტვირთი ადამიანის თავისუფლებისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, არაკონსტიტუციურად ცნოს იგი და, ამ გზით, აღმოფხვრას კონსტიტუციური უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის ფაქტი.
18. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, პირველ რიგში, ვიმსჯელებთ სასჯელის არსსა და მის მიზნებზე დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო ამის შემდეგ შევაფასებთ, უზრუნველყოფს თუ არა სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელი ამ მიზნების მიღწევას. თუ დადგინდება, რომ კონკრეტული სასჯელი მისი ფორმის ან გამოყენების წესის გამო არათუ ემსახურება, არამედ ხელს უშლის სამართლებრივ და დემოკრატიულ საზოგადოებაში სასჯელის დაწესების მიზნების მიღწევას, ცხადია, იგი ჩაითვლება თვითმიზნურ დასჯად და წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებთან.
1.2. სასჯელის არსი და მიზნები დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში
19. სოციუმში იმ ქმედებათა განსაზღვრა, რომელთა ჩადენაც საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის რისკების შემცველია, ისევე, როგორც ამ აკრძალვათა დარღვევის გამო სასჯელის დაწესება და პირის დასჯა გარდაუვალი მოცემულობაა. სახელმწიფოს მიერ სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრა ერთგვარი სოციალური კონტროლის და ასოციალური ქცევის პრევენციის მექანიზმია, რომელსაც გააჩნია იძულების პოტენციალი. იმისათვის, რათა სასჯელის დაწესებით, შესაძლებელი იყოს ზემოხსენებული ფუნქციების შესრულება, აუცილებელია, მას ჰქონდეს პირზე ზემოქმედების ეფექტი. როგორც წესი, სასჯელის დაწესება prima facie ნიშნავს პირის გარკვეულ უფლებათა შეზღუდვას, თუმცა დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სასჯელის დაწესება/დანიშვნა კონკრეტულ პენოლოგიურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და ვერ იქნება მხოლოდ პირისთვის სამაგიეროს მიზღვის ან შურისძიების საშუალება.
20. დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა თავისუფალ და ღირსებადაცულ ადამიანს/საზოგადოებას ეფუძნება და სწორედ ამგვარი სოციუმის შექმნისაკენ ისწრაფვის. სახელმწიფოში არსებული ნებისმიერი ინსტრუმენტი, თუნდაც ისეთი რეპრესიული მექანიზმი, როგორიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაა, სწორედ ამ მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს. შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებასა თუ მის შენარჩუნებაზე საუბარი მაშინ, როდესაც ამისათვის გამოყენებული მექანიზმი (მაგალითად, არაადამიანური, ღირსების და პატივის შემლახველი მოპყრობა და სასჯელი), თავისი არსით, წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანობისა და ჰუმანურობის ფუნდამენტურ ღირებულებებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისათვის, რომ კონკრეტული სასჯელის არსებობა გამართლებული იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, ის, თავად სასჯელის მიზნების მიღწევის ადეკვატური საშუალება უნდა იყოს. სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებული ნებისმიერი სასჯელი, თუ ის აცდენილი იქნება სასჯელის მიზნებს, თავად გახდება მიზანი. ადამიანის დასჯა სასჯელის მიზნების მიღმა, ამ მიზნების მიღწევის აუცილებლობის გარეშე ან მათ არაადეკვატურად, თავად დასჯას აქცევს სახელმწიფოს მიზნად და მთავარ ფუნქციად, შედეგად არარად აქცევს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40).
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა ამა თუ იმ სასჯელის დაწესება კონსტიტუციასთან თავსებადი იყოს, აუცილებელია, იგი უზრუნველყოფდეს სასჯელის ზოგადი მიზნების მიღწევას. ამასთანავე, სასჯელის მიზნები კუმულაციაში შეიძლება/უნდა იქნეს მიღწეული (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით მყარადაა დადგენილი სასჯელის მიზნები: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ანალოგიურ მიზნებზე მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილიც. ამდენად, პირისთვის შეფარდების ფორმისა და სიმკაცრის გათვალისწინებით, კონკრეტული ქმედებისთვის დაკისრებულ სასჯელს უნდა ჰქონდეს ობიექტური საფუძველი და უნარი, უზრუნველყოს სამართლიანობის აღდგენა, რესოციალიზაცია და პრევენციული ფუნქციის შესრულება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, უპირველესად, უნდა გაანალიზდეს, თუ რას გულისხმობს სასჯელის თითოეული მიზანი, კონკრეტულად რა მოთხოვნებს უყენებს იგი სახელმწიფოს სასჯელის დაწესების პროცესში და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასდება სასჯელის დაწესების გზით ამ მიზნების მიღწევის პოტენციალი. შემდგომ ეტაპზე კი უნდა გაირკვეს, რამდენად უზრუნველყოფს სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელი ამ მიზნების მიღწევას და, შესაბამისად, აკმაყოფილებს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
ა) სამართლიანობის აღდგენა
22. რამდენადაც, თავისი არსით, სასჯელი არის სახელმწიფოს რეაგირება პირის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევაზე, იგი მიმართული უნდა იყოს, მათ შორის, საზოგადოებაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენისაკენ. ამასთან, თავად სასჯელი, მისი დაკისრების წესის, ფორმისა და სიმკაცრის თვალსაზრისით, უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნას. სამართლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება ისეთი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც საზოგადოებაში თავად აჩენენ უსამართლობის განცდას.
23. სასჯელის დაკისრებით სამართლიანობის აღდგენაში, უპირველესად, მოიაზრება ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელება. მართლმსაჯულების ობიექტურობა კი გამოიხატება პროპორციული სასჯელის დაწესებასა და ამგვარი სასჯელის სწორი, კონსტიტუციის შესაბამისი ფორმით გამოყენებაში. სამართლიანობის აღდგენის მიზანი მიღწევადი ვერ იქნება მხოლოდ პირის საპროცესო უფლებების დაცვით, სათანადოდ განხორციელებული მართლმსაჯულებით, არამედ, აგრეთვე აუცილებელია, დაცული იყოს პირის არაპროპორციულად დასჯისაგან დაცვის მატერიალური უფლება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაზე სცდება ერთეული სუბიექტის (იქნება ეს ბრალდებული/მსჯავრდებული პირი თუ დაზარალებული) ინდივიდუალურ საჭიროებას და წარმოადგენს საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სახელმწიფომ სამართალდარღვევას გასცა სათანადო, პროპორციული პასუხი და ამ პროცესში დაცული იყო ძირითადი კონსტიტუციური ღირებულებები.
24. სამართლიანობის აღდგენის მიზანი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი სასჯელის გამოყენება დაეფუძნება ინდივიდუალური გარემოებებისა და ქმედებიდან მომდინარე საფრთხეების, ბრალის შეფასებასა და გათვალისწინებას. თუკი ადამიანის მკვლელობისა და ხულიგნობისათვის კანონმდებელი იდენტურად მკაცრ სასჯელს დააწესებს მხოლოდ იმის გამო, რომ ორივე მათგანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა, ცხადია, ამგვარი სასჯელით, მიუღწეველი დარჩება სამართლიანობის აღდგენის საჯარო ლეგიტიმური მიზანი. სამართლიანობის მიღწევის პენოლოგიური მიზნის იმანენტური ნაწილია, მათ შორის, სასჯელის ინდივიდუალიზაცია. შეუძლებელია, სახელმწიფოს პასუხი სხვადასხვა საფრთხის წარმომქმნელ ქმედებებზე, არსებითად განსხვავებულ ვითარებებზე იყოს იდენტური და ამან საზოგადოებას გაუჩინოს სამართლიანობის განცდა. სამართლიანობა, თავისი არსით, მიიღწევა ყველა რელევანტური გარემოების ცოდნით, შეფასებით, გათვალისწინებითა და მათზე დაყრდნობით, ადეკვატური შედეგის განსაზღვრით. ამასთან, კანონმდებელს, რა თქმა უნდა, ვერ მოეთხოვება, სასჯელის დაწესებისას გაითვალისწინოს ყველა რელევანტური გარემოება, მოახდინოს მათი დიფერენცირება და დეტალიზაციის მაღალი ხარისხით დაადგინოს შესაბამისი სასჯელი წინასწარ განუსაზღვრელი რაოდენობის ქმედებებისათვის. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები იყოს საკმარისად მოქნილი, რათა კანონშემფარდებელს (მოსამართლეს) მიეცეს შესაძლებლობა, შეძლებისდაგვარად, გაითვალისწინოს ყველა ინდივიდუალური გარემოება, პირის ბრალის ხარისხი და მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს ის სასჯელი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ობიექტურად აუცილებელია.
25. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, რომ სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს, სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლემ უნდა მოახერხოს, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინა პირობის სკრუპულოზური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45). ამდენად, მსჯავრდებულთა მიმართ ბლანკეტური მოპყრობა, როდესაც, სასჯელის დაკისრებისას, გამოირიცხება მათი ინდივიდუალური ქცევის, ბრალის, ქმედების ხარისხის თუ სხვა მახასიათებლების შეფასების შესაძლებლობა, ვერ იქნება თავსებადი სასჯელის დანიშვნის მიზნებთან.
26. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი მიღწევადია, თუკი, ერთი მხრივ, ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი იქნება ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის დაკისრება მოხდება დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
ბ) პრევენციის ფუნქცია
27. სასჯელის დაკისრების მიზანი არის არა მხოლოდ ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელება და ამით დარღვეული სამართლიანობის აღდგენა, არამედ პრევენციაც. ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ მიზანს, ცენტრალური მნიშვნელობა აქვს დანაშაულის წინააღმდეგ სახელმწიფოს ეფექტიან სისხლისსამართლებრივ პოლიტიკაში. განსხვავებით სამართლიანობის აღდგენის მიზნისგან, რომელიც მეტწილად ორიენტირდება წარსულში დარღვეული მართლწესრიგის აღდგენაზე, პრევენცია მიმართულია მომავალში დამნაშავის პიროვნებისგან მომდინარე საფრთხეების მინიმალიზაციისკენ. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ სახელმწიფოს პასუხი მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით - საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
28. სასჯელის პრევენციულ მიზანზე მსჯელობისას, განცალკევებით უნდა იყოს განხილული მისი ორი ასპექტი: სპეციალური და ზოგადი პრევენცია. პირველი მიმართულია კონკრეტული სუბიექტისკენ და მისი მიზანია, რომ სოციალური სიკეთის დამაზიანებელი პირი, მსჯავრდებული, გარკვეული დროით იზოლირდეს თავისუფალი საზოგადოებისგან ან/და მისდამი განსაზღვრულ სასჯელს ჰქონდეს ჩადენილ ქმედებებზე იმგვარი ზემოქმედების ეფექტი, რომ თავიდან იქნეს აცილებული მართლწინააღმდეგობის რეციდივი. რაც შეეხება ზოგად პრევენციას, მისი მიზანი არ არის წინასწარ იდენტიფიცირებული მსჯავრდებულისგან მომავალში მოსალოდნელი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების პრევენცია, არამედ სასჯელის პრაქტიკული აღსრულებით, ყველა შესაძლო დანაშაულებრივი მიდრეკილების მქონე პირისთვის მაგალითის ჩვენებით მათი წინმსწრები ფსიქოლოგიური იძულება/საკანონმდებლო დაშინება. შესაბამისად, განსხვავებით სპეციალური პრევენციისგან, სასჯელის ზოგადი პრევენციული მიზანი ორიენტირდება სოციუმის აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა ჯგუფებზე, რომელთაც დანაშაული ჯერ არ ჩაუდენიათ, შედეგად კი, მაგალითის ჩვენებით ცდილობს მართლწესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან მომდინარე საფრთხეების წინასწარ შემცირებას.
29. თანამედროვე სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა ეფუძნება როგორც სპეციალურ, ისე ზოგად პრევენციულ მიზნებს, რადგან სასჯელს პოტენციურ დამნაშავეებზე მხოლოდ მაშინ აქვს რეალური ეფექტი, როდესაც არსებობს მისი ფაქტობრივი მაგალითებით გამყარებული აღსრულების მოლოდინი. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იგივე დანაშაულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. ანუ მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
30. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის პრაქტიკაში არაერთხელ გაიმეორა, რომ ღირსების უფლებაზე დაფუძნებულ მმართველობის სისტემაში ადამიანი არ შეიძლება, გახდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, რადგან იგი არის თავისთავადი მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება, მათ შორის, სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების პროცესშიც, უფრო ზუსტად კი, სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებაც სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-54).
31. იმ შემთხვევაში, თუ სასჯელის დაკისრება დეტერმინირებული იქნება მხოლოდ სხვათა შეკავების მიზნით, ის, ცხადია, უსამართლო იქნება, რადგან დაუშვებელია ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის ultima ratio ინსტრუმენტების გამოყენება მხოლოდ ან უპირატესად იმის გამო, რომ სხვები მიდრეკილნი არიან ასოციალური ქცევისკენ. სასჯელი, რომელიც მეტწილად განპირობებულია ზოგადი პრევენციული მიზნით, არ არის პირის ბრალის ხარისხისა თუ მისგან მომდინარე რეციდივის საშიშროების პროპორციული, არამედ გამომდინარეობს საზოგადოებაში არსებული ზოგადი კრიმინოგენური ფონიდან, შესაბამისად, იგი კონკრეტულ ინდივიდს აქცევს სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტად, რაც გარდაუვალად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სასჯელის ზოგადი ნეგატიური პრევენციის ფუნქცია, ცხადია, მნიშვნელოვანია და ის მუშაობს, მაგრამ მისი მიზნობრივი ქმედითობა მიღწევადია მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტული ქმედებისთვის დაკისრებულ სასჯელს აქვს ობიექტური საფუძველი და უნარი, უზრუნველყოს სამართლიანობის აღდგენის, რესოციალიზაციის და სპეციალური პრევენციის ფუნქცია. ამ ფუნქციებთან ბუნებრივი თავსებადობის გარეშე, მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანზე ორიენტირებით სასჯელის დაწესება ან გამოყენება არღვევს ბალანსს, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს და ემსახურებოდეს სასჯელის დანიშვნა ზოგადად. გაუმართლებელია პირისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ზემოქმედებისთვის, ვინაიდან თავისთავად ეს გარემოება სასჯელს უხეშად არაპროპორციულ სასჯელად აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-53).
გ) რესოციალიზაციის მიზანი
32. სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ პატივი სცეს ადამიანის ღირსებას და ხელი შეუწყოს მის სოციალურ ინტეგრაციას მაშინაც კი, როდესაც პირი ბრალეული მოქმედებით აზიანებს საზოგადოებრივ სიკეთეს. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი და მთავარი ფასეულობა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30). ადამიანის ღირსების უფლებაზე დამყარებული ღირებულებითი წესრიგი და მისგან მომდინარე კონსტიტუციური დაცვა ქმნის საფუძველს იმისა, რომ მსჯავრდებულს მიეცეს სოციუმში რეინტეგრაციის შესაძლებლობა. სწორედ ადამიანის ღირსების აღიარება წარმოადგენს რესოციალიზაციის საფუძველს, ხოლო რესოციალიზაცია - ადამიანის ღირსების დაცვის საშუალებას.
33. სამართალდამრღვევ პირთა რესოციალიზაცია იმდენად ფართო და კომპლექსური საკითხია, რომ შეუძლებელია მისი შემოფარგვლა მხოლოდ სასჯელის დანიშვნის პროცესით. რესოციალიზაცია, ზოგადად, სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია და მის შუქზე უნდა მოხდეს ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიღება. რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია პენიტენციური სისტემისა თუ სახელმწიფოს სადამსჯელო პოლიტიკის განმსაზღვრელ პრინციპად მიიჩნევა მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებითა და სასამართლოთა პრაქტიკით. ამასთანავე, აღიარებულია სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები რესოციალიზაციის პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით - იგი არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე კონკრეტული კონცეფციით და ხელისუფლებას, ეფექტური პოლიტიკის შემუშავებისას, აქვს ფართო თავისუფლება, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს რესოციალიზაციის მიზნის უგულებელყოფას სასჯელის განსაზღვრისა თუ დანიშვნის პროცესში.
34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს, სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-47). სასჯელის პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი, რესოციალიზაციის მოთხოვნა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მიღწეული, თუ, სასჯელის მოხდის შემდეგ, მსჯავრდებულს ექნება საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობები. პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში რეაბილიტაცია, როგორც მიზანი და ღირებულება, სახელმწიფოსგან მოითხოვს პირის მსჯავრდებიდან მომდინარე არასაჭირო ბარიერების შემცირებას, მათთან გამკლავებაში დახმარებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვის ხელშეწყობას.
35. სასჯელის მოხდის შემდეგ, იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება საზოგადოებაში, როგორც წესი, იქმნება გარკვეული სტიგმა, წინასწარგანწყობა და ნეგატიური დამოკიდებულება, რაც უშლის ხელს პირის სრულყოფილ რესოციალიზაციას. ამის ფონზე, საზოგადოებაში დაბრუნებული პირის მიმართ არსებული სამართლებრივი შეზღუდვები, განგრძობადი სასჯელები (ამა თუ იმ სფეროში დასაქმების აკრძალვა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და სხვა), ბუნებრივად, ამცირებს სრულყოფილი რეინტეგრაციის შესაძლებლობას. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ პირს, კონკრეტული მიზნისა და საჭიროების გარეშე, არ დაუწესდეს დამატებითი ბარიერები, რათა მან შეძლოს, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება, ისარგებლოს თავისუფალ ცხოვრებასთან ასოცირებული შესაძლებლობებითა და რისკებით ისე, რომ მომავალში აღარ დაარღვიოს მართლწესრიგი. შესაბამისად, რესოციალიზაციის მოთხოვნას აქვს თავდაცვითი ფუნქცია, რამდენადაც, უშუალოდ, სოციუმის ინტერესშივეა, რომ მსჯავრდებულმა ხელახლა არ მიაყენოს ზიანი საზოგადოებრივ სიკეთეებს. ამ მხრივ, რესოციალიზაციის მიზნის მიღწევის მოთხოვნა, მათ შორის, მომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებისგან, უზრუნველყოს მოქალაქეთა გრძელვადიანი უსაფრთხოება. ამდენად, სასჯელის ისეთი მიზნები, როგორებიცაა რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის თავიდან არიდება, არათუ უპირისპირდება, არამედ, გარკვეულწილად, ავსებს კიდეც ერთმანეთს.
36. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მოთხოვნაზე ორიენტირება, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, რომ სასჯელის სხვა ისეთი მიზნების აღსასრულებლად, როგორებიცაა სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, განახორციელოს გარკვეული ქმედებები. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, სახელმწიფოს ჰქონდეს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ, შესაძლოა, კვლავ მოხდეს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთის დაზიანება და კონკრეტული რისკების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილად ჩაითვალოს პირის მიმართ განგრძობადი შეზღუდვების დაწესება. ასეთ შემთხვევაში, სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას მესამე პირები და სოციუმი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, თუმცა არა რესოციალიზაციის პრინციპის სრული უგულებელყოფის ხარჯზე. როგორც უკვე აღინიშნა, რესოციალიზაციის პრინციპს მრავალგვარი გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების პროცესში, თუმცა დაუშვებელია, რომ კანონით განსაზღვრული სასჯელი მისი დანიშვნის ფორმის, გამოყენების წესის ან სიმკაცრის გათვალისწინებით, რაციონალური დასაბუთების გარეშე, ამცირებდეს ან სრულად გამორიცხავდეს პირის რესოციალიზაციის შესაძლებლობას.
1.3. სადავო ნორმების შესაბამისობის შეფასება სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურ სტანდარტთან
ა) სადავო ნორმების არსი
37. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლის ვადით ჩამოერთმევა შემდეგი უფლებები: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია); ვ) პასიური საარჩევნო უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 - ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 5 წლის ვადით.
38. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს, თუ ვინ ითვლება ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ, ნარკოტიკული საქმიანობის და ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობ პირად. კერძოდ, ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი არის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 2731 მუხლის პირველი ნაწილით ან/და 275-ე მუხლით/ 276-ე მუხლით (თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა) გათვალისწინებული დანაშაული. ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი განიმარტება როგორც პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი), 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე, 272-ე ან 273¹ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი კი განიმარტება როგორც პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა.
39. ამდენად, სადავო ნორმები ითვალისწინებს შემდეგი უფლებების ჩამორთმევას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევა ხდება სხვადასხვა ვადით - (სუბიექტების მიხედვით) 3, 5 და 10 წლით. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა იწყება: თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს კონკრეტულ სასჯელებს (ძირითად და დამატებით) ამა თუ იმ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის გამო. სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა კი, როგორც სასჯელი, პირს ავტომატურად ენიშნება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელთან ერთად.
40. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს ავტომატური წესით ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირისათვის უფლებების ჩამორთმევა, დანიშვნის ფორმის, გამოყენების წესისა და ძირითადი უფლებებით სარგებლობაზე, მისი გავლენის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს თუ არა სასჯელის დაკისრების მიზნების მიღწევას. თუკი კონკრეტული ტიპის სასჯელი, ამა თუ იმ ფაქტორის გამო, ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციით გათვალისწინებული პენოლოგიური მიზნების მიღწევას, გამოდის, რომ პირისთვის მათი დაკისრება თვითმიზნური ხასიათისაა და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.
ბ) სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელის დაკისრების ფორმა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი
41. საკონსტიტუციო სასამართლოს №2/1/702 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა, კონსტიტუციის მიზნებისათვის, უნდა ჩაითვალოს სასჯელად. ეს ღონისძიებები მიმართულია არა რომელიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მხრიდან მომდინარე რაიმე კონკრეტული საფრთხის აღსაკვეთად, არამედ, ზოგადად, ასეთი კატეგორიის დანაშაულის ეფექტიანად დასჯის მიზნით. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევა, ძირითადად, იმისათვის ხდება, რათა მკაცრ მოპყრობას დაექვემდებაროს ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირი და, ამგვარად, უზრუნველყოფილი იყოს, ზოგადად, ამ დანაშაულის ჩადენის პრევენცია (იხ., №2/1/702 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე–19-მე–20 პარაგრაფები).
42. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციების ანალიზით დგინდება, რომ გასაჩივრებული ნორმებით განსაზღვრული ღონისძიება კონსტიტუციის მიზნებისათვის წარმოადგენს სასჯელს. რაც შეეხება სასჯელის დანიშვნის ფორმას - უფლებების ჩამორთმევა ხდება ავტომატურად, პირის სადავო კანონში მითითებულ დანაშაულებში მსჯავრდების შემდეგ. სასჯელის ავტომატური დანიშვნა, თავისი არსით, გულისხმობს იმას, რომ სასჯელის სახით ამა თუ იმ ღონისძიების განსაზღვრა წარმოადგენს არა სამართალშემფარდებლის, მოსამართლის უფლებამოსილებას, არამედ კანონი თავად ადგენს უფლებათა ჩამორთმევის წინაპირობას და საქმის განმხილველ მოსამართლეს არ შეუძლია, სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის დისკრეციული გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად, დანიშნოს ან არ დანიშნოს უფლებათა ჩამორთმევა სასჯელად, შეამციროს ან გაზარდოს უფლებათა ჩამორთმევის ვადა, ჩამოართვას არა კანონით განსაზღვრული ყველა უფლება, არამედ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე. ამდენად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელის გამოყენების საკითხს და მის წინაპირობებს სრულად წყვეტს კანონის ბლანკეტური ჩანაწერი.
43. როგორც უკვე აღინიშნა, სასჯელის დაწესების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ეს უკანასკნელი კი მიღწევადი იქნება მხოლოდ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პირობებში. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი კი მოითხოვს, რომ ამა თუ იმ სასჯელის სახე, მისი ზომა და ხანგრძლივობა, ისევე, როგორც მათი გამოყენების საჭიროება უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური გარემოებების, საქმის სირთულის, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეების, ქმედების ჩადენის წინაპირობების, მოტივების, შედეგების, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების შეფასებისა და გათვალისწინებით. იმისათვის, რომ სასჯელის დაკისრება ინდივიდუალიზაციის პრინციპის მოთხოვნას პასუხობდეს, აუცილებელია, ან თავად კანონმდებელმა მოახდინოს დანაშაულთა კატეგორიების, მათგან მომდინარე საფრთხეების, ჩადენილი ქმედების თუ ჩამდენი პირის ინდივიდუალური თავისებურებების დიფერენციაცია და ყოველი მათგანისათვის, დასახელებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სათანადო სიმკაცრის სასჯელის განსაზღვრა ან ამგვარი საშუალებით აღჭურვოს სამართალშემფარდებელი, რომელსაც ექნება იმის ბერკეტები, რომ რელევანტური გარემოებების შეფასების გზით, მიიღოს გადაწყვეტილება პირის დასჯის საჭიროებასა და ფარგლებთან დაკავშირებით.
44. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმებით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევა ვრცელდება, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მომხმარებელზე, ხოლო, მეორე მხრივ, ნარკოტიკული საქმიანობის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობ პირებზე (კონკრეტულ დანაშაულთა ჩამონათვალი იხ., №2/1/702 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 36-45 პარაგრაფებში). დასახელებული დანაშაულები მოიცავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ დანაშაულებს, ე.ი. ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც დასჯადად აცხადებს, ერთი მხრივ, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების პირად მოხმარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ამგვარი ნივთიერებების აშკარად პირადი მოხმარების მიზნით დამზადებას, შეძენას, შენახვასა და გადაზიდვას. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე მიემართება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სხვა პირების მიერ მოხმარების/უკანონო ბრუნვის ხელშეწყობასთან/საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებულ დანაშაულებს - დანაშაულებს, რომლებიც ხელს უწყობს აკრძალული ნივთიერებების მოხმარებას და ბრუნვას.
45. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს ნარკოტიკული საშუალებების და პრეკურსორების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ძლიერმოქმედი ნივთიერებების საკმაოდ მრავალრიცხოვან ჩამონათვალს. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებისა და ძლიერმოქმედი ნივთიერების სხვადასხვა სახეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან მათი დანიშნულებით, მოქმედების ეფექტით, მიღების ფორმით, მიჩვევისა და ადამიანის ჯანმრთელობისადმი საფრთხის ხარისხით. აღნიშნულის მიუხედავად, სადავო ნორმა, ავტომატურად და იდენტურად სჯის ნებისმიერი აკრძალული ნივთიერების მომხმარებელს, ისე, რომ პირის მსჯავრდების მიღმა, დამატებით არ ფასდება სხვა რაიმე რელევანტური გარემოებები, რომლებსაც შესაძლოა, გავლენა მოეხდინათ მსჯავრდებული პირისათვის დაკისრებულ სასჯელზე - უფლებათა ჩამორთმევაზე.
46. რაც შეეხება ნარკოტიკული საქმიანობის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობ პირებზე სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელების გავრცელებას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო მოხმარებასა და ბრუნვას, ხელს უწყობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულები, რომლებიც ითვალისწინებს დასჯადობას ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიც არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება (260-ე და 261-ე მუხლები), აღნიშნული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა (262-ე და 263-ე მუხლები), დასახელებული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა (264-ე მუხლი), ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება (265-ე მუხლი), სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა (266-ე მუხლი), ამგვარი ნივთიერების საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება (267-ე და 268-ე მუხლები), სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა (269-ე და 270-ე მუხლები), ასეთი ნივთიერებების უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა (271-ე მუხლი) და ასეთი ნივთიერებების მოხმარებაზე დაყოლიება (272-ე მუხლი). ამასთან, ამ მახასიათებლებით გამოირჩევა ამავე თავით გათვალისწინებული სხვა დანაშაულები, რომელთა ჩადენამაც ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა გამოიწვია.
47. აღნიშნული ნარკოტიკული დანაშაულები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ შემადგენლობებს შეიცავს. ბუნებრივია, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებასთან, შეძენასთან, დამზადებასა თუ გასაღებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქმედება სრულიად განსხვავებული შინაარსის საფრთხეებს შეიცავს და სხვადასხვაა მათგან მომდინარე რისკებიც. მაგალითად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის ერთი კონკრეტული პირისათვის ერთჯერადად დათმობა (აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში მოქცევისა და საჯარო ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით, ბევრად უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს, ვიდრე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა (სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მითითებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე). ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებიდან მომდინარე განსხვავებულ საფრთხეებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ამა თუ იმ ნარკოტიკული დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სიმკაცრის სასჯელის ზომებს.
48. აღნიშნულის მიუხედავად, სადავო ნორმები არ ითვალისწინებს რაიმე ფორმის ინდივიდუალურ მიდგომას ან კონკრეტულ საქმესთან მიმართებით რელევანტური გარემოებების გათვალისწინების შესაძლებლობას. ყოველ ჯერზე, როდესაც პირი მსჯავრდებული გახდება სადავო ნორმებში მითითებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში, მას ავტომატურად ჩამოერთმევა მთელი რიგი უფლებები. გარდა ამისა, რამდენადაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას, უფლებათა ავტომატური ჩამორთმევა ხდება განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, გულისხმობდეს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მრავალწლიან პერიოდსაც კი, განსაკუთრებით რთულდება გონივრული ვარაუდი იმის შესახებ, ასეთ შორეულ მომავალში ცალკეული მსჯავრდებულისგან მომდინარე საფრთხეები იქნება თუ არა კვლავ რელევანტური, ხოლო შეფარდებული სასჯელი - ბრალის ინდივიდუალურ ხარისხთან თავსებადი. ბუნებრივია, სასჯელის ამგვარი, ავტომატური შეფარდება ისე, რომ არც კანონმდებლობა ითვალისწინებს სათანადო დიფერენციაციას ჩადენილ ქმედებებსა და ჩამდენის პიროვნულ მახასიათებლებს შორის და არც სამართალშემფარდებელს ეძლევა ინდივიდუალური გარემოებების შეფასების უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპსა და სასჯელის დანიშვნით სამართლიანობის აღდგენის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
გ) სადავო ნორმებით ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიზნის მიღწევა
49. როგორც უკვე აღინიშნა, სასჯელის დაკისრებას გააჩნია ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, თუმცა დამოუკიდებელი ასპექტი - მომავალში დანაშაულის ჩადენის ზოგადი და სპეციალური პრევენციის ფუნქცია. მოპასუხის წარმომადგენლებმა საქმის განხილვის არსებით სხდომაზე არაერთხელ მიუთითეს, რომ გასაჩივრებული რეგულირების განსაზღვრისას სახელმწიფოს მიზანი იყო მკაცრი სასჯელების დაწესება სადავო ნორმებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რათა ამგვარი სასჯელის პოლიტიკით მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების, ისევე, როგორც, ზოგადად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის პრევენცია. აღნიშნული არგუმენტაცია ცალსახად მიუთითებს სადავო ნორმებით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ზოგადი პრევენციის მიზანზე.
50. ბუნებრივია, რაც უფრო მკაცრი იქნება ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი და სახელმწიფოს საპასუხო რეაქცია, მით უფრო მაღალი იქნება მოლოდინი, რომ სანქციის შიშით, ნაკლები ადამიანი ჩაიდენს ცალკეულ დანაშაულს. თუმცა დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია, რომ პირი სამაგალითოდ დაისაჯოს მკაცრად მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებმა იგივე ქმედება არ ჩაიდინონ. ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევა სასჯელის დაკისრების გამართლებისათვის საკმარისი საფუძველი რომ იყოს, მაშინ აღარ იარსებებდა არაპროპორციულად მკაცრი სასჯელის აკრძალვის კონსტიტუციური მოთხოვნაც. სხვაგვარად, დაუშვებელია სახელმწიფომ პირის დასჯა აქციოს სხვებისთვის საჩვენებელ მაგალითად, ერთგვარ დიდაქტიკურ მეთოდად და განსაკუთრებულად მკაცრი სადამსჯელო პოლიტიკა გაამართლოს მარტოოდენ დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნით.
51. სასჯელის განსაზღვრის დროს კანონმდებელმა, ზოგადი პრევენციის მიზანთან ერთად, აუცილებელია, მხედველობაში მიიღოს ის რისკები და საჭიროებები, რომლებიც შესაძლოა, მომდინარეობდეს (ან არ მომდინარეობდეს) კონკრეტული აკრძალული ქმედებიდან/სამართალდამრღვევის პიროვნებიდან. სწორედ ამას გულისხმობს სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი - პირისათვის დაკისრებული სასჯელი საკმარისი უნდა იყოს მისი ქმედებიდან ან პიროვნებიდან მომდინარე საფრთხის ნეიტრალიზებისათვის და გადამეტებულად, არაპროპორციულად არ სჯიდეს მას ისეთი ინტერესების მისაღწევად, რომლებიც სცდება სასჯელის დაკისრების ფუნქციას და იწვევს მის ობიექტივიზაციას.
52. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმებით უფლებების ჩამორთმევა უკავშირდება ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ნარკოტიკული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების ფაქტს. აღნიშნული მათლსაწინააღმდეგო ქმედებები სრულიად განსხვავებულ რისკებს შეიცავს საზოგადოებრივი სიკეთეების დაზიანების კუთხით, ისევე, როგორც განსხვავებული შეიძლება იყოს სხვადასხვა მსჯავრდებულისგან მომდინარე საფრთხეები. გასაჩივრებული ნორმების ანალიზი მიუთითებს, რომ უფლებათა ჩამორთმევის სადავო ღონისძიებები მიმართულია არა რომელიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მხრიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხეების აღსაკვეთად, არამედ, ზოგადად, ასეთი კატეგორიის დანაშაულის მკაცრად დასჯისკენ. უფლებების ჩამორთმევა, ძირითადად, იმისათვის ხდება, რომ მკაცრ მოპყრობას დაექვემდებაროს ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირი და, ამგვარად, უზრუნველყოფილი იყოს, ზოგადად, ამ დანაშაულის ჩადენის პრევენცია.
53. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების შეფარდება ავტომატურია, რაც გულისხმობს, რომ სასჯელის დაკისრების არც ერთ ეტაპზე არ ხდება მსჯავრდებულის პიროვნების, მაგალითად, ჩადენილ დანაშაულთან სამსახურებრივი მდგომარეობის ან საქმიანობის ფორმის კავშირის, მისგან მომდინარე რისკების ანალიზი და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. გამორიცხული არ არის, ცალკეულ შემთხვევაში, პირი საკუთარ საქმიანობას ან თანამდებობას იყენებდეს ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის და მისგან ნამდვილად მომდინარეობდეს ისეთი საფრთხე, რომელიც გაამართლებდა, სამომავლოდ, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. თუმცა კანონმდებლის მიერ არჩეული სასჯელის დაკისრების წესი ცხადად მეტყველებს, რომ მას არ ამოძრავებს ინდივიდუალური საფრთხეების პრევენციის მიზანი - ამოსავალი წერტილია ნარკოდანაშაულის ჩადენის ზოგადი პრევენცია, აღნიშნულის მისაღწევად კი გამართლებულად მიაჩნია ყველა პირისათვის ერთგვაროვნად მკაცრი სასჯელის დაწესება.
54. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმებით დაწესებული სასჯელი და მისი დაკისრების ფორმა პირს აქცევს მკაცრი ნარკოპოლიტიკის წარმართვის ინსტრუმენტად, ამგვარი ობიექტივიზაციით კი, ილახება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის ღირსება.
დ) სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელის დაკისრების გავლენა პირის რესოციალიზაციაზე
55. როგორც უკვე აღინიშნა, სასჯელის დაკისრების პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი მსჯავრდებულის რესოციალიზაციაა, რაც გულისხმობს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, პირმა უნდა შეძლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვა და ინტეგრაცია. რესოციალიზაციის მოთხოვნა დეტერმინირებულია სწორედ ადამიანის ღირსების აღიარებით და იგი სახელმწიფოსგან მოითხოვს პირის მსჯავრდებიდან მომდინარე არასაჭირო ბარიერების შემცირებას, მათთან გამკლავებაში დახმარებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად რეინტეგრაციის ხელშეწყობას. იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა გავლენა შეიძლება, იქონიოს სადავო ნორმებით გათვალისწინებულმა სასჯელებმა პირის რესოციალიზაციაზე, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად რა მასშტაბით და ფარგლებში ხდება უფლებათა შეზღუდვა და რა ეფექტი ექნება ამ აკრძალვებს პირის სოციუმში ინტეგრაციის შესაძლებლობაზე.
56. სადავო ნორმები ვრცელდება სოციალური ცხოვრების ფართო არეალზე და ხანგრძლივად ზღუდავს ადამიანის შესაძლებლობას, განახორციელოს მთელი რიგი საქმიანობა. გასაჩივრებული კანონი ითვალისწინებს შემდეგი უფლებების ჩამორთმევას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება.
57. ცხადია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა ფუნდამენტურ გავლენას ახდენს პირის შესაძლებლობაზე, ინტეგრირდეს საზოგადოებაში და სოციუმში დაშვებული ქცევის წესების შესაბამისად, განაგრძოს ცხოვრება. ერთ-ერთი უფლება, რომლის ჩამორთმევასაც სადავო ნორმა ითვალისწინებს, არის სატრანსპორტო საშუალების მართვა. ამ უფლების ჩამორთმევას სხვადასხვაგვარი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასა და თვითრეალიზაციაზე. თუკი პირისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა მხოლოდ გადაადგილების ფორმას წარმოადგენს, მას, რა თქმა უნდა, შეექმნება დისკომფორტი და ნეგატიურ გავლენას იქონიებს, მათ შორის, მიმოსვლის თავისუფლებით სარგებლობის ხარისხზე. თუმცა შესაძლოა, მართვის უფლებასთან დაკავშირებული იყოს პირის ძირითადი საქმიანობა, სატრანსპორტო საშუალების მართვა წარმოადგენდეს მისი შემოსავლის უმთავრეს წყაროს (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს №1/4/535 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). უფლების ჩამორთმევის ინტენსივობა ბევრად უფრო მაღალია, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა არის პირის შემოსავლის (რიგ შემთხვევებში, შეიძლება ერთადერთი) წყარო და ამ საქმიანობის განხორციელებაზეა დამოკიდებული მისი ფინანსური კეთილდღეობა.
58. გარდა ამისა, სადავო ნორმები ზღუდავს პირის შესაძლებლობას, განახორციელოს საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობა, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნება, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. დასახელებული შეზღუდვა შეეხება საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის საკმაოდ ფართო არეალს და იწვევს ჩარევას ადამიანის პროფესიული საქმიანობის თავისუფლების მნიშვნელოვან სეგმენტში. შეზღუდვა განსაკუთრებით ინტენსიურია იმ პირებთან მიმართებით, ვისი უშუალო პროფესიული საქმიანობაც დაკავშირებულია საექიმო და ფარმაცევტულ სფეროსთან. ამასთან, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესიული საქმიანობის განხორციელების აკრძალვით და ასევე მიემართება ფარმაცევტული პროდუქტის სარეალიზაციო ობიექტის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებას. შესაბამისად, პირს აგრეთვე ეზღუდება სამეწარმეო თავისუფლება.
59. სადავო ნორმები, მათ შორის, ითვალისწინებს საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევასაც. საადვოკატო საქმიანობა, როგორც წესი, ხორციელდება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირების მიერ. თუკი ასეთი პირი მოექცევა სადავო ნორმებით დაწესებული აკრძალვის მოქმედების სფეროში, მას ჩამოერთმევა არა მხოლოდ საადვოკატო საქმიანობის, არამედ პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში დასაქმების უფლება. ამგვარი ფართო აკრძალვის დაწესება კი, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ პირს ეკრძალება საკუთარი პროფესიული განათლების შესაბამისად ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელება, რადგანაც მნიშვნელოვნად მცირდება იმ სფეროთა რაოდენობა, რომელშიც შესაძლებელია, რომ იურიდიული განათლების მქონე პირი დასაქმდეს.
60. სადავო ნორმებით, აგრეთვე გათვალისწინებულია პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, პედაგოგიური საქმიანობა არის მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს საგანმანათლებლო დაწესებულების ერთიან დეფინიციას. კანონმდებლობა იცნობს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნებებს და სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა ვრცელდება ყველა მათგანში საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლებაზე. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა არ შეეხება მხოლოდ საგანმანათლებლო-პედაგოგიურ სფეროს და ვრცელდება ნებისმიერი ტიპის საქმიანობაზე, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხორციელდება.
61. სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესით, პირებს ასევე ერთმევათ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება. დასახელებული შეზღუდვა შეეხება მოქალაქეთა უმნიშვნელოვანეს უფლებას, დაიკავონ თანამდებობა საჯარო ხელისუფლების ორგანოებში და იყვნენ არჩეული არჩევით პოზიციებზე. გარკვეული ვადით საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლების, აგრეთვე პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა, ზღუდავს ადამიანის სამოქალაქო უფლებებს და აფერხებს პირის თვითრეალიზებისა და სახელმწიფო მმართველობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას.
62. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის შეფასებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ უფლებების ჩამორთმევა ხდება სხვადასხვა ვადით - (სუბიექტების მიხედვით) 3, 5 და 10 წლით, შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა კი იწყება: თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს კონკრეტულ სასჯელებს (ძირითად და დამატებით) ამა თუ იმ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის გამო. სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა კი, როგორც სასჯელი, პირს ავტომატურად ენიშნება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელთან ერთად.
63. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული შემზღუდველი ღონისძიებები ვრცელდება ადამიანის სოციალური ცხოვრების ფართო სპექტრზე და ხანგრძლივად ართმევს მას ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, როგორიც არის – სატრანსპორტო საშუალების მართვა, ცალკეული პროფესიული საქმიანობის ტიპები (საექიმო, ფარმაცევტული, საადვოკატო, პედაგოგიური), საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებებში საქმიანობა.
64. სისხლის სამართლის დანაშაულში მსჯავრდების შემდეგ, როდესაც პირი მოიხდის დაწესებულ სასჯელს და ცდილობს საზოგადოებაში რეინტეგრაციას, სოციუმში უკვე არსებობს მის მიმართ შექმნილი წინასწარი უარყოფითი განწყობა და სტიგმა. ყოფილ მსჯავრდებულებს უჭირთ სტაბილური სამსახურის პოვნა და ცხოვრებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების მოძიება. უკვე არსებული სტიგმისა და სოციალური წნეხის პირობებში, სახელმწიფოს მიერ მსჯავრდებულისათვის ისეთი სასჯელის დაკისრება, რომელიც მას, საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ, დროის ხანგრძლივი პერიოდით უკრძალავს კონკრეტულ სფეროში დასაქმებას და საქმიანობის განხორციელებას, რა თქმა უნდა, დამატებით ართულებს მის რესოციალიზაციას და, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, გახდეს კანონდარღვევის ხელახლა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზიც კი.
65. ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლებელია პირის მიერ ჩადენილი ქმედებიდან ან მისი პიროვნული მახასიათებლიდან მომდინარეობდეს იმგვარი საფრთხე, რომელიც აუცილებელს გახდის მისთვის განგრძობადი სასჯელის (მაგალითად, გარკვეული ვადით, კონკრეტული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის განხორციელების უფლების) დაკისრებას. თუმცა ეს უნდა ხდებოდეს არა ავტომატურად, კანონით განსაზღვრული ბლანკეტური პირობის დაკმაყოფილებისთანავე, არამედ რელევანტური გარემოებების შეფასების შედეგად, სათანადო საფრთხის გამოვლენისა და მისი ნეიტრალიზაციის მიზნით. სხვა სიტყვებით, კანონმდებელი უფლებამოსილია, შექმნას სასჯელის დანიშვნის მოქნილი სისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება საფრთხეთა განეიტრალებაზე, თუმცა, იმავდროულად, თავიდან აიცილებს არასაჭირო, არაპროპორციული შეზღუდვების დაწესებას.
66. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმებით დადგენილი სასჯელის დაკისრება ხდება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის უგულებელყოფით. ამასთან, გასაჩივრებული სასჯელების ძირითად მიზანს წარმოადგენს პირის სამაგალითოდ დასჯა, რადგან მკაცრი ნარკოპოლიტიკის წარმოებით, მოხდეს ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ზოგადი პრევენცია. სხვაგვარად, სახელმწიფო მსჯავრდებულის შემთხვევას აქცევს საჩვენებელ, „ჭკუის სასწავლებელ“ მაგალითად, რათა მოახდინოს სხვების - დანაშაულის პოტენციურად ჩამდენი პირების ასოციალური ქცევის წინასწარი კორექტირება. ცხადია, რომ ინდივიდუალიზაციის გარეშე, კონკრეტული ქმედებისგან და პირისგან მომდინარე საფრთხეების შეფასების არარსებობის პირობებში დაკისრებული სასჯელით, რომლის მთავარ მიზანსაც სახელწმიფოს მიერ კონკრეტულ დანაშაულთა ჩამდენი პირების განსაკუთრებული სიმკაცრით დასჯა წარმოადგენს, ხელი შეეშლება მსჯავრდებულ პირთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას. სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესით სასჯელის დაკისრებისას კანონმდებელი თეორიულადაც კი არ ცდილობს მსჯავრდებულთა რეინტეგრაციის მიზნის მიღწევას.
67. საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ სასჯელის დანიშვნით მიიღწეოდეს მისი მიზნები, წარმოადგენს, მათ შორის, სამართლის ჰუმანურობის პრინციპის ელემენტს. ეს უკანასკნელი მიმართულია არა მხოლოდ სამართლის, არამედ საზოგადოების პროგრესული განვითარებისაკენ. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის ჰუმანურობის მიღწევა და ამ გზით მისი განვითარება მუდმივი მიზანია, რომლის ხელშეწყობა, უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა, ბუნებრივია, იმ ზღვრამდე, ვიდრე ეს არ დაუპირისპირდება სამართლისა და კანონის სხვა მიზნებსა და ძირითად ფუნქციას. ადამიანებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ საზოგადოების და სამართლის განვითარების, პროგრესული, ჰუმანური აზროვნების პოზიტიური შედეგებით. პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის, ამასთან, იმ წესითა და ფარგლებში, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნების მისაღწევად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/6/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62-64). სწორედ სასჯელის დანიშვნის პოლიტიკის განსაზღვრისას და მისი შეფარდების პროცესში უნდა ვლინდებოდეს სამართლის ჰუმანურობის პრინციპი და საზოგადოებაში არსებული პროგრესი.
68. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დანაშაულისათვის სასჯელის სახეობის/ოდენობის განსაზღვრის, პენოლოგიური პოლიტიკის შემუშავების პროცესში თითოეული სასჯელის მიზნისა თუ ფუნქციის დადგენისას, სახელმწიფომ ფრთხილი მიდგომა უნდა გამოიყენოს. კერძოდ, თუ სასჯელი დანაშაულთან მიმართებით არაპროპორციულია და არ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნებს, თუკი არ არის ახალი დანაშაულის ასაცილებლად და მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის ეფექტიანი ღონისძიება, მაშინ მისი აღსრულებით გამოწვეული ტანჯვა, თავისთავად, იქნება დამატებითი, გაუმართლებელი დასჯა და, შედეგად, ადამიანის ღირსების ხელყოფა, რადგან სასჯელი და, ზოგადად, პასუხისმგებლობა ასცდება მათსავე მიზნებს და გადაიქცევა პოტენციური შურისძიების იარაღად. შედეგად, სამართალი და კანონი დაკარგავს თავის ძირითად ფუნქციას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/6/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 51).
69. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ სადავო ნორმებით დაწესებული სასჯელის უპირველესი მიზანი არის პირის სამაგალითოდ მკაცრად დასჯა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ზოგადი პრევენცია. აღნიშნულის მიღმა, სადავო ნორმებით დაწესებული უფლებების ჩამორთმევა, არ ემსახურები სასჯელის არც ერთი მიზნის მიღწევას. სასჯელის ავტომატურად, ინდივიდუალიზაციის პრინციპის გარეშე დაკისრება, არათუ სამართლიანობის აღდგენის საშუალებაა, არამედ თავად წარმოადგენს უსამართლობის დამატებით წყაროს. ამ ფორმით პირის დასჯა მიმართულია არა პირისა თუ ქმედებიდან მომდინარე რეალური საფრთხის ნეიტრალიზებაზე, არამედ მკაცრი სანქციით საზოგადოების დაშინებაზე. ამასთან, სადავო ნორმით დადგენილი უფლებების ჩამორთმევა ვრცელდება ადამიანის სოციალური ცხოვრების იმდენად ფართო სპექტრზე და ისეთი ხანგრძლივობით ართმევს მას რიგი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, რომ ხელს უშლის მსჯავრდებული პირების სათანადო რესოციალიზაციას სოციუმში და, უფრო მეტიც, შესაძლოა, პირიქით აიძულოს პირი, რომ ჩაიდინოს ხელახალი დანაშაული, რადგან მას აღარ რჩება ლეგალური საქმიანობის განხორციელების სივრცე. ამდენად, მივიჩნევთ, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
70. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელის პროპორციულად მიჩნევის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად №2/1/702 გადაწყვეტილების ავტორებმა დაასახელეს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობა, უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლების ალბათობით. ასევე ის გარემოება, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ, პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, შესაძლებელია, მას ვადამდე აღუდგეს ჩამორთმეული უფლებები ან შეუმცირდეს უფლებების ჩამორთმევის ვადა. მითითებულთან დაკავშირებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების დადება წარმოადგენს არა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებას, არამედ პროკურორის უფლებამოსილებას. ისევე, როგორც პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებაზეა დამოკიდებული, თუ სასჯელის რა ნაწილისგან გაათავისუფლებს პირს. ამასთანავე, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ სადავო ნორმით დაწესებული სასჯელები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, ის ფაქტი, რომ ვადაზე ადრე შეიძლება მოხდეს პირისათვის კონსტიტუციის საწინააღმდეგო წესით ჩამორთმეული უფლებების აღდგენა, ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს ნორმების არაკონსტიტუციურ ბუნებაზე.
71. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს.
2. პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა
72. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის სახელწოდებაა „უფლებების ჩამორთმევა“. მითითებული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, 3 წლის ვადით ჩამოერთმევა პასიური საარჩევნო უფლება. ხოლო აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლის ვადით. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო რეგულირებით დადგენილი სადამსჯელო ღონისძიება, მათ შორის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ საარჩევნო უფლებას.
73. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული რეგულირებით დადგენილი იყო პროპორციული სასჯელი, შესაბამისად, არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით სადავო ღონისძიებების არაკონსტიტუციურობის შესახებ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით გასაჩივრებული რეგულირების კონსტიტუციურობა არ შეაფასა. №2/1/702 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ, ზოგადი წესის თანახმად, სასჯელის სიმკაცრე ფასდება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა გამორიცხული არ არის სასჯელის მომწესრიგებელი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება სხვა კონსტიტუციურ დებულებებთან, თუკი საქმე ეხება არა სასჯელის პროპორციულობის, არამედ ძირითადი უფლებიდან მომდინარე სხვა კონსტიტუციური სტანდარტის შეფასებას. მაგალითზე მსჯელობისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებაზე, რომლის თანახმად, „სიკვდილით დასჯა აკრძალულია“. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მითითებულ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია ადგენს არა სასჯელის პროპორციულობის სტანდარტს, არამედ - განსაზღვრავს სიცოცხლის უფლების მოთხოვნას სასჯელთან დაკავშირებით. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, რომ სასჯელის კონსტიტუციურობაზე გარკვეულ მოთხოვნას შეიცავდეს კონსტიტუციის სხვა დებულებებიც, თუმცა მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხის შეფასება შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნისა და არგუმენტაციის ფარგლებში, რაც, ჩვენი კოლეგების აზრით, №702 კონსტიტუციურ სარჩელში არ იყო წარმოდგენილი (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 113-ე, 114-ე და 115-ე პარაგრაფები).
74. განსხვავებული აზრის ავტორები ვიზიარებთ პოზიციას, რომ სასჯელის კონსტიტუციურობა, თუკი საკითხი ეხება გასაჩივრებული რეგულირების წინააღმდეგობას ძირითადი უფლებიდან მომდინარე სხვა კონსტიტუციურ სტანდარტებთან, უნდა შეფასდეს სწორედ ამ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით. ამასთან, მივიჩნევთ, რომ №702 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული იყო სათანადო სასარჩელო მოთხოვნა და არგუმენტაცია, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ეცნო სადავო რეგულირების საფუძველზე, პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით.
75. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა.“ საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რაც, მათ შორის, მოიცავს პირის შესაძლებლობას, მოახდინოს პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაცია და არჩევნების გზით დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულია ისეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რომლის გამართვის და ჩატარების საფუძველსაც თავად კონსტიტუცია ქმნის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეფასებულიყო საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის არჩევის პროცესში პირის პასიური მონაწილეობის უფლების დროებით ჩამორთმევის კონსტიტუციურობა.
76. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორცილებეს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით“. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ „წარმომადგენლობითი დემოკრატია ხალხის მიერ წარმომადგენლების არჩევასა და მათი მეშვეობით სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობას, სუვერენული ძალაუფლების განხორციელებას გულისხმობს. ამავე დროს, წარმომადგენლების არჩევასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები აღჭურვილნი არიან უფლებით, უშუალო მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების საქმიანობაში და დაიკავონ სახელმწიფო თანამდებობა. შესაბამისად, მოქალაქეებს უფლება აქვთ, არა მხოლოდ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით განახორციელონ საკუთარი სუვერენული ძალაუფლება, არამედ თავადვე იყვნენ წარმომადგენლები და აქტიური როლი შეასრულონ სახელმწიფო მმართველობის პროცესში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამდენად, არჩევნები მოქალაქეთა მიერ სახალხო სუვერენული ძალაუფლების პრაქტიკული რეალიზების მნიშვნელოვანი მექანიზმია, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მოთხოვნაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც პროცესში სახელმწიფოს დისტანცირებით არის შესაძლებელი.
77. №702 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა, მოქალაქეობის გარდა, არ მოითხოვს სპეციალური კვალიფიკაციის ქონას ან/და სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულირების საფუძველზე, აღნიშნული უფლების ჩამორთმევა წარმოადგენდა ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში არაკონსტიტუციურ ჩარევას. გასაჩივრებული ნორმისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზიდან ირკვევა, რომ პასიური საარჩევნო უფლება, სასამართლოს გამატყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ჩამოერთმევა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლის ვადით, ხოლო ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს - 5 წლის ვადით. ამასთან, მითითებული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა იწყება: თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. სადავო ნორმის საფუძველზე, პირს 3 ან 5 წლის ვადით ერთმევა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების მიზნით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, შესაბამისად, იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლებრივი სფერო.
78. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საარჩევნო უფლების სპეციფიკიდან და, ზოგადად, არჩევნების ბუნებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ არჩევნების გზით თანამდებობის დაკავება მოითხოვს სპეციფიკურ კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიებსა და სტანდარტებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). ძირითადი უფლებების დამდგენი კონსტიტუციური ნორმები, როგორც წესი, თავად მიუთითებს მათი შეზღუდვის ფარგლებსა და საფუძვლებზე. ამ ნორმებისგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი არ შეიცავს მისი შესაძლო შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საარჩევნო უფლების მქონე სუბიექტებს - საქართველოს ყოველი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს. ხოლო მუხლის მე-2 პუნქტი კი მიუთითებს არა შეზღუდვის დადგენის ზოგად საფუძველზე, არამედ საარჩევნო უფლების მქონე სუბიექტებისგან ამორიცხავს მკაფიოდ განსაზღვრულ პირთა წრეს, მათ შორის, მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული რეგულირებით დადგენილი პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა არ მოქმედებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ამორიცხავს საარჩევნო უფლების სუბიექტებიდან მკაფიოდ განსაზღვრულ პირთა ჯგუფს, რელევანტური ვერ იქნება.
79. მიუხედავად იმისა, რომ 24-ე მუხლი არაფერს ამბობს დაცული უფლების სფეროს შესაძლო შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებზე, ხსენებული გარემოება საარჩევნო უფლების აბსოლუტურობაზე არ მიუთითებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სხვა უფლებების მსგავსად, თანაზომიერების პრინციპის განუხრელი დაცვით, საარჩევნო უფლების შეზღუდვაც დასაშვებია იმგვარად, რომ არ დაირღვეს მისი არსი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-27; ასევე იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
80. საკონსტიტუციო სასამართლოს თანმიმდევრული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციურ ტერმინებს ავტონომიური შინაარსი აქვთ, რომლებიც შესაძლოა, სულაც არ ემთხვეოდეს კანონმდებლობაში არსებულ განმარტებებს. სხვა შემთხვევაში, საფრთხე შეექმნებოდა საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას - ეფექტიანად იყოს დაცული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ცხადია, გამონაკლისი არ არის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის არსებითად მნიშვნელოვან უფლებას და რომლის ფარგლების განსაზღვრა ვერ იქნება მიკუთვნებული ორდინალური კანონმდებლის დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ, უშუალოდ კონსტიტუციის ტექსტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უნდა იქნეს განმარტებული. განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ სადავო რეგულირების კონსტიტუციურობის შეფასებისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვის კონსტიტუციით დასაშვები ფარგლები.
81. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, პირი ვერ იღებდა მონაწილეობას საკრებულოს წევრის არჩევნებში, თუკი იგი, არჩევნების დანიშვნამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში, მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არჩევითი თანამდებობის დასაკავებლად ამა თუ იმ შეზღუდვის დაწესება წარმოადგენს დამკვიდრებულ კონსტიტუციურსამართლებრივ ინსტიტუტს და ამგვარი მოთხოვნის არსებობა, თავისთავად, არ არის შეუთავსებელი პასიურ საარჩევნო უფლებასა და დემოკრატიულ მმართველობასთან. ამასთან, სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულ არჩევნებზე დაუშვებელია კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი მოთხოვნის დაწესება და ამ უფლების ორდინალური კანონმდებლობით შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება საუკეთესო კანდიდატის ან/და ასარჩევ თანამდებობასთან ობიექტურად ყველაზე მეტად შესაფერისი კანდიდატის შერჩევის უზრუნველყოფა. სასამართლოს განმარტებით, გამონაკლისია მხოლოდ ისეთი შემთხვევა, როდესაც კანონით დადგენილი მოთხოვნის მიზანია თავად დემოკრატიულ მმართველობასა და ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპების წინააღმდეგ იმ საფრთხეების პრევენცია, რომლებიც მომდინარეობს ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე არჩევიდან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29, 34, 37, 38).
82. თანამედროვე წარმომადგენლობითი დემოკრატიის ლეგიტიმაციის პირველწყარო თავისუფალი არჩევნებია, რის უზრუნველსაყოფადაც მნიშვნელოვანია, სახალხო ნების ფორმირებაზე ზეგავლენის მინიმალიზება არა მხოლოდ არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესებზე, არამედ, აგრეთვე არჩევნების წინარე, მოსამზადებელ პერიოდზეც, როდესაც ხდება, მათ შორის, კანდიდატთა იდენტიფიცირება. ამ მხრივ, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი ფარული კენჭისყრით ასარჩევი თანამდებობის პირთა ნუსხას, თუმცა აგრეთვე ადგენს სხვადასხვა სახის შეზღუდვას/ცენზს, რომელიც კონსტიტუციის 24-ე მუხლით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. მაგალითისათვის, კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დადგენილია საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევისთვის ცენზები - „პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც“. კონსტიტუციით განსაზღვრული დემოკრატიული სახელმწიფოს ზოგადი პრინციპის თანახმად, არჩევნების გზით თანამდებობის დაკავება სრულიად არის მინდობილი პოლიტიკურ პროცესს, ამომრჩევლის ნება ყალიბდება ქვემოდან ზემოთ და არა - პირიქით, რაც გულისხმობს, რომ ასარჩევი კანდიდატის სამანდატო საქმიანობასთან შესაბამისობა წყდება ამომრჩევლის ნების და არა კანონმდებლის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. თუმცა თავისუფალი არჩევნებიც კი, აბსოლუტურად ვერ გამორიცხავს იმ საფრთხეებს, რომლებმაც შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ დემოკრატიული მმართველობა და მისი ძირითადი ღირებულებები. კერძოდ, ყურადღების მიღმა არ შეიძლება დარჩეს ის გარემოება, რომ, როგორც ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, დემოკრატიული პროცესების ბოროტად გამოყენებით, შესაძლებელია თავად დემოკრატიულ მმართველობასა და ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს შეექმნას მნიშვნელოვანი საფრთხე. სწორედ აქედან გამომდინარე, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპზე დაყრდნობით, კანონმდებელი უფლებამოსილია, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები კანდიდატთან მიმართებით, თუმცა ეს მოთხოვნები უნდა მიემართებოდეს ვიწროდ დემოკრატიული მმართველობისა და მისი ძირითადი ღირებულებებისათვის რისკის შემცველი ქმედებების ნეიტრალიზებას. ამგვარ მაგალითს წარმოადგენს თავად საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
83. ამდენად, ცალკეულ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუცია თავად გამორიცხავს პოლიტიკური პროცესებიდან და დემოკრატიული მმართველობის სისტემიდან გარკვეულ სუბიექტებს. ამასთან, ბუნებრივია, ამგვარი საფრთხეების და მათი პრევენციის შესაძლო მეთოდებს კონსტიტუცია ამომწურავად ვერ განსაზღვრავს. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, კანონმდებლობით დადგინდეს ამ უფლების შეზღუდვა, თუმცა როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ №3/3/600 გადაწყვეტილებაში განმარტა, საარჩევნო პროცესში პირთა მონაწილეობის აკრძალვის მიზანი ვერ იქნება საუკეთესო კანდიდატის ან/და ასარჩევ თანამდებობასთან ობიექტურად ყველაზე მეტად შესაფერისი პირის შერჩევის უზრუნველყოფა. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც კანონმდებელი აწესებს მატერიალურ შეზღუდვებს საარჩევნო უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით და პირს ორდინალური კანონმდებლობით უზღუდავს არჩევნების გზით თანამდებობის დაკავების უფლებას. „[საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით] დაცულ სფეროში ამგვარი ჩარევა არა მხოლოდ ზღუდავს პასიურ საარჩევნო უფლებას, არამედ გავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების ადეკვატურ ასახვაზე. ამდენად, მიზანშეწონილობის კუთხით საარჩევნო უფლებით სარგებლობაზე კანდიდატისთვის შეზღუდვების დაწესების დაშვებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ მმართველობას. არც ერთ სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის, არც სასამართლოს არ აქვს სათანადო კომპეტენცია, კონსტიტუციის მიღმა დაადგინოს/შეაფასოს საარჩევნო უფლებით სარგებლობის მიზანშეწონილობის კრიტერიუმები და მათი მართლზომიერება. სხვაგვარად, ამგვარი შეზღუდვის არსებობა/დასაშვებობა, ექსკლუზიურად, საქართველოს კონსტიტუციაზეა დამოკიდებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).
84. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა საქმის განხილვის არსებით სხდომაზე ხაზგასმით მიუთითეს, რომ სადავო რეგულირებით დადგენილი სადამსჯელო ღონისძიება, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირებს გარკვეული ვადით უზღუდავს პასიურ საარჩევნო უფლებას და, შესაბამისად, შესაძლებლობას, დაიკავონ ისეთი სახელმწიფო თანამდებობები, რომელთა განხორციელებაც მოითხოვს განსაკუთრებით მაღალ პასუხისმგებლობას. განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც სარწმუნოს გახდიდა, რომ სადავო რეგულირება განპირობებულია, ცალკეულ პირთა მხრიდან მომდინარე, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საფრთხის პრევენციის მიზნით. მეტიც, აშკარაა, რომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი სრულიად მიემართება კანდიდატის შესაბამისობის უზრუნველყოფას დასაკავებელ თანამდებობასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად კი, როგორც აღინიშნა, კანონმდებელი არ არის უფლებამოსილი, დაადგინოს შეზღუდვა პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის, რომელიც უკავშირდება თანამდებობასთან მეტად შესაბამისი, კვალიფიციური კანდიდატის არჩევის ზოგად მიზანშეწონილობას, რადგან მითითებული საკითხი დამოკიდებულია კონსტიტუციაზე, რომელიც არჩევნების გზით თანამდებობის დაკავებას ექსკლუზიურად პოლიტიკურ პროცესსა და ამომრჩევლის თავისუფალ ნებას ანდობს.
85. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ მოპასუხე მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია ეხებოდა მხოლოდ უკეთესი, სახელმწიფო თანამდებობასთან შესაფერისი კანდიდატის შერჩევის უზრუნველყოფას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ვერ გამოდგება პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო, სადავო რეგულირების საფუძველზე, პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი