საქართველოს მოქალაქეები - კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/12/702 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ივლისი 2017 15:50 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 28-ე მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - გურამ იმნაძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №702) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა: კონსტანტინე ლაბარტყავამ, მალხაზ ნოზაძემ და ირაკლი გიგოლაშვილმა. №702 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2015 წლის 17 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 18 აპრილს.
2. №702 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოთვლის იმ უფლებებს, რომლებიც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა. კერძოდ, „ა“, „დ“ ქვეპუნქტები ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლის ვადით ჩამოართმევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლებას, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებას; საადვოკატო საქმიანობის უფლებას; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებას. ამავე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით პირს ჩამოერთმევა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება. აღნიშნული პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი გულისხმობს იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევას. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, ხოლო მე-16 მუხლი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას განამტკიცებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლება, ხოლო მე-2 პუნქტი არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უზღუდავს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ არის ცნობილი ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინა. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია საქართველოს მოქალაქის უფლება, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „შრომა თავისუფალია“.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები სასამართლომ სხვადასხვა დროს დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში „სსკ“) 260-ე და 273-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის №1/54-15 განაჩენით, კონსტანტინე ლაბარტყავა დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალების მოხმარება), რისთვისაც სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით და სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის №1/26-15 განაჩენით, მალხაზ ნოზაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანას“ უკანონო შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 800 საათის ხანგრძლივობით. მასზე ასევე 5 წლის ვადით გავრცელდა სადავო ნორმებით განსაზღვრული შეზღუდვები.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის №1/2303-14 განაჩენით, ირაკლი გიგოლაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ დიდი ოდენობით შეძენა/შენახვა), რისთვისაც სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც ერთი წლისა და 6 თვის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 5 წლის ვადით ჩამოერთვა სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებები.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სადავო ნორმები შინაარსობრივად ემსგავსება სსკ-ის მე-40 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთ სახეს - თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. აღნიშნული სასჯელი, ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გულისხმობს მსჯავრდებულისათვის აკრძალვას, დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას. შესაბამისად, სსკ-ით მითითებული ნორმების საფუძველზე, მოსამართლეს უკვე აქვს შესაძლებლობა, მსჯავრდებულს დაუწესოს იმგვარი აკრძალვები, რომლებიც შინაარსობრივად ემსგავსება სადავო ნორმებით დადენილ შეზღუდვებს, თუმცა განსხვავებული ვადით. კერძოდ, სსკ-ის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს 6 თვიდან 3 წლამდე ვადით, ხოლო სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის ვადები მერყეობს 3-დან 10 წლამდე დანაშაულის ბუნების გათვალისწინებით. ამასთან, ხსენებული სასჯელი შეიძლება გამოიყენებოდეს იმ შემთხვევებშიც, როცა იგი კონკრეტული დანაშაულის დამდგენი მუხლით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მტკიცებით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა რეალურად წარმოადგენს სასჯელის სპეციალურ სახეს. ამას დამატებით მოწმობს ის ფორმალური მოწესრიგებაც, რომლის თანახმადაც, ხსენებული უფლებების ჩამორთმევა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება.
10. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, მსჯავრდებულისათვის გამამტყუნებელი განაჩენის თანმდევ შედეგს წარმოადგენს ნასამართლობის სტატუსიც. კანონმდებლობა პირდაპირ არ ადგენს მის საკანონმდებლო დეფინიციას, თუმცა სსკ-ის 79-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება განისაზღვროს მისი რეალური მიზანი - დანაშაულის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილება, რადგან ნასამართლობა დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ამ უკანასკნელის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. შესაბამისად, ამგვარი სტატუსის ქონა, თავისთავად, არ ნიშნავს პირის მიერ სასჯელის მოხდის რეჟიმში ყოფნას და იგი მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნასამართლობის მქონე პირი ჩაიდენს ხელახალ დანაშაულს. მართალია, მათ ამ სტატუსის ქონის პერიოდში ავტომატურად ეზღუდებათ გარკვეული უფლებები, რაც რეგულირდება სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით და, როგორც წესი, მოიცავს სუბიექტთა ვიწრო წრეს, მაგრამ, ამ მხრივ, ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს განსაკუთრებით ზოგადი ხასიათის შეზღუდვას ამგვარი სტატუსის მქონე პირებისათვის, საჯარო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული რიგი უფლებების შეზღუდვის მექანიზმები, მოსარჩელეთა მტკიცებით, უნდა ჩაითვალოს სასჯელის ფორმად, რომელიც დამატებით ზღუდავს მსჯავრდებულთა უფლებებს.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით განსაზღვრულ უფლებათა შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილება, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობის, მოხმარებისა და გავრცელების პრევენცია, აგრეთვე კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა. აღნიშნულის მიუხედავად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა კავშირში არ არის ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ან ნარკოტიკული დანაშაულის გავრცელების ხელშეწყობასთან. პირის მიერ ამ უფლებებით სარგებლობა ავტომატურად არ ზრდის დანაშაულის ჩადენის რისკებს.
13. მოსარჩელეთა განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა უფრო მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები (გარდა ნარკოტიკული დანაშაულებისა), მოსარჩელეებთან შედარებით, სარგებლობენ მნიშვნელოვანი უპირატესობით, რაც მიუთითებს ამ უკანასკნელთა მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობასა და მის მაღალ ინტენსივობაზე. კერძოდ, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულები ვერ ჩაითვლებიან მომეტებული საშიშროებისა და დანაშაულის რეციდივის მომეტებული საფრთხის მატარებელ სუბიექტებად, რადგან თავად ნარკოტიკული დანაშაული არ წარმოადგენს ყველაზე მაღალი საშიშროების მქონე დანაშაულს, რაც აუცილებელს გახდიდა ასეთი ქმედების ჩამდენ პირთა მიმართ განსაკუთრებული, დამატებითი მზღუდავი მექანიზმების გამოყენებას.
14. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულისა და დამნაშავის პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, მოსამართლე უფლებამოსილია და არა ვალდებული, სასჯელის სახით გამოიყენოს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ხოლო გამოყენების შემთხვევაში - განსაზღვროს ამგვარი სასჯელის ზომა და კონკრეტული ფორმა. აღნიშნულისგან განსხვავებით, სადავო ნორმები კონკრეტულად ნარკოტიკული დანაშაულებისათვის ადგენს სპეციალურ სანქციებს და მოსამართლეს პირდაპირ ავალდებულებს, რომ გასაჩივრებული ნორმებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა გამოიყენოს როგორც სასჯელის კონკრეტული სახე, კანონით ზუსტად განსაზღვრული ფორმითა და ზომით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად უკავშირდება იგი ჩადენილ ან შესაძლო განმეორებად დანაშაულს.
15. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, არსებითად თანასწორ პირთა მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას ადგენს ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. კერძოდ, შესადარებელ ჯგუფებად განიხილებიან, ერთი მხრივ, პირები, რომელთაც არ აქვთ ნასამართლობის სტატუსი ან ამგვარი სტატუსი შეუჩერდათ/გაუქარწყლდათ და, მეორე მხრივ, ამგვარი სტატუსის მქონე პირები. მოსარჩელეთა მტკიცებით, ნასამართლობის სტატუსის არსსა და მიზანს წარმოადგენს ერთხელ უკვე სასჯელმოხდილი პირის მიერ განმეორებით იგივე ან სხვა დანაშაულის ჩადენის პრევენცია. ამ მიზნით, აღნიშნული სტატუსის გათვალისწინება შესაძლებელია უშუალოდ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ან სასჯელის შეფარდებისას. თუმცა სასჯელის სრულად მოხდის შემდგომ იგი არ უნდა განიხილებოდეს როგორც სასჯელის გაგრძელება და, თავისთავად, არ უნდა ქმნიდეს მისდამი განსხვავებული მოპყრობის საფუძველს.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
17. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმები ურთიერთობის იმდენად ფართო სპექტრს მიემართება, რომ ისინი გავლენას ახდენენ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაზე და გააჩნიათ მსუსხავი ეფექტი. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმები პირს ართმევენ მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებების განხორციელების შესაძლებლობას, რომელიც კონკრეტული ტიპის საქმიანობასთან ერთად გულისხმობს პიროვნული თუ პროფესიული განვითარების, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
18. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებით შეზღუდული უფლებების მნიშვნელობიდან და მათი სოციალური აქტუალობიდან გამომდინარე, შეზღუდვისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებისა და მაღალი საჯარო ინტერესის არსებობა. მიუხედავად ამისა, ამგვარი მიზნები, ისევე როგორც ჩარევის პროპორციულობა, არ იკვეთება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა აზრით, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
19. მოსარჩელეთა განმარტებით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა, თავისი არსით სასჯელის სამართლებრივი ბუნების მატარებელია. მიუხედავად დანაშაულისა და სასჯელის განსაზღვრისას სახელმწიფოს ფართო მიხედულებისა, კანონმდებელი შებოჭილია კონსტიტუციური პრინციპებითა და ძირითადი უფლებებით. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს აბსოლუტურად განსაზღვრული სანქცია, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივი ვადით რიგი სამოქალაქო უფლებების ავტომატურ რეჟიმში ჩამორთმევას, რასაც თან ახლავს სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და მისი უმთავრესი მიზნების მიღწევის შესაძლებლობის შეფასების უგულებელყოფა. შედეგად, კანონმდებელი ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს განიხილავს არა ძირითად უფლებათა სუბიექტად, არამედ ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად.
20. მოსარჩელენი მიუთითებენ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება“ და აღნიშნავენ, რომ ეს შესაძლებლობა ვერ ჩაითვლება სასჯელის ინდივიდუალიზაციის ერთ-ერთ საშუალებად, ვინაიდან საპროცესო შეთანხმება წარმოადგენს პროცესის მხარეთა დისკრეციულ უფლებამოსილებას, მოსამართლე თავისი ინიციატივით ვერ მოუწოდებს მხარეებს მისი გაფორმებისკენ. შესაბამისად, მოსამართლეს არც საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი აძლევს საშუალებას, უარი განაცხადოს უფლებების შეზღუდვის მექანიზმის გამოყენებაზე ან განსხვავებული ვადითა და ინტენსივობით ჩამოართვას მსჯავრდებულს სადავო ნორმით ჩამოთვლილი უფლებები, თუკი ის მიიჩნევს, რომ დამნაშავედ ცნობილი პირის უფლებებში სადავო ნორმით დადგენილი ინტენსივობით ჩარევა არ წარმოადგენს სასჯელის პროპორციულ, ადეკვატურ და საჭირო ზომას კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით განსაზღვრულ უფლებათა შეზღუდვა როგორც სასჯელის კონკრეტული სახე, არათანაზომიერად მკაცრია და ინტენსივობით უთანაბრდება სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახველი სასჯელის ხარისხს, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
22. მოსარჩელეთა აზრით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მათ ერთმევათ პასიური საარჩევნო უფლება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ უფლებას.
23. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს შესაძლებლობა ერთმევა, განახორციელოს საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოში. მოსარჩელეთა მითითებით, როდესაც გამამტყუნებელი განაჩენით იზღუდება სადავო ნორმებით გათვალისწინებული კონკრეტული უფლებები, არავითარი ყურადღება არ ექცევა სამედიცინო ჩვენებას, თუ რა ხარისხის დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ნარკოტიკული საშუალებების მიმართ და შესაძლებელია იმ პირსაც კი შეეზღუდოს ზემოაღნიშნული უფლება, რომელსაც საერთოდ არ მოუხმარია ნარკოტიკული საშულება. მაშინ, როდესაც საკითხი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა/შენახვას ეხება, აქ მისი მოხმარება გათვალისწინებული არ არის. იგი შეიძლება გულისხმობდეს, ერთი მხრივ, უფრო მძიმე მიზნებს, მათ შორის გასაღებას ან, მეორე მხრივ, უფრო მსუბუქ მიზნებს - ნივთიერების მოშორებას ან გადაყრას.
24. მოსარჩელეთა განმარტებით, იმავე შინაარსის სამართლებრივ პრობლემას ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიც. კერძოდ, სადავო ნორმის შესაბამისად, საჯარო სამსახურში არ მიიღება განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის სტატუსის მქონე პირი, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ჩადენილ ქმედებასა და მის პიროვნებას შორის შეიძლება არავითარი კავშირი არ არსებობდეს.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტსაც.
26. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმების საფუძველზე, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს ერთმევა ავტომანქანის მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის ხელმძღვანელობის, დაფუძნებისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობის უფლება და იარაღის დამზადების უფლება, რაც ეწინააღმდეგება შრომის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას.
27. მოსარჩელეთა მითითებით, შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში მართლაც არსებობდეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისთვის საქმიანობის უფლების შეზღუდვის ინტერესი, თუმცა უფლებათა ფართო სპექტრის ავტომატურ რეჟიმში ჩამორთმევა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არსებობს რაციონალური კავშირი პირის ჩადენილ ქმედებასა და ჩამორთმეულ უფლებას შორის, წარმოადგენს თანაზომიერების პრინციპის აშკარა და უხეშ დარღვევას და, აღნიშნულიდან გამომდინარე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტს.
28. მოპასუხე მხარე, მოსარჩელისგან განსხვავებით, მიიჩნევს, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია შეეხება მხოლოდ უკვე შეძენილი უფლებების შეზღუდვას. ამდენად, სადავო ნორმა გამორიცხავს დასახელებული უფლებების შემდგომში მოპოვების აკრძალვის შესაძლებლობას.
29. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ“ საქართველოს კანონის სადავო - მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რიგი უფლებების განხორციელებას სჭირდება შესაბამისი განათლება და საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამდენად, იმისათვის, რათა სასამართლომ იმსჯელოს სადავო ნორმების კონსტიტუციის შესაბამის მუხლებთან მიმართებაზე, პირებს უკვე უნდა გააჩნდეთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო განათლება ან უკვე უნდა ახორციელებდნენ ამგვარ საქმიანობას. მოპასუხის მტკიცებით, ვინაიდან მოსარჩელენი ვერ ადასტურებენ კონკრეტული საქმიანობისთვის საჭირო პროფესიული განათლების არსებობის, ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე, 29-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით დავის უფლებამოსილ სუბიექტებს.
30. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი პირები კონკრეტულ სასჯელთან ან შემზღუდველ ნორმასთან მიმართებით არსებითად თანასწორად ვერ მიიჩნევიან. შესაბამისად, მოპასუხის აზრით, სადავო ნორმებს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართება არ გააჩნიათ.
31. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს უფლება დაცული არ არის კონსტიტუციის სხვა, უფრო კონკრეტული მუხლით. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ნორმებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა დაცულია სხვა სპეციალურ უფლებებში, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმების მე-16 მუხლთან მიმართებით მსჯელობის რესურსი აღარ რჩება. ამასთანავე, მოპასუხის განცხადებით, კონსტიტუციის სპეციალური მუხლით დაცული უფლების დარღვევით გამოწვეული მსუსხავი ეფექტი სხვა უფლებით დაცულ სფეროზე მე-16 მუხლის დარღვევად ვერ შეფასდება.
32. მოპასუხის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართების არსებობისთვის აუცილებელია ის მზღუდავი ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გამოიყენება სასჯელად შეფასებისთვის. მოპასუხე მხარის განმარტებით, სასჯელი აღიარებულია იმგვარ სისხლისსამართლებრივ ღონისძიებად, რომელიც შეფასებადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მოპასუხის პოზიციით, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მაშინ არის სისხლისსამართლებრივი ხასიათის, როდესაც მას სისხლის სამართლის კანონმდებლობა ასეთად განსაზღვრავს. სადავო ნორმებთან მიმართებით კი სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელზე პირდაპირი მითითება არ ხდება. გასაჩივრებული დებულებები დანაშაულის პრევენციის მიზნით დაწესებულ სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას წარმოადგენს და საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან შეფასებას არ ექვემდებარება.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ არსებობს №702 სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების წინაპირობა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით.
34. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, №702 კონსტიტუციურ სარჩელზე შპს „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა წარმოადგინეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.
35. წერილობით მოსაზრებაში სასამართლოს მეგობარი მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მნიშვნელობაზე. აღნიშნულია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა მიიღწევა მოსამართლისთვის მის კომპეტენციაში მყოფი საკითხის ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭებით, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა. მოსამართლის მიერ ყოველი კონკრეტული საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომის განხორციელების გარეშე კი აზრი ეკარგება სისხლის სამართლის სასჯელის მიზანს და იგი სამაგიეროს მიზღვის სახესხვაობად გადაიქცევა.
36. 2017 წლის 27 აპრილს მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობით მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს და შეამცირა თავისი სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, მოსარჩელეები სადავოდ აღარ ხდიან: ა) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით; ბ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 28-ე მუხლთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან; დ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ე) მოსარჩელე მხარემ სადავო ნორმებიდან ამორიცხა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობაც. რაც შეეხება ამავე მუხლის მე-2 პუნქტს, მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა პირველი პუნქტის სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად”
2. №702 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 2017 წლის პირველ ივლისს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონი.
3. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და ასევე გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, უნდა შეწყდეს საქმე.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის №2/2/438 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”).
6. მოსარჩელე მხარე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებს, აგრეთვე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, ვინაიდან სადავო ნორმებით, მოსარჩელეთა მტკიცებით მათ ერთმევათ მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებები, რომლებიც კონკრეტული ტიპის საქმიანობის განხორციელებასთან ერთად, არის პიროვნული თუ პროფესიული განვითარების, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი მოიცავს პირადი ცხოვრების ყველა იმ ასპექტს, რომელიც განაპირობებს პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას, მაგრამ, ამასთან, მკაფიო მიმართება არ აქვს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა რომელიმე უფლებასთან. „...კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
9. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ხოლო 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს შრომის თავისუფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემას („ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, აგრეთვე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიულ შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას) მიმართება აქვს ზემოთ დასახელებულ კონსტიტუციურ უფლებებთან და, ამდენად, არ არის ამ სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან კონსტიტუციურობის შემოწმების საჭიროება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეეხება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.
11. №702 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №702 („საქართველოს მოქალაქეები - კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით; ბ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; გ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ე) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №702 („კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით;
ბ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
გ) შეწყდეს საქმე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი