ვებგვერდი დამუშავების პროცესშია. ვებგვერდის წინა ვერსიაზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს.

საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 1 (2019)


გამოცემის თარიღი: სექტემბერი, 2019


 

ავტორი: ანდრაშ შაიო

აბსტრაქტი 

სოციალური უფლებების უპირატესობებისა თუ უარყოფითი შედეგების მიუხედავად, ამგვარ უფლებათა ამა თუ იმ კონსტიტუციის ტექსტში აღიარებისგან დამოუკიდებლად, საზოგადო­ებ­­რი­ვი აზრი და მეცნიერთა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი მათ ბუნებრივ მოცემულობად აფასებს. საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების უმეტესობა განვითარებულ ქვეყ­ნებ­ში მოქმედებენ ისე (და ცალკეულ შემთხვევაში აქვთ ნება, რომ იმოქმედონ), თითქოს სოციალური უფლებები კონსტიტუციური რეალობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ. ამ სტატიაში ეს საკითხი კონსტიტუციური რეალობის ნაწილად არის წარმოდგენილი. თუმცა ეს ღია რეალობაა ანუ კონსტიტუციის ტექსტში გამოხატული აღიარების მიუხედავად, შედა­რე­ბით ახალ კონსტიტუციებში ეს უდიდესწილად კონსტი­ტუ­ციური პოლიტიკის და მოსამარ­თლე­თა არჩევანის საკითხია, - თუ რამდენად ხდება სოციალურ უფლებებზე მითითება. შემდეგი შენიშვნები მიზნად ისახავს, განვიხილოთ არსებული სამართლებრივი სტრატე­გიები იმის დასამტკიცებლად, რომ სოციალურ უფლებათა მტკიცე, არსებითი აღიარება გამართლებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

 

ნაშრომი: კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში

გვერდები: 7-30

შენიშვნა: აღნიშნული სტატია პროფ. ანდრაშ შაიოს მიერ მომზადდა 2009 წელს, იგი წარმოდგენილი იყო საქართველოს საკონ­სტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „სოციალური უფლებების განსჯადობა კონსტი­ტუციური მართლმსაჯულების სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“. რამდე­ნადაც სტატიაში მოყვანილი საკითხები კვლავ აქტუალურია დღევანდელ ვითარებაში, იგი გადამუშავდა და მომზადდა ჟურნალში განსათავსებელად. სტატიაში მოცემული ინფორმაცია იმ დროის რეალობის გამომ­ხატ­ვე­ლია და 2009 წლის შემდგომ ცვლილებებს არ ასახავს. იმედს ვიტოვებთ, ჟურნალის მკითხველისთვის კვლავ საინტე­რესო იქნება ავტორის მიერ შემოთავაზებული მიმოხილვა და მოსაზრებები.). სტატია გამოქვეყნებულია ავტორის ნებართვით. (c) ავტორი. 


 

ავტორი: ჯერემი უოლდრონი

აბსტრაქტი 

ამ ნაშრომში ავტორი იკვლევს კავშირებს უსახლკარობას, საჯარო და კერძო საკუთრების როლსა და იმ ადამიანთა ნაგულისხმევ თავისუფლებას, რომლებიც სიღარიბის მიერ განწი­რულ­ნი არიან ქუჩაში ცხოვრებისა და ძილისათვის. ავტორი განსაკუთრებულ ფოკუსს აკეთებს სამართლებრივი და მორალური ფილოსოფიის ფუნდამენტურ კითხვაზე: რა ვიფიქ­როთ უსახლკარობაზე, როგორ მივიჩნიოთ იგი ისეთ ღირებულებასთან მიმართებით, როგო­რიცაა თავისუფლება? უსახლკარობის შესახებ ნებისმიერ მსჯელობას თან ახლავს ლიბერა­ლური ღირებულების ყველაზე ფუნდამენტური და აბსტრაქტული პრინციპების წინ წამოწევა.

 

ნაშრომი: უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი

გვერდები: 31-60

შენიშვნა: ხელახლა გამოქვეყნებულია Jeremy Waldron, Homelessness and the Issue of Freedom. Originally published in 39 UCLA L. Rev. 295 (1991), ავტორის ნებართვით. (c) ავტორი. ამ სტატიაზე არ ვრცელდება ამ ჟურნალის Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზია. ეს სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution Non-Commercial License (http://creativecommons.org/licenses/by-nc/3.0), ლიცენზიის პირობებით, რომელიც იძლევა შეუზღუდავი არაკომერციული გამოყენების, დისტრიბუციის და რეპროდუქციის უფლებას ნებისმიერი გზით, იმ დათქმით, რომ ნაშრომის ორიგინალი შესაბამისად არის ციტირებული.


 

ავტორი: მარიამ მგელაძე, მურმან გორგოშაძე

აბსტრაქტი

ნაშრომში განხილულია მაღალი ხელოვნური ინტელექტის, რობოტების როგორც ტექნო­ლოგიური ინოვაციის ერთ-ერთი სახის სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობა; რელიგიის, სიტყვის და აზრის თავისუფლების, პიროვნების განვითარებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი რეგულა­ციები; მათი კონსტიტუციით დაცული სფეროს – რელიგიის, სიტყვის და აზრის თავისუფ­ლების, პიროვნების განვითარებისა და გამოხატვის თავისუფლების სუბიექტად ქცევის პერსპექტივები; საქართველოს საკონსტიტუციო თუ უზენაესი სასამართლოების როლი; განხილულია ასევე ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავ­შირებით.

ნაშრომი: მაღალი ხელოვნური ინტელექტის, რობოტის მიმართ ადამიანის ზოგიერთი უფლების გავრცელების სამართლებრივი რეგულირების საკითხები

გვერდები: 61-88


 

ავტორი: თამარ ბარამაშვილი, ლელა მაჭარაშვილი

აბსტრაქტი

სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომე­ლიც კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ემსახურება ადამია­ნის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიან დაცვას. საქართველოს საკონ­სტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ნორმის მოქმედების შეჩერების მექანიზმის ასეთი განსაკუთ­რებული როლი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორითაა განპირობებული. უმთავრესი, ნორმის შეჩერების რესურსი შესაძლებლობაა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამარ­თლოს შეუქმნას საფუძველი (სამართლებრივი შესაძლებლობა), უზრუნველყოს მყისიერი რეაგირება იმ შემთხვევაში, როდესაც ამის გადაუდებელი საჭიროება არსებობს. ინსტრუ­მენ­ტის შეუცვლელი ხასიათი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ პრაქტი­კული, არამედ აკადემიური თვალსაზრისითაც. ნაშრომში განხილულია ნორმის შეჩერების მექანიზმის ძირითადი არსი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით ჩამოყალიბებული ნორმის შეჩერების ინსტიტუტის წინაპირობები, ისეთი ცალკეული საკითხები, როგორიცაა მოსარჩლე მხარის გამოუსწორებელი ზიანისა და სხვათა უფლებების შეზღუდვის ურთიერთმიმართება. ამასთან, შეფასებულია კანონ­მდებ­ლის არათანმიმდევრული დამოკიდებულება ინსტრუმენტთან მიმართებით განხორციე­ლებული საკანონმდებლო ცვლილებებისას და საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას გამოვლე­ნილი ხარვეზები.

ნაშრომი: სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში

გვერდები: 89-106


 

ავტორი: სალომე სამხარაძე

აბსტრაქტი

საქართველოში დღეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ განსაზღვრავს საერთო სასამართლოთა უფლებამოსილებასა თუ ვალდებულებას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს იმ კანონის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც ამ საქმის გადაწყვეტისთვის უნდა იქნეს გამოყე­ნებული. კანონმდებლობა, ასევე არ იცნობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საერთო სასამართლოებში სასარჩელო ან სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებისას ან მიმდინარეობისას მხარე მიიჩნევს, რომ საქმის გადაწყვე­ტისთვის გამოსაყენებელი ნორმა კონსტიტუციას არ შეესაბამება და მიმართავს საკონ­სტიტუციო სასამართლოს.

წარმოდგენილ სტატიაში განხილულია დარღვეულ უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად საკონსტიტუციო სასამართლოში ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის, რაც კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით, პირთათვის საკონსტიტუციო კონტროლის მიზნით მინიჭებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, ამ საფუძვლით საერთო სასამართლოებში საქმის წარმოების შეჩერების დეფინიციის არარსებობის პირობებში.

ნაშრომი: ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის ეფექტურობა საერთო სასამართლოებში საქმეთა განხილვისას

გვერდები: 107-122


 

ავტორი: ნინო ჩოჩია

აბსტრაქტი

კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საკონსტიტუციო სასამარ­თლო აფასებს, მათ შორის, ისეთი ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს, რომლებიც პირთა მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს ანიჭებს უპირატესობას სოციალურ, საგადასახადო თუ სხვა სფეროში. ამგვარ ვითარებაში თანასწორობის უფლებასთან მიმართებით პრობლე­მურია ასეთი უპირატესობიდან განსაზღვრულ სუბიექტთა გამორიცხვა შესაბამისი რაციონალური დასაბუთების გარეშე. თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირა­ტესობის დამდგენი ნორმის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნოს იმგვარად, რომ არ გასცდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და დარჩეს ნეგატიური კანონმდებლის როლში. ხსენებული საკითხის გადაწყვეტისათვის საკონსტიტუციო სასამართლოები მიმართავენ სხვადასხვა საკანონმდებლო თუ პრაქტიკით დადგენილ მექანიზმებს. ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა.

ნაშრომი: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამო უპირატესობის აღმოფხვრის გზები

გვერდები: 123-143


 

ავტორი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

აბსტრაქტი

საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი აგრძელებს მკითხველთათვის საქართველოს საკონ­სტი­ტუციო სასამართლოს უახლესი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილ­ვების შეთავაზებას. მიმდინარე გამოცემისათვის 2019 წლის მანძილზე გამოტანილი ოთხი გადაწყვეტილება შეირჩა გამოსაქვეყნებლად, რომელთაგან ნაწილს არა მხოლოდ საქარ­თვე­ლოში, არამედ გლობალურად სამართლის სფეროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურ­ნა­ლის რედაქცია იმედს იტოვებს, რომ მიმოხილვები გაზრდის სასამართლოს პრაქტი­კი­სადმი ინტერესს და ხელს შეუწყობს მის ირგვლივ სამართლებრივ დისკუსიას.

მიმოხილული საქმეები:

შპს „სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ

 

ნაშრომი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა

გვერდები: 145-157