„შპს ჯეორჯიან ფორესთრი ინდუსტრიალ კომპანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/16/1816 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ნოემბერი 2024 14:55 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: „შპს ჯეორჯიან ფორესთრი ინდუსტრიალ კომპანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1816) მომართა „შპს ჯეორჯიან ფორესთრი ინდუსტრიალ კომპანიმ“. №1816 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 25 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 24 ოქტომბერს.
2. №1816 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლი აწესრიგებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადების საკითხს. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი აღიარებულად და უზრუნველყოფილად აცხადებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი საჯარო ინტერესებისთვის დასაშვებად მიიჩნევს ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.
5. №1816 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან და საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის უპირობო თანმდევ შედეგს წარმოადგენს მის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რა დროსაც, მხედველობაში არ მიიღება კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები და, შედეგად, უხეშად ირღვევა მისი საკუთრების უფლება.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ „შპს ჯეორჯიან ფორესთრი ინდუსტრიალ კომპანიმ“ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის №3/255-20 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მას გაუუქმდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება დასახელებულ უძრავ ქონებაზე, რამდენადაც სასამართლომ, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ფლობის პრეტენზიის მქონე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სარჩელის საფუძველზე, ბათილად ცნო, ერთი მხრივ, ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც გამოცემული იყო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „შპს ჯეორჯიან ფორესთრი ინდუსტრიალ კომპანის“ შორის დადებული ხელშეკრულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებისას, დაეყრდნო სწორედ სადავო ნორმას და მხედველობაში არ მიიღო კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები.
7. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს ზოგად დათქმას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადების მოწესრიგების თაობაზე, თუმცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის შემთხვევაში, სასამართლოები ხელმძღვანელობენ უფრო კონკრეტული ნორმით და უპირატესობას ანიჭებენ დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებას პირველ ნაწილთან მიმართებით.
8. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, თუ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობენ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირები, კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლება უზრუნველყოფილი და დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობს სახელმწიფო, სადავო ნორმის საფუძველზე, უგულებელყოფილია კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულით, უხეშად ირღვევა კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლება მხოლოდ იმის გამო, რომ ურთიერთობის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო.
9. №1816 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, ნივთის შეძენისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მისი შეძენა ხდება სახელმწიფოსგან, ნდობისა და სტაბილურობის პრინციპის დაცვისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები. სხვა შემთხვევაში, დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მოუწევდა ნივთთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის დეტალური შემოწმება. იმავდროულად, მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაში, არ იარსებებს საჯარო რეესტრის მიმართ სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, რაც გამოიწვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დარღვევას. შედეგად, ყველა დაინტერესებულ პირს მოუწევს ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური გამოკვლევა. ამასთან, ნივთის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემის ზუსტი იდენტიფიცირება შესაძლოა, ვერც მოხდეს. მოსარჩელე განმარტავს, რომ ამგვარ პირობებში, ყველა პირი, მათ შორის, კეთილსინდისიერი შემძენი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებას იძენს სახელმწიფოსგან, დგას სახელმწიფოს მიერ უძრავი ნივთის არასწორად რეგისტრირების პოტენციური საფრთხის წინაშე, რაც შემდგომში გამოიწვევს საკუთრების უფლების გაუქმებას.
10. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, კეთილსინდისიერ შემძენს ტოვებს დაცვის გარეშე, ხოლო, მეორე მხრივ, უგულებელყოფს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, შედეგად, სახელმწიფოზე რეგისტრირებული საკუთრების შემძენს ავალდებულებს მასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გამოკვლევას. აღნიშნული, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, წარმოადგენს კეთილსინდისიერი შემძენისათვის დაკისრებულ არათანაზომიერ და გაუმართლებელ ტვირთს.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1816 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1816 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ჯეორჯიან ფორესთრი ინდუსტრიალ კომპანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში