სონა ლომთაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/1827 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ნოემბერი 2024 14:44 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: სონა ლომთაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1827) მომართა სონა ლომთაძემ. №1827 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 15 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 24 ოქტომბერს.
2. №1827 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, სახელმწიფო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მხარეს არაკანონიერად მიაჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინება საქმეზე №3ბ/3139-23, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განჩინება არ გასაჩივრდება. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სასამართლოს განჩინება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ართმევს მას სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.
6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საერთო სასამართლოებში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის №ს/კ868 ბრძანების ბათილად ცნობა მისი საფუძვლის სიყალბის გამო, რომლის შედეგადაც, თანამდებობაზე დაინიშნა სსიპ ქუთაისის №33 საჯარო სკოლის დირექტორი. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, დირექტორი განწესდა კანონის აშკარა დარღვევით და დოკუმენტების გაყალბებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, დირექტორის თანამდებობაზე დანიშნულმა პირმა დირექტორის შესარჩევ კონკურსში ვერ დააგროვა ასარჩევად საჭირო ხმათა ოდენობა, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არარჩეული და დირექტორობის უფლების არმქონე პირი განაწესა დირექტორად, რითაც დაარღვია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. მოსარჩელე მხარის მითითებით, საერთო სასამართლოებში სადავოდ გამხდარი ბრძანების გამოცემისას არ არსებობდა სკოლაში დირექტორის დანიშვნის აუცილებლობა, რამდენადაც სკოლას მართავდა ყოფილი დირექტორი, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობდა. მოსარჩელეს უფრო გონივრულად მიაჩნია, დანიშნულიყო არჩევნების მეორე ტური. მისი პოზიციით, სწორედ მეორე ტურში გამარჯვებულის ვერგამოვლენის შემთხვევაში შეეძლო სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება დირექტორის დანიშვნის თვალსაზრისით. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტმა ვერ განახორციელა სათანადო მონიტორინგი დირექტორის შესარჩევ კონკურსზე. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დირექტორის დანიშვნა მოხდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სიყალბის დადგენის თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით, უარი თქვა საქმის განხილვაზე, რამდენადაც იგი არ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსახილველ საკითხს. მოსარჩელე განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოითხოვა ფორმის შევსება სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის არარსებობის გამო, იგი ვერ შეივსებოდა, ადმინისტრაციული კოლეგია კი, უარს ამბობს საქმის განხილვაზე იმ მოტივით, რომ იგი არ მიეკუთვნება მის განსჯადობას. ამ პირობებში, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ მოქალაქის ინტერესები რჩება დაუცველი. სწორედ ამიტომ, რამდენადაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქის უფლებების დაცვას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლს.
9. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, იგი გახდა დისკრიმინაციის, დისკრედიტაციისა და სეგრეგაციის მსხვერპლი დანიშნული დირექტორის მხრიდან. მისი პოზიციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დანერგა არჩევნების გარეშე სკოლის დირექტორების დანიშვნის პრაქტიკა, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა მოსარჩელე მხარისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანი, რომელიც დირექტორის ბრალეულ ქმედებებს მოჰყვა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებების გაუქმებას; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობას; ამ მიზნით, ბრძანების საფუძვლიანობის გამოკვლევას; წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობის დადგენას და სიყალბის დადგენის შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/4/644 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის №1/2/541 განჩინება საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. განსახილველ შემთხვევაში, №1827 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია ფიზიკური პირი, რომელიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება, საქართველოს კონსტიტუციის არქიტექტურის შესაბამისად, მოთავსებულია კონსტიტუციის მეორე თავის მიღმა. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან მიმართებით.
5. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არსობრივად დაკავშირებულია, საჯარო სკოლის დირექტორის დანიშვნის თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების კანონიერებასა და აღნიშნული საკითხის ირგვლივ, მოსარჩელის მიერ საერთო სასამართლოებში წარმოებული დავის ფარგლებში, სასამართლოთა მიერ მიღებული აქტების შინაარსთან. თავის მხრივ, კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი ნორმა, რომლის ნორმატიული რესურსი ამოიწურება სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისთვის, პასუხისმგებელ სუბიექტად სახელმწიფოს განსაზღვრით. შესაბამისად, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა და მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1827 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია, ამავდროულად, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც, არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1827 კონსტიტუციური სარჩელი („სონა ლომთაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში