საქართველოს სახალხო დამცველი საქართველის იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/8/1637 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 დეკემბერი 2024 17:23 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
გ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
დ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები - მიხეილ შარაშიძე და ეკა მამრიკიშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლები - ნინო მინდიაშვილი და ანა ფერაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1637) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის №2/7/1637 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. №1637 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2024 წლის 21 და 22 მარტს.
2. №1637 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. №1637 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმებით (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2, №3, №5, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის წესები და პირობები. კერძოდ, სადავო დებულებებით გათვალისწინებულია, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში შეიძლება განთავსდეს იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არა უმეტეს 72 საათისა. გასაჩივრებული ნორმები აგრეთვე ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფრთხის არსებობისას და სადავო ნორმებით დადგენილი წესით, პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
4. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველი სადავოდ აღარ ხდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების მე-17 მუხლების პირველ პუნქტებს (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია), აგრეთვე №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის პირველ პუნქტს (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 27-ე მუხლის პირველ პუნქტს (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია).
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
6. №1637კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავოდ ხდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებებით დამტკიცებულ №2, №3, №5, №6 და №8 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების ცალკეული ნორმებით განსაზღვრულ მოწესრიგებას, რომლითაც დადგენილია პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსების ხანგრძლივობა და სიხშირე. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ იგი სადავოდ არ ხდის პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ღონისძიების გამოყენების ზოგად კონსტიტუციურობას, არამედ არაკონსტიტუციურად მიაჩნია მოწესრიგება, როდესაც პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსება ხდება იმდენად ხანგრძლივად, რომ იგი კარგავს თავდაპირველ მიზანს, რაც, მოსარჩელის აზრით, უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, დეესკალაციის ოთახში მოთავსების, როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიების, ლეგიტიმური მიზანია პატიმრის აგრესიის დეესკალაცია, რათა მინიმალიზებული იყოს ის საფრთხე, რომელსაც პატიმარი უქმნის/შეიძლება შეუქმნას საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ღონისძიების ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, გამოსადეგობის ნაწილში პრობლემა არსებობს როგორც შეუზღუდავი რაოდენობით, ისე 72-საათიანი ვადით დეესკალაციის ოთახში მოთავსების თვალსაზრისით. კერძოდ, როდესაც პატიმრის ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან/და გარშემო მყოფთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გრძელდება 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში, ეს უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ სახეზეა მწვავე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რა დროსაც უსაფრთხოების სტატიკური ღონისძიება უნდა ჩანაცვლდეს უფრო მეტად დინამიკური, მათ შორის, სამედიცინო ხასიათის სხვა ღონისძიებით და პატიმარს გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება. მეორე მხრივ კი, თუ 72 საათიანმა იზოლაციამ შედეგი არ გამოიღო, ეჭვქვეშ უნდა დადგეს ამგვარი ღონისძიების როგორც თავდაპირველი, ისე ყოველი შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობა, თუნდაც მაშინ, როდესაც არსებობს სამედიცინო პერსონალის რეკომენდაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის აზრით, დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივმა და უწყვეტმა მოთავსებამ, შესაძლებელია, პირიქით, შეუქცევადი ზიანი მიაყენოს პატიმრის ჯანმრთელობას.
8. მოსარჩელე აპელირებს, რომ გასაჩივრებული მოწესრიგების საფუძველზე, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანა, უმეტესად ხდება მაქსიმალური, 72-საათიანი ვადით. ხოლო, თავის მხრივ, ერთი და იგივე პირი ხშირად შეიძლება, დეესკალაციის ოთახში, პრაქტიკულად, უწყვეტად მოთავსდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, წუთებისა და საათების ინტერვალებით, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან პატიმრის გამოყვანისა და შეყვანის დროდ ერთი და იგივე საათი და წუთია მითითებული, რაც, მოსარჩელის აზრით, აჩენს ეჭვს, რომ პატიმრის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა და უკან შეყვანა ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს.
9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი სადავოდ არ ხდიან დეესკალაციის ოთახის, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი ღონისძიების, გამოყენების მრავალჯერადობას, როდესაც არსებობს ლეგიტიმური მიზნის დაზიანების რეალური რისკები. თუმცა, მოსარჩელის პოზიციით, ემოციური აღელვება, რომელიც გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს, მიუთითებს პატიმრის იმგვარ მდგომარეობაზე, რომლის დროსაც აღარ უნდა იყოს გამოყენებული სტატიკური ღონისძიება, არამედ უნდა ჩაითვალოს, რომ დეესკალაციის ოთახი აღარ არის ეფექტიანი და დაიგეგმოს სხვა, შედარებით ვიწროდმიმართული ღონისძიება. ამასთან, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს იმის თეორიული ალბათობა, რომ შესაძლოა, არსებობდეს იმგვარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის სტაბილიზაციაც ვერ მოხერხდეს 24 საათში და გაგრძელდეს 3 დღემდე ვადით. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნაცვლად 72 საათისა, 24 საათში უნდა დადგინდეს საჭიროებს თუ არა დეესკალაციის ოთახში განთავსებული პირი აქტიურ სამედიცინო დახმარებას.
10. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ, გასაჩივრებულ ნორმებში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალური რაოდენობა სადავო დებულებების ნაწილში განისაზღვრა - 30 კალენდარული დღით, ხოლო, მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში არ შეცვლილა და კვლავ შეუზღუდავი რაოდენობით არის შესაძლებელი გამოყენება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 30 კალენდარული დღის შესახებ დებულებები, მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრავს წლის განმავლობაში დეესკალაციის ოთახში განთავსების მაქსიმალურ ვადას და, შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს, პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება ისე, რომ ღონისძიებებს შორის ინტერვალები თითქმის არ არსებობს, შედეგად კი, დეესკალაციის ოთახში მრავალჯერადი განთავსების ხანგრძლივობა პრობლემური ხდება.
11. მოსარჩელე მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დეესკალაციის ოთახში პატიმრის განთავსებას აქვს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე ინტენსიური გავლენა. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პატიმრის მიმართ ხორციელდება 24-საათიანი ვიზუალური კონტროლი, მას ეზღუდება კომუნიკაციის, მათ შორის, პაემნის უფლება, აგრეთვე, არ შეუძლია მაღაზიითა და აფთიაქით სარგებლობა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2, №3, №5, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ სადავო ნორმებით დადგენილი წესი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს. ამასთან, მოსარჩელე მხარე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
13. მოპასუხე მხარის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითეს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანის ლეგიტიმური მიზნები განსაზღვრულია როგორც საქართველოს კანონის „პენიტენციური კოდექსის“ 62-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე გასაჩივრებული ბრძანებებით. კერძოდ, მოპასუხის მტკიცებით, განსახილველი უსაფრთხოების ღონისძიების მიზანია უშუალოდ დეესკალაციის ოთახში განთავსებული პატიმრის სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ასევე სხვა პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ხაზგასმით მიუთითეს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანას არ შეიძლება ჰქონდეს სადამსჯელო ხასიათი, არამედ მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი, სამედიცინო პერსონალის შეფასებით, იმყოფება იმგვარ ფსიქიკურ მდგომარეობაში, რომელიც ქმნის საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რეალურ და იმ წუთიერ საფრთხეს, ხოლო აღელვებული პირის ქმედებებისადმი თვითკონტროლი და ნებელობა შესუსტებულია. საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ აღნიშნული საფრთხე შეიძლება, იყოს ხანმოკლე აფექტით ან გრძელვადიანი ფსიქიკური ჩვენებით განპირობებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ დაზიანდება სამართლებრივი სიკეთე - სიცოცხლე ან ჯანმრთელობა. მოპასუხე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ, თუკი პატიმრის ქცევა, რომელიც მიმართულია სხვისი დაზიანებისკენ, განპირობებული არ არის ჯანმრთელობის მდგომარეობით, არამედ დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი განზრახვით, ასეთ შემთხვევაში, არ გამოიყენება დეესკალაციის ღონისძიება, არამედ ციხის ადმინისტრაცია მიმართავს უსაფრთხოების სხვა ზომებს.
14. საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პატიმრის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა ხდება უფლებამოსილი პირის პატაკისა და ექიმის მიერ გაცემული რეკომენდაციით, რომელთა საფუძველზეც პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გამოსცემს წერილობით ბრძანებას და ასაბუთებს, თუ რის გამო ხდება პირის მიმართ უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენება. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ მითითებული წერილობითი ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სასამართლოში. ამასთან, თუ მხარე მიიჩნევს, რომ, დეესკალაციის ოთახში გადაყვანის დროს ან უშუალოდ იქ ყოფნის პერიოდში, იგი გახდა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, მისი საჩივარი განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განიხილება დაუყოვნებლივ. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა დამატებით მიუთითეს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანასთან დაკავშირებით მიღებული ბრძანების, როგორც ადმინისტრაციული, ისე სასამართლო წესით გასაჩივრების შემთხვევების შესახებ, პრაქტიკა არ არსებობს.
15. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანიდან არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში, პატიმართან იგზავნება მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც იღებს დასკვნას იმის შესახებ, პატიმარი უნდა დაბრუნდეს საკანში, მოხდეს მისი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანა, თუ გააგრძელოს დეესკალაციის ოთახში ყოფნა, რადგან მისი ფსიქიკური მდგომარეობა, ჯერ კიდევ, არ არის სტაბილური. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ სწორედ პირველი 24 საათის განმავლობაში თუ გამოიკვეთება, რომ პირს აქვს მწვავე ფსიქიკური პრობლემა, იწერება შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმის დასკვნა და, პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, არა უმეტეს 48 საათის განმავლობაში, ხდება მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა. თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც პირი არ არის თანახმა, რა დროსაც საჭიროა შიდა და გარე კომისიების დასკვნები და სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა მოხდეს პატიმრის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა. მოპასუხე მხარემ დამატებით მიუთითა, რომ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დროს საჭირო გარე კომისიის დასკვნის მომზადებას შეიძლება დასჭირდეს ერთი კვირიდან 10 დღემდე ვადა. აღნიშნულ პერიოდში, 72-საათიანი მაქსიმალური ვადის გასვლის შემდეგ, თუ პირის ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმარი გადაჰყავს საკანში, ხოლო, თუ მისი აგრესიული, ემოციური მდგომარეობა განგრძობადია, მას აბრუნებენ დეესკალაციის ოთახში მანამ, სანამ არანებაყოფლობითი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მოხდება პირის სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანა. თავის მხრივ, იმის მიხედვით, პატიმარს აქვს მსჯავრდებულის თუ ბრალდებულის სტატუსი, არანებაყოფლობითი მკურნალობის კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული წესები განსხვავდება, თუმცა მოპასუხე მხარემ ხაზგასმით მიუთითა, რომ აღნიშნული წესები და პირობები დადგენილია კანონმდებლობით და მასზე გავლენა როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ისე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას ვერ ექნება.
16. საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლების მითითებით, დეესკალაციის ოთახში პატიმრის გადაყვანა ხდება საფრთხის აღმოფხვრამდე, შესაბამისად, აქცენტი კეთდება უშუალოდ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ საფრთხის არსებობაზე და არა - ვადაზე. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა განსაკუთრებული რისკის მქონე №6 პენიტენციური დაწესებულების სტატისტიკა, რომლის თანახმად, საორიენტაციო პერიოდში დეესკალაციის ოთახში განთავსების 87 შემთხვევიდან, იმავე დღეს, არა უმეტეს 24 საათში 11 პატიმარი დაბრუნდა საკანში, არა უმეტეს 48 საათში - 13 პატიმარი, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში მოხდა პირთა 72 საათით დაყოვნება. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებული რისკის მქონე პენიტენციურ დაწესებულებებში, მართალია, ყველაზე უფრო მწვავეა პატიმართა ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, თუმცა წარმოდგენილი სტატისტიკაც კი მიუთითებს, რომ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახში პირი თავსდება საფრთხის აღმოფხვრამდე და არა - 72-საათიანი ვადით. მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნული ვადა, ერთი მხრივ, არის ერთგვარი ზღვრული, მაქსიმალური პერიოდი და პროცედურული გარანტია, რათა გამოირიცხოს თვითნებობის რისკები, თუმცა, ამასთან, 72 საათი საჭიროა იმისთვის, რათა სრულყოფილად შემოწმდეს პატიმრის მდგომარეობა და მიღებული იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რა რეჟიმში უნდა გაგრძელდეს პატიმრის ყოფნა, კერძოდ, ის უნდა დაბრუნდეს საკანში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა მისი მკურნალობა სპეციალურ დაწესებულებაში.
17. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ დეესკალაციის ოთახი სპეციალურად არის მოწყობილია ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკები. მოპასუხის თქმით, დეესკალაციის ოთახში გადაყვანილ პირს შეიძლება, თუმცა არ არის აუცილებელი, ემოციური ფონიდან გამომდინარე, შეეზღუდოს გასეირნების უფლება და ამანათებზე წვდომა. გარდა ამისა, პატიმარს შეიძლება, შეეზღუდოს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება და სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა, თუმცა დეესკალაციის ოთახში ყოფნის პერიოდში, პირს აქვს მუდმივი კონტაქტი ციხის ადმინისტრაციასთან და შეუძლია, განახორციელოს ზარი სახალხო დამცველთან. ამასთან, პირს არ აქვს მაღაზიაში საკვების შეძენის უფლება, თუმცა იგი იკვებება სხვა პატიმრების მსგავსად. მოპასუხე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანილ პირს აქვს 24-საათიანი წვდომა სამედიცინო პერსონალთან, რომელიც გადამზადებულია უშუალოდ დეესკალაციასთან დაკავშირებული სპეციალური პროგრამით, ხოლო საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, შეიძლება, დაენიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობა, მათ შორის, ნებაყოფლობით მიეცეს დამამშვიდებელი საშუალება.
18. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, დეესკალაციის ოთახში გადაყვანის წლიური მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის მე-3 და მე-6 პენიტენციურ დაწესებულებებში, რადგან აღნიშნული დაწესებულებები ყველაზე რთულად მართვადია. საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მაღალი რისკის დაწესებულებაში ფსიქო-ემოციური ფონი არის განსაკუთრებულად მწვავე. კერძოდ, სტატისტიკურად, ყველაზე მეტი ბუნტი, აგრესია, სუიციდისა და თვითდაზიანების მცდელობები სწორედ ასეთი ტიპის დაწესებულებებში ხდება, რაც განაპირობებს, მათ შორის, იმას, რომ მე-3 და მე-6 პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრები განთავსებულები არიან ერთადგილიან საკნებში. თავის მხრივ, როდესაც პატიმრის რისკის გადაფასება ხდება, ყველა დაწესებულებიდან ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი პატიმრები აღნიშნულ დაწესებულებებში ხვდებიან.
19. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რისკების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებათა დაყოფა არის უნივერსალური სისტემა, რომელიც გულისხმობს პატიმრების ამა თუ იმ ნიშნით კატეგორიზაციას, ხოლო თვითდაზიანებისკენ მიდრეკილება ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომელიც მხედველობაში მიიღება აღნიშნულ პროცესში. მოპასუხე მხარის მტკიცებით, თუ პატიმარი თვითდაზიანებისკენ არის მიდრეკილი და პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის ცალსახაა, რომ წლის განმავლობაში 30 დღიანი ვადა აღნიშნულ პირთან მიმართებით, საკმარისი არ არის, ასეთი პატიმრის მიმართ შეიძლება მოხდეს რისკის გადაფასება და იგი გადაიყვანონ მე-3 ან მე-6 განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმებში განხორციელებული ცვლილება
1. №1637 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სადავოდ ხდის, მათ შორის, №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია), №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია), №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია), №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას. გასაჩივრებული დებულებებით განსაზღვრულია პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსების ხანგრძლივობა და ამ ღონისძიების გამოყენების სიხშირე. დასახელებული ნორმები საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის №909, №908, №907, №906 და №905 ბრძანებებით ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, ხოლო ეს ცვლილებები ამოქმედდა 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
2. 2024 წლის 13 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა №2024/4493 წერილით და მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის მოდიფიცირება. სახალხო დამცველის არგუმენტაციით, მის ინტერესს წარმოადგენს არა ძალადაკარგული, არამედ ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული სადავო ნორმების რედაქციაზე მსჯელობა, რადგანაც დეესკალაციის ოთახში განთავსების შესახებ მოქმედი მოწესრიგება კვლავ იმეორებს იმ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც სადავოდ იყო გამხდარი №1637 კონსტიტუციური სარჩელით და უფლებაშემზღუდავი წესის მთავარი ასპექტები არსებითად მსგავსია. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებათა ეფექტურად დაცვის მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს სადავო ნორმების არა ძალადაკარგულ, არამედ მოქმედ რედაქციაზე მსჯელობას.
3. №1637 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ დებულებებში 2023 წლის 27 აპრილს განხორციელებული ცვლილებები შეეხო დეესკალაციის ოთახში განთავსების პირობებს, თუმცა სადავო ბრძანებებით განსაზღვრული უფლებამზღუდველი წესები კვლავ ანალოგიური ფორმით მოქმედებს დეესკალაციის ოთახში განთავსების ხანგრძლივობისა და მრავალჯერადობის ნაწილში. კერძოდ, 2023 წლის 27 აპრილის ცვლილებების შემდგომ ჩამოყალიბებული ნორმებით, კვლავ შესაძლებელია პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსება 72 საათის განმავლობაში ისევე, როგორც ამ ღონისძიების რამდენჯერმე გამოყენება მცირე პერიოდის დაშორებით. ამდენად, №1637 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი და ცვლილებების შემდგომ ჩამოყალიბებული ნორმები არსებითად იდენტურად აწესრიგებს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონსტიტუციური სარჩელიდან და არსებით სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა არა ნორმების რომელიმე ცალკეულ რედაქციას, არამედ იმ ნორმატიულ მოწესრიგებას, რომელიც განსაზღვრავდა პატიმრის დეესკალაციის ოთახში 72 საათის განმავლობაში მოთავსების შესაძლებლობას და ამ ღონისძიების გამოყენების სიხშირეს.
4. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში არ არსებობს დებულება, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას, გააგრძელოს სამართალწარმოება და იმსჯელოს მოდიფიცირებულ სასარჩელო მოთხოვნაზე, თუკი სახეზეა ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, ხოლო გასაჩივრებული მოწესრიგება მოქმედებს იმავე ნორმატიული შინაარსით, რა შინაარსითაც მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მის კონსტიტუციურობას. ამასთანავე, გასაჩივრებულ დებულებაში განხორციელებული არაარსებითი ცვლილების შემთხვევაში, სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობის შეფასება მიზნად ისახავს უფლების დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფასა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის ხელოვნური გაჭიანურების პრევენციას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8-9).
5. იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადაკარგული ნორმის მსგავსად, მოქმედი ნორმის პირობებშიც, პირის უფლება იდენტურად იზღუდება და ეს შეზღუდვა განგრძობადი ხასიათისაა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას არ გააჩნია რაიმე შინაარსობრივი ან პრაქტიკული რელევანტურობა. მოქმედი ნორმების ნაცვლად, ძალადაკარგული დებულებების კონსტიტუციურობის შეფასების შემთხვევაში, იმისათვის, რათა მხარემ შეძლოს უფლებების დაცვა/აღდგენა, მას შესაძლოა, დასჭირდეს იდენტური შეზღუდვის დამდგენი მოქმედი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ახალი სარჩელით მომართვა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს სამართალწარმოების პროცესის ხელახლა დაწყება და იმ ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რომელთა არაკონსტიტუციურობაც უკვე დადგენილია. სწორედ ამგვარი, გაჭიანურებული პროცედურის შემდგომ დამდგარი შედეგის ანალოგი იქნება მიღწეული ისეთ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სადავო ნორმების არა ძალადაკარგულ, არამედ - მოქმედ რედაქციას.
6. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ შორის, მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვისა და უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №1/1/1312 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლოში უფლების დაცვა ეფექტიანად შეიძლება მივიჩნიოთ, თუკი იგი პასუხობს სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს, იძლევა უფლების დაცვის, მისი დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლების აღდგენის რეალურ და არა - ილუზორულ შესაძლებლობას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, იდავოს ყველა იმ აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ზღუდავს ან განჭვრეტად მომავალში შეზღუდავს მის ძირითად უფლებებს, ხოლო კონსტიტუცია დამატებით განსაზღვრავს, რომ აღნიშნული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვაზე/შესაძლო შეზღუდვაზე სასამართლოსადმი მიმართვა უნდა იყოს უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალება.
7. უფლების დაცვის ეფექტიანობა, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ, როდესაც განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სადავო ნორმას ემატება ახალი განსაზღვრება/მოცემულობა, თუმცა იგი შინაარსობრივად არ ცვლის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ შინაარსს, საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას და აფასებს მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობას (იხ., მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/5/1355,1389 გადაწყვეტილება საქმეზე „სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-12; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის №1/7/1437 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
8. როგორც სადავო ნორმების ანალიზით დგინდება, მათში განხორციელებულმა ცვლილებებმა განსხვავებული განსაზღვრებები/მოცემულობები გააჩინა სადავო მოწესრიგებაში, თუმცა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემა არსებითად არ შეცვლილა. ასეთ შემთხვევაში კი, სამართალწარმოების გაგრძელებისას უნდა შეფასდეს მოქმედი ნორმების კონსტიტუციურობა.
9. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო საკითხის გადაწყვეტისას, შეაფასებს არა ძალადაკარგული, არამედ მოქმედი ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ღონისძიებების მიმართ დადგენილი სტანდარტები
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. ზემოაღნიშნული დებულების მიზნებისთვის მოპყრობა რომ ჩაითვალოს არაჰუმანურად, სასტიკად ან პატივისა და ღირსების შემლახველად, ის უნდა აღწევდეს სიმწვავის განსაზღვრულ დონეს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმები შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის ხანგრძლივობას და ამ ღონისძიების გამოყენების სიხშირეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ფიზიკური თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის პირობებში, პატიმრები, რომლებიც იხდიან სასჯელს ან სხვა საფუძვლით რჩებიან პენიტენციურ დაწესებულებაში, მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან, რამდენადაც მთლიანად სახელმწიფოს განკარგულებაში არიან. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული მათი უფლებების დაცულობის მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც განსაკუთრებულია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/3/1441 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებულმა ღონისძიებებმა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ზღვარს რომ მიაღწიოს, ქმედება უნდა სცილდებოდეს იმ ტკივილის, დისკომფორტის, სულიერი ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას, რომელსაც ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-185). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოპყრობის სიმწვავის დონის შეფასება დამოკიდებულია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაზე. „[მოპყრობის] შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532/533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-180).
12. თავისუფლებააღკვეთილი პირის - პატიმრის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა და მისი უფლებების დამატებითი შეზღუდვა, შესაძლოა, იწვევდეს დისკომფორტისა და ღირსების შელახვის შეგრძნებას, თუმცა ამგვარი ღონისძიება per se საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ ქმედებად არ მიიჩნევა. იმ შემთხვევაში, როდესაც ცალკეული ღონისძიება ხორციელდება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და ამ მიზნის მიღწევის აუცილებელ, თანაზომიერ საშუალებას წარმოადგენს, იგი არ შეფასდება, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665, 683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17). აღნიშნულზე მიუთითებს მოსარჩელე მხარეც, რომელმაც განმარტა, რომ იგი სადავოდ არ ხდის, ზოგადად, პირის დეესკალაციის ოთახი მოთავსების, როგორც უსაფრთხოების ღონისძიების კონსტიტუციურობას, არამედ მისთვის პრობლემურია ამ მექანიზმის კონკრეტული ასპექტები - ხანგრძლივობა და გამოყენების სიხშირე.
13. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს კონკრეტული უსაფრთხოების ღონისძიება - პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება სადავო ნორმებით გათვალისწინებული ვადითა და წესით, მისი ინტენსიურობის, ხასიათის, კონტექსტის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება, ჩაითვალოს თუ არა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული ქმედება.
3. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება და სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირება
14. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს №2, №3, №5, №6 და №8 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების სადავო ნორმებით განსაზღვრულ მოწესრიგებას, რომლითაც დადგენილია პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსების ხანგრძლივობა და სიხშირე. გასაჩივრებული ნორმების თანახმად, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციისა და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება, განთავსდეს სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არა უმეტეს 72 საათისა. ამასთან, გასაჩივრებული ნორმებით განსაზღვრულია, რომ №2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულთათვის განკუთვნილ №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში, დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
15. პენიტენციური კოდექსის 62-ე მუხლი განსაზღვრავს პატიმართა მიმართ გამოსაყენებელ უსაფრთხოების ღონისძიებებს, მათ შორის, ერთ-ერთია დეესკალაციის ოთახში პირის გადაყვანა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილი, ისევე, როგორც სადავო დებულებების შესაბამისი ნორმები განსაზღვრავენ, რომ განსახილველი უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენება დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით. თუმცა დეესკალაციის ოთახში პირის გადაყვანას, უსაფრთხოების ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისთავად, შეიძლება თან ახლდეს ცალკეული უფლებების შეზღუდვა. კერძოდ, №2, №5 და №8 პენიტენციური დაწესებულებების დებულებათა მე-17 მუხლის მე-2 პუნქტების, ასევე №3 პენიტენციური დაწესებულების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი პირის მიმართ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფიზიკური შეზღუდვის ზომები. დასახელებული სადავო დებულებები აგრეთვე განსაზღვრავს, რომ პირს, დეესკალაციის ოთახში ყოფნის ვადით, ეზღუდება საკუთარ სახელზე მიღებულ ამანათებზე წვდომა. გარდა ამისა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დეესკალაციის ოთახში პატიმარს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, შეეზღუდოს გასეირნების, ხანმოკლე პაემნით სარგებლობის, სატელეფონო საუბრის და მაღაზიაში კვების პროდუქტების შეძენის უფლება.
16. №1637 კონსტიტუციური სარჩელის ავტორს არ მიაჩნია, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსება, თავისთავად, გულისხმობს პირის მიმართ არასათანადო მოპყრობას. მოსარჩელის განმარტებით, დეესკალაციის ოთახში გადაყვანა, თუნდაც მრავალჯერადად, რომელიც ხორციელდება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, a priori არაკონსტიტუციური არ არის, თუმცა მისთვის პრობლემურია აღნიშნული ღონისძიების ხანგრძლივობა. კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მტკიცებით, თუკი პატიმრის ძლიერი სულიერი აღელვება გრძელდება 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში, ესე იგი, სახეზეა მწვავე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რა დროსაც უსაფრთხოების სტატიკური, დეესკალაციის ღონისძიება უნდა ჩანაცვლდეს უფრო მეტად დინამიკური სამედიცინო ხასიათის სხვა ღონისძიებით, რომლის ფარგლებში, პირს გაუწევენ ადეკვატურ სამედიცინო, მათ შორის, ფსიქიატრიულ დახმარებას. ამდენად, მოსარჩელის აზრით, ღირსების შემლახავ მოპყრობას განაპირობებს სადავო ღონისძიების გამოყენების ხანგრძლივობა.
17. გარდა ამისა, მოსარჩელე სადავოდ ხდის გასაჩივრებული მოწესრიგების იმ ნორმატიულ შინაარსსაც, რომელიც უშვებს პირის დეესკალაციის ოთახში, პრაქტიკულად, უწყვეტად განთავსების შესაძლებლობას წელიწადში 30 კალენდარული დღით ან შეუზღუდავი რაოდენობით. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ გასაჩივრებული მოწესრიგების საფუძველზე, დეესკალაციის ოთახში ერთი და იგივე პირი, რომელიც საჭიროებს სპეციალურ დაწესებულებაში ფსიქიატრიულ მკურნალობას, შეიძლება, პრაქტიკულად, უწყვეტად მოთავსდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, წუთებისა და საათების ინტერვალებით, რაც, მოსარჩელის აზრით, განაპირობებს ღირსების შემლახავ მოპყრობას.
18. აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე საქმის ფარგლებში შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს მოწესრიგება, რომლის თანახმადაც, პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანა ხდება დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძვლის აღმოფხვრამდე, მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში და ამ ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მრავალჯერადად, დროის მცირე ინტერვალში. მოსარჩელის პოზიციით, დეესკალაციის ოთახში მოთავსების მექანიზმის ამგვარი გამოყენება წინააღმდეგობაში მოდის ამ ღონისძიების თავდაპირველ ლეგიტიმურ მიზანთან, რაც უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს პატიმართა მიმართ გამოსაყენებელი სადავო ნორმებით განსაზღვრული დეესკალაციის ოთახში გადაყვანის ღონისძიება მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, შეიძლება, შეფასდეს თუ არა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული ქმედება.
4. სადავო ღონისძიების კონსტიტუციურობის შეფასება
ა. ლეგიტიმური მიზანი
19. პენიტენციური კოდექსის 62-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეესკალაციის ოთახში გადაყვანა, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი ღონისძიება, შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან სხვებს. №2, №5 და №8 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების მე-17 მუხლის პირველი პუნქტების, აგრეთვე, №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეესკალაციის ოთახში პირის გადაყვანა ხდება, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამდენად, საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს დეესკალაციის ოთახში განთავსების ზოგად წესს, რომლის ერთ-ერთი მიზანია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ წარმოშობილი იმწუთიერი და რეალური საფრთხის განეიტრალება. ასევე, იმის განსაზღვრა, ეს საფრთხე განპირობებულია ხანმოკლე აფექტური მდგომარეობით თუ გრძელვადიანი ფსიქიკური ჩვენებით.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ფართო პოზიტიური ვალდებულებები, მოახდინოს რეალური საფრთხეების განეიტრალება, როდესაც საკითხი ეხება პატიმრის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. აღნიშნული გულისხმობს პირის დაცვას როგორც სხვა პატიმრებისგან, ისე საკუთარი თავიდან მომდინარე საფრთხეებისგან (მაგალითად, სუიციდისკენ მიდრეკილება) (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის №1/10/1676 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-29). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მათ შორის, საკუთარი თავიდან მომდინარე საფრთხეებისგან, უდავოდ, წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან ინტერესს, რომელიც ქმნის სახელმწიფოს ლეგიტიმაციას, გამოიყენოს პირის განცალკევების სადავო ნორმებით გათვალისწინებული უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიება.
ბ. გამოსადეგობა
21. როგორც უკვე აღინიშნა, პატიმრის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა ხდება მაშინ, როდესაც იგი იმყოფება იმგვარ ფსიქიკურ მდგომარეობაში, რომელიც ქმნის საკუთარი ან/და სხვისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ აღნიშნული საფრთხე შეიძლება იყოს ხანმოკლე აფექტით ან გრძელვადიანი ფსიქიკური ჩვენებით განპირობებული, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს რეალური და იმწუთიერი რისკი, რომ დაზიანდება სამართლებრივი სიკეთე - პატიმრის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა. სწორედ ამგვარი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ხდება პირის დროებითი განცალკევება.
22. სადავო ბრძანებებით განსაზღვრული დებულებების თანახმად, დეესკალაციის ოთახი მოწყობილია ისე, რომ პირმა ვერ მოახერხოს საკუთარი თავის და სხვების დაზიანება. კერძოდ, №2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების მე-17 მუხლის პირველი პუნქტებით, აგრეთვე №3 პენიტენციური დაწესებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტითა და №6 პენიტენციური დაწესებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, დისტანციურად მართვადი სათვალთვალო კამერით, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით. ამასთან, №2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების მე-17 მუხლის 11-13 პუნქტებით, აგრეთვე, №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის 11-13 პუნქტებით და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 27-ე მუხლის 11-13 პუნქტებით განსაზღვრულია პროცედურა, რომლის თანახმად, დეესკალაციის ოთახში გადაყვანიდან არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში, პატიმართან იგზავნება მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, პირი უნდა დაბრუნდეს საკანში, მოხდეს მისი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანა თუ გააგრძელოს დეესკალაციის ოთახში ყოფნა, რადგან მისი ფსიქიკური მდგომარეობა, ჯერ კიდევ, არ არის სტაბილური.
23. სადავო დებულებების დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეესკალაციის ოთახში აქვს სამედიცინო პერსონალზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა, ხოლო საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ დეესკალაციის ოთახში განთავსებულ პირს, საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, შეიძლება დაენიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობა, მათ შორის, ნებაყოფლობითად მიეცეს დამამშვიდებელი საშუალება. გარდა ამისა, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ უშუალოდ დეესკალაციის ოთახზე ხორციელდება ვიზუალური საშუალებებით 24-საათიანი მეთვალყურეობა, ხოლო, თუკი არსებობს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროება, ხდება პირის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა და სათანადო დახმარების გაწევა.
24. შესაბამისად, დეესკალაციის ოთახში განთავსების შესახებ სადავო ბრძანებებით განსაზღვრული მოწესრიგების თანახმად, აღნიშნული უსაფრთხოების ღონისძიება იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ იმწუთიერი და რეალური საფრთხის ნეიტრალიზება, სათანადო რეაგირება, ზედამხედველობა და ამ საფრთხის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება. ამდენად, აშკარაა, რომ დეესკალაციის ოთახში განთავსება, ნამდვილად, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ ღონისძიებას.
გ. აუცილებლობა
25. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითეს, რომ დეესკალაციის ოთახში პატიმრის განთავსების შემდეგ იმის დადგენა, საჭიროებს თუ არა პირი აქტიურ სამედიცინო დახმარებას, 72 საათის ნაცვლად უნდა ხდებოდეს 24 საათში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სახელმწიფოს მიერ დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების გამოყენებითაც.
26. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნეს, რომ დეესკალაციის ოთახში განთავსებული პატიმრის მიმართ მიმდინარე პროცედურის ვადებით შეზღუდვა, ერთი მხრივ, არის ერთგვარი გარანტია, რათა გამოირიცხოს თვითნებობის რისკები, თუმცა, ამასთან, აღნიშნული ვადა საჭიროა იმისთვის, რომ სრულყოფილად შემოწმდეს პატიმრის მდგომარეობა და მიღებული იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რა რეჟიმში უნდა გაგრძელდეს პატიმრის ყოფნა პენიტენციურ დაწესებულებაში, კერძოდ, ის უნდა დაბრუნდეს საკანში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა მისი მკურნალობა სპეციალურ დაწესებულებაში.
27. სადავო ბრძანებებით განსაზღვრული პროცედურის ფარგლებში, პირის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა ხდება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ რეალური საფრთხის აღმოფხვრამდე, შესაბამისად, თუკი აღმოიფხვრა ის საფრთხე, რამაც პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, პატიმარი დაუყოვნებლივ ბრუნდება საკანში. ამასთან, სადავო ბრძანებებით განსაზღვრული პროცედურის ფარგლებში დეესკალაციის ოთახში განთავსებული პირის მიმართ თითოეული მოქმედება კონკრეტული ვადით არის შეზღუდული.
28. როგორც უკვე აღინიშნა, იმის დასადგენად, პატიმრის მიერ წარმოშობილი რეალური და იმწუთიერი საფრთხე გამოწვეულია ხანმოკლე აღელვებით თუ გრძელვადიანი ფსიქიკური ჩვენებით, სადავო დადგენილებებით განასაზღვრული პროცედურის თანახმად, დეესკალაციის ოთახში გადაყვანიდან არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში, პირთან იგზავნება მულტიდისციპლინური ჯგუფი. სამედიცინო დაკვირვების შემდეგ, ხსენებული ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, პატიმარი უნდა დაბრუნდეს საკანში, მოხდეს მისი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანა თუ გააგრძელოს დეესკალაციის ოთახში ყოფნა, რადგან მისი ფსიქიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის სტაბილური, თუმცა კვლავაც არ არის ცნობილი, აღნიშნული აღელვება განპირობებულია აფექტით თუ გრძელვადიანი ფსიქიკური ჩვენებით. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა არ გამორიცხეს ისეთი შემთხვევები, როდესაც პატიმრის აღელვება გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს, თუმცა მას არ აქვს გრძელვადიანი ფსიქიკური ჩვენება და, შესაბამისად, არ საჭიროებს სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობას. ამასვე ადასტურებს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკაც, რომლის თანახმადაც, №6 პენიტენციური დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში გადაყვანიდან 13 შემთხვევაში ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის წინააღმდეგ რეალური საფრთხის განეიტრალება ვერ მოხერხდა 24 საათში, თუმცა იმავე პატიმრების მდგომარეობა დასტაბილურდა 48 საათში და ისინი დეესკალაციის ოთახიდან დაუბრუნდნენ საკნებს.
29. აღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ პატიმრის აღელვება, რომელიც ქმნის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის წინააღმდეგ რეალურ საფრთხეს, შეიძლება იყოს დროებითი და გრძელდებოდეს 24 საათზე მეტ ხანს, მიუხედავად ამისა, პირი არ საჭიროებდეს სპეციალურ დაწესებულებაში იძულებით მკურნალობას, ხოლო მისი საკანში დაბრუნება კვლავაც დაკავშირებული იყოს რეალურ საფრთხესთან, რომელიც შეიძლება შეექმნას მის ან/და სხვა პატიმრების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომლის თანახმადაც, დეესკალაციის ოთახში პატიმრის განთავსების შემდეგ იმის დადგენა, საჭიროებს თუ არა პირი აქტიურ სამედიცინო დახმარებას, შესაძლებელია 24 საათში. არსებული რეგულაციის ფარგლებში, უსაფრთხოების ღონისძიება უნდა დასრულდეს მაშინვე, როგორც კი ამოიწურება თავდაპირველი რისკი, რაც შესაძლოა, მოხდეს 24 საათზე ნაკლებ დროშიც. თუმცა, თუ 24 საათამდე შემცირდება ამ ღონისძიების გამოყენების მაქსიმალური ვადა, დეესკალაციის ოთახში განთავსებული პირის მიმართ პროცედურის განხორციელება უფლებამოსილ პირებს შემჭიდროებულ ვადებში მოუწევთ, რაც ბუნებრივია, ამცირებს უსაფრთხოების ღონისძიების ეფექტიანობას და გაზრდის ლეგიტიმური მიზნების დაზიანების საფრთხეს.
დ. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
30. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლებაშეზღუდული პატიმრის მიმართ გამოსაყენებელი ღონისძიების, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურობის შეფასების დროს, აგრეთვე აუცილებელია, გაანალიზდეს, რამდენად არის პროპორციული ბალანსი განსაზღვრული კერძო და საჯარო ინტერესებს შორის (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665, 683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-73).
31. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენება ემსახურება მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთეების - პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. თუმცა, ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანა იწვევს გარკვეულ სტრესსა და დისკომფორტს, კერძოდ, პატიმრის მიმართ ხორციელდება 24-საათიანი ვიზუალური კონტროლი, მას ეზღუდება გასეირნების, კომუნიკაციის, მათ შორის, პაემნის უფლება, აგრეთვე, არ შეუძლია მაღაზიით სარგებლობა და ამანათების მიღება, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფიზიკური შეზღუდვის ზომები. ცხადია, რომ პატიმრები, რომელთა ფიზიკური თავისუფლების კონსტიტუციური უფლება შეზღუდულია, იმყოფებიან მოწყვლად მდგომარეობაში, შესაბამისად, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული მათი უფლებების დაცულობის მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც განსაკუთრებულია, როგორც არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე დროული და ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირების, ასევე მათი პრევენციის სფეროში. სწორედ ამიტომ, პენიტენციურ დაწესებულებაში გამოსაყენებელი ღონისძიების ფარგლებში დაპირისპირებულ ინტერესთა დაბალანსებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისეთი ქმედითი გარანტიებისა და ბერკეტების არსებობას, რომელიც დააზღვევს ან მინიმუმამდე დაიყვანს, სადავო ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მხრიდან, თვითნებური მოქმედების ალბათობას. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, სადავო მოწესრიგება შეიცავდეს მკაფიო კრიტერიუმებს და იმგვარად იყოს ფორმულირებული, რომ არ გამოიწვიოს ადამიანის ღირსების დარღვევა.
32. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, იმისთვის, რათა დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით ნაგულისხმები სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, აუცილებელია, პატიმრის იზოლაციის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღებოდეს არა რუტინულად, არამედ სერიოზული ინდივიდუალური გამოკვლევის შედეგად, პატიმრის განცალკევების ძირითადი მიზეზების წერილობითი დასაბუთებით, აგრეთვე შესაბამისი პატიმრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმების, მასთან გასაუბრებისა და მისი ინფორმირების, მიღებული გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვის (მათ შორის, ავტომატური) შესაძლებლობის უზრუნველყოფით, გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა პირობების დაცულობით, რათა გამოირიცხოს თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის №1/10/1676 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-31-32). აღნიშნულის გათვალისწინებით, პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის იზოლაციის შესახებ სადავო ნორმატიული წესი უნდა შეიცავდეს მკაფიო კრიტერიუმებს, გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით და იმგვარად იყოს ფორმულირებული, რომ არ დატოვოს თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
33. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველესად, მხედველობაში იღებს, რომ სადავო დებულებების თანახმად, დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არის უსაფრთხოების ღონისძიება, რომლის შესახებაც, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციისა და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. ამასთან, მოპასუხე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანამდე, სამედიცინო პერსონალი აფასებს, იმყოფება თუ არა პატიმარი იმგვარ ფსიქიკურ მდგომარეობაში, რომელიც ქმნის საკუთარი ან/და სხვისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. სადავო დებულებებიდან ირკვევა, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანის ღონისძიებას აქვს არა სადამსჯელო, არამედ სპეციალური უსაფრთხოების მიზანი და შეიძლება, გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ პატიმრების მიმართ, რომელთა ფსიქიკური მდგომარეობაც ქმნის იმწუთიერ და რეალურ საფრთხეს, რაც დასტურდება სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით. შესაბამისად, ირკვევა, რომ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ პატიმრის იზოლაციის შესახებ პირველადი გადაწყვეტილება მიიღება არა ერთპიროვნულად, არამედ უსაფრთხოების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც აღელვებული პირის ქმედებებისადმი თვითკონტროლი და ნებელობა შესუსტებულია, რასაც ადასტურებს ექიმის რეკომენდაცია. პირის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა ხდება არა რუტინულად, ყოველგვარი კრიტერიუმის მხედველობაში მიღების გარეშე, არამედ ინდივიდუალური გარემოებების გამორკვევის შედეგად, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული წერილობითი ბრძანებით, რომელშიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ასაბუთებს, თუ რის გამო ხდება პირის მიმართ უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენება.
34. სადავო დებულებების თანახმად, აგრეთვე ირკვევა, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსებისა და შესაბამისი ღონისძიების დასრულების შემდეგ, სამედიცინო პერსონალი ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას, ხოლო დეესკალაციის ოთახში ყოფნის დროს პირზე ხორციელდება 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობა და პატიმარს აქვს სამედიცინო პერსონალზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა. ამასთან, დეესკალაციის ოთახში პირის განთავსებისთანავე დგება ოქმი, რომელშიც გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი პირის მდგომარეობის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლო, დამატებით, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში განთავსებულია იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში განთავსება განაპირობა. ამ მხრივ, სადავო დებულებების თანახმად, დეესკალაციის ოთახში გადაყვანიდან არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში, დეესკალაციის ოთახში გადაყვანილ პატიმართან იგზავნება მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც, მათ შორის, აფასებს, პატიმრის ფსიქიკური მდგომარეობა არის თუ არა სტაბილური, რათა მოხდეს მისი დაბრუნება საკანში. თავის მხრივ, მულტიდისციპლინალური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას პირის საკანში დაბრუნების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო დებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ დეესკალაციის ოთახში განთავსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პერიოდულად გადასინჯვადია, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ ზღვრულ ვადებთან და არის სავალდებულო, ავტომატური პროცედურა, რომლის ფარგლებშიც ფასდება ღონისძიების გამოყენების განგრძობადი ინტერესის, საჭიროების არსებობა.
35. დეესკალაციის ოთახში გადაყვანის დროს თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აგრეთვე გამორიცხავს გასაჩივრების მექანიზმებზე პატიმართა ხელმისაწვდომობა. კერძოდ, №2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების 66-ე მუხლის, ასევე №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 64-ე მუხლის და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 65-ე მუხლის თანახმად, დეესკალაციის ოთახში გადაყვანის თაობაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებულ წერილობით ბრძანებასთან დაკავშირებით, პატიმარმა შეიძლება, წარადგინოს ადმინისტრაციული საჩივარი. გარდა ამისა, თუ პირი მიიჩნევს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანის დროს ან უშუალოდ იქ ყოფნის პერიოდში იგი გახდა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, მისი საჩივარი განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და, სპეციალური წესის მიხედვით, განიხილება დაუყოვნებლივ. თავის მხრივ, პენიტენციური კოდექსის 109-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულს/ბრალდებულს საჩივრის განხილვის შედეგები შეუძლია ადმინისტრაციული წესით გაასაჩივროს საერთო სასამართლოში. ამდენად, როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე საერთო სასამართლოში გადამოწმებას ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, ასევე სხვა უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების/მოქმედების დასაბუთებულობა, პროპორციულობა და სადავო დებულებებით გათვალისწინებულ სხვა პირობებთან შესაბამისობა.
36. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ირკვევა, რომ დეესკალაციის ოთახში პატიმრის განთავსების შესახებ ბრძანება პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არ მიიღება ერთპიროვნულად, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მხედველობაში მიღების გარეშე, არამედ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს სამედიცინო პერსონალის რეკომენდაცია. ზემოხსენებული ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოიცავს წერილობით დასაბუთებას და შეზღუდულია განსაზღვრული ვადით, ამასთან, მხედველობაში მიიღება ინდივიდუალური გარემოებები და პატიმარს აქვს პროცედურული გარანტიები. დასახელებული გარემოებები კი ამცირებს არასათანადო მოპყრობის შესაძლო რისკებს, რადგან გამოირიცხება, დეესკალაციის ოთახში განთავსების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საამისოდ აუცილებელი საფუძვლების არარსებობის პირობებში. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, პატიმარს შეუძლია, გამოიყენოს გასაჩივრების, მათ შორის, დაუყოვნებლივ გასაჩივრების პროცედურული მექანიზმები.
37. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის გასაჩივრებული ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც, უშვებს პრაქტიკულად, უწყვეტად, რამდენიმე დღის განმავლობაში, წუთებისა და საათების ინტერვალებით, პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესაძლებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველესად, მხედველობაში იღებს, რომ დეესკალაციის ოთახში განთავსების შესახებ სადავო დებულებებით განსაზღვრული წესისა და პროცედურის თანახმად, პირის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა ხდება მხოლოდ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რომლის განგრძობითობაც, პერიოდულად მოწმდება სამედიცინო პერსონალის მიერ და თუკი აღმოიფხვრა ის საფრთხე, რამაც პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, პატიმარი დაუყოვნებლივ ბრუნდება საკანში. ამდენად, სადავო დებულებების თანახმად, პირი დეესკალაციის ოთახში ვერ განთავსდება, თუკი არ არსებობს ექიმის რეკომენდაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პატიმრის ფსიქიკური მდგომარეობა ქმნის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ იმწუთიერ და რეალურ საფრთხეს, ხოლო დეესკალაციის ოთახში განთავსებული პატიმრის მდგომარეობის სტაბილურობა და, შესაბამისად, მისი იზოლაციის საჭიროება პერიოდულად მოწმდება სამედიცინო პერსონალის მიერ. გარდა ამისა, სადავო ბრძანებებით განსაზღვრული პროცედურის ანალიზმა ცხადყო, რომ დეესკალაციის ოთახში განთავსების შემდეგ, პირველი 24 საათის განმავლობაში, თუ გამოიკვეთება, რომ პატიმრის აღელვება განპირობებულია არა დროებითი, არამედ მწვავე ფსიქიატრიული ჩვენებით, შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმის მიერ იწერება დასკვნა და, პირის თანხმობის შემთხვევაში, არა უმეტეს 48 საათის განმავლობაში, ხდება მისი სამკურნალო, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა. მიუხედავად ამისა, მხარეთა მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღინიშნა, რომ პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც პატიმარი არ აცხადებს თანხმობას, რომ გადაყვანილი იყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რა დროსაც საჭიროა შიდა და გარე ფსიქიატრიული კომისიების დასკვნები და სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა მოხდეს პირის გადაყვანა სპეციალურ დაწესებულებაში და მისი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა.
38. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურას განსაზღვრავს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ პრაქტიკაში, გარე ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის მომზადებას შეიძლება, დასჭირდეს ერთი კვირიდან 10 დღემდე ვადა, ხოლო შემდგომ, დასახელებული დასკვნის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, მიმართოს სასამართლოს, რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ. აღნიშნულ პერიოდში, 72-საათიანი მაქსიმალური ვადის გასვლის ან საფრთხის ამოწურვის შემდეგ, როგორც აღინიშნა, თუ პატიმრის ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას პირი გადაჰყავს საკანში, ხოლო თუ მისი აგრესიული ემოციური მდგომარეობა განგრძობადია და კვლავაც რეალურ საფრთხეს ქმნის, მას აბრუნებენ დეესკალაციის ოთახში მანამ, სანამ არანებაყოფლობითი მკურნალობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მოხდება პატიმრის სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანა.
39. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ №1637 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს მხოლოდ დეესკალაციის ოთახში პატიმრის განთავსების ზოგად წესსა და პროცედურას. გასაჩივრებული ნორმები არ აწესრიგებს პატიმრისათვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხებს. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა განისაზღვრება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, ის საკითხი თუ როგორ ან რა ვადაში უნდა მოხდეს პატიმრისათვის აღნიშნული მკურნალობის გაწევა, სცდება №1637 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმების რეგულირების სფეროს.
40. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენებით მიღწეული ეფექტი, პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, გადაწონის იმ დისკომფორტსა და სტრესს, რასაც შესაძლოა იწვევდეს პირის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, არ არსებობს მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლისა და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1637 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში