საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N3/15/1979 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, |
| თარიღი | 22 ოქტომბერი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 6 ნოემბერი 2026 11:09 |
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გოგა კიკილაშვილი - წევრი;
სერგო მეთოფიშვილი - წევრი;
გიორგი მოდებაძე - წევრი;
ვასილ როინიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.
განსახილველი საკითხი: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეთა გამოძახებისა და მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) წარმომადგენლები - არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი; მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლები - ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, ალიკა კუპრავა, ირაკლი ფავლენიშვილი და ანა წითლიძე; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ წარმომადგენლები - მარიკა არევაძე, ნიკა გვარამია, თენგიზ თევზაძე, მაია კოპალეიშვილი და გიორგი ლემონჯავა; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენლები - თორნიკე ართმელიძე, ირაკლი კუპრაძე, კახი სამხარაძე, გიორგი სიორიძე, მიხეილ შარაშიძე და ბადრი ჯაფარიძე; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები - ანა ბუჩუკური, ბერდია სიჭინავა და ირაკლი ქსოვრელი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 13 ოქტომბრის №3/4/1979 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად იქნა მიღებული №1979 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომა №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე გაიმართა 2026 წლის 21 და 22 ოქტომბერს.
2. №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე 2026 წლის 22 ოქტომბერს ერთ-ერთი მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს და მოითხოვა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეთა გამოძახება და დამატებით მტკიცებულებების გამოთხოვა. შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს სარჩელში წარმოდგენილ გარემოებებზე, კერძოდ, ციტირებს კონსტიტუციური სარჩელიდან: „ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებში საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს“. ამასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მიუხედავად საქართველოს პარლამენტის მიერ ზემოაღნიშნული გარემოების დასახელებისა და ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებისა, მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობასა და მის აკრძალვას, შესაბამისად, განსახილველი ვითარება განსხვავებულია. უფრო კონკრეტულად, შუამდგომლობის ავტორი გულისხმობს, რომ სარჩელში მითითებული ე. წ. „სქოლიო“, რომელშიც წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხება საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 15 იანვრის განცხადებასა და დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, მხოლოდ აღნიშნული ვერ დაადასტურებს მისი მარწმუნებელი პოლიტიკური პარტიის მხრიდან საბოტაჟის ფაქტს და, მით უფრო, მხოლოდ ეს ინფორმაცია, რომელიც არანაირი მტკიცებულებით გამყარებული არ არის, ვერ გახდება პოლიტიკური საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მისი აკრძალვის საფუძველი. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის არგუმენტაციით, აუცილებელია საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულ იქნენ მოწმეები, რომელთა ვინაობას, მართალია, თავად ვერ ასახელებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს თხოვნით, პროცესის ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, განსაზღვროს, ვინ იქნება რელევანტური მოწმე მოპასუხე პოლიტიკური პარტიის მიმართ არსებული „ბრალდების“ გასაქარწყლებლად. ამასთანავე, პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გააკეთა ზემოხსენებული განცხადება საქართველოს პროკურატურამ. შუამდგომლობის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლისთვის ასევე გაუგებარია, რა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ან ვისი გამოკითხვით მივიდა საქართველოს პროკურატურა დასკვნამდე, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. სწორედ ამგვარ მტკიცებულებათა გამოთხოვის მოთხოვნით შუამდგომლობს იგი საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
3. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული დასაბუთებით შემოიფარგლა შუამდგომლობის ავტორი სხვა დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზეც. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არსებული ინფორმაცია გარკვეულ პირთა მონათხრობია, რომელიც ვერ ისარგებლებს სანდოობის მაღალი ხარისხით და, იმის გარდა, რომ აუცილებელია დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა, ასეთივე მნიშვნელობის მქონეა მათთვის იმ პირთა ვინაობის ცოდნაც კი, რომლებიც საგამოძიებო კომისიის აპარატში უშუალოდ მუშაობდნენ დასკვნის შედგენაში.
4. პოლიტიკური პარტიის „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ წარმომადგენელი შუამდგომლობაში ასევე შეეხო მეორე გარემოებასაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თაობაზე. მისი აღნიშვნით, სარჩელში წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხება პოლიტიკურ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა მოსარჩელე მხარე, იქვე მოიხსენიებს სხვა პარტიებსაც, როგორც ერთიან ორგანიზმს. შესაბამისად, მეტი სიცხადისთვის, ამ და სხვა გარემოებებზე, შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს ყველა მტკიცებულების გამოთხოვასა და ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა მოწმის, თუმცა ვინაობის დაუზუსტებლად, გამოკითხვას.
5. იმავდროულად, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე შუამდგომლობის ავტორი შეეხო სარჩელში მითითებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, შემოიღო სახელმწიფო მმართველობა და დააფუძნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები, რომლის ფარგლებშიც შეიყვანა საქართველოს დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებული ტერიტორიაც, ახალგორის მუნიციპალიტეტის ჩათვლით, რაც ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო“. ამასთან დაკავშირებით, შუამდგომლობის წარმომდგენისთვის გასარკვევია, როგორ მოეპყრო ამ ერთეულს 2012 წლის შემდეგ საკუთრივ პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მთავრობა, შეინარჩუნა, დააფინანსა და ხელმძღვანელები დანიშნა თუ იმთავითვე ღალატად შეაფასა. შუამდგომლობის ავტორის არგუმენტაციით, მართალია, არსებობს საჯარო ფაქტები ხელმძღვანელთა დანიშვნისა და შენარჩუნების შესახებ, თუმცა მათი ინტერესის საგანი უშუალოდ ამ აქტებსა და დაფინანსებაზე ხელმომწერი პირების ვინაობაა, გრძელდება თუ არა დაფინანსება [დაფინანსების დეტალური ჩაშლის ჩათვლით], ვინ არიან ხელმძღვანელი პირები და არსებობს თუ არა მათი დანიშვნის ბრძანებები [ბრძანებებზე ხელმომწერ პირთა ვინაობის გარკვევით]. ამასთანავე, საინტერესოა ვინ მონაწილეობდა 2012-2026 წლებში ღალატად შეფასებულ ქმედებებში და ხომ არ შეინიშნება შერჩევითი მიდგომები მაშინ, როდესაც ფასდება მხოლოდ 2006-2012 წლები და ყურადღება არ ექცევა 2012-2026 წლებს.
6. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე პოლიტიკური პარტიის „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისთვის გაურკვეველია, რა ნაწილში ედავება მას მოსარჩელე მხარე, რის გამოც ბუნდოვანია, თუ რა პოზიცია უნდა დააფიქსიროს ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, მისი წარმომადგენლის განმარტებით, 2008 წლის ომთან დაკავშირებით შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვისა და დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ესაა საერთო ეროვნული საკითხი, ხოლო სხვა დანარჩენ გარემოებებთან მიმართებით, მისთვისაც გაუგებარია, თუ როგორი პოზიცია უნდა გააჩნდეს, რადგან კვლავ ბუნდოვნად რჩება, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რომელ მიზანთან მიმართებით ედავება მოსარჩელე მხარე. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი სრულად ეთანხმება წარმოდგენილ შუამდგომლობას.
7. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა პოზიციით, მოწმეთა დაკითხვისა და დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა დაუსაბუთებელია სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ იგი არ შეიცავს სამართლებრივ არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ დამატებით წარმოსადგენი მტკიცებულებებიდან კონკრეტულად რომელი მიემართება მოპასუხე პოლიტიკური პარტიის მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნის გაქარწყლებას ან კონკრეტულად რომელი მოწმე დაადასტურებს რაიმე გარემოებას იმგვარი ინფორმაციით, რომელიც სარჩელში და თანდართულ დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები აგრეთვე მიუთითებდნენ, რომ შუამდგომლობის ავტორის განცხადებები შეიცავდა პოლიტიკურ შეფასებებს არა მათ მიმართ მოყვანილი გარემოებების თაობაზე, არამედ უშუალოდ დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით, რაც სცდება შუამდგომლობის დასაბუთების კონსტიტუციურ სტანდარტებს და ემსახურება საქმის გაჭიანურებას. იმავდროულად, საქართველოს პარლამენტის წევრების განცხადებით, ისინი ვერ დაეთანხმებიან დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის საკონსტიტუციო სასამართლოში გადმოტანის სურვილს (რაც შუამდგომლობის ავტორს გააჩნდა). აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა გასცდეს მისი უფლებამოსილების ფარგლებს, ხოლო შუამდგომლობა უცნობი მოწმეების გამოკითხვისა და გაურკვეველ მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 275 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარე არკვევს, სურთ თუ არა სამართალწარმოების მონაწილეებს დამატებით მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოძახება ან დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის (შემდგომში - სასამართლოს რეგლამენტი) 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც მნიშვნელობა არ აქვს საქმისათვის.
2. როგორც აღინიშნა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის, პოლიტიკური პარტიის „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ წარმომადგენელმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, იშუამდგომლა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე მოწმეთა გამოკითხვისა და დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შუამდგომლობის ავტორს არ დაუსახელებია არც ერთი მოწმის ვინაობა, თუმცა, იმავდროულად, აპელირებდა მტკიცებულებებზე, რომლებიც, ზოგადი შინაარსის უფრო იყო, ვიდრე კონკრეტული გარემოების დამადასტურებლად ან უარსაყოფად წარმოდგენილი. მაგალითად, შუამდგომლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გამოეთხოვა საჯარო დაწესებულებებიდან (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) ისეთი სახის დოკუმენტაცია, რომელიც განზოგადებულად შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და არ მიუთითებდა კონკრეტული სახის მტკიცებულებაზე, რომელიც ზუსტად იდენტიფიცირებადი ნიშნებით სასამართლოს შეუქმნიდა შთაბეჭდილებას მოწინააღმდეგე მხარის დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების შესასუსტებლად. ამასთანავე, №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულ იქნენ მოწმეები, რომელთა ვინაობას, მართალია, თავად ვერ ასახელებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ, პროცესის ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, განსაზღვროს, ვინ იქნება რელევანტური მოწმე მოპასუხე პოლიტიკური პარტიის მიმართ არსებულ „ბრალდებათა“ (როგორებიცაა, მაგალითად: 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენები; 2007 წელს დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ჩამოყალიბება; 2024 წლის არჩევნების შედეგების არაღიარების გამო საბოტაჟის ბრალდება და ა. შ.) გასაქარწყლებლად.
3. განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველესად, განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მოწმეთა მოწვევის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი საპროცესო გარანტიაა საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებისთვის. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც კი მოიწვიოს მოწმე, რომელიც, სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის გადაწყვეტის მიზნით, შეიძლება ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან და, იმავდროულად, მხარეებისთვის უცნობ ინფორმაციას. შესაბამისად, მოწმის გამოკითხვა როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში დადგენილი პრაქტიკით, სამართლებრივად წონადი და ხელშესახები პროცესუალური მექანიზმია.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რათა დაკმაყოფილდეს მხარის შუამდგომლობა მოწმეთა გამოკითხვის შესახებ, აუცილებელია, მოთხოვნა მოწმის სტატუსით მოსაწვევ პირთა შესახებ იყოს დასაბუთებული. იმის გარდა, რომ შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია, დაარწმუნოს საკონსტიტუციო სასამართლო მოწმის მიერ საქმესთან კავშირში არსებულ გარემოებებზე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფლობაში, რომელმაც შესაძლოა სრულად შეცვალოს მეორე მხარის არგუმენტაცია, შუამდგომლობის წარმომდგენი სუბიექტი ასევე ვალდებულია კონკრეტულად მიუთითოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსაწვევი პირის ვინაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვროს, რომელი პირი იქნება კონკრეტული ინფორმაციის მატარებელი სუბიექტი, რომელიც მოწმის სტატუსით უშუალოდ წაადგება მხარის პოზიციას, დაცვის სტრატეგიას/ტაქტიკას და სამართლებრივ არგუმენტაციას.
5. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მისი უფლებამოსილება სულაც არ გულისხმობს იმას, რომ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მან [სასამართლომ] თავად ჩაატაროს მოკვლევა, ზოგადად დასახელებულ, აბსტრაქტულ მოწმეთა მოწვევის შუამდგომლობის საფუძველზე, კონკრეტულად ვინ იქნებოდა განსახილველ საქმეში ყველაზე რელევანტური პირი. ინკვიზიციურობის პრინციპის არსი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, მართალია, არ არის პასიური დამკვირვებელი მხარეთა შორის მიმდინარე წარმოებაში, თუმცა კანონმდებლობის შესაბამისად, მას აკისრია უფლებამოსილება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სამართლებრივი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, საკუთარი ინიციატივით განახორციელოს განსაზღვრულ პირთა მოწმის, ექსპერტის ან სპეციალისტის სტატუსით მოწვევა მაშინ, როდესაც არსებობს ალბათობა, რომ აღნიშნული საპროცესო მექანიზმი მხარემ არ/ვერ გამოიყენოს.
6. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ წარმომადგენელმა ვერ წარმოუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოს მოწმის სტატუსით მოსაწვევ პირთა ვინაობა, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს აბსტრაქტულ პირთა იდენტიფიცირება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცნობ მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შუამდგომლობის იმ შინაარსზე, რომელიც დამატებით მტკიცებულებათა გამოთხოვას შეეხება. სასამართლოს რეგლამენტის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მტკიცებულება არის ინფორმაციის შემცველი ობიექტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ფაქტობრივ გარემოებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი საკონსტიტუციო სასამართლოს აკისრებს ვალდებულებას, არ მიიღოს, არ გამოითხოვოს და საქმიდან ამოიღოს მტკიცებულებები, რომლებსაც მნიშვნელობა არ აქვს საქმისათვის. ამდენად, ზემოხსენებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, აშკარაა, რომ შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დასაბუთებული იმ კუთხით, თუ რომელ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს ან უარყოფს იგი და, იმავდროულად, შუამდგომლობის ავტორმა უნდა დაასაბუთოს, რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მას საქმისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „...არ მიიღებს, არ გამოითხოვს, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც მნიშვნელობა არ აქვს საქმისათვის“. საკონსტიტუციო სასამართლოს მტკიცებით, სწორედ ეს არის ძირითადი მოტივი, რის გამოც კონკრეტული სახის, ფორმის ან ზუსტი კრიტერიუმების მქონე მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა შესაძლოა დაკმაყოფილდეს - იგი დამაჯერებელ მოლოდინს უნდა უქმნიდეს სასამართლოს რაიმე ფაქტის ან გარემოების დადასტურების ან უარყოფის თაობაზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიის „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ წარმომადგენელმა ზოგადად მიუთითა მტკიცებულებებზე იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც საკუთრივ კონსტიტუციურ სარჩელშია მითითებული, თუმცა არ დაუსაბუთებია, რა ნაწილში უარყოფდა მოთხოვნილი ზოგადი მტკიცებულებები მათ მიმართ არსებულ სასარჩელო მოთხოვნას ან გააქარწყლებდა არსებულ „ბრალდებებს“, როგორც ამას თავად მოპასუხე მხარე უწოდებს ამგვარად. შუამდგომლობის ავტორი, მართალია, ერთ კონკრეტულ გარემოებასთან დაკავშირებით ჩამოთვლის მტკიცებულებათა სახეებს, როგორებიცაა დაფინანსების შესახებ აქტები, ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნულ თანამდებობის პირთა დანიშვნის შესახებ ბრძანებები ხელმომწერ პირთა ვინაობის იდენტიფიცირებით და ა. შ., თუმცა სულაც არ აკონკრეტებს, უშუალოდ რომელი სამართლებრივი აქტია (იგულისხმება აქტის რეკვიზიტები) გამოსათხოვი შესაბამისი უწყებიდან ან რომელ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება იქნებოდა რელევანტური მათ სასარგებლოდ არსებული სადავო საკითხის გასაქარწყლებლად. აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე ეფუძნებოდა მხოლოდ ზოგად მითითებას მათთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით და არა კონკრეტული შინაარსის მქონე იდენტიფიცირებად დოკუმენტს, რომელიც საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ობიექტი იქნებოდა.
9. საკონსტიტუციო სასამართლო მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების სტანდარტებთან მიმართებით ხელშეუვალია და შესაბამისად, აღნიშნავს, რომ მან ზუსტად უნდა იცოდეს, რა ინფორმაციის შემცველ ობიექტზეა საუბარი, რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მას საქმისთვის ან/და რა ფაქტობრივ გარემოებას უარყოფს/ადასტურებს იგი, რომლის სამართლებრივი შეფასების გზით, შესაძლოა სრულად შეიცვალოს საქმის განხილვის შედეგად მისაღები გადაწყვეტილების მოლოდინები.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი ზოგადი, აბსტრაქტული ხასიათისა და დაუსაბუთებლობის გამო.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 275 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეთა გამოძახებისა და მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გოგა კიკილაშვილი
სერგო მეთოფიშვილი
გიორგი მოდებაძე
ვასილ როინიშვილი